„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის N14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის N14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02962/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 27/03/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 02/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016057
02962/21
27/03/2018
ვებგვერდი, 28/03/2018
010230000.58.070.016057
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის N14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №02962/21

2018 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: 
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოხელეებს, შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეებს,  იღებს გადაწყვეტილებებს სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;“;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების/პოზიციების დასახელებებს;”;

ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას;“;

ა.დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს სამსახურის მოსამსახურეებს, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრებით, აკისრებს მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სამსახურის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;“;

ა.ე) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ვ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) უფლებამოსილია დაამტკიცოს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებები;“;

ა.ზ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც მოამზადა ეს პროექტი და კურატორი გენერალური აუდიტორის  მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ვიზირება გულისხმობს უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაძლებლობას სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე გამოხატოს თანხმობა ან წარადგინოს შენიშვნები.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამსახურის აპარატი

სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი;

ბ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

გ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

დ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ე) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

ზ) აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

თ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისა და ადმინისტრირების დეპარტამენტი:

ი.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახური;

ი.ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების სამსახური;

კ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი:

კ.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახური;

კ.ბ) სტრატეგიული ანალიზის სამსახური;

კ.გ) დონორებთან ურთიერთობის სამსახური;

ლ) აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

მ) იურიდიული დეპარტამენტი;

ნ) პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი;

ო) შიდა აუდიტის დეპარტამენტი:

ო.ა) შიდა აუდიტის სამსახური;

ო.ბ) ორგანიზაციული რისკების ანალიზის სამსახური;

პ) ადმინისტრაცია:

პ.ა) საორგანიზაციო სამსახური;

პ.ბ) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

პ.გ) პროტოკოლის სამსახური;

პ.დ) გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების სამდივნო;

ჟ) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი:

ჟ.ა) საფინანსო სამსახური;

ჟ.ბ) ლოჯისტიკის სამსახური;

რ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“.

3. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3.  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე(ები), რომელიც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციურ მოვალეობებს. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე შეიძლება ხელმძღვანელობდეს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებას და ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

4.  ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ითვლებიან ხელმძღვანელ აუდიტორებად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები (შემდგომ – აუდიტის დეპარტამენტი) მათთვის განსაზღვრული ფუნქციურ-დარგობრივი მიმართულებების მიხედვით:

ა) უზრუნველყოფენ აუდიტორული საქმიანობის ამოცანათა შესრულებისათვის ანალიტიკის განხორციელებას;

ბ) ამზადებენ წინადადებებს წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვასთან დაკავშირებით;

გ) უზრუნველყოფენ სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულებას და ახორციელებენ აუდიტს;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებენ აუდიტის შედეგებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესწავლას;

ვ) ასრულებენ გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში აუდიტის დეპარტამენტების უფლებამოსილება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება: ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ან მის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობაზე იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია ავტონომიური რესპუბლიკის, ან მის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი თანხების ან/და საკუთრების მართვასა და განკარგვასთან.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა:

ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში აუდიტის დეპარტამენტები, ასევე:

ა.ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენენ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს;

ა.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე;

ა.გ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებასთან დაკავშირებით, უმაღლეს საბჭოს შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე წარუდგენენ თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი ასევე  ამზადებს ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისა და ადმინისტრირების დეპარტამენტი, ასევე:

გ.ა) ახორციელებს სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვასა და აღსრულებას;

გ.ბ) უზრუნველყოფს სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვას;

გ.გ) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას.

4.  გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს შეიძლება დაევალოს სხვა დეპარტამენტის აუდიტორული კომპეტენციის სფეროს მიხედვით საქმიანობის შესრულება.

5. სახელმწიფო ბიუჯეტისა და  სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი:

ა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ამზადებს სამსახურის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის და წლიური შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშებთან დაკავშირებით;

ბ) ამზადებს სამსახურის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე;

გ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზს და  საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციასა და მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;

ე) ახორციელებს წლიური აუდიტორული საქმიანობის  გეგმის შესრულების მონიტორინგს;

ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანალიზსა და სისტემატიზაციას;

ზ)  უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მომზადებას;

თ) ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

ი) ახორციელებს სამსახურის დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს პროექტებს და კონცეფციებს, გეგმავს და ორგანიზებას უწევს დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს;

კ) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას;

ლ) ასრულებს გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.

6. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი აუდიტორული საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს პოლიტიკას და ახორციელებს პროცედურებს, რომელიც მოიცავს:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნას;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მონიტორინგს, რომელიც გულისხმობს ამ სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მისი პრაქტიკაში განხორციელების ანალიზს – მათ შორის, დასრულებული აუდიტების შემოწმების გზით;

გ) აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმოხილვას, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის ანგარიშის შედგენამდე განხორციელებული საქმიანობის შეფასებას აუდიტის სტანდარტებთან, პროფესიული ეთიკის ნორმებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

დ) პროფესიული ეთიკის კონტროლის სისტემის მონიტორინგს;

ე) ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ვ) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას;

ზ) ასრულებს გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.

7. იურიდიული დეპარტამენტი:

ა) მუშაობს სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის საკითხებზე;

ბ) ახორციელებს სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

გ) უზრუნველყოფს აუდიტორული საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას და ამ მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ დასმულ საკითხებზე ამზადებს სამართლებრივ ანალიზებს, სასამართლო შუამდგომლობებს აუდიტის ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ასევე ახორციელებს აუდიტორული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების სამართლებრივ უზრუნველყოფას;  

დ) ახორციელებს აუდიტის ანგარიშებსა და სხვა საკითხებზე შემოსულ საჩივრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) უზრუნველყოფს სასამართლო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;

ვ) მისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს, ასევე ახორციელებს სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული გენერალური აუდიტორის ბრძანებისა და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების იურიდიული მხარის ვიზირებას;

ზ) მისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს პასუხებს სამსახურში შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე;

თ) სამართლებრივ კონსულტაციას უწევს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს;

ი) ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.

8. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით განსაზღვრული მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად:

ა) ამოწმებს საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულეს, სისწორესა და კანონიერებას;

ბ) შეიმუშავებს საფინანსო დეკლარაციის ფორმას და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიას, განსაზღვრავს პოლიტიკური ფინანსების აუდიტის სტანდარტებს;

გ) უზრუნველყოფს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასა და საჯაროობას;

დ) დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პოლიტიკური ფინანსების საკითხებზე;

ე) უზრუნველყოფს შესაბამის რეაგირებას პოლიტიკურ ფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე;

ვ) ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას პირზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელებისა და გაუქმების თაობაზე;

ზ) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას;

თ) ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.

9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი:

ა) ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია გენერალური აუდიტორის წინაშე;

ბ) უფლებამოსილია მისი ფუნქციის შესრულების მიზნით მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

გ) ახორციელებს სამსახურის წინაშე არსებული რისკების დადგენას და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

დ) ახორციელებს სამსახურის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

ე) ახორციელებს სამსახურის ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზს და შეფასებას;

ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამსახურის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით;

ზ) უზრუნველყოფს სამსახურის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის (მათ შორის საიდუმლო) ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;

თ) შეიმუშავებს და გენერალურ აუდიტორს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ი) შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;

კ) შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში ატარებს:

კ.ა) სისტემურ აუდიტს;

კ.ბ) შესაბამისობის აუდიტს;

კ.გ) ეფექტიანობის აუდიტს;

კ.დ) ფინანსურ აუდიტს;

კ.ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტს;

ლ)  შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის 7 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენის მიზნით. შეთანხმების პროცედურის შემდგომ:

ლ.ა)  თუ შეთანხმება მიღწეულია, დგება საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელიც შიდა აუდიტის ობიექტის მიერ  წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად წარედგინება გენერალურ აუდიტორს;

ლ.ბ) თუ დადგენილ ვადაში შიდა აუდიტის ობიექტი არ წარადგენს მოსაზრებებს, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად, რომელიც წარედგინება გენერალურ აუდიტორს;

ლ.გ) თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს, შეუთანხმებელი რეკომენდაციები შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება გენერალურ აუდიტორს;

მ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;

ნ) ახორციელებს სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას;

ო) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს სამსახურის ინტერესებიდან და მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.  

10. ადმინისტრაცია:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის ერთიან საქმისწარმოებას, არქივის წარმოებას, სამსახურის სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზებას, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილეების სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, სამსახურის პრეზიდიუმის სხდომების მომზადებას, ოქმების წარმოებას;

გ) უზრუნველყოფს სამსახურის საერთაშორისო პარტნიორების და სამსახურის წარმომადგენელთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, ფორუმების დაგეგმვა - ორგანიზებას და პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს;

დ) ორგანიზებას უწევს სამსახურის ურთიერთობას მედიასთან, ახორციელებს სამსახურის ვებგვერდებისა და შიდა პორტალის ადმინისტრირებას და სხვა ღონისძიებებს შიდა და გარე კომუნიკაციის მიმართულებით;

ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას;

ვ) ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში  კურატორი მოადგილის დავალებებს.

11. საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვას და ფორმირებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებას;

ბ) უზრუნველყოფს  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად სამსახურის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და შესყიდვას;

გ) ახორციელებს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვას, დაპროექტების, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზებას და მათ ზედამხედველობას;

დ) ახორციელებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას;

ვ) ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.

12. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:

ა) შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სამსახურის პოლიტიკის დოკუმენტების პროექტებს;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერის მართვასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას;

გ) ამზადებს სამსახურის საშტატო ნუსხის,  მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, შვებულების, მივლინების და სხვა საკადრო საკითხების შესახებ გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებსა და სხვა დოკუმენტაციას;

დ) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებს, მოხელეთა სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდს, ორგანიზებას უწევს მოხელეთა შეფასების განხორციელებას;

ე)  ახორციელებს სამსახურში კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ვ)  ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში  კურატორი მოადგილის დავალებებს.“.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. აუდიტის დაწყებისა და აუდიტის ანგარიშის დამტკიცების ზოგადი წესი

1. აუდიტის დაწყების საფუძველია ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის მიერ გაგზავნილი შესაბამისი წერილი აუდიტის დაწყების თაობაზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს აუდიტის ჩატარების ფარგლები (მოცულობა).

2. აუდიტის ანგარიშის შედგენის შემდეგ, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, აუდიტის ანგარიში გადაეგზავნება აუდიტის ობიექტს.

3. აუდიტის ობიექტი უფლებამოსილია, აუდიტის ანგარიშის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშის გადაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს სამსახურს. თუ აუდიტის ობიექტი შენიშვნებს/მოსაზრებებს წარმოადგენს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე, მათი განხილვის საკითხს წყვეტს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

4. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (მოადგილე), აუდიტის ჯგუფთან ერთად, აუდიტის ობიექტის მიერ შენიშვნების/მოსაზრებების წარმოსადგენად დადგენილი ვადის გასვლიდან  გონივრულ ვადაში იხილავს აუდიტის ანგარიშს და აუდიტის ობიექტის წერილობით შენიშვნებს/მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამტკიცებს აუდიტის ანგარიშს.

5. აუდიტის ჩატარების, აუდიტის ანგარიშის შედგენის, რეკომენდაციის შემუშავებისა და მისი შესრულების მდგომარეობის შესწავლის პროცედურები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და გენერალური აუდიტორის მიერ დამტკიცებული აუდიტის შესაბამისი მეთოდოლოგიით (სახელმძღვანელოთი).“.

6. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნება

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აუდიტის ანგარიშის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ პრეზიდიუმზე გასაჩივრებისთვის დადგენილი პროცედურა ჩაითვლება დასრულებულად, ხოლო აუდიტის ანგარიში – საბოლოოდ, რომელიც დადგენილი წესით 5 სამუშაო დღის ვადაში პროაქტიულად ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის ობიექტი კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს აუდიტის ანგარიშს, აუდიტის შედეგები პროაქტიულად ქვეყნდება 5 სამუშაო დღის ვადაში პრეზიდიუმის გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან (თუ აუდიტის ანგარიში უცვლელადაა დატოვებული) ან პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე აუდიტის ანგარიშში ცვლილების განხორციელების მომენტიდან.“.

7. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,თავი IV.  პრეზიდიუმი

მუხლი 8. პრეზიდიუმის უფლებამოსილება

1. სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

2. პრეზიდიუმი:

ა) უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული დავა აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით;

ბ) როგორც სათათბირო ორგანო, განიხილავს სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. პრეზიდიუმის სხდომას იწვევს გენერალური აუდიტორი საკუთარი ინიციატივით ან აუდიტის ანგარიშზე საჩივართან დაკავშირებით.

4. პრეზიდიუმის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

მუხლი 9. პრეზიდიუმის მიერ ადმინისტრაციული დავის განხილვის წესი

1. პრეზიდიუმი აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით საჩივარს განიხილავს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით შემოსული საჩივარი გადაეცემა სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელიც ამზადებს დასკვნას საჩივრის ფორმალური მხარის შესაბამისობის შესახებ და გადასცემს პრეზიდიუმს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

3. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების მოწვევას პრეზიდიუმის სხდომაზე საჩივრის ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით, პრეზიდიუმის სხდომების დაოქმებას, საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების  სისტემატიზაციას და მიწოდებას პრეზიდიუმის წევრებისათვის, აგრეთვე დაინტერესებული მხარეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება არა აქვს პრეზიდიუმის წევრს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული აუდიტის ანგარიშის შედგენაში (აუდიტის ჯგუფის წევრი, ხელმძღვანელი აუდიტორი – შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე, კურატორი მოადგილე) ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობის დაუშვებლობის სხვა გარემოებები.

5. პრეზიდიუმის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი.

6. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ შესაბამისი დავის განხილვის მონაწილე პრეზიდიუმის წევრები.“.

8. V თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 2 აპრილიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი