საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ

  • Word
საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 25/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
1324
01/03/2002
სსმ, 28, 25/03/2002
0000.00.00.000000
საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

დამტკიცდეს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2002 წლის 1 მარტი.

№1324–IIს

საქართველოში უმაღლესი განათლების განვითრების ძირითადი მიმართულებები

უმაღლესი განათლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ქართული სახელმწიფოს გადაუდებელი ამოცანაა. ამ პრობლემის დროული გადაწყვეტა ქვეყნის პერსპექტიული განვითარების შესაბამისად დემოკრატიული საზოგადოების აშენების, ეროვნული და მსოფლიო კულტურის ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვის, სიღატაკისა და სოციალური გაუცხოების დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოში უმაღლესი განათლების მაღალი კულტურა არსებობდა, მაგრამ საბჭოური, უკიდურესად ცენტრალიზებული და გეგმური ეკონომიკის შესაბამისი უმაღლესი განათლების ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიციები სერიოზულად აფერხებს ამ სისტემის გარდაქმნასა და განვითარებას.

ამაჟამინდელი მცირე დაფინანსება არაეფექტურია უმაღლესი განათლების სისტემის სრულყოფისათვის, რაც ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების დეკლარირებულ პრიორიტეტულობას. დღეს ქვეყნის თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში თანამედროვე სწავლებისა და სამეცნიერო კვლევებისათვის არასაკმარისი პირობებია შექმნილი. შრომის უკიდურესად დაბალი ანაზღაურება და მძიმე სამუშაო პირობები კვალიფიციურ კადრსაც კი აიძულებს, სამუშაო არასპეციალობით, თავისავე ქვეყანაში ანდა ქვეყნის გარეთ ეძებოს.

სასწავლო გეგმების შინაარსი და მათი განხორციელების წესი უმეტესწილად არ პასუხობს ქვეყნის სტრატეგიულ და სოციალურ მოთხოვნებს. სასწავლო გეგმები, სწავლისა და სწავლების მეთოდები ბევრ შემთხვევაში მოძველებულია. ვიწრო სპეციალიზაცია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სკოლადამთავრებულს აიძულებს ნაადრევად გააკეთოს მომავალი პროფესიის არჩევანი, რაც არ შეესაბამება თანამედროვე უმაღლესი განათლების ლიბერალურ პრინციპებს.

ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ძალზე დაბალია სასწავლო და პედაგოგიური სტანდარტების ხარისხი, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს დაბალკვალიფიციური კადრების მომრავლებას.

უმაღლესი განათლების სისტემის გამჭვირვალეობასა და სწავლების მაღალ ხარისხს ხელს უშლის არასრულყოფილი საგამოცდო სისტემა, უმაღლესი სასწავლებლისა და პედაგოგთა მუშაობის შეფასების მოძველებული მეთოდები.

უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნაკლი კორუფციის შექმნის წყაროა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს ის დადებითი მხარეებიც, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას აქვს: ზოგიერთ დარგში მიღწეულია საერთაშორისო დონის შედეგები; სტუდენტები ცოდნის მიღებისათვის დიდი აქტიურობითა და გაცნობიერებული მიზანდასახულობით გამოირჩევიან; მოსახლეობის სულ უფრო მეტი ნაწილი მიისწრაფვის უმაღლესი განათლებისაკენ.

თანამედროვე სტანდარტებზე აგებულ უმაღლესი განათლების სისტემას ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. უმაღლესი სასწავლებელი უნდა ამზადებდეს ეროვნული თვითშეგნების მქონე პროფესიონალს, რომელსაც გაცნობიერებული ექნება თავისი უფლებები და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია განისაზღვროს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები – მიზნები, პრინციპები და მათი განხორციელების გზები:

1. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ოთხ ძირითად მიზანს ისახავს:

ა) მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე პიროვნების ფორმირება;

ბ) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის მქონე კადრების მომზადება;

გ) უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და შენარჩუნება;

დ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

2. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია:

ა) უმაღლესი განათლების ლიბერალიზაცია, მისი ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა;

ბ) სწავლების, სწავლისა და სამეცნიერო კვლევაძიების პროცესების ჰარმონიზაცია;

გ) განათლების მიღების შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

დ) კადრების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების უზრუნველყოფა;

ე) უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების საქმეში სტუდენტთა პასუხისმგებელ მონაწილეებად და უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო პროცესის მართვის ძირითად პარტნიორად მოაზრება.

3. ამ პრინციპების განხორციელებისათვის:

3.1. სახელმწიფო ხელს უწყობს მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარგებს, მიმართულებებსა და კვლევებს. ამასთან, უმაღლესი განათლების სისტემა ადეკვატურად უნდა ასახავდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

3.2. უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების მთავარი მექანიზმებია:

ა) სტუდენტური სასწავლო გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების განაწილება სახელმწიფოს მიერ აკადემიური მოსწრებისა და სოციალური პროგრამების მიხედვით;

ბ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

გ) სპეციალური სახელმწიფო პროგრამები ქვეყნისთვის აუცილებელი მიმართულებების მხარდასაჭერად.

3.3 მიუხედავად დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნებისა, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო მხარდაჭერას კვლავ ძირითადი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისათვის აუცილებელ დარგებში.

3.4. უმაღლესი და საშუალო განათლების სისტემათა ურთიერთკავშირის გაძლიერება უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. აუცილებელია საშუალო განათლების მიღებისას ახალგაზრდის შესაძლებლობების გამოსავლენად ცოდნისა და მაქსიმალურად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებზე დამყარებული გამოსაშვები გამოცდების შემოღება და უმაღლეს სასაწავლებლებში მისაღები გამოცდების რაციონალურ სისტემაზე გადასვლა.

3.5. ხარისხიანი სწავლებისა და სწავლის უზრუნველყოფის სისტემათა ჩამოყალიბება. სწავლების, სამეცნიერო კვლევებისა და მართვის დეცენტრალიზაციის პირობებში ხარისხიანი სწავლება და სწავლა ფართო საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება სწავლება ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, რამდენად რაციონალურად იხარჯება სათანადო საზოგადოებრივი სახსრები და როგორია განათლების სისტემის სრულყოფის პერსპექტივები. ხარისხიანი სწავლებისა და საწავლის უზრუნველყოფის სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია:

ა) ხარისხის შენარჩუნების ინსტიტუციური ღონისძიებები, რომელიც საშუალებას მისცემს უმაღლესი სასწავლებლების შემადგენელ ერთეულებს თავიანთ საქმიანობასათან დაკავშირებით ყველა დონეზე დამოუკიდებლად მიიღონ ხარისხის მართვის აღიარებული კრიტერიუმების შესატყვისი გადაწყვეტილებები;

ბ) უმაღლესი განათლების სასწავლებლებში საკრედიტო სისტემის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა;

გ) სახელმწიფოში აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გამოავლენს იმ უმაღლეს სასწავლებლებსა და სწავლების იმ პროგრამებს, რომელთაც უფლება მიეცემათ მიიღონ სტუდენტური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი გრანტები, შეასრულონ სახელმწიფო პროგრამები.

3.6. აკრედიტაციის არ-ან ვერგავლის შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი და ნებისმიერი სერტიფიკატი, საკუთრების ფორმის მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ არ იქნება აღიარებული.

3.7. უმაღლესი განათლების სისტემის მოდელების მრავალფეროვნების საფუძველზე სტუდენტებს განათლების მიღების არჩევანის ოპტიმალური საშუალება მიეცემათ ყველა საფეხურზე, ხოლო ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე.

3.8. უმაღლესი განათლების ახალი სისტემის დანერგვით სახელმწიფო დღის წესრიგში აყენებს რამდენიმე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტრუქტურული რეფორმების საკითხს. ამავე დროს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გამოთავისუფლებული კადრების სოციალურ დაცვაზე.

3.9. უმაღლესი განათლების სისტემის ახალ საფუძველზე მართვა გულისხმობს:

ა) სახელმწიფოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის უფლებებისა და მოვალეობების მკაფიო გამიჯვნას;

ბ) უმაღლეს სასწავლებლებსა და სახელმწიფოს შორის ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

გ) სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთობის დინამიკური და სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებას;

დ) უმაღლესი სასწავლებლებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, რომელიც დაიცავს და ოპტიმალურ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს მათ.

3.10. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს უმაღლესი სასწავლებლის ავტონომიის ხარისხი მართვის დეცენტრალიზაციის პირობებში.

3.11. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებისათვის აუცილებელია სერიოზული დაფინანსება. საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები ადგილობრივი რესურსების მობილიზებისა და დონორთა მოქმედების წინაპირობას წარმოადგენს.

4. გლობალიზაციის პირობებში უმაღლესი განათლება საერთაშორისო ხასიათს იძენს. აუცილებელია, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორული თანმშრომლობის საფუძველზე საერთო ევროპული განათლების სისტემის სივრცეში მოქცეს.