დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „XXI საუკუნის“ წინადადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 18/04/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „XXI საუკუნის“ წინადადების თაობაზე
საპარლამენტო ფრაქცია „XXI საუკუნემ“ წარმოადგინა წინადადება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ. კანონით ჯერ არ არის მოწესრიგებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრთა პრივილეგიების საკითხი.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს (რ. დოლიძე), საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურთან ერთად შეიმუშაოს და პარლამენტს 2002 წლის 15 მაისამდე წარუდგინოს კანონპროექტი „საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა პრივილეგიების შესახებ“.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, შესაბამისი კანონის მიღებამდე გადაწყვიტოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრთა პრივილეგიების საკითხი.
3. წინადადება მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დადგენილი პროცედურების შესაბამისად:
ა) განიხილოს ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაუქმების საკითხი;
ბ) განაახლოს 1992 წლის იანვარ-მარტში კოლხური კოშკის გაძარცვისა და დაწვის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.
4. წინადადება მიეცეს ქალაქ თბილისის მერიას (ვ. ზოდელავა):
ა) 2002 წლის აპრილის ბოლომდე განიხილოს და გადაწყვიტოს ქალაქ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მიკუთვნების საკითხი;
ბ) უზრუნველყოს კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაოების დაჩქარება, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ამ სამუშაოთა სრულად დაფინანსება იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს კოლხური კოშკის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაპროექტება და თბილისის მთავრობას აღნიშნული სამუშაოებისათვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსაზღვრული აქვს 600 ათასი ლარი;
გ) დაავალოს ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს გაუწიონ დახმარება კონსტანტინე გამსახურდიას დედის ელისაბედ თოფურია (თოფურიძე)-გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის დედის თამარ აბდუშელიშვილი-ფალავანდიშვილის საფლავების მოძიებაში.
5. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა (რ. დოლიძე) ფრაქცია „XXI საუკუნესთან“ (ვ. ბოჭორიშვილი) ერთად ამ დადგენილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 29 მარტი.
№1349–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები