„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18-62
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016508
18-62
04/05/2018
ვებგვერდი, 08/05/2018
010260030.35.101.016508
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18-62

2018 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matse.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016099):

ა) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა.ა) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ზონა – 14 – დანართი №4-ით განსაზღვრული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დედაქალაქის ერთ-ერთი გაუნაშენიანებელი არეალია, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია განაშენიანებაზე მოთხოვნა.  აუცილებელია სწორი ქალაქგეგმარებითი მიდგომის ჩამოყალიბება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტის და ჯანსაღი სარეკრეაციო გარემოს შენარჩუნება, ასევე მშენებლობებისათვის დასაშვები პარამეტრების და პირობების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ შესაბამისი სტრატეგიის ჩამოყალიბება.“.

ა.ბ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:

„3. დანართი №4-ით განსაზღვრული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევის, მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 თვის ვადით შეზღუდულია:

ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება;

ბ) დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა;

გ) ამ დადგენილებით დამტკიცებულ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა დადგენილი ფუნქციური ზონების ცვლილების მიზნით;

დ) მიწის ნაკვეთების ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობე­ბის დამტკიცება, არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა);

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება დანართი №4-ით განსაზღვრულ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ: 

ა) საცხოვრებელ ზონებზე (სზ), რომლისთვისაც დამუშავებულია „ჩარჩო გეგმა“ და რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირებისა (წითელი ხაზ(ებ)ი) და განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები);

ბ) მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის;

გ) მშენებარე შენობა-ნაგებობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მცირედ კორექტირებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.“;

„5. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ასევე იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მიმართაც ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია დაინტერესებული პირების განცხადებები, თუმცა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება წინამდებარე ნორმის ამოქმედების დროისათვის მიღებული არ არის.“;

ბ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  გრაფიკული  ნაწილი  – რუკა (ფუნქციური ზონები) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე