„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 347
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020664
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
347
29/06/2018
ვებგვერდი, 04/07/2018
300160070.10.003.020664
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/07/2018 - 06/08/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №347

2018 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის      მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური  რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის ერთ-ერთ გადანაჭრელზე. ფირნიში მორზე მაგრდება სპეციალური ჩაქუჩით, რის  შედეგადაც ფირნიშის მჭრელი ფეხები ბოლომდე უნდა ჩამაგრდეს მორში. იმ შემთხვევაში, თუ მარკირების შემდეგ მორსა და ფირნიშს შორის დარჩა სიცარიელე (ფირნიში ბოლომდე არ არის ჩამაგრებული მორში), ასეთი ფირნიში ითვლება დაზიანებულად, იგი ექვემდებარება მორიდან ამოღებას, ხოლო მორი მარკირდება თავიდან, ახალი ფირნიშით. მარკირების პროცესში  დაზიანებული სპეციალური ფირნიში ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, მისი დაზიანებიდან არა უგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა, ხოლო ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის შემთხვევაში – დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია სპეციალური ფირნიშის ხელმეორედ გამოყენება (მათ შორის, მორების ტრანსპორტირებისას მომძვრალი სპეციალური ფირნიშის იმავე ან სხვა მორზე ხელმეორედ მიმაგრება მისი გახვრეტის, მიწებების ან სხვა გზით), აგრეთვე დაზიანებული სპეციალური ფირნიშის გამოყენება.“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები

1. სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს.

2. აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი და ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;

გ) დაცულ ტერიტორიაზე (გარდა დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა) და მის გარშემო 500-მეტრიან ზონაში;

დ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან 100 მეტრის რადიუსში;

ე) საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან ბაღებიდან 100 მეტრის რადიუსში;

ვ) მიწისქვეშა წყლის სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის (15-მეტრიანი რადიუსი) ზონაში;

ზ) მდინარის კალაპოტის, ხევის ან მაგისტრალური სარწყავი არხის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებსა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 20 მეტრის ფარგლებში;

თ) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში;

ი) შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში.

3. სახერხი საამქროს სახერხი დანადგარი უნდა განთავსდეს დახურული ტიპის კაპიტალურ ნაგებობაში.

4. სახერხი საამქრო, გარემოში მტვრის გავრცელების აღკვეთის მიზნით, აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ასპირაციული სისტემით. ასპირაციული სისტემა უნდა მოიცავდეს გამწოვი ვენტილაციის სისტემას, რომელიც მიერთებული იქნება სათანადო აირმტვერდამჭერ  მოწყობილობაზე. ასპირაციული სისტემის გამწოვი მილის სიმაღლე შენობის (ნაგებობის) სახურავის სიმაღლეს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 2 მეტრით.

5. სახერხ საამქროში დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს აირწინაღებით, პერსონალური ხმაურდამცავი საშუალებებით.

6. სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ობიექტებიდან მანძილი გამოიანგარიშება უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარისა და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე.

8. სახერხი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 დანართით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს.

9. აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის მიმდინარეობის გარდა).

10. სახერხი საამქროს საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა, სახერხი დანადგარის მთლიანი ან მისი ნაწილი უძრავად იყოს დამაგრებული საქმიანობის ადგილზე.

11. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, სახერხი საამქროს რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებამდე, გააჩნდეს აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა სახერხი საამქროდან ხე-ტყის მაქსიმალურ გამოსავლიანობაზე (როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან მერქანზე). ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავება ხორციელდება სახერხი საამქროდან ხე-ტყის გამოსავლიანობის დადგენის მიზნით, აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების მოთხოვნითა და მისი თანდასწრებით. აღნიშნულ შემთხვევაში, გადამუშავებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახეობა და მოცულობა უნდა აღინიშნოს საექსპერტო დაწესებულების შესაბამის დასკვნაში.“.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნები

1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟის დაწყებამდე დაარეგისტრიროს სახერხი საამქრო ელექტრონულ სისტემაში, ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge).

2. სახერხი საამქროს მფლობელი, სახერხი საამქროს დარეგისტრირების მიზნით, უფლებამოსილია, მიმართოს დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით.

3. სახერხი საამქრო ექვემდებარება დარეგისტრირებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც:

ა) დეპარტამენტი დაადგენს, რომ სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ  სახერხი საამქრო ადგილზე გადამოწმების შემდგომ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შემდგომ დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას სახერხი საამქროს ელექტრონულ სისტემაში სახერხი საამქროს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციაზე თანხმობა გამოიხატება იმაში, რომ სახერხ საამქროს ელექტრონულად ენიჭება რეგისტრაციის უნიკალური ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და სტატუსი − „მოქმედი“.

5. გადაწყვეტილებას, სახერხი საამქროს რეგისტრაციის თაობაზე,  დეპარტამენტი იღებს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

6. ელექტრონულ სისტემაში დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროს ეკრძალება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება და გადამუშავება.

7. სახერხი საამქროს რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემებია/დოკუმენტებია:

ა) სახერხი საამქროს მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვის დაკავებული მიწის ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ასევე დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში);

გ) სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვის დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის/ფართის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახერხი დანადგარის სიმძლავრე, რაოდენობა, თერმული დამუშავების დანადგარის (მისი არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;

ე) სახერხი საამქროს, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის, სააბონენტო ნომერი;

ვ) საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმძღვანელის ან/და მისი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ, რომელიც ახორციელებს დადგენილი წესით საკონტროლო ფირნიშების დეპარტამენტში წარდგენას.

8. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, მიმართოს დეპარტამენტს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით:

ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმის ცვლილების შემთხვევაში;

ბ) სახერხი საამქროს მფლობელის შეცვლის შემთხვევაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს განცხადებით მიმართავენ სახერხი საამქროს ყოფილი და ახალი მფლობელები.

10. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს შესაბამისი ცვლილების შესახებ.“.

5. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი ან მისი ტერიტორიული ორგანო აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გარდაიცვალა სახერხი საამქროს მფლობელი. აღნიშნულ შემთხვევაში სახერხი საამქრო ექვემდებარება დალუქვას მის სრულ დემონტაჟამდე ან ხელახალ რეგისტრაციამდე;

ბ) სახერხი საამქრო ვერ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულ შემთხვევაში,  სახერხი საამქრო ექვემდებარება სრულ დემონტაჟს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  დეპარტამენტი ან მისი ტერიტორიული ორგანო, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, სახერხი საამქროს რეგისტრაციას აუქმებს განცხადების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.“.

6. დანართი №14-ის შემდეგ დაემატოს დანართი 15 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დადგენილი წესით  რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელები ვალდებულნი არიან, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში სახერხი საამქროები შესაბამისობაში მოიყვანონ „მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტთან“ და მოახდინონ  სახერხი საამქროების განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ამ დადგენილების ამოქმედებამდე რეგისტრირებული სახერხი საამქროების მფლობელები უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ საქმიანობა ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ვალდებულია, გააუქმოს სახერხი საამქროს რეგისტრაცია, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სახერხი საამქროს მფლობელს.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის განხილვის პროცესში (განაცხადის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) დეპარტამენტი დაადგენს, რომ სახერხი საამქრო ვერ აკმაყოფილებს „მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, სახერხი საამქროს რეგისტრაცია უქმდება არაუადრეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

დანართი №15

სავალდებულო მოთხოვნები სახერხი საამქროს

ვიდეო მონიტორინგის სისტემის მიმართ

1. ვიდეომონიტორინგის სისტემა მოიცავს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე (როგორც ეზოში, ასევე ნაგებობაში) დამონტაჟებულ ურთიერთდაკავშირებულ ვიდეოკამერებს და ქსელურ ვიდეოჩამწერ, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და ნარჩენების უწყვეტ კონტროლს.

2. ვიდეოკამერის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) ღამის ხედვა არანაკლებ 20 მეტრის ინფრაწითელი განათების საშუალებით;

ბ) გარე გამოყენება (ვრცელდება ნაგებობის გარეთ განთავსებულ ვიდეოკამერებზე);

გ) გარჩევადობა არანაკლებ 2 მეგაპიქსელისა;

დ) კამერის მატრიცის ზომა არანაკლებ 1/3 დიუმისა.

3. ქსელური ვიდეოჩამწერის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) სრული მაღალი გარჩევადობა (Full HD) არანაკლებ 4 ვიდეოკამერის შეერთების შესაძლებლობით;

ბ) ოთხივე არხზე კვების მიწოდების საშუალებით;

გ) ინტეგრირებული არანაკლებ 2 ტერაბაიტი ვინჩესტერი;

დ) არანაკლებ 1 LAN ინტერფეისი;

ე) არანაკლებ USB 2.0 ინტერფეისი;

4. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია ვიდეოკამერები სახერხი საამქროს ტერიტორიაზე და ნაგებობაში განათავსოს იმგვარად, რომ მუდმივად (უწყვეტად) ხორციელდებოდეს ვიდეოკონტროლი:

ა) სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიღებაზე ან/და გატანაზე, მათ შორის დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილებზე;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების სრულ ციკლზე (მათ შორის გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე);

გ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების ადგილზე.

5. ვიდეომონიტორინგის სისტემა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად.

6. აკრძალულია ვიდეოგადაღების გარეშე სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება ან/და გატანა, გადამუშავება, ასევე ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება ან/და გატანა.


საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე