„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3102-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.018942
3102-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
010170000.05.001.018942
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმწიფო მინისტრის აპარატს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ან წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა

1. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს, თანდართულ დოკუმენტებს და სხვა მასალებს წარმომადგენელი უგზავნის სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სადაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა აღნიშნული განაცხადები აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.

2. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა იწყება 2010 წლის 1 იანვრიდან.

3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი თითოეული პირის განაცხადს ცალკე იხილავს, ამასთანავე, ითვალისწინებს ოჯახის ერთიანობის პრინციპს და ერთი ოჯახის წევრთა განაცხადებს ერთობლივად იხილავს.

4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დოკუმენტაციას არეგისტრირებს და შესასწავლად უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა უწყებებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.“.

5. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მისი ანალიზის შემდეგ, აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, რის საფუძველზედაც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომ − სახელმწიფო მინისტრი) გამოსცემს ბრძანებას პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

2. სახელმწიფო მინისტრის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემიდან 20 დღის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირს ეცნობება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეპატრიანტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3102-რს