აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი
1-1/389
07/08/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/389

2018 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვისექსპროპრიაციის უფლების  მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2018 წლის 28 მაისის №3381/09 განცხადება სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ 500 კვ ქვესადგური ,,ლაჯანური 500“-ის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ -KFW-ის დაფინანსებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ,,ლაჯანური 500“-ის ქვესადგურის მშენებლობის პროექტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის №2574 განკარგულებით და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №01-1/579 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანას და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მის ინტეგრაციას. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. შესაბამისად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

ამასთან, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანას დასავლეთით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. საპროექტო ტერიტორიიდან საცხოვრებელი ზონა (სოფ. ალპანა) მდებარეობს აღმოსავლეთ მხარეს 1000 მ-ზე მეტი მანძილის დაცილებით. მდ. რიონის კალაპოტამდე დაშორების მანძილი შეადგენს 300 მ-ს.

,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა მარიამ ფრუიძის, მერაბ ფრუიძის, ნაზიკო ფრუიძის და ქეთინო ბურჯალიანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

დასახელებულ პირებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია მშენებლობა, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2018 წლის 28 მაისს წერილობით (N3381/09) მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ქვესადგური ,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.027 მდებარე ცაგერის რაიონის სოფელ ალპანა მესაკუთრეები არიან მარიამ ფრუიძე, მერაბ ფრუიძე, ნაზიკო ფრუიძე და ქეთინო ბურჯალიანი.

დადგენილია, რომ ქვესადგური ,,ლაჯანური 500“-ის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დასახელებული პირების საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთი.

დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.”

ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 20 ივლისის სხდომის ოქმის და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. 500 კვ ქვესადგურის ,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ქვესადგურ ,,ლაჯანურ 500“-ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.027, მდებარე ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ალპანა, მესაკუთრეები: მარიამ ფრუიძე (პ/ნ 04001006767), მერაბ ფრუიძე (პ/ნ 49001005079), ნაზიკო ფრუიძე (პ/ნ 49001008579), ქეთინო ბურჯალიანი (პ/ნ 49001005078), საექსპროპრიაციო ფართი 614 კვ.მ და მასზე არსებული ნარგავები.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით განობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი.