„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017128
322
24/08/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
200090000.22.033.017128
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №322

2018 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის:
1. 758 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX3 თავი:

 

თავი XIX3

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები

 
მუხლი 759. ზოგადი დებულებები

ამ თავით განისაზღვრება იმ პირისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელს (ამ თავის მიზნებისათვის შემდგომში ასევე გადამხდელი), აგრეთვე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით დანიშნავს გადამხდელი.

მუხლი 7510. დღგ-ის თანხის დაბრუნების უფლებამოსილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელი

1. გადამხდელს უფლება აქვს, დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა) შეძენისას ან/და მომსახურების შეძენისას ან საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) პირი საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით არ ახორციელებს ან მისი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის;

ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება;

გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.

მუხლი 7511. უფლებამოსილი წარმომადგენელი

1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით გადამხდელი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ წესით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ წესითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები.

2. უფლებამოსილი წარმომადგენელი წარმოადგენს გადამხდელის ინტერესებს და მოქმედებს მის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი და რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ინიშნება გადამხდელის მიერ, გადამხდელთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დაბრუნებული დღგ-ის თანხის ანაზღაურებაზე.

5. დღგ-ის თანხის დაბრუნების ნებისმიერი შემდგომი განცხადების დაკმაყოფილება არ ხდება თუ გადამხდელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს გააჩნიათ შეუსრულებელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

მუხლი 7512. დღგ-ის თანხის დაბრუნების განცხადება

1. გადამხდელმა, დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს განცხადება NIII-28 დანართის ფორმით.

2. განცხადება შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და მოთხოვნილი თანხა მითითებული უნდა იყოს ლარში.

მუხლი 7513. დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

1. განცხადებით წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელი პირისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასლი (არსებობის შემთხვევაში კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურები);

ბ) საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ასლი და იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) უფლებამოსილი წარმომადგენლის დანიშვნის დამადასტურებელი მინდობილობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად განცხადებას თან უნდა ერთოდეს ევროკავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც უნდა აღინიშნოს:

ა) გადამხდელისათვის  ევროკავშირის  შესაბამის წევრ სახელმწიფოში  მინიჭებული დღგ-ით დასაბეგრი პირის სარეგისტრაციო ნომერი და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი;

ბ) ევროკავშირის შესაბამის წევრ სახელმწიფოში დღგ-ის ჩათვლისათვის გამოყენებული პროპორცია;

გ) საქმიანობის სახე, რასაც ეწეოდა გადამხდელი იმ საანგარიშო პერიოდში, რაზეც წარმოდგენილია დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა, წარმოადგენს თუ არა დღგ- ით დასაბეგრ ოპერაციას.

3. ამ ბრძანების მიზნებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შედგენილი არ არის ქართულ ენაზე, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

4. გადამხდელი   ვალდებულია, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის შესაფასებლად.

მუხლი 7514. საანგარიშო პერიოდი, რომელზეც შეიძლება დღგ-ის თანხის დაბრუნება

დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით განცხადების წარდგენისას, განცხადებაში მითითებული საანგარიშო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ წელს და არ შეიძლება იყოს კალენდარული წლის სამ თვეზე ნაკლები. ამასთან, თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდზეც, თუ ის მოიცავს კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილ, სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდს (მაგალითად 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).

მუხლი 7515. მოთხოვნილი დღგ-ის თანხის მინიმალური ოდენობა

1. თუ განცხადებაში მითითებული საანგარიშო პერიოდი მოიცავს კალენდარულ წელზე ნაკლებს, მაგრამ არანაკლებ სამთვიან საანგარიშო პერიოდს, მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ოდენობა არ შეიძლება იყოს 1200 ლარზე ნაკლები.

2. თუ განცხადებაში მითითებული საანგარიშო პერიოდი მოიცავს სრულ კალენდარულ წელს ან კალენდარული წლის დარჩენილ საანგარიშო პერიოდს რომელიც ნაკლებია 3 თვეზე (მაგალითად 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე), მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ოდენობა არ შეიძლება იყოს 120 ლარზე ნაკლები.

მუხლი 7516. განცხადების წარდგენის ვადები

განცხადება  საგადასახადო  ორგანოს  შეიძლება  წარედგენოს  სამთვიანი  საანგარიშო პერიოდის ან კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო თვეში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომელშიც განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 7517. დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე უარი

დღგ-ის თანხა არ ბრუნდება, თუ:

ა) განცხადებაში აღნიშნული ოპერაციის მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი არ იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ;

ბ) გადამხდელის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა საქონლის/მომსახურების შეძენა ან/და საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) ამ ინსტრუქციის 7518 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 1-თვიან ვადაში არ არის წარმოდგენილი ან წარმოდგენილია არასწორი სახით ამ ინსტრუქციის 7513 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

დ) სახეზეა ამ ინსტრუქციის 7511 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ე) უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დამტკიცებულ სავალდებულო კრიტერიუმებს;

ვ) განცხადება არ შეესაბამება ამ ბრძანების და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 7518. დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება

1. გადამხდელის განცხადებით მოთხოვნილი დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/უფლებამოსილი პირი. გადაწყვეტილება მიიღება შემოსავლების სამსახურში განცხადების რეგისტრაციის დღიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ეგზავნება გადამხდელს, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ  ინსტრუქციის 7513 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის ან განცხადებით წარმოდგენილი საკითხის გადაჭრის  მიზნით  დამატებითი   ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური განმცხადებელს აძლევს დამატებით 1-თვიან ვადას  ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

3. თუ შემოსავლების სამსახურის უფროსის/უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით განცხადება არ კმაყოფილდება ან კმაყოფილდება ნაწილობრივ, გადაწყვეტილებაში მიეთითება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

4. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ჩარიცხვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 7519. დაბრუნებული დღგ-ის თანხის გადახდის მეთოდი

დასაბრუნებელი დღგ-ის თანხის გადახდა ხდება ლარში.

მუხლი 7520. გასაჩივრების პროცედურა

ამ ინსტრუქციის 7518 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. XIX3 თავის შემდეგ დაემატოს NIII-28 დანართი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი