საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/4/809
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016371
1/4/809
14/12/2018
ვებგვერდი, 20/12/2018
000000000.00.000.016371
საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/4/809

2018 წლის 14 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

  

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გიორგი მშვენიერაძე, მარინე კაპანაძე და ედუარდ მარიკაშვილი; მოპასუხე მხარის წარმომადგენლები – თამარ მესხია და გიორგი თორდია; მოწმე – საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი მიხეილ სადრაძე.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №809) მიმართა საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 22 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/17/809 საოქმო ჩანაწერით საქმე არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №809 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 10 თებერვალს. სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე – ლალი ფაფიაშვილი ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე შეცვალა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

2. №809 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ პროკურორი უფლებამოსილია, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის შენახვის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში გამოძიების ადგილის მიხედვით, მიმართოს სასამართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“.

5. №809 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელე ტიტიკო ჩორგოლიანის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა ახალციხის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოფაილების გამოთხოვის თაობაზე. სარჩელზე თანდართული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის 2015 წლის 30 სექტემბრის №შ/3309-15წ. წერილიდან ირკვევა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა დაცვის მხარის შუამდგომლობის თაობაზე. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ პროკურორს გააჩნია ამგვარი შუამდგომლობის დაყენების უფლებამოსილება.

6. მოსარჩელის განმარტებით, ნორმის გამოყენების განვითარებული პრაქტიკის მიხედვით, თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მისი პოზიციისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერული მონაცემის შესანახ საშუალებაში, მან შუამდგომლობით უნდა მიმართოს პროკურორს. მოსარჩელის მტკიცებით, ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია ის საკანონმდებლო რეგულირება, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარის მიერ კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების უფლებამოსილება გააჩნია პროკურორს და ეს უკანასკნელი წყვეტს, მიმართავს თუ არა სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით. მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი მოწესრიგება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან პრინციპებს.

7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამგვარი პრაქტიკა უხეშად არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, ვინაიდან პროკურორი გვევლინება დაცვის მხარის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძვლიანობის შემფასებლად და, საბოლოოდ, მისი გადასაწყვეტია, მიმართავს თუ არა სასამართლოს შუამდგომლობით, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის პროცესში მხარეები სარგებლობენ, მინიმუმ, თანაბარი ფორმალური უფლებამოსილებით, ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება, მოიპოვონ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გარდა ეფექტური გამოძიების განხორიცელებისა, დაწესებული შეზღუდვის მიზნად შესაძლოა ასევე განვიხილოთ მესამე პირთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის პრევენციაც, თუმცა შეზღუდვის დაწესების გამამართლებელი ლეგიტიმური მიზნის არსებობის მიუხედავად, სადავო ნორმა არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში ბლანკეტური, აბსოლუტური ხასიათის აკრძალვა არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს, გარდა პრაქტიკით დადგენილისა. ამასთან, შეზღუდვა არ არის დაბალანსებული კანონმდებლობით პირდაპირ გაწერილი რაიმე საპირწონე უფლებით, რომელიც გაამართლებდა დაწესებულ შეზღუდვას და მთლიან სამართალწარმოებას გახდიდა სამართლიანს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.

10. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, დაცვის მხარეს ევალება, ბრალდების მხარეს პირველადი გამოკვლევისთვის გადასცეს მისი შუამდგომლობით ამოღებული, მისივე ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, ის არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით გარანტირებულ უფლებრივ კომპონენტებს: შეჯიბრებითობის და თანასწორობის, ასევე ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრინციპებს.

11. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტი უფრო ფართოდ უნდა განიმარტოს და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების გარდა, მის დაცულ სფეროში უნდა მოექცეს ბრალდების მხარისთვის საკუთარი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა სახის მტკიცებულების გადაცემისგან თავის შეკავების უფლებაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის პროცესი აღარ არის ინკვიზიციური და მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, გადაწყვიტოს რომელ მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში და დააფუძნებს საკუთარ სტრატეგიას.

12. მოსარჩელის მტკიცებით, ბრალდების მხარისთვის დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებული მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის უფლების დაკანონებამ წარმოშვა ახალი უთანასწორობა და ბრალდების მხარეს მიანიჭა დაუსაბუთებელი პრივილეგია. სადავო ნორმა კი ახდენს დაცვის მხარის უფლების ბლანკეტურ შეზღუდვას, მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს რა მეორე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის უფლებას.

13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმის მოქმედება ქმნის მსუსხავ ეფექტს დაცვის მხარისათვის, ვინაიდან მას მოუწევს შუამდგომლობის შედეგად ამოღებული ნივთის, ნივთიერების, საგნის თუ დოკუმენტის ბრალდების მხარისათვის პირველადი გამოკვლევისთვის გადაცემა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც უცნობია აღნიშნული ობიექტის მტკიცებითი ხასიათი, მას წარმოეშობა მაღალი რისკი, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებას თავადვე მიაწვდის ბრალდების მხარეს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს აქვს საშუალება, სხვაგვარად მიაღწიოს ნორმის შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებს, მაგალითად, შეიმუშაოს მტკიცებულებათა დაცვის იმგვარი სპეციალური რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ამოღებული მტკიცებითი ხასიათის ობიექტების შენარჩუნებას.

14. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა იწვევს მხარეთა არსებით უთანასწორობას, გაუმართლებელი იქნება მხარეთა თანასწორობის აღდგენა დაცვის მხარისთვის ანალოგიური უფლების მინიჭების გზით. დაცვის მხარესაც რომ მიეცეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების პირველადი გამოკვლევის უფლება, მიუხედავად მხარეთა თანასწორობის აღდგენისა, დარჩება თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრინციპის დარღვევის საფრთხე. დაცვის მხარე მაინც იქნება ვალდებული, ბრალდებას გადასცეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებს.

16. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული წესი გამომდინარეობს მისი რეგულირების ობიექტების სპეციფიკური ხასიათიდან და იგი უზრუნველყოფს შემდგომში საქმეზე მტკიცებულებად წარსადგენი საგნის, ნივთის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ავთენტიკურობას. ამასთან, მან ნორმის კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად მიუთითა სრული და ყოველმხრივი გამოძიების წარმოების ვალდებულება და მართლმსაჯულების საბოლოო მიზანი – ფაქტების მაქსიმალური სიზუსტით დადგენა. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა არ არღვევს შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს.

17. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ასევე არ ზღუდავს თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრინციპს, ვინაიდან ხსენებული პრივილეგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბრალდებული დაცული იყოს იძულებისაგან, აქტიური ქმედებებით წვლილი შეიტანოს საკუთარი თავის მხილებაში. თუმცა ბრალდებულმა უნდა ითმინოს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მასზე განხორციელებული იმგვარი იძულების ღონისძიებები, რომლებიც მიუთითებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

18. მოპასუხე მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილებაზე („საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და აღნიშნა, რომ, რამდენადაც ხსენებული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 136-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას, ხოლო აღნიშნულ ნორმას სხვა ნორმატიული შინაარსი არც გააჩნია, არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და იშუამდგომლა განსახილველი საქმის აღნიშნულ ნაწილში შეწყვეტის შესახებ.

19. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოწმემ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უზრუნველყოფს დაცვის მხარის მიერ ინიცირებული ჩხრეკისა და ამოღების შედეგად მოპოვებული საგნის, ნივთის, ნივთიერების და ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ გარეგნულ და არა შინაარსობრივ გამოკვლევას. მისი მითითებით სადავო ნორმის კონტექსტში ტერმინი „გამოკვლევა“ თავისი არსით გულისხმობს მხოლოდ გაცნობას. ამასთან, მან დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე სადავო ნორმით განსაზღვრული წესით მოპოვებულ ობიექტს ვერ გამოიყენებს სასამართლოზე როგორც მის სასარგებლო მტკიცებულებას.

20. მოწმემ მოპასუხის მიერ დასახელებულ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ სადავო ნორმის რეგულირება შეეხება ჩხრეკასა და ამოღებას, შესაბამისად, რამდენადაც იზღუდება მესამე პირთა სხვადასხვა უფლებები, სახელმწიფო ერთგვარ კონტროლს ახორციელებს ამგვარი ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ობიექტებზე. ამასთან, მან მიუთითა, რომ სადავო ნორმა ემსახურება დაცვის მხარის ინტერესსაც, რამდენადაც იცავს სამომავლო მტკიცებულებებს იმგვარი ხელყოფისაგან, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დაცვის მხარის მიერ ტექნიკური ცოდნის ნაკლებობამ.

 

II

 სამოტივაციო ნაწილი

1. №809 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მოთხოვნილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებთან მიმართებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს სადავო ნორმის კონსტიტუციის მითითებულ დებულებებთან შესაბამისობის საკითხს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დეკლარირებულია, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ხსენებული ნორმა განსაზღვრავს სამართლიანი სასამართლოს ზოგად კონსტიტუციურ უფლებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესთან, მის ინიცირებასა, თუ აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურულ გარანტიებს. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9).

3. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა. იგი წარმოადგენს გარანტიას, რომ პირს ექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მატერიალური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას თავი დაიცვას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების შესაბამისი სასამართლო პროცესის მეშვეობით. აღნიშნული კი მოიცავს მრავალ კომპონენეტს, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას დაიცვან ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).

4. მოსარჩელის მტკიცებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლებას ანიჭებს ბრალდების მხარეს, ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.

5. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოში სამართალწარმოების წარმართვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით ხორციელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი საიმისოდ, რათა წარადგინონ მათი პოზიციების სასარგებლო არგუმენტები. იმავდროულად, ამ პრინციპის უმთავრესი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ამ მიზნისთვის ეს პრინციპი ეყრდნობა ორივე მხარის მიერ არგუმენტების თავისუფლად წარდგენის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).

6. შეჯიბრებით სისხლის სამართლის პროცესში, საპირისპიროდ ინკვიზიციური პროცესისა, მინიმალიზებულია სასამართლოს შინაარსობრივი ჩართულობა საქმის გარემოებების გამორკვევაში და იგი შემოიფარგლება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებით. ამ პირობებში სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებულ როლს იძენს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესის შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები და მათი თანმხლები საპროცესო გარანტიები.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში „მხარეს უნდა ჰქონდეს საქმისწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების იმ პირობებში მოპოვება-წარდგენის და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რომელიც არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). მხარეთა შორის მითითებული ბალანსი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო ღონისძიებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ თანასწორობას, ასევე აღნიშნულ ღონისძიებათა შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ხასიათის მტკიცებულებათა საკუთარი პოზიციის დასაბუთებისათვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების ჩაურევლად მიღებასა და სამართალწარმოებაში მონაწილეობას დამოუკიდებლად განსაზღვრულ სტრატეგიაზე დაყრდნობით.

8. მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ეფუძნება სხვადასხვა არგუმენტაციას. ერთი მხრივ, იგი მიუთითებს მხარეთა თანასწორობის დარღვევაზე, ვინაიდან სადავო ნორმით მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის ბრალდების მხარისათვის დადგენილია უკეთესი უფლებრივი მდგომარეობა, უფრო მოქნილი მექანიზმი (იგი იღებს მტკიცებულებას პირველადი გამოკვლევისათვის), ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე აპელირებს, რომ პირველადი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელია, ბრალდების მხარის ხელში აღმოჩნდეს იმგვარი მაინკრიმინირებელი მტკიცებულება, რომლის ბუნების თაობაზე დაცვის მხარისათვის ცნობილი არაა. ამდენად, სადავო ნორმა თავისთავად ქმნის ბარიერს და იწვევს „მსუსხავ“ ეფექტს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელებაზე.

9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი მიზნად ისახავს პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველყოფას. იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება აერთიანებს პირის მრავალ საპროცესო შესაძლებლობასა თუ გარანტიას, მისი შემადგენელი უფლებრივი კომპონენტები შესაძლოა დაცული იყოს დასახელებული მუხლის სხვადასხვა პუნქტში. ამასთანავე, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგად რეგლამენტაციას და თავის თავში მოიაზრებს ყველა იმ უფლებრივ კომპონენტს, რომლებიც დაცული არაა ამავე მუხლის სხვა პუნქტებით, თუმცა სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია. ამგვარ უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რომელიც სწორედ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცევა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ის არგუმენტაცია, რომელიც მიემართება დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებული მტკიცებულების, ბრალდების მხარის მიერ, პირველად გამოკვლევას და, ამ მხრივ, მისთვის უპირატესობის მინიჭებას, შეფასებადი იქნება დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან. რაც შეეხება „მსუსხავ“ ეფექტს, იმ კუთხით, რომ მსგავსი რეგულაციის პირობებში დაცვის მხარემ შესაძლოა საერთოდაც უარი თქვას მისი უფლების რეალიზაციაზე და არ მიმართოს სასამართლოს მტკიცებულების ამოღების შუამდგომლობით, აღნიშნული არგუმენტაცია არ უკავშირდება მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას და იგი მიემართება დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვების პროცესს და შემდგომში ამ მტკიცებულების საკუთარი პოზიციის გასამყარებლად გამოყენებას.

10. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაცვის უფლება გარანტირებულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაცვის უფლების კონტექსტში განცალკევებით შეაფასა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც დაცვის მხარეს უზღუდავდა გარკვეული ტიპის მტკიცებულებათა მოპოვებას და დაადგინა, რომ, მართალია, მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში მხარეთა უფლებების თანასწორობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, თუმცა მტკიცებულებათა მოპოვების უფლება, თანასწორობის ელემენტისგან განცალკევებით, მხარის პოზიციის დასაბუთების მიზნით გარანტირებულია კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით.

11. მოსარჩელე მხარის მიერ „მსუსხავ“ ეფექტზე აპელირება არ ხდება დაცვისა და ბრალდების მხარეთა თანასწორობის კონტექსტში. მხარეთა შორის თანასწორობა თავიდანვე პირობადებულია ამ პრინციპის ფარდობითი ხასიათით და მოწინააღმდეგე მხარესთან შედარების მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა გააჩნდეს ამოღებისა და ჩხრეკის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის და ამ გზით მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა, ამასთანავე, აღნიშნული საპროცესო უფლება უნდა იყოს ეფექტური და არ წარმოშობდეს რაიმე ბარიერებს უფლების რეალიზაციის პროცესში. მხარეს ეს უფლება უნდა ჰქონდეს იმისგან დამოუკიდებლად, ისარგებლებს თუ არა ბრალდების მხარე ანალოგიური უფლებით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე დაობს, მხარეთა თანასწორობის პრინციპისაგან დამოუკიდებლად, მტკიცებულების მოპოვების უფლებაზე, რათა მან შეძლოს საკუთარი პოზიციის დასაბუთება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვების უფლების შეზღუდვა ან ამგვარი უფლებამოსილების არაეფექტურობა, მათ შორის, „მსუსხავი“ ეფექტის არსებობა იმ პირობებში, როდესაც სადავო არაა უფლების შეზღუდვა მოწინააღმდეგე მხარესთან თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონტექსტში, შეფასებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებასთან და არა ამავე მუხლის პირველ პუნქტთან.

12. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი რეგულაციით იზღუდება თუ არა მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში, გააჩნია თუ არა ბრალდების მხარეს ისეთი პრივილეგია, რომელიც დაცვის მხარეს აყენებს არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში იმგვარად, რომ არ ხდება არსებული უთანასწორობის რაიმე ფორმით დაბალანსება.

სადავო ნორმის არსი

13. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი ადგენს წესს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვებული საგანი, ნივთი, ნივთიერება, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი პირველადი გამოკვლევისათვის წარედგინება ბრალდების მხარეს. სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს წარმოადგენს, პირველ რიგში, თუ მტკიცებულებათა რა სფეროს არეგულირებს განსაზღვრული წესი და სადავო ნორმის მიზნებისათვის რას გულისხმობს ტერმინი „გამოკვლევა“.

14. სადავო ნორმა განსაზღვრავს, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველადი გამოკვლევის უფლება ვრცელდება დაცვის მხარის შუამდგომლობით „საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის“ ამოღებაზე. რეგულირების მითითებული სიტყვათწყობა გულისხმობს, რომ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გამოძიების წარმოების პროცესში სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოპოვებული ნებისმიერი სახის მატერიალურად არსებული ობიექტი, რომლის მოპოვებაც ვერ ხერხდება სასამართლო განჩინებისა და შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების გარეშე, გადაეცემა ბრალდების მხარეს პირველადი გამოკვლევისათვის, მიუხედავად იმისა, დაცვის მხარე გეგმავს თუ არა ხსენებული ობიექტის სამართალწარმოებაში მისი პოზიციის დასაბუთებისა და არგუმენტირებისათვის გამოყენებას ანუ მტკიცებულებად ქცევას.

15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე როგორც მოპასუხე მხარემ, ასევე მოწმემ – საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ პირველადი გამოკვლევა არ გულისხმობს მტკიცებულების შინაარსობრივ გამოკვლევას ანდა ექსპერტიზას და იგი მოიცავს მხოლოდ ამოღებული ობიექტის გარეგნულ დათვალიერებას, გაცნობას. მხარემ დამატებით მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილ პროცედურებზე და აღნიშნა, რომ სადავო ნორმის წესიც გულისხმობს, იდენტური სახით, მტკიცებულებებზე ბრალდების მხარისათვის სასამართლოს მიერ ინფორმაციის მიწოდებას ანდა მის მიერ აღნიშნული ობიექტების გაცნობას.

16. ტერმინ „გამოკვლევას“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი რიგ შემთხვევებში იყენებს და იგი სამართალწარმოების რაიმე კონკრეტულ ეტაპს არ უკავშირდება. იგი გამოიყენება როგორც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეთა მტკიცებულებების შეფასების, ასევე მტკიცებულებათა ექსპერტული გამოკვლევის შემთხვევებში, რაც შეიძლება განხორციელდეს საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარისა და მოწმის განმარტებებს პირველადი გამოკვლევის ხასიათთან დაკავშირებით, ვინაიდან ხსენებული პროცედურის პრაქტიკაში განხორციელების ხასიათის მიუხედავად, ტერმინი იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს პირველადი გამოკვლევის ბუნებას და არ განსაზღვრავს მისი განხორციელების პროცედურას, შესაბამისად, ბრალდების მხარეს, მისთვის სადავო ნორმით განსაზღვრული ობიექტების გადაცემის შემდგომ, არ ბოჭავს რაიმე საკანონმდებლო მზღუდავი საშუალება, რათა პირველადი გამოკვლევა განახორციელოს მხოლოდ კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებისა და მტკიცებულებათა გაცნობის პროცედურის შესაბამისად.

17. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი რეგულირებისაგან. კოდექსის მითითებული ნორმა ადგენს მხარეთა შორის მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლის და მტკიცებულებათა გაცნობის წესებს, რაც წარმოადგენს მხარეთა მიერ განსახორციელებელ ქმედებებს და არა მათ მიერ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგს. ამასთან, იგი დაცვის მხარის მიერ განსახორციელებელ ქმედებათა კონტექსტში, მიემართება მხოლოდ იმ სახის ობიექტებს, რომელთა სასამართლოზე მტკიცებულებად გამოყენებასაც მხარეები გეგმავენ და არა ნებისმიერ მათ მიერ მოპოვებულ საგანს, ნივთს, ნივთიერებასა თუ დოკუმენტს.

18. სადავო ნორმის შინაარსობრივი ანალიზიდან გამომდინარე, იგი ადგენს ცალკეულ წესს, რომელიც დაცვის მხარეს, თუკი მის მიერ მტკიცებულების მოპოვება საჭიროებს სახელმწიფოს ხელთ არსებული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენებას, აყენებს იმპერატიული საპროცესო რეალობის წინაშე, რომ აღნიშნული პროცედურის შედეგად მოპოვებული ობიექტი პირველად წარედგინება ბრალდების მხარეს, რომელსაც, თავის მხრივ, საკანონმდებლო ნორმატიული წესრიგი არ უზღუდავს ხსენებული ობიექტის როგორც გარეგნული, ასევე შინაარსობრივი გამოკვლევის საშუალებას.

თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის შეზღუდვა

19. სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება გულისხმობს არა მხარეთა სრულ, ტოტალურ გათანაბრებას, არამედ მათთვის გონივრულობის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, დაცვის მხარის აღჭურვას იმგვარი საპროცესო უფლებებით, რომ შეძლოს ბრალდების მხარესთან კონკურენცია, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. ამ კონტექსტში არ უნდა არსებობდეს იმგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც ბრალდების მხარეს ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში, მიანიჭებს მას რაიმე ისეთ პრივილეგიას, რომლის დაბალანსებაც მთლიანი პროცესის განმავლობაში ვერ მოხდება და დაცვის მხარე არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სადავო ნორმის თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოღებული ობიექტის პირველად გამოკვლევას ახდენს ბრალდების მხარე. ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ მხარეს გააჩნია საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ობიექტის პირველად გამოკვლევის უფლება, თავისთავად არ გულისხმობს მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, თუ მეორე მხარესაც გააჩნია ამ ობიექტის გამოკვლევის, შესწავლისა და გამოყენების შესაძლებლობა. ერთი მხარისათვის დროში ან რიგითობაში უპირატესობის მინიჭება ვერ გამოიწვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტში ჩარევას, თუ მეორე მხარესაც ექნება მოგვიანებით ანალოგიური პროცედურის გამოყენებით კონკრეტული ობიექტის გამოკვლევის უფლება. სისხლის სამართლის პროცესში მხარის ინტერესს წარმოადგენს მტკიცებულების გამოკლევა ინფორმაციის მიღებისა და მისი გამოყენების მიზნით. თუ აღნიშნული ინტერესი ობიექტურად დაკმაყოფილებადია და მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, გონივრულ დროს სისხლის სამართლის პროცესის შესაბამის სტადიაზე გამოიკვლიოს ეს ობიექტი, მაშინ არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ერთი მხარის მიერ პირველი გამოკვლევა არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უფლებას და მხარე იმყოფება არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში.

20. ამდენად, სახეზე არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში დაცვის მხარეს ეძლევა მოპოვებული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის შესაძლებლობა იმისგან დამოუკიდებლად, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია პირველად გამოკვლევის შესაძლებლობა.

21. საქართველოს სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება წარიმართება სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითი მოდელით. „შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს მოსამართლის ნეიტრალურობის პირობებში სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. აღნიშნულ მოდელში მოსამართლის მიმართ ნეიტრალურობისა და პასიურობის მოლოდინი მოქმედებს. შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-15).

22. უდავოა, რომ შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანი სასამართლოს პრინციპის შესაბამისად წარმართვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისათვის უმნიშვნელოვანესია, მხარეებს გააჩნდეთ მტკიცებულებათა მოპოვების, გამოკვლევის და, შესაბამისად, სასამართლო პროცესზე მათი პოზიციის დასაბუთების თანაბარი შესაძლებლობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი, ერთი მხრივ, ზღუდავს სახელმწიფოს მოქმედების არეალს დაცვის მხარისათვის საპროცესო გარანტიების მინიჭებით (მაგ., თვითინკრიმინაციის იძულების აკრძალვა, დუმილის უფლება), ხოლო, მეორე მხრივ, დაცვის მხარეს ანიჭებს აქტიური მოქმედების უფლებას არა მხოლოდ მის ხელთ არსებული საშუალებებით, არამედ სახელმწიფო რესურსების გამოყენებითაც იმ შემთხვევაში, როდესაც საგამოძიებო მოქმედება სახელმწიფოს კომპეტენციას წარმოადგენს.

23. როგორც უკვე აღინიშნა, პირველადი გამოკვლევის ინსტიტუტი ატარებს ბუნდოვან ხასიათს, ვინაიდან არც სადავო და არც კოდექსის რომელიმე სხვა ნორმა არ აზუსტებს, თუ კონკრეტულად რა პროცედურას გულისხმობს, რა ვადებში უნდა ჩატარდეს და რა ფარგლებს მოიცავს იგი. ამგვარი ბუნდოვანების პირობებში შესაძლებელია ბრალდების მხარემ პირველადი გამოკვლევის და ამოღებული ობიექტის შესწავლის შემდეგ იგი გადასცეს დაცვის მხარეს, რომელსაც ასევე ექნება ამ ობიექტის გამოკვლევისა და შესწავლის დრო და შესაძლებლობა. ამის საპირისპიროდ შესაძლოა შეიქმნას იმგვარი მოცემულობა, როდესაც ბრალდების მხარემ პირველადი გამოკვლევისათვის გადაცემული ობიექტის გამოკვლევა დროში გააჭიანუროს და არაგონივრულად დიდი ხნით შეაფერხოს მეორე მხარისათვის მისი გადაცემა ან საერთოდაც არ გადასცეს და ამან არ წარმოშვას ბრალდების მხარის უკანონო ქმედება, რამდენადაც საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმიდან ამგვარი ქმედების შესრულების ვალდებულება არ გამომდინარეობს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეს შეუძლია, მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება იმ ობიექტზე, რომელიც ინახება მეორე მხარესთან, თუ იგი ნებაყოფლობით ვერ მიიღებს ობიექტს, მას შეუძლია, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილით პირველადი გამოკვლევისათვის გადაცემულ ობიექტს ბრალდების მხარე ნებაყოფლობით არ გადასცემს დაცვის მხარეს, ამ უკანასკნელს შეუძლია, ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მოიპოვოს ეს ობიექტი. თუმცა შესაძლოა, არსებობდეს იმგვარი ობიექტი, რომელიც არ საჭიროებს ექსპერტიზას და დაცვის მხარეს უნდოდეს მისი შინაარსის გაცნობა. ბრალდების მხარისაგან მტკიცებულების გამოთხოვასთან დაკავშირებით დაცვის მხარე სასამართლოს ვერ მიმართავს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი შუამდგომლობათა დაყენებას უშვებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული პირდაპირაა გათვალისწინებული კოდექსით, ხოლო კოდექსი 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ბრალდების ხელთ არსებული მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას არ ითვალისწინებს. ამ კონტექსტში მას არ გააჩნია რაიმე საპროცესო უფლება სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის ან სხვა ფორმით მოიპოვის ბრალდების მხარესთან არსებული ობიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას სურს ექსპერტიზის ჩატარება. ამასთანავე, ბრალდების მხარისათვის პირველადი გამოკვლევისათვის გადაცემული ობიექტის დაცვის მხარის მიერ გაცნობის საფუძველი ვერ იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგანაც ეს რეგულაცია შეეხება მხოლოდ ისეთ ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ბრალდების მხარე მტკიცებულებად აპირებს სასამართლოში. ამ ობიექტის სასამართლოში წარდგენის ინტერესი ან მიზანი შესაძლოა საერთოდაც არ ჰქონდეს ბრალდების მხარეს, თუმცა მაინც არ გადასცემდეს მას დაცვის მხარეს. შესაბამისად, ამ პირობებში ბრალდებული მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე მექანიზმის გამოყენებით მოიპოვოს მისი შუამდგომლობით ამოღებული ობიექტი, რომლის გადაცემასაც ბრალდების მხარე არაგონივრულად აჭიანურებს ან არ გადასცემს კეთილი ნების საფუძველზე.

24. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს, თუ რას გულისხმობს პირველადი გამოკვლევა, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხისა და მოწმის განმარტებას, რომ ამ ტერმინში იგულისხმება მხოლოდ ობიექტის გარეგანი დათვალიერება და რომ შესაძლებელი არ არის მისი შინაარსის გაცნობა. ობიექტის გამოკვლევისათვის ბრალდების მხარეს შესაძლოა დასჭირდეს ექსპერტიზის ჩატარება ან სხვა რაიმე ღონისძიების განხორციელება. თუ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება, გონივრულ აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ამ ნივთიერების გამოკვლევა გულისხმობს მხოლოდ მის გარეგან დათვალიერებას, მისი ფერის, ფორმის ან სხვა გარეგანი მახასიათებლების აღწერას და მასში არ მოიაზრება შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება ნივთიერების რაობის დადგენის მიზნით.

25. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოღებულ ობიექტს პირველადი გამოკვლევის ფარგლებში უტარდება ექსპერტიზა, რიგ შემთხვევებში ობიექტის ხასიათიდან, თვისებებიდან, რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა წარმოიშვას ვითარება, რომ იგი ვარგისი იყოს მხოლოდ ერთჯერადი გამოკვლევისათვის (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას) და ობიექტურად შეუძლებელი გახდეს ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის დაცვის მხარისათვის გადაცემა. შესაბამისად, ეს უკანასკნელი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, საკუთარი შუამდგომლობით ამოღებულ ობიექტზე ჩაატაროს ექსპერტიზა ან სხვა რაიმე ღონისძიება ინფორმაციის მიღების ან მტკიცებულებად გამოყენების მიზნით და იგი დამოკიდებული ხდება მხოლოდ იმ ექსპერტიზის თუ გამოკვლევის შედეგებზე, რომელიც ჩაატარა მისმა მოწინააღმდეგე მხარემ. ამასთან არსებობს იმის ალბათობაც, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ არ გამოიყენოს ექსპერტიზის ან სხვაგვარი გამოკვლევის შედეგები და არც დაცვის მხარეს გადასცეს ის.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლოა შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც დაცვის მხარეს ფიზიკურად არ მიეცემა საშუალება, წინასასამართლო სხდომამდე თავად გამოიკვლიოს და საკუთარი პოზიციის დასაბუთების მიზნებისათვის შეაფასოს იგი, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარეს საკანონმდებლო რეგულირება არ ზღუდავს დროის თვალსაზრისით ან სხვა კრიტერიუმით, რომელიც უზრუნველყოფდა დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა სათანადო გამოკვლევას წინასასამართლო სხდომამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში, პროცესის შეჯიბრებითი მოდელის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია დამოუკიდებლად ჩაერიოს და ბრალდების მხარეს გარკვეული მოთხოვნები, ლიმიტი დაუწესოს პირველადი გამოკვლევის ინსტიტუტის საფუძველზე მიღებული მტკიცებულების დაცვის მხარისათვის დროულად გადაცემის თვალსაზრისით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს შემზღუდავ მექანიზმებს გამოლევადი ნივთიერებების ან ფიზიკურად განადგურებადი საგნების ბრალდების მხარის მიერ პირველადი გამოკვლევის მიმართ და არ არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული მტკიცებულება ნადგურდება ან გამოილევა პირველადი გამოკვლევის ფარგლებში და შეუძლებელი ხდება მისი შემდგომი გამოკვლევა დაცვის მხარის მიერ.

27. ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ დაცვის მხარეს არ ან ვერ მიეცემა მისი შუამდგომლობით ამოღებული ობიექტის გამოკვლევის, მისი შინაარსის გაცნობის, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა გზით ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. ამგვარი რისკი არ არსებობს ბრალდების მხარესთან მიმართებით და იგი, ყოველ ჯერზე, პრივილეგირებულადაა უფლებამოსილი, პირველმა გამოიკვლიოს დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოღებული ობიექტი. აქედან გამომდინარე, პროცესის მონაწილე მხარეები იმყოფებიან განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში, ბრალდების მხარეს გააჩნია უპირატესობა სრულყოფილად გამოიკვლიოს ობიექტი, მიიღოს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც განახორციელებს სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს და გამოიყენოს ეს ყოველივე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს არ გააჩნია ანალოგიური შესაძლებლობა და რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საერთოდ ვერ მოახერხოს ობიექტის გამოკვლევა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის შეზღუდვას იწვევს არა ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარე პირველი იკვლევს ობიექტს, არამედ ის, რომ არ არსებობს პირველადი გამოკვლევის პროცესზე შესაბამისი კონტროლის განხორციელების და იმ რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობა, რომლებზეც ზედა პარაგრაფებში იყო საუბარი. ხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 პუნქტი ზღუდავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს.

შეზღუდვის გამართლება

28. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მიუხედავად ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისათვის მისი სასიცოცხლო მნიშვნელობისა, არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). სისხლის სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიც, როგორც სამართლიანი სასამართლოს ზოგადი უფლების კომპონენტები, არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს და შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა შეზღუდვა არ უნდა ატარებდეს ბლანკეტურ და არათანაზომიერ ხასიათს.

29. საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, ნორმის კონსტიტუციურობა ფასდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

ლეგიტიმური მიზანი

30. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა და მოწმემ მიუთითეს, რომ სადავო ნორმა ემსახურება მტკიცებულებათა სამართალწარმოებაში გამოყენების შემთხვევაში მათი ავთენტიკურობისა და მტკიცებულებითი თვისებების უზრუნველყოფას. ამასთანავე, ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიების წარმოებას, სისხლის სამართლის პროცესისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებისა და ხელყოფისაგან დაცვას და, საბოლოო ჯამში, ადგენს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების გარანტიას. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ რეგულირება უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლს ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებზე, რაც ჩხრეკა-ამოღების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა ითვალისწინებდეს მესამე პირთა უფლებების შეზღუდვას.

31. მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები უდავოდ ემსახურება ღირებული საჯარო მიზნების მიღწევას. საგამოძიებო ორგანოთა მიერ ამა თუ იმ გზით ინფორმაციის მოპოვება ხელს უწყობს დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებას. ამასთანავე, სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ობიექტის შესწავლა, გამოკვლევა, მისი ავთენტიკურობისა და მტკიცებულებითი ხასიათის შენარჩუნება, ისევე როგორც განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანებისა თუ განადგურებისაგან დაცვა და შემდგომ მათი მტკიცებულებად გამოყენების უზრუნველყოფა, წარმოადგენს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობებს. რიგი საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა იწვევდეს ინტენსიური ხასიათის ჩარევას მესამე პირთა უფლებებსა და ინტერესებში, ზღუდავდეს მათ საკუთრებას, პირად ცხოვრებასა თუ სხვა მნიშვნელოვან უფლებრივ სფეროს. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებათა პროპორციულად განხორციელება, მესამე პირთა უფლებების დარღვევისაგან დაცვა ამ პროცესზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების გზით, იმგვარი ლეგიტიმური მიზანია, რომელიც მომდინარეობს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საჭიროებიდან. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შესაძლებელია, შეიზღუდოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

გამოსადეგობა

32. გარდა იმისა, რომ კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს, აუცილებელია, დაწესებული რეგულაცია წარმოადგენდეს დასახელებული მიზნების მიღწევის ვარგის საშუალებას. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებული ობიექტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს. ამ რეგულაციის პირობებში ბრალდების მხარეს შეუძლია, ამოღებული ობიექტი დაათვალიეროს, აღწეროს, ჩაატაროს შესაბამისი ექსპერტიზა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელოს სხვა საგამოძიებო ღონისძიებები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი პოზიციის გასამყარებელ მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში. რასაკვირველია, რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის და ინფორმაციის შესაგროვებლად, მით უფრო სწრაფი და ეფექტურია მისი მუშაობა, მით უფრო მარტივია მისი პოზიციის დასაბუთება და სასამართლო პროცესში მონაწილეობა. შესაბამისად, ამ კუთხით სადავო რეგულაცია ნამდვილად უზრუნველყოფს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნის მიღწევას.

33. რიგ შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს რისკი, რომ დაცვის მხარის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით მოხდება მისი შუამდგომლობით მოპოვებული ობიექტის დაზიანება ან განადგურება, ან შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და უნარის ნაკლებობის გამო დაცული არ იქნება ობიექტის შენახვის პირობები, რაც მომავალში გამოიწვევს მის მტკიცებულებად დაუშვებლობას. ჩხრეკისა და ამოღების შედეგად მოპოვებული ობიექტი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარის შუამდგომლობით მოხდა მისი მოპოვება, აპრიორი ვერ იქნება მიჩნეული ბრალდების ან დაცვის მხარის მტკიცებულებად. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის ამოღება მოხდა დაცვის მხარის ინიციატივით, იგი შეიძლება მიუთითებდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მომავალში დაცვის მხარის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარეს გააჩნია გარკვეული ინტერესი, რომ არ მოხდეს დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებული ობიექტის დაზიანება ან განადგურება, ეჭვქვეშ არ დადგეს მისი ავთენტიკურობა და არ მოხდეს დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა. აქედან გამომდინარე, ის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ამგვარ ობიექტს პირველად იკვლევს ბრალდების მხარე, ნამდვილად უზრუნველყოფს დასახელებული მიზნების მიღწევას, რამდენადაც ზემოხსენებული რისკების რეალიზებამდე აძლევს ბრალდების მხარეს უფლებას, გამოიკვლიოს ობიექტი და მიიღოს ინფორმაცია.

34. მოპასუხე მხარემ კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა ჩხრეკისა და ამოღების საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მესამე პირთა უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკის თავიდან აცილება და მიუთითა, რომ სწორედ ამგვარი შემთხვევების მინიმალიზაციის ინტერესი განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე კონტროლის აუცილებლობას. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ იმგვარ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია მესამე პირთა უფლების შეზღუდვასთან, დამოუკიდებლად ვერ ატარებს დაცვის მხარე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, მან უნდა მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება დამოუკიდებელი გამომძიებლის მიერ. შესაბამისად, ჩხრეკა-ამოღების შედეგად ობიექტის მოპოვებაზე სახელმწიფოს გააჩნია უშუალო კონტროლი და მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ არაა გამხდარი ამ ღონისძიების განხორციელების პროცესის კონსტიტუციურობა. სადავოდ გამხდარი ნორმა ეხება არა ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების განხორციელების წესს და განმახორციელებელ სუბიექტს, არამედ ამ მოქმედების შედეგად ამოღებული ობიექტის პირველადად გამოკვლევის უფლებას. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობას, როდესაც ჩხრეკა-ამოღების შედეგად უკვე მოპოვებულია ობიექტი ანუ აღარ არსებობს ამ მოქმედებათა შედეგად მესამე პირების უფლებაში არაპროპორციულად ჩარევის საფრთხე. აქედან გამომდინარე, ის საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც შეეხება მოპოვებული ობიექტის მხარეთა მიერ გამოკვლევას, ვერ გამოიწვევს მესამე პირთა უფლებების დარღვევას ან მათ არაპროპორციულ შეზღუდვას. ხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს მესამე პირთა უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვისაგან დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას და მისი შეფასება უნდა მოხდეს გამოძიების ყოველმხრივ და ეფექტურად წარმოების, მტკიცებულებათა სამართალწარმოებაში გამოყენების შემთხვევაში მათი ავთენტიკურობისა და მტკიცებულებითი თვისებების უზრუნველყოფის, მოპოვებული ობიექტის განადგურებისა თუ დაზიანებისაგან დაცვის კონტექსტში.

აუცილებლობა

35. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იმაზე უფრო ინტენსიურად ზღუდავს მის უფლებებს, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. დაცვისა და ბრალდების მხარეთა თანასწორობის კონტექსტში აუცილებელია მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი განისაზღვროს იმგვარად, რომ კანონმდებლობამ უზრუნველყოს დაცვის მხარის უფლებების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობა, სათანადოდ გამოიკვლიოს და, შესაბამისად, პოზიციის დასაბუთებისათვის გამოიყენოს მისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება. ამასთან, შეჯიბრებითი საპროცესო მოდელის ფარგლებში, სადაც სასამართლოს აქტიური ჩართულობა მინიმალიზებულია, დაცვის მხარისათვის მტკიცებულებათა მოპოვებისა და გამოყენების აუცილებელი გარანტიების საკანონმდებლო რეგლამენტაცია სასიცოცხლო ხასიათს ატარებს.

36. ზემოთ განხილული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელია უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებით. სადავო ნორმა იმპერატიულ დანაწესს ითვალისწინებს და ბრალდების მხარეს განუსაზღვრელ უფლებას ანიჭებს, პირველადად გამოიკვლიოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებები. ამასთან, კანონმდებლობა ექსპლიციტურად არ ითვალისწინებს აღნიშნული უფლების რეალიზების ხასიათის, კერძოდ, პირველადი გამოკვლევის ფარგლების და ვადის, კონტროლის მექანიზმებს. იგი ასევე არ ადგენს დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას ისეთ შემთხვევებში, თუ ბრალდების მხარე პირველადი გამოკვლევის მოტივით არაგონივრულად აჭიანურებს მოპოვებული საგნის გადაცემას ან საერთოდ არ გადასცემს მას. ამგვარ ვითარებაში აუცილებელია არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც დაცვის მხარეს შესაძლებლობა ექნება, წინასასამართლო სხდომამდე, გონივრულ ვადაში მიიღოს მისი შუამდგომლობით ამოღებული ობიექტი, გამოიკვლიოს იგი და შემდგომში გამოიყენოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. ამგვარი კონტროლის მექანიზმს შესაძლოა წარმოადგენდეს სასამართლო, რომელსაც დაცვის მხარე მიმართავს ამოღებული ობიექტის გადაცემის შუამდგომლობით, სასამართლოს კი ექნება შესაძლებლობა, შეამოწმოს, რამდენად გონივრულად იყენებს ბრალდების მხარე პირველადი გამოკვლევის უფლებას.

37. სადავო ნორმა ასევე პრობლემურია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამოღებული ობიექტი ვარგისია მხოლოდ ერთჯერადი გამოკვლევისათვის (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას). ასეთ პირობებში, პირველადი გამოკვლევის ფარგლებში ბრალდების მხარე უფლებამოსილია, ჩაატაროს ექსპერტიზა ან სხვა ღონისძიება, ხოლო დაცვის მხარეს ობიექტურად არ ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია იმ ობიექტიდან, რომელიც მისი შუამდგომლობით იქნა მოპოვებული და იძულებულია, დაეყრდნოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას. ექსპერტიზის დასკვნა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მტკიცებულებაა სასამართლო პროცესზე, რომლის მიმართაც არსებობს უფრო მეტი ნდობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოქმედებას ახორციელებს სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი. ამის გათვალისწინებით, თითოეულ მხარეს გააჩნია ამგვარი მტკიცებულების მოპოვების მომეტებული ინტერესი. ბრალდებისა და დაცვის მხარის ინტერესების გონივრულ დაბალანსებად ვერ ჩაითვლება იმგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც მხოლოდ ერთჯერადად გამოკვლევისათვის ვარგისი ობიექტის შესწავლის უფლებას ყოველ ჯერზე ანიჭებს მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას, გამოიკვლიოს მისი ინიციატივით ამოღებული ობიექტი. ასეთ პირობებში აშკარად ირღვევა მხარეთა შორის თანასწორობა და შეჯიბრებითობა, ბრალდების მხარე იმყოფება უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში და არ არსებობს რაიმე ტიპის მოწესრიგება, რომელიც მის ამგვარ უპირატესობას რაიმე ფორმით დააბალანსებდა.

38. შეჯიბრებითი საპროცესო მოდელის ფარგლებში მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესი მხარეთა პოზიციების ფორმირების და, შესაბამისად, სასამართლო პროცესის შედეგის საფუძველს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ასპექტების გაუთვალისწინებლობა და, შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში ბრალდების მხარის მოქმედებისათვის საკანონმდებლო შეზღუდვების არარსებობა სადავო ნორმით განსაზღვრულ ინსტიტუტს ძალზე ფართო, ბუნდოვან ხასიათს ანიჭებს და ტოვებს სივრცეს ნორმის იმგვარი გამოყენებისა, რომელიც არათუ პასუხობს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს, არამედ ეწინააღმდეგება მას. კანონმდებელს საშუალება აქვს, დაადგინოს სხვაგვარი, ნაკლებად მზღუდავი საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა დროულად მიღებას, მის მიერ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას ბრალდების მხარისაგან პირველადი გამოკვლევის ფარგლებში არსებული ობიექტის გამოთხოვის შესახებ. ამასთან, განადგურებად, გამოლევად მტკიცებულებებთან მიმართებით, შეთანხმებული, ერთობლივი გამოკვლევის შესაძლებლობით ან სხვა ფორმით, უზრუნველყოფილი იქნებოდა დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა სათანადოდ გამოკვლევის შესაძლებლობა.

39. გამოძიების ყოველმხრივ და ეფექტურად წარმოება, მტკიცებულებათა სამართალწარმოებაში გამოყენების შემთხვევაში მათი ავთენტიკურობისა და მტკიცებულებითი თვისებების უზრუნველყოფა, მოპოვებული ობიექტის განადგურებისა თუ დაზიანებისაგან დაცვა ანალოგიურად იქნება მიღწეული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების ნაკლებად შემზღუდველი და მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დამდგენი ზემოთ დასახელებული მექანიზმების არსებობის პირობებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული რეგულირება ბლანკეტურად, არათანაზომიერად არღვევს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით

40. მოსარჩელე ასევე ასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულების თანახმად, „არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“. ხსენებული დანაწესი მოიცავს ორ ასპექტს, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას და  კანონით განსაზღვრულ ახლობელთა წრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ვალდებულების არარსებობას. განსახილველ საქმეში სადავო ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელის არგუმენტაცია შეეხება მხოლოდ თვითინკრიმინაციის იძულებისაგან დაცვის პრივილეგიას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ ხსენებულ პრივილეგიაზე მსჯელობით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ხსენებული უფლების ფარგლების ამომწურავად განსაზღვრის საჭიროების წინაშე. არსებული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს დაცვის მხარის ინიციატივით მოპოვებულ მტკიცებულებაზე ბრალდების მხარის მიერ წვდომის განხორციელების ხსენებულ უფლებასთან შესაბამისობის საკითხი.

41. თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს, იცავს რა პირს საკუთარი თავის წინააღმდეგ მაინკრიმინირებელი ჩვენების რაიმე ფორმით მიცემის დავალდებულებისა და იძულებისაგან. ხსენებული უფლება მჭიდრო კავშირშია არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვა კომპონენტებთან, როგორებიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება, არამედ რიგ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებთან. თვითინკრიმინაციის იძულებისაგან დაცვა წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უმთავრესი პრინციპის გამოძახილს, რომლის თანახმადაც, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ობიექტი, მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ იგი თავად უნდა იყოს ის მიზანი, ორიენტირი, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკა ნებისმიერი მიმართულებით.

42. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონტექსტში ჩვენების მიცემა გულისხმობს ვერბალურ, წერილობით ან სხვა ნებისმიერი ფორმის ქმედებაში საკუთარი ნებელობითი ელემენტის რეალიზებას, გამოხატვას. ხოლო თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგია კრძალავს სწორედ პირის ნებაზე ზემოქმედებას, მისცეს ჩვენება რაიმე ფორმით, საკუთარი თავის წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება მისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით.

43. განსახილველ საქმეში სადავო ნორმით განსაზღვრულია წესი, რომლის შესაბამისადაც დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოღებული მტკიცებულებები პირველადი გამოკვლევის მიზნით გადაეცემა ბრალდების მხარეს. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი ნების გაუთვალისწინებლად ამოღებული მტკიცებულების ბრალდების მხარისათვის მიწოდება ზღუდავს თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიით მისთვის მინიჭებულ უფლებას.

44. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა მართლაც არ ითვალისწინებს დაცვის მხარის ნების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარისათვის ამოღებული ნივთის, საგნის, ნივთიერებისა და დოკუმენტის ავტომატური გადაცემის წესს. თუმცა აღნიშნული ვერ იქნება აღქმული ნებელობაზე ზემოქმედებად კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიზნებისათვის. სადავო რეგულირება ადგენს შედეგს, რომელიც მოჰყვება დაცვის მხარის მიერ მისი ნების თავისუფლების პირობებში სასამართლოს წინაშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუამდგომლობის წარდგენას. ნების თავისუფლებით განხორციელებული ქმედების შედეგის შესაძლო არასასურველობა ვერ იქნება კონსტიტუციის მითითებული ნორმის შემზღუდველი ფაქტორი.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სადავო ნორმის ძალადაკარგულობის გადავადება

46. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბრალდების მხარისათვის, რათა მან მოახდინოს ამოღებული ობიექტის პირველადი გამოკვლევა და ამ გზით უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების ყოველმხრივ და ეფექტურად წარმოება, მტკიცებულებათა სამართალწარმოებაში გამოყენების შემთხვევაში მათი ავთენტიკურობისა და მტკიცებულებითი თვისებების უზრუნველყოფა, მოპოვებული ობიექტის განადგურებისა თუ დაზიანებისაგან დაცვა. ამასთან, როგორც სასამართლომ ზემო პუნქტებში მიუთითა, სადავო ნორმის პრობლემურობას არა პირველადი გამოკვლევის ინსტიტუტი იწვევს, არამედ აღნიშნული პროცედურის განხორციელების ფარგლებში დაცვის მხარისათვის საკმარისი გარანტიების არარსებობა, რომ მას მოპოვებული მტკიცებულების სათანადო გამოკვლევის შესაძლებლობა მიეცეს. სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებით კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოქმნის იმგვარ ვითარებას, რომ ბრალდების მხარეს არ მიეწოდოს პროცესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2019 წლის 30 ივნისამდე, რათა მოპასუხეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წინამდებარე გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა და უზრუნველყოს დაცვის მხარის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

47. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილებით აღნიშნული სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს.

48. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამავე ნორმის მე-6 მუხლი კი მითითებული წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს, როდესაც „მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს ძალადაკარგული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, თუკი გადასაწყვეტი საკითხი ეხება კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

49. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესი და მის საფუძველზე განვითარებული პრაქტიკა უხეშად არღვევს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს.

50. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა შეაფასა სწორედ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპებთან მიმართებით და დაადგინა, რომ სადავო ნორმა დაცვის მხარის ხელმისაწვდომობის მიღმა ტოვებდა ციფრული სახით არსებულ მტკიცებულებებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, არაპროპორციულად ზღუდავდა დაცვის მხარის საპროცესო უფლებათა განხორციელებას და მას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა ბრალდების მხარესთან შედარებით. გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას.

51. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილებაში გარკვევით ჩამოაყალიბა საკუთარი მიდგომა კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში განთავსებული მტკიცებულებების ხასიათთან და მასთან დაკავშირებულ დაცვის მხარის საპროცესო უფლებებთან მიმართებით. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო არა მხოლოდ აღნიშნული ხასიათის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენის შეუძლებლობა და მისი მხოლოდ ბრალდებისთვის მინიჭება, არამედ ამ უფლების ეფექტური რეალიზების შეუძლებლობაც. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „გაურკვეველია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს დაცვის მხარისთვის სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენების და ამ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემთხვევაში გამამართლებელი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის ჩამორთმევა...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).

52. №809 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის სხვა რაიმე ნორმატიული შინაარსი, რომელიც, თავის მხრივ, რაიმენაირად შეზღუდავდა ბრალდებულის უფლებებს. მოსარჩელისათვის პრობლემატურია სწორედ ციფრული ხასიათის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის შეუძლებლობა და აღნიშნულის ბრალდების მხარის „კეთილ ნებაზე“ დამოკიდებულება. ამასთან, მოსარჩელე ნორმის კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის იდენტურ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით.

53. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 3 თებერვალს, ხოლო განსახილველ საქმეზე არსებითი სხდომა გაიმართა 10 თებერვალს, რა დროისთვისაც, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილება გამოქვეყნებული და, შესაბამისად, სადავო ნორმა ძალადაკარგულად იყო ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის არსებითი სხდომის მომენტისათვის სადავო აქტი ძალადაკარგულად იყო ცნობილი და მოსარჩელეც პრობლემურად მიიჩნევს სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უკვე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ინტერესი.

54. გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ნაწილში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №809 („საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №809 („საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით.

3. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №809 („საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

4. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2019 წლის 30 ივნისიდან.

5. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი