„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020030.10.003.021157
142
21/03/2019
ვებგვერდი, 29/03/2019
210020030.10.003.021157
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №142

2019 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, III ნაწილი, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 63. სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას; სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა

1. გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას.

2. სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. შეცვლილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის აღების საჭიროების შემთხვევაში, მისი აღების პროცედურა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ნაწილებს, რომლებიც სამშენებლო დოკუმენტით არ ყოფილა განსაზღვრული.

4. თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა. შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით.“.

3. 95-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 96-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის დაუშვებელია სხვა მოთხოვნების დაწესება, გარდა სანებართვო პირობებით განსაზღვრულისა.“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიიღება:

ა) განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწისნებული შენობა-ნაგებობებისა);

ბ) განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში:

ბ.ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის;

ბ.ბ) III კლასის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებისა და აგრეთვე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის  1500 მ2-ზე მეტი საანგარიშო ფართობისა და მიწის ზედაპირიდან 14 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობა-ნაგებობებისათვის;

გ) განცხადების წარდგენიდან  30 დღის ვადაში:

გ.ა) IV და V კლასების შენობა-ნაგებობებისათვის;

გ.ბ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე