სს „საქტრანსგაზმრეწვის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

სს „საქტრანსგაზმრეწვის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/4949-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/4949-19
15/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
სს „საქტრანსგაზმრეწვის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/ 4949 -1 9

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2019 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე


მოვალე – სს „საქტრანსგაზმრეწვი“

დირექტორი – შპს „რეაბილიტაცია“

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე

 

მოთხოვნა სს „საქტრანსგაზმრეწვის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გამოარკვია:

  2019 წლის 12 მარტს სს „საქტრანსგაზმრეწვის“ სახელით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა შპს „რეაბილიტაციამ“ (წარმომადგენელი ნინო მუმლაძე) და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა სს „საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „საქტრანსგაზმრეწვი“ (ს/ნ 204892189) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით კომპანია არ ფუნქციონირებს. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 თებერვლის №8099 წერილით, 2018 წლის 15 მარტის №18087 წერილით და 2019 წლის 1 მარტის წერილით ირკვევა, რომ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებული იქნა მოვალის საკუთრებაში არსებული მოძრავი და ერთი უძრავი ქონება, ხოლო ქონების ნაწილი ნატურით გადაეცა სახელმწიფოს. გარდა რეალიზებული ქონებისა სხვა ქონება არ არის მოძიებული და აღწერა-დაყადაღებული. 2017 წლიდან არ გონხორციელებულა სს „საქტრანსგაზმრეწვის“ ქონების რეალიზაცია.

სს „საქტრანსგაზმრეწვის“ საკუთრებაში უძრავი ქონება არ ირიცხება, კომპანია არ ფლობს ასევე წილს სხვა საწარმოში. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის MIA 7 19 00285205 წერილის თანახმად, სს „საქტრანსგაზმრეწვის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 24 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. მათგან 7 სატრანსპორტო საშუალება 2016 წელს იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებული იქნა, ხოლო დანარჩენი 17 არ იძებნება, შესაბამისად უცნობია მათი ნარჩენი ღირებულებაც, ამჟამად ზემოთაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა რაიმე ქონება კომპანიის საკუთრებაში არ არის.

სს „საქტრანსგაზმრეწვს“ უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანების სახით ერიცხება მხოლოდ საგადასახადო დავალიანება, მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და ყადაღით. უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს კომპანიის საკუთრებაში არსებული მთელი ქონება. უზრუნველყოფილი კრედიტორების დავალიანების ოდენობა შეადგენს 24 676 911.57 ლარს (1 723 448.2 ლარი (ძირითადი) + 1616.12 ლარი (ჯარიმა) + 22 954 941.78 ლარი (საურავი) – 3 093.55). სს „საქტრანსგაზმრეწვს“ ერიცხება ასევე არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის №21-11/8660 წერილის თანახმად სს „საქტრანსგაზმრეწვს“ მოქმედი საბანკო ანგარიშები გახსნილი აქვს შემდეგ ბანკებში: ა) სს „საქართველოს ბანკი“ (მის: თბილისი, სანაპიროს №2), ანგარიშის ნომერი: GE64BG0000000116262500, GEL (346530700), ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე ერიცხება 40.00 (ორმოცი) ლარი; ბ) სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (მის: თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №14), ანგარიშის ნომერი: GE43VT700000001, GEL ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.

განმცხადებლის მითითებით სს „საქტრანსგაზმრეწვი“ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და, ამასთანავე, მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

განსახილველ შემთხვევაში მართალია განმცხადებელი განმარტავს, რომ სს „საქტრანსგაზმრეწვი“ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა, მაგრამ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის MIA 7 19 00285205 წერილის თანახმად სს „საქტრანსგაზმრეწვის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 24 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ამასთან საქმის მასალებით და განმცხადებლის განმარტებით ირკვევა, რომ 2016 წელს იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებული იქნა მხოლოდ 7 სატრანსპორტო საშუალება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს „საქტრანსგაზმრეწვის“ განცხადება მიღებული უნდა იქნას სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით .

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განცხადება სს „საქტრანსგაზმრეწვის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლო წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2019 წლის 2 მაისს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზი №51 (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა. 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არაუგვიანეს 2019 წლის 26 მარტამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www. geo courts.ge ;

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6. ).

 

  მოსამართლე                                                                               გენადი მაკარიძე