შპს ,,ინტერსტანდარტ - თბილისის" მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

შპს ,,ინტერსტანდარტ - თბილისის" მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/4074-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 19/03/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/4074-19
19/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
შპს ,,ინტერსტანდარტ - თბილისის" მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/4074 -19

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2019 წლი 19 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სოსო ღურწკაია

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს ,,ინტერსტანდარტ - თბილისი“

წარმომადგენელი - ირაკლი გაფრინდაშვილი

მოთხოვნა - შპს ,,ინტერსტანდარტ - თბილისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება)

 

სასამართლომ გამოარკვია:

 

2019 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ წარმომადგენელმა ირაკლი გაფრინდაშვილმა და მოითხოვა შპს ,,ინტერსტანდარტ - თბილისის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის განჩინებით შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, განმცხადებელს დაევალა: 1) წარმოედგინა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია მოვალის მოქმედი საბანკო ანგარიშების, ასევე მასზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობის შესახებ; 2) წარმოედგინა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოვალის სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების) შესახებ; 3) წარმოედგინა შპს „ჯეო კონსტრაქშენში“ მოვალის კუთვნილი წილის ღირებულების თაობაზე მტკიცებულება.

2019 წლის 14 მარტს, შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, რომელსაც თან დაურთო შესაბამისი მტკიცებულებები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.

ასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ წარმომადგენლის ირაკლი გაფრინდაშვილის განცხადება შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის" (საიდენტიფიკაციო კოდი №205196688) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

6. შეჩერდეს შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ მიმართ იძულებითი აღსრულება;

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 02 მაისს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 46 სხდომათა დარბაზში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, 6);

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, 6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                           სოსო ღურწკაია