საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 22/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
22/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
110060010.70.082.016002
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/04/2019 - 13/01/2020)

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №2

2019 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 21-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიშალვა თადუმაძე



საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.

2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილებები

საბჭოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსში, პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში ცვლილების თაობაზე წინადადებების შემუშავება და რეკომენდაციის გაცემა და შემფასებელთა შესაბამისობის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა;

ბ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის (გარდა ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი გამონაკლისებისა), წახალისებისა და დაწინაურების საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა;

გ) ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული დროებითი სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

მუხლი 3. საბჭოს შექმნის წესი და შემადგენლობა

1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე – გენერალური პროკურორი.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი, საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციის,  ადამიანური  რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსები.

მუხლი 4. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭოს სხდომებს იწვევს და  წარმართავს, სხდომის ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია,  საბჭოს სხდომაზე მოითხოვოს დღის წესრიგში ცვლილების შეტანა.

2. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ ან/და საბჭოს წევრთა 1/4 მოთხოვნით, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით.

3. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საპროკურორო საბჭოს პროკურორ წევრთა ნახევარზე მეტი.

4. პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს გადაწყვეტილება  მიიღება სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს პროკურორ წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი და საბჭოს სხვა წევრები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აღნიშნული ფიქსირდება ოქმში და წარედგინება გენერალურ პროკურორს.

5. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა,  ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს სამდივნო და ხელს აწერენ კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს წევრები.

6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, სათანადო დასაბუთებით არ დაეთანხმოს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციას.

მუხლი 5. საბჭოს კომპეტენციის ფარგლები

1. საბჭო უფლებამოსილია, განიხილოს:

ა) პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილის, აგრეთვე პროკურატურის იმ თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გარდა, რომლებიც საპროკურორო საბჭოს წევრებად არჩეული არიან საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით;

ბ) პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერის მართვასთან დაკავშირებული საკითხები;

გ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარების, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და პროკურატურის შემდგომი განვითარებისათვის.

2. პროკურატურის თანამშრომელი, რომლის წახალისების, დაწინაურების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის  საკითხი განიხილება, უფლებამოსილია დაესწროს საბჭოს სხდომას ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით.

3. საბჭოს სხდომაზე დამსწრე  წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომას შესაძლოა დაესწროს პროკურატურის სხვა თანამშრომელი.

4. შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით.

მუხლი 6. დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვა

1. დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვა იწყება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე შედგენილი დასკვნის გაცნობით.

2. პროკურატურის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, უფლებამოსილია მოისმინოს გენერალური ინსპექციის დასკვნა,  ახსნა-განმარტებით წარსდგეს საბჭოს წინაშე და გამოთქვას აზრი დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

3. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

4. საბჭო კენჭს უყრის გადაწყვეტილებას დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ან დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ ან თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენების ნაცვლად გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის თაობაზე.

მუხლი 7. წახალისების საკითხის განხილვა

1. პროკურატურის თანამშრომლის წახალისებისას საბჭოს, პროკურატურის წასახალისებელი თანამშრომლის კანდიდატურას შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს პროკურატურის ორგანოს ან გენერალური პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, შეფასების სისტემის ფარგლებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით.

2. საბჭო ეცნობა წარდგინებას, მსჯელობს კანდიდატის შესახებ და კენჭს უყრის გადაწყვეტილებას პროკურატურის თანამშრომლის წახალისების ან წახალისებაზე უარის თქმის თაობაზე.

მუხლი 8. დაწინაურების საკითხის განხილვა           

1. პროკურატურის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობაზე პროკურატურის თანამშრომლის დაწინაურებისას, საბჭო მსჯელობს ყველა იმ კანდიდატის შესახებ, რომლებმაც გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოიტანეს განაცხადი გამოცხადებულ კონკურსზე და  წარადგინეს შესაბამისი დასაბუთებული სამოტივაციო წერილი.

2. საბჭო ეცნობა განაცხადს, უსმენს კანდიდატს, მსჯელობს კანდიდატის შესახებ და კენჭს უყრის გადაწყვეტილებას პროკურატურის თანამშრომლის დაწინაურების ან დაწინაურებაზე უარის თქმის თაობაზე.

მუხლი 9. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა

1. საბჭო ეცნობა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტლებაზე წარდგენილ საჩივარს.

2. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილნი არიან ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით დაესწრონ  საბჭოს სხდომას.

3. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

4. საბჭო იღებს  გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებისა და საპრეტენზიო საბჭოს  გადაწყვეტილების შეცვლის ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

მუხლი 10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და მისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველო.