ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 44973/09
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 20/12/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
44973/09
20/12/2018
ვებგვერდი, 18/04/2019
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 

მეხუთე სექციის  გადაწყვეტილება

საქმე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი № 44973/09)

2018 წლის 20 დეკემბერი

სტრასბურგი

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას

საქმეზე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა, შემდეგი შემადგენლობით:

ანდრე პოტოკი, თავმჯდომარე,

მარტინშ მიტსი,

ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,

და მილან ბლაშკო, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

2018 წლის 27 ნოემბერს გამართული დახურული თათბირის შემდეგ გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქის ქ-ნი რუსიკო მაისურაძის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის („კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 27 ივლისს სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№ 44973/09) საქართველოს წინააღმდეგ.

2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. აბაზაძე, ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე და ქ-ნი თ. დეკანოსიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტები, ასევე ბ-ნი ფ. ლიჩი და ქ- ნი ჯ. ევანსი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან (EHRAC), დაარსებული თბილისსა და ლონდონში, შესაბამისად. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდნენ სახელმწიფო წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროდან, ყველაზე ბოლოს ბ-ნი ლ. მესხორაძე.

3. 2009 წლის 7 დეკემბერს მთავრობას ეცნობა საჩივრის შესახებ.

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

4. მომჩივანი დაიბადა 1955 წელს და ცხოვრობს რუსთავში.

A. ზოგადი ინფორმაცია

5. 2007 წლის 6 მაისს მკვლელობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

6. 2007 წლის 24 მაისს ჩატარდა ამოცნობის პროცედურა. დანაშაულის თვითმხილველმა მომჩივნის ვაჟი  გ. ტ. ამოიცნო როგორც დამნაშავე. ეს უკანასკნელი დააკავეს და მოათავსეს თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

7. 2008 წლის 18 თებერვალს გ. ტ. დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ათი წლის ვადით.

8. 2008 წლის 23 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზემოაღნიშნული მსჯავრდება და სასჯელი სრულად.

9. 2009 წლის 28 იანვარს გ. ტ.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

B. მომჩივნის მკურნალობა ციხეში

10. 2007 წლის 24 მაისიდან 2008 წლის 7 ივლისამდე პერიოდში გ. ტ. პატიმრობაში იმყოფებოდა თბილისის №5 და გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში გ. ტ.-ს სამედიცინო ჩივილები არ ჰქონია, აღნიშნულთან დაკავშირებით, არც მომჩივანს წარმოუდგენია განსხვავებული მოსაზრება.

11. 2008 წლის 7 ივლისს გ. ტ. მოათავსეს რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

12. 2008 წლის 1-ლ დეკემბერს გ. ტ.-მ დაიჩივლა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის გასინჯა მორიგე ექიმმა, რომელმაც ივარაუდა ტუბერკულოზის არსებობა.

13. 2008 წლის 8 დეკემბერს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში გ.ტ.-ს აუღეს ნახველის ანალიზი.

14. 2008 წლის 17 დეკემბერს ნახველის ანალიზის შედეგმა აჩვენა ტუბერკულოზის ბაქტერიის არსებობა, მომჩივანს ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტებზე გაუკეთდა მგრძნობელობის ტესტი („მგრძნობელობის პირველი ტესტი“). იმავე დღეს, რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმმა გ. ტ.-ს დაუსვა ტუბერკულოზის დიაგნოზი და გასცა სპეციალურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის რეკომენდაცია.

15. 2008 წლის 21 დეკემბერს გ. ტ. მოთავსებულ იქნა რუსთავის№2 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში და ჩაერთო DOTS (მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობით, მოკლე კურსი) პროგრამაში, რომელიც წარმოადგენს ტუბერკულოზის აღმოჩენისა და მკურნალობის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ სტრატეგიას. მან მგრძნობელობის პირველი ტესტის პასუხის მოლოდინში, დაიწყო ტუბერკულოზის სამკურნალო სტანდარტული, პირველი რიგის მედიკამენტების მიღება. აღნიშნული პროგრამა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებდა 2008 წლის 21 დეკემბრიდან 2009 წლის 29 იანვრამდე პერიოდში.

16. 2009 წლის 21 იანვარს ექიმმა გ. ტ.-ს სამედიცინო ისტორიაში აღნიშნა, რომ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩებოდა მძიმე და რეკომენდაცია გასცა სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ.

17. 2009 წლის 29 იანვარს გ. ტ. მოთავსებულ იქნა ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში. იმ დღეს გაკეთებული სამედიცინო ჩანაწერი მიუთითებს, რომ მისი ტუბერკულოზი არის „მულტირეზისტენტული“ და მის ზოგად მდგომარეობას აღწერს როგორც „მძიმეს“. გ. ტ.-მ განაგრძო მკურნალობა DOTS პროგრამით.

18. 2009 წლის 24 თებერვალს მგრძნობელობის პირველი ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ გ. ტ. რეზისტენტული იყო ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების მიმართ. შესაბამისად, ჩატარდა მგრძნობელობის მეორე ტესტი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო მეორე რიგის მედიკამენტებზე („მგრძნობელობის მეორე ტესტი“).

19. 2009 წლის 26 თებერვალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გ. ტ. გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში. მისი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდის სამედიცინო ჩანაწერები აჩვენებს, რომ მას ჰქონდა კახექსია და 2009 წლის მარტის დასაწყისიდან ის ჩიოდა, რომ არ შეეძლო სიარული. იგი განაგრძობდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი რიგის პრეპარატების მიღებას მგრძნობელობის მეორე ტესტის შედეგების მიღებამდე.

20. 2009 წლის 10 აპრილს ციხის საავადმყოფომ მიიღო მგრძნობელობის მეორე ტესტის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ დაავადება რეაგირებდა მეორე რიგის მედიკამენტებიდან ყველაზე, გარდა ერთისა.

21. 2009 წლის 24 აპრილს გადაწყდა, რომ გ. ტ. უნდა ჩართულიყო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის DOTS+ პროგრამაში.

22. 2009 წლის 4 მაისს გ. ტ.-მ დაიწყო დანიშნული მკურნალობა.

23. 2009 წლის 19 მაისს გ. ტ. გარდაიცვალა ფილტვის მასიური ჰემორაგიით.

C. გ. ტ.-ს გარდაცვალების გამოძიება

24. 2009 წლის 19 მაისს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო წინასწარი გამოძიება განზრახ მკვლელობაზე. იმავე დღეს, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გ. ტ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, რომელმაც დაადასტურა, რომ ის გარდაიცვალა ფილტვების მასიური ჰემორაგიით, დაავადების ფატალური გართულებით.

25. საგამოძიებო ორგანოებმა დაკითხეს რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი ექიმი, ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულების ექიმი და ციხის საავადმყოფოს ექიმი. მათ განაცხადეს, რომ გ. ტ.-ს მკურნალობა DOTS პროგრამის მიხედვით ადეკვატური იყო.

26. 2009 წლის 13 ოქტომბერს საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა უარი თქვა მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მან აღნიშნა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, რადგან გ. ტ. გარდაიცვალა ტუბერკულოზის ბუნებრივი გართულებების შედეგად. მომჩივანმა გაასაჩივრა აღნიშნული უარი.

27. 2009 წლის 19 ნოემბერს მთავარი პროკურატურის პროკურორმა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიების ჩატარებას ზედამხედველობდა, მომჩივნის საჩივარი გამომძიებლის მიერ მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ „სათანადო რეაგირებისთვის“ გადასცა ამავე დეპარტამენტის უფროსს.

28. 2010 წლის 22 თებერვალს მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

29. პროკურორის მიერ ხელმოწერილი დაუთარიღებელი დოკუმენტით გამომძიებელს დაევალა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექსპერტების დაკითხვა და გ.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობების მოპოვება.

30. 2010 წლის 5 თებერვალს დაიკითხა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ორი ექსპერტი. მათ დაადასტურეს, რომ გ. ტ.-ს მკურნალობა DOTS პროგრამის მიხედვით ადეკვატური იყო. რაც შეეხება მის ჩართვას DOTS+ პროგრამაში, ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ქსნის დაწესებულებაში 2009 წლის თებერვალში, ხოლო ციხის საავადმყოფოში აპრილში გახდა შესაძლებელი.

31. დაუზუსტებელ დღეს, გამომძიებელმა გ. ტ.-ს სამედიცინო ისტორია შესაფასებლად გაუგზავნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. 2010 წლის 21 მაისის დასკვნაში მოცემული იყო, რომ ფილტვის მასიური ჰემორაგია ტუბერკულოზის შესაძლო ლეტალური გართულება იყო. ასევე აღნიშნული იყო, რომ გ. ტ.-ს ჩართვა DOTS-ის და შემდგომში DOTS+ პროგრამაში, შეესაბამებოდა ტუბერკულოზის მკურნალობის ეროვნულ სტანდარტებს.

32. 2010 წლის 4 ივნისს, წინასწარი გამოძიება შეწყდა დანაშაულის არარსებობის საფუძველზე. დასკვნის გაკეთებისას გამომძიებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო და განმარტა, რომ გ. ტ. გარდაიცვალა ტუბერკულოზის ბუნებრივი გართულების შედეგად, ასევე, ის დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ჩატარებული მკურნალობა ადეკვატური იყო.

33. 2010 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მომჩივნის საჩივარი და დაადგინა, რომ გ.ტ.-ს დის დაკითხვის მიზნით გამოძიება უნდა განახლებულიყო. მისი და სავარაუდოდ შეხვდა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმს გ. ტ.-სთვის ოფიციალური დიაგნოზის დასმამდე და მისი ძმისთვის გადასცა ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც გაცემული იყო ხელმოუწერელი და დაუთარიღებელი რეცეპტის საფუძველზე. აღნიშნული ექიმის იდენტიფიცირება ან დაკითხვა არ მომხდარა.

34. დაუზუსტებელ დღეს გამოძიება განახლდა. 2010 წლის 15 ოქტომბერს გამოძიება ისევ დაიხურა გ. ტ.-ს დის დაკითხვისა და ხელმოუწერელი და დაუთარიღებელი რეცეპტის ექპერტიზის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას, ნამდვილად იყო თუ არა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების რომელიმე ექიმი ამ დოკუმენტის ავტორი. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზის მიერ ხელნაწერის შემოწმების შედეგად მსგავსება ციხის არცერთი ექიმის ხელნაწერთან არ დადგინდა, გამომძიებელმა დაასკვნა, რომ გ. ტ.-ს დის ბრალდებები აშკარად დაუსაბუთებული იყო.

II. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტები

35. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც ეხება განსახილველ დროს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზის პრობლემას, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობას საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელოებს, სასამართლოს მიერ შეჯამებულია საქმეში Makharadze and Sikharulidze v. Georgia (no. 35254/07, §§ 44-48, 2011 წლის 22 ნოემბერი).

36. განსახილველ პერიოდში ციხის მართვაზე, მათ შორის, პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, პასუხისმგებელი იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (იხილეთ სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანება №60, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, 2009 წლის 24 თებერვალი). სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და საგამოძიებო დეპარტამენტი ექვემდებარებოდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროს (იხილეთ ბრძანება №60, მითითებული ზემოთ, და სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანება №152 საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, 2009 წლის 16 აპრილი).

სამართალი

I. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

37. მომჩივანი აცხადებდა, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ შეძლო მისი შვილის ჯანმრთელობის, ფიზიკური კეთილდღეობისა და სიცოცხლის დაცვა პატიმრობის პერიოდში, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს. მან ასევე განაცხადა, რომ მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება არც ადეკვატური იყო და არც ეფექტური.

38. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებული საჩივრები განხილული უნდა იქნას კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში, რომლის შესაბამისი ნაწილი იკითხება შემდეგნაირად:

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ...“

39. მთავრობამ გააპროტესტა ეს არგუმენტი.

A. მისაღებობა

1. მხარეთა არგუმენტები

40. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი მიუღებელი იყო იმ საფუძვლით, რომ არ იყო ამოწურული შიდასამართლებრივი საშუალებები, რადგან მომჩივანს შესაბამისი უწყებებისთვის არ მიუმართავს მისი ვაჟიშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის თხოვნით.

41. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მან არაერთხელ მოითხოვა გ. ტ.-ს სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა და აღნიშნული გადაყვანა ცალსახად იყო რეკომენდირებული რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმის მიერ.

2. სასამართლოს შეფასება

42. სასამართლომ შენიშნა, რომ მომჩივნის საჩივრის არსი ეხებოდა მისი შვილის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის ადეკვატურობის ნაკლებობას, მის შემდგომ გარდაცვალებას ციხის საავადმყოფოში და შემდგომ სისხლისსამართლის გამოძიებას. შესაბამისად, გ.ტ.-ს სავარაუდოდ დაგვიანებული გადაყვანა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, წარმოადგენდა მომჩივნის საჩივრის მხოლოდ ერთ ასპექტს. უფრო მეტიც, გ. ტ.-მ მისი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით 2008 წლის 1-ლ დეკემბერს აცნობა ციხის უფლებამოსილ პირებს და 2008 წლის 17 დეკემბერს ციხის ექიმმა ცალსახად გასცა რეკომენდაცია მის სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 14 ზემოთ). ამრიგად, ციხის შესაბამის პირებს ადეკვატურად ეცნობათ გ.ტ.-ს ჯანმრთელობის პრობლემების და მისი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უარყოფს მთავრობის პროტესტს შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით.

44. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. ასევე, საჩივარი არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

B. საქმის არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

45. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი ვაჟი ტუბერკულოზით ციხეში დაავადდა, რომ არ მოხდა მისი დროული გადაყვანა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, და მისთვის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა და DOTS+ პროგრამაში ჩართვა მოხდა დაგვიანებით. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მისი შვილის გარდაცვალების გამოძიება ჩატარდა სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს მიერ და მას აკლდა ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. გამოძიება არც ყოვლისმომცველი ყოფილა, რადგან ის არასწორად შემოიფარგლა მხოლოდ განზრახ მკვლელობის ფაქტის არსებობის დადგენით და არა სამედიცინო გულგრილობისა და გადაცდომის და გ. ტ.-ს DOTS+ პროგრამაში დაგვიანებული ჩართვის ფაქტით.

46. მთავრობამ განაცხადა, რომ არც გ. ტ.-ს და არც მომჩივანს გ. ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2008 წლის 1-ლ დეკემბრამდე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. არც საქმის მასალებში არსებობს რაიმე მინიშნება გ. ტ.-ს ციხეში ყოფნის დროს ტუბერკულოზით დაინფიცირების შესახებ. რაც შეეხება გ. ტ.-ს სპეციალიზებულ დაწესებულებაში სავარაუდო დაგვიანებით გადაყვანას, მთავრობა დაეყრდნო გ.ტ.-ს გარდაცვალების შემდეგ მოპოვებულ სამედიცინო მოსაზრებებს, რომელთა თანახმად, გ. ტ.- ს 2008 წლის 21 დეკემბერს DOTS-ის პროგრამაში ჩართვის შემდეგ, არ არსებობდა მისი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა მიუხედავად 2008 წლის 17 დეკემბერს გაცემული რეკომენდაციისა. მთავრობამ დამატებით აღნიშნა, რომ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა, მგრძნობელობის მეორე ტესტის ჩატარება და გ. ტ.-ს ჩართვა DOTS+ პროგრამაში, საჭიროებდა დროს და არ ყოფილა დაგვიანებული.

47. რაც შეეხება გ. ტ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებას, მთავრობამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო დროულად და იყო ყოვლისმომცველი იმ თვალსაზრისით, რომ გამომძიებელმა განახორციელა არაერთი საგამოძიებო ღონისძიება. გამოძიების ფარგლები არ იყო არაჯეროვნად შეზღუდული და დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით, პროცესს ზედამხედველობას უწევდა მთავარი პროკურატურის პროკურორი.

2. სასამართლოს შეფასება

48. ჯანმრთელობის პრობლემის შედეგად პატიმრის გარდაცვალების კონტექსტში სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულების შესრულებასა და გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Makharadze and Sikharulidze v. Georgia საქართველოს წინააღმდეგ (no. 35254/07, §§ 71-73, 2011 წლის 22 ნოემბერი), Tsintsabadze v. Georgia ( no 35403/06, §§ 71-76, 2011 წლის 15 თებერვალი), და Karsakova v. Russia (no. 1157/10, §§ 46-49 და 54-55, 2014 წლის 27 ნოემბერი).

49. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის შვილი გარდაიცვალა ციხეში მულტირეზისტენტული ფილტვის ტუბერკულოზით. იმის დასადგენად, შეასრულა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის დაცვის ვალდებულება, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გააკეთეს თუ არა ეროვნულმა ორგანოებმა ყველაფერი, რაც გონივრულად იყო შესაძლებელი, კეთილსინდისიერად და დროულად, ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად (იხილეთ Makharadze and Sikharulidze, მითითებული ზემოთ, § 74, და Ibragimov v. Russia [კომიტეტი], no. 26586/08, § 36, 2017 წლის 28 ნოემბერი). სასამართლო დამატებით შეაფასებს, საკმარისი იყო თუ არა მოპასუხე სახელმწიფოს განმარტება მომჩივნის ციხეში გარდაცვალების მიზეზთან დაკავშრებით (იხილეთ Tsintsabadze, მითითებული ზემოთ, § 95).

(a) მიიღო თუ არა სახელმწიფომ ყველა გონივრული ზომა ციხეში მომჩივნის შვილის ეფექტური მკურნალობისათვის

50. რაც შეეხება ციხეში გ.ტ.- ს ტუბერკულოზით შესაძლო დაინფიცირების საკითხს, არც გ. ტ.-ს და არც მომჩივანს არ უცდიათ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყება შესაძლო დაიფინცირების შედეგად მიყენებული ზიანის გამო. სასამართლომ ადრე შეისწავლა მსგავსი შემთხვევა და დაადგინა, რომ ზიანზე სამოქალაქო სარჩელის შეტანა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის ყველაზე ქმედით საშუალებას (იხილეთ Goloshvili v. Georgia, no. 45566/08, § 32, 2012 წლის 20 ნოემბერი, და Ildani v. Georgia, no. 65391/09, § 28, 2013 წლის 23 აპრილი, სხვა მითითებებთან ერთად). თუმცა, ამ საკითხთან მიმართებით მთავრობის მხრიდან პროტესტის არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით მიიჩნიოს საჩივარი მიუღებლად შიდასახელმწიფოებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოუწურაობის გამო (იხილეთ International Bank for Commerce and Development AD and Others v. Bulgaria, no. 7031/05, § 131, 2016 წლის 2 ივნისი, სხვა მითითებებთან ერთად, და Alimov v. Turkey, no.14344/13, § 57, 2016 წლის 6 სექტემბერი). ამის საპირისპიროდ, მომჩივნის ციხეში ყოფნის დროს ტუბერკულოზით შესაძლო დაინფიცირებასთან დაკავშირებით საჩივრის არარსებობა, სასამართლოს უზღუდავს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საფუძვლიანი ეჭვის მიღმა.

51. ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე საჩივრის ძირითადი არსი მდგომარეობს დიაგნოზის დასმის შემდეგ გ. ტ.-ს მკურნალობის ადეკვატურობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფილტვის ტუბერკულოზის და კერძოდ, მისი მულტირეზისტენტული ფორმის მკურნალობა, განსახილველ პერიოდში საქართველოს ციხეებში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა (იხილეთ Makharadze and Sikharulidze, მითითებული ზემოთ, §§ 47 და 65-66). მხოლოდ 2009 წლის თებერვალსა და აპრილში (ქსნის დაწესებულებაში და ციხის საავადმყოფოში, შესაბამისად) გახდა შესაძლებელი ციხის სექტორში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა და ექიმებსა და ექთნებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები ამ მიმართულებით (იხილეთ ibid., §§ 65-66).

52. ამ ფონზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ტ.-ს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაესვა 2008 წლის 17 დეკემბერს. რის შედეგადაც, გაკეთდა მგრძნობელობის ტესტი პირველი რიგის მედიკამენტებზე. პირველი რიგის მედიკამენტებზე მგრძნობელობის ტესტის პასუხების მიღებამდე, 2008 წლის 21 დეკემბერს, მაშინ, როდესაც DOTS პროგრამა ამოქმედდა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სამედიცინო პერსონალმა დაიწყო მკურნალობა პირველი რიგის მედიკამენტების გამოყენებით. თუმცა, მკურნალობას არ მოჰყოლია დადებითი შედეგი და გ. ტ. 2009 წლის 29 იანვარს გადაყვანილი იქნა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებაში წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაცია მიუთითებდა გ. ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე, არ განუხილავთ მკურნალობის სტრატეგიის შეცვლის საკითხი და არც მგრძნობელობის მეორე ტესტის ჩატარება მეორე რიგის მედიკამენტებზე. დროული რეაგირება არ მომხდარა არც მას შემდეგ, რაც 2009 წლის 24 თებერვალს მგრძნობელობის ტესტმა დაადასტურა გ. ტ.-ს რეზისტენტულობა სტანდარტული მკურნალობის მიმართ. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მგრძნობელობის მეორე ტესტის გაკეთება. პასუხების მოლოდინში გ. ტ. აგრძელებდა პირველი რიგის მედიკამენტების მიღებას, რომელთა არაეფექტურობა დადგენილი იყო.

53. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ 2009 წლის 10 აპრილს მგრძნობელობის მეორე ტესტის შედეგების მიღების მიუხედავად, რომლის თანახმადაც, დაავადება რეაგირებდა მეორე რიგის ყველა მედიკამენტზე გარდა ერთისა (იხილეთ პარაგრაფი 20 ზემოთ), მკურნალობა DOTS+ პროგრამის შესაბამისად 2009 წლის 4 მაისამდე არ დაწყებულა (იხილეთ პარაგრაფები 21-22 ზემოთ), გ. ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გ. ტ.-ს დაესვა ტუბერკულოზის დიაგნოზი 2008 წლის 17 დეკემბერს, მას არ მიუღია დაავადების შესაბამისი ეფექტური მკურნალობა დაახლოებით ოთხი თვისა და ორი კვირის განმავლობაში. ასეთი ხანგრძლივი დაგვიანება, რომელსაც დაემატა დაავადების სწრაფი გამწვავება, არ შეიძლება გამართლდეს მგრძნობელობის ტესტის შედეგების დაგვიანებული მიღებით, რადგან ის შეიძლებოდა გაცემულიყო უფრო ადრეც. ციხის სამედიცინო პერსონალისთვის არაფერს შეუშლია ხელი მგრძნობელობის მეორე ტესტის გაკეთებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, გ. ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც აღნიშნული იყო ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ გ. ტ.-ს სამედიცინო ისტორიაში2009 წლის იანვარს (იხილეთ პარაგრაფები 16-17 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის შვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოკლებული იყო ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას. ეს ვერ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ ამგვარი მკურნალობის არარსებობა გახდა მისი მდგომარეობის შეუქცევადი ცვლილების მიზეზი და გამოიწვია მისი გარდაცვალება (იხილეთ Ibragimov, მითითებული ზემოთ, §§ 39-40).

54. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გ. ტ.-ს სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება.

(b) შეასრულა თუ არა სახელმწიფომ ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის ვალდებულება

55. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის შვილი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში, დაწესებულებაში, რომელიც ექვემდებარება სასჯელაღსრულების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველობას. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მთავარი მიმართულება, რომელიც დაკვირვებულ და მიუკერძოებელ ანალიზს საჭიროებდა, იყო იმის განსაზღვრა, გახდა თუ არა ციხეში მიღებული არასათანადო მკურნალობა გ. ტ.-ს გარდაცვალების მიზეზი და როგორ იმოქმედა ციხის სამედიცინო პერსონალმა ამ მიმართულებით. თუმცა გამოძიება დაიწყო შესაძლო განზრახ მკვლელობაზე, უფრო მაღალი მტკიცებულებითი ბარიერის მქონე დანაშაულზე. ამან შესაძლოა არაჯეროვნად შეზღუდა გამოძიების ფარგლები და პოტენციურად ზეგავლენა მოახდინა გამოძიების შესაძლებლობაზე, მოეხდინა სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება.

56. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დროულად დაიწყო და საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ექსპერტიზისა და მოწმეთა მტკიცებულებები (იხილეთ პარაგრაფები 24-31 ზემოთ), გამოძიების მთავარი მიმართულება შეზღუდული იყო მხოლოდ გ. ტ.-ს გარდაცვალების უშუალო მიზეზისა და ზოგადად, მისი მკურნალობის ადეკვატურობის დადგენით. საგამოძიებო ორგანოებს არ უცდიათ იმის დადგენა, იყო თუ არა შესაძლებელი ტუბერკულოზის რეზისტენტულობის განჭვრეტა და მგრძნობელობის მეორე ტესტის უფრო ადრე ჩატარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გ. ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად მუდმივად და სწრაფად უარესდებოდა, როგორც მიუთითებს შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერები ან იყო თუ არა შესაძლებელი, მკურნალობის სტრატეგიის შეცვლა სტანდარტული მკურნალობის არაეფექტურობის დადგენისთანავე. გამოძიებას არ შეუსწავლია მიზეზები, რამაც გამოიწვია ციხის სამედიცინო პერსონალის მიერ მგრძნობელობის მეორე ტესტის შედეგების მიღების შემდეგ DOTS+ პროგრამის შესაბამისად მკურნალობის დაწყების ოცდაოთხი დღით დაგვიანება.

57. რაც შეეხება, გამოძიების დამოუკიდებლობას, პროკურატურის მხრიდან გარკვეული ხარისხით ჩართულობის მიუხედავად (იხილეთ პარაგრაფები 27 და 29 ზემოთ), ყველა ძირითადი საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ, და შესაბამისი დასკვნები დაადასტურა პროკურორმა. ამ უკანასკნელს არ გადაუდგამს დამოუკიდებელი ნაბიჯები, გარდა იმისა, რომ მითითება მისცა გამომძიებლებს ექსპერტების დაკითხვისა და გ. ტ.-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩანაწერების მიღებაზე (იხილეთ პარაგრაფი 29 ზემოთ). არ არსებობდა მინიშნება იმაზე, რომ პროკურორი მზად იყო სიღრმისეულად შეესწავლა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ინციდენტთან დაკავშირებით მომზადებული ახსნა-განმარტებები. ამ ფონზე, ინსტიტუციური კავშირი გამოძიებაზე უფლებამოსილ პირებსა და ინციდენტში ჩართულ პირებს შორის (იხილეთ პარაგრაფი 36 ზემოთ) ბადებს ეჭვს ჩატარებული გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით (იხილეთ Tsintsabadze, მითითებული ზემოთ, §§ 76 და 78, სხვა მითითებებთან ერთად; Đurđević v. Croatia, no. 52442/09,

§§ 88-90, ECHR 2011 (ამონარიდები); და Kummer v. the Czech Republic, no. 32133/11, § 83 და 85-86, 2013 წლის 25 ივლისი).

58. ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ მომჩივნის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 მუხლს პროცედურულ ნაწილში.

II. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა

59. მომჩივანი დავობდა, რომ ამოცნობის პროცესში, 2007 წლის 24 მაისს მისი ვაჟისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ადვოკატი. ის დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ:

„1. სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყოველი ადამიანი აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით... სასამართლოს მიერ ...

3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ...

(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები; ...”

60. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. კერძოდ, გ. ტ. გარდაიცვალა სასამართლოში საჩივრის შეტანამდე, საჩივრის მკაფიოდ პერსონალური ხასიათი არ იძლეოდა მისი გადაცემის შესაძლებლობას მომჩივნისთვის, რომელიც არ წარმოადგენდა მკვლელობასთან დაკავშირებული ეროვნული სისხლისსამართლებრივი საქმის მხარეს.

61. სასამართლომ შეიმუშავა სხვადასხვა კრიტერიუმი, რათა განისაზღვროს, შესაძლებელია თუ არა მომჩივანი მიჩნეულ იქნეს დაზარალებულის სტატუსის მქონედ „უშუალო“ დაზარალებული გარდაცვალების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველი მომჩივანი გარდაიცვლება სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ, როგორც წესი, უახლოეს ნათესავს შეუძლია საჩივრის გაგრძელება, თუ მას აქვს საკმარისი ინტერესი (იხილეთ Malhous v. the Czech Republic (გადაწყვეტილება), no. 33071/96, ECHR 2000- XII).

62. თუმცა ვითარება განსხვავდება, როდესაც უშუალო დაზარალებული გარდაიცვლება სასამართლოში საჩივრის შეტანამდე. ასეთ შემთხვევებისთვის, „დაზარალებულის“ ცნების ავტონომიური განმარტებისთვის, სასამართლო მზად არის ნათესავი ცნოს დაზარალებულად, იმ შემთხვევებში, როდესაც საჩივრებმა წამოჭრეს ზოგადი ინტერესის მქონე საკითხი „ადამიანის უფლებების პატივისცემის“ კუთხით (კონვენციის 37-ე მუხლის § 1 გათვალისწინებით) და როდესაც მომჩივნებს, როგორც მემკვიდრეებს, ჰქონდათ საჩივრის განხილვის გაგრძელების ლეგიტიმური ინტერესი ან მომჩივნის უფლებებზე პირდაპირ ზეგავლენის საფუძველზე (იხილეთ Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [დიდი პალატა], no. 47848/08, § 98, ECHR 2014). მე-5, მე-6 ან მე-8 მუხლებთან დაკავშირებული საქმეების შემთხვევაში, სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ახლო ნათესავებს, როდესაც მათ გამოხატეს მორალური ინტერესი, გაექარწყლებინათ გარდაცვლილ დაზარალებულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ბრალეულობა ან დაეცვათ მათი და ოჯახის რეპუტაცია ან აჩვენეს ინტერესი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულმა უშუალო ზეგავლენა იქონია მათ მატერიალურ უფლებებზე. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული ზოგადი ინტერესის არსებობა, რომელიც საჭიროებდა საჩივრის განხილვის გაგრძელებას. ეროვნულ წარმოებაში მომჩივნის მონაწილეობა რამდენიმე შესაბამისი კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთი-ერთია (იხილეთ Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, მითითებულია ზემოთ, § 100).

63. მოცემული საქმის გარემოებების მიხედვით, გ. ტ. გარდაიცვალა 2009 წლის 19 მაისს და დედამისმა წინამდებარე საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 27 ივლისს, გ. ტ.-ს გარდაცვალებიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ეროვნული სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება გ. ტ.-ს წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა 2009 წლის 28 იანვარს და ამოცნობის პროცედურა (იხილეთ პარაგრაფები 5-9 ზემოთ) ეხებოდა პირადად გ. ტ.-ს და მომჩივანი ამ სამართალწარმოების მონაწილე მხარე არ ყოფილა რაიმე ფორმით. ასევე, მომჩივანს არ განუცხადებია, რომ მასზე პირადად რაიმე ზეგავლენა მოახდინა სავარაუდო დარღვევამ. ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზოგადი ინტერესი, რომელიც საჭიროს ხდის წინამდებარე პრეტენზიის განხილვას.

64. შედეგად, მომჩივანს არ აქვს კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი სტატუსი. შესაბამისად, საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს, როგორც კონვენციის დებულებებისთვის ratione personae შეუსაბამო, 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

III. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა

65. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები მე-2 მუხლთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე. ის დაეყრდნო კონვენციის მე-13 მუხლს.

66. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული საჩივარი დაკავშირებულია ზემოთ განხილულ საჩივართან და შესაბამისად, მის მსგავსად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

67. კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევის გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 55-58 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის იმის შესწავლა, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-13 მუხლი წინამდებარე საქმეში.

IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

68. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასმართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

A. ზიანი

69. მომჩივანმა მოითხოვა 50,000 ევრო მორალური ზიანისთვის.

70. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა გადაჭარბებული იყო.

71. სასამართლოს, სამართლიან საწყისებზე გაკეთებული შეფასებით, გონივრულად მიაჩნია მომჩივნისთვის 15,000 ევროს მიკუთვნება, რასაც დაემატება ყველა ის გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს ამ თანხას.

B. ხარჯები

72. მომჩივანმა მოითხოვა 3,252 ევრო წარმომადგენლობის 65.05 საათის ხარჯების ასანაზღაურებლად, საათში 50 ევრო. ამ მოთხოვნის გასამყარებლად მომჩივანმა წარმოადგინა დროის განრიგი, სადაც დეტალურად იყო ასახული წარმომადგენლის მიერ მოცემულ საქმეზე დახარჯული საათების რაოდენობა. მომჩივანმა ასევე მოითხოვა საფოსტო მომსახურებების 115 ევროს, თარჯიმნის მომსახურებების 261 ევროსა და ექსპერტთა მომსახურების 575 ევროს ანაზღაურება.

73. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი ხარჯები გადაჭარებებული იყო. ამასთანავე, მთავრობამ განაცხადა, რომ თარჯიმნისა და ექსპერტთა მომსახურების ხარჯები არ იყო რელევანტური სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შედეგისათვის.

74. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მან გადაიხადა ან სამართლებრივად ვალდებული იყო გადაეხადა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯები, ან რომ მან გაიღო მოთხოვნილი ხარჯები. ამგვარი დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ შეუძლია წინა პარაგრაფებში აღნიშნული საკითხების შეფასება. შესაბამისად, ის ადგენს, რომ არ არსებობს საფუძველი, რომელიც ადასტურებს, რომ მომჩივანმა რეალურად გაწია მოთხოვნილი ხარჯები (იხილეთ Merabishvili v. Georgia [დიდი პალატა], no. 72508/13, §§ 370-373, 2017 წლის 28 ნოემბერი).

75. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი.

C. საურავი

76. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად,

1. აცხადებს მისაღებად კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების საფუძველზე წარგდენილ საჩივარს, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს აცხადებს მიუღებლად;

2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის როგორც არსებითი, ასევე პროცედურული ნაწილები;

3. ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვის აუცილებლობა;

4. ადგენს

(a) რომ, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია მომჩივანს სამი თვის ვადაში გადაუხადოს 15,000 ევრო (თხუთმეტი ათასი ევრო) მორალური ზიანისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით;

(b) რომ ზემოთ ხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, ზემოაღნიშნულ თანხებს საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

5. უარყოფს, მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2018 წლის 20 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77- ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

  სექციის განმწესრიგებლის  მოადგილე                                      მილან ბლაშკო 

  თავმჯდომარე                                                                              ანდრე პოტოკი