საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.016886
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
59
03/07/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
140070000.22.034.016886
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/07/2019 - 13/01/2020)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №59

2019 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და  „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის  სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 21 აგვისტოს №24 ბრძანება.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია



დანართი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის  სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 1
1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში (შემდგომ − სააგენტო)  დასაქმებული  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა, საჯარო მოსამსახურთა,  მათ შორის გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირთა, სამოქალაქო პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირთა (შემდგომში – მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.

2. ამ ბრძანებით განსაზღვრული სოციალური გარანტიების გარდა, მოსამსახურის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ამ ბრძანებით განსაზღვრული სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრი)  ან სამსახურის უფროსს, მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, უფლება აქვთ მოსამსახურეს დაუწესოს კომპენსაციები, ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების ღონისძიებები, სხვა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.

მუხლი 2
1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო, აგრეთვე, წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის. აგრეთვე, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო, სხვა დანამატები და კომპენსაციები, ასევე, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე ფორმის ტანსაცმელი და სასურსათო ულუფა.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის, საჯარო მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების – სამუშაო დღეების მიხედვით.

3. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

5. სასწავლო შვებულების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები.

მუხლი 3
1. მოსამსახურეს ფორმის ტანსაცმლითა და ატრიბუტიკით უზრუნველყოფს სამსახური, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. მოსამსახურის სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

3. სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მოსამსახურეებს, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით შეიძლება დაუწესდეთ საქვაბე, მშრალი ან/და საბარათე კვებით უზრუნველყოფის სისტემა.

4. მოსამსახურის სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები და კვების ორგანიზების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

5. ქვეყნის შიგნით მივლინების გაფორმებისას იმ მოსამსახურეს, რომლის მივლინების პერიოდში კვებითი უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურის მიერ, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები არ აუნაზღაურდება.

6. სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების (ძაღლი, ცხენი) სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების მოვლა-შენახვას საკუთარ სახლში, ეძლევა ყოველთვიური კომპენსაცია, რომლის ოდენობასაც, ცხოველის შენახვისათვის საჭირო სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4
1. მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, რაც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სამსახურისათვის/სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

2. კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელ პერიოდში მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს) უნარჩუნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ახორციელებს მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი) სამედიცინო უზრუნველყოფას კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10000 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. მოსამსახურის სამედიცინო უზრუნველყოფა შესაძლებელია 10000 ლარზე მეტი ოდენობით მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოსამსახურისათვის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო დახმარების საკითხების შემსწავლელი კომისია.

 

მუხლი 5
1. მეხანძრე-მაშველს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით (შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით), საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვიური კომპენსაციის სახით შეიძლება მიეცეს არაუმეტეს:

ა) ქ. თბილისში

 

 

ოჯახის გარეშე

-

370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

180 ლარი

ბ) სხვა ქალაქებში

 

 

ოჯახის გარეშე

-

240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

120 ლარი

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:

 

 

ოჯახის გარეშე

-

160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

80

2. კომპენსაცია გაიცემა ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე, გამქირავებლის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.

3. თუ მეხანძრე-მაშველისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სამსახური, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სამსახურსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

4. სამსახურის მეხანძრე-მაშველს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება. მეხანძრე-მაშველს, რომელსაც გადაცემული აქვს სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, როგორც მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია მასზე მოიპოვოს საკუთრების უფლება სამსახურის მიმართვისა და სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6
მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ლიმიტებით (საჭიროების შემთხვევაში ბარათებით) უზრუნველყოფს სამსახური/სააგენტო სამსახურის/სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.  
მუხლი 7
1. მოსამსახურეს აქვს პროფესიული განათლების მიღების, სპეციალურ სასწავლებლებში შესვლის, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურსა და მოსამსახურეს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე ის მოსამსახურე, რომლის ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს, სასწავლებლად შესაძლებელია მივლინებულ იქნეს სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მუხლი 8
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისას მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში ეძლევა სამმაგი ოდენობით.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც ეძლევა ფულადი სარგო სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია/კომპენსაცია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.

 

მუხლი 9
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული მატერიალური ზიანი სამსახურის მეხანძრე-მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ან/და ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს სამსახური.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით   ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

4. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (სამსახური) ანაზღაურებს.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს), სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

7. სამსახურისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. გარდაცვლილ მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული ფულადი სარგო, დანამატი, კომპენსაცია და ფულადი ჯილდო არ ექვემდებარება დაბრუნებას.   

10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას. თუ სამსახური ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს დასაქმებას, უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა, მას ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 10
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა სამსახურის მოსამსახურეებისათვის ხორციელდება სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო სააგენტოს მოსამსახურეებისათვის – სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.