საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4906-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019532
4906-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
200000000.05.001.019532
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო

ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.“.

2. მე-4 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. საგადასახადო დავალიანება – გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.“;

ბ) 46-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე−50-ე ნაწილები:

„47. იმპორტი − საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

48. დროებით შემოტანა − საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა.

49. საბაჟო სანქცია − საქართველოს საბაჟო კოდექსით საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.

50. ექსპორტი − საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის  ექსპორტის პროცედურაში მოქცევა.“.

4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. საერთაშორისო კომპანია

1. საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც  საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს.

2. პირს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

3. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ სტატუსის მინიჭების თარიღიდან.

4. საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

5. დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნისათვის საერთაშორისო კომპანიის მიერ არარეზიდენტისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ადგილად არ მიიჩნევა საქართველო.

6. დაქირავებულისათვის ხელფასის გაცემისას საერთაშორისო კომპანიას არა აქვს საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება.

7. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად უცხო ქვეყნის იმ მოქალაქის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ უცხო ქვეყნის რეზიდენტი არ არის და არის საქართველოს რეზიდენტი, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.

8. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

9. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება.

10. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი.

11. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით.

12. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს გადასახდელი მოგების გადასახადი ამ ხარჯის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით.

13. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება. 

14. საგადასახადო ორგანოსთვის დაქირავებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

15. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესს ადგენს, აგრეთვე საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

5. 242 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის აღნიშნული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის პროცედურაში მოქცევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმლისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება;“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი:

„მუხლი 263. ფარმაცევტული საწარმო

1. ფარმაცევტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქციას და ახორციელებს მის მიწოდებას.

2. პირს ფარმაცევტული საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

3. პირისათვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

7. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.“.

8. 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა;“.

9. 47-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. წინასწარი გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებას.“.

10. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები;“.

11. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. იმპორტის გადასახდელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

12. 57-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოითხოვოს გარდაცვლილი პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნება ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლა;“;

ბ) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვისა:

ა) ვალდებულია გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა ასახოს მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

ბ) უფლებამოსილია დაადგინოს პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების ჩატარებით;

გ) უფლებამოსილია გარდაცვლილი პირის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადასახადის დარიცხვა განახორციელოს:

გ.ა) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას;

გ.ბ) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის ფარგლებში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას;

დ) ვალდებულია ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრუნოს ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მემკვიდრის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სანქციები (მათ შორის, საბაჟო სანქცია) არ გამოიყენება.“.

13. 62-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე იმპორტის გადასახდელი გადაიხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად იმპორტის გადასახადის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.“.

14. 63-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.“;

გ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაბრუნების შემთხვევებს, წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

15. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.“.

16. 65-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.“.

17. 67-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.“.

18. 73-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.“.

19. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 97-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.“.

21. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

22. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, აგრეთვე ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებით ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი;“.

23. 101-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21−24 ნაწილები:

„21. დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით:

ავტომობილის ძრავის მოცულობა

საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (ლარში)

1

3500 სმ3-ზე მეტი

300

2

2500 სმ3−3500 სმ3

200

3

2500 სმ3-ზე ნაკლები

100

4

 

ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში − ნებისმიერი ძრავის მოცულობა

60

 22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე და მას საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი) იხდის (გარდა ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

23. დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტროძრავიანი ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

24. დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

24. 104-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 

25. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

26. 130-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

27. 151-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი.“.

28. 162-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქონლის იმპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ექცევა.“.

29. 163-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქონლის ექსპორტი ან რეექსპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ ხდება ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში დეკლარირება ან მისი რეექსპორტი.“.

30. 164-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 164. საქონლის დროებით შემოტანა, საქონლის დროებით შემოტანის თანხა და დრო

საქონლის დროებით შემოტანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსით. საქონლის დროებით შემოტანის დროს:

ა) საქონლის დროებით შემოტანის თანხა  დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმპორტის თანხის ტოლია;

ბ) საქონლის დროებით შემოტანა განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი დროებით შემოტანის პროცედურაში ექცევა.“.

31. 168-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა;

ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი;“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექსპორტის პროცედურაში, რეექსპორტში, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:

გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;

გ.ბ) აეროსანავიგაციო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;

გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;

გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;“;

ბ.ბ) „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ​1) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე ამ საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;

გ​2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“;

ბ.გ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული პროცედურის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ა“, „ც.ბ“, „ც.დ“ და „ც.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავების ოპერაციების განხორციელება (მომსახურებების გაწევა) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი);“;

ბ.დ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901 და 4903 00 000 00 კოდებში აღნიშნული საქონლის (წიგნის), აგრეთვე ელექტრონული წიგნის მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე ამ საქონლის რეალიზაციისა და ბეჭდვის მომსახურებების გაწევა;“;

ბ.ე) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ამ ქვეპუნქტის მიზნისათვის ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

32. 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირმა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განახორციელოს საქონლის დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს;“.

33. 174-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:

ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);

ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩათვლის დოკუმენტებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);“;

ბ) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.

34. 176-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო საწყობში პირისაგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ექცევა.“;

ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის − პირი, რომელიც საქონელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში აქცევს.“.

35. 186-ე და 187-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 186. აქციზური საქონლის იმპორტი და იმპორტის დრო

1. აქციზური საქონლის იმპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

2. აქციზური საქონლის იმპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ექცევა.

მუხლი 187. აქციზური საქონლის ექსპორტი და ექსპორტის დრო

1. აქციზური საქონლის ექსპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა.

2. აქციზური საქონლის ექსპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი ექსპორტის პროცედურაში ექცევა.“.

36. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით.“.

37. 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონელი;“.

38. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული აქციზური საქონლის იმპორტი;“.

39. 197-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.“.

40. 198-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის ოდენობით.“.

41. 199-ე მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული საქონელი იმავე კოდექსით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

42. 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი:

„ა.ვ) დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი;“.

43. X კარი ამოღებულ იქნეს.

44. 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ პირს ელექტრონულად ეგზავნება.“.

45. 246-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 246. გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი

1. პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.

2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ  დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას,  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“.

46. 249-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“.

47. 250-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარანტის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“.

48. 251-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

49. 254-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის მიზნებისათვის სადავო საგადასახადო დავალიანება არის პირის მიმართ დარიცხული გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა, რომელიც აღიარებული არ არის და ამ კოდექსით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული.“.

50. 266-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

51. 269-ე მუხლის:

ა) 61 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) 71 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

52. 270-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“.

53. 271-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“;

ბ) 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.“;

ე) მე-10 და მე-11 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

54. 272-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გაფორმებისას დადგენილ ვადაში გადაუხდელი იმპორტის გადასახდელის ან საქონლის დროებით შემოტანის თანხის გამოვლენის შემთხვევაში საურავის დაკისრება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.“.

55. 279-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

56. 284-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

57. 2883 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 288​3. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება, ტრანსპორტირება 

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება, ტრანსპორტირება −

იწვევს მწარმოებლის დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.“.

58. 289-ე და 290-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

59. 309-ე მუხლის:

ა) მე-10 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-11 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-19–22-ე ნაწილები ამოღებულ იქნეს;

დ) 82-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3, მე-5, მე-8−მე-16, მე-18, 22-ე, 23-ე და 28-ე−30-ე ნაწილებისა, 31-ე ნაწილის „ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებისა და 32-ე, 34-ე−44-ე და 46-ე−59-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3, მე-5, მე-8−მე-16, მე-18, 22-ე, 23-ე და 28-ე−30-ე ნაწილები, 31-ე ნაწილის „ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები, 32-ე და 34-ე−მე-40 ნაწილები, 41-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 42-ე−44-ე და 46-ე−59-ე ნაწილები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 41-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის 31-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4906-IIს