დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021347 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/07/2019 - 13/09/2019)
|
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017699) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (შემდგომში − ასს) აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა რეგლამენტით განსაზღვრული თხევადი და ნაკუმში აირის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის/მძღოლებისათვის, მონტაჟისა და მომსახურების განმახორციელებელი სერვისის საწარმოებისთვის (შემდგომში − სერვისის საწარმო), აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებისათვის, შეკუმშული და გათხევადებული საწვავაირსავსები სადგურებისათვის.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აირბალონიანი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის შეკუმშული ან გათხევადებული საწვავი აირით უზრუნველსაყოფად და შედგება აირბალონ(ებ)ისა და საწვავაირმარეგულირებელი სისტემისაგან.“; ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ავტოსატრანსპორტო საშუალების აირის საწვავის აირმარეგულირებელი სისტემა − აირმარეგულირებელი აღჭურვილობა (კვანძები და აირსადენები), რომლის დანიშნულებაა დოზირებული აირის საწვავის მიწოდება აირბალონიდან ასს-ის ძრავამდე და რომელიც აირბალონთან ერთად ქმნის ავტოსატრანსპორტო საშუალების აირბალონიან მოწყობილობას.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეკუმშული ბუნებრივი აირი (საერთაშორისო აბრევიატურა − „CNG“) − საწვავი ნახშირწყალბადების (ძირითადად მეთანი – СH4) ნარევი, რომელიც ასს-ში ძრავის საწვავად გამოიყენება.“; დ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. გათხევადებული ნავთობის აირი (საერთაშორისო აბრევიატურა − „LPG“) − მსუბუქი ნახშირწყალბადების (პროპან-ბუთანი) ნარევი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის საწვავად გამოიყენება.“; ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აირბალონი – ჰერმეტული ჭურჭელი, რომელსაც აქვს ხრახნიანი ყელი ჩამკეტი არმატურის დასაყენებლად და განკუთვნილია შეკუმშული ან გათხევადებული საწვავი აირით შესავსებად.“. 3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) 200 ბარი ან მეტი წნევის წარმომქმნელი ჰაერის კომპრესორი. ასევე ინსპექტირების ორგანოს შესაძლებელია, ჰქონდეს წნევაზე მომუშავე ჭურჭელი (წნევის შემნახველი რეზერვუარი) აირბალონების პნევმატური გამოცდისათვის.“. 4. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დასაშვებია მხოლოდ იმ აირბალონების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია შეკუმშულ საწვავ აირზე სამუშაოდ 200 ბარი მუშა წნევით (ჰიდრავლიკური საგამოცდო წნევა – 300 ბარი) ან თხევად საწვავ აირზე სამუშაოდ 16 ბარი მუშა წნევით (ჰიდრავლიკური საგამოცდო წნევა − 25 ბარი).“. 5. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეკუმშული ბუნებრივი აირის აირბალონებისა და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა ინსპექტორმა უნდა ჩაატაროს „CNG“ აირბალონისა და აირის სისტემების ინსპექტირება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აირბალონების პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება შემდეგი პერიოდულობით: ა) შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული ინსპექტირება – სამ წელიწადში ერთხელ; ბ) შეკუმშული ბუნებრივი აირისათვის განკუთვნილი ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული ინსპექტირება – ხუთ წელიწადში ერთხელ; გ) გათხევადებული ნავთობის აირის ბალონის ინსპექტირება − 5 წელიწადში ერთხელ.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შეკუმშული ბუნებრივი და გათხევადებული ნავთობის აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ.“. 6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაოები 1. შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობები და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის შესაბამისობის შეფასების სამუშაოები: 1.1. ინსპექტირების ორგანო პირველ რიგში ამოწმებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 − მე-13 მუხლებთან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობას. 1.2. შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებსა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და გამოცდა ჰერმეტულობაზე ხორციელდება შეკუმშული ჰაერით 200 ბარი წნევით. 1.3. შესაბამისობის შესაფასებლად საჭიროა: ა) დაიკეტოს შემშვები მაგისტრალური სარქველი და ბალონის სახარჯო ვენტილი; ბ) მომზადდეს სამუშაოდ შეკუმშული ჰაერის მიწოდების პოსტი; გ) მოიხსნას შემშვები მოწყობილობის მილყელიდან სახშობის ხუფი; დ) შეკუმშული ჰაერის ან/და ინერტული აირის ან/და ბუნებრივი აირის დრეკადი მილი მიუერთდეს გასამართ მოწყობილობას, ხოლო ჰაერის, ინერტული აირისა და ბუნებრივი აირის შენობის გარეთ გამშვები დრეკადი მილი − შესაბამის ვენტილს. 2. შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის შემოწმება ჰერმეტულობაზე: 2.1. შეკუმშული ჰაერი მიეწოდება წნევით 10 ბარი და პენიტრანტული (გასაპნვის) მეთოდით ან/და გაჟონვის ელექტრონული მაძიებლით მოწმდება მიმწოდებელი დრეკადი მილის შეერთების ჰერმეტულობა გასამართი მოწყობილობის მილყელთან. თუ ჰერმეტულობა დარღვეულია, უნდა გაიხსნას მართვის პულტზე შეკუმშული ჰაერის გაშვების ვენტილი და წნევის ნულამდე შემცირების შემდეგ უნდა იქნეს აღმოფხვრილი არაჰერმეტულობის მიზეზი. არაჰერმეტულობის აღმოფხვრის შემდეგ პროცედურა უნდა ჩატარდეს განმეორებით. 2.2. პერიფერიული დანადგარები და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელი უნდა შეივსოს შეკუმშული ჰაერით 10 ბარი წნევით. წნევის სიდიდის კონტროლი ხორციელდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების მართვის პულტის მანომეტრის მეშვეობით. 2.3. პენიტრანტული (გასაპნვის) მეთოდით ან/და გაჟონვის ელექტრონული მაძიებლით მოწმდება შემვსები ვენტილის, სახარჯო ვენტილის, აირსადენის შეერთებების, მაღალი წნევის მანომეტრის გადამყვანისა (თუ ასეთი არსებობს) და სხვა შენაერთების ჰერმეტულობა. 2.4. მძღოლის სალონში არსებულ პანელზე ხდება გადამრთველის დაფიქსირება მდგომარეობაზე − „აირი“ და მიმდევრობით ხორციელდება ყველა აგრეგატისა და გაზსადენის შენაერთების შემოწმება ჰერმეტულობაზე. 2.5. ყველა აგრეგატისა და შეერთებების გარანტირებული ჰერმეტულობის მიღწევის შემდეგ ხდება სისტემაში წნევის დაწევა ნულამდე. 2.6. იკეტება შემვსები ვენტილი, მაგისტრალური სარქველი და სახარჯო ვენტილი. 2.7. გადამრთველი დგება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზო საწვავის რეჟიმში. 2.8. მოწმდება ბენზინის სისტემის ელექტრომაგნიტური სარქველის ჰერმეტულობა და მუშა მდგომარეობა. 3. შეკუმშული ბუნებრივი აირის მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა: 3.1. პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის 10 ბარ წნევაზე ჰერმეტულობის მიღწევის შემდეგ ხდება მოწყობილობებსა და კვანძებთან არსებული აირსადენების დაწნეხვა შემდეგი თანმიმდევრობით: 25; 49; 98 და 196 ბარი ჰაერის წნევით. 3.2. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა შენაერთების არაჰერმეტულობა ნებისმიერი ზემოაღნიშნული წნევით საფეხურზე დაწნეხვის დროს, ინსპექტირების ორგანოს მიერ უნდა მოხდეს დაწნეხვის პროცედურის შეწყვეტა და დაიწიოს წნევა ნულამდე, მოხდეს შენაერთების დაშლა, რემონტი და ჩატარდეს ხელახალი გამოცდა. 3.3. თუ აირბალონიანი სისტემის კონსტრუქცია და მწარმოებლის დოკუმენტაცია მოითხოვს შესაბამისობის შეფასების განსხვავებულ პროცედურას, მაშინ ინსპექტირების ორგანომ უნდა დანერგოს და განახორციელოს შესაბამისობის შეფასება შესაბამისი დოკუმენტური პროცედურით. 4. გათხევადებულ ნავთობის აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის შესაბამისობის შეფასების სამუშაოები: 4.1. ინსპექტირების ორგანო პირველ რიგში ამოწმებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 − მე-13 მუხლებთან შესაბამისობას. 4.2. გათხევადებულ ნავთობის აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და ჰერმეტულობაზე გამოცდა ტარდება შეკუმშული ჰაერით 16 ბარი წნევით. 4.3. შესაბამისობის შესაფასებლად საჭიროა: ა) მოხდეს გარეგანი დათვალიერება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მილსადენებისა და დრეკადი მილების შეერთებებს; ბ) შემოწმდეს შემავსებელი, გამცემი და მაგისტრალური ვენტილები გახსნასა და ჩაკეტვაზე. ბალონში (ბალონებში) არ უნდა იყოს წნევა; გ) დაიკეტოს აირბალონის სახარჯი ვენტილი და მაგისტრალური აირის სარქველი; დ) მოიხსნას გასამართი მოწყობილობის მილყელიდან დამცავის ხუფი და შეუერთდეს ნაკუმში ჰაერის ან ინერტული აირის მიმწოდებელი დრეკადი მილი. 5. გათხევადებულ ნავთობის აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და ჰერმეტულობაზე შემოწმება: 5.1. პოსტის მართვის პულტიდან ხდება ნაკუმში ჰაერის ან ინერტული აირის მიწოდება წნევით 16 ბარი. შეკუმშული ჰაერის მიმწოდებელი დრეკადი მილის გასამართ მოწყობილობასთან შეერთების ადგილისა და მაგისტრალის შემავსებელ სარქველამდე მონაკვეთის ჰერმეტულობა მოწმდება პენიტრანტული (საპნის ქაფით) ან/და გაჟონვის ელექტრონული მაძიებლით. არაჰერმეტულობის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება წნევის დაგდება ნულოვან მაჩვენებლამდე. ხორციელდება არაჰერმეტულობის მიზეზის აღმოფხვრა და მეორდება გამოცდა. 5.2. იხსნება შევსების ვენტილი და აირბალონი (ბალონები) შეკუმშული ჰაერით ივსება 16 ბარ წნევამდე, რაც კონტროლდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების პოსტზე არსებული მანომეტრით. 5.3. გამოცდის დროს, თუ 16 ბარ წნევაზე ნაკლებ ნიშნულზე გაიხსნება აირბალონის ან არმატურის ბლოკის დამცავი სარქველი, ის უნდა შეიცვალოს ახლით და ჩატარდეს განმეორებითი გამოცდა. 5.4. ბალონში (ბალონებში) 16 ბარი წნევის მიღწევისას ხდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების შეწყვეტა. იკეტება შევსების ვენტილი და 2-3 წთ-ის შემდეგ იწყება აირბალონიანი სისტემის გამოცდა ჰერმეტულობაზე. 5.5. სახარჯი ვენტილის ჰერმეტულობა მოწმდება პენიტრანტული მეთოდით (საპნის ხსნარის) ან სხვა საშუალებით. გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება ბალონში წნევის დაგდება ნულოვან მაჩვენებლამდე. ხორციელდება გაუმართავობის აღმოფხვრა და ტარდება განმეორებითი გამოცდა. 5.6. იხსნება სახარჯი ვენტილი და ხდება აირსაწვავის სისტემის შევსება მაგისტრალური აირის სარქველამდე, შეკუმშული ჰაერით მოწმდება აირსადენების შეერთების ადგილები და მაგისტრალური სარქველი. არაჰერმეტულობის აღმოჩენის შემთხვევაში იკეტება სახარჯი ვენტილი, ხდება წნევის დაგდება და არაჰერმეტულობის აღმოფხვრა, რის შემდეგაც მეორდება სამუშაოთა ციკლი. 5.7. იხსნება მაგისტრალური სარქველი და პენიტრანტული მეთოდის (საპნის ქაფის) საშუალებით ხდება მაგისტრალური სარქველისა და აირის რედუქტორს შორის აირგაყვანილობის შეერთებების შემოწმება ჰერმეტულობაზე. შენიშვნა: 1. თუ მაგისტრალური სარქველი, აირის ფილტრი და აირის ამაორთქლებელი შესრულებულია ცალკე გამოყოფილ მოწყობილობად, მაშინ აირგაყვანილობის შეერთებების ჰერმეტულობა მოწმდება მათ შორის. 2. ჰაერის გაჟონვის შედეგად ბალონში 10 ბარამდე წნევის შემცირებისას, გაჟონვის აღმოფხვრის შემდგომ წნევა უნდა იქნეს აყვანილი 16 ბარამდე. 3. არალითონური მილების გაგლეჯის ან დაბერვის შემთხვევაში, ისინი უნდა შეიცვალოს და განმეორდეს გამოცდები 5.6 და 5.7 პუნქტების შესაბამისად. 4. ჰერმეტულობაზე გამოცდისა და დაწნეხვის დამთავრების შემდგომ ხდება შევსების ვენტილის დაკეტვა და შეკუმშული ჰაერის მიწოდების დრეკადი მილის ჩახსნა, წინასწარ დრეკად მილში წნევის დაგდებით. მოწმდება შემვსები ვენტილი და შეკუმშული ჰაერის გამშვები ვენტილის შიდა ჰერმეტულობა. 5. თუ აირბალონიანი სისტემის კონსტრუქცია და მწარმოებლის დოკუმენტაცია მოითხოვს შესაბამისობის შეფასების განსხვავებულ პროცედურას, მაშინ ინსპექტირების ორგანომ უნდა დანერგოს და განახორციელოს შესაბამისობის შეფასება შესაბამისი დოკუმენტური პროცედურით.“. 8. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება აირბალონების ქარხანა-დამამზადებლის მიერ (არაუმეტეს 20 წლისა − შეკუმშული აირის ბალონების შემთხვევაში და არაუმეტეს 10 წლისა − გათხევადებული ნავთობის აირის ბალონების შემთხვევაში).“; ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჰიდრავლიკური გამოცდა 300 ბარი საგამოცდო წნევით შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ბალონისა და 25 ბარი გათხევადებულ ნავთობის აირზე მომუშავე ბალონებისათვის;“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. აირბალონების ჰიდრავლიკურ გამოცდას სპეციალურ დანადგარზე აწარმოებენ 300 ბარი საგამოცდო წნევით შეკუმშულ საწვავ აირზე მომუშავე ბალონებისა და 25 ბარი წნევით გათხევადებულ ნავთობის აირზე მომუშავე ბალონებისათვის, 2 წუთის განმავლობაში. აირბალონი ითვლება ვარგისიანად, თუ არ შემცირდა საგამოცდო სისტემაში წნევის სიდიდე, ადგილი არ ექნა ბალონის ზედაპირზე ნაჟონსა და ნარჩენ დეფორმაციას.“. 9. ტექნიკური რეგლამენტის VI თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეკუმშულ და გათხევადებულ საწვავ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები“. 10. ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აირგასამართი სადგურის თანამშრომელმა შემვსებ ვენტილს უნდა მიუერთოს გასამართი მილი (საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ბუნიკი ჩახრახნილია ბოლომდე), ბოლომდე გახსნას შევსების ვენტილი და შეავსოს აირბალონები არაუმეტეს მუშა წნევამდე – 200 ბარი (200 ატმ) შეკუმშულ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და 16 ბარი (16 ატმ) გათხევადებულ საწვავ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებისთვის. დაკეტოს შევსების ვენტილი;“. 11. ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის შემდგომ არსებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები