შპს „სიმ სიმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

შპს „სიმ სიმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/34247-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 14/03/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/34247-18
14/03/2019
ვებგვერდი, 29/07/2019
შპს „სიმ სიმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე № 2/34247-18

საოქმო განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2019 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი

 


მეურვე სსიპ – – აღსრულების ეროვნული ბიურო.

წარმომადგენელი მაია ბარათაშვილი.

განმცხადე ბელ (კრედიტორი) შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი.

მოვალე შპს ,,სიმ სიმ“

(საიდენტიფიკაციო კოდი 434166314)

წარმომადგენელი გიორგი ზედგინიძე.

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

გამოარკვია:

2018 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სიმ-სიმის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „სიმ-სიმ“ დაფუძნდა 2015 წლის 19 ნოემბერს, მის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა მონო ბარათებით. საზოგადოებას 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ბიუჯეტის წინაშე ერიცხება დავალიანება 34 699.54 ლარი. აღნიშნულ დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თავის მხრივ ერიცხება დავალიანება 0,05 პროცენტი. შესაბამისად, კომპანიის მდგომარეობა უარესდება და სახეზეა მისი გადახდისუუნარობა. კომპანიას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ და ნაშთი ნულის ტოლია. შპს ,,სიმ სიმის“ რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და შესაბამისად კომპანია არ ფლობს მატერიალურ აქტივებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,სიმ სიმის“ მიმართ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად გაკოტრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „სიმ სიმს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განმარტოს უზრუნველყოფს თუ არა კომპანია გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.

2018 წლის 18 ოქტომბერს, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,სიმ სიმის“ წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ სასამართლოს და მიუთითა, რომ კომპანია გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,სიმ სიმს“ (ს/ნ 434166314) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. აღნიშული განჩინება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 26 ოქტომბერს.

2018 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს „სიმ სიმის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც აღმოფხვრილი იქნა 2018 წლის 26 დეკემბერს.

2018 წლის 31 დეკემბერის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „სიმ სიმის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

2019 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და მოითხოვა აღიარებული იქნეს სსიპ – შემოსავლების მოთხოვნა 35884,36 ლარის ოდენობით. 2019 წლის 19 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა აღიარებულ იქნა და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად.

ამავე სასამართლო სხდომაზე მეურვის წარმომადგენელმა იშუამდგომლა აღიარებული იქნეს მეურვის - სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა 5000 ლარის ოდენობით. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აღიარებული იქნა მეურვის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა პირველი რიგის მოთხოვნად.

2019 წლის 19 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე მეურვის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად კომპანია რაიმე სახის აქტივებს არ ფლობს. აღნიშნულის გათვალისწინებით ამავე სასამართლო სხდომაზე მოვალის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რასაც მხარი დაუჭირა მეურვემ. კრედიტორის, სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა გაგრძელდეს მოვალის ქონების მოძიება.

აღნიშნულის გათვალისწინებით კრედიტორთა კრება გადაიდო შემდეგი დღის წესრიგით: მეურვის მიერ მოვალის ქონების მოძიების შედეგის განხილვა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, მომრიგებელი საბჭოს არჩევა;

2019 წლის 14 მარტის კრედიტორთა კრებაზე მეურვემ წარმოადგინა ანგარიში მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების შედეგების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, კრედიტორის – სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქონების მოძიების გაგრძელების თაობაზე, რის საფუძველზეც სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შპს „სიმ სიმი“ არ დარეგისტრირებულა შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, არ შეუძენია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მის სახელზე არ ირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე არ გახსნილა ახალი ანგარიშები კომპანიის სახელზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ აქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად თუ კრედიტორთა პირველმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მეურვემ ქონება უნდა მოიძიოს 15 დღის ვადაში და შედეგი უნდა წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. თუ მეურვემ/გაკოტრების მმართველმა მოსაძიებელი ქონება ვერ მოიძია დადგენილ ვადაში, იგი წყვეტს ამ ქონების მოძიებას, აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეწყვიტა კომპანიის ქონების მოძიება.

2019 წლის 14 მარტის კრედიტორთა კრებაზე მეურვემ კვლავ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტაზე და განმარტა, რომ შპს „სიმ სიმს“ საკუთრებაში არ გააჩნია რაიმე აქტივი, შესაბამისად საქმის წარმოების გაგრძელებას აზრი ეკარგება. კრედიტორმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მხარი არ დაუჭირა.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტისა და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

შპს „სიმ სიმის“ წარმომადგენელი 2018 წლის 8 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ კომპანიას რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და შესაბამისად არ ფლობს მატერიალურ აქტივებს.

 ამავე განცხადებაზე თანდართული მასალებით დგინდებოდა შემდეგი გარემოებები:

ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 ოქტომბრის ცნობის თანახმად შპს ,,სიმ სიმ’’-ს მოქმედი საბანკო ანგარიში აქვს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“. ამასთან საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები ანგარიშიდან რომლითაც დგინდება, რომ შპს „სიმ სიმს“ ანგარიშზე სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ აქვს 0 (ნული) ლარი;

ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 ოქტომბრის №413884 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,სიმ სიმ’’-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №417483 ცნობის თანახმად შპს ,,სიმ სიმ’’-ი არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად;

გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №49/6/1/1/2-01659581 ცნობით ირკვევა, რომ შპს „სიმ სიმის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.

2019 წლის 19 თებერვალს გამართულ კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვის მიერ წარმოდგენილი იქნა მოხსენება შპს „სიმ სიმის“ ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების და კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. მოხსენების თანახმად მეურვემ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან. მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „სიმ სიმი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, არ აქვს რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მის სახელზე არ ირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიში სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში’’ და ანგარიშზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება.

2019 წლის 14 მარტის კრედიტორთა კრებაზე მეურვემ წარმოადგინა ანგარიში მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების შედეგების შესახებ, რომელის თანახმად კომპანიას რაიმე სახის ქონება არ გააჩნია.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს აღნიშნული მიზნის მიღწევას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ №2ბ/4029-18 საქმეზე განმარტა შემდეგი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.“ მართალია მოცემულ შემთხვევაში კანონში ცალსახად მითითებული არ არის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მოვალის მიერ ხარჯების ანაზღაურების უუნარობა, თუმცა აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე რომ მსგავს შემთხვევაში საქმის წარმოება არც უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე რომ საბჭოს მოუხდეს აღნიშნულ საკითზე მსჯელობა. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და ის ვერ უზრუნველყოფს საპროცესო, ამ შემთხვევაში მოვალის მიმართ საქმის წარმოების გაგრძელება წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზნებთან’’

მოცემულ შემთხვევაში, მეურვის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,სიმ სიმი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187- ე, 284-285- მუხლებით

  დაადგანა:

1.   შეწყდეს შპს ,,სიმ სიმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მისამართი: ქ. მარნეული, ქ. რუსთაველის ქუჩა №55ბ, ბინა 29; საიდენტიფიკაციო კოდი №434166314).

2.  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდეს შპს „სიმ სიმის“ (მისამართი: ქ. მარნეული, ქ. რუსთაველის ქუჩა №55ბ, ბინა 29; საიდენტიფიკაციო კოდი № 434166314) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3 . სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №154991) განთავსებული 5000 ლარი გადაეცეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი .