შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და შპს „ქობულეთი ინვესტის“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და შპს „ქობულეთი ინვესტის“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3931-18
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 25/07/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/3931-18
25/07/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და შპს „ქობულეთი ინვესტის“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის №2/3931-1 8

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

 

2019 წლის 25 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე:ციცინო კიკვაძე

 

 განმცხადებელი: შპს „ქობულეთი ინვესტი“;

წარმომადგენელი:    რევაზ ფუტკარაძე

მოთხოვნა: შპს „ქობულეთი ინვესტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს „ქობულეთი ინვესტის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა რევაზ ფუტკარაძემ და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე მითითებით შპს „ქობულეთი ინვესტის“ (ს/კ247001845) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება ითხოვა იმ მოტივით, რომ შპს „ქობულეთი ინვესტი“ (ს/კ247001845) გადახდისუუნაროა, ორგანიზაციას არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

განცხადების თანახმად, შპს „ქობულეთი ინვესტს“ (ს/კ 247001845) 2018 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი გადასახადი 228582,43 ლარი, ჯარიმა 168619,99 ლარი, საურავი 386650,47 ლარი, სულ 787281,63 ლარი.

 შპს „ქობულეთი ინვესტს“ (ს/კ 247001845) არ ერიცხება ქონება, ანგარიშზე არ ერიცხება თანხები, მოძრავი ქონების სახით ერიცხება მხოლოდ ავტომანქანა, რომლის საბაზრო ღირებულება 2016 წლის ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 4000 ლარს, რომელსაც არ ეთანხმებიან, ვინაიდან, ავტომანქანა დაზიანებულია და უმოქმედოა; მას არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები არ ერიცხება, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი.

შპს „ქობულეთი ინვესტს“ 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა თუ რას შეადგენდა დღეის მდგომარეობით შპს „ქობულეთი ინვესტის“ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება, შემდგომში მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა.

შპს „ქობულეთი ინვესტის“ წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს, მაგრამ წარმოდგენილი განცხადების და თანდართული მასალების მიხედვით არ არსებობს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოვალეს აქვს რაიმე ქონება, რითაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში კრედიტორი შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მიზნით კი კრედიტორი დეპოზიტზე განათავსებს 5000 ლარს, რომლითაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში უნდა დაიფაროს საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური და იმ პირობებში, როდესაც მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, ამდენად, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ქობულეთი ინვესტის“ (ს/ნ 247001845) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „ქობულეთი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ქუთისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. 11) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                    ციცინო კიკვაძე