„ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021433
413
27/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
300160070.10.003.021433
„ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №413

2019 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017635) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „ტექნიკური რეგლამენტის − პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წესების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, კომპეტენციის ფარგლებში.“.

2. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პესტიციდებთან მუშაობის ადგილიდან 100 მ-მდე მოშორებით (ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხრიდან) უნდა მოეწყოს მცირე მოედნები დასვენებისა და საკვების მისაღებად, უნდა მოხდეს მომარაგება სასმელი წყლით, თითოეული პირი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებითა და პირველადი დახმარების მედიკამენტებით, რომლებიც კომპლექტდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  შესაბამისი წესების თანახმად.“.

3. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. უსაფრთხოების მოთხოვნები ფერმერულ მეურნეობებში პესტიციდების შენახვის, გაცემისა და გადაზიდვის დროს“.

4. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს, შეამოწმოს მიწათმოქმედთა მიერ გამოყენებული შემასხურებელი ტექნიკური საშუალებების მდგომარეობა, მოითხოვოს აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა.“.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საავიაციო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას ტარდება მინდვრების წინასწარი დათვალიერება მათი დამუშავების შესაძლებლობის დასადგენად, რომელიც თანხმდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან.“.

6. მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. აკრძალული ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატების ტარა გაუვნებელყოფილი უნდა იყოს შემდეგი საშუალებებით: ქლორიანი კირის 20%-იანი ხსნარით, ქლორიანი კირის (1 კგ 4 ლ წყალში) ფაფით. ხსნარებით ავსებენ ტარას და ასე ტოვებენ 5-6 საათის განმავლობაში. შემდეგ ტარას რეცხავენ საპონ-სოდიანი თბილი წყლით (4%-იანი საპნის ხსნარი 5%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარში). აკრძალული ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატების ტარის გაუვნებელყოფისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ალტერნატიული მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.  

7. მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მისატყუარების გაფანტვის საზღვრები, ფართობები და ვადები უნდა ეცნობოს სამსახურს.“.

8. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტყეებში პესტიციდების გამოყენება დაიშვება  გარემოს დაცვისა და სანიტარიული წესების დაცვით, ტერიტორიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან/დამამზადებელ ორგანიზაციებთან და სხვ. შეთანხმებით. აკრძალულია პესტიციდების გამოყენება წყალდამცველ ზონაში, სახელმწიფო ნაკრძალების, სახელმწიფო პარკების, ბუნების ძეგლების ტერიტორიებზე.“.

9. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირებისათვის, რომელთაც საწარმოო შეხება აქვთ პესტიციდებთან, სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება რეგლამენტირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოქმედი სანიტარიული წესებითა და ნორმებით, ჰიგიენური ნორმატივებით ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო შენობებისა და სათავსების შესახებ.“.

10. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) არ დაიშვება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტების დაბინძურება და დანაგვიანება პესტიციდებით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების  მიერ ხორციელდება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროებისა და წყალსატევების შერჩევითი კონტროლი პესტიციდების შემცველობაზე;“.

11. 21-ე მუხლის მე-3 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პესტიციდებით ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ხდება დაფასოებული პესტიციდის  შენახვა-რეალიზაცია და დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოსდაცვითი მოთხოვნები. სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტში პესტიციდთან ერთად შესაძლებელია აგროქიმიკატის, დაფასოებული თესლის, ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო იარაღისა და ტექნიკის რეალიზაცია, რა შემთხვევაშიც, ისინი განთავსებული უნდა იქნეს ცალკე. დაუშვებელია პესტიციდების დასაწყობება და რეალიზაცია ამ წესების დარღვევით, აგრეთვე გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრისა  და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებით ვაჭრობა.

4. პესტიციდების რეალიზატორს (გამყიდველს), კონსულტანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვის ან აგრონომიული განათლება) ან სპეციალური მომზადება (აგრონომიური საფუძვლების, გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესებისა და ნორმების ცოდნა), რათა მომხმარებელს მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტება მათი ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მას აეკრძალება პესტიციდების რეალიზაცია.

5. მკაცრად შეზღუდული პესტიციდების (დიკოფოლისა და მალეინის მჟავის ჰიდრაზიდის) რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მქონე პირს.“.

12.  21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პესტიციდების შესახებ ინფორმაცია „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ცნობების გარდა, პესტიციდების ტრანსპორტირების, შენახვის, უტილიზაციისა და გამოყენების რეკომენდაციები, ტარის ეტიკეტი,  უნდა შეიცავდეს ცნობებს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრის, მისი საშიშროების კლასის, მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის, ნეტოს მასის ან მოცულობის, დამზადების თარიღის, შენახვის ვადის, პარტიის ნომრის, მოწამვლის შემთხვევაში − პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ.“.

13.  21-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„10. სარეალიზაციო ადგილებში პესტიციდები დაჯგუფებული უნდა იქნეს დანიშნულების მიხედვით: ინსექტიციდები − მცენარეთა დასაცავად, ინსექტიციდები − ცხოველთა დასაცავად, ფუნგიციდები, ჰერბიციდები, როდენტიციდები და სხვ.“.

14. 21-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პესტიციდების რეალიზაცია ხორციელდება დამამზადებლის დაფასოებითა და შეფუთვით. ტარის ეტიკეტი მარკირებული უნდა იყოს „FAO“-ს საერთაშორისო ინსტრუქციებისა და „ტექნიკური რეგლამენტის  „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №427 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად. პესტიციდების წვრილი დაფასოება ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.“.

15. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. მოთხოვნები პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებისადმი

1. სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი, სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ობიექტის იატაკი უნდა იყოს მყარი, ბეტონით, კერამიკული ფილებით ან წყალგაუმტარი მასალით დაფარული, ხოლო კედლები თაროთა სიმაღლეზე დაფარული უნდა იყოს ისეთი მასალით, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს იატაკისა და კედლების წყლით რეცხვა;

ბ) ობიექტს უნდა გააჩნდეს სავენტილაციო სისტემა ან ბუნებრივი ვენტილაცია;

გ) ობიექტს უნდა გააჩნდეს თაროები სარეალიზაციო პესტიციდების დასალაგებლად, მათი საშიშროების კლასების, ტარის გაბარიტებისა და სიმყარის (მსხვრევადი, არამსხვრევადი და სხვ.) გათვალისწინებით. ანალოგიური მოთხოვნები ვრცელდება პესტიციდების პალეტებზე განთავსებისას;

დ) ობიექტში უნდა იყოს მოწყობილი ნარეცხი წყლის შემკრები ნარეცხის გაუვნებელყოფისათვის;

ე) ობიექტში უნდა იყოს მოწყობილი სველი წერტილი ან ხელსაბანი, ობიექტს უნდა გააჩნდეს სასმელი წყლის მარაგი, სარეცხი საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი (კომპლექტი);

ვ) ობიექტს უნდა გააჩნდეს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები (ცეცხლის მქრობელი, კასრი წყლით, სილიანი ყუთი ან სხვ.);  

ზ) ობიექტი უნდა იყოს დაცული;

თ) ობიექტს უნდა გააჩნდეს სხვადასხვა საშიშროების კლასის პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებელყოფისათვის საჭირო ქიმიური საშუალებები: ქლორიანი კირი, ჩამქრალი კირი, კალცინირებული სოდა, თხევადი საპონი ან სხვ.;

ი) პესტიციდები დაფასოებული უნდა იქნეს ისეთ ტარაში, რომელიც უზრუნველყოფს ჰერმეტულობას, სათანადოდ ეტიკეტირებული და უზრუნველყოფილი პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციებით;

კ) ობიექტს უნდა გააჩნდეს პესტიციდების მიღებისა და გაცემის  სააღრიცხვო ჟურნალი ან აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;

ლ)  უნდა არსებობდეს ინსტრუქცია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისა და უსაფრთხოების წესების დაცვისათვის, აგრეთვე მოწამვლის შემთხვევაში − პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის;

მ) ობიექტის მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხალათებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

2. ობიექტს უნდა გააჩნდეს სარეალიზაციო მოცულობის შესაბამისი საწყობი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს პესტიციდების შენახვისთვის წაყენებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საწყობის შენობა უნდა იყოს საიმედოდ გადახურული და ჰქონდეს ბუნებრივი ან ხელოვნური განათება;

ბ) იატაკის საფარი უნდა იყოს კერამიკული ფილებით ან წყალგაუმტარი მასალით დაფარული;

გ) შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით ან სავენტილაციო სისტემით.

3. სარეალიზაციო ობიექტის საწყობი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს 100 ტონაზე მეტი სარეალიზაციო მასალა (მსხვილი საწყობი), ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა მდებარეობდეს დასახლებული ადგილებიდან, კვების ობიექტებიდან, საკვების წარმოებისა და გადამუშავების ნაგებობებიდან, წყალმომარაგების ობიექტებიდან, სამკურნალო და სასწავლო დაწესებულებებიდან, პირუტყვისა და ფრინველთა სადგომებიდან არანაკლებ 50 მ-ის დაშორებით;

ბ) იატაკის საფარი უნდა იყოს მოასფალტებული, მობეტონებული ან კერამიკული ფილებით ან წყალგაუმტარი მასალით დაფარული, მიწის დონეზე მაღალი;

გ) უნდა ჰქონდეს ორი განყოფილება − ერთი განყოფილება − პესტიციდების შესანახად და გასაცემად, მეორე − დამხმარე განყოფილება − სპეცტანსაცმლის, წყლის, პირადი ჰიგიენის საგნების, აფთიაქისა და სხვა ნივთების შესანახად;

დ) საწყობში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი ცარიელი ტარისა და გასაუვნებელი საშუალებების დასაწყობად;

ე) საწყობში პესტიციდების მოთავსება უნდა მოხდეს შტაბელებად, თაროებზე ან პალეტებზე. მინიმალური დაშორება კედელსა და ტვირთს შორის უნდა იყოს არანაკლებ 0,8 მ-ისა, ჭერსა და ტვირთს შორის – 1 მ, გამანათებელსა და ტვირთს შორის – 0,5 მ, იატაკსა და თაროს შორის – 0,8 მ;

ვ) აკრძალულია პესტიციდების შენახვა შეუფუთავად. პესტიციდების ტარის დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პესტიციდის ახალ ტარაში გადატანა;

ზ) პესტიციდებისა და ნარეცხი წყლების ნეიტრალიზებისათვის საწყობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მადეგაზირებელი საშუალებებით – ქლორიანი კირით, ჩამქრალი კირით, თხევადი საპნით, კალცინირებული სოდით ან სხვ.;

თ)  აკრძალულია საწყობში უცხო პირთა ყოფნა, რომლებიც არ არიან უშუალოდ დასაქმებულნი, ასევე თამბაქოს მოწევა, ღია ცეცხლით სარგებლობა.

4. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტზეც, სადაც ხდება პესტიციდებთან ერთად აგროქიმიკატის შენახვა/რეალიზაცია.“.

16.  24-ე − 26-ე  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24.  აგროქიმიკატების რეალიზაცია

1. აგროქიმიკატების ბაზარზე განთავსება ნებადართულია, თუ ისინი რეგისტრირებულია და  შეტანილია სახელმწიფო კატალოგში.

2. აგროქიმიკატების საბითუმო და საცალო რეალიზაცია დასაშვებია  სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ობიექტი გადახურული  უნდა იყოს დაუზიანებელი მასალით, იატაკი მყარი ბეტონით, კერამიკული ფილებით ან წყალგაუმტარი მასალით დაფარული, ხოლო კედლები დაფარული უნდა იყოს ისეთი მასალით, რომ  შესაძლებელი იყოს იატაკისა და კედლების წყლით რეცხვა;  

ბ) შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემით ან ბუნებრივი ვენტილაციით;

გ) ობიექტს უნდა გააჩნდეს  სარეალიზაციო აგროქიმიკატების დასალაგებლად თაროები, ტარის გაბარიტებისა და სიმყარის (მსხვრევადი, არამსხვრევადი და სხვ.) გათვალისწინებით. ტომრები განთავსებული უნდა იყოს ქვეშსაფენებზე; 

დ) ობიექტს უნდა გააჩნდეს ხელსაბანი, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები;

ე) პერსონალს უნდა გააჩნდეს სამუშაო ტანსაცმელი, ხელთათმანი და  ნიღაბი;

ვ) ობიექტზე უნდა აწარმოონ აგროქიმიკატების მიღება-გაცემის აღრიცხვა.

3. არ დაიშვება:  

ა) არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, უხარისხო აგროქიმიკატების რეალიზაცია;

ბ) აგროქიმიკატების რეალიზაცია ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, საერთო სარგებლობის ჯიხურებში, კვების პროდუქტებსა და სხვა საქონელთან ერთად.

4. სარეალიზაციო ობიექტებში  ნებადართულია   დაფასოებული, შეფუთული და მარკირებული აგროქიმიკატების რეალიზაცია.

5. ბაზარზე დაიშვება მხოლოდ დამტკიცებული შემადგენლობის მქონე რეგისტრირებული აზოტოვანი სასუქები, რომლებიც საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდებული უნდა იყოს შეფუთული სახით.

6. პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბაზარზე ამონიუმის ნიტრატის მაღალი შემცველობის მქონე (28%-ზე მეტი) აზოტოვანი სასუქების განთავსებაზე, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული ტიპის სასუქს და შესაძლოა იყოს სახიფათო (კერძოდ, გამოყენებულ იქნეს არადანიშნულებისამებრ, როგორც ფეთქებადი საშუალება) და საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და საკუთრებას, ვალდებულნი არიან, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და მომუშავეთა შრომის დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიიღონ შესაბამისი ზომები და უზრუნველყონ განსაკუთრებული კონტროლი და მიკვლევადობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არამიზნობრივი დანიშნულებით ამგვარი ტიპის სასუქის გამოყენება.

7. აგროქიმიკატების რეალიზატორს (გამყიდველს), კონსულტანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვის ან აგრონომიული განათლება) ან სპეციალური მომზადება (აგრონომიური საფუძვლების, გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესებისა და ნორმების ცოდნა), რათა მომხმარებელს მისცეს ახსნა-განმარტება მათი ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მას აეკრძალება აგროქიმიკატების რეალიზაცია.

8. მყიდველს აგროქიმიკატებთან ერთად მიეცემა გამოყენების რეკომენდაცია, მისი ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების შესახებ.

9. სასუქების გამოყენების რეკომენდაციების შესამუშავებლად ან არსებული რეკომენდაციების კორექტირების მიზნით როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ქვეყანაში შემოტანილი სასუქები და სხვა აგროქიმიკატები ექვემდებარება ხარისხობრივ შეფასებას, რომელსაც ახორციელებს აკრედიტებული ლაბორატორია.

10. აგროქიმიკატების რეალიზატორები ვალდებულნი არიან, უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე საანალიზოდ გასცენ აგროქიმიკატების ნიმუშები.

მუხლი 25. აგროქიმიკატების შენახვა

1. სასუქების შენახვა ნებადართულია მხოლოდ მათ შესანახად გამიზნულ სპეციალურ საცავებში.

2. აგროქიმიკატების შენახვის პირობები მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შენარჩუნებასა და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.

3. მინერალური სასუქების შესანახი საწყობი ან სათავსი უნდა მდებარეობდეს მშრალ ადგილას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვით.

4. მცენარეთა დაცვის საშუალებებთან (პესტიციდებთან) ერთად სასუქების შენახვა საწყობში ან მაღაზიაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოცალკევებულია პესტიციდებისაგან და აწყვია ცალკე, მისთვის გამოყოფილ ფართზე.

5. საწყობში სხვადასხვა სახის სასუქი უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე ხის ქვეშსაფენებზე, სათანადო წარწერებით. საწყობი უნდა ნიავდებოდეს.

6. დაუშვებელია მინერალური სასუქების ღია ცის ქვეშ დაყრა და დატოვება. მისი შენახვა მიწურებში, სარდაფებში, საწვავ-საცხები მასალების საწყობში, სამრეწველო საქონელთან, კვების პროდუქტებსა და სათესლე მასალებთან ერთად.

7. ამონიუმის გვარჯილა, როგორც ფეთქებადი ნივთიერება, უნდა ინახებოდეს სხვა სასუქებისაგან განცალკევებულად, ხანძრის გამომწვევი ყველა ფაქტორისაგან იზოლირებულად. სასუქების სათავსს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, ხოლო მომუშავე პირებს − პირადი ჰიგიენისა და პირველადი დახმარების საშუალებები.

8. ფერმერულ მეურნეობებში სასუქების შენახვა უნდა ხდებოდეს ამ წესების დაცვით.

9. საწყობში სასუქების შენახვისას აღკვეთილი უნდა იქნეს ატმოსფერული ნალექების მოხვედრა, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.

10. სასუქების შენახვის ადგილებიდან ჩამონარეცხი წყალი უნდა გროვდებოდეს სპეციალურ წყალგაუმტარ შემკრებში, მისი შემდგომში სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად.

11. აგრომადნეულების, ქიმიური მელიორანტების, ტორფისა და სხვა ორგანული სასუქების ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, მათი შენახვა ხდება ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ დაუშვებელია მათი დაყრა მდინარეების, წყალსაცავებისა და ჭების ახლოს.

12. შეფუთული სასუქის გახსნის შემთხვევაში, აუცილებელია ცარიელ ტარაზე დასმული ბეჭდის, ეტიკეტისა და მთლიანი ტარის დაზიანება, რათა არ მოხდეს მისი მეორადი გამოყენება.

მუხლი 26. აგროქიმიკატების ტრანსპორტირება

1. აგროქიმიკატების ტრანსპორტირება ხდება საჰაერო, სარკინიგზო და ავტოტრანსპორტით.

2. დაუშვებელია გაუმართავი ტრანსპორტით აგროქიმიკატების გადაზიდვა, რაც იწვევს მის დანაკარგს.

3. შეფუთული აგროქიმიკატების დატვირთვა-გადმოტვირთვისას  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტარის მთლიანობა, რათა აღიკვეთოს დანაკარგები.

4. არატარირებული აგროქიმიკატების (ქიმიური მელიორანტები, ორგანული სასუქები, აგრომადნები) ტრანსპორტირებისას, დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, პროდუქციას უნდა გადაეფაროს რაიმე უხეში ქსოვილი − ბრეზენტი.

5. აგროქიმიკატებს ტრანსპორტირებისას თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი.“.

17. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მექანიზებული წესით აგროქიმიკატების შეტანისას ტექნიკა უნდა იყოს გამართული, რათა დაცულ იქნეს რეკომენდებული დოზით მთელ ფართობზე აგროქიმიკატების თანაბარი განაწილება და მისი ეფექტიანობა.“.

18. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. დაუშვებელია აზოტიანი სასუქის წყალში გახსნა და ამ ხსნარით მცენარეთა მორწყვა მოსავლის აღებამდე ორი თვის ვადაში.“.

19. 27-ე მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. წყალსაცავების, თევზის სატბორე მეურნეობების, მდინარეების, ტბების, შავი ზღვისა და სხვა რეკრეაციული ზონის მიმდინარე ტერიტორიებზე მინერალური სასუქის შეტანა დაიშვება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანიტარიული ზოლის დაცვით.“.

20.  27-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 28-ე პუნქტი:

„28. დაუშვებელია აგროქიმიკატების გამოყენება შესაბამისი რეკომენდაციებისა და რეგლამენტის დარღვევით.“.

21.  28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22.  დანართი  №7  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №7

 

პირველადი დახმარების აფთიაქი

(კომპლექტდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი წესების თანახმად).

ჩამონათვალში შედის:

ა) ასპირინი;                                                                      

ბ) ბესალოლი/ან ბეკარბონი, ბელალგინი ან მათი შემცვლელები;     

გ) ბორის მჟავა;

დ) ბორის ვაზელინი;                                                       

ე) ვალიდოლი;                                                                 

ვ) მდოგვი/ფხვნილი;                                                     

ზ) მწარე საფაღარათო მარილი;                           

თ) აქტივირებული ნახშირი;                   

ი) სახამებელი;                                                                  

კ) კალიუმის პერმანგანატი;                                             

ლ) იოდის ნაყენი 10%-იანი;       

მ) იოდის ნაყენი 5%-იანი;

ნ) ვალერიანის ნაყენი;                                                      

ო) ნიშადურის სპირტი;

პ) წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი;                         

ჟ) ამიდოპირინი ან მათი შემცვლელები;                                                    

რ) საჭმელი სოდა;

ს) ბრილიანტის მწვანის 1%-იანი ხსნარი;             

ტ) საჭმელი მარილი;

უ) სტერილური დოლბანდი;                                          

ფ) არასტერილური დოლბანდი;                         

ქ) ჰიგროსკოპული ბამბა;

ღ) რეზინირებული სალტე ან შემოსაჭერი;                    

ყ) ინდივიდუალური პაკეტები პირადი მოხმარებისათვის;

შ) ჟანგბადის ბალიშები;                                                  

ჩ) თავსაფრები/მანდილი;                                              

ც) ლეიკოპლასტირი;                                                       

ძ) მაკრატელი;

წ) სამედიცინო ხელთათმანები;                          

ჭ) პიპეტები;                                                                     

ხ) სტერილური ხელსახოცები;                                       

ჯ) სამედიცინო თერმომეტრი;                                        

ჰ) ბადისებრი ან მავთულის არტახები.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე