ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/15/1423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 24/10/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016455
2/15/1423
24/10/2019
ვებგვერდი, 06/11/2019
000000000.00.000.016455
ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო

ჩანაწერი №2/15/1423

2019 წლის 24 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

   

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით;

ბ) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

I აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1423) მომართა საქართველოს მოქალაქე ანი გაჩეჩილაძემ. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 24 ოქტომბერს.

2. №1423 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 313 მუხლები, ასევე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ტერმინ რეკლამის დეფინიციას. კერძოდ, რეკლამა არის „საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს არაეთიკური რეკლამის ცნებას. კერძოდ, არაეთიკური რეკლამა განიმარტება, როგორც „რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს“.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას. ხოლო მე-5 პუნქტი განსაზღვრავს ამ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც აწარმოებდა პრეზერვატივს, შეფუთვაზე დატანილი შემდეგი წარწერებით (და შესაბამისი გამოსახულებებით): 1. წარწერა „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა“ 2. წარწერა „ძლევაი საკვირველი“; 3. წარწერა „სამეფო კარი თამარში“; 4. გამოსახულება ე.წ. „მაკურთხებელი ხელი“. მოსარჩელის მითითებით, ამ უკანასკნელს ამგვარი სახელი სამართალშემფარდებლებმა დაარქვეს.

7. დასახელებული ქმედების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით, ასევე დაევალა თავის პროდუქციაზე დატანილი წარწერების და გამოსახულებების, როგორც „არაეთიკური რეკლამის“ ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილებით.

8. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციას. მოსარჩელის პოზიციით, დაუშვებელია სარეალიზაციო პროდუქტის შეფუთვაზე არსებული გამოსახულების მოაზრება რეკლამად და მისი პროდუქტისგან დამოუკიდებელ სუბსტანციად განხილვა. მოსარჩელის აღნიშვნით, იმისათვის, რომ საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე გავრცელებული ინფორმაცია აკმაყოფილებდეს რეკლამის დეფინიციას, აუცილებელია, ისინი თვისობრივად გამიჯვნადი იყოს პროდუქტისგან. მოსარჩელის პოზიციით, პროდუქტის შეფუთვა არის მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი და არა რეკლამა. სადავო რეგულირებით კი ხდება შეფუთვაზე დატანილი გამოსახულებების რეკლამად მიჩნევა, რაც განაპირობებს რეკლამის მომწესრიგებელ ნორმათა მოქმედების არეალის გაუმართლებელ გაფართოებას. მაშასადამე, რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ ვიწროდ მიზანმიმართული, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს არაეთიკური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილი კი აწესებს არაეთიკური რეკლამის წარმოებისა და გავრცელებისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. მოსარჩელის განმარტებით, დასახელებული ნორმები არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს და არ ითვალისწინებს ამგვარ საფუძვლად მორალს. ამდენად, ნებისმიერი ნორმა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს მორალის დაცვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაში მოცემული ტერმინები, როგორებიცაა „ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა“ ან „ფიზიკურ პირთა შეურაცხყოფა“, სწორედ საზოგადოებრივი მორალის დაცვით არის მოტივირებული, რის გამოც, ხდება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა შესაბამისი კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე.

10. მოსარჩელე მხარე ასევე დაუშვებლად მიიჩნევს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო პირისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მოსარჩელის პოზიციით, ასეთ შემთხვევაში, პირები თავიანთ რელიგიურ გრძნობებზე აპელირებით სინამდვილეში მათი რელიგიური ლიდერებისა თუ სიმბოლოების დაცვას ცდილობენ. როგორც წესი, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიხატება რელიგიური სიმბოლოების, ამ რელიგიის წამყვანი პირების შეურაცხყოფაში, რა დროსაც, მოსარჩელის აღნიშვნით, უფლების დარღვევის შესახებ დავაზე უფლებამოსილი სუბიექტია მხოლოდ ამგვარი შეურაცხყოფის ადრესატი და არა ამ რელიგიური მრწამსის მიმდევარი პირი.

11. მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც არაეთიკურ რეკლამად აკვალიფიცირებს ეროვნული და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალი ხელოვნების ობიექტების, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების ხელყოფას. მოსარჩელე დაუშვებლად მიიჩნევს ჩამოთვლილი ობიექტების ხელყოფაში მათი ფიზიკური ხელყოფის (დაზიანება, დანგრევა და ა.შ.) მიღმა სხვა ფორმით შებღალვის მოაზრებას. ფიზიკურ ხელყოფასთან მიმართებით კი, მოსარჩელე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაზიანება/განადგურება აკრძალულია სხვადასხვა აქტით, შესაბამისად, არათანაზომიერია სადავო ნორმით აღნიშნული ქმედებისთვის დამატებითი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება.

12. მოსარჩელე მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი საქმიანობის, პროფესიის ან საქონლის შებღალვის შემთხვევაში რეკლამის არაეთიკურ რეკლამად მიჩნევის საკითხზე. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებულ შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთარი ინიციატივით, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით შეუძლიათ იდავონ თავიანთი უფლებების დარღვევის თაობაზე, რაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი საშუალებაა. მოსარჩელის აღნიშვნით, დაუშვებელია, კერძო პირთა ურთიერთობაში სახელმწიფო ერეოდეს იმპერატიული ნორმებით და ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი საქმიანობის, პროფესიის ან საქონლის შებღალვის შემთხვევაში ადგენდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

13. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით, გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება არ ხდება თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის ხარჯზე. კერძოდ, არაეთიკური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციის შესაბამისად, არაეთიკურია, მათ შორის, ისეთი რეკლამა, რომელიც რელიგიის მიმართ „შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს.“ ასევე, რეკლამა, რომელიც „ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს“. მაშასადამე, სადავო ნორმა ზღუდავს ისეთ გამოხატვას, რომელიც მიუღებელია საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის, მათი პირადი სუბიექტური დამოკიდებულებებისა თუ რწმენის გამო, ხოლო პირთა მეორე ჯგუფს არ აძლევს შესაძლებლობას, დააფიქსიროს საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება კონკრეტული რელიგიისა თუ მრწამსის მიმართ. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმას იგივე პრობლემა გააჩნია სახელმწიფო სიმბოლიკის შებღალვისა თუ სხვა პირთა შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში. კერძოდ, კანონი კრძალავს მხოლოდ ისეთ გამოხატვას, რომელიც შესაძლოა, ნეგატიურად აღიქმებოდეს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მხრიდან. მოსარჩელის აღნიშვნით, მსგავსი მოწესრიგება ნიშნავს გამოხატვის რეგულირებას თვალსაზრისობრივად არანეიტრალური გზით, რაც დამატებით მიუთითებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე.

14. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ადგენს არაეთიკური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციას, ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს, არაგანჭვრეტადია, რის გამოც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, გაურკვეველია სადავო ნორმით რატომ არის „საყოველთაოდ აღიარებული ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა“ აკრძალული ექსკლუზიურად ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენების შემთხვევაში და არა სხვა ნიშნებთან მიმართებით. ამავდროულად, სადავო ნორმაში დასახელებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა ჰუმანური და ზნეობრივი ნორმები, ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვა, განუჭვრეტელი შინაარსისაა და შეუძლებელია იმის წინასწარ პროგნოზირება, თუ რა ჩაითვლება ამგვარ ქმედებად. მაშასადამე, არაეთიკური რეკლამის ცნებას გააჩნია კანონის განჭვრეტადობის პრობლემა და შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ პირის მიერ განხორციელებული რომელი ქმედება გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ამდენად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისათვის, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს. კერძოდ, ბუნდოვანია, თუ რა მოიაზრება ტერმინ „დროშის“ ქვეშ. კერძოდ, გაურკვეველია დროშაში იგულისხმება მხოლოდ ქსოვილი, თუ, მათ შორის, ქაღალდზე დატანილი გამოსახულება ან ელექტრონულად შექმნილი ნივთი. ამასთანავე, ბუნდოვანია ისიც, თუ რა მოიაზრება ტერმინ „შებღალვაში“. მოსარჩელის პოზიციით, დაუშვებელია მსგავსი ქმედებების აკრძალვა და გამოხატვის თავისუფლების ამ თვალსაზრისით შეზღუდვა, რადგან დემოკრატიულობა გულისხმობს სწორედაც რომ სითამამისა და გამბედაობის წახალისებას ადამიანებში, არ დაემორჩილონ ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკას და, რიგ შემთხვევებში, გამოხატვის ისეთი ეფექტური ფორმაც გამოიყენონ, როგორიცაა, მაგალითად, საკუთარი ქვეყნის დროშის დაწვა. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმით, საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას წარმოადგენს და არღვევს კონსტიტუციურ ბალანსს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას და, ამასთანავე, ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს, რის გამოც, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

16. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცულ შემოქმედების თავისუფლებას. მოსარჩელის განმარტებით, შემოქმედების თავისუფლება გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებითაც ავტორს შეუძლია, გადმოსცეს საკუთარი აზრები, განცდები, შთაბეჭდილებები, გაავრცელოს პოლიტიკური მესიჯი და სხვა. მოსარჩელის აღნიშვნით, რეკლამის შექმნა (და შექმნილი პროდუქტი) უმეტეს შემთხვევაში სწორედ შემოქმედებით პროცესთანაა დაკავშირებული. შემოქმედებითი თავისუფლება, თავის მხრივ, გულისხმობს ხელოვნების დაცვას ცენზურისგან და ხელოვანებისთვის თავისუფალი შემოქმედებითი არეალის შექმნას.

17. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვას უშვებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. თუმცა, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევის ხსენებულ მოთხოვნას. კერძოდ, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ემსახურება საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის (მათ შორის, რელიგიური გრძნობების), ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული ღირსების/სიმბოლიკის და კულტურული მემკვიდრეობის/ისტორიული ძეგლების დაცვას. სადავო ნორმის მხოლოდ ერთი ნაწილი უკავშირდება სხვა პირთა უფლებებს („ბღალავს... ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს“). ამდენად, პირველ და მე-2 შემთხვევაში გათვალისწინებული ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კონსტიტუცია საერთოდ არ ითვალისწინებს შემოქმედების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას და, ამ თვალსაზრისით, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვა საფუძველშივე არაკონსტიტუციურია. ფიზიკური ან იურიდიული პირების, მათი საქმიანობის, პროფესიის ან საქონლის შებღალვის გამო, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კი მოსარჩელემ აღნიშნა, მართალია, დასახელებული მიზნით უფლების შეზღუდვა მიმართულია სხვა პირთა უფლებების დაცვისკენ, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. მოსარჩელის პოზიციით, სხვა პირთა უფლებების დაცვა შესაძლებელია ამ პირების მიერ სამოქალაქო დავის ინიცირების გზით, რაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი საშუალებაა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მიზეზით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების აუცილებლობა.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ შემოქმედების თავისუფლებას და ასევე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ კანონის ხარისხის მოთხოვნებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს რეკლამის ცნებას. კერძოდ, „რეკლამა“ არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს არაეთიკური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, არაეთიკურად მიიჩნევა „რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს“.

3. მოსარჩელე მხარე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერმინ „რეკლამის“ დეფინიციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით, პროდუქტის შეფუთვა, ამ შეფუთვაზე დატანილი გამოსახულება შეიძლება მიჩნეულ იქნეს რეკლამად, რაც გაუმართლებლად აფართოებს რეკლამის ცნებას. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ არაეთიკური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციასთან მიმართებით კი, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ, ბუნდოვანია სადავო ნორმის შინაარსი და შეუძლებელია იმის განჭვრეტა, თუ რა მოიაზრება საყოველთაოდ აღიარებული ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევაში, ასევე, შემდეგი ტერმინების ქვეშ - „შეურაცხმყოფელი“, „ხელყოფა“, „ბღალავს“. ხოლო, მეორე მხრივ, ნორმის ბუნდოვანების მიღმა, გაუმართლებლად იზღუდება გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება. კერძოდ, მოსარჩელე მხარე დაუშვებლად მიიჩნევს ეთიკისა და მორალის დაცვის მოტივით კონსტიტუციის დასახელებული უფლებების შეზღუდვას და არაეთიკური რეკლამის წარმოებისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველი სადავო ნორმები ადგენს „რეკლამის“ და „არაეთიკური რეკლამის“ საკანონმდებლო დეფინიციებს. მათი მიზანია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ცნებების - „რეკლამის“ და „არაეთიკური რეკლამის“ შინაარსის განსაზღვრა. სადავო ნორმა არ ადგენს რეკლამის ან არაეთიკური რეკლამის წარმოების, გავრცელების ან განთავსების მომწესრიგებელ თვითმყოფად წესს. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ, თავისთავად, დასახელებული ტერმინების დეფინიცია და ამა თუ იმ შინაარსის შემცველი ინფორმაციის რეკლამად ან/და არაეთიკურ რეკლამად კვალიფიცირება, შესაბამისი იურიდიული შედეგის განსაზღვრის გარეშე, განაპირობებს მოსარჩელის უფლების შეზღუდვას.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1423 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, ასევე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

6. მოსარჩელე ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის.

7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება შეეხება კანონის დროში მოქმედების საკითხს.

8. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან წინააღმდეგობის თაობაზე.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1423 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

10. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“. დასახელებული სადავო ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს დანაშაულის ქმედების შემადგენლობას - „საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა“, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს სასჯელს აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის - „ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს არგუმენტაცია როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის, ისე სასჯელის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/12/926 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით განსაზღვრული ქმედების დასჯადად გამოცხადება ეწინააღმდეგება გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას და ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომლიც მიუთითებდა სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის სანქციის განმსაზღვრელი სიტყვების „ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“ არაკონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული არ არის.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1423 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის სიტყვების „ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1423 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1423 კონსტიტუციური სარჩელი („ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისათვის.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1423 კონსტიტუციური სარჩელი („ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით;

ბ) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით;

გ) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისათვის;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის სიტყვების „ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.