„ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021694
667
31/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
300160070.10.003.021694
„ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №667

2019 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 20/01/2014, 300160070.10.003.017684)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დიდი ზომის ბავშვთა 24-საათიან მომსახურებებზე (15-ზე მეტი ბავშვით), რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ.გ“, „გ.ბ.დ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებითა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 2020  წლის 1 ივნისამდე გავრცელდეს შემდეგი სტანდარტები:

ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 9 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთი აღმზრდელით;

ბ) ყოველ საძინებელ ოთახში:

ბ.ა) უნდა განთავსდეს არაუმეტეს 9 ბენეფიციარისა;

ბ.ბ) თითოეული ბენეფიციარისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ლოგინი და საწოლი;

გ) საპირფარეშო (ვენტილაციით), საშხაპე, პირსაბანი (ცივი/ცხელი წყლით) 10 ბენეფიციარზე უნდა იყოს არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე;   

დ) ბენეფიციართა კვებისათვის უნდა იყოს საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა), უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი (ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



„დანართი №1

 

 

ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები

მუხლი 1. ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირისთვის ხელს უწყობს ბენეფიციართა მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილებასა და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს:

ა.ა) დეტალური საინფორმაციო ფურცელი (დანართი №1.1);

ა.ბ) სააღმზრდელო პროგრამა, სადაც აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა;

ა.გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, გაწერილი უნდა იყოს ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, ყოველდღიურ რუტინაზე დაფუძნებული აქტივობები, მათ შორის, საექთნო მოვლის, აღმზრდელებისა და ექთან-აღმზრდელების მოვალეობები, რომლებსაც იყენებენ მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტები;       

ა.დ) შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს:

ა.დ.ა) ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს;

ა.დ.ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში რთული ქცევის მართვის სტრატეგიასა და მისი დანერგვის გზებს;

ა.დ.გ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს;

ა.დ.დ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ წესებს;

ა.დ.ე) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს;

ა.დ.ვ) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს;

ა.დ.ზ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შინაგანაწესში აღწერილია აღმზრდელთა ცვლის საკითხები;  

ა.დ.თ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების განხორციელების გეოგრაფიულ არეალში მოქმედი   სხვა დღის ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია, (მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად, განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);

ბ) სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების შემთხვევაში, შესაბამისი ლიცენზია და შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციისას, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრების შემთხვევაში, შესაბამის პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სახელმწიფო სოციალური პროგრამის მონიტორინგის განმახორციელებლისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ხელმისაწვდომი ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:

გ.ა) ბენეფიციართა პირადი საქმე;

გ.ბ) პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალი;

გ.გ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, აღმზრდელებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გარდა ტექნიკური პერსონალისა;

 გ.დ) თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი  ხელშეკრულებები ან მათი ასლები;

გ.ე) ცნობები თანამშრომელთა  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ნასამართლობის შესახებ (რომელიც უნდა განახლდეს წელიწადში ერთხელ);

გ.ვ) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის შესაბამისი ჟურნალი;

გ.ზ) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის შესაბამისი ჟურნალი;

გ.თ) გადაუდებელი/კრიზისული სიტუაციების ანგარიშის ჟურნალი (ბავშვის დაზიანების, მოწამვლისა და სხვა შემთხვევებში);

დ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, მომსახურებას უნდა ჰქონდეს შემდეგი ჟურნალები და დოკუმენტაცია:

დ.ა) სამედიცინო ინტერვენციის ჟურნალი, რომელიც მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციას (თარიღი და დრო, პირველადი დახმარების მიმღები ბენეფიციარი, პერსონალი, რომელმაც განახორციელა ჩარევა, გამოყენებული მედიკამენტი და ჩარევის ფორმა);

დ.ბ) მედიკამენტების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალი (ბენეფიციარის სახელი და გვარი,  მედიკამენტის დასახელება, დოზა, მედიკამენტის მიღების თარიღი და დრო, პასუხისმგებელი პირი და მისი  ხელმოწერა);

დ.გ) სტაციონარში გადაყვანის შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი (თარიღი, გადაყვანის საჭიროება, თანმხლები პირი, შემდგომი ინტერვენცია).

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომი ჰქონდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, რომლის გაცემისთვის საჭიროა პირის თანხმობა.

მუხლი 2. მომსახურების ინკლუზიურობა (სტანდარტი №2)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარი სარგებლობს მომსახურებით, რომელიც აკმაყოფილებს მის ინდივიდუალურ საჭიროებებს და შეესაბამება მის შესაძლებლობებს. ბენეფიციარებს აქვთ მომსახურებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა. მათ ხელი მიუწვდებათ თემში არსებულ სხვადასხვა მომსახურებაზე. მომსახურების მიმწოდებელი, აღიარებს რა ბავშვის უფლებათა კოდექსით,  ბავშვის უფლებათა კონვენციითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრულ პრინციპებს, მომსახურების მიწოდების პროცესში იცავს თითოეული ბენეფიციარის უფლებებსა და თავისუფლებებს. 

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ბენეფიციარებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია დისკრიმინაციის, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შეიძლება, თავი იჩინოს მომსახურების მიწოდებისას მომსახურების მიმწოდებლისგან, სხვა ბენეფიციარისგან ან სხვა პირისგან;

ბ) ბენეფიციარს მიაწოდოს მომსახურება, მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის ან სხვა რამ ვითარებისა;

გ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თემში არსებულ სხვა მომსახურებებთან (განათლება, ჯანმრთელობა, სოციალური პროგრამები და მომსახურებები და სხვა) დაკავშირებაში.

მუხლი 3. კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი №3)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია. ასევე ისინი საქმის კურსში არიან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ, ასევე იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს;

ბ) დაიცვას ბენეფიციარის კორესპონდენციების, საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა;

გ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციარის საუბრების კონფიდენციალობას;

დ) ბენეფიციარის პირადი საქმე შეინახოს არახელმისაწვდომ ადგილას;

ე) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (მათ შორის, ჯანმრთელობის, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების შესახებ) საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა (მაგ.: პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, სახელმწიფო სოციალური პროგრამის მონტორინგის განმახორციელებლისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის);

ვ) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის (პერსონალური მონაცემის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) გავრცელებამდე ბენეფიციარისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მიიღოს წერილობითი თანხმობა;

ზ) ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე გასცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ)  იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია წყვეტს საქმიანობას და ბენეფიციარები გადადიან სხვა მომსახურებაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით ყველა დოკუმენტაცია გადადის მომსახურების ახალ მიმწოდებელთან;

ი) ბავშვისთვის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მის შესახებ არსებული ინფორმაცია სამი წლის ვადით ინახება მომსახურების მიმწოდებელთან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხდება დოკუმენტაციის გატანა/განადგურება ან/და მომსახურების მიმწოდებელთან არსებული ელექტრონული ჩანაწერების წაშლა, რომლის შესახებაც მომსახურების მიმწოდებელი წერილობით აცნობებს  მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს. თუ ბენეფიციარი ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში/გახდა სრულწლოვანი, დოკუმენტაციის გატანა/განადგურება ხდება ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან/ბენეფიციართან შეთანხმებით (თანხმობით).

მუხლი 4. მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა (სტანდარტი №4)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურება მორგებულია მის განსაკუთრებულ საჭიროებებზე. მომსახურების ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მოტივაციას – მონაწილეობა მიიღონ მომსახურების დაგეგმვის პროცესში.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, ასევე ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ბენეფიციარსა/მის კანონიერ წარმომადგენელსა და ოჯახთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მომსახურებაში ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა, დანართი №1.2-ის შესაბამისად;

ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავების პროცესში სოციალურ მუშაკთან ერთად ჩართული ჰყავდეს მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება იწვევს სხვადასხვა სპეციალისტს (მეტყველების თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქიატრი, სმენის სპეციალისტი, სივრცეში ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტი და სხვა);

გ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ ინდივიდუალური გეგმის შემუშავებიდან 15 დღის ვადაში გაწეროს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა დანართ №1.2-ის შესაბამისად;

დ) მომსახურების ინდივიდუალური გეგმა ნათლად უნდა აღწერდეს:

დ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი;

დ.ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბავშვის მოვლის, მათ შორის, საექთნო მოვლის, განვითარების ამოცანებსა და ბენეფიციარის სხვადასხვა მომსახურებებში ჩართვის საკითხებს;

დ.გ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების განრიგს;

დ.დ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ფარგლებში ამოცანების მიღწევის რუტინაზე დაფუძნებული ყოველდღიური აქტივობების შესახებ ინფორმაციას;  

დ.ე) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და კომუნიკაციის უნარების განვითარების მიღწევის გზებს;

დ.ვ) მომსახურების მიწოდების მოსალოდნელ შედეგებს;

დ.ზ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობასა და ვალდებულებებს;

დ.თ)  მიზნის მიღწევის სავარაუდო ხელისშემშლელ ფაქტორებს;

დ.ი) მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას;

ე) მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს ბენეფიციარს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის ასლი; 

ვ) პერიოდულად,  შეთანხმებული განრიგის შესაბამისად (6 თვეში ერთხელ, თუ საჭიროება არ მოითხოვს ამ ვადის შემცირებას), ბენეფიციართან და/ან კანონიერ წარმომადგენელსა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთან ერთად გადახედოს/შეაფასოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა. ვადამდე ადრე ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, შეიმუშაოს ახალი გეგმა;  

ზ) აწარმოოს ბენეფიციართა პირადი საქმეები, სადაც დაცული იქნება ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლები და მომსახურების ინდივიდუალური გეგმები, ინფორმაცია ბენეფიციარის განათლებასთან, ჯანმრთელობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები.

მუხლი 5. ემოციური და სოციალური განვითარება (სტანდარტი №5)

1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურებაში შექმნილი გარემო უზრუნველყოფს ბენეფიციართა ემოციურ და სოციალურ განვითარებას, შშმ ბავშვების შემთხვევაში – ფუნქციურ განვითარებას,  ამზადებს მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ოჯახთან კონტაქტების გაძლიერებას (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს). ბენეფიციარები კეთილგანწყობას გამოხატავენ ერთმანეთისადმი, ასევე გარშემომყოფებისადმი. გამოხატავენ ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას. ჩართულნი არიან ყოველდღიურ საქმიანობაში.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართა შორის, ასევე თანამშრომლებისადმი ნდობასა და კეთილგანწყობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარების თანატოლებსა და თემის სხვა წევრებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას;

გ) დაეხმაროს ბენეფიციარებს სოციალური და ყოფითი უნარების (თვითმოვლა, საკუთარი კუთხის დალაგება, ტანსაცმლის მოწესრიგება/გარეცხვა და სხვა) შეძენაში. ასევე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში/განვითარებაში;

დ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარის ოჯახს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბენეფიციართან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებასა და ვალდებულებათა რეალიზებაში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, რაც არის ასახული მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში).  აღნიშნულთან დაკავშირებით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოებს ჩანაწერები, რაც თავს იყრის მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში.

მუხლი 6. კვება (სტანდარტი №6)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარებს აქვთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სათანადო ოდენობის საკვები, რომელიც შეესაბამება მათ მოთხოვნილებებს.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ბენეფიციარები, მათი სურვილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს:

ა.ა) 24-საათიანი მომსახურებისას – ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ა.ბ) იმ 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც მომსახურებას იღებენ 0-დან 18 თვემდე ასაკის ბენეფიციარები, ჩვილი ბავშვების კვება და კვების განრიგი ინდივიდუალურია და განისაზღვრება მომსახურების პედიატრის მიერ; 

ა.გ) 6 საათამდე მომსახურებისას – ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი ჯანსაღი კვებით;

ბ) საკვების შეზღუდვა არ გამოიყენოს ბენეფიციარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით;

გ) კვების მიწოდების პროცესში გაითვალისწინოს ბენეფიციართა ასაკი, სურვილი და ჯანმრთელობის მდგომარეობა,  (მაგ.: დიეტა, თხევადი საკვები ან სხვა) შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციით ან რელიგიური მრწამსით განსაზღვრული თავისებურებები;

დ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, კვება წარმოადგენს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული რუტინის ნაწილს და შესაბამისად, ხდება ბავშვის სტიმულირება კვების პროცესშიც დამოუკიდებელი კვებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის (მათ შორის, ღეჭვის უნარები, რათა მოხდეს თხევადი საკვების შეცვლა მყარი საკვებით);

ე) დღე-ღამის განმავლობაში ბენეფიციარები უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყლით, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, პედიატრის მიერ განსაზღვრული სასმელი წყლის მინიმალური დღიური ოდენობით;   

ვ) ბენეფიციარების ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, წაახალისოს მათი დამოუკიდებლად კვება. საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ბენეფიციარებს კვების პროცესში. კვების პოზის შერჩევისას გაითვალისწინოს ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა და სუნთქვის სირთულეები;

ზ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ზონდის მეშვეობით ბავშვის გამოკვება უზრუნველყოს ექთან-აღმზრდელმა, რომელსაც აქვს ექთნის კვალიფიკაცია და გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება;

თ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში, ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ინდივიდუალურად ადაპტირებული ჭურჭელი, რათა კვებისა და სითხის მიღების პროცესში მოხდეს მათი ჩართულობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა.

მუხლი 7. დასვენებისა და გაჯანსაღების შესაძლებლობები (სტანდარტი №7)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში (მაგ.: საზაფხულო ბანაკები, გასართობი ღონისძიებები, ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა), რაც ეხმარება მათ ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაში.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) დაგეგმოს და განახორციელოს თამაშები და ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება როგორც შენობაში, ისე მის გარეთ (ღია ცის ქვეშ);

ბ) მომსახურების ფიზიკური გარემოს გათვალისწინებით, აღჭურვოს იგი ბენეფიციარის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი რესურსებით (მაგ.: სათამაშოები, სპორტული ინვენტარი, წიგნები და სხვა). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარებს ამგვარი აქტივობებისთვის საჭირო რესურსით, მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს მათი ჩართვა თემში არსებულ მომსახურებებში (მაგ.: ბიბლიოთეკა, სპორტული/შემოქმედებითი წრეები და სხვა);

გ) 24-საათიანი მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს ბენეფიციართა ჯგუფური დასვენება საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში;

დ) 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც მომსახურებას იღებენ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები, მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ბენეფიცარების დასვენება საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში;

ე) ასაკობრივი მოთხოვნილებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომი გახადოს ტელევიზორის, კომპიუტერისა და სხვა ტექნიკის მოხმარება, რაც დაბალანსებულია დასვენება-გაჯანსაღების სხვა ღონისძიებებთან მიმართებით.

მუხლი 8. განათლება (სტანდარტი №8)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარს აქვს სათანადო გარემო განათლების მიღებისთვის, ვინაიდან, განათლება ეხმარება მას უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი ცხოვრების განმსაზღვრელ კომპონენტს. ბენეფიციარი, ასაკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, ჩართულია საგანმანათლებლო/პროფესიული სწავლების პროცესში.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციარის ჩართვა სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში და ხელი შეუწყოს მას პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღებაში;

ბ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოთა ჩართულობით უზრუნველყოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბენეფიციარის დაკავშირება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან სპეციალისტთან;

გ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის არსებობის შემთხვევაში, გეგმის განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

დ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, სისტემატური ზედამხედველობა გაუწიოს ბენეფიციარის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებას;

ე) წაახალისოს და დაეხმაროს ბენეფიციარს ფორმალური და არაფორმალური (მაგ.: სპორტული, სამხატვრო, მუსიკალური, სახელობო და სხვა წრეები) განათლების მიღებაში. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს იგი დამატებითი მეცადინეობებით;

ვ) გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციითა“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსით“  გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, ბავშვთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის პრინციპები ბენეფიციარებს მიაწოდოს მათთვის გასაგები ფორმით.

მუხლი 9. ჯანმრთელობის დაცვა (სტანდარტი №9)

1. მოსალოდნელი შედეგი – 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარები იზრდებიან გარემოში, სადაც წახალისებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სათანადოდ ექცევა ყურადღება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში ხორციელდება ბენეფიციარების საექთნო მოვლა, რომელიც მოიცავს ნაწოლების დამუშავებას, სწორი ნაწლავის გარე მედიკამენტოზურ დამუშავებას, კათეტერისა და სტომის გამოყენებასა და მათი ჰიგიენური დამუშავების პროცესს, დამხმარე სამედიცინო აღჭურვილობის დამუშავებასა და შენახვას, მედიკამენტების მიწოდებასა და ა.შ.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ბენეფიციართა იმუნიზაციისა და სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმების პროცესის ხელშეწყობა; იმუნიზაციის პროცესის დროს გაითვალისწინოს ბავშვების შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების გაწევის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;

გ) ბენეფიციარს მისცეს რჩევები პირადი ჰიგიენისა და სქესობრივი განათლების, აივ/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, ასევე ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოსა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების მოსალოდნელ შედეგებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;

დ) გადაუდებელი/კრიზისული სიტუაციების ანგარიშის ჟურნალში აღრიცხოს   შემთხვევები, რამაც გამოიწვია ბენეფიციართა დაზიანება, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;

ე) აწარმოოს ინფექციებზე კონტროლი ექიმის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებით, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;

ვ) საჭიროების შესაბამისად, რეგულარული კავშირი ჰქონდეს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება აღჭურვოს ყველა იმ პირველადი საჭირო სამედიცინო ინვენტარით, რომელიც აუცილებელია ბავშვების ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ან/და გასაუმჯობესებლად;

თ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში დადგენილი ჰქონდეს მედიკამენტების შენახვისა და გაცემის პროცედურა, ბავშვისათვის საჭირო და დროული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის წესი;

ი) ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განახორციელოს მონიტორინგი მომსახურების პედიატრისა და აღმზრდელი-ექთნის საშუალებით.   

მუხლი 10. უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები (სტანდარტი №10)

1. მოსალოდნელი შედეგი:

ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს პროტესტისა და მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამოხატვის საშუალება;

ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები ცნობილია ბენეფიციარისა/მისი კანონიერი წარმომადგენლისა და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში და ცნობილია ბენეფიციარებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის;

ბ) მომსახურებაში შექმნას პირობები იმისათვის, რათა ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება (მაგ.: არსებობს კითხვარი, უკუკავშირის ჟურნალი ან ანონიმური კომენტარების გამოხატვის სხვა საშუალებები);

გ) განიხილოს ბენეფიციარის კომენტარები რეგულარულად, სულ მცირე, თვეში ერთხელ;

დ) გაითვალისწინოს ბენეფიციარის აზრი და შეხედულებები მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და უზრუნველყოს მისი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ე) აწარმოოს პროტესტის/უკუკავშირის ყველა გონივრული შემთხვევის აღრიცხვა, ბენეფიციართა შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

მუხლი 11. ძალადობისგან დაცვა (სტანდარტი №11)

1. მოსალოდნელი შედეგი – ყველა ბენეფიციარი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულებელყოფა), როგორც მომსახურებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) იცნობდეს და იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით („ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება);

ბ) ჰქონდეს შემუშავებული ძალადობისაგან დაცვის შიდა ინსტრუქცია;

გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში ჰყავდეს პერსონალი, რომელიც ფლობს შშმ ბავშვებში ძალადობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს;

დ) საჭიროების შემთხვევებში, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური დახმარების მიზნით;

ე) ძალადობის შესახებ არსებული ყველა ფაქტი და/ან განცხადება, ასევე მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიება, წერილობით აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში.

მუხლი 12. ზრუნვა და მეთვალყურეობა (სტანდარტი №12)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები სათანადო ზრუნვისა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მომსახურება იყენებს ქცევის მართვის პოზიტიურ ფორმებსა და ქცევის შეზღუდვის წესებს, რასაც იცნობენ ბენეფიციარები და თანამშრომლები.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) შინაგანაწესით განსაზღვროს ბენეფიციართა ქცევის მართვის მეთოდები და გააცნოს ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს;

ბ) ბენეფიციართა მიმართ გამოიყენოს ქცევის მართვის პოზიტიური ფორმები (მაგ.: წახალისება, შექება, დაჯილდოება და სხვა);

გ) ბენეფიციარის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, გამოიყენოს ქცევის შეზღუდვა არაძალადობრივი მეთოდებით;

დ) ბენეფიციარის მიმართ არ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ბენეფიციარის მხრიდან საკუთარი თავის ან სხვათა დაზიანების საშიშროება ფიზიკური შეზღუდვის გამოყენების შემთხვევაში, აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარის შემთხვევაში – უფლებამოსილ სოციალურ მუშაკს;

ე) ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს გაუჩინარებიდან 24 საათისა, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონიერ წარმომადგენელს და/ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

მუხლი 13.  დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება და მომსახურების დატოვება (სტანდარტი 13)

1. მოსალოდნელი შედეგი – 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარები მზად არიან დაბრუნდნენ ოჯახში, გადავიდნენ სხვა მომსახურებაში ან დატოვონ მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, რომელიც ასახულია მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურების მიწოდების პროცესში ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში;

ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები უმაღლესი განათლების მიღების ან პროფესიული ინტერესების გამოვლენის თვალსაზრისით, რაც აისახება მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში;

გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას მათი მომსახურებაში ჩარიცხვიდან;

დ)  ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს მომსახურებიდან გასვლის პროცესში, იქნება ეს სხვა მომსახურებაში გადასვლა, ოჯახში დაბრუნება თუ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება;

ე) ხელი შეუწყოს ბენეფიციარს და/ან მის კანონიერ წარმომადგენელს ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც ეხება მისი მომსახურებიდან გასვლას;

ვ) მომსახურებიდან გასვლისას ბენეფიციარის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს მომსახურებაში დაცული პირადი საქმის ყველა დოკუმენტი ან/და მისი ასლი.

მუხლი 14. ბენეფიციარზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №14)

1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების მიზანს და სათანადოდ აკმაყოფილებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, გარემო ხელმისაწვდომი და ადაპტირებულია.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება განახორციელოს ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ბენეფიციარებს ადვილად მიუწვდებათ ხელი ფორმალური/არაფორმალური განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებზე; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არ უნდა იყოს დაშორებული ბავშვთა გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებიდან 20-25 კმ-ზე მეტი მანძილით, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

ბ) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

ბ.ა) მომსახურების ფიზიკური გარემო ჰქონდეს მაქსიმალურად მიმსგავსებული ოჯახურ პირობებს. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, შენობას უნდა ჰქონდეს პანდუსი, ადაპტირებული ასასვლელ-ჩამოსასვლელი, საჭიროების შემთხვევაში, ლიფტი;

ბ.ბ) უზრუნველყოფილი იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (მათ შორის, ზამთრის პერიოდში – არანაკლებ 18 გრადუსისა, ხოლო ზაფხულის თვეებში  – არაუმეტეს 25 გრადუსისა). მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, უზრუნველყოს ოთახის ტემპერატურის ბენეფიციარების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება;

ბ.გ)  დაცული იყოს ტოქსიკური ნივთიერებებისგან;

გ) მომსახურების ფართობი და აღჭურვილობა შეესაბამებოდეს ბენეფიციართა რაოდენობას, რაც  მოიცავს:

გ.ა) სამზარეულოს/სასადილოს:

გ.ა.ა) არის შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო სამზადითა და სამრეცხაოთი, ჰქონდეს ადგილი მშრალი პროდუქტებისთვის, მაცივარი, გამწოვი ვენტილაცია (აღნიშნული არ ვრცელდება იმ დღის ცენტრზე, სადაც ადგილზე არ ხდება საკვების მომზადება);

გ.ა.ბ) უნდა ჰქონდეს ბენეფიციართა კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი, აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით (მაგიდასთან ადგილი და სკამი), იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა) და უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები;

გ.ა.გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში, სასადილო ოთახი იზოლირებული უნდა იყოს სამზარეულოსგან. სასადილოსა და სამზარეულოს ავეჯი და ინვენტარი ადაპტირებული უნდა იყოს ბავშვების საჭიროებების მიხედვით;

გ.ბ) 24-საათიანი მომსახურებისას – საძინებელი ოთახი (ოთახები):

გ.ბ.ა) ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 კვ. მ  ფართობისა;

გ.ბ.ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში 7 ბავშვისთვის განკუთვნილი 4 საძინებელი;

გ.ბ.გ) ერთ ოთახში უნდა განთავსდეს არაუმეტეს სამი ბენეფიციარისა; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში არაუმეტეს 2 ბენეფიციარისა, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის შემთხვევაში, გადაუდებელი შემთხვევების ან/და ბენეფიციარებს შორის ნათესაური კავშირის არსებობისას, შესაძლებელია, ერთ ოთახში განთავსდეს 4 ბენეფიციარი;

გ.ბ.დ) თითოეული ბენეფიციარისთვის ლოგინს, საწოლს, ტუმბოსა და ერთ კარადას, არაუმეტეს სამი ბენეფიციარისათვის;

გ.გ.) საერთო მოხმარების ფართს (სხვადასხვა აქტივობებისთვის), გარდა სააბაზანოს, საპირფარეშოების, დერეფნისა (სიგანე 2 მ-ზე ნაკლები) და სხვა სათავსებისა, რომლებიც 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში არის არანაკლებ 3 კვ. მ-ისა ერთ ბენეფიციარზე, ხოლო დღის ცენტრის შემთხვევაში – 5 კვ. მ-ისა ერთ ბენეფიციარზე;

გ.დ) საშხაპეს (მხოლოდ 24-საათიანი მომსახურებისას), საპირფარეშოს (ვენტილაციით), პირსაბანს (ცივი/ცხელი წყლით) – 10 ბენეფიციარზე არანაკლებ ორისა (24-საათიანი მომსახურებისას) და 15 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა (დღის ცენტრის მომსახურებისას). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში ბენეფიციარებისთვის არსებობს ორი სააბაზანო და ორი საპირფარეშო, თითოეულის ფართობი არანაკლებ 10 კვ. მეტრია. სააბაზანოსა და საპირფარეშოს აღჭურვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად;

გ.ე) სპეციალურ ოთახს ან ადგილს, სადაც შესაძლებელია ბენეფიციართან ინდივიდუალური მუშაობა, კონფიდენციალური გასაუბრება და კონსულტირება;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებს შეუქმნას თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები. მომსახურების გარემო და მოწყობილობები შეესაბამება შშმ ბავშვთა მომსახურების შინაარსსა და მათ შესაძლებლობებს, საჭიროებებსა და ინტერესებს;

ე) ჰქონდეს ბენეფიციართა ასაკისა და საჭიროების შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;

ვ) 24-საათიანი მომსახურებისას – თითოეული  ბენეფიციარი უზრუნველყოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ინდივიდუალური ნივთებით (მაგ.: პირსახოცი, კბილის ჯაგრისი, საპონი და სხვა), ასევე სუფთა თეთრეულით;

ზ) დღის ცენტრის მომსახურებისას გამოყოფილია ბენეფიციარების პირადი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილი დაცული ადგილი, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – უზრუნველყოს ბენეფიციარები პირადი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილი ადგილით, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით;

თ) მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართში აკრძალოს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება;

ი) თუ მომსახურება საჭიროებს ლიფტს, ლიფტის ყველა ღილაკზე აღნიშნული უნდა იყოს ტაქტილური რიცხვები, ხოლო უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტი;

კ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში კარების სახელურების სიმაღლე იატაკიდან არ უნდა აღემატებოდეს 0,85 მეტრს. არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთმანეთში შემავალი კარები;

ლ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში დასრულებული იატაკიდან ფანჯრის რაფა არ უნდა იყოს 0.9 მ სიმაღლეზე ზემოთ ან დაბლა;

მ)  მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში კიბის საფეხურის ზომები (სიმაღლე და სიღრმე) უნდა იყოს ერთნაირი და შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

მუხლი 15. უსაფრთხოება და სანიტარიული მდგომარეობა (სტანდარტი №15)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები მომსახურებას იღებენ უსაფრთხო გარემოში, სადაც დაცულია სანიტარიული წესები.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურების შენობაში უზრუნველყოს ტელეფონით სარგებლობა;

ბ) თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ცხელი ხაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05, გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და კანალიზაციის მიმწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) მომსახურებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შეინარჩუნოს სისუფთავე;

დ) კიბეებსა და აივნებს ჰქონდეს მოაჯირი. ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მოაჯირი უნდა იყო ორდონიანი, იატაკიდან 0,7 მეტრისა და 0,9 მეტრის სიმაღლეზე;

ე) შეინახოს საკვები ადეკვატურად – მალფუჭებადი საკვები ინახება მაცივარში;

ვ) მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც პასუხისმგებელია ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე;

ზ) თითოეულ საპირფარეშოში ჰქონდეს ჰიგიენის შესაბამისი ნივთები;

თ) ნაგავი შეინახოს დახურულ კონტეინერში, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ნაგვის გატანა უნდა ხდებოდეს, სულ მცირე, დღეში ერთხელ;

ი) უზრუნველყოს ბენეფიციართა პირადი ნივთების ხელშეუხებლობა;

კ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში, იატაკი ყველგან, საპირფარეშოს/სააბაზანოს ჩათვლით, არ უნდა იყოს ხორკლიანი, ბასრი ან სრიალა;

ლ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ არსებული სტანდარტების მიხედვით; პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია ცეცხლმაქრის შესაბამისად გამოყენებისა და ბავშვების უსაფრთხო ევაკუაციის შესახებ;

მ)  ჰქონდეს ევაკუაციის გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან“ („ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი“). მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში საევაკუაციო გეგმა უნდა იყოს მომზადებული ბრაილის შრიფტითაც და მხედველობის დარღვევის მქონე ბენეფიციარები უნდა იცნობდნენ მას დეტალურად. პერსონალი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ევაკუაციის გეგმის შესახებ.

მუხლი 16. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №16)

1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურებაში ბენეფიციართა აღზრდა-განვითარებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის  თანამშრომლები.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, მომსახურებაში ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართულ პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი ჰქონდეს სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან;

ბ)  მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში, მომსახურების აღმზრდელებისთვის უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული ტრენინგი, რომელიც მოიცავს ზოგადი მოვლის, საექთნო მოვლისა და განვითარების საკითხებს;

გ) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა და მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

დ) დაიცვას აღმზრდელებისა და ბენეფიციარების შემდეგი თანაფარდობა:

დ.ა)  24-საათიან მომსახურებაში დღის განმავლობაში ყოველ 5 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი, ხოლო ღამითა და შაბათ-კვირას – 10 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (ბენეფიციარის სტაციონარში, პოლიციაში და სხვ. მოხვედრა). მომსახურების ადგილზე (ცალკე გამოყოფილ ფართზე) ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 10-ს, გარდა მიუსაფარ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებისა, სადაც ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 15-ს;

დ.ბ) დღის ცენტრის მომსახურებაში ყოველ 15 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი/პედაგოგი;

დ.გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 7-ს, რომელთაც დღის განმავლობაში ემსახურება მინიმუმ 3 აღმზრდელი, ხოლო ღამის განმავლობაში მინიმუმ 2 აღმზრდელი. გადაუდებელი შემთხვევების არსებობისას, შესაძლებელია, ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვროს 10-ით, რომელთაც დღის განმავლობაში ემსახურება მინიმუმ 4 აღმზრდელი, ხოლო ღამის განმავლობაში მინიმუმ 2 აღმზრდელი.  მომსახურება ითვალისწინებს აღმზრდელების ცვლებში მონაცვლეობასაც. ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეული ცვლის ფარგლებში აღმზრდელებიდან ერთ-ერთი არის ექთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვების საექთნო მოვლას;

ე) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებას აღმზრდელებთან ერთად უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება ოკუპაციური თერაპევტისგან, სოციალური მუშაკისაგან, ფსიქოლოგისა და პედიატრისგან.“.