„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025804
493
09/03/2020
ვებგვერდი, 12/03/2020
000000000.00.003.025804
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №493

2020  წლის 9  მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას საინფორმაციო ბარათების (სამახსოვროს) დარიგებას;

ბ) კორონავირუსის გავრცელების  (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას:

ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;

ბ.ბ) სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;

ბ.გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის;

ბ.დ) საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელი პირებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანმოს მიერ განსაზღვრულ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა) ან მოემგზავრებიან ასეთი ქვეყნების გავლით, შემდეგი პირობების მოთხოვნას:

ბ.დ.ა) წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევა), რომელიც  გაცემული უნდა იყოს ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ;

 ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლას და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ახალი კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლას, იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) და შესრულდება შემდეგი პირობები:

გ.ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;

გ.ბ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;

გ.გ) განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა  საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;

დ) იმპორტიორების ინფორმირებასა და, საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდაციის მიცემას, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით;

ე) ახალი კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, ხოლო სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას  მათ დაფიქსირებასა და:

ე.ა) ადგილზევე პირის დაუყოვნებლივ დროებით იზოლაციას და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე.ბ) თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მის გადაყვანასა და ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

შენიშვნა: ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ამავე პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ავტობუსების ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 6 მარტიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი გახარია.