საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5862-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019778
5862-IIს
20/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
090000000.05.001.019778
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 113-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს ოქმში.“.

2. 114-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. ამავე უფლებით სარგებლობს დაცვის მხარე ამ კოდექსით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ პირს დააკმაყოფილებდა, რათა მას დაესკვნა აღნიშნული პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია, ამასთანავე, ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული დაცვის მხარის უფლება არ ვრცელდება:

ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე/მის ზემდგომ თანამდებობის პირზე, განხორციელებულ/განსახორციელებელ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე/მის ზემდგომ თანამდებობის პირზე/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებაში ჩართულ პირზე, განხორციელებულ/განსახორციელებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით;

გ) პროკურორზე, გამომძიებელზე, მათ ზემდგომ თანამდებობის პირზე, ამ კოდექსით განხორციელებულ/განსახორციელებელ მოქმედებასთან დაკავშირებით.“; 

გ) მე-5−მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარე შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით. შუამდგომლობაში აღინიშნება მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის მოწმედ დაკითხვის საფუძველი. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარის შუამდგომლობა ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ გამოსაკითხი პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა მნიშვნელოვანია.

6. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში. დაუშვებელია მოწმის ღამით დაკითხვა. დაწყებული დაკითხვა ღამის დადგომისთანავე უნდა შეწყდეს და მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.

7. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მას დაკითხვის ინიციატორ მხარეს უგზავნის/გადასცემს. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 24 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება საჩივრის ავტორს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მაგისტრატ მოსამართლეს. ამ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ მაგისტრატი მოსამართლისთვის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მოწმედ დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, ზუსტი დრო, როდესაც ის უნდა გამოცხადდეს, აგრეთვე რა შედეგები მოჰყვება არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი წესი. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით დადგენილი ვადები არ გამოიყენება. მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს მისი მიყვანისთანავე, გონივრულ  ვადაში.  დაკითხვის  ინიციატორი  მხარე უფლებამოსილია მოწმედ დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა.

9. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით, მე-2 და 21 ნაწილებითა და მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მოწმედ დაკითხვა მხარეთა მონაწილეობით მიმდინარეობს. დაკითხვის ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დაკითხვა ჩატარდეს მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.“;

დ) მე-10 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მხარე უფლებამოსილია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ეს პირი მოწმედ კანონის არსებითი დარღვევით დაიკითხა.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 მარტი 2020 წ.

N5862-IIს