„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017309
85
26/03/2020
ვებგვერდი, 30/03/2020
200090000.22.033.017309
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №85

2020 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 251 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად.“.

2. 252 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად.“.

3. 252 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 253 მუხლი:

„მუხლი 253. მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოყენება

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან/და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდეგში – დამკვეთი) მიერ სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრაქტორთა მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის (მასალების, ხელსაწყოებისა და დანადგარების, ასევე, მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის – მიწისა და ქანების) ტრანსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების პუნქტები მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებში.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, სამშენებლო მოედანს წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის (კონტრაქტორის) მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) დაინტერესებული პირის სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელსა და გვარს) და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ამ ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმაციას;

გ) შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში არსებულ დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს სურს ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს დამკვეთის ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის დადასტურების შესახებ. ამასთანავე, ცნობით უნდა დასტურდებოდეს:

ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები;

გ) სამშენებლო მოედნის ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით;

დ) დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადები.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის რეგულაციის გავრცელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში შეტანას. რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური და იგი განთავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მშენებლობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება;

გ) სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი;

დ) სამშენებლო მოედნის ტერიტორია (კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით);

ე) ვადა, რომლის განმავლობაშიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან სხვა მიზეზით შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი