„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება"

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება"
დოკუმენტის ნომერი 18/225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016614
18/225
24/12/2019
ვებგვერდი, 18/06/2020
480610000.03.030.016614
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

პრეამბულა

 

საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში, როგორც ცალკე აღებული „მხარე“ და ერთად „მხარეები“), ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი I

მიზანი

ამ შეთანხმების მიზანია, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის საფუძველზე განსაზღვროს  მთლიანობაში 100.000.000  თურქული ლირის (ასი მილიონი თურქული ლირა) ეკვივალენტის აშშ დოლარებში მოწოდების პრინციპები, რომელიც  გამოყოფილი იქნება მომავალ წლებში, რათა შეძენილ იქნეს სამხედრო მიზნებისათვის საქონელი და მომსახურება.   საქონელი და მომსახურება შეძენილ უნდა იქნეს სასურველია თურქეთში მოქმედი 100% ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისაგან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და წლიური ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში.  რესურსის ოდენობა მთლიანობაში აშშ დოლარის ეკვივალენტი თურქულ ლირაში, რომელიც განისაზღვრება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და წლიური ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მხარეთა კომპეტენტურ უწყებებს შორის.

 

მუხლი II

ფარგლები

ამ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის 100.000.000. თურქული ლირის (ასი მილიონი თურქული ლირა) ეკვივალენტი აშშ დოლარებში რესურსი  ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური კონტრიბუციის სახით, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, სასურველია თურქეთში მოქმედი 100% ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისაგან. რესურსის ოდენობა მთლიანობაში აშშ დოლარის ეკვივალენტი თურქულ ლირაში, რომელიც განისაზღვრება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და წლიური ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში და რომელიც გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ.

 

მუხლი Ш

კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პირები

 

ეს შეთანხმება განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ და საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამ შეთანხმების საკონტაქტო პირები არიან საქართველოს მთავრობის სამხედრო ატაშეს ოფისი/საელჩო ანკარაში/თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამხედრო ატაშეს ოფისი/საელჩო თბილისში/საქართველო.

 

მუხლი IV

განხორციელების პრინციპები

1. 100. 000. 000 თურქული ლირის (ასი მილიონი თურქული ლირა) რესურსი ხელმისაწვდომი იქნება გადანაწილებულად ყოველწლიურად შემდგომ წლებში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობისა და წლიური საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

2. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, საქართველოს მთავრობის მიერ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას უნდა გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება პრიორიტეტული პროექტის წინადადებებზე (უნდა მოიცავდეს ტიპს, ოდენობას, ტექნიკურ სპეციფიკაციებს და თუ შესაძლოა საქონლის სურათებს) შემდგომ წლებში საგარეო სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.

3. საქართველოს მთავრობა აგზავნის გასული წლების განახლებული პროექტის წინადადებებს (უნდა მოიცავდეს ტიპს, ოდენობას, საქონლის სპეციფიკაციებს), რომელსაც ისინი შეატყობინებენ ყოველი წლის იანვრის ბოლოსათვის თურქეთის რესპუბლიკას.

4. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისი/საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, თუ რამდენი თანხა იქნება ხელმისაწვდომი 100. 000. 000 თურქული ლირიდან (ასი მილიონი თურქული ლირა) და თუ რომელი პროექტისათვის შეიძლება ამ სახსრების განკარგვა.

5. შეტყობინებული გამოყოფილი რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს 5 (ხუთი) წლის მანძილზე მას შემდგომ, რაც თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისი/საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას. რესურსის გამოყენების უფლებას ვადა გასდის, თუ არ იქნა გამოყენებული აღნიშნულ პერიოდში. ვადაგასული რესურსების განკარგვის უფლება ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკას.

6. ადგილობრივი ფირმებისა და ინსტიტუტებისაგან, უპირველესად თურქეთში მოქმედი კომპანიებისაგან, რომლებიც მიზანშეწონილია  იყვნენ 100% ადგილობრივი კომპანიები,  სამხედრო მიზნებისათვის საგნებისა და მომსახურების შეძენის შემთხვევაში დამტკიცებული შესყიდვის პროექტის აკუმულირებული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დიპლომატიური არხებით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს უგზავნის მოთხოვნების სიას (იგი უნდა ფარავდეს მის პრიორიტეტებსაც) შეტყობინებული პროექტის დადგენილ ნორმებსა და შესყიდვის პროცესის აკუმულირებული რესურსის ფარგლებში. თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრინციპების ფარგლებში  დაიწყება შესყიდვის პროცესი  ფირმებისა და ინსტიტუტებისაგან თურქეთში, რომლებიც მიზანშეწონილია  იყვნენ 100% ადგილობრივი კომპანიები.

8. მიმწოდებელმა უნდა გააგზავნოს საქონელი შესაბამის ქვეყანაში,  მიწოდებულ უნდა იქნეს თურქეთიდან საქართველოში  და სატრანზიტო ვაჭრობა არ უნდა განხორციელდეს.

9. მიწოდება, სატვირთო გადასახადი, ტრანსპორტირება, მონტაჟი, შეფუთვა, სწავლების ხარჯები და თურქეთიდან სწავლების ჩასატარებლად ჩასასვლელი პერსონალის  ტრანსპორტირება, საკვებისა და განთავსების ხარჯები, ხარჯები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ხელმისაწვდომ ფულად რესურსს, როგორიცაა სამივლინებო ხარჯები და სადღეღამისო ნორმა, დაზღვევა, საბანკო გადასახადი, გადასახადები, მოსაკრებლები და სავალუტო გაცვლის ხარჯები უნდა შედიოდეს ხელშეკრულებაში, რომელიც ფორმდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფირმას შორის.

10. გადახდა განხორციელდება მას შემდეგ, რაც დიპლომატიური არხებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეატყობინებს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს, რომ საქონელი მიღებულია სრულად და დაუზიანებლად ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და შესყიდვის პროცესის ინსპექტირების პროცედურები განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით.

11. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა განახორციელებს ხელმისაწვდომ რესურსზე უფრო ძვირადღირებულ შესყიდვას, მაშინ მან  უნდა გადარიცხოს ხელმისაწვდომ რესურსს ზემოთ არსებული თანხები. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა არ გადაიხდის შეტყობინებულ ხელმისაწვდომ თანხაზე მეტს. დამატებითი სახსრები გადახდილი უნდა  იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.

12. შესყიდვასთან დაკავშირებული ვიზიტების პროცესი დაწყებული უნდა იქნეს ხელმისაწვდომ რესურსზე საქართველოს მთავრობის წერილობითი ინფორმირების შემდგომ. შესყიდვის პროცესთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის  ოფიციალური პირების ხარჯები დაფარული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ. შესყიდული საქონლისა და მომსახურების საქართველოსათვის გადაცემის შემდგომ მასზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

 

მუხლი V

საქონლისა და მომსახურების გამოყენების უფლება

1. ამ შეთანხმების თანახმად, არ შეიძლება საქართველოს მთავრობამ განახორციელოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადაცემული ფინანსური რესურსებით შეძენილი ქონებისა და მომსახურების ჩამოწერა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წერილობითი თანხმობის გარეშე.  

2. საქართველოს მთავრობა საქონელსა და მომსახურებას ან მათი გამოყენების უფლებას არ გადასცემს სხვა ქვეყანას ან მესამე მხარეს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

3. ამ შეთანხმების პირობები არ ვრცელდება ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მხარეები არიან ორივე მხარე და არ გამოიყენება სხვა ქვეყნების უფლებების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ.

 

მუხლი VI

საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება

მხარეები არ გაუმჟღავნებენ შეთანხმების შინაარსს და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას მესამე მხარეს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.  ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის პრინციპი  ვრცელდება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.

 

მუხლი VII

დავათა გადაწყვეტა

ამ შეთანხმების განხორციელებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს მხარეები გადაწყვეტენ დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების გზით ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლოს, საარბიტრაჟო ორგანოსა ან მესამე მხარისადმი დავის გადასაწყვეტად მიმართვის გარეშე. თუკი მხარეთა შორის დიპლომატიური არხების საშუალებით მოლაპარაკებებით არ იქნა მიღწეული შეთანხმება, შეთანხმება შეწყდება მუხლი X მოცემული პროცედურების შესაბამისად.

 

მუხლი VIII

ცვლილებები და დამატებები

1. თითოეულმა მხარემ შეიძლება წამოაყენოს წინადადება წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მხარეები წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დაიწყებენ მოლაპარაკებებს.

2. მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ცვლილებები ძალაში შევა მუხლი IX მოცემული პროცედურების შესაბამისად.

3. თუკი კონსულტაციების დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, შეთანხმება შეწყდება მუხლი X დებულებების შესაბამისად.

4. მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მხარეები გააგრძელებენ შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას.

 

მუხლი IX

რატიფიკაცია და ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების საშუალებით მიღების დღიდან.

 

მუხლი X

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

1. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

2. თუკი ამ შეთანხმების შეწყვეტამდე 60 (სამოცი) დღით ადრე ერთ-ერთი მხარე არ აცნობებს დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით მეორე მხარეს ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, შეთანხმება ავტომატურად გრძელდება ერთწლიანი (1) პერიოდებით.

3. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ან დაასკვნის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ შეთანხმების დებულებებს, მხარეებს შეუძლიათ წერილობით მოითხოვონ კონსულტაციები. კონსულტაციები დაიწყება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. თუკი 60 (სამოცი) დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს მთავრობა სრულად გამოიყენებს გამოყოფილ, რესურსს, ეს შეთანხმება შეწყდება ავტომატურად.

5. შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, გამოყოფილი მაგრამ აუთვისებელი რესურსი დაუბრუნდება თურქეთის რესპუბლიკის ხაზინას ნოტიფიკაციის თარიღის  გათვალისწინების გარეშე.

5. შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმების მუხლი V დებულებებზე.

 

მუხლი XI

ტექსტი და ხელმოწერა

1. ეს შეთანხმება მომზადდა ორ ორიგინალ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

2. ამის დასტურად, ორივე მხარის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელმომწერები, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას 2019 წლის 24 დეკემბერს, ქ.    ანკარაში/თურქეთის რესპუბლიკა.

 

 

საქართველოს მთავრობის სახელით:

 

ხელმოწერა:     (ხელმოწერილია)

                                                       

სახელი:             ირაკლი ღარიბაშვილი     

თანამდებობა:  თავდაცვის მინისტრი

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით:

 

ხელმოწერა:          (ხელმოწერილია)                                                

 

სახელი:              ჰულუსი აქარი

თანამდებობა:   ეროვნული თავდაცვის მინისტრი