საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6700-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016064
6700-რს
01/07/2020
ვებგვერდი, 07/07/2020
010190030.06.001.016064
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. პარლამენტის წევრთა საპარლამენტო თანამდებობები

1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:

ა) პარლამენტის თავმჯდომარე;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) კომიტეტის თავმჯდომარე;

ე) ფრაქციის თავმჯდომარე;

ვ) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ზ) ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

თ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

ი) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობაზე, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევა იწვევს მიმდინარე თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.“.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით:

ა) პარლამენტის თავმჯდომარეს – 6740 ლარი;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6400 ლარი;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6340 ლარი;

დ) კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 5540 ლარი;

ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარი;

ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარი;

ზ) პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 4624 ლარი.“.

4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“.

5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების, გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება განხილვის გარეშე მიიღება. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას.“.

 6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:

ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის 2 მოადგილე აირჩევა იმ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც განეკუთვნებიან საპარლამენტო უმრავლესობას;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.“. 

 7. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.

8. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წყვეტს ფრაქციათა რეგისტრაციის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის საკითხებს;“.

9. 25-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს პარლამენტის ბიუროს სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის ან ფრაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარლამენტის ბიუროს სხდომას ბიუროს თანხმობით შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები.“.

10. 28-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.“.

11. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან 7 დღის ვადაში.“.

12. 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის არჩევისათვის.“.

13. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.“.

14. 34-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.“;

ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა ერთ დღეს იმართება და ერთ-ერთი მათგანი მაინც გასვლითია.“.

15. 36-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალების მიზნით კომიტეტის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. ამ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.

 16. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.“.

17. 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვისას თანამომხსენებლად უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. 

3. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც ამ ანგარიშს დაუყოვნებლივ უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.

18. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყოველი სამუშაო სფეროსთვის/მიმართულებისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი თემატური მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთაგან და, სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციების წევრთაგან და უფრაქციო პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც შედიან საპარლამენტო ოპოზიციაში. ერთსა და იმავე სამუშაო სფეროში/მიმართულებაში მესამე და ყოველი მომდევნო თემატური მომხსენებლის დანიშვნა დასაშვებია კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“.

19. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფრაქცია“.

20. 48-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფრაქციის სტატუსი“.

21. 49-ე მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს.

2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

3. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის წესდებას.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

7. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 7 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის წესდების მიღების მომენტიდან.“.

22. 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი სამანდატო კომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.

23. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.“.

24. 52-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წევრი ფრაქციაში მიღებულად, ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წევრი ფრაქციიდან გასულად ჩაითვლება მისი ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.“.

25. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 53. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა

ფრაქციას უფლება აქვს, მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს ფრაქციას.“.

26. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია

1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.

2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის საპარლამენტო თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საპარლამენტო თანამდებობასთან შეთავსება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

3. ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

4. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, პარლამენტის ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. ის პარლამენტის წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო.

6. საპარლამენტო უმრავლესობის ან საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი პარლამენტის წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას, თუ იგი აღარ შედის, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო ოპოზიციაში.“.

27. 57-ე−მე-60 მუხლები ამოღებულ იქნეს.

28. 62-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

4. ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კვოტების დაცვით, პარლამენტის ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ პარლამენტის ბიუროს.“.

29. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის გარდა, პარლამენტში იქმნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარედ ფრაქციის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს.“.

30. 86-ე მუხლის:

ა) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე.

12. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.“;

ბ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

31. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, მინისტრის საათის, საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხის განხილვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის, საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.“.

32. 89-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს დღის პირველ ნახევარში, რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან პარლამენტის დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი ან ფრაქცია მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“.

33. 91-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფრაქციათა თავმჯდომარეები დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი მის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე თვითონ წერილობით აცნობებს მანდატურთუხუცესს.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.“.

34. 93-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვროს გამომსვლელთა თანმიმდევრობა. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გამომსვლელისათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.“.

35. 95-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის პროცედურის/პროცედურების დაწყების სავარაუდო დროს პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს პლენარული სხდომის გახსნისთანავე. შესაბამისი კენჭისყრის პროცედურის/პროცედურების გამოცხადებულ სავარაუდო დრომდე დაწყება დაუშვებელია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთანავე, ფრაქციას უფლება აქვს, პროცედურულ საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ორჯერ, ხოლო უფრაქციო პარლამენტის წევრს – ერთხელ.“.

36. 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე ფრაქციის ან  უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.“.

37. 101-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს;“.

38. 102-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.

39. 107-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 3 კვირისა საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ კანონპროექტის თაობაზე შენიშვნებს, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, აგრეთვე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომ – შენიშვნების ფურცელი).“.  

40. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვს კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრს.“.

41. 111-ე მუხლის მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები თითოეული მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში. ამ პარლამენტის წევრთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.

10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანმიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე.  გამოსვლებისათვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.

12. ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.“.

42. 112-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ.“;

ბ) მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები თითოეული მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.

10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანმიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. გამოსვლებისათვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.

12. ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.“.

43. 117-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.“.

44. 118-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ნორმების ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების გარეშე, პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, რეგლამენტის 111-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

45. 125-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს.“.

46. 132-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტისათვის წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს, აგრეთვე კომიტეტებს, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კონცეფციას. პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონცეფცია განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს.

4. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ კონცეფციას და მასთან დაკავშირებით მოტივირებულ დასკვნებს არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს კონცეფციის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების და კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“.

47. 136-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვის განრიგის შედგენას.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი და მათი განხილვის განრიგი განრიგის შედგენის მომდევნო დღეს ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეგზავნება მხოლოდ აღნიშნული განხილვის განრიგი.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ პარლამენტის კომიტეტები (გარდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა), ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. აღნიშნული დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს და აფასებს სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს, ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე ამზადებს საბოლოო დასკვნას და მას არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.“;

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები პარლამენტში მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, ამასთანავე, ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს.“;

ე) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გადაცემიდან 3 დღის ვადაში განხილვაში მონაწილე პარლამენტის კომიტეტები (გარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა), ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გადაცემიდან 3 დღის ვადაში განიხილავს აგრეთვე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნული დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

16. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს, განიხილავს და აფასებს სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს, ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე ამზადებს საბოლოო დასკვნას და მას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის ბიუროს.“.

48. 142-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განიხილავენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს და უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და უგზავნის მას პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები მათი სფეროების მიხედვით, ფრაქციები და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.

6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს და მათ კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.“.

49. 149-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებულია ორზე მეტი შეკითხვა, პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ დროს ისე, რომ ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლისათვის გამოყოფილი დრო შეესაბამებოდეს ორი შეკითხვისათვის ამავე მუხლით განსაზღვრულ ჯამურ დროს.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელისათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისათვის.“.

50. 154-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს პარლამენტისადმი მიმართვა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნას.“.

51. 155-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს ან კომიტეტს. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3-ჯერ, თითო თვით. აღნიშნული დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომიტეტის წევრებისაგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი ან პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომიტეტის, პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ან/და დავალებები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.

52. 157-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წევრი.

3. ფრაქციები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ პარლამენტს. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ ორზე მეტი ნდობის ჯგუფის წევრის წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება იმ 2 ფრაქციის წევრი, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება იმ ფრაქციის წევრი, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.“;

ბ) 31 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფრაქციის მიერ წარდგენილ ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ ფრაქციის მიერ ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში. ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.“.

53. 176-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს.

4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.“.

54. 179-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის მიერ რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს.“.

55. 188-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრი სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო საქართველოს ოფიციალური საპარლამენტო  დელეგაციის ხელმძღვანელი – საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარლამენტის თავმჯდომარის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის ინიციატივით პარლამენტმა შეიძლება უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღოს რეზოლუცია ან სხვა გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შედეგების შესახებ.“.

56. 189-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.“.

57. 190-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“.

58. 195-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 195. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.“.

59. 196-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს, რომლებიც მას განიხილავენ არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.“.

60. 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს კანდიდატურას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე;

დ) ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს კანდიდატურებს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე;“.

61. 205-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3 კანდიდატი მონაწილეობდა და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს. თუ არჩევისას 3-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და კანდიდატთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, იმართება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.“.

62. 206-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საკონკურსო კომისიას ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ფრაქციებისა  და უფრაქციო პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

63. 207-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპროკურორო საბჭოს 2 წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. არჩეულ საპროკურორო საბჭოს წევრთაგან ერთი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ხოლო ერთი − საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. ყოველ ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის თითო კანდიდატი. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი წარედგინება პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, არჩევის პროცედურა ერთი თვის ვადაში, ამ პუნქტით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები 2 კვირის ვადაში წარედგინება.“.

64. 209-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია ფრაქციებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ პარლამენტს. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და მათ კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ შესაბამისი ფრაქციების თავმჯდომარეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატურის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;

დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.

13. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.“;

ვ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებით.“. 

65. 210-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 210. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი

1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის 3 წევრი ინიშნება პარლამენტის წევრთაგან, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის 2 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, ხოლო ერთ წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით − საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი შესაბამისი ფრაქცია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის წევრს ვერ დანიშნავს, შესარჩევი კომისიის წევრის დანიშვნის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. 

3. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის ახალი წევრი უნდა დაინიშნოს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო შესაბამისი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ შესარჩევი კომისიის ახალი წევრის დანიშვნისას ამ მუხლით განსაზღვრული ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ვადები შესაბამისი დროით გაგრძელდება.“.

66. 215-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, პარლამენტის კომიტეტების აპარატები, საპარლამენტო ფრაქციების აპარატები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები, საბჭოებისა და სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.“.

67. 217-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს ფრაქციებთან და უფრაქციო პარლამენტის წევრებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე ისე, რომ სამეთვალყურეო საბჭოში თითოეული ფრაქციის ერთი წევრი მაინც იყოს წარმოდგენილი. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

68. 227-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ფრაქციის მიერ წარდგენილი ეთიკის საბჭოს წევრი წელიწადში ერთხელ როტაციას ექვემდებარება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.“.

69. XX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XX

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 228. გარდამავალი დებულებები

1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. საარჩევნო ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას ფრაქციის შექმნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში ამ პოლიტიკური პარტიის მიერ შეყვანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან 7 მაინც იქნა პარლამენტის წევრად არჩეული.

2. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან აგრეთვე მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროები.

3. რეგლამენტის ამოქმედების დროისათვის არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას მათი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 229. დასკვნითი დებულებები

1. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) 2012 წლის 22 ივნისის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009);

ბ) საქართველოს 1998 წლის 5 მარტის კანონი  „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201);

გ) საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160);

დ) საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის კანონი „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36);

ე) საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ რეგლამენტთან მათ შესაბამისობამდე.

3. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის 145-ე, 167-ე, 169-ე, 181-ე და 187-ე მუხლებისა, 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 210-ე, 211-ე და 222-ე მუხლებისა, ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

4. ამ რეგლამენტის 167-ე, 187-ე, 210-ე და 211-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ რეგლამენტის 145-ე და 222-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

6. ამ რეგლამენტის 169-ე და 181-ე მუხლები და 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

1 ივლისი 2020 წ.

N6700-რს