დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7024-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016066 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.“. 2. 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისთვის რეგლამენტის 82-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 3. 105-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს.“. 4. 138-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N7024-რს |
დოკუმენტის კომენტარები