„ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
მიღების თარიღი 20/07/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36(42), 28/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 170.0120.003.695
  • Word
47
20/07/1999
სსმ, 36(42), 28/07/1999
170.0120.003.695
„ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“
ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.012.003.695

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება 47

1999 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე შესრულების მიზინით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამუშავებული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებული ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულება.

2. დაევალო საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ხელმძღვანელებს ერთი თვის ვადაში დაამუშაონ ტექნიკური აღრიცხვის შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის დებულება, შეათანხმონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან და დასამტკიცებლად წარუდგინონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ იური შიუკაშვილს.

მ. ჩხენკელი

ტიპური დებულება ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის შესახებ

 

1. ძირითადი დებულებანი

 1. ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის (შემდგომ ტექსტში _ სამსახური) მიზანია განაშენიანებულ ტერიტორიებზე (ქალაქი, დაბა, სოფელი და სხვა) მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია (ძირითადი და მიმდინარე) და პასპორტიზაცია.

2. სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონის საფუძველზე (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ) სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, სამეურნეო და სხვა საჯარო საქმიანობას. მას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. აქვს ძირითადი საშუალებანი, საბრუნავი სახსრები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები საბანკო დაწესებულებეში, მრგვალი და სწორკუთხოვანი ბეჭდები თავის სახელწოდებით, აგრეთვე სათანადო ბლანკები და სხვა.

3. სამსახური თავის საქმიანობაში განუხრელად ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანებებით და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით და ბრძანებებით, აგრეთვე ამ დებულებით.

4. სამსახურს აფუძნებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო და ადგილობრივი მმართველობის ორგანო, სახელმწიფო ადმინისტრაციული აქტით სამსახური იმყოფება ორმაგ დაქვემდებარებაში, რომლის დებულებას ამტკიცებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო ხსენებულ სამინისტოროსთან შეთანხმებით.

 

2. სამსახურის ძირითადი ამოცანები

5.სამსახურს ეკისრება შემდეგ ამოცანათა შესრულება:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით და მათ ხარჯზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ძირითადი და მიმდინარე ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის სამუშაოების განხორციელება, რომლებშიც უნდა აისახოს: მათი დეტალური გეგმები, ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, ძირითად კონსტრუქციებში გამოყენებული სამშენებლო მასალათა სახეობანი, საცხოვრებელი, საერთო და არასაცხოვრებელი ფართობი, შენობა-ნაგებობათა აღდგენითი და სამოქმედო ღირებულება, ფიზიკური და მორალური ცვეთა პროცენტებში და ფულად გამოსახულებაში, მესაკუთრეთა (მფლობელთა) ვინაობა, საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და სხვა.

შენიშვნა: შენობა-ნაგებობებში იგულისხმება: სახელმწიფო, მუნიციპალური, მრეწველობის, საბინაო-კომუნალური, განათლების, კულტურის, რელიგიისა და კერძო პირთა საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე მშენებლობით-დაუმთავრებელი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხები, სავაჭრო ჯიხურები და ფარდულები, საწყობები, სარდაფები, მათ შორის შემოქმედებითი სახელოსნოები და სხვა.

ბ) ანალოგიური სახის სამუშაოების განხორციელება მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციებზე (წყალსადენ-კანალიზაციის, თბოფიკაციის, საქალაქო ელექტროფიკაციის ქსელები და ნაგებობები, აგრეთვე ელექტროტრანსპორტი, სასტუმროები, აბანოები, სამრეცხაოები და სხვა) და კეთილმოწყობის ობიექტებზე (ქუჩები, ტროტუარები, მოედნები, ხიდები, წყალგამტარი არხები, ნაპირსამაგრი კედლები, სკვერები, ბაღები, პარკები, გაზონები და ა. შ.);

გ) შენობა-ნაგებობებზე საკუთრებისა და მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა-აღრიცხვა.

6. ამ დებულების მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ ამოცანათა შესაბამისად, სამსახურს ევალება:

ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე მოუმზადოს და მიაწოდოს მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო და პასპორტიზაციის ასლები, ტექნიკური ცნობა-დახასიათებები და დასკვნები, სხვადასხვა დამახასითებელი ცნობები, დოკუმენტების ამონაწერები და სხვა.

შენიშვნა: შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები ნაზღაურდება დამკვეთი მხარეების მიერ;

ბ) ზემდგომ ორგანოებს დაწესებულ ვადაში წარუდგინოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ბალანსი, ნახევარწლიური, წლიური ანგარიში და სტატისტიკური მაჩვენებლები;

გ) დროულად განიხილოს მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებები, რომელთა შესწავლისა და შემოწმების საფუძველზე მოამზადოს სათანადო დასკვნები და მიიღოს საჭირო ზომები;

დ) კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლება სასწავლო ჯგუფებში, სპეციალურ კურსებზე, თათბირ-სემინარებზე და სხვა.

- დაწესებულ დროში ჩაატაროს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ატესტაცია და მისი შედეგების მიხედვით მოახდინოს კადრების შერჩევა-გადანაწილება;

- ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება;

- საქმიანობაში ახალი ტექნიკისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვა;

ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება და ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ამოცანათა და ვალდებულებათა შესრულებასთან;

ვ) დაწესებული ფორმით მოამზადოს და გასცეს ცნობები (ქონების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ) იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და მოითხოვენ მათ საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვას, გაჩუქებას, მემკვიდრეობით გადაცემას, იპოთეკას და სხვა;

ზ) აღნიშნული ცნობები გასცეს მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონების ადგილზე შემოწმების შემდეგ.

შენიშვნა: ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ მიღებული ცნობის საფუძველზე, 30 დღის განმავლობაში ნოტარიალურ ორგანოში თავისი ქონების (შენობა-ნაგებობების) ყიდვა-გაყიდვის, გაჩუქების, მემკვიდრეობის გადაფორმების ან სხვა პირობით სხვა პირზე გადაცემის ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება უბრუნდება ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს ტექნიკური მაჩვენებლების შესამოწმებლად და მესაკუთრის ფიქსირებისათვის.

7. სამსახური ვალდებულია:

ა) საჯარო რეესტრის სამსახურს წარუდგინოს დადგენილი წესით გათვალისწინებული:

- იმ შენობა-ნაგებობათა მონაცემები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა, გაჩუქება, დაგირავება ან სხვა დადასტურებული იქნა სანოტარო ორგანოებში, სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულებების უტყუარობისა და სისწორის წინასწარი შემოწმების გათვალისწინებით;

- სასამართლოებიდან, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროდან და მისი ტერიტორიული ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან მიღებული ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მიკუთვნებული ქონების (შენობა-ნაგებობების) იურიდიულად დაზუსტებული მონაცემები;

- ექსპლუატაციაში არსებული შენობა-ნაგებობების მონაცემები მათი მოთხოვნისა და გაწეული საინვენტარიზაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების გათვალისწინებით;

ბ) ზემდგომ ორგანოებს, სასამართლოებს, პროკურატურას, ძალოვან სტრუქტურებს, იურიდიულ კონსულტაციებს და სხვა ორგანიზაციებს, მათი მოთხოვნის შესაბამისად მოუმზადოს და მისცეს შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციასთან დაკავშირებული მონაცემები.

3. დაფინანსება

8. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფრ შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და ცალკეული მოქალაქეებისაგან მიღებული შემოსავალი, რომლებიც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თანხას გადაუხდიან სამსახურს მის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიშში (ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია, ცნობა-დახასიათება, სხვადასხვა დამახასიათებელი ცნობები, საინვენტარიზაციო დოკუმენტების ასლები, ტექნიკური გამოკვლევები და სხვა);

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. მართვა, წარმომადგენლობა

9. სამსახურს მართავს მისი უფროსი, რომელიც შესაბამისი კანონის, პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, ამასთან მასვე ეკისრება სამსახურის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორ წარმართვაზე.

10. სამსახურის უფროსს და მის მთავარ ინჟინერს თანამდებობზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადგილობრივი მართვის ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობანი

11. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:

ა) დადგენილი წესით განკარგოს ქონება, გააფორმოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, გასცეს მინდობილობები, მიიღოს გადაწყვეტილებანი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციის საკითხებზე. სამუშაოდ მიიღოს და გაათავისუფლოს მუშაკები კანონმდებლობის დაცვით. გადაწყვიტოს მათი წახალისებისა და დისციპლინარული პასუხიმგებლობის საკითხები. დაამტკიცოს მართვის სტრუქტურა და საშტატო განრიგი, წლიური ხარჯთაღრიცხვა და სამეურნეო-საფინანსო გეგმა. დაადგინოს შრომის ანაზღაურებისა და პრემიების სისტემა, შვებულების განრიგი და მისი ხანგრძლივობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სხვა.

ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე სამსახურის უფროსი აფორმებს ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა ამ ორგანიზაციაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებისათვის;

ბ) გახსნას ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში;

გ) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ამ დებულებითა და კონტრაქტით მინდობილ უფლებამრსილებათა ფარგლებში;

დ) განსაზღვროს მმართველი აპარატის საქმიანობის გეგმები;

ე) გაანაწილოს ფუნქციები თავის მოადგილეებს შორის;

ვ) განახორციელოს შრომისა და უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის ღონისძიებები.

12. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. სამსახურში არყოფნის დროს მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება მოადგილეს, რომელსაც ნიშნავს უფროსი.

13. სამსახურის თანამშრომლებთან გააფორმოს შრომითი კონტრაქტები.

6. საბუღალტრო ანგარიშგება

14. სამსახური (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება. შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, აგრეთვე შესაბამის საგადასახადო სამსახურს.

15. სამსახურის ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

7. სახელმწიფო კონტროლი

16. სამსახური (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს კანონმლდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

17. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.

8. ლიკვიდაცია

18. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.