დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „არქანია საქართველოს წინააღმდეგ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2625/12 |
დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
მიღების თარიღი | 25/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
მეხუთე სექცია
საქმე „არქანია საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი № 2625/12)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2020 წლის 25 ივნისი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „არქანია საქართველოს წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
გაბრიელე კუჩკო-შტადლმაიერი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
ანია ზაიბერტ-ფორი, მოსამართლეები,
და ანე-მარი დუგინი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,
ითვალისწინებს:
საქართველოს მოქალაქის, ბ-ნ ლაშა არქანიას („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლოში შეტანილ საჩივარს საქართველოს წინააღმდეგ;
გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) ეცნობა პოლიციის მიერ ოქმით დაურეგისტრირებელი დაკავების დროს მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საჩივრისა და მასთან დაკავშირებული ეფექტიანი გამოძიების არარსებობის შესახებ, და საჩივრის დანარჩენი ნაწილი გამოცხადდეს მიუღებლად;
მხარეთა არგუმენტებს;
2020 წლის 2 ივნისის დახურული თათბირის შემდეგ
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად წარდგენილი საჩივარი ეხება პოლიციის მიერ მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს ოქმით დაურეგისტრირებელი თავდაპირველი დაკავების დროს, დაახლოებით ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას.
ფაქტები
1. მომჩივანი დაიბადა 1976 წელს და შესაბამის დროს ის დაკავებული იყო ზუგდიდის ციხეში. მას წარმოადგენდნენ ქალბატონი ც. ჯავახიშვილი და ბ-ნი კ. ბექაური, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ თბილისში.
2. მთავრობას წარმოადგენდნენ სახელმწიფო წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ლ. მესხორაძე და ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
I. მომჩივნის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
3. მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ ოქმის თანახმად, ის 2011 წლის 15 ივნისს, დილის 03:00 საათზე დააკავეს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ეჭვის გამო. ის გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა პასუხისმგებელმა გამომძიებლმა ი.ა.-მ, ორ პოლიციელთან ერთად, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში. მომჩივნის პირადი ჩხრეკის დროს გამოვლინდა, რომ მას თან ჰქონდა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ცხრამეტი ვაზნა და მცირე ზომის ქაღალდის ჩანთა, რომელშიც იყო რაღაც მონაცრისფრო ნივთიერება. ოქმში აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს სახესა და თავზე ჰქონდა მრავალი ნაკაწრი, რომელიც, თავისივე განცხადებით, მას დაკავებამდე ჰქონდა მიღებული. დაკავების ოქმის თანახმად, მომჩივანი შემდეგ წაიყვანეს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში (წალენჯიხის რაიონი).
4. იმავე დილას, 04:55-სა და 05:25 საათს შორის ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის დასწრების გარეშე ი.ა.-ს მიერ ჩატარებული დაკითხვის დროს, მომჩივანმა აღიარა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ფლობის ფაქტი. შემდეგ ის ქალაქ ზუგდიდის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მან მიღებისთანავე გაიარა ვიზუალური დათვალიერება. შედეგად აღინიშნა, რომ მას ჰქონდა ჩალურჯებები და მოწითალო ლაქები ზურგზე და ყურების უკან და ჰემატომა მარცხენა თვალზე. მომჩივნის მიერ სათანადო წესით ხელმოწერილ ოქმში აღინიშნა, რომ მას ეს დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე და, რომ მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით.
5. 2011 წლის 16 ივნისს მომჩივნისთვის გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სასწრაფო დახმარების ექიმმა აღნიშნა, რომ ის უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და საერთო სისუსტეს და დაესვა ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობის დიაგნოზი. იმავე დღეს მომჩივანს ოფიციალურად წარედგინა ბრალი იარაღსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებისა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ამის შემდეგ მან საჩივრით მიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურორს, იმის თაობაზე, რომ ის 2011 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დააკავა რამდენიმე პოლიციელმა, რომელიც მას არასათანადოდ მოეპყრო. ის აცხადებდა, რომ სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულების შედეგად, ძალდატანებით მოაწერინეს ხელი განცხადებაზე, რომელშიც მან აღიარა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების მართლსაწინააღმდეგო ფლობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალი. ის აპროტესტებდა თავის უდანაშაულობას და მოითხოვა ზომების მიღება სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად.
6. 2011 წლის 17 ივნისს, პროკურორის მოთხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობის ბრძანება გასცა. ერთფრაზიანი შაბლონური განაცხადით სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია პროცედურულ დარღვევებს მომჩივნის დაკავების დროს. წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება დაადასტურა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 23 ივნისს. მომჩივანმა წარადგინა თავისი ბრალდებები ორივე სასამართლოს წინაშე, მისი დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის დეტალურად აღწერით. ის აღნიშნავდა, რომ დააკავეს სოფელ მუჟავაში 2011 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა და, რომ ამის შემდეგ მას მოეპყრნენ არასათანადოდ და, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა ასევე გრძელდებოდა ჯვარის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც. მის მიმართ არასათანადო მოპყრობის დეტალების მიწოდებისას მომჩივანმა ამოიცნო თავისი საქმის გამომძიებელი ი.ა., როგორც ერთ-ერთი მათგანი, ვინც მას ფაქტობრივად სცემდა და აიძულებდა, რომ მიეცა აღიარებითი ჩვენება. მომჩივნის ზემოჩამოთვლილი ბრალდებები არ განიხილეს შიდა სასამართლოებმა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მომჩივანს უფლება ჰქონდა, საჩივარი შეეტანა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო წამების შესახებ.
II. მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამოძიება
7. 2011 წლის 17 ივნისს მომჩივანს ეწვია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელმაც შეადგინა ანგარიში, რომელშიც მოცემულია მომჩივნის დაკავებისა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ანგარიშის თანახმად, 2011 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე მომჩივანმა მიიღო სატელეფონო ზარი ნაცნობისგან, რომელმაც სთხოვა მას სასწრაფოდ შეხვედრა. მომჩივანი წავიდა მის სანახავად თავის მეზობელთან, რ.ხ.-სა და მეგობართან, კ.ა.-სთან, ერთად. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ შეთანხმებულ შეხვედრის ადგილს, მათი მიმართულებით წამოვიდა სატრანსპორტო საშუალება. ამ სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვიდა 3 ადამიანი, მომჩივანი ძალის გამოყენებით ჩასვა მასში და წავიდნენ. მომჩივანი გადაიყვანეს ძველ მიტოვებულ ქარხანაში, სოფელ ჭალეში, სადაც მას სასტიკად სცემეს შაშხანის კონდახით. შემდეგ ის გადაიყვანეს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაგრძელდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა. მომჩივანს გაუპატიურებით დაემუქრნენ და მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. დილით ადრე ის წაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, ხოლო იქიდან – ზუგდიდში. საჩივარში მომჩივანმა განაცხადა, რომ მან გაიგო, თუ ვინ იყო მისი დამკავებელი სამი პირი (ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი ს.ა., წალენჯიხის პროკურატურის თანამშრომელი რ.კ. და პოლიციელი გ.ს.) და შეეძლო მათი ამოცნობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯვარის პოლიციის განყოფილებაში სცემეს და მის მიმართ გამოიყენეს არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები, საქმეზე პასუხისმგებელი გამომძიებლის, ი.ა.-ს თანდასწრებით.
8. 2011 წლის 21 ივნისს ზემოხსენებული ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა გაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს, რეკომენდაციასთან ერთად, რომ დაწყებულიყო სისხლის სამართლის საქმისწარმოება და მიღებულიყო ღონისძიებები მომჩივნისთვის სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად. თავის წერილში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მომჩივნის ვიზუალური დათვალიერებისას 2011 წლის 17 ივნისს აღინიშნა რიგი დაზიანებები, კერძოდ, სიწითლე და ჩალურჯება მომჩივნის ზურგის მარჯვენა ნაწილში, სიწითლე ორივე ყურის უკან და შეშუპებული მარცხენა თვალი. ამავდროულად, საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 19 ივნისს გამომძიებელმა ი.ა.-მ გასცა ბრძანება მომჩივნისთვის სასამართლო ექსპერტიზის შესახებ.
9. 2011 წლის 22 ივნისს მომჩივნის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით დაიკითხა მისი მეზობელი რ.ხ. მან განაცხადა, რომ ის მომჩივანთან ერთად იმყოფებოდა 2011 წლის 14 ივნისის საღამოს და დაინახა, რომ მომჩივანი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მან სიბნელეში ვერ დაინახა, ეცვათ თუ არა პოლიციის ფორმის ტანსაცმელი იმ ადამიანებს, ვინც მომჩივანი წაიყვანა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. შესაბამის კითხვაზე პასუხად, მან აღნიშნა, რომ ეს მოხდა 22:00-დან 23:00 საათამდე.
10. 2011 წლის 5 ივლისს მომჩივანმა წერილობით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელს. ის დაჟინებით ითხოვდა დაკითხვას მისი დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მომჩივანმა აღნიშნა, რომ არ სურდა ახსნა-განმარტების მიცემა ი.ა.-სთვის, მისი სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლისთვის, რომელსაც მიიჩნევდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის მონაწილედ. ზემოხსენებულ წერილზე პასუხის არარსებობის პირობებში, 2011 წლის 11 ივლისს მომჩივნის ადვოკატმა გაუგზავნა საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურორს. მან დეტალურად აღწერა მომჩივნის უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის გარემოებები და წარუდგინა ხელმისაწვდომი სამედიცინო მტკიცებულებები აღნიშნულის გასამყარებლად. მან მოითხოვა გამომძიებლის, ი.ა-ს, აცილება მომჩივნის სისხლის სამართლის საქმისგან და სისხლის სამართალწარმოების დაწყება მის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
11. 2011 წლის 1 აგვისტოს მომჩივანი კვლავ მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. ამჯერად წარმომადგენელმა ანგარიშში ასევე აღნიშნა, რომ მან ნახა მრავალი დაზიანება, სავარაუდოდ დამწვრობა, მომჩივნის ორივე იღლიის ქვეშ. მომჩივანმა განმარტა, რომ მას სიგარეტის დამწვრობა ჰქონდა, რომელიც მას მიაყენა ჯვარის პოლიციის უფროსმა და ორმა სხვა პოლიციელმა. მომჩივანი აცხადებდა, რომ არ მიუთითა ამ დაზიანებების შესახებ ადრე, რადგან მან მიიღო ოჯახის მიმართ ძალადობის მუქარები. ზემოხსენებული ანგარიში ასევე გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურორს.
12. მომჩივნისა და სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან რიგი დამატებითი საჩივრების წარდგენის შემდეგ, წინასწარი გამოძიება დაიწყო 2011 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144(1) §1(ბ) მუხლის შესაბამისად (წამება დამამძიმებელ გარემოებებში). იმავე დღეს მომჩივანი დაიკითხა მოწმის სახით. მან დაადასტურა თავის წინა ჩვენებებში მითითებული მოვლენები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მისი დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა. მომჩივანმა განაცხადა, რომ მან დაუყოვნებლივ ამოიცნო ჯვარის პოლიციის უფროსი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამი პოლიციელიდან, რომლებმაც ის დააკავეს და, რომ წალენჯიხის პოლიციის უფროსის ბრძანებით, ის ჯვარის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გაგრძელდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა. მან აგრეთვე აღწერა რამდენიმე სხვა პირის გარეგნული იერსახე, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა მის არასათანადო მოპყრობაში და განაცხადა, რომ შეეძლო მათი ამოცნობა.
13. 2011 წლის 21 აგვისტოს გამოიცა მომჩივნის სასამართლო ექსპერტიზის (რომელიც 2011 წლის 20 ივნისს ჩატარდა) დასკვნა, რომლის თანახმად მომჩივნის სხეულზე აღმოჩენილ იქნა მრავალი ჰემატომა და მცირე ზომის ნაიარევი. შესაბამისმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნებოდა მცირე დაზიანებების კატეგორიას, შესაძლოა მომჩივანს მიეღო 2011 წლის 15 ივნისს. აღნიშნულ სასამართლო ექსპერტიზას მოჰყვა კიდევ ერთი ექსპერტიზა - 2011 წლის 26 აგვისტოს. ამჯერად ექსპერტმა აღნიშნა, რომ მომჩივნის სხეულზე იყო სხვადასხვა იარა, მათ შორის, ოთხი წითელი იარა მისი მარცხენა იღლიის ქვეშ და ორი მსგავსი იარა მისი მარჯვენა იღლიის ქვეშ. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მან ვერ დაადგინა ის საგანი, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები და დაასკვნა, რომ ისინი შესაძლოა ყოფილიყო ორი ან სამი თვის წინანდელი.
14. 2011 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მომჩივანმა დამატებით გაიარა სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება, მათ შორის, ფსიქიატრიული. შედეგად, მას დაუდგინეს ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი და პოსტ‑ტრავმული სტრესული აშლილობა. მომჩივნის ადვოკატმა ზემოაღნიშნული დასკვნა გადაუგზავნა პროკურატურას და ითხოვა, რომ ეს დასკვნა დაერთოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, რომელიც ეხებოდა მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას.
15. 2011 წლის 14 ოქტომბერს მომჩივანი კვლავ დაიკითხა. მან წარადგინა უფრო მეტი დეტალი სავარაუდო ინციდენტის შესახებ, მათ შორის, ამ ინციდენტში ჩართულ პირთა გვარების ჩათვლით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მათი უმეტესობის ამოცნობა შეეძლო. მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ ის მოინახულა მისი საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა ი.ა.-მ, როდესაც იგი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და მას დაემუქრა მამამისის დაკავებით, იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი გაიხმობდა აღიარებით ჩვენებას (იხილეთ პარაგრაფი 4ზემოთ).
16. ამის შემდეგ მომჩივნის ადვოკატმა პასუხისმგებელ პროკურორს გაუგზავნა რამდენიმე საჩივარი, რომლებიც ეხებოდა გამოძიების არაადეკვატურობას. მან, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვა ამოცნობის პროცედურის ორგანიზება და რამდენიმე მოწმის დაკითხვა. ყველა მისი თხოვნა უარყოფილი იქნა. მან ასევე მოითხოვა, ეცნობებინათ მისთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. პასუხად მას მხოლოდ განუმარტეს, რომ გამოძიება მიმდინარეობდა.
17. 2012 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში გამომძიებელმა დაკითხა ექვსი პოლიციელი, რომელიც, მომჩივნის თქმით, მონაწილეობდა მის უკანონო დაკავებასა და არასათანადო მოპყრობაში. ყველამ უარყო მომჩივნის ბრალდებები და მხარი დაუჭირა მოვლენების ოფიციალურ ვერსიას.
18. 2012 წლის 11 მაისის წერილით ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილემ აცნობა მომჩივნის ადვოკატს, რომ არ არსებობდა რაიმე საფუძველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად.
19. 2012 წლის 21 მაისს მომჩივანმა წარუდგინა საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურორს. მომჩივანმა მას მიაწოდა მოვლენების დეტალური ვერსია და მიუთითა ხელმისაწვდომ გამამყარებელ სამედიცინო მტკიცებულებებზე და მოითხოვა, რომ მისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი. მან ასევე მოითხოვა რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, ყველა მათგანის სახელით იდენტიფიცირება, ვინც ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას იმ კონკრეტულ ღამეს და ამოცნობის პროცედურების ორგანიზება.
20. 2012 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა მომჩივნის კიდევ ერთი თხოვნის პასუხად აცნობა, რომ მის მიერ დასახელებული ყველა პოლიციელი გამოიკითხა და ყველა მათგანმა უარყო არასათანადო მოპყრობის შესახებ მისი ბრალდებები.
21. 2012 წელს დაუდგენელ თარიღში საქმე ზუგდიდის რაიონული პროკურატურიდან გადაეგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.
22. 2012 წლის 28 დეკემბერს მომჩივნის საქმეზე პასუხისმგებელმა ახალმა გამომძიებელმა გამოკითხა კ.ა., რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა მომჩივანთან ერთად მისი დაკავების მომენტში. მან დაადასტურა მოვლენების მიმდინარეობის მომჩივნისეული ვერსია დაკავების გარემოებების შესახებ და განაცხადა, რომ იმ საღამოს მას არ შეუმჩნევია რაიმე დაზიანება მომჩივნის სახეზე (იხ. პარაგრაფი 7ზემოთ).
23. 2013 წლის 27 თებერვალსა და 17 მაისს მომჩივანმა გააკეთა კიდევ ორი განცხადება. მისი თავდაპირველი განცხადებების სიზუსტის დადასტურებისას, მან განაცხადა დამატებითი დეტალები იმ ღამის შესახებ, როდესაც მოხდა მისი დაკავება და არასათანადო მოპყრობა, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, რაც მან შემდგომ განიცადა.
24. იმავდროულად, 2013 წლის 25-26 თებერვალს, ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობის რამდენიმე პროცედურა, რომლის დროსაც მომჩივანმა ამოიცნო გ.გ., კ.კ., გ.ს., რ.ა., ი.ს., ხ.ს., ი.ა., დ.კ., და თ.შ., როგორც ის პოლიციელები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მის დაკავებასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში.
25. ასევე, 2013 წლის თებერვალში პასუხისმგებელმა გამომძიებელმა დაკითხა ერთ-ერთი პოლიციელი, თ.ქ., რომელმაც განაცხადა, რომ 2011 წლის 14 ივნისის საღამოს იმყოფებოდა ჯვარის პოლიციის განყოფილებაში და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მან დაინახა, რომ დაახლოებით ღამის 11:30 საათზე მომჩივანი ხელბორკილით მიიყვანეს განყოფილებაში. მან აღნიშნა, რომ მომჩივანს ჰქონდა აშკარად იდენტიფიცირებადი დაზიანებები სახეზე, ცხვირი და ტუჩები ჰქონდა დაფარული სისხლით და მისი ტანსაცმელი იყო დაფლეთილი. მომჩივანი შეიყვანეს განყოფილებაში, სადაც ორმა პოლიციელმა მას ცემა დაუწყო. თ.ქ.-ს მალევე უბრძანეს, რომ წასულიყო სოფელ ჯვარში პატრულირებაზე. ის დაბრუნდა დილის 6 საათზე, როდესაც მომჩივანი უკვე იქ აღარ იყო. თ.ქ.-მ დაასახელა პოლიციელები, რომლებმაც მომჩივანი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მათი ჩათვლით, რომლებიც მომჩივანმა ამოიცნო. კიდევ ერთი პოლიციელი, ლ.პ., რომელიც ასევე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას 2011 წლის 14 ივნისს, გამოიკითხა 2013 წლის 9 თებერვალს. მან დაადასტურა, რომ მომჩივანი დააკავეს, დაახლოებით, ღამის 10-დან 11 საათამდე, 2011 წლის 14 ივნისს. მან თქვა, რომ დაინახა, როგორ მიიყვანეს და სცემეს მომჩივანი განყოფილებაში ღამის 11:30 საათსა და შუაღამეს შორის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მან დაასახელა ამ საქმის მონაწილე პოლიციელების ვინაობა, მან თქვა, რომ არ შეეძლო ეყურებინა მომჩივნის არასათანადო მოპყრობისთვის, დატოვა განყოფილება და წავიდა პატრულირების შესასრულებლად. იგივე პოლიციელები დაასახელა მესამე პოლიციელმა, ლ.გ.-მ, თავის 2013 წლის 5 თებერვლის განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ მან დაადასტურა მომჩივნის პოლიციის განყოფილებაში ესკორტით მიყვანის გარემოებები, მან განაცხადა, რომ არ შეუხედავს სახეზე მომჩივნისთვის და ამდენად, არ იცოდა, ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები.
26. 2013 წლის 8 აპრილს გამომძიებელმა გამოკითხა მომჩივნის პირველი ადვოკატი, ა. ჯ. მან დაადასტურა, რომ 2011 წლის 15 ივნისს, როდესაც პირველად შეხვდა მომჩივანს, მას ჰქონდა მრავალი დაზიანება სახესა და სხეულზე. ა. ჯ.-ს თანახმად, მომჩივანმა განმარტა, რომ მან მიიღო ეს დაზიანებები პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგად.
27. 2013 წლის მაისში გამოიკითხა ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორის ოთხი თანამშრომელი. მათ გაიხსენეს, რომ მომჩივანი იზოლატორში მიიყვანეს მრავალი დაზიანებით, თუმცა ყველა მათგანმა განაცხადა, რომ მომჩივანს პოლიციის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ის ამტკიცებდა, რომ მას ეს დაზიანებები დაკავებამდე ჰქონდა.
28. 2013 წლის 5 მაისს მომჩივანს ოფიციალურად მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
29. 2013 წლის 17 ივნისს გამომძიებელმა დაკითხა მომჩივნის ორი მეზობელი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ 2011 წლის 14 ივნისის შუადღე გაატარეს მომჩივანთან ერთად და მას სახეზე რაიმე დაზიანების გარეგნული ნიშნები არ ჰქონია.
30. საქმის მასალების მიხედვით, სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობს.
III. მომჩივნის საქმის სასამართლოში განხილვა
31. 2011 წლის 27 ივლისს მომჩივნის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში. მომჩივანმა გაიმეორა თავისი ბრალდებები, რომ ის 2011 წლის 14 ივნისს დააკავეს და წაიყვანეს მიტოვებულ ქარხანაში, სადაც მის მიმართ განახორციელეს არასათანადო მოპყრობა. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ასევე გაგრძელდა ჯვარის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისგან აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით. 2011 წლის 23 აგვისტოს მომჩივანი გაასამართლეს მისთვის წარდგენილი ბრალდებების მიხედვით და მიესაჯა ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლე დაეყრდნო მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოფიციალურ ჩანაწერებს, და უარყო არგუმენტები მომჩივნის დაკავების გარემოებების შესახებ, როგორც დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ განიხილა მომჩივნის ბრალდება არასათანადო მოპყრობის შესახებ.
32. მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა. მსჯავრდება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 28 ნოემბერს. 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარყო მომჩივნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი.
33. მომჩივანი ციხიდან გაათავისუფლეს 2013 წლის 16 იანვარს, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
34. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისთვის იხილეთ საქმე Goguadze v. Georgia ([Committee] no. 40009/12, §§ 35-37, 2019 წლის 27 ივნისი).
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
35. მომჩივანი დავობდა, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით და რომ ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა აღნიშნულთან დაკავშირებით. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად:
„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.
A. მისაღებობა
36. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის შესაბამისად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის მიუღებელი სხვა რაიმე საფუძვლით. შესაბამისად, ის მისაღებად უნდა იქნეს ცნობილი.
B. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
37. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დაკავების პირველ საათებში პოლიციის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით. მისი მტკიცების გასამყარებლად მომჩივანმა მიუთითა ხელმისაწვდომ სამედიცინო მტკიცებულებაზე და ასევე მისი მეგობრების, რ.ხ.-სა და კ.ა.-ს, მისი მეზობლებისა და რამდენიმე პოლიციელის ჩვენებებზე. გამოძიებასთან დაკავშირებით მომჩივანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, გამოძიების ნამდვილი მიზანი არასდროს ყოფილა პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა.
38. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი ვერ დგინდება გონივრულ ეჭვს მიღმა. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მომჩივანმა განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. მან ეს ჩვენება გაიმეორა პოლიციის პირველი შემოწმების დროს. მომჩივანმა ასევე არ მოითხოვა სამედიცინო გამოკვლევა დაკავებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ის ინფორმირებული იყო აღნიშნულთან დაკავშირებით მისი უფლების შესახებ. მთავრობამ აღნიშნა, რომ სამედიცინო მტკიცებულებები არ იყო დამაჯერებელი და მომჩივნის სხვადასხვა ჩვენება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით, იყო წინააღმდეგობრივი. ასეთ ვითარებაში და მომჩივნის თვითდაზიანების ტენდენციის გათვალისწინებით, მთავრობის მოსაზრებით, მისი ბრალდებები არ იყო დასაბუთებული.
39. რაც შეეხება გამოძიებას, მთავრობამ განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ დაიწყო. ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება იქნა განხორციელებული, მათ შორის, ორი სასამართლო ექსპერტიზა, რომელთაგან ერთ-ერთის მიზანი იყო, რომ განესაზღვრა, ჰქონდა თუ არა მომჩივანს სიგარეტით მიყენებული დამწვრობა და გამოიკითხა ყველა შესაძლო მოწმე, მათ შორის, პოლიციელები, რომლებიც, მომჩივნის განმარტებით, მონაწილეობდნენ მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში. საქმისწარმოებისას მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და მას რეგულარულად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიება, რომელიც კვლავ მიმდინარეობდა, სრულად აკმაყოფილებდა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
40. შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლომ შეაჯამა საქმეში Bouyid v. Belgium ([GC], no. 23380/09, §§ 81-88, 100-101 და 114‑23, ECHR 2015).
(b) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
41. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირველ რიგში განიხილოს მომჩივნის საჩივარი გამოძიების არაეფექტიანობასთან დაკავშირებით.
(i) საჩივრის პროცედურული მხარე
42. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნის ბრალდებები არასათანადო მოპყრობის შესახებ, როგორც აღნიშნულია მის საჩივრებში, წარდგენილი ეროვნულ ორგანოებში და გამყარებული სამედიცინო მტკიცებულებებით, მტკიცებადი იყო (იხილეთ, პარაგრაფები 3, 4, 5, 8, 11და 13ზემოთ; ასევე იხილეთ პარაგრაფი 47ქვემოთ). გარდა ამისა, მომჩივნის ბრალდებები საკმაოდ სერიოზული იყო იმისთვის, რომ მიეღწია სიმძიმის იმ დონისათვის, რომელიც საჭიროა კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში მოსაქცევად (იხ. პარაგრაფი 48 ქვემოთ). ამრიგად, ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი იყვნენ, რომ ჩაეტარებინათ ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება.
43. რაც შეეხება გამოძიებას, სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად, იმისა, რომ მთავრობამ წარმოადგინა ინფორმაცია სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაბამისმა ორგანოებმა განახორციელეს მიმდინარე გამოძიების განმავლობაში, რომელიც უკვე თითქმის ცხრა წელი გაგრძელდა (იხ. პარაგრაფი 30ზემოთ), მთავრობამ ვერ შეძლო წარმოედგინა რაიმე ახსნა-განმარტება სამართალწარმოების დაწყების თავდაპირველ გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა დააფიქსირა თავისი ბრალდებები 2011 წლის 16 ივნისს (იხილეთ პარაგრაფი 5ზემოთ), გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2011 წლის 17 აგვისტოს, მომჩივნის ადვოკატისა და სახალხო დამცველის აპარატის განმეორებითი რიგი საჩივრების წარდგენის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 12ზემოთ). მთავრობას არ განუმარტავს, თუ რატომ დასჭირდათ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ორი თვე სამართალწარმოების დასაწყებად, როდესაც, როგორც ჩანს, არსებობდა არასათანადო მოპყრობის სერიოზული შემთხვევის საკმარისი მტკიცებულება, რომელიც გამყარებული იყო ობიექტური სამედიცინო მტკიცებულებით.
44. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის სავარაუდო წამების გამოძიება მიმდინარეობს უკვე თითქმის ცხრა წლის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი 30ზემოთ). 2013 წლის ივნისიდან არ განხორციელებულა არც ერთი საგამოძიებო ღონისძიება. მთავრობას არ წარუდგენია სასამართლოსთვის რაიმე ახსნა-განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც სასამართლომ ხაზი გაუსვა წინა შემთხვევებში - შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში, ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სწრაფი რეაგირება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას, ზოგადად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც არსებითი, საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად, მათ მიერ კანონის უზენაესობის დაცვისა და უკანონო ქმედებებთან რაიმე სახის მორიგების ან მათ მიმართ ტოლერანტობის თავიდან ასაცილებლად. (იხ. მათ შორის, საქმეები Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09 and 2 others, § 323, ECHR 2014 (ამონარიდები) და Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 133).
45. მოპასუხე მთავრობის მიერ აქამდე განხორციელებულ თითოეული საგამოძიებო ღონისძიების შინაარსის განხილვის გარეშე, სასამართლომ უბრალოდ აღნიშნა შემდეგი: გამოძიების თითქმის ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს, რომ წარედგინათ თანმიმდევრული და დასაბუთებული ალტერნატიული ახსნა-განმარტება მომჩივნის დაზიანებების შესახებ. სასამართლოს წინაშე საქმის განხილვისას, მათ მიუთითეს შენიშვნაზე, რომელიც გაკეთებულია მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში, ასევე, მის თავდაპირველ აღიარებით ჩვენებაზე, რომელშიც აცხადებდა, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე. იმ ფაქტის გათვალისწინების გარეშეც, რომ ზემოხსენებული ორი დოკუმენტი შედგენილია ადვოკატის არყოფნის პირობებში და, როგორც მომჩივანი ამტკიცებდა, მაშინ, როდესაც ის იმყოფებოდა სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკმარისი არაა იმ მრავალი დაზიანების ასახსნელად (მათ შორის, იღლიის დამწვრობების ჩათვლით), რომლებიც შეიმჩნეოდა მომჩივნის თავზე, სახესა და სხეულზე და თავის დაზიანებისათვის (იხილეთ პარაგრაფები 3, 4, 5, 8, 11და 13ზემოთ). თავის არგუმენტებში მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანს მიდრეკილება ჰქონდა თვითდაზიანებისკენ. რაიმე მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლო ვერც ამ არგუმენტს იზიარებს. ამრიგად, მთავრობამ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი არგუმენტები prima facie მტკიცებულების გასაბათილებლად, რაც ეხება იმ გარემოებებს, რომელშიც მომჩივანმა მიიღო აღნიშნული დაზიანებები.
46. შეჯამების სახით, სამართალწარმოების დაწყების გაუმართლებელმა დაყოვნებამ, თავად სამართალწარმოების გაუმართლებელ ხანგრძლივობასთან ერთად, მიიყვანა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ გამოძიება იყო არაეფექტიანი კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის. გარდა ამისა, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან დამაჯერებელი და გონივრული ახსნა-განმარტების წარმოდგენის შეუძლებლობა მომჩივნის დაზიანებების წყაროს თაობაზე წლების განმავლობაში წარმოებული გამოძიების შემდეგ, აჩენს კითხვებს მთელი სამართალწარმოების მიზნის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
(ii) საჩივრის არსებითი მხარე
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი გარემოებების აღწერა მომჩივნის მიერ, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, დეტალური და თანმიმდევრული იყო შესაბამისი სამართალწარმოების დაწყებიდან და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში. ის მოიცავს თანმიმდევრულ ინფორმაციას მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელების დროისა და ადგილის შესახებ, თუ როგორ ეპყრობოდნენ მას და ასევე, მათ სახელებს, ვინც სავარაუდოდ დაუქვემდებარა ის ამგვარ მოპყრობას. ასევე არსებობს სხვა შესაბამისი ფაქტორები, რომლებიც ადასტურებს მის ამბავს. სამედიცინო მტკიცებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობის გარდა (იხ. პარაგრაფები 3, 4, 5, 8, 11და 13ზემოთ) სასამართლომ აღნიშნა სამი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ნაწილობრივ ამყარებდა მოვლენების მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ვერსიას (იხ. პარაგრაფი 25ზემოთ). მომჩივნის მეზობლისა და მეგობრის ჩვენებები ასევე შესაბამისია, ყოველ შემთხვევაში, რაც შეეხება მომჩივნის de facto დაკავების დროს (იხ. პარაგრაფები 9და 22ზემოთ). სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი მტკიცებულებები გამორიცხავს შესაძლო ვარაუდს, რომ მომჩივანს ჰქონდა აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე (იხ. იქვე). ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება საკმაოდ დამაჯერებელია და, რომ აღნიშნული მუხლის შესაბამისად მისი ბრალდებები დადგენილია „გონივრულ ეჭვს" მიღმა. მთავრობამ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ვერ წარუდგინა სასამართლოს მოვლენების საკუთარი დამაჯერებელი ვერსია (იხ. პარაგრაფი 45 ზემოთ). დასადგენია, დაარღვია თუ არა მოპყრობამ, რომელსაც მომჩივანი დაექვემდებარა, კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული მისი უფლებები.
48. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს მიღებული ჰქონდა მრავალი დაზიანება სახესა და სხეულზე, მას ასევე მიღებული ჰქონდა თავზე დაზიანება. როგორც ჩანს, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარების დაგვიანების მიუხედავად, ასევე დადასტურდა მისი ბრალდებები იღლიების ქვეშ სიგარეტით მიყენებული დამწვრობების შესახებ. ეს დაზიანებები აღწერილი იყო სამედიცინო ჩანაწერებში, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო საგამოძიებო ორგანოებისთვის. როგორც სასამართლომ ზემოთ უკვე დაადგინა, მთავრობამ ვერ შეძლო დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებისა და მომჩივნის მიერ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, რომელიც მან გაასაჩივრა, დეტალური და თანმიმდევრული აღწერის შეჯამებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დაზიანებები იყო არასათანადო მოპყრობის შედეგი, რომელსაც დაექვემდებარა მომჩივანი, როდესაც ის იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ. ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას.
II. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
49. მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, რომ ის de facto დააკავეს 2011 წლის 14 ივნისს 22:00-დან 23:00 საათამდე, თუმცა მისი დაკავება დოკუმენტურად გააფორმეს დაკავების შესახებ ოფიციალური ოქმით მხოლოდ 2011 წლის 15 ივნისს 03:00 საათზე. კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისი ნაწილის თანახმად:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
...
(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
...“
A. მისაღებობა
1. მხარეთა არგუმენტები
50. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებები კონვენციის მე-5 მუხლის საფუძველზე წარდგენილ მის საჩივართან დაკავშირებით. მთავრობის პოზიციის შესაბამისად, მომჩივანმა არ გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი საშუალება, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით (უკანონო დაკავება) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი საჩივარი. თავის არგუმენტებში მთავრობამ მიუთითა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე Baisuev and Anzorov v. Georgia (no. 39804/04, § 33, 2012 წლის 18 დეკემბერი), რომელშიც სასამართლომ სისხლისსამართლებრივი საჩივარი პროკურატურის ორგანოების მიმართ მიიჩნია შესაბამის და ადეკვატურ სამართლებრივ საშუალებად სავარაუდო უკანონო დაკავებისათვის.
51. მომჩივანმა კომენტარი არ გააკეთა მიუღებლობის შესახებ მთავრობის პოზიციაზე.
2. სასამართლოს შეფასება
52. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი დააკავეს მის მიმართ განხორციელებული სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში. მას შეეძლო ესარგებლა „ჰაბეას კორპუსის“ შესაბამისად საქმისწარმოების უფლებით (იხ. პარაგრაფი 6ზემოთ). რომ არა მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი პრევენციული საშუალება, ასეთი საქმისწარმოება აშკარად იქნებოდა ყველაზე ეფექტიანი, რადგან ამას შეიძლება შედეგად მოჰყოლოდა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება, თუ მის თავდაპირველ დაკავებას სასამართლო უკანონოდ გამოაცხადებდა (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ, გოგუაძის საქმე, მითითებული ზემოთ, §60, მასში არსებულ სხვა მითითებებებთან ერთად; შედარებისთვის იხილეთ, ბაისუევის და ანზოროვის საქმე (Baisuev and Anzorov), მითითებული ზემოთ, §§ 6-8, სადაც მომჩივნები არ იყვნენ წინასწარ პატიმრობაში და შესაბამისად, ვერ ისარგებლებდნენ „ჰაბეას კორპუსის“ შესაბამისი პროცედურებით). საქმის მასალების თანახმად, მომჩივანმა ისარგებლა აღნიშნული საშუალებით. იგი დავობდა, რომ ის იყო არაოფიციალურად დაკავებული დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში და, რომ, შესაბამისად, წინასწარი დაკავების ორმოცდარვასაათიანი ვადა, რომელიც მითითებულია სსსკ-ის 196-ე მუხლში დარღვეულ იქნა (იხ. პარაგრაფი 6ზემოთ). ამგვარად მან სადავო გახადა მისი დაკავების კანონიერება, მაგრამ წარუმატებლად.
53. ვინაიდან მომჩივანმა სამართლებრივი დაცვის პრევენციულ საშუალებებს მიმართა, რომლებსაც შეეძლო დაესრულებინა სავარაუდო დარღვევა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გაკრიტიკება არ შეიძლება სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებების არგამოყენების გამო (იხ.საქმე Horváth v. Slovakia, no. 5515/09, §§ 69 და 78, 2012 წლის 27 ნოემბერი და საქმე Kakabadze and Others v. Georgia, no. 1484/07, § 54, 2012 წლის 2 ოქტომბერი, მასში არსებულ სხვა მითითებებთან ერთად). ამგვარად, სასამართლომ უარყო მთავრობის პოზიცია. მან ასევე აღნიშნა, რომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. არც საჩივრის მიუღებლად ცნობის რაიმე სხვა საფუძველი არსებობს. შესაბამისად, ის მისაღებად უნდა იქნეს ცნობილი.
B. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
54. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის de facto დააკავეს 22:00-დან 23:00 საათამდე, 2014 წლის 14 ივნისს.
55. მთავრობას არ წარუდგენია რაიმე არგუმენტი.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
56. შესაბამისი ზოგადი პრინციპები მოცემულია საქმეში Baisuev and Anzorov (ციტირებული ზემოთ, §§ 50-51; აგრეთვე, იხილეთ საქმე Belozorov v. Russia and Ukraine , no. 43611/02, §§ 111-113, 2015 წლის 15 ოქტომბერი), სხვა წყაროთა შორის.
(b) აღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის გარემოებების მიმართ
57. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები დავობენ მომჩივნის დაკავების ზუსტი გარემოებების შესახებ. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის დაკავებული იყო ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში, სანამ მისი დაკავების ოქმი შედგებოდა ოფიციალურად. ხოლო, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივნის დაკავების ოქმი იყო ზუსტი.
58. მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო არ არის დარწმუნებული მთავრობის პოზიციაში, რომ მომჩივანი დააკავეს 2011 წლის 15 ივნისს, დილის 03:00 საათზე. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა ზემოთ (იხ. პარაგრაფი 48ზემოთ), მომჩივნის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, რაც, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მოხდა მისი თავდაპირველი არარეგისტრირებული დაკავების განმავლობაში. სულ მცირე, ხუთმა მოწმემ დაადასტურა მომჩივნის ვერსია მისი დაკავების კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 9, 22და 25ზემოთ). იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ ჩაატარა მომჩივნის ბრალდებების დასაბუთებული, ადეკვატური და ეფექტური გამოძიება და ვერ წარადგინა დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ როგორ მოხდა ეს მოვლენები, მთავრობამ ვერ შეასრულა თავისი მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა შესაბამისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები მოვლენების ოფიციალური ვერსიის მხარდასაჭერად. ასეთ გარემოებებში, სასამართლო ითვალისწინებს იმ ვერსიას, რომ მომჩივანი ფაქტობრივად დააკავეს 2011 წლის 14 ივნისს, საღამოს 22:00-დან 23:00 საათამდე და არა 2011 წლის 15 ივნისს, დილის 03:00 საათზე.
59. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ პირის დაურეგისტრირებელი დაკავება წარმოადგენს კონვენციის მე-5 მუხლში მოცემულ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან გარანტიათა სრულ უგულებელყოფას და ააშკარავებს ამ დებულების ყველაზე უხეშ დარღვევას. ისეთი საკითხების ჩანაწერის არარსებობა, როგორიცაა დაკავების თარიღი, დრო და ადგილი, შესაბამისი დაკავებულის ვინაობა, მისი დაკავების მიზეზები და იმ პირის სახელი, რომელმაც განახორციელა აღნიშნული დაკავება, უნდა ჩაითვალოს როგორც კანონიერებასთან და კონვენციის მე-5 მუხლის მიზნის არსთან შეუთავსებელი (იხ. სხვა მრავალ წყაროთა შორის საქმე Čamans and Timofejeva v. Latvia, no. 42906/12, § 129, 2016 წლის 28 აპრილი).
60. მთავრობის მხრიდან რაიმე დამაჯერებელი არგუმენტის არარსებობის პირობებში, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში დაურეგისტრირებელი დაკავება ეწინააღმდეგება კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა აღნიშნული დებულების დარღვევას.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
61. კონვენციის 41-ე მუხლში ვკითხულობთ:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
62. მომჩივანმა მოითხოვა 10 000 ევრო ხარჯებთან დაკავშირებით, რაიმე შესაბამისი დამადასტურებელი ანგარიშების წარდგენის გარეშე. მან ასევე მოითხოვა 100 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, იმ ტანჯვისა და ტკივილის გამო, რომელიც მან განიცადა.
63. მთავრობამ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია. ხარჯებთან დაკავშირებით, მიუთითა დამხმარე ფინანსური ან/და სხვა დოკუმენტების არარსებობა და აღნიშნა, რომ ეს მოთხივნები უარყოფილი ყოფილიყო, როგორც დაუსაბუთებელი.
64. სასამართლო აღნიშნავს, რომ მან დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის როგორც არსებითი, ასევე პროცედურული ნაწილის დარღვევა, მომჩივნის მიმართ არსათანადო მოპყრობისა და ხელისუფლების ორგანოების მიერ ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობის გამო, ისევე როგორც კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა, მომჩივნის ოქმით დაურეგისტრირებელ დაკავებასთან დაკავშირებით. ამ დარღვევებმა გარდაუვლად გამოიწვია მომჩივნის სერიოზული ტანჯვა და იმედგაცრუება. ამრიგად, სასამართლო მომჩივანს ანიჭებს 16 000 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხარჯებთან დაკავშირებით, თანმხლები დოკუმენტების არარსებობის გამო.
ამ მიზეზით, სასამართლო ერთხმად,
1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევას;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას;
4. ადგენს,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის ვადაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს გადაუხადოს 16 000 ევრო (თექვსმეტი ათასი ევრო) მორალური ზიანისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს;
(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
5. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2020 წლის 25 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ანე-მარი დუგინი გაბრიელე კუჩკო-სტადლმაიერი
სექციის განმწესრიგებლის
მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თავმჯდომარე
დოკუმენტის კომენტარები