„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ

„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 09/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016414
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
63
09/12/2020
ვებგვერდი, 16/12/2020
300280000.16.009.016414
„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/12/2020 - 26/10/2021)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №63

2020 წლის 9 დეკემბრი

ქ. თბილისი

„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ი.“ ქვეპუნქტის, ასევე, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. თანდართული სახით დამტკიცდეს „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის  წესი“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 ივლისის №19 დადგენილება  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 08/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016314).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი



რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესი


მუხლი 1. წესის მიზანი და ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანია, რეგულირების საფასურის გადამხდელებისთვის განსაზღვროს რეგულირების საფასურის ოდენობა, მისი გაანგარიშების წესი და გადახდის პირობები.

2. რეგულირების საფასური წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს, საიდანაც იფარება კომისიის ხარჯები და რომელიც უზრუნველყოფს კომისიის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

გ) რეგულირების საფასურის გადამხდელი – რეგულირებული საწარმო, მათ შორის, საწარმო, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, საცდელი გაშვებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავს სისტემის ოპერატორს;

დ) რეგულირებული საქმიანობა – რეგულირებული საწარმოს მიერ განხორციელებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას, აგრეთვე, ექსპლუატაციაში მისაღებად ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა;

ე) სექტორი – ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების სექტორი;

ვ) საანგარიშგებო თვე – კალენდარული თვე, რომლისთვისაც საწარმო კომისიას წარუდგენს ანგარიშგებას.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში.

 

მუხლი 3. რეგულირების საფასურის გაანგარიშება

1. რეგულირების საფასური გაანგარიშდება შემდეგი ფორმულით:

R=Q*K

სადაც,

„R“ – რეგულირების საფასური (ლარი);

„Q“ – რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საანგარიშგებო თვის განმავლობაში რეგულირებული საქმიანობიდან მიღებული (დარიცხული) შემოსავალი (დღგ-ის გარეშე);

„K“ – შესაბამისი რეგულირებული საქმიანობისთვის დადგენილი რეგულირების საფასურის კოეფიციენტის მნიშვნელობა, განსაზღვრული 0.002-ის ოდენობით.

2. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ უნდა რჩებოდეს მოგება, მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასურით მიღებული შემოსავალი.

 

მუხლი 4. ანგარიშგება

1. რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია, ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, ელექტრონულად, კომისიის ვებგვერდის მეშვეობით, კომისიას წარუდგინოს საპროგნოზო რეგულირების საფასურის ფორმა სრულყოფილად შევსებული სახით, მომდევნო წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზისა და შესაბამისი ფასის/ფასების მითითებით. საპროგნოზო რეგულირების საფასურის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. რეგულირების საფასურის გადამხდელი, რომელიც რეგულირებულ საქმიანობას იწყებს კალენდარული წლის 15 სექტემბრის შემდეგ, ვალდებულია, საპროგნოზო რეგულირების საფასურის ფორმა კომისიას წარუდგინოს რეგულირებული საქმიანობის დაწყებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

3. რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია, ყოველი საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონულად, კომისიის ვებგვერდის მეშვეობით, კომისიას წარუდგინოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ხელმოწერილი (დადასტურებული) რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულ და გადამოწმებულ ინფორმაციას შესაბამისი საანგარიშგებო თვის განმავლობაში მიწოდებული/გაწეული, რეგულირებას დაქვემდებარებული მომსახურების ან/და პროდუქტის მთლიანი (დარიცხული) შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) შესახებ, შესაბამისი ფასის/ფასებისა და მოცულობების მითითებით. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

4. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდგომ, კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს წარდგენილი მონაცემების სისწორეს. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორის შემთხვევაში, მისი წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონული ფორმით დაგენერირდება ანგარიშ-წინადადება (ინვოისი), რომელსაც ენიჭება QR კოდი, აგრეთვე, უნიკალური ნომერი და თარიღი, რომელიც უნდა იყოს რეგულირებული საწარმოს მიერ წარდგენილი ანგარიშგების ფორმის ნომრისა და თარიღის იდენტური. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემები არასრული ან/და არასწორია, რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა, მისი წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონულად, კომისიის ვებგვერდის მეშვეობით, უბრუნდება მის წარმდგენ რეგულირების საფასურის გადამხდელს, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის კორექტირება ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

5. რეგულირების საფასურის გადამხდელი, რომელიც ერთ სექტორში ახორციელებს ერთზე მეტ რეგულირებულ საქმიანობას, ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ერთი ფორმა, რომელშიც ინფორმაცია თითოეული რეგულირებული საქმიანობისთვის მიეთითება განცალკევებულად. ასეთ შემთხვევაში, რეგულირების საფასური თითოეული რეგულირებული საქმიანობისთვის გადაიხდება ცალ-ცალკე, ანგარიშ-წინადადების (ინვოისის) შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი რეგულირებულ საქმიანობებს ახორციელებს ერთზე მეტ სექტორში, იგი ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა თითოეული სექტორისთვის ცალ-ცალკე და გადაიხადოს რეგულირების საფასური თითოეული სექტორისთვის, მიღებული ანგარიშ-წინადადების (ინვოისის) შესაბამისად.

 

მუხლი 5. რეგულირების საფასურის გადახდის წესი

1. რეგულირების საფასური გადაიხდება ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.

2. რეგულირების საფასურის გადამხდელი რეგულირების საფასურს გადარიცხავს კომისიის საბანკო ანგარიშზე.

 

მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებები

1. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის წარდგენის ან/და რეგულირების საფასურის გადახდის ვადის სამჯერ ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, შესაბამის რეგულირების საფასურის გადამხდელს მოსთხოვოს ფინანსური გარანტიის წარდგენა და ამისათვის განუსაზღვროს მას არანაკლებ ერთთვიანი ვადა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობა განისაზღვრება რეგულირების საფასურის არსებული დავალიანებისა და ფინანსური გარანტიის მოთხოვნის წარდგენის მომენტში რეგულირების საფასურის გადამხდელზე ბოლო სამი თვის განმავლობაში დარიცხული რეგულირების საფასურის ჯამური ოდენობით.

 

მუხლი 7. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის კორექტირება

1. რეგულირების საფასურის გადამხდელს უფლება აქვს, საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 40 კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონული ფორმით, ერთჯერადად დააკორექტიროს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომისიისთვის წარდგენილი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა. ამ შემთხვევაში ანგარიშ-წინადადება (ინვოისი) დაგენერირდება ხელახლა, ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. რეგულირების საფასურის გადამხდელს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უფლება აქვს, კომისიისთვის წარდგენილი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის კორექტირება განახორციელოს:

ა) წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში, წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და მასზე აუდიტორული დასკვნის კომისიაში წარდგენიდან არაუგვინეს 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელს ეკისრება მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა – ამ ანგარიშგების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასული საანგარიშგებო თვის/თვეების მონაცემის/მონაცემების შეცვლის შემთხვევაში – შესაბამისი ცვლილების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შედგენიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში;

გ) გასული საანგარიშგებო თვის/თვეების კომისიისთვის წარდგენილ მონაცემებში რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში – შესაბამისი უზუსტობის აღმოჩენიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, კომისიას წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი განმარტება კორექტირების გამომწვევი გარემოებების თაობაზე.

 

მუხლი 8. საბოლოო შედარების აქტი

1. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საანგარიშგებო წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომისიისთვის წარდგენის შემდგომ, შესაბამისი ანგარიშ-წინადადების (ინვოისის) დაგენერირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული ფორმით დაგენერირდება უნიკალური ნომრის მქონე საბოლოო შედარების აქტი, საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რომელსაც ხელს აწერს (ადასტურებს) კომისიის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დარიცხული ან/და გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარების მიზნით, საბოლოო შედარების აქტი ასევე დაგენერირდება:

ა) კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირებული საწარმოს ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში;

ბ) რეგულირებული საწარმოს მიერ რეგულირებული საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიისთვის შეტყობინების წარდგენის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბოლოო შედარების აქტი დაგენერირდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი ეთანხმება ამ მუხლის შესაბამისად დაგენერირებულ საბოლოო შედარების აქტს, იგი ვალდებულია, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულად, კომისიის ვებგვერდის მეშვეობით კომისიას წარუდგინოს საბოლოო შედარების აქტის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილი (დადასტურებული) ეგზემპლარი. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი არ ეთანხმება საბოლოო შედარების აქტში ასახულ მონაცემებს, იგი იმავე ვადაში მიმართავს კომისიას შესაბამისი მონაცემების დაზუსტების მიზნით.

5. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად განხორციელებული რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის კორექტირება იწვევს საბოლოო შედარების აქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებას, ხელახალი ანგარიშ-წინადადების (ინვოისის) დაგენერირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისია უზრუნველყოფს საბოლოო შედარების აქტის კორექტირებას ამ მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბმისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო შედარების აქტით გამოვლინდა რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა, იგი რეგულირების საფასურის გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს მითითებულ საბანკო ანგარიშზე, კომისიის მიერ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

7. თუ საბოლოო შედარების აქტით გამოვლინდა, რომ რეგულირების საფასურის გადამხდელს კომისიის მიმართ გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება, მან ეს დავალიანება სრულად უნდა დაფაროს საბოლოო შედარების აქტის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო რეგულირების საფასურის დავალიანების სრულად დაფარვამდე, ამ წესის მიზნებისათვის, ეს პირი ითვლება რეგულირების საფასურის გადამხდელად.

 

მუხლი 9. პასუხისმგებლობა

კომისია უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის, რეგულირებულ საწარმოს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. 2020 წლის საბოლოო შედარების აქტის დაგენერირება და რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ მისი ხელმოწერა/დადასტურება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა.

2. ამ წესის მოთხოვნები ასევე ვრცელდება:

ა) საწარმოზე, რომელიც, კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საქმიანობას ახორციელებს კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით და ეკისრება ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით, გაიაროს ხელახალი ავტორიზაცია – შესაბამისი ავტორიზაციის განხორციელებამდე;

ბ) სისტემის კომერციულ ოპერატორზე (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე) – 2021 წლის 1 ივლისამდე.

3. სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ უნდა რჩებოდეს მოგება, მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) მომსახურების საფასურით მიღებული შემოსავალი.

4. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის ან/და საბოლოო შედარების აქტის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ხელმოწერის (დადასტურების) შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმას ან/და საბოლოო შედარების აქტს კომისიას წარუდგენს მატერიალური სახით.