ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის დირექტივა 2008/6/EC, რომლითაც შესწორება შედის დირექტივაში 97/67/EC თანამეგობრობის საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის სრულყოფასთან დაკავშირებით

ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის დირექტივა 2008/6/EC, რომლითაც შესწორება შედის დირექტივაში 97/67/EC თანამეგობრობის საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის სრულყოფასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 2008/6/EC
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2008
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2021
სარეგისტრაციო კოდი
2008/6/EC
20/02/2008
ვებგვერდი, 11/03/2021
ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის დირექტივა 2008/6/EC, რომლითაც შესწორება შედის დირექტივაში 97/67/EC თანამეგობრობის საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის სრულყოფასთან დაკავშირებით
ევროპარლამენტი

 

ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის

დირექტივა 2008/6/EC,

რომლითაც შესწორება შედის დირექტივაში 97/67/Ec თანამეგობრობის საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის სრულყოფასთან დაკავშირებით

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ, მის 47(2)-ე, 55-ე და 95-ე მუხლებს,

ითვალისწინებენ რა კომისიის წინადადებას,

ითვალისწინებენ რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას ([1]),

ითვალისწინებენ რა ევროპის რეგიონების კომიტეტის მოსაზრებას ([2]),

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად[3],

ვინაიდან:

(1) საბჭომ თავის 1994 წლის 7 თებერვლის რეზოლუციაში თანამეგობრობის საფოსტო მომსახურებების განვითარების შესახებ ([4]) თანამეგობრობის საფოსტო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად განსაზღვრა საფოსტო ბაზრის კონკურენციის მიმართ თანდათანობითი კონტროლირებადი გახსნის უზრუნველყოფა უნივერსალური მომსახურების მიწოდების მდგრადი გარანტიით.

(2) ევროპარლამენტისა და საბჭოს 1997/15 დეკემბრის დირექტივით 97/67/EC თანამეგობრობის საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ ([5]) შეიქმნა საფოსტო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო ევროგაერთიანების დონეზე, რომელიც მოიცავს ზომებს უნივერსალური მომსახურების გარანტირების და საფოსტო მომსახურების მაქსიმალური ლიმიტების დაწესების მიზნით, რომელთა რეზერვირება წევრ სახელმწიფოებს თავიანთი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის (მიმწოდებლებისთვის) შეუძლიათ უნივერსალური მომსახურების შენარჩუნების მიზნით, მათი შემდგომი ეტაპობრივი და თანდათანობითი შემცირების პერსპექტივით; აღნიშნული ჩარჩო მოიცავს, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღების გრაფიკს კონკურენციის მიმართ ბაზრის შემდგომ გახსნასთან დაკავშირებით, საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის შექმნის მიზნებისთვის.

(3) ხელშეკრულების მე-16 მუხლში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ადგილი, რომელიც ევროკავშირის საერთო ღირებულებების კონტექსტში უკავია ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებებს, აგრეთვე მათი როლი სოციალური და ტერიტორიული ერთიანობის ხელშეწყობაში. მასში ნათქვამია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ასეთი მომსახურებები ფუნქციონირებდეს იმ პრინციპებისა და პირობების საფუძველზე, რომლებიც მათ თავიანთი მისიის შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

(4) 2005 წლის ოქტომბრის "სპეციალური ევრობარომეტრი219" ხაზს უსვამს ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებების დადებით როლს; მასში ნათქვამია, რომ საფოსტო მომსახურებებმა მომხმარებლების ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებებს შორის ევროკავშირის მასშტაბით, რაც გამოკითხული რესპონდენტების 77%-მა დაადასტურა.

(5) რამდენადაც ისინი კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს საფოსტო მომსახურებები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რაც ხელს უწყობს ევროკავშირში სოციალური, ეკონომიკური და ტერიტორიული ერთიანობის მიზნების მიღწევას. საფოსტო ქსელებს აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული და სოციალური განზომილებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის აუცილებელ ადგილობრივ მომსახურებებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

(6) საფოსტო მომსახურებების სფეროში ზომები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ევროგაერთიანების ამოცანები, განსაზღვრული დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მთელი ევროგაერთიანების მასშტაბით სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის ჰარმონიული, დაბალანსებული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, დასაქმებისა და სოციალური დაცვის მაღალი დონე, მდგრადი და არაინფლაციური ზრდა, ეკონომიკური საქმიანობის კონკურენტუნარიანობისა და კონვერგენციის მაღალი ხარისხი, ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლება, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური ერთიანობა და სოლიდარობა წევრ სახელმწიფოებს შორის, მიღწეული იქნეს როგორც მიზნები.

(7) ბოლო წლებში ევროპის საფოსტო ბაზრებმა მკვეთრი ცვლილება განიცადა,რომლის მამოძრავებელი ფაქტორები იყო ტექნოლოგიური მიღწევები და დერეგულაციის შედეგად გაზრდილი კონკურენცია. გლობალიზაციის გამო, აუცილებელია პროაქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა, რათა ევროკავშირის მოქალაქეები მოკლებული არ იყვნენ ამგვარი ცვლილებით მოტანილ სარგებელს.

(8) ლისაბონის სტრატეგიის შუალედურ მიმოხილვასთან დაკავშირებით თავის დასკვნებში 2005 წლის 22 და 23 მარტს ევროპის საბჭომ განმეორებით აღნიშნა შიდა ბაზრის სრულყოფილი ჩამოყალიბების, როგორც იმ ინსტრუმენტის მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს ზრდას და ქმნის უფრო მეტ და უკეთეს სამუშაო ადგილებს, და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე ეფექტიანმა მომსახურებებმა უნდა შეასრულოს კონკურენტული და დინამიკური ეკონომიკის პირობებში.  ეს დასკვნები გამოიყენება საფოსტო მომსახურებების, როგორც კომუნიკაციის, ვაჭრობისა და სოციალური და ტერიტორიული ერთიანობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მიმართ.

(9) ევროპარლამენტის 2006 წლის 2 თებერვლის რეზოლუციაში საფოსტო დირექტივის ([6]) გამოყენების შესახებ ხაზი გაესვა ეფექტიანი საფოსტო მომსახურებების სოციალურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას და მათ მნიშვნელოვან როლს ლისაბონის სტრატეგიის ფარგლებში, იმის მითითებით, რომ აქამდე გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები მოჰყვა საფოსტო სექტორში, გაუმჯობესებულ ხარისხთან, მეტ ეფექტიანობასა და მომხმარებელზე უკეთ ორიენტირებასთან ერთად.  თავის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა კომისიას, წევრ სახელმწიფოებში უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგჯერ საგრძნობლად განსხვავებული მოვლენების გათვალისწინებით, თავისი პერსპექტიული კვლევის შედგენისას ყურადღება, კერძოდ, გაემახვილებინა გაწეული უნივერსალური მომსახურების ხარისხზე და მის სამომავალო დაფინანსებაზე, და ამ კვლევის კონტექსტში შეეთავაზებინა უნივერსალური მომსახურების განმარტება, მოქმედების სფერო და შესაბამისი დაფინანსება.

(10) დირექტივის 97/67/EC შესაბამისად ჩატარდა პერსპექტიული კვლევა, რომლითაც თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის შეფასდა უნივერსალურ მომსახურებაზე ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის საბოლოოდ დასრულების გავლენა 2009 წელს. კომისიამ ასევე განახორციელა ევროგაერთიანების საფოსტო სექტორის დეტალური მიმოხილვა, რაც სექტორის ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების შესახებ კვლევების დაწყებასაც მოიცავდა, და ფართო კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ მხარეებს.

(11) პერსპექტიულ კვლევაში ნათქვამია, რომ იმ უნივერსალური მომსახურების მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფის უმთავრესი მიზანი, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ დირექტივის 97/67/EC თანახმად განსაზღვრულ ხარისხის სტანდარტს შეესაბამება, შეიძ₾ლება 2009 წლისთვის იქნეს მიღწეული მთელს ევროგაერთიანებაში, დარეზერვებული ტერიტორიის საჭიროების გარეშე.

(12) საფოსტო ბაზრების თანამიმდევრულმა და ეტაპობრივმა გახსნამ კონკურენციისთვის საკმარისი დრო მისცა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებს მოდერნიზაციისა და რესტრუქტურიზაციისთვის აუცილებელი იმ ზომების განსახორციელებლად, რომლებიც მათი გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო ახალი ბაზრის კონიუნქტურის პირობებში, ხოლო წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობა მისცა მოეხდინათ თავიანთი მარეგულირებელი სისტემების ადაპტაცია უფრო გახსნილ გარემოსთან. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანსპოზიციის პერიოდით უზრუნველყოფილი შესაძლებლობებით, და ეფექტიანი კონკურენციის დანერგვისთვის საჭირო საკმარისი დროით, რათა, საჭიროებისამებრ, გააგრძელონ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების შემდგომი მოდერნიზაცია და რესტრუქტურიზაცია.

(13) პერსპექტიული კვლევა აჩვენებს, რომ დარეზერვებული ტერიტორია აღარ უნდა იყოს უპირატესობის მიმნიჭებელი ფაქტორი, როდესაც საქმე უნივერსალური მომსახურების დაფინანსებას ეხება. ამ შეფასებაში გათვალისწინებულია ევროგაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების დაინტერესება შიდა ბაზრის, აგრეთვე ზრდისა და დასაქმების პოტენციალის შექმნით, ისევე, როგორც ყველა მომხმარებლისთვის ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე ეფექტიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ამიტომ, მიზანშეწონილია დადასტურდეს საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის დასრულების საბოლოო თარიღი.

(14) საფოსტო სექტორში არსებობს ცვლილებების გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ, მოთხოვნა და მომხმარებლების ცვალებადი საჭიროებები, ორგანიზაციული ცვლილება, ავტომატიზაცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით ჩანაცვლება და ბაზრის გახსნა. კონკურენციის გათვალისწინების, აგრეთვე მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების და დაფინანსების ახალი წყაროების უზრუნველყოფის მიზნით საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებს შეუძლიათ, მოახდინონ თავიანთი საქმიანობების დივერსიფიკაცია ელექტრონული კომერციული მომსახურების ან საინფორმაციო საზოგადოების სხვა მომსახურებების მიწოდების გზით.

(15) საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებს, მათ შორის უნივერსალური მომსახურების დანიშნულ მიმწოდებლებს, მოუწოდებენ, გააუმჯობესონ ეფექტიანობა ახალი კონკურენტული გამოწვევების შედეგად (როგორიცაა, მაგალითად, გაციფრულება და ელექტრონული კომუნიკაციები), რომლებიც განსხვავდება ტრადიციული საფოსტო მომსახურებისაგან და ეს თავისთავად შეუწყობს ხელს კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

(16) ბაზრის სრული გახსნა ხელს შეუწყობს საფოსტო ბაზრების მთლიანი მოცულობის გაზრდას. გარდა ამისა ეს ხელს შეუწყობს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებში მდგრადი და ხარისხიანი დასაქმების შენარჩუნებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას სხვა ოპერატორებში, ახლადშემოსულ ორგანიზაციებში და შესაბამის ეკონომიკურ სექტორებში. წინამდებარე დირექტივა ზიანს არ აყენებს წევრ სახელმწიფოთა კომპეტენციას, დაარეგულირონ საფოსტო მომსახურებების სექტორში დასაქმების პირობები, რომლებმაც, ამასთან, არ უნდა გამოიწვიოს არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. საფოსტო ბაზრის გახსნის მომზადებისას უნდა გათვალისწინებული იქნეს სოციალური ასპექტები.

(17) მხოლოდ ტრანსპორტი არ უნდა იქნეს მიჩნეული საფოსტო მომსახურებად. პირდაპირი ფოსტა, რომელიც შედგება მხოლოდ სარეკლამო, მარკეტინგული ან სარეკლემო-საინფორმაციო მასალისგან და შეიცავს იდენტურ შეტყობინებას, ადრესატის სახელისა და გვარის, მისამართის და საიდენტიფიკაციო ნომრის გარდა, შეიძლება ჩაითვალოს ერთეულ კორესპონდენციად.

(18) გაზრდილი კონკურენტუნარიანობა დამატებით საშუალებას მისცემს საფოსტო სექტორს, მოახდინოს კომუნიკაციის ალტერნატიულ მეთოდებთან ინტეგრირება და შესაძლებელს გახდის სულ უფრო მომთხოვნი მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

(19) სოფლის საფოსტო ქსელები, მათ შორის მაღალმთიან და კუნძულოვან რეგიონებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის ინტეგრირებაში ეროვნულ/გლობალურ ეკონომიკაში და ერთიანობის შენარჩუნებაში სოციალური და დასაქმების თვალსაზრისით. გარდა ამისა, სოფლის საფოსტო პუნქტებს შორეულ რეგიონებში შეუძლია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ქსელი უზრუნველყოს ახალ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე წვდომის მიზნით.

(20) მეზობელ საკომუნიკაციო ბაზრებზე განვითარებულმა მოვლენებმა სხვადასხვაგვარი ზემოქმედება მოახდინა ევროგაერთიანების სხვადასხვა რეგიონებში და მოსახლეობის სეგმენტებზე, აგრეთვე საფოსტო მომსახურებების გამოყენებაზე. ტერიტორიული და სოციალური ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს და იმის მხედველობაში მიღებით, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოახდინონ მომსახურების ზოგიერთი კონკრეტული კომპონენტის ადაპტირება ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისად და დირექტივაში 97/67/EC გათვალისწინებული მოქნილობის გამოყენებით, მიზანშეწონილია, სრულად შენარჩუნდეს უნივერსალური მომსახურება და მასთან დაკავშირებული ხარისხის მოთხოვნები, მოცემული დირექტივაში 97/67/EC. არსებული პრაქტიკის შესაბამისად მიზანშეწონილია იმის დაზუსტება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა საფოსტო გზავნილების შეგროვება და მიწოდება უნდა უზრუნველყონ მხოლოდ კვირის იმ სამუშაო დღეებში, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით არ არის გამოცხადებული უქმე დღეებად. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბაზრის გახსნამ კვლავ სარგებელი მოუტანოს ყველას, კერძოდ, მომხმარებლებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააკონტროლონ და ზედამხედველობა გაუწიონ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს. მათ უნდა მიიღონ დირექტივის 97/67/EC ფარგლებში ხელმისაწვდომი შესაბამისი მარეგულირებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ საფოსტო მომსახურებებზე წვდომა კვლავ აკმაყოფილებდეს მომხმარებელთა საჭიროებებს, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, წვდომის ერთსა და იმავე პუნქტში მომსახურებების მინიმალური რაოდენობის და კერძოდ იმის უზრუნველყოფით, რომ სასოფლო და დაშორებულ რეგიონებში არსებობდეს საფოსტო მომსახურებებზე წვდომის პუნქტების შესაბამისი სიმჭიდროვე.

(21) უნივერსალური მომსახურება, პრინციპში, უზრუნველყოფს ერთ გარანტირებულ შეგროვებას და ერთ მიწოდებას თითოეული ფიზიკური ან იურიდიული პირის სახლში ან შენობა-ნაგებობებში ყველა სამუშაო დღის განმავლობაში, თუნდაც დაშორებულ ან მეჩხერად დასახლებულ ადგილებში.

(22) მაღალხარისხოვანი საფოსტო მომსახურებების მიწოდება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოციალური და ტერიტორიული ერთიანობის მიზნის მიღწევას. ელექტრონული კომერცია, კერძოდ, ახალ შესაძ₾ლებლობებს სთავაზობს დაშორებულ და მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად, რისთვისაც კარგი საფოსტო მომსახურებების მიწოდება მნიშვნელოვან წინა პირობას წარმოადგენს.

(23) დირექტივით 97/67/EC დადგენილია უნივერსალური მომსახურების მიწოდების უპირატესი მნიშვნელობა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების დანიშვნის მეშვეობით. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოითხოვონ უნივერსალური მომსახურების მიწოდება მთელს ეროვნულ ტერიტორიაზე. მეტი კონკურენცია და არჩევანი ნიშნავს წევრი სახელმწიფოებისთვის შემდგომი მოქნილობის მინიჭებას ყველაზე ეფექტიანი და შესაფერისი მექანიზმის განსაზღვრისთვის უნივერსალური მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ამასთანავე დაცული უნდა იყოს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის არარსებობის, პროპორციულობისა და ბაზრის წესების მინიმალური დარღვევის პრინციპები, რაც აუცილებელია შიდა ბაზარზე საფოსტო მომსახურებების თავისუფალი მიწოდების გარანტირებისთვის. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ერთი ან რამდენიმე შემდეგი ქმედების კომბინაცია: უნივერსალური მომსახურების მიწოდება საბაზრო ძალების მიერ, ერთი ან რამდენიმე საწარმოს დანიშვნა უნივერსალური მომსახურების სხვადასხვა ელემენტების უზრუნველყოფის, ან ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილების მოცვის და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს დანიშნოს ერთი ან მეტი საწარმო უნივერსალური მომსახურების ან უნივერსალური მომსახურების სხვადასხვა კომპონენტის მისაწოდებლად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარისხის მოთხოვნების უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებზე გამჭვირვალედ და პროპორციულად დაკისრება. იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო ერთზე მეტ საწარმოს დანიშნავს, მან უნდა უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების დუბლირება.

(24) მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები სრულად იყვნენ ინფორმირებული გაწეული უნივერსალური მომსახურებების შესახებ და რომ საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებს ეცნობოთ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის  უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლები სრულად იყვნენ ინფორმირებული მიწოდებული კონკრეტული მომსახურებების კომპონენტებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამასთან, წევრი სახელმწიფოებისთვის მინიჭებული გაზრდილი მოქნილობის შესაბამისად, მიზანშეწონილია უნივერსალური მომსახურების განსხავებული გზებით მიწოდება, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის დანიშვნის გარდა, რათა წევრმა სახელმწიფოებმა თავისუფლად შეძლონ იმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გახდეს ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

(25) ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით და საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის სრული პოტენციალის გახსნის მიზნით მიზანშეწონილია, დასრულდეს დარეზერვებული ტერიტორიისა და სპეციალური უფლებების გამოყენება უნივერსალური მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის საშუალებად.

(26) უნივერსალური მომსახურების ნარჩენი წმინდა ღირებულების გარე დაფინანსება შეიძლება კვლავ საჭირო იყოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის. ამიტომ მიზანშეწონილია ხელმისაწვდომი ალტერნატივების მკაფიოდ განმარტება, რომ უზრუნველყოფილი იქნეს უნივერსალური მომსახურების დაფინანსება საჭირო მოცულობით და სათანადოდ დასაბუთება, ხოლო წევრ სახელმწიფოს ჰქონდეს დაფინანსების მექანიზმების არჩევის თავისუფლება. ეს ალტერნატივები მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამოყენებას, მათ შორის, როგორც ეს გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების დირექტივებით, კონკურენტულ დიალოგს ან შეთანხმებულ პროცედურებს ტენდერის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებით ან ამის გარეშე, და როდესაც უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები იწვევს უნივერსალური მომსახურების წმინდა ხარჯებს და უსამართლო ტვირთად აწვება უნივერსალური მომსახურების დანიშნულ მიმწოდებელს - საზოგადოებრივ კომპენსაციას და ხარჯების გამჭვირვალედ განაწილებას მომსახურების მიმწოდებლებსა ან/და მომხმარებლებს შორის, კომპენსაციის ფონდში შენატანების მეშვეობით. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ევროგაერთიანების კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა საშუალებები, მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში დაადგინონ, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის მიერ საყოველთაო მომსახურების მოქმედების სფეროს მიღმა სხვა საქმიანობებიდან მიღებული მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ იქნეს მიმართული უნივერსალური მომსახურების თვითღირებულების დაფინანსებაზე, თუ ეს შეესაბამება ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას.  წევრი სახელმწიფოების ვალდებულებისთვის ზიანის მიუყენებლად, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო დახმარების შესახებ ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების წესების დაცვასთან და ამ კონტექსტში შეტყობინების კონკრეტულ მოთხოვნებს მოიცავს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ კომისიას აცნობონ უნივერსალური მომსახურების ნებისმიერი ხარჯების დაფარვისთვის გამოყენებული დაფინანსების მექანიზმების შესახებ, რომლებიც რეგულარულ ანგარიშებში უნდა აისახოს და რომლებიც კომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს უნდა წარუდგინოს დირექტივის 97/67/EC გამოყენებასთან დაკავშირებით.

(27) საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებს შეიძლება მოეთხოვოთ, მონაწილეობა მიიღონ უნივერსალური მომსახურების დაფინანსებაში იმ შემთხვევებში, როდესაც რეზერვების ფორმირება ხდება საკომპენსაციო ფონდისთვის. იმის დასადგენად, თუ რომელ საწარმოებს შეიძლება მოეთხოვოთ კომპენსაციის ფონდში შენატანის გაკეთება, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, შეიძლება თუ არა ამ საწარმოების მიერ გაწეული მომსახურებები ისეთ მომსახურებებად ჩაითვალოს მომხმარებლის თვალსაზრისით, რომლებიც უნივერსალური მომსახურებების მოქმედების სფეროს განეკუთვნება, რადგან უნივერსალურ მომსახურებასთან მიმართებაში ისინი საკმარისი ხარისხით ავლენს ურთიერთჩანაცვლებას, მომსახურებების მახასიათებლების გათვალისწინებით, დამატებული ღირებულების კომპონენტების, ასევე, მიზნობრივი გამოყენებისა და ფასწარმოქმნის ჩათვლით. აუცილებელი არაა, რომ ეს მომსახურებები ფარავდეს უნივერსალური მომსახურების ყველა კომპონენტს, მაგალითად, ყოველდღიურ მიწოდებას ან სრულ ეროვნულ დაფარვას.

(28) იმისათვის, რომ დაცული იქნეს პროპორციულობის პრინციპი, როდესაც განისაზღვრება სათანადო საწარმოების მიერ წევრ სახელმწიფოში უნივერსალური მომსახურების გაწევის ხარჯებისთვის შესატანი წილი, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ისეთი გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, როგორიცაა აღნიშნული საწარმოების წილი იმ საქმიანობაში, რომელიც უნივერსალური მომსახურების მოქმედების სფეროს განეკუთვნება შესაბამის წევრ სახელმწიფოში. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოსთხოვონ მიმწოდებლებს, რომლებსაც კომპენსაციის ფონდში წილის შეტანის ვალდებულება აქვთ, შემოიღონ ცალკე საბუღალტრო აღრიცხვა ფონდის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

(29) გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის არარსებობისა და პროპორციულობის პრინციპების გამოყენება, რომლებიც ამჟამად არის გათვალისწინებული დირექტივით 97/67/EC, კვლავაც უნდა იქნეს გამოყენებული დაფინანსების ყველა მექანიზმის მიმართ და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ სფეროში უნდა ემყარებოდეს გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც ექვემდებარება გადამოწმებას. კერძოდ, უნივერსალური მომსახურების წმინდა ღირებულება უნდა გაანგარიშდეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ზედამხედველობით როგორც სხვაობა ვალდებულებით მოქმედი უნივერსალური მომსახურების დანიშნული მიმწოდებლის წმინდა ხარჯებსა და უნივერსალური მომსახურების იმ მიმწოდებლის წმინდა ხარჯებს შორის, რომელიც არ მოქმედებს ვალდებულებით. გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა შესაბამისი ელემენტი ნებისმიერი საბაზრო სარგებელის ჩათვლით, რომელსაც უნივერსალური მომსახურების გასაწევად დანიშნული საფოსტო მომსახურების მიმწოდებელი იღებს, აგრეთვე გონივრული მოგების უფლება და ხარჯთეფექტურობის წახალისების ფორმები.

(30) იმ შემთხვევებში, როდესაც წევრი სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებას, თავიანთ ეროვნულ ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ დამატებითი ან კომპლემენტარული მომსახურებები, გარდა უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებთან დაკავშირებული მომსახურებებისა, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე დირექტივით, მაგალითად, პენსიები და საფოსტო შეკვეთები სასოფლო დასახლებებში, ეს მომსახურებები არ უნდა დაექვემდებაროს კომპენსაციის არანაირ მექანიზმს, რომელიც კონკრეტული საწარმოების შენატანს მოითხოვს. საჭიროების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გასცენ დაფინანსება ასეთი დამატებითი ან კომპლემენტარული მომსახურებებისთვის სახელმწიფო დახმარების შესახებ დამფუძნებელი ხელშეკრულების წესების შესაბამისად. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის შემთხვევის გარდა, ავტორიზაცია არ უნდა დაექვემდებაროს ამ დამატებითი მომსახურების გაწევის ვალდებულებას.

(31) მიზანშეწონილია იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდნენ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 10 ივნისის დირექტივის 2002/39/EC ძალაში შესვლის შემდეგ, რომლითაც ცვლილება შედის დირექტივაში 97/67/EC ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურებების კონკურენციის მიმართ შემდგომ გახსნასთან დაკავშირებით ([7]), და რომლებსაც შეიძლება განსაკუთრებული სირთულეები შეექმნათ თავიანთი საფოსტო ბაზრების შეუფერხებელ ადაპტაციასთან დაკავშირებით, რადგან ისინი საფოსტო რეფორმის პროცესს გვიან ეტაპზე შეუერთდნენ, და მცირე მოსახლეობისა და შეზღუდული გეოგრაფიული ფართობის მქონე იმ გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც საფოსტო მომსახურებებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მახასიათებლები აქვთ, ან განსაკუთრებულად რთული ტოპოგრაფიის მქონე წევრ სახელმწიფოებს კუნძულების ძალიან დიდი რაოდენობით, მიეცეთ წინამდებარე დირექტივის შესრულების შეზღუდული დროით გადადების შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ განაგრძონ მომსახურების დარეზერვება თავიანთი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისთვის, იმ პირობით, რომ კომისიას აცნობებენ ამის თაობაზე. ასეთი შესაძლებლობის განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით ასევე მიზანშეწონილია, ამ შეზღუდულ დროში და შეზღუდული რაოდენობის მომსახურებებისთვის, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც სრულად გახსნეს თავიანთი ბაზრები, მიეცეთ უფლება, უარი უთხრან თავიანთ საკუთარ ტერიტორიაზე ოპერირების ავტორიზაციაზე იმ მონოპოლიებს, რომლებიც სხვა წევრ სახელმწიფოში ოპერირებენ.

(32) კომისიამ დახმარება უნდა გაუწიოს წევრ სახელმწიფოებს წინამდებარე დირექტივის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით, ნებისმიერი წმინდა ღირებულების გაანგარიშების ჩათვლით. გარდა ამისა, თანამშრომლობამ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს შორის ამ სფეროში სტანდარტებისა და სახელმძღვანელო მითითების შემუშავების გასაგრძელებლად, ხელი უნდა შეუწყოს წინამდებარე დირექტივის ჰარმონიზებულ გამოყენებას.

(33) წევრ სახელმწიფოებს უფლება უნდა მიეცეთ, გამოიყენონ ზოგადი ავტორიზაცია და ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები, თუკი ეს გამართლებული და დასახული მიზნის თანაზომიერია. თუმცა, როგორც ეს ხაზგასმულია მესამე მოხსენებაში დირექტივის 97/67/EC გამოყენების შესახებ, როგორც ჩანს, აუცილებელია იმ პირობების დამატებითი ჰარმონიზაცია, რომლებიც შეიძლება შემოღებული იქნეს შიდა ბაზარზე მომსახურებების მიწოდების პროცესში გაუმართლებელი ბარიერების შესამცირებლად. ამ კონტექსტში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მაგალითად, უფლება მისცენ საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებს აირჩიონ ან მომსახურების მიწოდების ვალდებულება ან სხვა მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურების ხარჯებში ფინანსური მონაწილეობის ვალდებულება; ამასთან ზემოაღნიშნულ საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებს აღარ უნდა მიეცეთ უფლება, ერთდროულად წვლილი შეიტანონ გაზიარების მექანიზმში და იკისრონ უნივერსალური მომსახურების ან ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულებები, რომლებიც იმავე მიზნის მიღწევას ემსახურება. ასევე მიზანშეწონილია იმის დაზუსტება, რომ ზოგადი ავტორიზაციებისა და ლიცენზირების შესახებ ზოგიერთი დებულება არ უნდა გავრცელდეს უნივერსალური მომსახურების დანიშნულ მიმწოდებლებზე.

(34) ისეთ პირობებში, როდესაც რამდენიმე საფოსტო საწარმო უზრუნველყოფს მომსახურებას უნივერსალური მომსახურების ტერიტორიაზე, მიზანშეწონილია, ყველა წევრ სახელმწიფოს დაევალოს შეაფასოს, უნდა გახდეს თუ არა საფოსტო ინფრასტრუქტურის ზოგიერთი ელემენტი ან ზოგადად უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული გარკვეული მომსახურებები ხელმისაწვდომი მსგავსი მომსახურებების მიმწოდებელი სხვა ოპერატორებისთვის, რაც ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობას ან/და ყველა მომხმარებლის დაცვას ემსახურება საფოსტო მომსახურების საერთო ხარისხის უზრუნველყოფით. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეგიონული საფოსტო ქსელების მქონე რამდენიმე უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა შეაფასონ და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი ფუნქციონალური თავსებადობა, რომ თავიდან აიცილონ საფოსტო გზავნილების სწრაფი ტრანსპორტირების შეფერხება. რადგან ამ ელემენტების ან მომსახურებების სამართლებრივი და საბაზრო მდგომარეობა წევრ სახელმწიფოებში განსხვავებულია, მიზანშეწონილია, წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვოთ მხოლოდ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება მარეგულირებელი ინსტრუმენტის საჭიროების, მასშტაბისა და არჩევის შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ხარჯების განაწილების შესახებ. ეს დებულება ზიანს არ აყენებს წევრ სახელმწიფოთა უფლებას, მიიღონ ზომები საფოსტო ქსელზე წვდომის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის არარსებობის პირობებში.

(35) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებმა, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას დირექტივის 97/67/EC შესაბამისად, გამოიყენონ ევროგაერთიანებისა და შიდასახელმწიფოებრივი დებულებები პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, კერძოდ, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივაში 95/46/EC მოცემული დებულებები ფიზიკური პირების დაცვის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და ამ მონაცემების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ ([8]).

(36) წინამდებარე დირექტივის დებულებებმა ზიანი არ უნდა მიაყენოს იმ ეროვნულ დებულებებს, რომლებიც არეგულირებს ექსპროპრიაციის პირობებს უნივერსალური მომსახურების გაწევის ორგანიზებისთვის.

(37) უსინათლო და მხედველობაშეზღუდული პირებისთვის საფოსტო მომსახურების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია იმის დადასტურება, რომ ბაზრის გახსნამ ხელი არ უნდა შეუშალოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის მიერ იმ გარკვეული უფასო მომსახურებების უწყვეტ მიწოდებას უსინათლო და მხედველობაშეზღუდული პირებისთვის, რომლებიც წევრი სახელმწიფოების მიერ არის შემოღებული მოქმედი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

(38) სრულად კონკურენტულ გარემოში როგორც უნივერსალური მომსახურების ფინანსური წონასწორობისთვის, ისე ბაზრის წესების დარღვევის შეზღუდვისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ პრინციპიდან გადახვევა, რომლის თანახმად ფასები ასახავს ნორმალურ კომერციულ პირობებსა და ხარჯებს, მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად მოხდეს.  ეს მიზანი უნდა მიღწეული იქნეს წევრი სახელმწიფოებისთვის იმის უფლების დატოვებით, რომ მათ ერთგვაროვანი ტარიფები შეინარჩუნონ ცალობითი საფოსტო გზავნილებისთვის, რომელიც მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული მომსახურებაა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ჩათვლით. წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ შეინარჩუნონ ერთგვაროვანი ტარიფები გარკვეული სხვა საფოსტო გზავნილებისთვის, მაგალითად, გაზეთებისა და წიგნებისთვის, ისეთი ზოგადი საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, როგორიცაა კულტურის ხელმისაწვდომობა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა (პრესის თავისუფლება) ან რეგიონული და სოციალური ერთიანობა.

(39) ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, ბიზნესებისთვის, მასობრივი ტვირთისგამგზავნებისთვის და სხვადასხვა მომხმარებლებისგან ფოსტის კონსოლიდატორებისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფრო მოქნილი ფასებით, ხარჯებზე ორიენტაციის პრინციპის შესაბამისად. ტარიფებში გათვალისწინებული უნდა იქნეს თავიდან აცილებული ხარჯები იმ სტანდარტულ მომსახურებასთან შედარებით, რომელიც ფუნქციების მთელ სპექტრს მოიცავს, შეთავაზებულს ცალკეული საფოსტო ამანათების შეგროვების, დახარისხების, ტრანსპორტირებისა და განაწილებისთვის.

(40) ეროვნული თავისებურებების გამო, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ პირობების რეგულირებისას, რომლებშიც უნივერსალური მომსახურების მოქმედმა მიმწოდებელმა უნდა იმუშაოს სრულად კონკურენტულ გარემოში, მიზანშეწონილია წევრ სახელმწიფოებს მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების სრული თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელონ ჯვარედინი სუბსიდიების ყველზე ეფექტიანი მონიტორინგი.

(41) სრულად კონკურენტულ ბაზარზე გადასვლის გათვალისწინებით და კონკურენციაზე ჯვარედინი სუბსიდირების უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კვლავაც შეუნარჩუნონ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებს ცალკე და გამჭვირვალე ანგარიშების წარმოების ვალდებულება, აუცილებელი ცვლილებების შეტანის პირობით.

ამ ვალდებულებამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები, კონკურენციის ორგანოები და კომისია უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და სამართლიანი ბაზრის კონიუნქტურის მონიტორინგისთვის კონკურენციის ძალაში შესვლამდე. თანამშრომლობამ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს შორის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო მითითებების შემდგომი შემუშავების მიზნით ამ სფეროში ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული წესების ჰარმონიზებულ გამოყენებას.

ცალკე და გამჭვირვალე ანგარიშების წარმოება წევრ სახელმწიფოებს და მათ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს საკმარისად დეტალური სააღრიცხვო ინფორმაციით უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი მიზნით:

- მიიღონ გადაწყვეტილებები უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებით,

- გამოიყენონ საწყისი მონაცემის სახით იმის განსაზღვრისას, განაპირობებს თუ არა დაკისრებული უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები წმინდა ხარჯებს და წარმოადგენს თუ არა უსამართლო ფინანსურ ტვირთს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის.

- უზრუნველყონ, რომ უნივერსალური მომსახურების მიმართ გამოყენებული ტარიფები შეესაბამებოდეს წინამდებარე დირექტივაში მოცემულ სატარიფო პრინციპებს,

- უზრუნველყონ წინამდებარე დირექტივაში მოცემული საბოლოო გადასახადების პრინციპების დაცვა; და

- განახორციელონ სამართლიანი ბაზრის კონიუნქტურის მონიტორინგი კონკურენციის ძალაში შესვლამდე.

(42) მომსახურების სხვა სფეროებში არსებული წესების შესაბამისად და მომხმარებელთა დაცვის გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია, საჩივრების შედგენის წესებთან დაკავშირებული მინიმალური პრინციპების გამოყენება გასცდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების ფარგლებს. საჩივრების მართვის პროცედურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია წახალისდეს სასამართლოს გართ მოგვარების პროცედურების გამოყენება, რომლებიც მოცემულია კომისიის 1998 წლის 30 მარტის რეკომენდაციაში 98/257/EC იმ პრინციპების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მომხმარებელთა დავების ([9]) სასამართლოს გარეთ მოგვარებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიმართ, და კომისიის 2001 წლის 4 აპრილის რეკომენდაციაში 2001/310/EC მომხმარებელთა დავების მშვიდობიან მოგვარებაში ჩართული სასამართლოს გარეთა ორგანოების პრინციპის შესახებ ([10]). მომხმარებელთა ინტერესები კიდევ უფრო დაცული იქნება ოპერატორების ურთიერთქმედების გაზრდით, ინფრასტრუქტურისა და სერვისების გარკვეულ ელემენტებზე წვდომის შედეგად, აგრეთვე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და მომხმარებელთა დაცვის ორგანოებს შორის თანამშრომლობის მოთხოვნით.

საფოსტო ამანათების მოპარვის ან დაკარგვის, თუ დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად წევრმა სახელმწიფოებმა დასაბუთებულ შემთხვევებში უნდა შემოიღონ ანაზღაურების ან/და კომპენსაციის სისტემა.

(43) დირექტივა 97/67/EC ითვალისწინებს, რომ გარკვეული ზომები უნდა იქნეს მიღებული ევროპის საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით 1999/468/EC, რომელიც ადგენს პროცედურებს კომისიისთვის დაკისრებული განხორციელების უფლებამოსილების რეალიზებისთვის.([11]).

 

(44) გადაწყვეტილებაში 1999/468/EC ცვლილება შევიდა გადაწყვეტილებით 2006/512/EC, რომლითაც შემოღებული იქნა მარეგულირებელი პროცედურა გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე იმ ზოგადი ხასიათის ზომების მისაღებად, რომლებიც განკუთვნილია საბაზისო დოკუმენტის არაარსებით ელემენტებში ცვლილების შესატანად, რომელიც მიღებული იქნა ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, მათ შორის, ზოგიერთი ამ ელემენტის ამოღებით ან აღნიშნული ინსტრუმენტის ახალი არაარსებითი ელემენტებით შევსების გზით.

(45) კერძოდ, კომისიას უნდა მიეცეს უფლებამოსილება, მიიღოს ზომები მომსახურების ხარისხის სტანდარტების სამომავლო კორექტირებასთან დაკავშირებით ტექნიკური პროგრესის ან ბაზარზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ასევე, გარე ორგანოების მიერ დამოუკიდებელი საქმიანობის მონიტორინგის სტანდარტიზებული პირობების კორექტირებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს ზომები ზოგადი ხასიათისაა და მიზნად ისახავს დირექტივის 97/67/EC არარსებით ელემენტებში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, მისი ახალი არარსებითი ელემენტებით შევსებით, ისინი უნდა მიღებული იქნეს გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 მუხლით გათვალისწინებული მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე.

(46) კომიტეტმა, რომელიც კომისიას ეხმარება დირექტივის 97/67/EC შესაბამისად, თვალი უნდა ადევნოს, თუ როგორ ვითარადება უნივერსალური მომსახურების მიწოდება წევრ სახელმწიფოებში.

(47) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების როლი, სავარაუდოდ, გადამწყვეტი დარჩება, კერძოდ, იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც კონკურენციაზე გადასვლა ჯერ კიდევ საჭიროებს დასრულებას. მარეგულირებელი და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნის პრინციპის შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, რითაც გარანტირებული იქნება მათი გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობა. დამოუკიდებლობის ეს მოთხოვნა ზიანს არ აყენებს წევრი სახელმწიფოების ინსტიტუციურ ავტონომიასა და კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ნეიტრალიტეტის პრინციპს წევრი სახელმწიფოების იმ წესებთან მიმართებაში, რომლებიც არეგულირებს დამფუძნებელი ხელშეკრულების 295-ე მუხლში მოცემული საკუთრების სისტემას. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს თავიანთი ამოცანების შესასრულებლად უნდა მიეწოდოთ ყველა აუცილებელი რესურსი პერსონალის დაკომპლექტების, საექსპერტო ცოდნისა და ფინანსური საშუალებების თვალსაზრისით.

(48) მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებაში სხვადასხვა ეროვნული ორგანოების ხშირი მონაწილეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, შემოიღონ გამჭვირვალობა დავალებების განაწილების პროცესში და მოსთხოვონ სხვადასხვა შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სექტორის რეგულირებაზე, კონკურენციის წესების დაცვა, ხოლო მომხმარებელთა საკითხებზე მომუშავე ორგანოებს მოსთხოვონ თანამშრომლობა თავიანთი ამოცანების ეფექტიანად შესრულების მიზნით.

(49) ნებისმიერ მხარეს, რომელიც ექვემდებარება ეროვნული მარეგულირებელი უწყების გადაწყვეტილებას, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება იმ ორგანოში, რომელიც აღნიშნული უწყებისგან დამოუკიდებელია. ეს ორგანო შეიძლება იყოს სასამართლო. გასაჩივრების ეს პროცედურა ზიანს არ აყენებს კომპეტენციების დაყოფას ეროვნული სასამართლო სისტემების ფარგლებში და იურიდიული ან ფიზიკური პირების უფლებებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ამ პროცედურების დასრულებამდე საჭიროა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებების დროებითი ნამდვილობის უზრუნველყოფა სამართლებრივი სიცხადისა და ბაზრის უსაფრთხოების გარანტირების მიზნით.

(50) ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ითანამშრომლონ წევრი სახელმწიფოების სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან და კომისიასთან დირექტივით 97/67/EC გათვალისწინებული მათი ამოცანების შესრულების პროცესში. ეს ხელს შეუწყობდა საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის განვითარებას და დაეხმარებოდა დირექტივით განსაზღვრული დებულებების თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველყოფას ყველა წევრ სახელმწიფოში, კერძოდ, იმ ადგილებში, სადაც ის ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ევროგაერთიანების კანონმდებლობას ახორციელებს, მიანიჭებს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს მნიშვნელოვან დისკრეციულ უფლებებს შესაბამისი წესების გამოყენებისას. ეს თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის, იმ კომიტეტში, რომელიც დახმარებას უწევს კომისიას დირექტივის შესაბამისად, ან იმ ჯგუფში, რომელშიც ევროპის მარეგულირებელი ორგანოები შედის. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ორგანოები მიიჩნევა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებად დირექტივის მიზნებისათვის.

(51) ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა ბაზრის მოთამაშეებისგან უნდა შეაგროვონ ინფორმაცია თავიანთი ამოცანების ეფექტიანად შესასრულებლად. ინფორმაციის მოთხოვნა პროპორციული უნდა იყოს და ზედმეტი ტვირთი არ უნდა დააკისროს საწარმოებს. ამგვარი ინფორმაციის შეგროვება შესაძლოა კომისიასაც დასჭირდეს, რათა ევროგაერთიანების კანონმდებლობით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულება შესძლოს. ინფორმაციის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურობა მოქმედი წესების შესაბამისად.

(52) იმისათვის, რომ ევროპარლამენტი და საბჭო მუდმივად ინფორმირებული იყოს საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზარზე განვითარებულ მოვლენების შესახებ, კომისიამ ამ დაწესებულებებს რეგულარულად უნდა გაუგზავნოს ანგარიშები დირექტივის 97/67/EC გამოყენების შესახებ.

(53) ეს დირექტივა გავლენას არ ახდენს შრომის კანონმდებლობაზე ანუ ნებისმიერ სამართლებრივ ან სახელშეკრულებო დებულებაზე, რომელიც დასაქმების პირობებს, სამუშაო პირობებს, მათ შორის, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას სამუშაოზე და დამსაქმებლებსა და მომუშავე პერსონალს შორის ურთიერთობას ეხება და წევრი სახელმწიფოები იყენებენ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, რომელიც შესაბამისობაშა ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან. ანალოგიურად, წინამდებარე დირექტივა გავლენას არ ახდენს წევრი სახელმწიფოების სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობაზე. საჭიროების შემთხვევაში წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ავტორიზაციის პროცედურებში ასახონ სამუშაო პირობები გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად.

(54) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საკმარისი წვდომის პუნქტების შექმნა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება მომხმარებლების საჭიროებები სასოფლო და მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიებზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ამ ადგილებში წვდომის პუნქტების შესაბამისი სიმჭიდროვე, რათა შესრულდეს უნივერსალური მომსახურების ვალდებულება.

(55) საფოსტო სექტორის რეგულირების ჩარჩოს შესანარჩუნებლად საჭიროა ამოღებული იქნეს დირექტივის 97/67/EC მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი. იმ დებულებების გამოყენება, რომლებშიც არ შესულა ცვლილებებები ამ დირექტივის თანახმად, უნდა გაგრძელდეს. მომსახურებები, რომელთა დარეზერვებაც წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გააგრძელონ განხორციელების პერიოდში, მითითებულია დირექტივაში 97/67/EC.

(56) ვინაიდან წინამდებარე დირექტივის მიზანი, კერძოდ, ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურებების შიდა ბაზრის მიღწევა, ყველა მომხმარებლისთვის უნივერსალური მომსახურებების საერთო დონის უზრუნველყოფა და ჰარმონიზებული პრინციპების დაწესება საფოსტო მომსახურებების რეგულირებისთვის, შეუძლებელია წევრი სახელმწიფოების მიერ სათანადოდ იქნეს მიღწეული და, მაშასადამე, მასშტაბისა და ზემოქმედების გამო, ის ევროგაერთიანების დონეზე უკეთ შეიძლება იქნეს მიღწეული, ევროგაერთიანებას შეუძლია მიიღოს ზომები დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლში მოცემული სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად წინამდებარე დირექტივა არ სცილდება ამ მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ ფარგლებს.

(57) შესაბამისად, დირექტივაში 97/67/EC უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

(58) წინამდებარე დირექტივა შეესაბამება ევროგაერთიანების სხვა დოკუმენტებს, დაკავშირებულს მომსახურებასთან. წინამდებარე დირექტივის დებულებასა და ევროგაერთიანების სხვა დოკუმენტის, კერძოდ, შიდა ბაზარზე ([12]) მომსახურებების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 12 დეკემბრის დირექტივის 2006/123/EC დებულებას შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, წინამდებარე დირექტივის დებულებებს აქვს უპირატესი ძალა და ისინი საფოსტო მომსახურებაზე სრულად ვრცელდება.

(59) წინამდებარე დირექტივა ზიანს არ აყენებს დამფუძნებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკურენციისა და მომსახურებების თავისუფლად გაწევის წესების გამოყენებას. რამდენადაც უნივერსალური მომსახურების დაფინანსების მექანიზმები მოიცავს დახმარებას, უზრუნველყოფილს წევრი სახელმწიფოს მიერ ან ნებისმიერი სახის სახელმწიფო დახმარების სახსრებს ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებს 87(1)-ე მუხლის მნიშვნელობით, წინამდებარე დირექტივა ზიანს არ აყენებს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას, დაიცვან ამავე ხელშეკრულების წესები სახელმწიფო დახმარების შესახებ.

(60) უკეთესი კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ინსტიტუტთაშორისი შეთანხმების 34-ე პუნქტის შესაბამისად[13] წევრი სახელმწიფოები უნდა წაახალისონ, რათა, თავიანთი და ევროგაერთიანების ინტერესებისთვის, შეიმუშაონ საკუთარი ცხრილები, რომლებიც მაქსიმალურად ასახავს კორელაციას წინამდებარე დირექტივასა და ტრანსპოზიციის ღონისძიებებს შორის, და გაასაჯაროონ ისინი,

მიიღეს წინამდებარე დირექტივა:

მუხლი 1

დირექტივაში 97/67/EC შედის შემდეგი ცვლილება:

1. 1-ლი მუხლი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 1

წინამდებარე დირექტივა ადგენს საერთო წესებს შემდეგთან დაკავშირებით:

- საფოსტო მომსახურებების მიწოდების მარეგულირებელი პირობები,

- ევროგაერთიანებაში უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდება,

- უნივერსალური მომსახურებების დაფინანსება იმ პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მომსახურებების მუდმივ მიწოდებას,

- უნივერსალური მომსახურების გაწევისთვის ანგარიშების სატარიფო პრინციპები და გამჭვირვალობა,

- უნივერსალური მომსახურების მიწოდებისთვის ხარისხის სტანდარტების შექმნა და იმ სისტემის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობას,

- ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაცია,

- დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შექმნა.“;

2. მე-2 მუხლში უნდა შევიდეს შემდეგი შესწორება:

(ა) 1-ლი პუნქტი უნდა შეიცვალოს შემდეგით:

„1. საფოსტო მომსახურებები: მომსახურებები მოიცავს საფოსტო ამანათების შეგროვებას, დახარისხებას, ტრანსპორტირებას და განაწილებას;“;

(ბ) უნდა ჩაემატოს შემდეგი ქვეპუნქტი:

„1ა. საფოსტო მომსახურების მიმწოდებელი: საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ერთ ან მეტ საფოსტო მომსახურებას;“

(გ) მე-2 ქვეპუნქტში სიტყვები „საზოგადოებრივი საფოსტო ქსელი“ უნდა ჩანაცვლდეს „საფოსტო ქსელით“;

(დ) მე-3 ქვეპუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„3. წვდომის პუნქტები: ფიზიკური ობიექტები, მათ შორის, საზოგადოებრივი დანიშნულების საფოსტო ყუთები, უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი სარგებლობის გზატკეცილებზე ან საფოსტო მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის შენობებში, სადაც შესაძლებელია გამგზავნების მიერ საფოსტო გზავნილების დეპონირება საფოსტო ქსელში“;

(ე) მე-4 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„4. შეგროვება: საფოსტო ამანათების შეგროვება საფოსტო მომსახურების მიმწოდებლის მიერ“;

(ვ) მე-6 ქვეპუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„6. საფოსტო გზავნილი: გზავნილი საბოლოო ფორმით განსაზღვრული მისამართით, რომელზეც ის საფოსტო მომსახურების მიმწოდებელმა უნდა მიიტანოს. ერთეული კორესპონდენციების გარდა, ამგვარი გზავნილები ასევე მოიცავს, მაგალითად, წიგნებს, კატალოგებს, გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს და საფოსტო ამანათებს, რომლებიც შეიცავს საქონელს კომერციული ღირებულებით ან მის გარეშე;“;

(ზ) მე-8 პუნქტი უნდა ამოღებულ იქნეს;

(თ) მე-12 პუნქტი უნდა ამოღებულ იქნეს;

(ი) მე-13 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„13. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი: საფოსტო მომსახურების სახელმწიფო ან კერძო მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას ან მის ცალკეულ ნაწილებს წევრ სახელმწიფოში, რომლის ვინაობაც კომისიას ეცნობა მე-4 მუხლის შესაბამისად;“;

(კ) მე-14 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„14. ავტორიზაციები: ნებისმიერი ნებართვა, რომელიც ადგენს საფოსტო სექტორთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს და უფლებას აძლევს საწარმოებს, უზრუნველყონ საფოსტო მომსახურებები და, საჭიროების შემთხვევაში, შექმნან ან/დაამუშაონ თავიანთი ქსელები ამ მომსახურების მისაწოდებლად, ზოგადი ავტორიზაციის ან ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფორმით, როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული:

- "ზოგადი ავტორიზაცია": ნებართვა, იმის მიუხედავად,რეგულირდება ის "კლასის ლიცენზიით" თუ ზოგადი კანონმდებლობით, აგრეთვე იმის მიუხედავად, მოითხოვს თუ არა ეს რეგულირება რეგისტრაციის ან დეკლარაციის პროცედურებს; აღნიშნული ნებართვა არ ავალდებულებს მოცემული საფოსტო მომსახურების მიმწოდებელს, მიიღოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსგან ცალსახა გადაწყვეტილება ავტორიზაციიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებამდე,

- "ინდივიდუალური ლიცენზია": ნებართვა, გაცემული ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომელიც საფოსტო მომსახურების მიმწოდებელს ანიჭებს კონკრეტულ უფლებებს, ან უქვემდებარებს ამ საწარმოს ოპერაციებს იმ კონკრეტულ ვალდებულებებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავსებს ზოგად ავტორიზაციას მაშინ, როდესაც საფოსტო მომსახურების მიმწოდებელი არაა უფლებამოსილი განახორციელოს მოცემული უფლებები იქამდე, სანამ ის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს;“;

(ლ) მე-17 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„17. მომხმარებელი: ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საფოსტო მომსახურების მიწოდებით, როგორც გამგზავნი ან როგორც ადრესატი;“;

(მ) მე-19 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„19. ძირითადი მოთხოვნები: ზოგადი არაეკონომიკური მიზეზები, რომლებმაც წევრ სახელმწიფოს შეიძლება დააწესებინოს გარკვეული პირობები საფოსტო მომსახურებების მიწოდებაზე. ეს მიზეზებია შემდეგი₾: მიმოწერის კონფიდენციალურობა, ქსელის უსაფრთხოება სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით, დასაქმების პირობების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფის სქემები, დადგენილი კანონმდებლობით, რეგულაციით ან ადმინისტრაციული დებულებით ან/და კოლექტიური ხელშეკრულებით, რომელიც შეთანხმებულია ეროვნულ სოციალურ პარტნიორებს შორის, ევროგაერთიანებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და, თუ ეს დასაბუთებულია, მონაცემთა დაცვა, გარემოს დაცვა და რეგიონული დაგეგმარება. მონაცემთა დაცვა შეიძლება მოიცავდეს პერსონალური მონაცემების დაცვას, გადაცემული ან შენახული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვას; ’;

(ნ) უნდა დაემატოს შემდეგი პუნქტი:

„20. ცალობითი საფოსტო გზავნილის ტარიფით მიწოდებული მომსახურებები: საფოსტო მომსახურებები, რომლებისთვისაც ტარიფი დადგენილია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის ზოგად პირობებში ცალკეული საფოსტო გზავნილებისთვის.“;

3. 33-ე მუხლში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: 

(ა) მე-3 პუნქტის 1-ლი ქვეაბზაცი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურება გარანტირებული იყოს კვირაში არანაკლებ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, გამონაკლისად მიჩნეული შემთხვევების თუ გეოგრაფიული პირობების გამოკლებით, და რომ ამ მომსახურებაში, სულ მცირე, შედიოდეს შემდეგი:

- ერთი შეგროვება,

- ერთი მიწოდება ფიზიკური ან იურიდიული პირის სახლში ან შენობა-ნაგებობებში ან გამონაკლისის სახით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შეხედულებისამებრ, ერთი მიწოდება შესაბამის დანადგარებზე.“;

(ბ) მე-5 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„5. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს შეუძლიათ უნივერსალური მომსახურების ფარგლებში გაზარდონ საფოსტო გზავნილების წონის ლიმიტი ნებისმიერ წონამდე, რომელიც არ აღემატება 20 კილოგრამს, და დაადგინონ სპეციალური ღონისძიებები ამ ამანათების კარდაკარ მისაწოდებლად.

მოცემული წევრი სახელმწიფოს მიერ საფოსტო ამანათებისთვის უნივერსალური მომსახურების ფარგლებში დადგენილი წონის ლიმიტის მიუხედავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სხვა წევრი სახელმწიფოებიდან მიღებული ამანათები, რომელთა მაქსიმალური წონა 20 კილოგრამია, მიწოდებული იქნეს მათ ტერიტორიაზე.“; 

(გ) მე-6 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„6. განსახილველი საფოსტო ამანათების მინიმალური და მაქსიმალური ზომები უნდა შეესაბამებოდეს ზომებს, რომლებიც მოცემულია მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ მიღებულ შესაბამის დებულებებში.“;

4. მე-4 მუხლი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 4

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ უნივერსალური მომსახურების მიწოდება გარანტირებული იყოს, და კომისიას უნდა აცნობოს ამ ვალდებულების შესასრულებლად მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. 21-ე მუხლში მითითებულ კომიტეტს უნდა ეცნობოს იმ ზომების შესახებ, რომლებიც დადგენილია წევრი სახელმწიფოების მიერ უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დანიშნონ ერთი ან მეტი საწარმო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად იმისათვის, რათა დაფარული იყოს მთელი ეროვნული ტერიტორია. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დანიშნონ სხვადასხვა საწარმოები უნივერსალური მომსახურების სხვადასხვა ელემენტების უზრუნველსაყოფად ან/და ეროვნული ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილების დასაფარად. ამის გაკეთების შემთხვევაში, მათ ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განსაზღვრონ მათთვის მინიჭებული ვალდებულებები და უფლებები და გამოაქვეყნონ ეს ვალდებულებები და უფლებები. კერძოდ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურების დაკისრების პირობები ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის არარსებობისა და პროპორციულობის პრინციპებს, რაც უნივერსალური მომსახურების უწყვეტად მიწოდების გარანტიაა, იმ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, რომელსაც აღნიშნული მომსახურება ასრულებს სოციალურ და ტერიტორიულ ერთიანობაში.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა შეატყობინონ მათ მიერ დანიშნული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის ვინაობა. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრა უნდა დაექვემდებაროს პერიოდულ განხილვას და შესწავლას ამ მუხლში მოცემული პირობებისა და პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ამ დანიშვნის ხანგრძლივობა საკმარისი დროს იძლეოდეს ინვესტიციების დასაბრუნებლად.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„2. 1-ლი პუნქტის დებულებებმა არ უნდა შეუშალოს ხელი ზომებს, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები იღებენ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ეხება ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში, კერძოდ, მის 30-ე და 46-ე მუხლებში, აღიარებულ საზოგადოებრივ ინტერესს, დაკავშირებულს, მათ შორის, საზოგადოებრივ მორალთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან, სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩათვლით, და საჯარო პოლიტიკასთან.“;

6. მე-6 მუხლი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 6

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლებსა და საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა (მიმწოდებლებმა) რეგულარულად წარუდგინონ საკმარისად დეტალური და განახლებული ინფორმაცია შეთავაზებული უნივერსალური მომსახურების კონკრეტულ კომპონენტებთან დაკავშირებით, რომელშიც საგანგებოდ იქნება მითითებული ამ მომსახურებებზე წვდომის ზოგადი პირობები, ასევე, ფასები და ხარისხის სტანდარტის დონეები. ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სათანადო ფორმით.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა აცნობონ, თუ როგორ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია.“;

7. მე-3 თავის სათაური უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„უნივერსალური მომსახურებების დაფინანსება“;

8. მე-7 მუხლი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 7

1. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიანიჭონ ან ძალაში დატოვონ ექსკლუზიური ან საგანგებო უფლებები საფოსტო მომსახურებების შესაქმნელად და მისაწოდებლად. წევრ სახელმწიფოებს უნივერსალური მომსახურებების მიწოდების დაფინანსება შეუძლიათ მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი საშუალების ან დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან თავსებადი ნებისმიერი სხვა საშუალების შესაბამისად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ უნივერსალური მომსახურებების მიწოდება ამგვარი მომსახურებების შესყიდვის გზით სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 31 მარტის დირექტივით 2004/17/EC, რომლითაც ხდება წყლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფოსტო მომსახურებების ([14]) სფეროში მოქმედი სტრუქტურების შესყიდვის პროცედურების კოორდინირება, კონკურენტული დიალოგის ან შეთანხმებული პროცედურების გზით, ტენდერის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებით ან ამის გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც წევრი სახელმწიფო განსაზღვრავს, რომ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები მოიცავს წმინდა ღირებულებას, გაანგარიშებულს I დანართის გათვალისწინებით, და რომ ისინი უსამართლო ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისთვის, მას შეუძლია შემოიღოს:

(ა) დაინტერესებული საწარმო(ები)ს კომპენსაციის მექანიზმი სახელმწიფო სახსრებიდან; ან

(ბ) მომსახურებების მიმწოდებლებსა ან/და მომხმარებლებს შორის უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების წმინდა ღირებულების განაწილების მექანიზმი.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც თვითღირებულება ნაწილდება მე-3(ბ) პუნქტის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შექმნან საკომპენსაციო ფონდი, რომელიც შეიძლება მომსახურების მიმწოდებლების მიერ დაფინანსდეს ან/და მომხმარებელთა მიერ გადახდილი გადასახადებით, და ამ მიზნით მისი ადმინისტრირება უნდა განახორციელოს ბენეფიციარ(ებ)ისგან დამოუკიდებელმა ორგანომ. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გასცენ ნებართვები მომსახურების მიმწოდებლებზე მე-9(2) მუხლის მიხედვით, იმ ვალდებულების პირობით, რომელიც ეხება ამ ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას ან უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების შესრულებას. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ(ებ)ის უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები, რომლებიც მოცემულია მე-3 მუხლში, შეიძლება დაფინანსდეს ამ ფორმით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა საკომპენსაციო ფონდის შექმნისას და მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ფინანსური შენატანების დონის დადგენისას უნდა უზრუნველყონ გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის არარსებობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვა. მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც გადამოწმებას ექვემდებარება, და უნდა გასაჯაროვდეს.

9. მე-4 თავის სათაური უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„ის პირობები, რომლებიც არეგულირებს საფოსტო მომსახურებების მიწოდებას და ქსელზე წვდომას “;

10. მე-9 მუხლი უნდა შეიცვალოს შემდეგით:

„მუხლი 9

1. იმ მომსახურებებისთვის, რომლებიც სცილდება უნივერსალური მომსახურების მოქმედების ფარგლებს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შემოიღონ ზოგადი ნებართვები იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის გარანტირებისთვის.

2. იმ მომსახურებებისთვის, რომლებიც სცილდება უნივერსალური მომსახურების მოქმედების ფარგლებს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შემოიღონ ავტორიზაციის წესები, მათ შორის, ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის გარანტირებისა და უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.

ავტორიზაციის მინიჭება შეიძლება:

- დაექვემდებაროს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებს,

- გახდეს მოთხოვნების დაწესების საფუძველი, თუ ეს საჭიროა და დასაბუთებულია, შესაბამისი მომსახურებების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასა და შესრულებასთან დაკავშირებით,

- საჭიროების შემთხვევაში, დაექვემდებოს ფინანსური შენატანის გაკეთების ვალდებულებას მე-7 მუხლში აღნიშნულ განაწილების მექანიზმებში, თუ უნივერსალური მომსახურების მიწოდება მოიცავს წმინდა ღირებულებას და წარმოადგენს უსამართლო ტვირთს მე-4 მუხლის შესაბამისად დანიშნული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისთვის.

- საჭიროების შემთხვევაში, დაექვემდებაროს ფინანსური შენატანის გაკეთების ვალდებულებას 22-ე მუხლში მითითებული ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საოპერაციო ხარჯებში;

- საჭიროების შემთხვევაში დაექვემდებაროს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო პირობებს ან დააკისროს ამ სამუშაო პირობების შესრულების ვალდებულება.

პირველ ქვეაბზაცში და მე-3 მუხლში მითითებული ვალდებულებები და მოთხოვნები შეიძლება დაეკისროს მხოლოდ უნივერსალური მომსახურების დანიშნულ მიმწოდებლებს.

გარდა იმ შემთხვევისა, როდესც საწარმოები უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებად დაინიშნა მე-4 მუხლის შესაბამისად, ავტორიზაციები არ შეიძლება:

- შეზღუდული იყოს რაოდენობით,

- უნივერსალური მომსახურების ერთსა და იმავე ელემენტს ან ეროვნული ტერიტორიის ნაწილებს აკისრებდეს უნივერსალური მომსახურების, და ამავე დროს, განაწილების მექანიზმში ფინანსური შენატანების გაკეთების ვალდებულებებს,

- ახდენდეს იმ პირობების დუბლირებას, რომლებიც საწარმოების მიმართ სხვა ეროვნული კანონმდებლობის ძალით გამოიყენება და არ არის დაკავშირებული ამ კონკრეტულ სექტორთან,

- აწესებდეს ტექნიკურ ან ოპერატიულ პირობებს, გარდა იმისა, რაც წინამდებარე დირექტივის ვალდებულებების შესრულებისთვის არის აუცილებელი.

3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებული პროცედურები, ვალდებულებები და მოთხოვნები უნდა იყოს გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, არადისკრიმინაციული, პროპორციული, ზუსტი და არაორაზროვანი, წინასწარ უნდა გასაჯაროვდეს და დაემყაროს ობიექტურ კრიტერიუმებს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან მისი მთლიანად ან ნაწილობრივ უკან გაწვევის მიზეზები ეცნობოს განმცხადებელს და დადგინდეს გასაჩივრების პროცედურა. “;

11. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„1. ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ, მოქმედებენ რა კომისიის წინადადების და ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 47(2)-ე, 55-ე და 95-ე მუხლების საფუძველზე უნდა მიიღონ მე–9 მუხლში მითითებული პროცედურების ჰარმონიზაციისთვის აუცილებელი ზომები, რომლებიც არეგულირებს საზოგადოებისთვის საფოსტო მომსახურებების კომერციულ მიწოდებას.“;

12. მუხლი 11 უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 11

ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ, მოქმედებენ რა კომისიის წინადადების და ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 47(2)-ე, 55-ე და 95-ე მუხლების საფუძველზე, უნდა მიიღონ ჰარმონიზაციის ისეთი ზომები, რომლებიც აუცილებელია, რომ მომხმარებლებსა და საფოსტო მომსახურების მიმწოდებელს (მიმწოდებლებს) ჰქონდეთ წვდომა საფოსტო ქსელზე გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებით. ';

13. უნდა ჩაემატოს შემდეგი მუხლი:

„მუხლი 11ა

თუ ეს აუცილებელია მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ან/და ეფექტიანი კონკურენციის ხელშესაწყობად, აგრეთვე ეროვნული პირობებისა და ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული წვდომის პირობების ხელმისაწვდომობა საფოსტო ინფრასტრუქტურის ელემენტებისთვის ან უნივერსალური მომსახურების მოქმედების სფეროში მიწოდებული მომსახურებებისთვის, როგორიც არის: საფოსტო კოდების სისტემა, მისამართების მონაცემთა ბაზები, საფოსტო ყუთები, სატრანსპორტო ყუთები, ინფორმაცია მისამართის შეცვლაზე, გადამისამართების მომსახურება და გამგზავნისთის დაბრუნების მომსახურება. ეს დებულება ზიანს არ აყენებს წევრ სახელმწიფოთა უფლებას, მიიღონ ზომები საფოსტო ქსელზე წვდომის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალე, პროპორციული და არადისკრიმინაციული პირობებით.”;

14. მუხლი 12 უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 12

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურების შემადგენელი თითოეული მომსახურების ტარიფი შეესაბამებოდეს შემდეგ პრინციპებს:

— ფასები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და იმგვარი, რომ ყველა მომხმარებელს, გეოგრაფიული მდებარეობისგან დამოუკიდებლად და კონკრეტული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ჰქონდეს წვდომა მიწოდებულ მომსახურებებზე. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ შეინარჩუნონ ან შემოიღონ საფოსტო მომსახურების უფასოდ მიწოდება უსინათლო და მხედველობაშეზღუდული პირებისთვის,

- ფასები ორიენტირებული უნდა იყოს ღირებულებაზე და ახდენდეს ეფექტიანი უნივერსალური მომსახურების სტიმულირებას. როდესაც ეს აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გამოიყენებოდეს ერთგვაროვანი ტარიფი მთელს ეროვნულ ტერიტორიაზე ან/და ტრანსსასაზღვრო დონეზე ცალობითი საფოსტო გზავნილის ტარიფით მიწოდებული მომსახურებების და სხვა საფოსტო ამანათების მიმართ,

- ერთიანი ტარიფის გამოყენება არ უნდა გამორიცხავდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებლების) უფლებას, დაიდოს მომხმარებლებთან ინდივიდუალური შეთანხმებებები ფასებზე,

— ტარიფები უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული,

- როდესაც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები იყენებენ სპეციალურ ტარიფებს, მაგალითად, ბიზნესების, მასობრივი ტვირთების გამგზავნების ან სხვადასხვა მომხმარებლებისგან ფოსტის კონსოლიდატორების მომსახურებებისთვის, მათ როგორც ტარიფებთან, ისე მათთან დაკავშირებულ პირობებთნ მიმართებაში უნდა გამოიყენონ გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპები. ტარიფები, მათთან დაკავშირებულ პირობებთან ერთად, თანაბრად უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც სხვადასხვა მესამე მხარეებს შორის, ისე ეკვივალენტური მომსახურებების მიმწოდებელ მესამე მხარეებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებს შორის. ნებისმიერი ასეთი ტარიფი ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლებისთვის, კერძოდ, ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რომლებიც საფოსტო გზავნილებს აგზავნიან მსგავსი პირობებით“;

15. მე-14 მუხლში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

(ა) პუნქტები 1, 2 და 3 უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ იმის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ზომები, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების აღრიცხვა წარმოებდეს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.

2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა/ მიმწოდებლებმა თავიანთ შიდა აღრიცხვის სისტემებში უნდა აწარმოონ ცალკე ანგარიშები, რათა ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოირჩეს უნივერსალური მომსახურების შემადგენელი თითოეული მომსახურება და პროდუქტი და ის მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც არ წარმოადგენს უნივერსალური მომსახურების შემადგენელ ნაწილს. ეს სააღრიცხვო გაცალკევება უნდა გამოყენებული იქნეს როგორც საწყისი მონაცემები, როცა წევრი სახელმწიფოები ანგარიშობენ უნივერსალური მომსახურების წმინდა ღირებულებას. ეს შიდა აღრიცხვის სისტემები უნდა მუშაობდეს თანმიმდევრულად გამოყენებული და ობიექტურად გამართლებული ხარჯების აღრიცხვის პრინციპების საფუძველზე.

3. აღრიცხვის სისტემებმა, რომლებიც მე-2 პუნქტშია მითითებული, მე-4 პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, უნდა მოახდინოს ხარჯების შემდეგნაირად განაწილება:

(ა) ხარჯები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ იქნეს დარიცხული კონკრეტულ მომსახურებაზე ან პროდუქტზე, ასე უნდა განაწილდეს;

(ბ) საერთო ხარჯები, ანუ ის ხარჯები, რომელთა პირდაპირ დარიცხვა კონკრეტულ მომსახურებაზე ან პროდუქტზე შეუძლებელია, უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

(i) როცა ეს შესაძლებელია, საერთო ხარჯები უნდა განაწილდეს თავად ხარჯების წარმოშობის პირდაპირი ანალიზის საფუძველზე;

(ii) როდესაც პირდაპირი ანალიზი შეუძლებელია, საერთო ხარჯების კატეგორიები უნდა განაწილდეს ხარჯების სხვა კატეგორიასთან ან ხარჯების კატეგორიების სხვა ჯგუფთან მათი არაპირდაპირი კავშირის საფუძველზე, რომლებიც შეიძლება პირდაპირ დაირიცხოს ან განაწილდეს; არაპირდაპირი კავშირი უნდა დაემყაროს შესადარებელი ხარჯების სტრუქტურებს;

(iii) როდესაც ხარჯების განაწილების ვერც პირდაპირი და ვერც არაპირდაპირი ზომები ვერ მოიძებნება, ხარჯების კატეგორია უნდა განაწილდეს ზოგადი გამანაწილებლის საფუძველზე, რომელიც გამოითვლება, ერთის მხრივ, თითოეულ უნივერსალურ მომსახურებაზე და მეორეს მხრივ, დანარჩენ მომსახურებებზე პირდაპირ ან არაპირდაპირ დარიცხული ან განაწილებული ყველა ხარჯის კოეფიციენტის გამოყენებით;

(iv) საერთო ხარჯები, რომლებიც აუცილებელია როგორც უნივერსალური, ისე არაუნივერსალური მომსახურებების გასაწევად, უნდა განაწილდეს შესაბამისად; იგივე ხარჯების სტიმულატორები უნდა გამოყენებული იქნეს როგორც უნივერსალური მომსახურებების, ისე არაუნივერსალური მომსახურებების მიმართ.“;

(8) მე-8 პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„8. იმ შემთხვევაში, როდესაც მოცემულ წევრ სახელმწიფოს უნივერსალური მომსახურების მისაწოდებლად დაფინანსების მექანიზმი არ გამოუყენებია, როგორც ეს ნებადართულია მე-7 მუხლით, და იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო დარწმუნებულია, რომ ამ წევრ სახელმწიფოში არც ერთი დანიშნული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი არ იღებს სახელმწიფო დახმარებას, ფარულად თუ სხვაგვარად, და ბაზარზე კონკურენცია არის სრულად ეფექტიანი, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს ამ მუხლის მოთხოვნები.“;

(გ) უნდა დაემატოს შემდეგი პუნქტები:

„9. ამასთან, ეს მუხლი შეიძლება გამოყენებული იქნეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიმართ, რომელიც დაინიშნა ბაზრის სრული გახსნის საბოლოო თარიღამდე, იმ პირობით, რომ უნივერსალური მომსახურების სხვა მიმწოდებელი (მიმწოდებლები) არ არის დანიშნული. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ წინასწარ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილების შესახებ.

10. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოსთხოვონ საფოსტო მომსახურების იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ვალდებული არიან შენატანი გააკეთონ საკომპენსაციო ფონდში, შემოიღონ შესაბამისი სააღრიცხვო გამიჯვნა, რათა ფონდის ფუნქციონირება უზრუნველყონ.“;

16. მე-16 მუხლში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

(ა) მესამე პუნქტის მეორე ქვეაბზაცი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„- ევროპარლამენტი და ევროსაბჭო ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურებების შემთხვევაში (იხ. დანართი II). ამ სტანდარტების სამომავლო კორექტირება ტექნიკური პროგრესის ან ბაზარზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად ხდება 21(2)-ე მუხლში მითითებული მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად, გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე.“;

(ბ) მეოთხე პუნქტი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„საქმიანობის დამოუკიდებელი მონიტორინგი უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ გარე ორგანოების მიერ, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებთან, სტანდარტიზებული პირობებით, რომლებიც უნდა განისაზღვროს 21(2)-ე მუხლში მითითებული მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე, ხოლო ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

17. მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„1. მე-16 მუხლის შესაბამისად, ხარისხის სტანდარტები ევროგაერთიანების შიგნით ტრანსასაზღვრო მომსახურებებისთვის განსაზღვრულია II დანართში.

2. იმ შემთხვევაში, როცა ინფრასტრუქტურასთან ან გეოგრაფიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიტუაციები ასე მოითხოვს, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ მე-2 დანართით გათვალისწინებული ხარისხის სტანდარტებიდან გამონაკლისი შემთხვევები. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები ამგვარად განსაზღვრავენ გამონაკლის შემთხვევებს, მათ კომისიას ამის შესახებ მაშინვე უნდა აცნობონ. კომისიამ გასული 12 თვის განმავლობაში მიღებული შეტყობინებების წლიური ანგარიში  21-ე მუხლში მითითებულ კომიტეტს უნდა გაუგზავნოს მისი ინფორმირების მიზნით.“;

18. მე-19 მუხლი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 19

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გამჭვირვალე, მარტივი და იაფი პროცედურები ხელმისაწვდომი გახადონ ყველა საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებმა ფოსტის მომხმარებლების საჩივრებზე რეაგირებისთვის, კერძოდ, იმ შემთხვევებში, რომლებიც უკავშირდება დაკარგვას, მოპარვას, დაზიანებას ან მომსახურების ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობას (მათ შორის, პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცედურები იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესში ერთზე მეტი ოპერატორი მონაწილეობს), კომპენსაციის სქემებთან დაკავშირებული შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ნორმებისთვის ზიანის მიუყენებლად.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმისთვის , რომ პირველ ქვეპუნქტში მითითებული პროცედურებით შესაძლებელი გახდეს დავების სამართლიანად და სწრაფად მოგვარება ანაზღაურების ან/და კომპენსაციის სისტემის უზრუნველყოფით, თუკი ეს დასაბუთებულია.

წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა წაახალისონ საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის დავების მოგვარების დამოუკიდებელი, სასამართლოს გარეშე სქემების შემუშავება,

2. ეროვნული და ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრების სხვა შესაძლებლობების ან ზარალის აღდგენის საშუალებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლებს, რომლებიც მოქმედებენ ინდივიდუალურად ან ეროვნული კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც მომხმარებლების ან/და კლიენტების ინტერესებს წარმოადგენს, უფლება აქვთ უფლებამოსილი ეროვნული ორგანოების განსახილველად წარადგინონ ის შემთხვევები, როდესაც სათანადოდ არ დაკმაყოფილდა კლიენტების საჩივრები უნივერსალური მომსახურების ფარგლებში საფოსტო მომსახურებების გამწევი საწარმოების მიმართ.

მე-16 მუხლის შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა და, საჭიროების შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების სფეროში მომსახურების მიმწოდებელმა საწარმოებმა, თავისი საქმიანობის მონიტორინგის წლიურ ანგარიშთან ერთად, გამოაქვეყნონ ინფორმაცია საჩივრების რაოდენობისა და იმ ფორმის შესახებ, რომლითაც ხდება მათი განხილვა.“;

19. 21-ი მუხლი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 21

1. ევროკომისიას დახმარებას უწევს კომიტეტი.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მითითება კეთდება წინამდებარე პუნქტზე, გამოიყენება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5ა(1)-(4) მუხლები, მისი მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.’;

20. 22-ე მუხლი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 22

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ერთი ან მეტი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საფოსტო სექტორისთვის, რომლებიც იურიდიულად განცალკევებული და ოპერაციულად დამოუკიდებელია საფოსტო ოპერატორებისაგან. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც ინარჩუნებენ საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებზე საკუთრების უფლებას ან კონტროლს, უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ფუნქციების ეფექტიანი სტრუქტურული გამიჯვნა საკუთრების უფლებასთან ან კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობებისგან.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა აცნობონ, თუ რომელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები დანიშნეს წინამდებარე დირექტივიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად. მათ უნდა გამოაქვეყნონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ შესასრულებელი დავალებები ადვილად ხელმისაწვდომი ფორმით, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნულ დავალებებს ერთზე მეტ ორგანოს აძლევენ.  საჭიროების შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ კონსულტაცია და თანამშრომლობა იმ ორგანოებსა და ეროვნულ ორგანოებს შორის, რომლებსაც ევალებათ კონკურენციის კანონისა და მომხმარებელთა დაცვის კანონის განხორციელება საერთო ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების განსაკუთრებულ ამოცანას წარმოადგენს წინამდებარე დირექტივიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, კერძოდ, მონიტორინგისა და მარეგულირებელი პროცედურების დადგენით, უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. მათ ასევე შეიძლება დაევალოთ საფოსტო სექტორში კონკურენციის წესების შესრულების უზრუნველყოფა.

ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ მჭიდრო თანამშრომლობით და უზრუნველყონ ურთიერთდახმარება შესაბამის არსებულ ორგანოებში წინამდებარე დირექტივის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ეროვნულ დონეზე ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, რომელთა დახმარებით იმ ნებისმიერ მომხმარებელს ან საფოსტო მომსახურების მიმწოდებელს, რომელსაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეეხო, უფლება ექნება გაასაჩივროს გადაწყვეტილება მონაწილე მხარეებისგან დამოუკიდებელ სააპელაციო ორგანოში. ნებისმიერი ასეთი გასაჩივრების შედეგის დადგომამდე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება, თუ სააპელაციო ორგანო სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ’;

21. უნდა ჩაემატოს შემდეგი თავი:

„თავი 9ა

ინფორმაციის მიწოდება

 

მუხლი 22ა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებმა ყველა ინფორმაცია წარუდგინონ, კერძოდ, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, მათ შორის, ფინანსური ინფორმაცია და უნივერსალური მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სახელდობრ, შემდეგი მიზნებისთვის:

(ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ წინამდებარე დირექტივის დებულებებთან ან ამავე დირექტივის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად,

(ბ) მკაფიოდ განსაზღვრული სტატისტიკური მიზნებისთვის.

2. საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებმა ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოთხოვნისთანავე, სწრაფად და კონფიდენციალურად, საჭიროების შემთხვევაში, იმ დროის განმავლობაში და დეტალიზაციის იმ ხარისხით, როგორც ამას ეროვნული მარეგულირებელი ორგანო მოითხოვს. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მისი ამოცანების შესრულების პროპორციული უნდა იყოს. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს მის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის დასაბუთებული მიზეზები.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ კომისიისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში, იმ შესაბამისი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება , რომელიც აუცილებელია წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ინფორმაციას კონფიდენციალურად მიიჩნევს, ევროგაერთიანების და ეროვნული ბიზნესის კონფიდენციალურობის წესების შესაბამისად, კომისიამ და სათანადო ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაიცვან ამგვარი კონფიდენციალურობა.“;

22. მუხლი 23 უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლი 23

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, პირველ შემთხვევაში არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა, კომისიამ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს უნდა წარუდგინოს მოხსენება წინამდებარე დირექტივის გამოყენების შესახებ, შესაბამისი ინფორმაციის ჩათვლით სექტორში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, ეკონომიკურ, სოციალურ, დასაქმების პარამეტრებთან და ტექნოლოგიურ ასპექტებთან, ასევე მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშს თან უნდა ახლდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს წინადადებები.“;

23. უნდა ჩაემატოს შემდეგი მუხლი:

„მუხლი 23ა

კომისიამ დახმარება უნდა გაუწიოს წევრ სახელმწიფოებს წინამდებარე დირექტივის განხორციელებაში, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების ნებისმიერი წმინდა ღირებულების გაანგარიშებაში.’;

24. უნდა ამოღებული იქნეს მუხლები 24, 25, 26 და 27;

25. შემდეგი ტექსტი უნდა ჩაემატოს დანართი I-ის სახით:

„დანართი I

სახელმძღვანელო მითითება უნივერსალური მომსახურების წმინდა ღირებულების (მისი არსებობის შემთხვევაში) გაანგარიშებაზე

ნაწილი ა: უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების განსაზღვრება

უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები გულისხმობს მე-3 მუხლში მითითებულ იმ ვალდებულებებს, რომლებსაც წევრი სახელმწიფო საფოსტო მომსახურების მიმწოდებელს აკისრებს და რომლებიც ეხება საფოსტო მომსახურების მიწოდებას განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში, რაც საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს ერთგვაროვან ფასებს აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში ამ მომსახურების ან გარკვეული უფასო მომსახურებების მისაწოდებლად უსინათლო და მხედველობაშეზღუდული პირებისთვის.

ეს ვალდებულებები, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

— მიწოდების დღეების რაოდენობას, რომელიც აღემატება წინამდებარე დირექტივაში მოცემული დღეების რაოდენობას,

— წვდომის პუნქტების ხელმისაწვდომობას, უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების შესასრულებლად,

— უნივერსალური მომსახურების ტარიფების ხელმისაწვდომობას,

— უნივერსალური მომსახურების ერთგვაროვან ფასებს,

— გარკვეული უფასო მომსახურებების მიწოდებას უსინათლო და მხედველობაშეზღუდული პირებისთვის,

ნაწილი ბ: წმინდა ღირებულების გაანგარიშება

ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განიხილონ ყველა ის საშუალება, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამის წახალისების ფორმებს საფოსტო მომსახურების მიმწოდებლებისთვის (იმის მიუხედავად, დანიშნულები არიან ისინი, თუ არა) უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების ხარჯეფექტიანობის მიღწევისთვის.

უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების წმინდა ღირებულება არის ნებისმიერი ღირებულება, რომელიც დაკავშირებული უნივერსალური მომსახურების ოპერაციასთან და აუცილებელია ამავე ოპერაციისთვის.  უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების წმინდა ღირებულება უნდა გაანგარიშდეს როგორც განსხვავება უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებით მომუშავე დანიშნული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის წმინდა ღირებულებასა და უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების გარეშე მომუშავე იგივე საფოსტო მომსახურების მიმწოდებლის წმინდა ღირებულებას შორის.

გაანგარიშებისას უნდა გათვალისწინებული იქნეს ყველა სხვა შესაბამისი ელემენტი, მათ შორის, ნებისმიერი არამატერიალური და საბაზრო სარგებელი, რომელიც ერიცხება საფოსტო მომსახურების იმ მიმწოდებელს, რომელიც დანიშნულია უნივერსალური მომსახურების მისაწოდებლად, გონივრული მოგების უფლება და ხარჯეფექტიანობის წახალისების ფორმები.

სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს იმ ხარჯების სწორად შეფასებას, რომელთა თავიდან აცილებასაც ნებისმიერი განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი აირჩევდა, უნივერსალური მომსახურების ვალდებულება რომ არ არსებობდეს. წმინდა ღირებულების გაანგარიშებისას უნდა შეფასდეს სარგებელი, მათ შორის, არამატერიალური სარგებელი, უნივერსალური მომსახურების ოპერატორისთვის.

გაანგარიშება უნდა დაემყაროს იმ ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:

(i) იმ იდენტიფიცირებული მომსახურებების ელემენტებს, რომელთა მიწოდებაც მხოლოდ ზარალით შეიძლება ან იმ ხარჯების პირობებში, რომლებიც არ განეკუთვნება ჩვეულებრივ კომერციულ სტანდარტებს. ეს კატეგორია შეიძლება მოიცავდეს მომსახურების ელემენტებს, როგორიც არის, მაგალითად, ნაწილ ა-ში განსაზღვრული მომსახურებები;

(ii) კონკრეტულ მომხმარებლებს ან მომხმარებელთა ჯგუფებს, რომლებსაც განსაზღვრული მომსახურების გაწევის საფასურის, გამომუშავებული შემოსავლისა და წევრი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებისმიერი ერთგვაროვანი ფასების გათვალისწინებით, მომსახურება შეიძლება მხოლოდ ზარალით გაეწიოთ ან იმ ხარჯების პირობებში, რომლებიც არ განეკუთვნება ჩვეულებრივ კომერციულ სტანდარტებს.

ეს კატეგორია მოიცავს იმ მომხმარებლებს ან მომხმარებელთა ჯგუფებს, რომლებსაც არ მოემსახურება კომერციული ოპერატორი, თუ მას არ აქვს უნივერსალური მომსახურების გაწევის ვალდებულება.

უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების კონკრეტული ასპექტების წმინდა ღირებულების გაანგარიშება ცალკე უნდა მოხდეს და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებლის და ხარჯის ორმაგი აღრიცხვა.  უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების საერთო წმინდა ღირებულება ნებისმიერი დანიშნული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის უნდა გაანგარიშდეს როგორც იმ წმინდა ღირებულებების ჯამი, რომლებიც წარმოიშვება უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების კონკრეტული კომპონენტებიდან, ნებისმიერი არამატერიალური სარგებლის გათვალისწინებით. წმინდა ღირებულების შემოწმების პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა (მიმწოდებლებმა) უნდა ითანამშრომლონ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან, რათა მას წმინდა ღირებულების შემოწმების შესაძლებლობა მიეცეს.

ნაწილი გ: უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების ნებისმიერი წმინდა ღირებულების ანაზღაურება

უნივერსალური მომსახურების ვალდებულების ნებისმიერი წმინდა ღირებულების ანაზღაურებამ ან დაფინანსებამ შეიძლება მოითხოვოს დანიშნული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებისთვის კომპენსაციის გადახდა მათ მიერ არაკომერციულ პირობებში მიწოდებული მომსახურებებისთვის. ვინაიდან ასეთი კომპენსაცია მოიცავს ფინანსურ გადარიცხვებს, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მათი განხორციელება ობიექტურად, გამჭვირვალედ, არადისკრიმინაციულად და პროპორციულად. ეს ნიშნავს, რომ გადარიცხვები იწვევს კონკურენციისა და მომხმარებლის მოთხოვნის მინიმალურ დაზიანებას.

განაწილების მექანიზმში, რომელიც ემყარება მე-7(4) მუხლში მითითებულ ფონდს, უნდა გამოყენებული იქნეს შენატანების შეგროვების გამჭვირვალე და ნეიტრალური მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის შენატანების ორმაგად დაკისრებას საწარმოთა როგორც საწარმოო რესურსებზე, ისე წარმოებულ პროდუქციაზე.

ის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ფონდის ადმინისტრირებას ახდენს, პასუხისმგებელია შენატანების შეგროვებაზე იმ საწარმოებიდან, რომლებიც ვალდებული არიან შენატანი გააკეთონ წევრ სახელმწიფოში უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების წმინდა ღირებულებაში; აღნიშნულმა დამოუკიდებელმა ორგანომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს იმ თანხების გადარიცხვას, რომლებიც განკუთვნილია საწარმოებისთვის, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ ფონდიდან საანგარიშსწორებო თანხები.“;

26. დანართი უნდა გახდეს დანართი II.

მუხლი 2

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 2010 წლის 31 დეკემბრისთვის. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

როცა წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ასეთი მითითება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ასეთ მითითებათა გაკეთების მეთოდები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას წინამდებარე დირექტივის გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს თავისი კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების ტექსტი.

მუხლი 3

1. მე-2 მუხლიდან გამონაკლისის სახით, შემდეგ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ წინამდებარე დირექტივის განხორციელება გადადონ 2012 წლის 31 დეკემბრამდე, რათა გააგრძელონ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისთვის მომსახურებების რეზერვირება:

— ჩეხეთის რესპუბლიკა,

— საბერძნეთი,

— კვიპროსი,

— ლატვია,

— ლიეტუვა,

— ლუქსემბურგი,

— უნგრეთი,

— მალტა,

— პოლონეთი,

— რუმინეთი,

— სლოვაკეთი.

ამ წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება წინამდებარე დირექტივის უფრო ადრეულ ეტაპზე განხორციელების შესახებ.

2. შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა აცნობონ თავიანთი განზრახვის შესახებ, რომ გამოიყენებენ განხორციელების შეფერხებას, მითითებულს 1-ლ პუნქტში, 2008 წლის 27 აგვისტომდე.

3. იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც 2012 წლის 31 დეკემბრისთვის გააუქმეს თავიანთი დარეზერვებული ტერიტორიები, შეუძლიათ 2011 წლის 1 იანვარსა და 2012 წლის 31 დეკემბერს შორის პერიოდში უარი უთხრან დირექტივის 97/67/EC მე-9(2) მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების ავტორიზაციის გაცემაზე მოცემულ გაუქმებულ დარეზერვებულ ტერიტორიაზე იმ საფოსტო ოპერატორებს, რომლებიც ეწევიან მომსახურებებს უნივერსალური მომსახურების ფარგლებში, ასევე, მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს, რომლებსაც დარეზერვებული ტერიტორია სხვა წევრ სახელმწიფოში მიენიჭათ.

მუხლი 4

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღიდანვე.

მუხლი 5

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში 2008 წლის 20 თებერვალს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ჰ.-გ. პიოტერინგი

ევროსაბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ჟ. ლენარჩიჩი



[1] ოფიციალური ჟურნალი C 168, 20.07.2007, გვ. 74.

[2] ოფიციალური ჟურნალი C 197, 24.08.2007, გვ. 37. არასავალდებულო კონსულტაციის შედეგად გაკეთებული მოსაზრება.

[3]ევროპარლამენტის 2007 წლის 11 ივლისის დასკვნა (ჯერ არ არის გამოქვეყნებული ოფიციალურ ჟურნალში), საბჭოს 2007 წლის 8 ნოემბრის საერთო პოზიცია (OJ C 307 E, 18.12.2007, გვ. 22) და ევროპარლამენტის 2008 წლის 31 იანვრის პოზიცია.

[4]ოფიციალური ჟურნალი L 48, 16.02.1994, გვ. 3).

[5]ოფიციალური ჟურნალი L 15, 21.01.1998, გვ. 14. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა რეგულაციით (EC) N 1882/2003 (ოფიციალური ჟურნალი L 284, 31.10.2003, გვ. 1).

[6] ოფიციალური ჟურნალი C 288 E, 25.11.2006, გვ. 77.

[7] ოფიციალური ჟურნალი L 176, 05.07.2002, გვ. 21.

[8] ოფიციალური ჟურნალი L 281, 23.11.1995, გვ. 31. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება (EC) No 1882/2003 რეგულაციის შესაბამისად.

[9]ოფიციალური ჟურნალი L 115, 17.04.1998, გვ. 31.

[10] ოფიციალური ჟურნალი L 109, 19.04.2001, გვ. 56.

[11] ოფიციალური ჟურნალი L 184, 17.07.1999, გვ. 23. გადაწყვეტილება, რომელშიც ცვლილებები შევიდა გადაწყვეტილებით 2006/512/EC (ოფიციალური ჟურნალი L 200, 22.07.2006, გვ. 11).

[12]ოფიციალური ჟურნალი L 376, 27.12.2006, გვ. 36.

[13]ოფიციალური ჟურნალი C 321, 31.12.2003, გვ. 1.

[14] ოფიციალური ჟურნალი L 134, 30.04.2004, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლო ცვლილება შევიდა საბჭოს დირექტივით 2006/97/EC (ოფიციალური ჟურნალი L 363, 20.12.2006, გვ. 107).’;