ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 10 ივნისის დირექტივა 2002/39/EC დირექტივაში 97/67/EC შესწორებების შეტანაზე ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურების კონკურენციისთვის შემდგომი გახსნის შესახებ

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 10 ივნისის დირექტივა 2002/39/EC დირექტივაში 97/67/EC შესწორებების შეტანაზე ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურების კონკურენციისთვის შემდგომი გახსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2002/39/EC
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2002
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2021
სარეგისტრაციო კოდი
2002/39/EC
10/06/2002
ვებგვერდი, 16/03/2021
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 10 ივნისის დირექტივა 2002/39/EC დირექტივაში 97/67/EC შესწორებების შეტანაზე ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურების კონკურენციისთვის შემდგომი გახსნის შესახებ
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 10 ივნისის

დირექტივა 2002/39/EC

დირექტივაში 97/67/EC შესწორებების შეტანაზე ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურების კონკურენციისთვის შემდგომი გახსნის შესახებ

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 47(2)-ე, 55-ე და 95-ე მუხლებს,

ითვალისწინებენ რა კომისიის წინადადებას ([1]),

ითვალისწინებენ რა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა ევროპული კომიტეტის მოსაზრებას ([2]),

ითვალისწინებენ რა ევროპის რეგიონთა კომიტეტის მოსაზრებას([3]),

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად ([4]),

ვინაიდან:

(1) 1994 წლის 7 თებერვლის რეზოლუციაში, ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურების განვითარების შესახებ([5]) საბჭომ ევროგაერთიანების საფოსტო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაადგინა საფოსტო ბაზრის ეტაპობრივი და კონტროლირებადი ლიბერალიზაციისა და უნივერსალური მომსახურების მიწოდების მტკიცე გარანტიის ხელშეწყობა და შესაბამისობა.

ევროპარლამენტისა და საბჭოს 1997 წლის 15 დეკემბრის დირექტივამ 97/67/EC ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ([6]) ევროგაერთიანების დონეზე დაადგინა საფოსტო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის ზომები უნივერსალური მომსახურების გარანტირებისა და საფოსტო მომსახურების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დაწესებისთვის, რომელთა რეზერვირებაც წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოახდინონ თავიანთი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისთვის, უნივერსალური მომსახურების შენარჩუნების მიზნით, აგრეთვე კონკურენციისთვის ბაზრის შემდგომი გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გრაფიკი, საფოსტო მომსახურების ერთიანი ბაზრის შექმნის მიზნით.

(3) დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-16 მუხლი ხაზს უსვამს ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე სხვადასხვა მომსახურების ადგილს ევროკავშირის საერთო ღირებულებებში, ასევე მათ როლს სოციალური და ტერიტორიული ერთიანობის ხელშეწყობაში. შემდგომში ნათქვამია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აღნიშნული სხვადასხვა მომსახურების მუშაობა იმ პრინციპებისა და პირობების საფუძველზე, რომლებიც მათ საკუთარი მისიის შესრულების საშუალებას მისცემს.

(4) ევროპარლამენტის 1999 წლის 14 იანვრის ([7]) და 2000 წლის 18 თებერვლის რეზოლუციები ([8]) ევროპის საფოსტო მომსახურების შესახებ ხაზს უსვამს საფოსტო მომსახურების სოციალურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას და უნივერსალური მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების აუცილებლობას.

(5) ამ სფეროში სათანადო ზომები შემუშავებული უნდა იყოს ისე, რომ ევროგაერთიანების სოციალური ამოცანები, გათვალისწინებული დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, კერძოდ, დასაქმებისა და სოციალური დაცვის მაღალი დონე, მიღწეული იქნეს მიზნების სახით.

(6) სოფლის საფოსტო ქსელი მათ შორის, მთიან და კუნძულოვან რეგიონებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის ინტეგრაციაში ეროვნულ/ გლობალურ ეკონომიკაში და სოფლის მთიან და კუნძულოვან რეგიონებში სოციალური და დასაქმების პირობების ერთიანობის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, მთიანი და კუნძულოვანი რეგიონების სოფლის საფოსტო განყოფილებებს შეუძლია უზრუნველყონ აუცილებელი ინფრასტრუქტურული ქსელი, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალ სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

(7) 2000 წლის 23 და 24 მარტს ლისაბონში გამართულ სხდომაზე ევროსაბჭომ თავმჯდომარის დასკვნების ფარგლებში ორი გადაწყვეტილება ჩამოაყალიბა საფოსტო მომსახურების შესახებ, რომლითაც კომისიას, საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს სთხოვეს გარკვეული ქმედებების განხორციელება თავიანთი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში. მოთხოვნილი ქმედებებია: პირველი, საფოსტო მომსახურების ბარიერების მოხსნის სტრატეგიის შემუშავება 2000 წლის ბოლოსთვის, და მეორე, ლიბერალიზაციის დაჩქარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საფოსტო მომსახურება, რომლის გაცხადებული მიზანია ასეთი მომსახურების გამართული ბაზრის შექმნა.

(8) ლისაბონის სხდომაზე ევროსაბჭომ ასევე არსებითად მიიჩნია, რომ შიდა ბაზრისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფარგლებში სრულად იქნეს გათვალისწინებული დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ეხება ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებას და საწარმოებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურების გაწევა ევალებათ.

(9) კომისიამ საფუძვლიანად მიმოიხილა ევროგაერთიანების საფოსტო სექტორი, ამ სექტორში ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების შესახებ კვლევების დაწყების ჩათვლით, და ფართო კონსულტაციები განახორციელა დაინტერესებულ მხარეებთან.

(10) ევროგაერთიანების საფოსტო სექტორი მოითხოვს თანამედროვე მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის გაძლიერებას. კონკურენტუნარიანობის გაზრდა ხელს შეუწყობს საფოსტო სექტორის ინტეგრირებას კომუნიკაციის ალტერნატიულ მეთოდებთან და უზრუნველყოფს მზარდი მოთხოვნილებების მქონე მომხმარებლებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

(11) ძირითადი მიზანი გრძელვადიანი უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფისთვის, რომელიც შეესაბამება წევრ სახელმწიფოთა მიერ განსაზღვრულ ხარისხის სტანდარტს დირექტივის 97/67/EC მე-3 მუხლის თანახმად, შეიძლება თანმიმდევრულ საფუძველზე უზრუნველყოფილი იქნეს მთელს ევროგაერთიანებაში, თუ ამ სფეროში შენარჩუნებულია სხვადასხვა მომსახურების რეზერვირების შესაძლებლობა და, ამავე დროს, მაღალი ეფექტიანობის პირობები, რასაც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევის თავისუფლების საკმარისი ხარისხი.

(12) საშუალოვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებულ მოთხოვნის ზრდას მთლიან საფოსტო სექტორში შეუძლია ბაზრის წილის დაკარგვის კომპენსირებას შეუწყოს ხელი, რაც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა შეიძლება განიცადონ ბაზრის შემდგომი გახსნის შედეგად, და ამით უზრუნველყოს უნივერსალური მომსახურების დამატებითი დაცვა.

(13) საფოსტო სექტორში დასაქმებაზე გავლენის მომხდენი ცვლილებების ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება და ბაზრის ზეგავლენა ეფექტიანობის ამაღლების მიზნით; ცვლილებების სხვა ფაქტორებს შორის ბაზრის გახსნა ნაკლებად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  ბაზრის გახსნა ხელს შეუწყობს საფოსტო ბაზრების საერთო მასშტაბის ზრდას და საყოველთაო მომსახურების მიმწოდებლების პერსონალის ნებისმიერი შემცირება, გამოწვეული ამგვარი ზომების მიღებით (ან მათი მოლოდინით), სავარაუდოდ ანაზღაურდება კერძო ოპერატორებს და ბაზრის ახალ წევრებს შორის დასაქმების ზრდით.

(14) მიზანშეწონილია ევროგაერთიანების დონეზე დაწესდეს განრიგი წერილების ბაზრის კონკურენციისთვის ეტაპობრივი და კონტროლირებადი გახსნისთვის, რომელიც ყველა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს მისცემს საკმარის დროს მოდერნიზაციისა და რესტრუქტურიზაციის შემდგომი ზომების გასატარებლად, რაც მათი გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისთვის არის საჭიროა ბაზრის ახალი კონიუნქტურის ჭრილში. ასევე საჭიროა დროის შესაბამისი მონაკვეთი, რათა წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ თავიანთი მარეგულირებელი სისტემების ადაპტირება უფრო ღია გარემოსთან. შესაბამისად მიზანშეწონილია, გათვალიწინებული იქნეს ეტაპობრი მიდგომა ბაზრის შემდგომი გახსნის მიმართ, რომელიც შუალედური ნაბიჯებისაგან შედგება და ბაზრის მნიშვნელოვან, მაგრამ კონტროლირებად გახსნას გულისხმობს, რასაც მოჰყვება განხილვა და წინადადების დადასტურება, რომელიც საჭიროებისდა მიხედვით დაამტკიცებს 2009 წელს როგორც საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის დასრულების თარიღს, ან განსაზღვრავს სათანადო ალტერნატიულ ნაბიჯს განხილვის შედეგების გათვალისწინებით.

(15) მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილი იქნეს ბაზრის გახსნის შემდეგი ეტაპების არსებითი და პრაქტიკულად განხორციელებადი ხასიათი წევრი სახელმწიფოებისათვის, და ამავე დროს უზრუნველყოფდეს უნივერსალური მომსახურების გაგრძელებას.

(16) მომსახურების წონის ზღვრული ოდენობის ზოგადი შემცირება 100 გრამამდე 2003 წელს და 50 გრამამდე 2006 წელს, რაც შეიძლება დარეზერვებული იქნეს მხოლოდ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებისთვის, ერთობლიობაში გამავალი ტრანსსასაზღვრო ფოსტის კონკურენციისთვის სრულად გახსნასთან, შეძლებისდაგვარად გამონაკლისების ჩათვლით, რომლებიც უნივერსალური მომსახურების გაწევისთვის არის საჭირო, წარმოადგენს შედარებით მარტივ და კონტროლირებად, მაგრამ მნიშვნელოვან შემდგომ ეტაპებს.

(17) ევროგაერთიანების მასშტაბით ჩვეულებრივი საფოსტო გზავნილები, რომელთა წონა არის 50 გრამსა და 350 გრამს შორის, საშუალოდ წარმოადგენს უნივერსალური მომსახურების პროვაიდერების მთლიანი საფოსტო შემოსავლების დაახლოებით 16% -ს, აქედან 9% შეესაბამება ჩვეულებრივ საფოსტო გზავნილებს 100 გრამსა და 350 გრამს შორის, ხოლო 50 გრამზე ნაკლები გამავალი ტრანსსასაზღვრო საფოსტო გზავნილები საშუალოდ წარმოადგენს უნივერსალური მომსახურების პროვაიდერების მთლიანი საფოსტო შემოსავლების დაახლოებით 3% -ს.

(18) მომსახურების ფასების ზღვრული ოდენობა, რომლის დარეზერვების საშუალებაა სამჯერ 2003 წელს და ორნახევარჯერ 2006 წელს, კორესპონდენციის ერთეულის უსწრაფესი სტანდარტული კატეგორიის პირველი წონის საფეხურისთვის გამოიყენება საჯარო ტარიფი 100-გრამიან და 50 – გრამიან წონის ზღვრულ ოდენობებთან ერთობლიობაში, საჭიროებისდა მიხედვით.

(19) უმეტეს წევრ სახელმწიფოებში პირდაპირი ფოსტა უკვე დინამიკურ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს ზრდის მნიშვნელოვანი პერსპექტივით, ხოლო დანარჩენ წევრ სახელმწიფოებში არის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი. პირდაპირი ფოსტა უკვე მეტწილად ღიაა კონკურენციისთვის ექვს წევრ სახელმწიფოში. კონკურენციით გამოწვეული მომსახურებისა და ფასწარმოქმნის გაზრდილი მოქნილობა გააუმჯობესებს პირდაპირი ფოსტის პოზიციას ალტერნატიული საკომუნიკაციო მედიის მიმართ, რასაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ ახალი საფოსტო გზავნილები მოჰყვება დამატებითი შედეგის სახით, ხოლო მთლიანობაში -. საფოსტო ინდუსტრიის პოზიციების გაძლიერება.  ამასთან, უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული უნდა იქნეს პირდაპირი ფოსტის დარეზერვება ზემოაღნიშნული წონისა და ფასის ზღვრული ოდენობების ფარგლებში.

(20) გამავალი ტრანსსასაზღვრო ფოსტა საშუალოდ შეადგენს მთლიანი საფოსტო შემოსავლების 3% -ს. ყველა წევრ სახელმწიფოში ბაზრის ამ ნაწილის გახსნა, გამონაკლისების გარდა, რაც აუცილებელია უნივერსალური მომსახურების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა საფოსტო ოპერატორს მისცემს საშუალებას შეაგროვოს, დაახარისხოს და გადაიტანოს ყველა გამავალი ტრანსსასაზღვრო ფოსტა.

(21) გამავალი ტრანსსასაზღვრო ფოსტის  კონკურენციისთვის გახსნა საშუალებას მისცემს გვერდი აუარონ 2003 წლის 100-გრამიან და 2006 წლის 50-გრამიან ზღვრულ ოდენობებს. შიდა ფოსტის რაოდენობის ნაწილის გადაადგილებით, რაც არაპროგნოზირებადს გახდის მის შედეგებს. საფოსტო გზავნილების წარმომავლობის იდენტიფიკაციამ შეიძლება დამატებითი საოპერაციო სირთულეები წარმოშვას. 100-გრამიანი და 50-გრამიანი წონის შეზღუდვები ჩვეულებრივი შემოსული ტრანსსასაზღვრო კორესპონდენციისა და პირდაპირი ფოსტისთვის როგორც ჩვეულებრივი საშინაო კორესპონდენციისთვის, პრაქტიკულია, რადგან არ ქმნის გვერდის ავლის საშიშროებას ამ გზით ან კორესპონდენციის ცალკეული ერთეულების წონის ხელოვნურად გაზრდით.

(22) საფოსტო გრაფიკის განსაზღვრა, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი ნაბიჯების გადადგმას საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის სრულყოფისკენ, მნიშვნელოვანია როგორც უნივერსალური მომსახურების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისთვის, ასევე თანამედროვე და ეფექტიანი საფოსტო სამსახურების განვითარებისათვის.

(23) მიზანშეწონილია, გაგრძელდეს წევრი სახელმწიფოებისთვის იმ საშუალების უზრუნველყოფა, რომ მათ შეძლონ გარკვეული საფოსტო მომსახურების დარეზერვება თავიანთი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისთვის. ეს ღონისძიებები საშუალებას მისცემს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებს დაასრულონ თავიანთი ოპერაციების და ადამიანური რესურსების ადაპტაციის პროცესი გაზრდილი კონკურენციის პირობებში, საკუთარი ფინანსური წონასწორობის დარღვევის გარეშე და, შესაბამისად, გარანტირებული უნივერსალური მომსახურებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.

(24) მიზანშეწონილია, დადგინდეს ახალი წონისა და ფასის ზღვრული ოდენობა და მომსახურება, რომელზეც ის შეიძლება გავრცელდეს; უნდა უზრუნველყოფილი იქნეს, აგრეთვე, შემდგომი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაადასტურებს 2009 წელს როგორც საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის სრულად დასრულების თარიღს ან განსაზღვრავს შესაბამის ალტერნატიულ ნაბიჯს განხილვის შედეგების მიხედვით.

(25) წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები, მათ შორის საკომპენსაციო ფონდის დაფუძნება ან მისი საქმიანობის შეცვლა ან ნებისმიერი სახით გამოყენება, თუ ფონდის საშუალებით გადახდა, შეიძლება მოიცავდეს წევრი სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფო რესურსების მეშვეობით ნებისმიერი ფორმით გაწეულ დახმარებას, დამფუძნებელი ხელშეკრულების 87(1)-ე მუხლის მნიშვნელობით, რომლის 88(3)-ე მუხლის შესაბამისად სავალდებულოა კომისიის წინასწარ გაფრთხილება.

(26) უნივერსალური მომსახურების სფეროში კონკურენტების ლიცენზირების ცნება შეიძლება გაუერთიანდეს მოთხოვნებს, რომლებიც ასეთ ლიცენზიატებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ უნივერსალური მომსახურების მიწოდებას.

(27) დირექტივამ 97/67/EC დაადგინა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ ერთი ან მეტი მარეგულირებელი ორგანო საფოსტო სექტორისთვის, რომელიც იურიდიულად გამოყოფილი და ოპერაციულად დამოუკიდებელია საფოსტო ოპერატორებისაგან. ევროპის საფოსტო ბაზრების დინამიკის გათვალისწინებით, საჭიროა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მნიშვნელოვანი როლის აღიარება და განმტკიცება, კერძოდ, იმ ნაწილში, რომელიც ეხება დარეზერვებული მომსახურების დაცვის უზრუნველყოფის ამოცანას, იმ წევრ სახელმწიფოთა გამოკლებით, სადაც არ არის დარეზერვებული მომსახურება. დირექტივის 97/67/EC მე-9 მუხლი საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს გასცდნენ ამ დირექტივის მიზნებს.

(28) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ლიცენზიების შემოღება დაუკავშირონ იმ მოთხოვნებს, რომ ლიცენზიების მომსახურების მომხმარებლებს ჰქონდეთ გამჭვირვალე, მარტივი და იაფი პროცედურები თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, განურჩევლად იმისა, უკავშირდება ისინი თუ არა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ის ან ავტორიზაციის მქონე ოპერატორების მომსახურებას, ინდივიდუალური ლიცენზიის მფლობელების ჩათვლით. შესაძლოა უფრო მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს პროცედურები ყველა საფოსტო მომსახურების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, იქნება ეს უნივერსალური მომსახურება თუ არა. ასეთი პროცედურები უნდა შეიცავდეს პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცედურებს საფოსტო ნივთების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.

(29) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები ჩვეულებრივ მომსახურებას უწევენ, მაგალითად, ბიზნესკლიენტებს, სხვადასხვა მომხმარებლისთვის ფოსტის კონსოლიდატორებს და მასობრივი ტვირთის გამგზავნებს, რაც მათ საფოსტო ნაკადში შეღწევის საშუალებას აძლევს სხვადასხვა წერტილში და სხვადასხვა პირობებში, სტანდარტული წერილების მომსახურებისგან განსხვავებით. ამით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა დაიცვან გამჭვირვალობისა და ანტი-დისკრიმინაციის პრინციპები როგორც სხვადასხვა მესამე მხარეს შორის, ასევე მესამე მხარეებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებს შორის, რომლებიც ეკვივალენტურ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ასევე აუცილებელია ასეთი მომსახურებები ხელმისაწვდომი იყოს კერძო მომხმარებლებისთვის, რომლებიც საფოსტო მომსახურებას მსგავს პირობებში იყენებენ, მომსახურების გაწევისას დისკრიმინაციის აკრძალვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

(30) იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ევროპარლამენტის და საბჭოს ინფორმირება საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების შესახებ, კომისიამ რეგულარულად უნდა წარუდგინოს ანგარიშები აღნიშნულ ინსტიტუტებს ამ დირექტივის გამოყენების თაობაზე.

(31) მიზანშეწონილია, 2008 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდოს დირექტივის 97/67/EC მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი. ამ თარიღმა გავლენა არ უნდა მოახდინოს დირექტივის 97/67/EC შესაბამისად წევრ სახელმწიფოებში დადგენილი ავტორიზაციის პროცედურებზე.

(32) დირექტივა 97/67/EC შესაბამისად უნდა იქნეს დაზუსტებული.

(33) ეს დირექტივა ზიანს არ აყენებს დამფუძნებელი ხელშეკრულების წესების გამოყენებას კონკურენციისა და მომსახურების თავისუფალი მიწოდების შესახებ, როგორც ეს განმარტებულია კომისიის შეტყობინებაში საფოსტო სექტორში კონკურენციის წესების გამოყენების და საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებული გარკვეული სახელმწიფო ზომების შეფასების შესახებ ([9]),

მიიღეს წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

დირექტივაში 97/67/EC შეტანილია შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლი შეიცვლება შემდეგი სახით:

„მუხლი 7

1. რამდენადაც ეს აუცილებელია უნივერსალური მომსახურების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გააგრძელონ მომსახურების დარეზერვება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისთვის. ეს მომსახურება შემოიფარგლება შიდა კორესპონდენციისა და შემომავალი ტრანსსასაზღვრო კორესპონდენციის ერთეულების შეგროვებით, დახარისხებით, ტრანსპორტირებით და მიწოდებით, დაჩქარებული მიწოდებით თუ მის გარეშე, შემდეგი წონისა და ფასის ზღვრული ოდენობის ფარგლებში. წონის ზღვრული ოდენობა უნდა იყოს 100 გრამი 2003 წლის 1 იანვრიდან და 50 გრამი 2006 წლის 1 იანვრიდან. ეს წონის ზღვრული ოდენობები არ გამოიყენება 2003 წლის 1 იანვრიდან, თუ ფასი ტოლია ან სამჯერ აღემატება საჯარო ტარიფს უსწრაფესი კატეგორიის პირველი წონითი კატეგორიის კორესპონდენციის ერთეულისთვის და, 2006 წლის 1 იანვრიდან, თუ ფასი ტოლია ან ორნახევარჯერ აღემატება ამ ტარიფს.

უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე პირებისთვის უფასო საფოსტო მომსახურების შემთხვევაში, დასაშვებია გამონაკლისები წონისა და ფასის შეზღუდვებთან მიმართებაში.

რამდენადაც ეს აუცილებელია უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, პირდაპირი ფოსტის დარეზერვება შეიძლება გაგრძელდეს იმავე წონისა და ფასის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

რამდენადაც ეს აუცილებელია უნივერსალური მომსახურების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, როდესაც საფოსტო საქმიანობის გარკვეული სექტორები უკვე ლიბერალიზებულია ან წევრი სახელმწიფოს საფოსტო მომსახურებას განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს, გამავალი ტრანსსასაზღვრო ფოსტა შეიძლება კვლავ იქნეს დარეზერვებული იმავე წონისა და ფასის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. დოკუმენტების გაცვლა არ შეიძლება დარეზერვებული იქნეს.

3. კომისია დაასრულებს პერსპექტიულ კვლევას, რომელიც თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის შეაფასებს უნივერსალურ მომსახურებაზე საფოსტო შიდა ბაზრის დასრულების გავლენას 2009 წელს. კვლევის დასკვნების საფუძველზე კომისიამ 2006 წლის 31 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს ანგარიში, რომელსაც თან დაერთვება წინადადება, რომელიც საჭიროებისდა მიხედვით დაამტკიცებს 2009 წელს როგორც საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის დასრულების თარიღს, ან განსაზღვრავს სხვა ნაბიჯს კვლევის დასკვნების გათვალისწინებით.";

2. მე-12 მუხლს დაემატება შემდეგი ქვეაბზაცები:

” – როდესაც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები სპეციალურ ტარიფებს იყენებენ, როდესაც მომსახურებას უწევენ მაგალითად, სხვადასხვა ბიზნესს, მასობრივი ტვირთის გამგზავნებს ან სხვადასხვა მომხმარებლის ფოსტის კონსოლიდატორებს, მათ გამჭვირვალობისა და ანტი-დისკრიმინაციის პრინციპები უნდა გამოიყენონ, როგორც ტარიფებთან, ასევე შესაბამის პირობებთან მიმართებაში. ტარიფებში გათვალისწინებული უნდა იქნეს თავიდან აცილებული დანახარჯები, თუ შევადარებთ სტანდარტულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ინდივიდუალური საფოსტო გზავნილების შეგროვების, ტრანსპორტირების, დახარისხებისა და მიწოდების მახასიათებლების სრულ სპექტრს, რაც მათთან დაკავშირებულ პირობებთან ერთად თანაბრად შეეხება როგორც სხვადასხვა მესამე მხარეს, ასევე მესამე მხარეებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ეკვივალენტურ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ნებისმიერი ასეთი ტარიფი ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს კერძო მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ საფოსტო მომსახურებით მსგავს პირობებში,

– აკრძალულია დარეზერვებული სექტორის მიღმა არსებული უნივერსალური მომსახურების ჯვარედინი სუბსიდირება დარეზერვებული სექტორის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ნაჩვენებია, რომ ეს მკაცრად აუცილებელია კონკრეტული უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც კონკურენციის სფეროშია დაწესებული; აღნიშნული არ ეხება წევრ სახელმწიფოებს დარეზერვებული მომსახურების გარეშე, სადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები სათანადო წესებს მიიღებენ ამ მიზნით და აცნობებენ კომისიას ამ ზომების შესახებ.";

3. მე-19 მუხლის პირველი და მეორე ქვეაბზაცები უნდა შეიცვალოს შემდეგი სახით: წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შემუშავდეს გამჭვირვალე, მარტივი და იაფი პროცედურები მომხმარებელთა საჩივრების განხილვისთვის, განსაკუთრებით დაკარგვის, ქურდობის, დაზიანების ან მომსახურების ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში. (მათ შორის, პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცედურები თუკი საქმეში ერთზე მეტი ოპერატორია ჩართული).

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ეს პრინციპი ასევე გამოყენებულ იქნეს იმ მომსახურების ბენეფიციარებზე, რომლებიც:

– უნივერსალური მომსახურების მოქმედების სფეროს მიღმა არიან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 მუხლში, და

– უნივერსალური მომსახურების მოქმედების სფეროს ფარგლებში არიან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 მუხლში, მაგრამ არ მიეწოდებათ აღნიშნული მომსახურება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ პირველ ქვეაბზაცში მითითებული პროცედურები იძლეოდეს დავების სამართლიანად და სწრაფად მოგვარების, და თუკი ეს დასაბუთებულია  ანაზღაურებისა და/ან კომპენსაციის სისტემის უზრუნველყოფის საშუალებას.";

4. 22-ე მუხლის მესამე ქვეაბზაცი უნდა შეიცვალოს შემდეგი სახით: ”ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების განსაკუთრებული ამოცანაა, უზრუნველყონ ამ დირექტივიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება და, საჭიროების შემთხვევაში, დააწესონ კონტროლი და სპეციალური პროცედურები დარეზერვებული მომსახურებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მათ ასევე შეიძლება დაეკისროთ საფოსტო სექტორში კონკურენციის წესების დაცვის უზრუნველყოფა.

5. 23-ე მუხლი შეიცვლება შემდეგი სახით:

მუხლი 23

მე-7 მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და პირველად არაუგვიანეს 2004 წლის 31 დეკემბრისა, კომისია წარუდგენს ანგარიშს ევროპარლამენტსა და საბჭოს ამ დირექტივის გამოყენების შესახებ, მათ შორის შესაბამის ინფორმაციას სექტორში განვითარებული მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით ეკონომიკური, სოციალური, დასაქმებისა და ტექნოლოგიური ასპექტების კუთხით, ასევე მომსახურების ხარისხის შესახებ. ანგარიშს, საჭიროების შემთხვევაში, თან დაერთვება წინადადებები ევროპარლამენტისა და საბჭოს მისამართით.

6. 27-ე მუხლი შეიცვლება შემდეგი სახით:

მუხლი 27

ამ დირექტივის დებულებები, 26-ე მუხლის გამოკლებით, 2008 წლის 31 დეკემბერს იწურება, თუ მე-7 (3) მუხლის შესაბამისად სხვა რამ არ არის გადაწყვეტილი. ეს თარიღი გავლენას არ მოახდენს მე-9 მუხლში აღწერილ ავტორიზაციის პროცედურებზე. ”

 

მუხლი 2

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები წინამდებარე დირექტივის განხორციელების მიზნით, არაუგვიანეს 2002 წლის 31 დეკემბრისა. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას ამის შესახებ.

როდესაც წევრი სახელმწიფოები იღებენ ამ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან თან უნდა ერთვოდეს ამგვარი მითითება მათი ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში. წევრი სახელმწიფოები თავად განსაზღვრავენ, თუ როგორ გაკეთდება ასეთი მითითება.

2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა აცნობონ ეროვნული კანონების ძირითადი დებულებების ტექსტი, რომელიც მათ მიიღეს ამ დირექტივის მოქმედების სფეროში.

 

მუხლი 3

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის „ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში“ მისი გამოქვეყნების დღეს.

 

მუხლი 4

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

 

გაფორმდა ლუქსემბურგში, 2002 წლის 10 ივნისს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

პ. კოქსი

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ხ. პიკე-ი-კამპსი



[1]ოფიციალური ჟურნალი C 337 E, 28.11.2000, გვ. 220 და ოფიციალური ჟურნალი C 180 E, 26.06.2001, გვ. 291.

[2] ოფიციალური ჟურნალი C 116, 20,04.2001, გვ. 99.

[3] ოფიციალური ჟურნალი C 144, 16.05.2001, გვ. 20.

[4]ევროპარლამენტის 2000 წლის 14 დეკემბრის მოსაზრება (ოფიციალური ჟურნალი C 232, 17.08.2001, გვ. 287), საბჭოს 2001 წლის 6 დეკემბრის ერთიანი პოზიცია (ოფიციალური ჟურნალი C 110 E, 07.05.2002, გვ 37) და ევროპარლამენტის 2002 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება (ჯერ არ არის გამოქვეყნებული ოფიციალურ ჟურნალში). საბჭოს 2002 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

[5] ოფიციალური ჟურნალი C 48, 16. 02.1994, გვ. 3.

[6]ოფიციალური ჟურნალი L 15, 21.01.1998, გვ. 14.

[7] ოფიციალური ჟურნალი C 104, 14.04.1999, გვ. 134.

[8] ოფიციალური ჟურნალი C 339, 29.11.2000, გვ. 297.

[9] ოფიციალური ჟურნალი C 39, 06,02.1998, გვ. 2.