2007 წლის 19 მარტის კომისიის დირექტივა 2007/16/EC, რომლითაც ხორციელდება საბჭოს დირექტივა 85/611/EEC, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ საწარმოებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ, გარკვეული განსაზღვრებების განმარტების კუთხით

2007 წლის 19 მარტის კომისიის დირექტივა 2007/16/EC, რომლითაც ხორციელდება საბჭოს დირექტივა 85/611/EEC, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ საწარმოებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ, გარკვეული განსაზღვრებების განმარტების კუთხით
დოკუმენტის ნომერი 2007/16/EC
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/2007
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2021
სარეგისტრაციო კოდი
2007/16/EC
19/03/2007
ვებგვერდი, 16/03/2021
2007 წლის 19 მარტის კომისიის დირექტივა 2007/16/EC, რომლითაც ხორციელდება საბჭოს დირექტივა 85/611/EEC, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ საწარმოებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ, გარკვეული განსაზღვრებების განმარტების კუთხით
ევროპარლამენტი
2007 წლის 19 მარტის კომისიის დირექტივა 2007/16/EC, რომლითაც ხორციელდება საბჭოს დირექტივა 85/611/EEC, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ საწარმოებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ, გარკვეული განსაზღვრებების განმარტების კუთხით

 

2007 წლის 19 მარტის კომისიის დირექტივა 2007/16/EC

 

რომლითაც ხორციელდება საბჭოს დირექტივა 85/611/EEC, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ საწარმოებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ, გარკვეული განსაზღვრებების განმარტების კუთხით

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

ევროგაერთიანებების კომისია,

ითვალისწინებს რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას,

ითვალისწინებს რა საბჭოს დირექტივას 85/611/EEC 85/611/EEC მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ საწარმოებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ, ([1]) ხოლო კერძოდ, მისი 53a მუხლის (a) პუნქტს,

ვინაიდან:

(1) დირექტივა 85/611/EEC შეიცავს რამდენიმე განმარტებას, ზოგჯერ ურთიერთდაკავშირებულს, რომელიც შეეხება იმ აქტივებს, რომელიც დაშვებულია მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ინვესტიციისთვის კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების მიერ, შემდგომში მოხსენიებული როგორც‘UCITS’, როგორიცაა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების განმარტება და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების განმარტება.

(2) დირექტივის 85/611/EEC მიღების შემდეგ, ფინანსური ინსტრუმენტების სახესსხვაობა ფინანსურ ბაზრებზე საგრძნობლად გაიზარდა, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა იმის დადგენაში, მოიცავს თუ არა აღნიშნული განმარტებები ფინანსური ინსტრუმენტების ზოგიერთ კატეგორიას.განმარტებების გამოყენების ბუნდოვანება იწვევს დირექტივის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს.

(3) დირექტივის 85/611/EEC ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, წევრი სახელმწიფოების დასახმარებლად, შეიმუშაონ საერთო გაგება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მოცემული აქტივის კატეგორია დაშვებული UCITS-სთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ განმარტებები გაგებულ იქნეს ისე, როგორც ეს შეესაბამება დირექტივის 85/611/EEC საბაზისო პრინციპებს, როგორიცაა ის პრინციპები, რომლებიც არეგულირებენ რისკის დივერსიფიკაციას და გატანასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, UCITS-ის შესაძლებლობას, გამოისყიდონ თავისი პაიები პაის მფლობელების მოთხოვნით და დაიანგარიშონ საკუთარი აქტივის წმინდა ღირებულება, როდესაც ხდება პაიების ემისია ან გამოსყიდვა, საჭიროა ამ თვალსაზრისით კომპეტენტურ ორგანოებს და ბაზრის მონაწილეებს მიეცეთ უფრო მეტი ახსნა-განმარტება. მეტი სიცხადის შეტანა ასევე ხელს შეუწყობს შეტყობინების პროცედურის უკეთ ფუნქციონირებას UCITS-ის ტრანსსასაზღვრო განაწილებისთვის.

(4) წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული განმარტებები თავისთავად არ იწვევენ რაიმე ქცევით ან საოპერაციო ვალდებულებებს კომპეტენტური ორგანოებისთვის ან ბაზრის მონაწილეებისთვის. ფინანსური ინსტრუმენტებისა და გარიგებების ამომწურავი სიის შედგენის ნაცვლად, ისინი განმარტავენ ძირითად კრიტერიუმებს, რაც ეხმარებათ იმის შეფასებაში, მოიცავს თუ არა სხვადასხვა განმარტება ფინანსური ინსტრუმენტის ერთიდაიგივე კლასს.

(5) ის, მისაღებია თუ არა აქტივი UCITS–სთვის,უნდა შეფასდეს არა მხოლოდ იმასთან მიმართებით, შედის თუ არა იგი ამ ტექსტში მოცემული განმარტებების ფარგლებში, არამედ დირექტივის 85/611/EEC სხვა მოთხოვნებთან მიმართებითაც. ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ ევროპის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომიტეტის (CESR) მეშვეობით, რათა შეიმუშაონ საერთო მიდგომები ამ განმარტებების პრაქტიკული, ყოველდღიური გამოყენებისთვის მათი ზედამხედველობითი ვალდებულებების კონტექსტში, განსაკუთრებით დირექტივის 85/611/EEC სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, როგორიცაა კონტროლი ან რისკის მართვის პროცედურები და უზრუნველყონ პროდუქტის პასპორტის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

(6) დირექტივა 85/611/EEC განსაზღვრავს მიმოქცევად ფასიან ქაღალდებს მხოლოდ ოფიციალური/სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების განმარტება გამოიყენება ფართო სპექტრის ფინანსური პროდუქტების მიმართ, განსხვავებული მახასიათებლებით და ლიკვიდურობის სხვადასხვა დონეებით. თითოეული აღნიშნული ფინანსური პროდუქტისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემურობა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების განმარტებასა და დირექტივის სხვა დებულებებს შორის.

(7) დახურული ტიპის საინვესტიციო ფონდი წარმოადგენს აქტივების კლასს, რომელიც ცალსახად არ არის მოხსენიებული, როგორც UCITS-სთვის დაშვებული აქტივი დირექტივის 85/611/EEC შესაბამისად. ამასთან, დახურული ტიპის საინვესტიციო ფონდის პაიები ხშირად განიხილებიან, როგორც მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები და მათი სავაჭროდ დაშვება რეგულირებულ ბაზარზე ხშირად იძლევა ასეთი ინტერპრეტაციის საფუძველს. ამიტომ აუცილებელია ბაზრის მონაწილეებისა და კომპეტენტური ორგანოებისთვის გარკვეული სიცხადის შეტანა იმასთან დაკავშირებით, ექცევა თუ არა დახურული ტიპის საინვესტიციო ფონდის პაიები მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების განმარტების ფარგლებში. ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ერთად მუშაობა CESR– ის მეშვეობით, რათა შეიმუშაონ საერთო მიდგომები, რომლებიც შეეხება დახურული ტიპის საინვესტიციო ფონდის მიმართ მოქმედი კრიტერიუმების პრაქტიკულ, ყოველდღიურ გამოყენებას, განსაკუთრებით კორპორაციული მართვის მექანიზმებთან დაკავშირებულ მინიმალურ ძირეულ სტანდარტებთან მიმართებით.

(8) ასევე აუცილებელია დამატებითი სამართლებრივი სიცხადის შეტანა ფინანსური ინსტრუმენტების, როგორც მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების, კატეგორიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია სხვა აქტივების მახასიათებლებთან, მათ შორის, იმ აქტივებისა, რომელიც არ არის მითითებული თავად დირექტივაში 85/611/EEC, ან რომელიც გამყარებულია ასეთი აქტივებით. უნდა განიმარტოს, რომ თუ ინსტრუმენტის საბაზისო ან სხვა კომპონენტთან კავშირი წარმოადგენს ელემენტს, რომელიც უნდა ჩაითვალოს ინტეგრირებულ წარმოებულ ინსტრუმენტად, ეს ფინანსური ინსტრუმენტი მიეკუთვნება მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების იმ ქვეკატეგორიას, რომელშიც ინტეგრირებულია წარმოებული ინსტრუმენტის ელემენტი. შედეგად, ამ ელემენტის მიმართ დირექტივის 85/611/EEC თანახმად, უნდა იქნეს გამოყენებული წარმოებული ინსტრუმენტების კრიტერიუმები.

(9) იმისათვის, რომ გათვალისწინებულ იქნეს დირექტივის 85/611/EEC განმარტების ფარგლებში ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, ამ ფინანსურმა ინსტრუმენტმა უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები, კერძოდ, იგი ჩვეულებრივ უნდა იქნას გამოყენებული სავაჭრო ოპერაციებში ფულად ბაზარზე, უნდა იყოს ლიკვიდური და უნდა ჰქონდეს ღირებულება, რომლის ზუსტი დადგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. აუცილებელია ამ კრიტერიუმების ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა გარკვეული საბაზრო პრაქტიკის გათვალისწინებით. ასევე აუცილებელია განიმარტოს, რომ კრიტერიუმები უნდა იყოს გაგებული დირექტივის 85/611/EEC სხვა პრინციპებთან შესაბამისობაში. ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების განმარტება უნდა გავრცელდეს ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც არ დაიშვება და რომელიც არ მონაწილეობს სავაჭრო ოპერაციებში რეგულირებად ბაზარზე და რომლისთვისაც დირექტივა 85/611/EEC ადგენს კრიტერიუმებს ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების ზოგად კრიტერიუმებთან ერთად. ამიტომ საჭირო იყო ამ კრიტერიუმების დაზუსტება ინვესტორების დაცვის მიმართ არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით და დირექტივის ისეთი პრინციპების გათვალისწინებით, როგორიცაა პორტფელის ლიკვიდურობა, რაც გამომდინარეობს მისი 37-ე მუხლიდან.

(10) დირექტივის 85/611/EEC თანახმად, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები განიხილება, როგორც ლიკვიდური ფინანსური აქტივები, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ დირექტივაში მითითებულ კრიტერიუმებს. აუცილებელია ამ კრიტერიუმების ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა და ასევე აუცილებელია იმის გარკვევა, კრიტერიუმები როგორც უნდა იქნეს გაგებული დირექტივის სხვა დებულებებთან შესაბამისობაში. ასევე ნათლად უნდა განისაზღვროს, რომ თუ საკრედიტო წარმოებული ინსტრუმენტები აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, ისინი წარმოადგენენ წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს დირექტივის 85/611/EEC კონტექსტში და შესაბამისად, დაიშვება მათი, როგორც ლიკვიდურობის მქონე ფინანსური აქტივების განხილვა.

(11) დაზუსტების აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალურია ფინანსური ინდექსების მიხედვით წარმოებული ინსტრუმენტებისთვის. ამჟამად არსებობს ფინანსური ინდექსების ფართო სპექტრი, რომელიც ფუნქციონირებს როგორც საბაზისო ფაქტორი წარმოებული ინსტრუმენტისთვის. ეს ინდექსები შეიძლება განსხვავდებოდეს მათი შემადგენლობის ან მათი კომპონენტების წონითი კოეფიციენტების მიხედვით. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ UCITS-მა შეძლოს პორტფელის ლიკვიდურობასთან დაკავშირებით თავისი ვალდებულებების შესრულება, რაც გამომდინარეობს დირექტივის 85/611/EEC 37-ე მუხლიდან და აქტივის ნომინალური ღირებულების გაანგარიშებიდან და რომ წარმოებული ინსტრუმენტის საბაზისო თვისებებმა არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ამ ვალდებულებებზე. ნათლად უნდა განისაზღვროს, რომ ფინანსური ინდექსების მიხედვით წარმოებული ინსტრუმენტები, რომელთა შემადგენლობა საკმარისად არის დივერსიფიცირებული, წარმოადგენენ იმ ბაზრის ადეკვატურ ნიშნულს, რომელსაც ისინი მიეკუთვნება და რომლებიც ექვემდებარება ინდექსის შემადგენლობასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას და გაანგარიშება მიეკუთვნება წარმოებული ინსტრუმენტების, როგორც ლიკვიდურობის მქონე ფინანსური აქტივების კატეგორიას. ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ CESR–თან ერთად შეიმუშაონ საერთო მიდგომები ინდექსების მიმართ კრიტერიუმების პრაქტიკულ, ყოველდღიურ გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ აქტივებზე დაყრდნობით, რომელიც არ არის დირექტივაში ინდივიდუალურად განსაზღვრული როგორც დაშვებული აქტივები.

(12) დირექტივა 85/611/EEC ცნობს წარმოებული ინსტრუმენტის შემცველ ელემენტებს, როგორც მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების ქვეკატეგორიას. წარმოებული ინსტრუმენტის ელემენტის ჩადება მიმოქცევად ფასიან ქაღალდში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტში არ გარდაქმნის მთელ ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტად, რომელიც არ ექცევა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტის განმარტებების ფარგლებში. ამიტომ, საჭიროა განვმარტოთ, შეიძლება თუ არა წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი მიჩნეულ იქნეს სხვა ინსტრუმენტში ჩადებულ ინსტრუმენტად. გარდა ამისა, წარმოებული ინსტრუმენტის ჩადება მიმოქცევად ფასიან ქაღალდში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტში ქმნის საფრთხეს, რომ მოხდება წარმოებული ინსტრუმენტისთვის დირექტივით 85/611/EEC დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლა. ამ მიზეზით, დირექტივა მოითხოვს ჩადებული წარმოებული ინსტრუმენტის ელემენტის იდენტიფიკაციას და ამ წესების დაცვას. ფინანსური ინოვაციის დონის გათვალისწინებით, ჩადებული წარმოებული ინსტრუმენტის ელემენტის იდენტიფიკაცია ყოველთვის არ არის აშკარა. ამ მხრივ მეტი სიცხადის შესატანად უნდა განისაზღვროს ასეთი ელემენტების იდენტიფიკაციის კრიტერიუმები.

(13) დირექტივის 85/611/EEC შესაბამისად, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებთან ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მეთოდები და ინსტრუმენტები, პორტფელის ეფექტური მართვის მიზნით, არ ექცევა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების განმარტებების ფარგლებში. ამ განმარტებების ფარგლების გასარკვევად აუცილებელია კრიტერიუმების განსაზღვრა იმ გარიგებების დასადგენად, რომლებიც ამ მეთოდებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში მოექცევა. ასევე აუცილებელია იმის გახსენება, რომ ეს მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა იყოს გაგებული UCITS-ის სხვა ვალდებულებებთან შესაბამისობაში, განსაკუთრებით მის რისკის პროფილთან მიმართებით. ანუ, ისინი უნდა შეესაბამებოდეს დირექტივით 85/611/EEC დადგენილ წესებს რისკის მართვისა და რისკის დივერსიფიკაციის შესახებ, აგრეთვე მის შეზღუდვებს მოკლე გაყიდვებსა და სესხებზე.

(14) დირექტივა 85/611/EEC ადგენს კრიტერიუმებს UCITS–ის განსაზღვრისთვის, რომლებიც იმეორებენ ობლიგაციების ან აქციების ინდექსებს. UCITS, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, ექვემდებარება უფრო მოქნილ ინტერპრეტაციას ემიტენტის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან მიმართებით. ამიტომ აუცილებელია ამ კრიტერიუმების ნათლად გაგება და ყველა წევრ სახელმწიფოში მათი ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა. ეს გულისხმობს შემდგომი დაზუსტებას იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს UCITS ინდექს- რეპლიკაციურად, ხოლო უფრო მეტი სიცხადე უნდა შევიდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც ასაბუთებენ ინდექს-რეპლიკაციური UCITS- ის უპირეტესობით ინტერპრეტაციას.

(15) ევროპის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომიტეტის მიერ გაწეულ იქნა კონსულტაცია ტექნიკური რჩევების მისაღებად.

(16) ამ დირექტივით გათვალისწინებული ზომები შეესაბამება ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტის დასკვნას,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

საგანი

ეს დირექტივა ადგენს წესებს, რომელთა ერთგვაროვანი გამოყენების მიზნებისათვის განისაზღვრება შემდეგი ტერმინები:

1. მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 85/611/EC პირველი მუხლის მე-8 პუნქტში;

2. ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 85/611/EC პირველი მუხლის მე-9 პუნქტში;

3. ლიკვიდურობის მქონე ფინანსური აქტივი, როგორც ეს განსაზღვრულია UCITS–ის განმარტებებში, რომელიც მოცემულია დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-2 პუნქტში, წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან მიმართებით;

4. მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები, რომელშიც ჩადებულია წარმოებული ინსტრუმენტები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეოთხე ქვეპუნქტში;

5. პორტეფილის ეფექტური მართვის მეთოდები და ინსტრუმენტები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში;

6. ინდექს-რეპლიკაციური UCITS, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 85/611/EEC 22a მუხლის პირველ პუნქტში.

 

მუხლი 2

დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-8 პუნქტი

მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები

1. მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების შესახებ მითითება დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-8 პუნქტში გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითება ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) პოტენციური ზარალი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს UCITS– მა ამ ინსტრუმენტების ფლობასთან დაკავშირებით შემოიფარგლება მათთვის გადახდილი თანხით;

(b) მათი ლიკვიდურობა არ აყენებს რისკის წინაშე UCITS-ის დირექტივის 85/611/EEC 37-ე მუხლის შესრულების შესაძლებლობას;

(c) მათთვის ხელმისაწვდომია საიმედო შეფასება შემდეგი სახით:

(i) დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (a)-(d) ქვეპუნქტებში მითითებული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, რომლებიც დაშვებულია ან იყიდება რეგულირებულ ბაზარზე ზუსტ, საიმედო და რეგულარულ ფასებში, რომლებიც წარმოადგენენ საბაზრო ფასებს ან ფასებს, რომლებიც ხელმისაწვდომი გახადა შეფასების სისტემებმა ემიტენტებისგან დამოუკიდებლად;

(ii) დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სხვა ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, პერიოდული შეფასების სახით, რომელიც გამომდინარეობს ფასიანი ქაღალდის ემიტენტისგან ან კომპეტენტური ინვესტიციის კვლევიდან;

(d) მათთვის ხელმისაწვდომია შემდეგი ინფორმაცია:

(i) დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (a)-(d) ქვეპუნქტებში მითითებული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, რომლებიც დაშვებულია ან იყიდება რეგულირებულ ბაზარზე, ზუსტი, საიმედო და რეგულარული ინფორმაციის სახით ბაზრისთვის ფასიანი ქაღალდის, ან, საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდის პორტფელის შესახებ;

(ii) დირექტივის 85/611/EEC მე -19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, რეგულარული და ზუსტი ინფორმაციის სახით UCITS-ისთვის ფასიანი ქაღალდის ან, საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდის პორტფელის შესახებ;

(e) ისინი მიმოქცევადია;

(f) მათი შეძენა შეესაბამება UCITS–ის საინვესტიციო მიზნებს ან საინვესტიციო პოლიტიკას, ან ორივე მათგანს დირექტივის 85/611/EEC შესაბამისად;

(g) მათი რისკები ადეკვატურად არის ასახული UCITS–ის რისკების მართვის პროცესში.

პირველი ქვეპუნქტის (b) და (e) ქვე-ქვეპუნქტების მიზნებისათვის, თუ UCITS–ი არ ფლობს ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც სხვაგვარად განისაზღვრება, ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც დაშვებულია ან რომლითაც იწარმოება სავაჭრო ოპერაციები რეგულირებულ ბაზარზე დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტების შესაბამისად მიიჩნევა, რომ ისინი რისკის ქვეშ არ აყენებენ UCITS–ის შესაძლებლობას, დაიცვას დირექტივის 85/611/EEC 37-ე მუხლი და ასევე მიიჩნევა მიმოქცევად ინსტრუმენტებად.

2. მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, როგორც ეს მითითებულია დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-8 პუნქტში უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a) პაიები დახურული ტიპის საინვესტიციო ფონდებში, რომლებიც დაარსებულია როგორც საინვესტიციო კომპანიები ან საპაიო საინვესტიციო ფონდები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(i) ისინი აკმაყოფილებენ 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

(ii) ისინი ექვემდებარებიან კორპორატიული მართვის მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენება კომპანიებთან მიმართებით;

(iii) როდესაც აქტივების მართვას ახორციელებს სხვა სუბიექტი დახურული ტიპის საინვესტიციო ფონდის სახელით, ეს სუბიექტი ექვემდებარება ეროვნულ რეგულირებას ინვესტორების დაცვის მიზნით;

(b) სახელშეკრულებო კანონის შესაბამისად შექმნილ დახურული ტიპის საინვესტიციო ფონდებში განთავსებული პაიები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(i) ისინი აკმაყოფილებენ 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

(ii) ისინი ექვემდებარებიან კორპორატიული მართვის მექანიზმებს, რაც ექვივალენტურია იმ მექანიზმებისა, რომელიც გამოიყენება (a) პუნქტის (ii) ქვეპუნქტში მითითებულ კომპანიებთან მიმართებით;

(iii) მათ მართავს სუბიექტი, რომელიც ექვემდებარება ეროვნულ რეგულირებას ინვესტორების დაცვის მიზნით;

(c) ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს;

(i) ისინი აკმაყოფილებენ 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

(ii) ისინი უზრუნველყოფილია სხვა აქტივების მაჩვენებლებით ან დაკავშირებულია მათთან, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მაჩვენებლებისგან.

3.თუ მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტი შეიცავს ჩადებული წარმოებული ინსტრუმენტის კომპონენტს, როგორც ეს მითითებულია ამ დირექტივის მე-10 მუხლში, ამ კომპონენტზე ვრცელდება დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მოთხოვნები.

 

მუხლი 3

დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-9 პუნქტი

ინსტრუმენტები, რომლითაც ვაჭრობენ ფულად ბაზარზე

1. დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული მითითება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე, როგორც ინსტრუმენტებზე, გაგებული უნდა იქნეს, როგორც მითითება შემდეგზე:

(a) ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ ან ფინანსური ოპერაციებისთვის რეგულირებულ ბაზარზე დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის (a), (b) და (c) ქვეპუნქტების შესაბამისად;

(b) ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც არ არის დაშვებული სავაჭროდ.

2. დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-9 პუნქტში მითითება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე, როგორც ინსტრუმენტებზე, რომლის მეშვეობით ფულად ბაზარზე ხორციელდება სავაჭრო ოპერაციები, გაგებულ უნდა იქნეს, როგორც მითითება ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთერთ შემდეგ კრიტერიუმს:

(a) მათი გადახდის ვადა გამოშვებისას არის 397 დღე;

(b) მათი დარჩენილი ვადა არის 397 დღე;

(c) ისინი რეგულარულად გადიან შემოსავლიანობის კორექტირებას ფულადი ბაზრის პირობების შესაბამისად, სულ მცირე, 397 დღეში ერთხელ;

(d) მათი რისკის პროფილი, საკრედიტო და საპროცენტო განაკვეთების რისკების ჩათვლით, შეესაბამება იმ ფინანსური ინსტრუმენტების პროფილს, რომელთა ვადა არის (a) ან (b) პუნქტებში მითითებულის შესაბამისი, ან ექვემდებარება შემოსავლიანობის კორექტირებას, როგორც ეს მითითებულია (c) პუნქტში.

მუხლი 4

დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-9 პუნქტი

ლიკვიდური ინსტრუმენტები ღირებულებით, რომლის ზუსტი დადგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს

1. დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-9 პუნქტში მითითება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე, როგორც ლიკვიდურ ინსტრუმენტებზე, გაგებული იქნება, როგორც მითითება ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომელთა გაყიდვა შესაძლებელია შეზღუდული ღირებულებით, ადეკვატურად მოკლე ვადებში, UCITS–ის ვალდებულების გათვალისწინებით, გამოისყიდოს თავისი პაიები რომელიმე პაის მფლობელის მოთხოვნით.

2. დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-9 პუნქტში მითითება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე, როგორც ინსტრუმენტებზე ისეთი ღირებულებით, რომლის ზუსტი განსაზღვრა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, გაგებული უნდა იქნეს როგორც მითითება ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ზუსტი და საიმედო შეფასების სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ისინი საშუალებას აძლევენ UCITS-ს გამოანგარიშოს აქტივის წმინდა ღირებულება იმ ღირებულების შესაბამისად, რომლითაცპორტფელში არსებული ფინანსური ინსტრუმენტი შეიძლება გადაიცვალოსერთმანეთისგან დამოუკიდებელ, კომერციული ოპერაციების განმახორციელებელ მხარეებს შორის;

(b) ისინი ემყარება ბაზრის მონაცემებს ან შეფასების მოდელებს, მათ შორის ამორტიზებულ ხარჯებზე დაფუძნებულ სისტემებს.

3. პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული კრიტერიუმები მიჩნეული უნდა იქნეს შესრულებულად იმ ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, რომლითაც ჩვეულებრივ ხორციელდება სავაჭრო ოპერაციები ფულად ბაზარზე დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის და რომლებიც დაშვებულია ან რომლითაც ხორციელდება სავაჭრო ოპერაციები რეგულირებად ბაზრზე მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც UCITS-ს აქვს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სხვა რამ განისაზღვროს.

 

მუხლი 5

დირექტივის 85/611/EEC მე - 19 მუხლის პირველი პუნქტი

ინსტრუმენტები, რომელთა ემისია ან ემიტენტი რეგულირდება ინვესტორებისა და დანაზოგების დაცვის მიზნით

1. დირექტივის 85/611/EEC  მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტში მითითება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე, გარდა ინსტრუმენტებისა, რომლითაც რეგულირებად ბაზარზე ხორციელდება სავაჭრო ოპერაციები, რომელთა ემისია ან ემიტენტი თავად რეგულირდება ინვესტორების და დანაზოგის დაცვის მიზნით, გაგებული იქნება, როგორც მითითება ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ისინი აკმაყოფილებენ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ კრიტერიუმს და მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს;

b) მათთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შესაბამისად შეფასდეს საკრედიტო რისკები, რომელიც დაკავშირებულია ასეთ ინსტრუმენტებში ინვესტიციასთან, ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით;

c) ისინი თავისუფლად გადაცემადია.

2. დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებისთვის, ან ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც გაცემულია წევრი ქვეყნის ადგილობრივი ან რეგიონული ორგანოს ან საერთაშორისო საჯარო ორგანოს მიერ, მაგრამ გარანტირებული არ არის წევრი სახელმწიფოს მიერ, ან ფედერაციული სახელმწიფოს შემთხვევაში, რომელიც არის წევრი სახელმწიფო, ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე წევრის მიერ, შესაბამისი ინფორმაცია, როგორც ეს მოცემულია ამ მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტში უნდა შედგებოდეს შემდეგისგან:

(a) ინფორმაცია როგორც ემისიის ან ემისიის პროგრამის შესახებ და ემიტენტის იურიდიულ და ფინანსურ მდგომარეობაზე ფულადი ბაზრის ინსტრუმენტის ემისიამდე;

(b) (a) პუნქტში მითითებული ინფორმაციის რეგულარული განახლება და განახლება არსებითი მოვლენის შემთხვევაში;

c) (a) პუნქტში მითითებული ინფორმაცია, დამოწმებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მესამე პირების მიერ, რომლებიც არ ექვემდებარებიან ემიტენტის მითითებებს;

d) ხელმისაწვდომი და საიმედო სტატისტიკა ემისიის ან ემისიის პროგრამის შესახებ.

3. დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია უნდა შედგებოდეს შემდეგისგან:

(a) ინფორმაცია ემისიის ან ემისიის პროგრამის შესახებ და ემიტენტის იურიდიულ და ფინანსურ მდგომარეობაზე ფულადი ბაზრის ინსტრუმენტის ემისიამდე;

(b) (a) პუნქტში მითითებული ინფორმაციის რეგულარული განახლება და განახლება არსებითი მოვლენის შემთხვევაში;

c) ემისიის ან ემისიის პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი და საიმედო სტატისტიკა ან სხვა მონაცემები, რომლებიც იძლევა ამ ინსტრუმენტებში ინვესტიციასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკების შესაბამისი შეფასების საშუალებას.

4. ფულადი ბაზრის ყველა ინსტრუმენტისთვის, რომელიც გათვალისწინებულია დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ან წევრი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული ინსტრუმენტებისა, ამ მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ემისიის ან ემისიის პროგრამის შესახებ, ან ემიტენტის სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ფულადი ბაზრის ინსტრუმენტის ემისიამდე.

 

მუხლი 6

დირექტივის 85/611/EEC მე - 19 მუხლის პირველი პუნქტი

დაწესებულება, რომელიც ექვემდებარება და აკმაყოფილებს გონივრულ წესებს, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ განიხილება, როგორც მინიმუმ უნდა იყოს ისეთივე მკაცრი, როგორც ევროგაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი წესები

დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტის მესამე ქვეაბზაცში მითითებული დაწესებულება, რომელიც ექვემდებარება და აკმაყოფილებს გონივრულ წესებს, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ განიხილება, როგორც მინიმუმ ისეთივე მკაცრად, როგორც ევროგაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი წესები, უნდა იყოს გაგებული როგორც მითითება ემიტენტზე, რომელიც ექვემდებარება და აკმაყოფილებს გონივრულ წესებს და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს:

1. ის მდებარეობს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში;

2. ის მდებარეობს OECD–ის ქვეყნებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ათეულის ჯგუფს;

3. მას აქვს მინიმუმ ინვესტიციის ხარისხის კატეგორია;

4. ემიტენტის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეიძლება იმის დემონსტრირება, რომ ამ ემიტენტის მიმართ მოქმედი გონივრული წესები მინიმუმ ისეთივე მკაცრია, როგორც ევროგაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი წესები.

 

მუხლი 7

დირექტივის 85/611/EEC მე - 19 მუხლის პირველი პუნქტი

სექიურიტიზაციის სპეციალიზირებული კომპანიები, რომლებიც იღებენ სარგებელს საბანკო ლიკვიდურობის ხაზიდან

1. დირექტივის 85/611/EEC მე–19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტში მითითება სექიურიტიზაციის სპეციალიზირებულ კომპანიებზე გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითება სტრუქტურებზე, იქნება ეს კორპორატიული, ტრასტის თუ ხელშეკრულების ფორმით, რომლებიც შექმნილია სექიურიტიზაციის ოპერაციების მიზნით.

2. დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტის მეოთხე ქვეაბზაცში მითითება საბანკო ლიკვიდურობის ხაზების შესახებ, გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითება ფინანსური ინსტიტუტის მიერ უზრუნველყოფილ საბანკო ოპერაციებზე, რომელიც თავად შეესაბამება დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (h) ქვეპუნქტის მესამე ქვეაბზაცს.

 

მუხლი 8

დირექტივის 85/611/EEC მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტი

ლიკვიდურობის მქონე ფინანსური აქტივები წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტბთან მიმართებით

1. დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითება ლიკვიდობის მქონე ფინანსურ აქტივებზე უნდა იქნას გაგებული როგორც მითითება წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) მათი საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტები გათვალისწინებულია ერთი ან მეტ ქვემოთ მოცემულ ფაქტორებში:

(i) დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი აქტივები, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებსაც აქვთ ამ აქტივების ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი;

(ii) საპროცენტო განაკვეთები;

(iii) უცხოური ვალუტის კურსები ან ვალუტა;

(iv) ფინანსური ინდექსები;

b) OTC წარმოებული ინსტრუმენტების შემთხვევაში, ისინი აკმაყოფილებენ  დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტის მეორე და მესამე ქვეაბზაცებში მოცემულ პირობებს.

2. წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები, როგორც ეს მითითებულია დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტში, უნდა მოიცავდეს ინსტრუმენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ისინი უზრუნველყოფენ აქტივის საკრედიტო რისკის გადაცემის შესაძლებლობას, როგორც ეს მითითებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტში, ამ აქტივთან დაკავშირებული სხვა რისკებისგან დამოუკიდებლად;

(b) ისინი არ იწვევენ სხვა აქტივების მიწოდებას ან გადაცემას, მათ შორის, ნაღდი ფულის სახით, გარდა დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მოხსენიებულისა;

c) ისინი შეესაბამება OTC-წარმოებული ინსტრუმენტების კრიტერიუმებს, რომლებიც მოცემულია დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტის მეორე და მესამე ქვეაბზაცში და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში;

d) მათი რისკები ადეკვატურად არის აღბეჭდილი UCITS– ის რისკების მართვის პროცესში და მისი შიდა კონტროლის მექანიზმებით UCITS–სა და საკრედიტო წარმოებული ინსტრუმენტის შემხვედრ მხარეს შორის ინფორმაციის ასიმეტრიის შემთხვევაში, რომელიც გამომდინარეობს შემხვედრი მხარის პოტენციური წვდომიდან იმ ფირმების არასაჯარო ინფორმაციასთან, რომლის აქტივები გამოიყენება როგორც საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტები საკრედიტო წარმოებული ინსტრუმენტების მიერ.

3. დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტის მესამე ქვეაბზაცის მიზნებისათვის, მითითება სამართლიან ღირებულებაზე უნდა იქნას გაგებული, როგორც მითითება იმ თანხაზე, რომელზედაც შესაძლებელია აქტივის გაცვლა ან ვალდებულების დაფარვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, კომერციული ოპერაციების განმახორციელებელ მხარეებს შორის.

4. დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტის მესამე ქვეაბზაცის მიზნებისათვის, მითითება სანდო და გადამოწმებად შეფასებაზე გაგებული უნდა იქნეს, როგორც მითითება UCITS-ის მიერ წარმოებულ შეფასებაზე, რომელიც შეესაბამება სამართლიან ღირებულებას, როგორც ეს მოცემულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში, რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ შემხვედრი მხარის საბაზროფასს და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) შეფასების საფუძველი არის ინსტრუმენტის საიმედო მიმდინარე საბაზრო ღირებულება, ან, თუ ასეთი ღირებულება არ არის ხელმისაწვდომი, ფასწარმოქმნის მოდელი ადეკვატური აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენებით;

(b) შეფასების ვერიფიკაცია ხორციელდება ქვემოთ მოცემული ერთერთი საშუალებით:

(i) შესაბამისი მესამე მხარე, რომელიც დამოუკიდებელია OTC- წარმოებული ინსტრუმენტის შემხვედრი მხარისგან, ადეკვატური სიხშირით და ისე, რომ UCITS-ს შეეძლოს მისი შემოწმება;

(ii) პაი UCITS-ის ფარგლებში, რომელიც დამოუკიდებელია აქტივების მართვის დეპარტამენტისგან და რომელიც სათანადოდ არის აღჭურვილი ამ მიზნისთვის.

5. დირექტივის 85/611/EEC პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტში მითითება ლიკვიდურ ფინანსურ აქტივებზე გაგებული უნდა იქნეს როგორც საქონელზე წარმოებული ინსტრუმენტების გამომრიცხავი მითითება.

 

მუხლი 9

დირექტივის 85/611/EEC მე - 19მუხლის პირველი პუნქტის(g) ქვეპუნქტი

ფინანსური ინდექსები

1. დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (g) ქვეპუნქტში მითითება ფინანსურ ინდექსებზე გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითება ინდექსებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ისინი საკმარისად დივერსიფიცირებული უნდა იყოს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

(i) ინდექსი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ ფასების მოძრაობამ ან სავაჭრო საქმიანობამ ერთი კომპონენტის მიმართ არასათანადო გავლენა არ იქონიოს მთლიანი ინდექსის მაჩვენებელზე;

(ii) თუ ინდექსი შედგება აქტივებისგან, რომლებიც მითითებულია დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველ პუნქტში, მისი შემადგენლობა მინიმუმ დივერსიფიცირებული უნდა იყოს ამ დირექტივის 22a მუხლის შესაბამისად;

(iii) თუ ინდექსი შედგება სხვა აქტივებისაგან, გარდა დირექტივის 85/611/EEC მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აქტივებისა, მისი დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს ამ დირექტივის 22a მუხლით გათვალისწინებული საშუალების თანაზომიერი საშუალებით;

(b) ისინი წარმოადგენენ ადეკვატურ ნიშნულს იმ ბაზრისთვის, რომელსაც ისინი ეკუთვნიან იმის გათვალისწინებით, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმები:

(i) ინდექსის მეშვეობით უნდა გაიზომოს საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების წარმომადგენლობითი ჯგუფის მაჩვენებლები შესაბამისი და სათანადო მეთოდით;

(ii) ხორციელდება ინდექსის პერიოდული გადასინჯვა ან დაბალანსება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან განაგრძოს იმ ბაზრების ასახვა, რომლებსაც ის მიეკუთვნება შემდეგი საჯაროდ ხელმისაწვდომი კრიტერიუმებით;

(iii) საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტები უნდა იყოს საკმარისად ლიკვიდური, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ ინდექსის გამეორება;

c) ისინი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი წესით, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმები:

(i) მათი გამოქვეყნების პროცესი ეყრდნობა ჯანსაღ პროცედურებს ფასების შეგროვების, გაანგარიშებისა და ინდექსის მნიშვნელობის გამოქვეყნებისათვის, ფასწარმოქმნის პროცედურების ჩათვლით იმ კომპონენტებისთვის, სადაც საბაზრო ფასი არ არის ხელმისაწვდომი;

(ii) არსებითი ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინდექსის გაანგარიშება, რებალანსირების მეთოდოლოგია, ინდექსის ცვლილებები ან ოპერაციული სირთულეები დროული ან ზუსტი ინფორმაციის ფართო მასშტაბით და დროულ მიწოდებაში.

2. თუ იმ აქტივების შემადგენლობა, რომლებიც წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების მიერ გამოიყენება როგორც საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტები,დირექტივის 85/611/EEC მე–19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ეს წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები, თუ ისინი შეესაბამება ამ დირექტივის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, განიხილება როგორც წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები მე-8 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის (i), (ii) და (iii) ნაწილებში მითითებული აქტივების ერთობლიობით.

 

მუხლი 10

დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეოთხე ქვეაბზაცი

მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები, რომელშიც ჩადებულია წარმოებული ინსტრუმენტები

1. დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეოთხე ქვეპუნქტში მითითება მიმოქცევად ფასიან ქაღალდებზე, რომლებშიც ჩადებულია წარმოებული ინსტრუმენტები, გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითება ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დირექტივის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და რომლებიც შეიცავს კომპონენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ამ კომპონენტის საფუძველზე ფულადი ნაკდების გარკვეული ნაწილი ან მთლიანი ფულადი ნაკადები, რომლებიც სხვაგვარად მოითხოვება მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდებით, რომელიც მოქმედებს როგორც ძირითადი ხელშეკრულება, შეიძლება შეიცვალოს განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის, ფინანსური ინსტრუმენტის ფასის, სავალუტო კურსის, ფასების ინდექსის ან განაკვეთების, საკრედიტო რეიტინგის ან საკრედიტო ინდექსის ან სხვა ცვლადის შესაბამისად და ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშანი დამოუკიდებელი წარმოებული ინსტრუმენტის მსგავსად;

(b) მისი ეკონომიკური მახასიათებლები და რისკები მჭიდრო კავშირში არ არის ძირითადი ხელშეკრულების ეკონომიკურ მახასიათებლებთან და რისკებთან;

(c) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რისკის პროფილზე და მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების ფასზე.

2. ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ კრიტერიუმს და მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ყველა კრიტერიუმს და შეიცავს კომპონენტს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მიიჩნევა ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებად, რომლებშიც ჩადებულია წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი.

3. მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი არ მიიჩნევა წარმოებული ინსტრუმენტის მქონედ, თუ ის შეიცავს კომპონენტს, რომელიც ხელშეკრულებით მიმოქცევადია ფასიანი ქაღალდებისგან ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტისგან დამოუკიდებლად. ასეთი კომპონენტი მიიჩნევა ცალკე ფინანსურ ინსტრუმენტად.

 

მუხლი 11

დირექტივის 85/611/EEC21-ე მუხლის მეორე პუნქტი

მეთოდები და ინსტრუმენტები პორტფელის ეფექტური მართვისთვის

1. დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითება მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც ეხება მიმოქცევად ფასიან ქაღალდებს და რომლებიც გამოიყენება პორტფელის ეფექტური მართვის მიზნით, უნდა განიხილებოდეს როგორც მითითება მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ისინი ეკონომიკურად უნდა იყოს შესაფერისი იმ თვალსაზრისით, რომ მათი რეალიზება შესაძლებელი იყოს ხარჯთეფექტური გზით;

(b) ისინი გამოყენებული უნდა იყოს ერთი ან მეტი შემდეგი კონკრეტული მიზნისთვის:

(i) რისკის შემცირება;

(ii) ღირებულების შემცირება;

(iii) დამატებითი კაპიტალის ან შემოსავლის წარმოება UCITS-სთვის, რისკის ისეთი დონით, რომელიც შეესაბამება UCITS-ის რისკის პროფილს და დირექტივის 85/611/EEC 22-ე მუხლში მოცემული რისკის დივერსიფიკაციის წესებს;

(c) მათი რისკები ადეკვატურად უნდა იყოს აღბეჭდილი UCITS–ის რისკების მართვის პროცესში.

2. მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც შეესაბამება პირველი პუნქტის კრიტერიუმებს და ეხება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებს, განიხილება როგორც ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მეთოდები და ინსტრუმენტები, პორტფელის ეფექტური მართვის მიზნით, როგორც ეს მითითებულია დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში.

 

მუხლი 12

დირექტივის 85/611/EEC 22a მუხლის პირველი პუნქტი

ინდექს - რეპლიკაციური UCITS

1. დირექტივის 85/611/EEC 22a მუხლის პირველი პუნქტში მითითება საფონდო ან სავალო ფასიანი ქაღალდების ინდექსის შემადგენლობის ტირაჟირებაზე გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითება ინდექსის საბაზისო აქტივების შემადგენლობის ტირაჟირებაზე, წარმოებული ინსტრუმენტის ან სხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენების ჩათვლით, როგოც ეს მითითებულია დირექტივის 85/611/EEC 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ამავე დირექტივის მე-11 მუხლში.

2. დირექტივის 85/611/EEC 22a მუხლის პირველი პუნქტის პირველ ქვეაბზაცში მითითება იმ ინდექსზე, რომლის შემადგენლობაც საკმარისად დივერსიფიცირებულია, გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითება ინდექსზე, რომელიც შეესაბამება ამ დირექტივის 22a მუხლით განსაზღვრული რისკის დივერსიფიკაციის წესებს.

3. დირექტივის 85/611/EEC 22a მუხლის პირველი პუნქტის მეორე ქვეაბზაცში მითითება ინდექსზე, რომელიც წარმოადგენს ადეკვატურ ნიშნულს, გაგებულ უნდა იქნეს როგორც მითითიება ინდექსზე, რომლის მიმწოდებელი იყენებს აღიარებულ მეთოდოლოგიას, რაც, როგორც წესი, არ გამოიწვევს იმ ბაზრის ძირითადი ემიტენტის გამორიცხვას, რომელსაც იგი ეხება.

4. დირექტივის 85/611/EEC 22a მუხლის პირველი პუნქტის მესამე ქვეაბზაცის მითითება ინდექსზე, რომელიც გამოქვეყნებულია სათანადო წესით, გაგებულ უნდა იქნეს, როგორც მითითება ინდექსზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის;

(b) ინდექსის მომწოდებელი დამოუკიდებელი უნდა იყოს ინდექს - რეპლიკაციური UCITS-გან.

ქვეპუნქტით (b) არ უნდა გამოირიცხოს ინდექსის მომწოდებლები და UCITS, რომლებიც წარმოადგენენ იმავე ეკონომიკური ჯგუფის ნაწილს იმ პირობით, თუ იარსებებს ინტერესთა კონფლიქტის მართვის ეფექტური ღონისძიებები.

 

მუხლი 13

ტრანსპოზიცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა,არაუგვიანეს 2008 წლის 23 მარტისა, უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც საჭიროა ამ დირექტივასთან შესაბამისობისთვის. მათ დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ კომისიას აღნიშნული დებულებების ტექსტი და აღნიშნულ დებულებებსა და ამ დირექტივას შორის კორელაციის ცხრილი.

მათ აღნიშნული დებულებები უნდა გამოიყენონ 2008 წლის 23 ივლისიდან.

როდესაც წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ დებულებებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე, ან ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ასეთი მითითება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაკეთდება ასეთი მითითება.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა გააცნონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

 

მუხლი 14

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

 

მუხლი 15

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2007 წლის 19 მარტს.

კომისიის სახელით

ჩარლი მაკქრივი

კომისიის წევრი

 



[1]ოფიციალური ჟურნალი L 375, 31.12.1985, გვ. 3.დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005/1/EC დირექტივით (ოფიციალური ჟურნალი L 79, 24.03.2005, გვ. 9).