საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 707-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020349
707-Vრს-Xმპ
28/06/2021
ვებგვერდი, 29/06/2021
090000000.05.001.020349
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

1. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:

ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;

ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლების გარეთ;

ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.

2. სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისთვის ან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისგან.“.

3. 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 184. სათადარიგო მოსამართლე

1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს, და საქმის განხილვა გრძელდება.

2. თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით ინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას, და ნაფიც მსაჯულთა  შერჩევის პროცესი გრძელდება.“.

4. 221-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით. თითოეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიენიჭება რიგითი ნომერი. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის ვადაში დაუბრუნოს მოსამართლეს შევსებული კითხვარი. მოსამართლე ვალდებულია შევსებული კითხვარები მიღებიდან 5 დღის ვადაში მხარეებს გადასცეს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს კითხვართან ერთად ეგზავნებათ უწყება, რომელშიც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, სხდომის ადგილი და სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) 51 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა მობილური ტელეფონების ნომრები;

გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ კვლავ ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-9 ნაწილში მითითებული არაუმეტეს 300 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მობილური ტელეფონების ნომრები.“.

5. 223-ე მუხლის:

ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არაუმეტეს 300 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.“;

ბ) მე-11 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 236-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის განსაზღვრულ დროს სასამართლოში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობისას, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში იღებს განკარგულებას, რომლითაც  ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს დააკისრებს ჯარიმას 500 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ჯარიმის ოდენობა შემაკავებელი, მიყენებული ზიანის პროპორციული და აღნიშნული პირის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა, მისთვის ამ განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც მისი შეტანიდან 24 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:  

ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების მიღებამდე პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების აღსრულება ჩერდება. აღნიშნული განკარგულება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2021 წ.

N707-Vრს-Xმპ