გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/1/1289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/07/2021
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016632
2/1/1289
15/07/2021
ვებგვერდი, 19/07/2021
000000000.00.000.016632
გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/1/1289

2021 წლის 15 ივლისი

 

ქ. ბათუმი 

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი ‒ გიორგი გოცირიძე;  საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ‒ ქრისტინე კუპრავა და ბაჩანა სურმავა; მოწმე ‒ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1289) მიმართა გიორგი ბერუაშვილმა. №1289 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის №2/3/1289 საოქმო ჩანაწერით ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1289 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა გაიმართა 2019 წლის 3 აპრილს.

2. №1289 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.

5. №1289 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გიორგი ბერუაშვილს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, როგორც ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში მონაწილეობის მისაღებად არასრულწლოვნის დაყოლიებაში.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმაში გამოყენებული სიტყვები არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე ბუნდოვანია და იდენტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში იძლევა მისი სხვადასხვაგვარი, მათ შორის, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას. მეტიც, ამგვარი არაერთგვაროვანი განმარტება უკვე დაფიქსირდა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში დაადგინა, რომ ანტისაზოგადოებრივ ქმედებად ითვლებოდა არასრულწლოვნის დაყოლიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სხვა საქმეში კი, პირიქით, ანტისაზოგადოებრივი ქმედებიდან ამორიცხა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში არასრულწლოვანთა დაყოლიების შემთხვევები. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის კონსტიტუციურ მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არც სადავო ნორმა და არც მასთან სისტემურ კავშირში მყოფი რომელიმე საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტი არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ანტისაზოგადოებრივ ქმედებად.

7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის შესახებ გაკეთებული განმარტება იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლო ხელისუფლებას, ყოველ კონკრეტულ საქმეში დაადგინოს, თუ რას გულისხმობს ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში არასრულწლოვნის დაყოლიება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი კრძალავს დანაშაულის წაქეზებას და, შესაბამისად, საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის იმგვარად განმარტების პირობებში, რომლის მიხედვითაც, ანტისაზოგადოებრივ ქმედებად ჩაითვალა არასრულწლოვნის დაყოლიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აზრი ეკარგება სადავო ნორმით განსაზღვრული დანაშაულის ცალკე გამოყოფას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ანტისაზოგადოებრივი ქმედება გულისხმობს არასრულწლოვნის დაყოლიებას ალკოჰოლის მოხმარებაში, თამბაქოს მოხმარებაში, მის აზარტულ საქმიანობაში ჩართვას და სხვა, აღნიშნული ქმედებები აკრძალულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლებით და ამ შემთხვევაშიც აზრი ეკარგება სადავო ნორმით განსაზღვრული დანაშაულის ცალკე გამოყოფას. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ბუნდოვანია, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს არასრულწლოვნის დაყოლიებად ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე.

8. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მკაფიო იქნებოდა საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედება მოიცავს არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმას, რომელიც, იმავდროულად, არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციული და არც სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებას, მაინც არსებობს დასახელებული ქმედების ბუნდოვანების პრობლემა. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას.

9. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის, პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს არასრუწლოვანთა და მესამე პირთა ინტერესების დაცვა, არასრულწლოვანი პირების ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმის პრევენცია. მოპასუხის განმარტებით, კანონმდებლობაში ზოგადი ტერმინების არსებობა, თავისთავად, არ მიუთითებს ნორმის განუჭვრეტელობაზე და, რიგ შემთხვევებში, მათი გამოყენება გარდაუვალია. მოპასუხემ აღნიშნა, რომ აუცილებელია სადავო ნორმაში ისეთი ზოგადი ტერმინის გამოყენება, როგორიცაა   „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“, რამდენადაც შეუძლებელია სისხლის სამართლის კოდექსში ამომწურავად განიმარტოს ყველა ის შესაძლო ქმედება, რომელიც წარმოქმნის არასრულწლოვანთა ინტერესების დაზიანების საფრთხეს.

10. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე გულისხმობს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების, ისე სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულების მიღმა არსებული ისეთი ქმედების ჩადენაში არასრულწლოვანი პირის დაყოლიებას, რომელიც საზიანოა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისთვის. მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის სწორედ ამ შინაარსს ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი განმარტებაც და, ამ მხრივ, დამკვიდრებულია ნორმის გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა. უშუალოდ არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე დაყოლიება, მათ შორის, შესაძლოა გულისხმობდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებითობას. კერძოდ, არასრულწლოვნის განმეორებითად დაყოლიებას, მაგალითად, ალკოჰოლის ან/და თამბაქოს მოხმარებაში, აზარტულ თამაშებში ჩართვა და სხვა. მსგავსი შემთხვევები ხასიათდება უფრო მაღალი ინტენსივობით და გამოიწვევს სადავო ნორმის საფუძველზე სრულწლოვანი პირის  სისხლისსამართლებრივ ბრალდებას და არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

11. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, აგრეთვე საზღვარგარეთის სახელმწიფოთა რელევანტურ კანონმდებლობაზე და მიიჩნევს, რომ, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, სადავო ნორმა აკმაყოფილებს განსაზღვრულობის მოთხოვნებს და მის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული მოწმის განმარტებით, ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში არასრულწლოვნის ჩართვა წარმოადგენს ქმედებას, რომელიც მიმართულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოწმემ მიუთითა, რომ ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში არასრულწლოვნის ჩაბმა არ წარმოადგენს ერთჯერად აქტს, არამედ მას განგრძობითი, მრავალჯერადი ხასიათი გააჩნია და შეიცავს არასრულწლოვანის ნორმალური განვითარების ხელშეშლის, მისი ინტერესების შელახვის სერიოზულ საფრთხეს.

13. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმა მოიცავს ისეთ ქმედებებს, რომელიც, იმავდროულად, გათვალისწინებული არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და არ ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამასთან, მისი პოზიციით, შეუძლებელია, არსებობდეს ზუსტი განმარტება იმისა, თუ რა იგულისხმება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, ხოლო ამომწურავი განმარტების არსებობამ შესაძლოა, მომავალში შექმნას დამნაშავის დაუსჯელობის რისკი, რადგან ანტისაზოგადოებრივი ქმედებების ყველა შესაძლო შემთხვევას კანონმდებელი სრულად ვერ გაითვალისწინებს.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. სადავო ნორმით, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებადაა განსაზღვრული არასრულწლოვანი პირის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე და სასჯელის სახედ დადგენილია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე. მოსარჩელის განმარტებით, არც სადავო ნორმა და არც მასთან სისტემურ კავშირში მყოფი სხვა საკანონმდებლო აქტი არ განმარტავს თუ რა იგულისხმება ტერმინში „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“. მისი პოზიციით, აღნიშნული ტერმინი ბუნდოვანია და, იდენტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, იძლევა მისი სხვადასხვაგვარი, მათ შორის, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სფერო

2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. დასახელებული დებულება თავის თავში აერთიანებს მრავალ უფლებრივ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38).

3. დასახელებული კონსტიტუციური დებულების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციით განმტკიცებული ისეთი ღირებულებებიდან, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოების, კანონიერებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო არ ამოწმებს სადავო ნორმების უშუალოდ კონსტიტუციის პრინციპებთან შესაბამისობას, თუმცა „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით ნაგულისხმევი გარანტიების განმარტება უნდა მოხდეს სწორედ დასახელებული პრინციპების შუქზე და მათ შესაბამისად.

4. ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობის მკაფიოდ ჩამოყალიბების, განსაზღვრულობის კონსტიტუციური მოთხოვნა მჭიდროდ უკავშირდება სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს. პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება კონსტიტუციის შესაბამისი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონით აკრძალული ქმედების არსი და სამართალდარღვევის შედეგები. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორი აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. ამ მიზნის მისაღწევად კი „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ხარისხობრივი სტანდარტები ქმნის გარანტიას, რომ პირმა შეძლოს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარება მისი სურვილების შესაბამისად. მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობის პირობებში პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქცევა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს, არ ჩაიდინოს აკრძალული ქმედება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.

5. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განსაზღვრულობის მოთხოვნა ასევე მჭიდრო კავშირშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებისკენ. კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისი კონსტიტუციური ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება კი ქმნის როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რისკებს, ისე საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-2-6).

6. ამა თუ იმ ქმედების დასჯადად მიჩნევა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესება ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ფორმაა. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო დგას პირთა თავისუფლების იდეაზე, როდესაც ქმედების აკრძალვა, მით უფრო, ამ ქმედების ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, გამოიყენება როგორც ultima ratio. ზოგადად, ქმედების თავისუფლება, დამოუკიდებელი გადაწვეტილებების მიღების შესაძლებლობა და საკუთარი ცხოვრების სახელმწიფოსა თუ სხვა პირთა ჩარევის გარეშე წარმართვის სურვილი ინდივიდის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. სახელმწიფოს შექმნა არა ინდივიდუალური თავისუფლების დასასრული, არამედ მისი რეგულირების მცდელობაა, რომლის ფარგლებშიც პირის ქმედებას, რომელიც მიმართულია სხვა პირთათვის ზიანის მიყენებისა თუ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპების დაზიანებისაკენ, თან ახლავს გარკვეული პასუხისმგებლობა. თავისი არსით, დანაშაულის ჩადენა ეს არის პირის მიერ განხორციელებული  ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების უმთავრეს ღირებულებებს, რომელთა დაცვის გარეშეც შეუძლებელია, იარსებოს პლურალისტულმა, დემოკრატიულმა და თავისუფალმა საზოგადოებამ. რამდენადაც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახელმწიფოს პასუხი, უმეტესწილად, რეპრესიული მექანიზმების ამოქმედებაა, აუცილებელია, რომ პირის ქცევის კორექტირება, აკრძალვის დაწესება და პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდეს მხოლოდ სათანადო კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი კანონის საფუძველზე.

7. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ქმედების დასჯადად გამოცხადება და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, უნდა ხდებოდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს – საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,  „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის საფუძვლის განსაზღვრა არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალური კუთხით კანონის მიღებას, თავად კანონი უნდა იყოს საკმარისად განჭვრეტადი და აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. ამის საპირისპიროდ, ბუნდოვანი კანონმდებლობა ნორმის გამომყენებელ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ, სათანადო ნორმატიული ბოჭვის არარსებობის პირობებში განსაზღვროს აკრძალული ქმედების შემადგენლობა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ქმედების დასჯადად გამოცხადების საკითხი წყდება არა კანონმდებლის მიერ, არამედ – ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში – სამართალშემფარდებლის მიერ, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს. პასუხისმგებლობის მხოლოდ მკაფიო და განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენის კონსტიტუციური მოთხოვნა უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაციასა და ძირითადი უფლებების სათანადოდ დაცვას.

8. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის მიმართ წაყენებული ხარისხობრივი მოთხოვნების კიდევ ერთ მიზანს თვითნებური დევნისა და მსჯავრდების პრევენცია წარმოადგენს. კერძოდ, მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული კანონმდებლობის პირობებში მცირდება სამართალშემფარდებელთა მხრიდან თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში პირის უფლების დარღვევის საფრთხეების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, არსებობდეს უფლების დაცვის ეფექტიანი სისტემა. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა განიხილებოდეს როგორც სამართალწარმოების ობიექტი და უნდა აღიჭურვოს უფლების დაცვის სათანადო მექანიზმებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-11).  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს იმგვარი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რომელიც პირს იცავს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან. ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს თვითნებობისათვის, შესაბამისად, კანონმდებელმა მაქსიმალურად მკაფიო, განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებით უნდა შეამციროს თვითნებობის რისკები სამართალშეფარდების პროცესში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-29).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ საკანონმდებლო ნორმამ დააკმაყოფილოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ხარისხობრივი სტანდარტები, მნიშვნელოვანია, ადრესატმა შეძლოს მისი სწორად აღქმა, ნორმა იძლეოდეს მკაფიო შეტყობინებას აკრძალული ქმედების ფარგლებისა და შინაარსის, ასევე სამართლებრივი შედეგების  თაობაზე. სწორედ ამგვარად ჩამოყალიბებული ნორმების პირობებშია შესაძლებელი, კანონმა შეასრულოს საგარანტიო ფუნქცია, პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება არსებითად მიიღოს საკანონმდებლო ორგანომ და თავიდან იქნეს აცილებული სამართალშემფარდებელთა თვითნებობა.

2. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებში ზოგადი ტერმინების გამოყენების დასაშვებობა

10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ტერმინი „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ ზოგადი შინაარსის მატარებელია, არ იძლევა კონკრეტულ ქმედებათა იდენტიფიცირების შესაძლებლობას და, ამ მხრივ, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. როგორც უკვე აღინიშნა, განსაზღვრულობის პრინციპი, ერთი მხრივ, იცავს პირს ბუნდოვანი კანონმდებლობის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს, წინასწარ განჭვრიტოს საკუთარი ქმედებების სამართლებრივი შედეგები, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნა უკავშირდება პირის უფლებას, რომ დაცული იყოს ზოგადი კანონმდებლობის თვითნებური გამოყენებისგან. პასუხისმგებლობის დადგენისას კანონმდებელს მოეთხოვება, მაქსიმალურად მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი ნება, კანონის მოთხოვნა, აკრძალული ქმედების შინაარსი იყოს გასაგები, აღქმადი და განჭვრეტადი.

11. ამასთანავე, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტორიც, რომ თანამედროვე სამყაროში აუცილებელი ხდება ურთიერთობების საკმაოდ ფართო სპექტრის რეგულირება, აკრძალვების დაწესება და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების შემოღება. პასუხისმგებლობის განსაზღვრის საჭიროება არსებობს არაერთ ტექნიკურ და სპეციფიკურ სფეროში. ამასთან, ურთიერთობის რეგულირებისას ხშირად აუცდენელია რთული საკანონმდებლო კონსტრუქციების შემოღება ან/და ტექნიკური, ცალკეული სფეროებისათვის დამახასიათებელი ტერმინების გამოყენება.

12. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა რიგ შემთხვევებში ვერ იქნება ინდივიდუალიზებული, დროსა და სივრცეში იზოლირებული ქცევის წესი. ამგვარ ნორმათა მიზანი მისი ხანგრძლივ პერსპექტივაში გამოყენება და ურთიერთობათა ფართო და მუდმივად განვითარებადი სპექტრის მოცვაა. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები გამოიყენება დინამიკური, წინასწარ არაიდენტიფიცირებადი ურთიერთობების დასარეგულირებლად. საზოგადოების, სოციალური ურთიერთობების მრავალფეროვნება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის წინასწარ განისაზღვროს, თუ რა ფორმით, რა მეთოდის გამოყენებით მოხდება ამა თუ იმ სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაცული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. კანონმდებლისთვის მაქსიმალურად დეტალიზებული, ხისტი მოწესრიგების  შემოღების ვალდებულების დადგენა შეიცავს ამა თუ იმ საზოგადოებრივად საშიში ქმედების დაუსჯელად დატოვების საფრთხეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელს არ ექნება შესაძლებლობა, ესა თუ ის  სამართლებრივი სიკეთე დაიცვას ზოგადი აკრძალვების დაწესებით, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ ინდივიდები მოძებნიან გზას ხსენებული სამართლებრივი სიკეთის კანონით აუკრძალავი ფორმით დასაზიანებლად. მაგალითად, თუ კანონმდებელი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მისი ქონების დაუფლების დასჯადობას დაუკავშირებს დამატებით კრიტერიუმს დაუფლების ფორმასთან დაკავშირებით, პირები, ბუნებრივია, ეცდებიან, სხვის ქონებას დაეუფლონ კანონით აუკრძალავი ფორმით, რაც დაუცველს დატოვებს პირის საკუთრებას. ამავე დროს, თუნდაც ერთი ფორმით დაუფლების შემთხვევის დაუსჯელობაც კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ იგი გახდეს ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდი საკუთრების უფლების შესალახად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეალისტური იქნება, კანონმდებელს მოეთხოვოს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონკრეტიზაციის ძალიან მაღალი ხარისხით ჩამოყალიბება. დასაშვებია, პასუხისმგებლობის დამდგენი ისეთი ზოგადი საკანონმდებლო ნორმის მიღება, რომელიც გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება განმარტებას და, ამ გზით, უზრუნველყოფს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული დაცული სიკეთის ხელყოფის ყველა შესაძლო შემთხვევის დასჯადობას.

13. ამდენად, კანონმდებელი აკრძალულ ქმედებათა განსაზღვრისას არეგულირებს ურთიერთობათა ფართო სპექტრს და საკანონმდებლო აქტში გამოყენებული ტერმინები მოითხოვს განმარტებასა და ფაქტობრივი გარემოებებისადმი მისადაგებას. შესაბამისად, შეუძლებელია, თავიდან იქნეს არიდებული შედარებით ზოგადი, ინტერპრეტირებადი თუ კონკრეტული სფეროსათვის დამახასიათებელი ტერმინების გამოყენება. შედეგად, კანონმდებლობის, მათ შორის, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შინაარსის აღქმა რთულდება და საჭირო ხდება იურისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების დახმარება. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების მიმართ წაყენებული მკაფიოობის მოთხოვნა ვერ იქნება, რომ კანონმდებლობა არ უნდა შეიცავდეს კომპლექსურ ფორმულირებებს, დაცლილი იყოს ნებისმიერი ტექნიკური ან ზოგადი ტერმინისგან და იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, რომ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე იყოს გასაგები ნებისმიერი ადამიანისათვის. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციური მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა, მათ შორის, იურისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების დახმარებით.

3. საერთო სასამართლოს როლი ზოგადი ტერმინების განმარტებისას

14. როგორც აღინიშნა, კანონმდებელს არ მოეთხოვება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონკრეტიკის აბსოლუტური ხარისხით ჩამოყალიბება. უფრო მეტიც, ენის ბუნების გათვალისწინებით, ცალკეულ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი არის აბსოლუტურად განსაზღვრული კანონმდებლობის მიღება. მიუხედავად ამისა, კანონმდებელს მოეთხოვება ამგვარი ნორმების შემუშავებისას „სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთანავე, „მართალია, შეუძლებელია, კანონმა გაითვალისწინოს ყველა იმ შემთხვევისა თუ სიტუაციის თითოეული ასპექტი, რომელიც მომავალში განვითარდება, მაგრამ კანონმდებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის განსაზღვრისას ვალდებულია, მიიღოს ნორმა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებში სასამართლოს მიერ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგენის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები  ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). ამდენად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შემუშავებისას კანონმდებელს მოეთხოვება საკუთარი ნების, მიზნების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შედეგად განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დადგომის შესაძლებლობა.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სამართლებრივი შედეგების განჭვრეტის თვალსაზრისით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო სასამართლოების პრაქტიკას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნებისმიერი ნორმატიულად დადგენილი ქცევის წესი სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში და მისი საშუალებით. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ორგანოთა არქიტექტურაში არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს კანონმდებლობის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-49). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, იცოდეს კანონმდებლობის შინაარსი, როგორ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება და რას მოითხოვს თითოეული ნორმატიული რეგულაცია მისი ადრესატებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-49).

17.მამდენად, საერთო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია პასუხისმგებლობის დამდგენი ზოგადი ნორმების შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში. სასამართლოს ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლოს ერთგვაროვანი, დროის მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკის არსებობა, ამ ნორმიდან მომდინარე პასუხისმგებლობის განჭვრეტადობის საუკეთესო ინდიკატორია. იმ პირობებში, როდესაც ქმედების ჩადენამდე პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ამა თუ იმ შინაარსით გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს, პირი ვერ მიუთითებს, მათ შორის, ზოგადი ტერმინებით ფორმულირებულ ნორმასთან მიმართებითაც კი, პასუხისმგებლობის დაკისრების განუჭვრეტელ ხასიათზე. აღნიშნულის საპირისპიროდ,  სასამართლოს პრაქტიკაში პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის არაერთგვარად, ურთიერთსაწინაამღდეგოდ განმარტება/გამოყენება მისი განუჭვრეტლად მიჩნევის ყველაზე ცხადი საფუძველია. ამასთან, ზოგადი ხასიათის ნორმის განმარტების სასამართლო პრაქტიკის არარსებობა, თავისთავად, არ გამოდგება მის განუსაზღვრელად მიჩნევის თვითკმარ საფუძვლად, რამდენადაც პასუხისმგებლობის დამდგენ ნებისმიერ ნორმასთან მიმართებით, რაღაც ეტაპზე, პირველად ხდება სასამართლოს მიერ მისი გამოყენება/განმარტება. დროის გარკვეული მონაკვეთიდან სასამართლო იწყებს ზოგადი ხასიათის ნორმებისათვის კონკრეტული შინაარსის იდენტიფიცირებას და, ბუნებრივია, რომ დროის განსაზღვრულ პერიოდში შესაძლოა, არ არსებობდეს სასამართლოს მიერ ნორმის გამოყენების, მისი შინაარსის განმარტების პრაქტიკა.

18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საერთო სასამართლო, სამართლის ნორმების პრაქტიკაში გამოყენებით, მათი შინაარსის განმარტება/დაზუსტებით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს  ნორმებში ასახული ზოგადი ტერმინების განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად.

4. საერთო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის შესაძლებლობა

19. ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის გარემოება, რომ საერთო სასამართლოებს ნორმატიული აქტების განმარტების, დაზუსტებისა და განვრცობის გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამართლის განვითარებაში. საერთო სასამართლოები განმარტებისა და დაზუსტების გზით დინამიკურ, ცვლად გარემოებებს არგებენ კანონმდებლობის მოთხოვნებს, რათა ნორმატიული აქტები და მათი განმარტებები შეესატყვისებოდეს მუდმივად ცვალებად სამართლებრივ ურთიერთობებს. საერთო სასამართლოების მიერ ნორმების განმარტებითა და დაზუსტებით სამართლის განვითარების საჭიროება შესაძლებელია არსებობდეს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმებით მოწესრიგებული სამართალურთიერთობების ფარგლებშიც. შესაბამისად, საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ახლებურად განმარტება, თუნდაც ერთგვაროვანი პრაქტიკის შეცვლა, თავისთავად, ვერ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებად. ბუნებრივია, სასამართლოს უნდა ჰქონდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორების ან/და, ზოგადად, სამართლის განვითარების მიზნით, სასამართლოს არსებული პრაქტიკის გადახედვის შესაძლებლობა.  აღნიშნულის მიუხედავად, სამართლებრივ სახელმწიფოში პირს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მის მიმართ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა სასამართლოს დადგენილი, ერგვაროვანი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული.  იმ პირობებში, როდესაც საერთო სასამართლო დადგენილ პრაქტიკას ცვლის, პრაქტიკის ცვლილებამდე პერიოდში ნორმის ახლებური განმარტების შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა პირისათვის, როგორც წესი, განუჭვრეტელია. ხსენებული წესიდან გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სამართლის ნორმიდან ესა თუ ის აკრძალვა იმდენად ნათლად გამომდინარეობდა, რომ პირისათვის იგი განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო სასამართლოს განსხვავებული პრაქტიკის პირობებშიც კი. შესაბამისად, როდესაც იცვლება სასამართლოს პრაქტიკა, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ახალი პრაქტიკით იდენტიფიცირებული შინაარსი არ უნდა გავრცელდეს მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე.

20. საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საერთო სასამართლოების ლეგიტიმურ შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი პრაქტიკა და ახლებურად განმარტონ პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობა. თუმცაღა ამგვარი განმარტების ნეგატიური სამართლებრივი შედეგები არ უნდა გავრცელდეს პირზე, რომელსაც ნორმის განმარტების დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ობიექტურად არ შეეძლო, განესაზღვრა აკრძალული ქმედების შინაარსი. საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების არსებული პრაქტიკის საწინააღმდეგო ახლებური განმარტებები შესაძლებელია, ვალიდური იყოს მხოლოდ სამომავლო ურთიერთობების მიმართ.

5. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განმარტების ფარგლები

21. საერთო სასამართლოს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განმარტებისას არ აქვს თავისუფლების ისეთივე ხარისხი, როგორიც სხვა ტიპის ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან მიმართებით. ასეთ დროს, სასამართლოს მიერ ნორმის ინტერპრეტაციის ფარგლები შეზღუდულია პირის უფლებით, არ დაეკისროს პასუხისმგებლობა იმგვარი ქმედებისათვის, რომლის დასჯადობა მისი ჩადენის დროს არ იყო განჭვრეტადი. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს ევალება ზოგადი ტერმინების ვიწროდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ განმარტება. ხსენებული პრინციპი განსაკუთრებით რელევანტურია, როდესაც სასამართლო ახდენს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ამა თუ შინაარსის პირველად გამოყენებას (ან/და გამოყენებას იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ არსებობს დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა).

22. როდესაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა იძლევა რამდენიმე ალტერნატიული განმარტების შესაძლებლობას, სასამართლოს ძირითადი ვექტორი განმარტების პროცესში უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა, რაც, მათ შორის, გამოიხატება ზოგადი ნორმების პირის სასარგებლოდ განმარტების ვალდებულებაში. პირს ვერ ექნება მოლოდინი, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის რამდენიმე შესაძლო განმარტებისას, მის მიმართ გამოყენებული იქნება ის შინაარსი, რომელიც ყველაზე მძიმე შედეგს აყენებს. მნიშვნელოვანია, განმარტების პროცესში საერთო სასამართლო არ გასცდეს კანონმდებლის მიერ მიღებული ნორმის ძირითად არსს და არ დააყენოს იმგვარი სამართლებრივი შედეგი, რომლის წინასწარ განჭვრეტა, ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე, მისი ადრესატისათვის შეუძლებელი იყო.

6.პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან შესაბამისობის  შეფასების მასშტაბი

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ა) როდესაც სადავო ნორმის/მის რომელიმე ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით არსებობს საერთო სასამართლოების ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები; ბ) როდესაც ხდება საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და სადავო ნორმის ახლად იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გავრცელება მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; გ) როდესაც სადავოა მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსი, რომელიც საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, ხომ არ არის სახეზე რომელიმე ზემოთ ხსენებული შემთხვევა.

7. სადავო ნორმის შესაბამისობა განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან

24. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველ ნაწილში გამოყენებული ტერმინი „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ იმდენად განუსაზღვრელია, რომ შეუძლებელია აკრძალული ქმედების იდენტიფიცირება. ამასთანავე, მისი პოზიციით, სადავო ტერმინი იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც. კერძოდ, რიგ შემთხვევებში, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ტერმინი „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ არ გულისხმობს არასრულწლოვნის დაყოლიებას დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სხვა შემთხვევებში, მათ შორის, მოსარჩელის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენშიც, ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობაზე არასრულწლოვნის დაყოლიება მიიჩნეულ იქნა ანტისაზოგადოებრივ ქმედებად. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმიდან და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო აქტებიდან, ისევე როგორც სასამართლოს პრაქტიკიდან შეუძლებელია სადავო ტერმინის შინაარსის განსაზღვრა, დასჯადი ქმედების წინასწარ განჭვრეტა, რაც მიანიშნებს მის არაკონსტიტუციურობაზე.

25. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმის მიზანია არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, მისი ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური განვითარების უზრუნველყოფა. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ამომწურავად იქნეს ჩამოთვლილი ის ქმედებები, რომელში ჩაბმაც უარყოფით გავლენას ახდენს არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებაზე და ლახავს მის ინტერესებს. ამიტომაც, იმის გამო, რომ რეგულირების მიღმა არ დარჩენილიყო არასრულწლოვანი პირის ინტერესების შემლახავი ცალკეული ქმედებები, კანონმდებელმა გადაწყვიტა შედარებით ზოგადი ტერმინის – „ანტისაზოგადოებრივი ქმედების“ გამოყენება. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმის განამარტებასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოს აქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში დაყოლიებად მიიჩნევა არასრულწლოვნის ინტერესების დამაზიანებელ იმგვარ ქმედებაში ჩართვა, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს. ასეთი ქმედების მაგალითად კი მოპასუხე ასახელებს არასრულწლოვნის ჩაბმას ლოთობაში ან სხვა იმგვარ ქმედებაში, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების დამკვიდრებულ შეხედულებებს და აზიანებს არასრულწლოვნის ინტერესებს.

26. როგორც უკვე აღინიშნა, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს საერთო სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, ხომ არ არსებობს სადავო ნორმის/მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსის ურთიერთსაწინააღმდეგოდ განმარტების შემთხვევები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2005 წლის 17 თებერვლის №:2კ-400აპ.-04 განჩინების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი პირის დაყოლიება ქურდობაზე, წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ანტისაზოგადოებრივ ქმედებას. ანალოგიურად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2006 წლის 23 თებერვლის №:2კ-401აპ.-05 განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ჩაბმა ლოთობასა და ქურდობაში წარმოადგენდა სადავო ნორმით დასჯად ქმედებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2006 წლის 28 ივნისის №:2კ-361აპ.-06 განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს არასრულწლოვნის დაყოლიებას სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს და, ამდენად, არასრულწლოვნის ჩაბმა ქურდობაში არ მიიჩნია ანტისაზოგადოებრივ ქმედებად. 2007 წლის 6 ივნისის №2კ-412აპ.-07 განჩინებაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ანტისაზოგადოებრივ ქმედებად მიიჩნია არასრულწლოვნის ჩაბმა ძარცვასა და ქურდობაში, ხოლო 2008 წლის 3 იანვრის №:2კ-909აპ.-07 განჩინებაში კვლავ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედება არაა არასრულწლოვანი პირის ჩაბმა დანაშაულში.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის დაყოლიება დანაშაულის ჩადენაზე, რიგი გადაწყვეტილებების მიხედვით, მიჩნეულია ანტისაზოგადოებრივ ქმედებად და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო რიგ შემთხვევებში, უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი ქცევა არ არის სადავო ნორმით დასჯადი. ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები არსებობს ერთმანეთის პარალელურად, ისე, რომ არ მომხდარა რომელიმე მათგანის დაძლევა, პრაქტიკის შეცვლა ამისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, უნდა მოხდეს თუ არა პირისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების გამო. ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკის არსებობა, ცხადად მიუთითებს სადავო ნორმის დასახელებული ნორმატიული შინაარსის განუჭვრეტელობაზე. იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმის განმარტებისას უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით იყენებს მას, პირი, კვალიფიციური იურისტის დახმარებითაც კი, ვერ შეძლებს წინასწარ განჭვრიტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლი ადგენს თუ არა პასუხისმგებლობას არასრულწლოვანი პირის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიებისათვის. ბუნებრივია, არ შეიძლება, პირს მოეთხოვოს სადავო ნორმის შინაარსის განჭვრეტა იმ პირობებში, როდესაც თავად ეს შინაარსი ნორმის განმარტების ყველაზე ავტორიტეტული ორგანოსათვისაც არ არის ერთგვაროვნად განსაზღვრადი. 

28.მყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

29. სადავო ნორმით ასევე დასჯადია არასრულწლოვნის ჩაბმა სხვა ისეთ ქმედებებში, რომლებიც ანტისაზოგადოებრივი ხასიათისაა, თუმცა არ წარმოადგენს დანაშაულს. ხსენებულ შინაარსთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არც ერთ ზემოთ დასახელებულ ან სხვა რომელიმე აქტში არ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები. ასევე არ გამოკვეთილა, რომ განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და ნორმის ახლადიდენტიფიცირებული შინაარსი გავრცელდა ამგვარ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებაზე.  მოსარჩელე მხარეს ასევე არ მიუთითებია, რომ სადავო ნორმის ამ ნაწილის მეტისმეტად ფართო, მისი არსის საწინააღმდეგო განმარტების/გამოყენების შემთხვევებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას არასრულწლოვანი პირის ისეთი ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე დაყოლიებისათვის, რომელიც დანაშაულს არ წარმოადგენს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1289  („გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების გამო.

2. კონსტიტუციური სარჩელი №1289 („გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნის ისეთ ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე დაყოლიებისათვის, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს.

3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6.მგადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი