საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.022939
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
384
27/07/2021
ვებგვერდი, 29/07/2021
420000000.10.003.022939
საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/07/2021 - 12/04/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №384

2021 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საჰაერო კოდექსის 711 მუხლის საფუძველზე,  დამტკიცდეს თანდართული:

1. „მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი“ (დანართი №1).

2. „მგზავრის წინასწარი მონაცემი“ (დანართი №1-ა).

3. „მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების პროტოკოლები და ფორმატი“ (დანართი №1-ბ).

4. „მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი“ (დანართი №2).

5. „მგზავრის სახელის ჩანაწერი“ (დანართი №2-ა).

6. „მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების ფორმატები და პროტოკოლები“ (დანართი №2-ბ).

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის №174 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 

მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. „მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების, ასევე უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი უწყებების მიერ აღნიშნული მონაცემის დამუშავების, შენახვის, დეპერსონალიზაციისა და განადგურების წესს, ვადებსა და პროცედურებს.

2. ეს წესი მიზნად ისახავს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებასა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჰაერო გადამზიდველი/ექსპლუატანტი − საქართველოში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდით კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლება, გაცემული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

ბ) საერთაშორისო ფრენა − რეგულარული ან არარეგულარული ფრენა, განხორციელებული საჰაერო გადამზიდველის მიერ:

ბ.ა) ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

ბ.ბ) საქართველოდან ნებისმიერი უცხო ქვეყნის მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

გ) მგზავრი − ნებისმიერი, მათ შორის, ტრანსფერით ან ტრანზიტით მიმავალი პირი, რომელიც მგზავრობს ან უნდა იმგზავროს საჰაერო ხომალდით, საჰაერო გადამზიდველის თანხმობით, რაც გამოიხატება საჰაერო გადამზიდველის მიერ პირის რეგისტრაციით მგზავრთა სიაში, ასევე ეკიპაჟის წევრი;

დ) მგზავრის წინასწარი მონაცემი − ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ა დანართით განსაზღვრული მონაცემები თითოეული მგზავრის შესახებ;

ე) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;

ვ) სასაზღვრო კონტროლის ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი დანაყოფი;

ზ) სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

 თ) საბაჟო კონტროლის ორგანო − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი დანაყოფი.

 

მუხლი 3. მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების ვალდებულება

1. საჰაერო გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ფრენას ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, ვალდებულია, უსასყიდლოდ მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის წინასწარი მონაცემი არაუგვიანეს 15 წუთისა საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე;

ბ) სახელმწიფო ავიაციაზე.

3. თუ ფრენა ერთობლივად სრულდება რამდენიმე საჰაერო გადამზიდველის მიერ, მგზავრის წინასწარი მონაცემის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება იმ საჰაერო გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს ფრენის ოპერირებას.

4. საჰაერო გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდება წარმოებს ელექტრონული საშუალებებით, საერთო პროტოკოლებისა და ფორმატების გამოყენებით, ხოლო ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობის შემთხვევაში − ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით.

5. მგზავრი წინასწარი მონაცემის მიწოდების საერთო პროტოკოლები და ფორმატები განისაზღვრება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ბ დანართით და ეფუძნება მგზავრის წინაწარი მონაცემის მიწოდების საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლებსა და ფორმატებს. თუ საჰაერო გადამზიდველს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ბ დანართით განსაზღვრული პროტოკოლებისა და ფორმატების შესაბამისად მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის წინასწარი მონაცემი, აღნიშნული მონაცემის ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 

 

მუხლი 4. მგზავრის წინასწარი მონაცემის მიღება და წვდომის უზრუნველყოფა

საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებული მგზავრის წინასწარი მონაცემის მიღებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებულ მგზავრის წინასწარ მონაცემებზე სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს წვდომას რეალურ დროში ისევე, როგორც აღნიშნული ორგანოების მიერ ამ მონაცემის დამუშავების ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებასა და მგზავრის წინასწარი მონაცემის უსაფრთხოებას.

 

მუხლი 5. მგზავრის წინასწარი მონაცემის დამუშავება სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ

1. მგზავრის წინასწარი მონაცემი სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ შეიძლება, დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:

ა) მგზავრთა წინასწარი შეფასება მათ დაგეგმილ ჩამოფრენამდე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;

ბ) მგზავრის წინასწარი მონაცემის ანალიზი იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განახლებისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

2. სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მგზავრის წინასწარი შეფასების მიზნით,  უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს:

ა) მგზავრის წინასწარი მონაცემის ავტომატურ შედარებას იმ მონაცემთა ბაზებთან, რომლებიც რელევანტურია სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის და მიღებულ შედეგებზე სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს რეალურ დროში წვდომას, მათი კომპეტენციის შესაბამისად;

ბ) მგზავრის წინასწარი მონაცემის ავტომატურ შედარებას წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან და მიღებულ შედეგებზე სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს რეალურ დროში წვდომას, მათი კომპეტენციის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მგზავრის წინასწარი მონაცემის ანალიზისთვის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს რეალურ დროში წვდომას მგზავრის წინასწარ მონაცემზე ისევე, როგორც მისი დამუშავების ელექტრონული სისტემის ხელმისაწვდომობას.    

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შემუშავება, მათი პერიოდული გადახედვა და დანერგვა ხორციელდება  სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ, მათი კომპეტენციის შესაბამისად. კრიტერიუმები და მათი შემუშავების წესი/პროცედურა განისაზღვრება ამ ორგანოების სამართლებრივი აქტებით. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ კრიტერიუმების დანერგვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამუშავება ხორციელდება არადისკრიმინაციული ფორმით. კრიტერიუმები უნდა იყოს მიზანმიმართული, კონკრეტული და პროპორციული. კრიტერიუმი არ შეიძლება, ეფუძნებოდეს პიროვნების რასას ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ შეხედულებებს, შრომით კავშირებში გაერთიანებას, ჯანმრთელობას, სექსუალურ ცხოვრებასა და სექსუალურ ორიენტაციას.

 

მუხლი 6. მგზავრის წინასწარი მონაცემის დეპერსონალიზაცია 

1. მგზავრის წინასწარი მონაცემის დეპერსონალიზაცია ხდება ავიაკომპანიის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდებიდან 24 საათში, გარდა იმ მგზავრის წინასწარი მონაცემისა, რომლის შენახვა აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოს ან საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 

2. დეპერსონალიზებული მგზავრის წინასწარი მონაცემი ინახება მგზავრის წინასწარი მონაცემის ბაზაში ერთი წლის ვადით და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ, მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ერთი წლის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მგზავრის წინასწარი მონაცემის წაშლას. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მონაცემების დეპერსონალიზებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო.  სასაზღვრო კონტროლის ორგანო, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანო ან საბაჟო კონტროლის ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, არადეპერსონალიზებული სახით შენახულ მონაცემებს ინახავს ამ ორგანოების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადით, თუ აღნიშნული ვადა არ არის დადგენილი მოქმედი კანონმდებლობით.

           

მუხლი 7. საჯარიმო სანქციები   

საჰაერო გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს საჰაერო გადამზიდველის დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 8. კონტროლი და პერსონალური მონაცემების დაცვა

1. ამ წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უფლებამოსილი ორგანო  ვალდებულია, შეინახოს ჩანაწერები მგზავრის წინასწარი მონაცემის დამუშავების ოპერაციული ქმედებების შესახებ. აღნიშნული ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოსთვის.

 

დანართი №1-ა

 

მგზავრის წინასწარი მონაცემი

1. ფრენასთან დაკავშირებული მონაცემები:

ა) რეისის იდენტიფიკატორი (IATA ავიაკომპანიის კოდი ან/და რეისის ნომერი);

ბ) რეისის დაწყების დაგეგმილი დღე;

გ) რეისის დაწყების დაგეგმილი საათი;

დ) რეისის დასრულების დაგეგმილი დღე;

ე) რეისის დასრულების დაგეგმილი საათი;

ვ) გამგზავრების პუნქტი;

ზ) დანიშნულების პუნქტი;

თ) ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტი;

ი) მგზავრთა რაოდენობა ბორტზე.

2. თითოეულ მგზავრთან დაკავშირებული მონაცემები:

ა) სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;

ბ) სამგზავრო დოკუმენტის გამცემი სახელმწიფო ან ორგანიზაცია;

გ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპი;

დ) სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი;

ე) სახელი, გვარი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) დაბადების თარიღი;

თ) სქესი.

3. დამატებითი მონაცემები:

ა) ადგილის შესახებ მონაცემები (არსებობის შემთხვევაში);

ბ) ბარგის შესახებ მონაცემები (არსებობის შემთხვევაში);

გ) მგზავრის სტატუსი (მგზავრი, ეკიპაჟის წევრი, ტრანზიტული მგზავრი);

დ) მგზავრობის დასაწყისის ადგილი;

ე) შემდგომი დანიშნულების ადგილი (ტრანზიტული მგზავრის შემთხვევაში);

ვ) მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური იდენტიფიკატორი, როგორც ეს მოცემულია ავიაკომპანიის დაჯავშნის სისტემაში არსებულ მგზავრის სახელის ჩანაწერში (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ვიზის შესახებ მონაცემები − ვიზის ნომერი, გაცემის თარიღი და ადგილი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ინფორმაცია ძირითადი საცხოვრებლის შესახებ − ქვეყანა, შტატი/პროვინცია/ოლქი, ქალაქი, მისამართი და საფოსტო კოდი (არსებობის შემთხვევაში).

 

დანართი №1-ბ

მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების პროტოკოლები და ფორმატი

მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდება უნდა განხორციელდეს U№/EDIFACT-ში PAXLST-ის ვერსია 05B-ის ან მისი შემდგომი ვერსიის გამოყენებით. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია  PAXLST-ის ვერსია 02B-ის გამოყენება.

 

დანართი №2

მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. „მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის სახელის ჩანაწერის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების, დამუშავების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის გადაცემის, ასევე მისი შენახვის, ფსევდონიმიზაციისა და განადგურების წესს, ვადებსა და პროცედურებს.

2. ეს წესი მიზნად ისახავს ტერორიზმის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობას.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჰაერო გადამზიდველი/ექსპლუატანტი − საქართველოში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდით კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლება, გაცემული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

ბ) საერთაშორისო ფრენა − რეგულარული ან არარეგულარული ფრენა,  განხორციელებული საჰაერო გადამზიდველის მიერ:

ბ.ა) ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

ბ.ბ) საქართველოდან ნებისმიერი უცხო ქვეყნის მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

გ) მგზავრი − ნებისმიერი, მათ შორის, ტრანსფერით ან ტრანზიტით მიმავალი პირი, რომელიც მგზავრობს ან უნდა იმგზავროს საჰაერო ხომალდით, საჰაერო გადამზიდველის თანხმობით, რაც გამოიხატება საჰაერო გადამზიდველის მიერ პირის რეგისტრაციით მგზავრთა სიაში;

დ) დაჯავშნის სისტემა − საჰაერო გადამზიდველის შიდა სისტემა, რომელშიც ჯავშანთა მომსახურების მიზნით თავმოყრილია მგზავრის სახელის ჩანაწერები;

ე) გამგზავრების კონტროლის სისტემა − მგზავრთა რეისზე რეგისტრაციის სისტემა;

ვ) მგზავრის სახელის ჩანაწერი  −  ამ დადგენილებით დამტკიცებული  №2-ა დანართით განსაზღვრული თითოეული მგზავრის მგზავრობის მოთხოვნის ჩანაწერი, რომელიც შეიცავს საჰაერო გადამზიდველის მიერ რეისის ჯავშანთა დამუშავებისა და კონტროლისთვის აუცილებელ ინფორმაციას, მოცემულს დაჯავშნის სისტემაში, გამგზავრების კონტროლის სისტემაში ან ნებისმიერი ანალოგიური ფუნქციის მქონე სისტემებში;

ზ) მგზავრის წინასწარი მონაცემი − ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ა დანართით განსაზღვრული მონაცემები;

თ) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;

ი) კომპეტენტური ორგანო − ორგანოები, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენცია, დანაშაულის ნიშნების გამოვლენა, გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა;

კ) მძიმე დანაშაული − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული;

ლ) მონაცემთა ფსევდონიმიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც პერსონალური მონაცემების დაკავშირება კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან შეუძლებელია დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე, იმ პირობით, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ექვემდებარება ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონაცემების დაკავშირება არ ხდებოდეს იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან.

 

მუხლი 3. მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების ვალდებულება

1. საჰაერო გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ფრენას, ვალდებულია, უსასყიდლოდ მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს  მგზავრის სახელის ჩანაწერი:

ა) 24 საათით ადრე ფრენის დაგეგმილ დრომდე;

ბ) არაუგვიანეს 15 წუთისა საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ.

2. ამ მუხლით  გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) სატვირთო გადაზიდვებზე;

ბ) სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე;

გ) სახელმწიფო ავიაციაზე.

3. თუ ფრენა ერთობლივად სრულდება რამდენიმე საჰაერო გადამზიდველის მიერ, მგზავრის სახელის ჩანაწერის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება იმ საჰაერო გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს ფრენის ოპერირებას.

4. საჰაერო გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზისთვის  მგზავრის  სახელის ჩანაწერის მიწოდება წარმოებს ელექტრონული საშუალებებით, საერთო პროტოკოლებისა და ფორმატების გამოყენებით, ხოლო ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით.   

5. მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების საერთო პროტოკოლები და ფორმატები, ასევე ამ მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ დადგენილებით დამტკიცებული №2-ბ დანართით და ეფუძნება მგზავრის სახელის ჩანაწერის საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლებსა და ფორმატებს. თუ საჰაერო გადამზიდველს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული №2-ბ დანართით განსაზღვრული პროტოკოლებისა და ფორმატების შესაბამისად მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის სახელის ჩანაწერი, აღნიშნული მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. თუ საჰაერო გადამზიდველს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის სახელის ჩანაწერისა და მგზავრის წინასწარი მონაცემის ამ დადგენილებით დამტკიცებული №2-ბ დანართით განსაზღვრული ერთიანი ფორმატით მიწოდების შესაძლებლობა, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია,  განსაზღვროს მგზავრის წინასწარი მონაცემების მიწოდების სხვა ტექნიკური შესაძლებლობა ან გამოიყენოს ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ბ დანართით განსაზღვრული მგზავრის წინასწარი მონაცემების მიწოდების პროტოკოლები და ფორმატები. ასეთ შემთხვევებში, მგზავრის წინასწარი მონაცემები განიხილება როგორც მგზავრის სახელის ჩანაწერის შემადგენელი ნაწილი და მის მიმართ გამოიყენება ამ დანართის დებულებები.  

 

მუხლი 4. მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი

1. უფლებამოსილ ორგანოში ფუნქციონირებს მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი, რომელიც შედგება უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებისა და მგზავრის ინფორმაციის დანაყოფში მივლინებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისგან.

2. მგზავრის ინფორმაციის დანაყოფში წარმომადგენლის მივლინების უფლებამოსილება აქვთ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.

3. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებული მგზავრის სახელის ჩანაწერის ხელმისაწვდომობას მგზავრის ინფორმაციის დანაყოფისთვის რეალურ დროში ისევე, როგორც მგზავრის ინფორმაციის დანაყოფის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავების ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებასა და მგზავრის სახელის ჩანაწერის უსაფრთხოებას. 

 

მუხლი 5. მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავების მიზნები

1. მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი მგზავრის სახელის ჩანაწერს ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

ა) მგზავრთა წინასწარი შეფასება მათ დაგეგმილ ჩამოფრენამდე ან გაფრენამდე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების ჩადენაში შესაძლო ჩართულობის თვალსაზრისით;

ბ) მგზავრის სახელის ჩანაწერის ანალიზი ტერორიზმის დანაშაულის ან სხვა მძიმე დანაშაულში ჩართულ პირთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განახლებისთვის ან ახალი კრიტერიუმების შემუშავებისთვის.

2. უფლებამოსილი ორგანო მგზავრის სახელის ჩანაწერს ამუშავებს კონკრეტული მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების შესახებ კომპეტენტური ორგანოს სათანადოდ დასაბუთებულ მოთხოვნაზე პასუხის მომზადების მიზნით.

3. მგზავრთა წინასწარი შეფასების მიზნით, მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი ახორციელებს:

ა) მონაცემთა ავტომატურ შედარებას იმ მონაცემთა ბაზებთან, რომლებიც რელევანტურია ტერორიზმის დანაშაულის ან სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, აღმოჩენის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებისთვის;

ბ) მონაცემების ავტომატურ დამუშავებას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

 

მუხლი 6. მონაცემთა დამუშავების შეზღუდვები

1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამუშავება ხორციელდება არადისკრიმინაციული ფორმით. კრიტერიუმები უნდა იყოს მიზანმიმართული, კონკრეტული და პროპორციული. კრიტერიუმი არ შეიძლება, ეფუძნებოდეს პიროვნების რასას ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ შეხედულებებს, შრომით კავშირებში გაერთიანებას, ჯანმრთელობას, სექსუალურ ცხოვრებასა და სექსუალურ ორიენტაციას. აღნიშნული კრიტერიუმების შემუშავება, მათი პერიოდული გადახედვა და დანერგვა ხორციელდება მგზავრის მონაცემების დანაყოფის მიერ, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით. კრიტერიუმები და მათი შემუშავების წესი/პროცედურა განისაზღვრება ამ ორგანოების სამართლებრივი აქტებით. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ კრიტერიუმების დანერგვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.

2. თუ საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებული მონაცემები არ არის მითითებული ამ დადგენილებით დამტკიცებულ №2-ა დანართში, მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების განადგურება დაუყოვნებლივ.

 

მუხლი 7. დამუშავების შედეგების მიწოდება კომპეტენტური ორგანოებისთვის შემდგომი დამუშავების მიზნით

1. პოზიტიური თანხვედრის შედეგი, რომელიც გამოვლინდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომატური დამუშავების შედეგად, მოწმდება მგზავრის ინფორმაციის დანაყოფის მიერ არაავტომატური საშუალებების გამოყენებით. იმ მგზავრის სახელის ჩანაწერი, რომლის პოზიტიური თანხვედრა გამოვლინდა ავტომატური დამუშავების შედეგად და დადასტურდა არაავტომატური საშუალებების გამოყენებით,  დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. მგზავრის ინფორმაციის დანაყოფის მიერ მიღებული და დამუშავებული მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, კომპეტენტური ორგანოების მიერ შემდგომ დამუშავდეს მხოლოდ ტერორიზმის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით.

2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით მონაცემების დამუშავებისთვის კომპეტენტური ორგანოს დასაბუთებულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გაცემული მოსამართლის განჩინება. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავება მისი იმ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდების მიზნით, რომელსაც მივლენილი ჰყავს წარმომადგენელი მგზავრის ინფორმაციის დანაყოფში, არ საჭიროებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამართლის განჩინებას. 

 

მუხლი 8. მგზავრის სახელის ჩანაწერის შენახვა, ფსევდონიმიზაცია და განადგურება

1. მგზავრის სახელის ჩანაწერი უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზაში ინახება საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვის მომენტიდან 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურად.

2. საჰაერო გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზისთვის მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდებიდან 6 თვის ვადაში მონაცემები უნდა დაექვემდებაროს ფსევდონიმიზაციას უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფსევდონიმიზაციის შემდეგ მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, სრულად ხელმისაწვდომი გახდეს:

ა)  სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც გაიცემა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;

ბ) სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მონაცემთა გამჟღავნების კანონიერების შემოწმების მიზნით.

4. მგზავრის სახელის ჩანაწერი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაეცა კომპეტენტურ ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე, ინახება და ნადგურდება  შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადითა და წესით, თუ აღნიშნული არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით.

5. მგზავრის სახელის ჩანაწერის ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული დამუშავების შედეგები ინახება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია პოზიტიური თანხვედრის შესახებ კომპეტენტური ორგანოების  ინფორმირებისთვის. მონაცემები ავტომატური შემოწმების შედეგად გამოვლენილი პოზიტიური თანხვედრის შესახებ, რომელიც არ დადასტურდა არაავტომატური გადამოწმების მეშვეობით, ასევე შესაძლებელია, იქნეს შენახული არაუმეტეს 5 წლის ვადით მომავალში მცდარი პოზიტიური თანხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

6. მგზავრის სახელის ჩანაწერის ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული  დამუშავების შედეგები ინახება არაუმეტეს ექვსი თვის ვადით. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურად.     

 

მუხლი 9. საჯარიმო სანქციები  

საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 10. მონაცემების გადაცემა სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის

1. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მგზავრის სახელის ჩანაწერი და მისი დამუშავების შედეგები შესაძლოა, გადაეცეს სხვა სახელმწიფოს, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:

ა) მონაცემების გადაცემა მიზნად ისახავს ტერორიზმის დანაშაულის ან მძიმე დანაშაულების პრევენციას, გამოვლენას, გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) მონაცემთა გადაცემა შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე;

გ) სხვა სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია მესამე ქვეყანას, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

2. სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემა მისი ფსევდონიმიზაციის შემდეგ შესაძლებელია, განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

3. საერთაშორისო ორგანიზაციას მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, გადაეცეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შეთანხმება საქართველოსა და ამ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 

 

მუხლი 11. კონტროლი და პერსონალური მონაცემების დაცვა

1. ამ წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეინახოს სრული დოკუმენტაცია, დაკავშირებული მონაცემების დამუშავების სისტემებსა და პროცედურებთან. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე:

ა) კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნას მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემის შესახებ და  განხორციელებულ გადაცემას;

ბ) სხვა სახელმწიფოების მოთხოვნას მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემის შესახებ და განხორციელებულ გადაცემას.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, მოთხოვნისთანავე გადასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

4. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეინახოს ჩანაწერები მონაცემების შეგროვების, გამჟღავნების, ფსევდონიმიზაციისა და წაშლის ოპერაციულ ქმედებებთან დაკავშირებით. გამჟღავნების შესახებ ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თარიღის, დროისა და საფუძვლის შესახებ და რამდენადაც შესაძლებელია, იძლეოდეს ინფორმაციას მგზავრის სახელის ჩანაწერის გამცემი და მიმღები პირების შესახებ. აღნიშნული ჩანაწერები ინახება 3 წლის ვადით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანოსთვის.

 

დანართი №2-ა

მგზავრის სახელის ჩანაწერი

მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, მოიცავდეს საჰაერო გადამზიდველის მიერ რეგულარული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში შეგროვებულ შემდეგ მონაცემებს:

ა) მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური კოდი (ჩანაწერის ინდიკატორი, დადასტურების ნომერი, რეზერვაციის ნომერი ან ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი);

ბ) ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი;

გ) ფრენის დაგეგმილი თარიღები;

დ) სახელი/სახელები;

ე) მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი);

ვ) გადახდის შესახებ მონაცემები, კერძოდ:

ვ.ა) გადახდის ტიპი (ნაღდი, საბანკო გადარიცხვა თუ საკრედიტო ბარათი);

ვ.ბ) ღირებულება, შესაბამისი ვალუტის მითითებით (ევრო, დოლარი, ლარი და ა. შ.);    

ვ.გ) გადამხდელის შესახებ მონაცემი (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია);

ვ.დ) საკრედიტო ბარათის მონაცემები (ტიპი, ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, მფლობელის სახელი და გვარი, ბარათის სახელი);

ზ) მოგზაურობის სრული მარშრუტი კონკრეტული მგზავრის სახელის ჩანაწერისთვის;

თ) ხშირი მგზავრის შესახებ ინფორმაცია;

ი) ინფორმაცია ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ;

კ) მგზავრის სტატუსი (მგზავრის რეგისტრაციის დრო, საჰაერო ხომალდში ჩაჯდომის სტატუსი (ჩაჯდა/არ ჩაჯდა));

ლ) გაყოფილი/განცალკევებული მგზავრის სახელის ჩანაწერის ინფორმაცია;

მ) ზოგადი შენიშვნები (მათ შორის, არსებული ინფორმაცია 18 წლამდე პირების შესახებ, რომლებიც მგზავრობენ სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე. კერძოდ, მათი სახელი, ასაკი, სასაუბრო ენა, საკონტაქტო პირის მონაცემები (მისი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა. შ.);

ნ) ბილეთის შესახებ მონაცემები, მათ შორის, ბილეთის ნომერი, გაცემის თარიღი, ცალმხრივი ბილეთები;

ო) ადგილის ნომერი  და სხვა ინფორმაცია;

პ) კოდის გაზიარების (code share) შესახებ ინფორმაცია;

ჟ) ბარგის შესახებ ინფორმაცია (ნომერი, რაოდენობა, წონა, სპეციალური ბარგი, დამატებითი ბარგი და ა. შ.);

რ) მგზავრთა რაოდენობა და სახელები, მოცემული მგზავრის სახელის ჩანაწერში;

ს) არსებული მგზავრის წინასწარი მონაცემი;

ტ) მგზავრის სახელის ჩანაწერის „ა“ – „ს“ ქვეპუნქტებში მითითებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების ისტორია.

 

დანართი №2-ბ

მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების ფორმატები და პროტოკოლები

1. მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების ფორმატები:

− EDIFACT P№RGOV, როგორც ეს აღწერილია EDIFACT-ის აღსრულების სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერი, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; P№RGOV შეტყობინების ვერსია 11.1 ან შემდგომი ვერსია;

− XML P№RGOV, როგორც ეს აღწერილია XML-ის სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერი, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; P№RGOV შეტყობინების ვერსია 13.1 ან შემდგომი ვერსია.

 2. მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემის პროტოკოლები:

− IBM MQ;

− IATA B ტიპის;

− ebMS 3.0-ის AS4 პროფაილი ვერსია 1.0, OASIS სტანდარტი, გამოქვეყნებული 2013 წლის 23 იანვარს.