„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016475
38
12/08/2021
ვებგვერდი, 17/08/2021
300350000.16.009.016475
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №38

2021 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში (ვებგვერდი, 29/06/2021; სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) (შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებულ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროს და უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, მათ შორის, როგორც ერთი აბონენტის, ასევე მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.“;

ბ) 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 500 კილოვატს, მათ შორის, როგორც ერთი აბონენტის, ასევე მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს;“;

გ) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 38. ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მცირე საწარმოდ განსაზღვრის პროცედურა

1. ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორი ამ მუხლით დადგენილი წესით ყოველწლიურად ახორციელებს მის 0.4 კვ ძაბვის ქსელთან მიერთებული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მცირე საწარმოდ განსაზღვრას/მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებას.

2.  წესების მიზნებისთვის, საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მსხვილი მომხმარებლისა), რომელიც არ არის მოცემული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებულ სიაში (I და II კატეგორიის საწარმოების სიაში) – წარმოადგენს მცირე საწარმოს, თუ იგი ასევე აკმაყოფილებს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პარამეტრებს, კერძოდ, მიერთებულია მხოლოდ:

ა) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე – 2023 წლის 1 იანვრამდე;

ბ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს – 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე;

გ)  0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს – 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე;

დ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  80 კვტ-ს – 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე;

ე) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  50 კვტ-ს - 2026 წლის 1 იანვრიდან  2027 წლის 1 იანვრამდე.

3. ელექტროენერგიის  სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გასული წლის მდგომარეობით საწარმოების შესაბამისი კატეგორიის შესახებ ინფორმაციის სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, გადახედოს არსებული მომხმარებლების სტატუსს და განსაზღვროს შესაბამისი მომხმარებელი მცირე საწარმოდ ან მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან, სისტემის ოპერატორი, იმ საწარმოებთან მიმართებით, ვისაც შეუცვალა ან მიანიჭა ახალი სტატუსი, ვალდებულია:

ა) მცირე საწარმოს სტატუსის განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს სტატუსის განსაზღვრისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ამ ახალი სტატუსის ამოქმედებამდე ორი თვისა;

ბ) მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს სტატუსის გაუქმებისთანავე (მათ შორის, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში), მაგრამ გაუქმებამდე არაუგვიანეს ორი თვისა.

 4. იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ იქნა მცირე საწარმოდ (მიენიჭა ახალი სტატუსი), ახალი სტატუსი ამოქმედდება და ამ მომხმარებელზე მცირე საწარმოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდება მცირე საწარმოდ განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან (მაგრამ სისტემის ოპერატორის მიერ ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან არანაკლებ 2 თვისა).

5. იმ მომხმარებელს, რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მცირე მომხმარებლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, მცირე მომხმარებლის სტატუსი უუქმდება და მასზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების  მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან (მაგრამ სისტემის ოპერატორის მიერ ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან არანაკლებ 2 თვისა).

6. თუ მცირე საწარმო აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ასევე, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს. ამ მომხმარებელზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან 2 თვის შემდეგ.

7. ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის ან/და ძაბვის საფეხურის შეცვლის, უძრავი ქონების დროებითი ფლობის ან კანონიერი მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლის მიმართ მცირე საწარმოს სტატუსის  განსაზღვრა (არის თუ არა მცირე საწარმო) უნდა განხორციელდეს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებამდე და მასზე ახალი სტატუსი ამოქმედდება ამ მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, ახალი სტატუსის ამოქმედებამდე, ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის შემთხვევაში – უნივერსალური ან თავისუფალი მიმწოდებელი (მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად) და მასზე ვრცელდება მცირე საწარმოს სტატუსი;

ბ) 6/10 კვ-ის ძაბვის ქსელის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, მსხვილი მომხმარებლის ან/და I და II კატეგორიის საწარმოების შემთხვევაში („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის I და II ზომითი კატეგორიის საწარმოების შემთხვევაში) – საჯარო ან თავისუფალი მიმწოდებელი (მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად).

8. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი აკმაყოფილებს ან აღარ აკმაყოფილებს მცირე საწარმოს ან მსხვილი მომხმარებლის პირობებსა და კრიტერიუმებს, სტატუსის შეცვლა და მისი ამოქმედება ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაზე ადრე შესაძლებელია, თუ სისტემის ოპერატორი, არსებული მიმწოდებელი და მომხმარებელი შეთანხმდებიან ახალი სტატუსის ამოქმედების თარიღზე. მომხმარებლის მიერ შეთავაზებულ თარიღზე უარი უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. მომხმარებელს, რომელსაც მიენიჭა ახალი სტატუსი, ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ამ ახალი სტატუსის ამოქმედებამდე გააფორმოს, შესაბამის მიმწოდებელთან ელექტროენერგიის მიწოდების ახალი ხელშეკრულება   საცალო ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ახალი სტატუსიდან გამომდინარე, არსებული მიმწოდებელი მოკლებულია ელექტროენერგიის მიწოდების უფლებამოსილებას ამ სტატუსის მომხმარებლისთვის, ახალი სტატუსის ამოქმედებიდან მის მომარაგებას უზრუნველყოფს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი. ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ინფორმირება და მისი ელექტრომომარაგება განხორციელდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის წესების  IV თავის შესაბამისად.

10. სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან აწარმოონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების ელექტრონული რეესტრი. ასევე, უზრუნველყონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების რეესტრში ასახული ინფორმაციის მუდმივი განახლება და ინფორმაციის რეალურ დროში ურთიერთგაცვლა.

11. მცირე საწარმოების რეესტრი თითოეული მომხმარებლისათვის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მცირე საწარმოდ განსაზღვრის ან/და გაუქმების თარიღებს;

გ) მისაერთებელ სიმძლავრეს ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით, ასევე სხვა სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ;

დ) არსებული მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ შესაბამისი მოთხოვნის განხილვის დაწყებისა და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თარიღებს.

12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის სტატუსის გადახედვისას ასევე შეამოწმოს,  აკმაყოფილებს თუ არა მომხმარებელი მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებს, მის ხელთ არსებული მცირე საწარმოების რეესტრის მონაცემების საფუძველზე.“;

დ) 41-ე მუხლის:

დ.ა.) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად სისტემის ოპერატორს წარუდგინოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირობების დაცვით. ამასთან, დეპოზიტი არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში გადახდილი მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობას, ხოლო 12 თვეზე ნაკლები პერიოდის შემთხვევაში დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება მისაწოდებელი ელექტროენერგიის საპროგნოზო მოცულობების შესაბამისად. მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არიან, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინონ სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის საპროგნოზო ოდენობა.“;

დ.ბ.) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის წარდგენაზე და აირჩიოს მომხმარებლისგან მიღებული თანხების ავტომატურად გადანაწილებით ანგარიშსწორების წესი. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია კომერციულ ბანკსა და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, დადოს (იქონიოს) ისეთი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურიდან მიმწოდებლისათვის გადასახდელი ელექტროენერგიის ფასის ან კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების საფასურების გამიჯვნას და მიმწოდებლის, სისტემის ოპერატორის  და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე ასახვას, მომხმარებლის მიერ გადახდისთანავე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომხმარებლისგან მიღებული თანხების ავტომატურად გადანაწილებით ანგარიშსწორების წესის დაცვაზე და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს კომისიის მიერ დადგენილი პირობების უხეშ დარღვევას.“;

დ.გ.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკისა და იმ პირისთვის, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, რათა, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის არასრულად გადახდის შემთხვევაში, თავდაპირველად დაიფაროს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასური. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური საკმარისი არ არის სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის დასაფარად, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე უნდა აისახოს პროპორციულად შემცირებული თანხები.“;

დ.დ.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა აღემატება მიმდინარე დარიცხვის პერიოდზე მასზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, ზედმეტად გადახდილი თანხა აისახება მიმწოდებლის ანგარიშზე, რომელიც, თავის მხრივ, დადებითი ბალანსის სახით ასახავს მას მომხმარებლის ანგარიშზე, კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების შესაბამისად.“;

დ.ე.) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ვ.) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  სისტემის ოპერატორი და მიმწოდებელი უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ განაწილების მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის ამ მუხლის 11 და მე-2  პუნქტებისგან განსხვავებულ პირობაზე.“;

დ.ზ.) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მუხლის 11  პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის ოდენობის ხელახალი გაანგარიშება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეამციროს დეპოზიტი, მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საშუალო თვიური ოდენობა შემცირდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით და ამგვარი შემცირება  სახეზეა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გაზარდოს დეპოზიტის ოდენობა, თუ მომსახურების საფასურის საშუალო თვიური ოდენობა გაიზრდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით და ამგვარი ზრდა სახეზეა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში. სისტემის ოპერატორის მიერ დეპოზიტის გაზრდა უნდა მოხდეს მიმწოდებლის წინასწარი ინფორმირებითა და ამ პირობის შესრულებისთვის მინიმუმ 10 სამუშაო დღის ვადის განსაზღვრით.“;

დ.თ.) მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ მიმწოდებელს არ აქვს წარდგენილი დეპოზიტი ან დეპოზიტის უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტია, ან აღნიშნული ნაკლებია სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადასახდელ თანხაზე – სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის,   ბირჟის ოპერატორის და მარეგულირებელი კომისიის 10 სამუშაო დღით ადრე ინფორმირების შემდეგ, შეუწყვიტოს ამ მიმწოდებელს განაწილების მომსახურება (განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად). ასეთ შემთხვევაში მომხმარებელთა ინფორმირება და მათი ელექტრომომარაგება განხორციელდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის წესების  IV თავის შესაბამისად.“;

ე) 70-ე მუხლის:

ე.ა.) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე.ბ.) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. მიმწოდებელი ვალდებულია მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დააკმაყოფილოს 41-ე მუხლის 11, მე-2 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ერთ-ერთი მოთხოვნა, იმ სისტემის ოპერატორთან მიმართებაში, ვის სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებელზეც ახდენს ელექტროენერგიის მიწოდებას. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე, კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით, მიწოდების საქმიანობის (სისტემის ოპერატორის არეალის მიხედვით), ამ არეალში განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის და ამ მომსახურების ანგარიშსწორების სისტემის ოპერატორთან არსებული მომსახურების პირობის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე