„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 23/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016578
50/2021
23/08/2021
ვებგვერდი, 24/08/2021
010210010.15.008.016578
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №50/2021 

2021 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010210010.15.008.016026) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

„მუხლი 13. ცესკოში საჩივრის განხილვაში საჩივრის ავტორის დისტანციურად მონაწილეობის დროებითი წესი

1. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას, საჩივრის ავტორი უფლებამოსილია, საჩივრის განხილვისას ცესკოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ცესკოს მიერ შერჩეული ელექტრონული  საშუალების გამოყენებით.

2. საჩივრის ავტორის საჩივრის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობა უნდა მიმდინარეობდეს ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც საქმის განხილვის მონაწილეებს აძლევს ერთმანეთთან აუდიო და ვიდეოკომუნიკაციის რეალურ დროში დამყარების შესაძლებლობას.

3. საჩივრის ავტორმა საჩივრის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობის მიზნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51) შესაბამისი სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 საათისა.

4. სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის თაობაზე საჩივრის ავტორის განცხადების შესახებ ინფორმაცია ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს იურიდიულ  დეპარტამენტს.

5. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი ადგენს სხდომაში დისტანციურად მონაწილე საჩივრის ავტორის/ავტორების ნუსხას. ნუსხაში მიეთითება:

ა) მონაწილე პირის სახელი, გვარი;

ბ) სტატუსი, რომლითაც მონაწილეობას იღებს სხდომაში.

6. საჩივრის ავტორმა ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტს უნდა აცნობოს მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მოხდება შესაბამისი ელექტრონული საშუალების ბმულის გაზიარება.

7. საჩივრის ავტორი სხდომას დისტანციურად უნდა  შეუერთდეს  სხდომის დაწყებამდე არანაკლებ 15 წუთით ადრე. შესაბამისი ტექნიკური/ელექტრონული საშუალების ბმული ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ უნდა გააქტიურდეს სხდომის დაწყებამდე არანაკლებ 15 წუთით ადრე.

8. დისტანციური სხდომის დაწყებამდე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი ამოწმებს საჩივრის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემებს. საჩივრის ავტორის ვინაობის დადასტურება ხორციელდება მის მიერ დისტანციურ რეჟიმში წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებისა და საქმის მასალებში მითითებული მონაცემების შედარებით. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, თავმჯდომარის დავალებით, შესაძლებელია იმყოფებოდეს სხდომაზე საჩივრის ავტორის იდენტიფიკაციის მიზნით.

9. სხდომაში საჩივრის ავტორის დისტანციურად მონაწილეობისათვის ცესკოს მხრიდან განსახორციელებელ საჭირო ტექნიკურ ღონისძიებებს და სხდომის თავმჯდომარის მიერ სხდომის მიმდინარეობისას გაცემული მითითებების ტექნიკურ აღსრულებას უზრუნველყოფს ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომელი. სხდომის დაწყებამდე მოწმდება სხდომაში საჩივრის ავტორის დისტანციურად მონაწილეობის აუცილებელი ტექნიკური პირობების არსებობა.

10. ამ მუხლის მე-8-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმების შემდგომ, უნდა განისაზღვროს საჩივრის ავტორის ციფრული სახელი შემდეგი პრინციპით: საჩივრის ავტორი: [სახელი  და გვარი].

11. თუ საჩივრის ავტორი სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის მიზნით, საჩივრის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 საათისა, არ დაუკავშირდა ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს, იგი ვეღარ შეძლებს სხდომაში დისტანციურად მონაწილეობას.

12. ცესკოს სხდომაში საჩივრის ავტორის დისტანციურად მონაწილეობის შეუძლებლობა არ წარმოადგენს საჩივრის განხილვის სხვა დროისთვის გადადების საფუძველს. თუ საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ საჩივარზე ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელი გახდება საჩივრის ავტორის ცესკოს სხდომაში დისტანციურად ჩართვა, მას გადაწყვეტილების მიღებამდე მიეცემა თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

13. ცესკოს სხდომაში დისტანციურად მონაწილეობისას, საჩივრის ავტორს მუდმივად უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეოგამოსახულება, რომ შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიკაცია და ტექნიკურ საშუალებაზე მუდმივად უნდა ჩანდეს მისი ციფრული სახელი სახელმწიფო ენაზე.

14. საჩივრის ავტორის სხდომაში დისტანციურად ჩართვისას უნდა მონაწილეობდეს მხოლოდ საჩივრის ავტორი. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მას შეიძლება გაეთიშოს ელექტრონული საშუალების ხმის ფუნქცია.

15. საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის მოთხოვნილი დროის გადაცილების შემთხვევაში, გაფრთხილების მიუხედავად, სიტყვით გამოსვლის გაგრძელებისას, საჩივრის ავტორს, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაეთიშოს ელექტრონული საშუალების ხმის ფუნქცია.

16. საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ საჩივარზე ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ საჩივრის ავტორმა უნდა დატოვოს სხდომა და გაეთიშოს ელექტრონული საშუალება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი