„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023033
477
28/09/2021
ვებგვერდი, 29/09/2021
300160070.10.003.023033
„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №477

2021 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017640) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

მუხლი 3. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მოქმედი აკრძალვები

1. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია:

ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;

ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შხამქიმიკატებით შეწამვლა;

გ) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე სხვადასხვაგვარი  საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა;

დ) ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების, აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება და მათი შესანახი საწყობების განთავსება;

ე) სასაფლაოებისა და ცხოველთა სამარხების მოწყობა;

ვ) სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების რეცხვა;

ზ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავი ობიექტების  (გარდა შიდა წყლის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების საწყობებისა), ავტოგასამართი სადგურების, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების ობიექტების აგება;

თ)  მეცხოველეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმების, ობიექტების, კომპლექსების, მათ შორის, ნაკელსაცავებისა და წუნწუხშემკრებების აგება; 

ი) ხემცენარეების ჭრა, გადარგვა და გატანა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროექტის ან/და თანხმობის გარეშე.

2. წყალდაცვით ზოლში დაშვებულია არსებული საწარმოს ექსპლუატაციის პირობის/ტექნოლოგიური სქემის ცვლილება ან/და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუ ის მიერთებულია კანალიზაციის ცენტრალიზებულ სისტემასთან ან აღჭურვილია/აღიჭურვება  შესაბამისი რეზერვუარებით ან/და სანიაღვრე წყლების საკანალიზაციო სისტემებით ან/და სხვა მოწყობილობებით, რომლებიც გამორიცხავენ წყლის ობიექტის დაბინძურებასა და დანაგვიანებას, აგრეთვე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება/მოდერნიზაცია.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. წყალდაცვით ზოლში დაშვებულ საქმიანობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების გაცემის პროცესში დაცული უნდა იყოს „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

6. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობის კონტროლი

წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობას აკონტროლებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია, შეაჩეროს ან აკრძალოს ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. წყალდაცვით ზოლში მიწის გამოყენების კონტროლი

წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ სამინისტრო და ამისთვის უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი