ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 3056/17
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 08/10/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2021
სარეგისტრაციო კოდი
3056/17
08/10/2021
ვებგვერდი, 26/10/2021
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
 

 

მეხუთე სექცია

საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №33056/17)


გადაწყვეტილება

 

მე-2 (+ მე-14 მუხლი) ● პოზიტიური ვალდებულებანი ● დისკრიმინაცია ● სამართალდამცავი ორგანოების მარცხი, მიეღოთ პრევენციული ზომები ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლული მსხვერპლის დასაცავად სისტემის მარცხისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფონზე ● უმოქმედობის ეფექტურად გამოძიების შეუძლებლობა

 

 

სტრასბურგი

2021 წლის 8 ივლისი

საბოლოო გახდა

08/10/2021

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას

 

 

საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

          სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,
          მარტინს მიტსი,
          ლატიფ ჰუსეინოვი,
          ლადო ჭანტურია,
          ივანა ჯელიჩი,
          არნფინ ბარდსენი,
          მატიას გაიომარი, მოსამართლე,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,

ითვალისწინებს რა:

საჩივარს (№33056/17) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 13 აპრილს სასამართლოში წარადგინა საქართველოს მოქალაქემ, ქალბატონმა თალიკო თხელიძემ (შემდგომში „მომჩივანი“);

გადაწყვეტილებას, საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) აცნობოს საჩივრის შესახებ;

მოპასუხე მთავრობის მიერ წარდგენილ მოსაზრებებსა და მომჩივნის საპასუხო მოსაზრებებს;

საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) სამსახურის მიერ წარდგენილ კომენტარებს, რომელსაც სექციის პრეზიდენტმა მისცა საარბიტრაჟო პროცესში ჩარევის ნებართვა;

2021 წლის 8 და 16 ივნისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. საქმე აყენებს კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს და ეხება მოპასუხე სახელმწიფოს მარცხს, დაეცვა მომჩივნის ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან და ჩაეტარებინა ამ საკითხის ეფექტური გამოძიება.

ფაქტები

2. მომჩივანი დაიბადა 1958 წელს და ცხოვრობს თბილისში. მას წარმოადგენდა სამი ქართველი ადვოკატი – ქ-ნი მ. კურტანიძე, ქ-ნი ბ. პატარაია და ქ-ნი ს. გოგიშვილი – და ორი ბრიტანელი ადვოკატი – ბ-ნი ფ. ლიჩი და ქ-ნი ჯ. გავრონი.

3. მთავრობას წარმოადგენდა ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან.

4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:

 

I. გარემოებები, რომელთა შედეგადაც მოხდა მომჩივნის ქალიშვილის მკვლელობა

5. მომჩივნის ქალიშვილი, მ.თ., დაიბადა 1981 წლის 14 თებერვალს. 2013 წლის აგვისტოში ის და ლ.მ. ისე, რომ არ ჰქონდათ ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული, საცხოვრებლად გადავიდნენ რუსთავის ბინაში, სადაც ლ.მ.-ს მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. მ.თ.-ს ქალიშვილი, წინა ქორწინებიდან, იმ დროისთვის 6 წლის იყო.

6. წყვილმა ერთად ცხოვრების დაწყებიდან მოკლე ხანში დაიწყო კამათი; როგორც აღმოჩნდა, ლ.მ.-ს ტანჯავდა პათოლოგიური ეჭვიანობა.

7. 2014 წლის 29 აპრილს ლ.მ.-ს მამამ დარეკა პოლიციაში, რადგან მისი ვაჟი შეურაცხყოფას აყენებდა მ.თ.-ს. პოლიცია მივიდა ბინაში და შეადგინა პატაკი, რომლის თანახმადაც ლ.მ. იყო ზედმეტად მთვრალი და მომჩივანს ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა მოკვლით. ლ.მ.-ს მშობლებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ მათ ვაჟს ტანჯავდა პათოლოგიური ეჭვიანობა, ზოგადად, იყო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და სიმთვრალეში ხდებოდა განსაკუთრებით აგრესიული. მამამ ისიც თქვა, რომ მისი შვილის ძალადობრივი ქცევა და რძლის წინააღმდეგ განხორციელებული მოკვლის მუქარა იყო შიშის მომგვრელი და ძნელი ასატანი, რის გამოც მას უნდოდა პოლიციას ეიძულებინა ლ.მ., დაეტოვებინა კერძო საკუთრება. პატაკში ასევე ნათქვამი იყო, რომ მ.თ.-მ, შიშობდა რა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ასევე სთხოვა პოლიციას, რომ მათ მიეღოთ ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ მის პარტნიორს მსგავსი ქმედება აღარ ჩაედინა. აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა და ლ.მ.-ს წინააღმდეგ არანაირი შემაკავებელი ზომა არ ყოფილა მიღებული.

8. 2014 წლის 22 სექტემბერს მ.თ.-მ დარეკა პოლიციაში იმის სათქმელად, რომ ლ.მ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელი მივიდა ადგილზე და შეადგინა პატაკი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მ.თ.-ს პარტნიორმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც კლასიფიცირდებოდა, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული, რის შედეგადაც ქალმა გამოიძახა სასწრაფო და მიიღო სამედიცინო დახმარება. ანგარიშში ნათქვამი იყო ასევე, რომ ის იყო სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი. ლ.მ.-ს დედამ დაადასტურა მისი ვაჟის შეურაცხმყოფელი საქციელი. შემდეგ პოლიციელმა გამოჰკითხა ლ.მ., რომელმაც აღიარა, რომ იყო ეჭვიანი და მ.თ.-ს რამდენჯერმე ნამდვილად დაემუქრა მოკვლით. მან დაარწმუნა ოფიცერი, რომ მ.თ.-ს არასოდეს არაფერს დაუშავებდა, რადგან უყვარდა და მათი, როგორც წყვილის ცხოვრება მისთვის მნიშვნელოვანი იყო. მან პირობა დადო, რომ ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა. ოფიცერთან გასაუბრებისას ლ.მ.-მ ასევე განაცხადა, რომ ის ნასამართლები იყო ყაჩაღობისა და ნარკოტიკების უკანონო ფლობისთვის.

9. იმავე დღეს მ.თ.-ს გაესაუბრა კრიმინალური პოლიციის განყოფილების გამომძიებელი. გასაუბრების შემდეგ გამომძიებელმა შეადგინა პატაკი, რომელშიც მ.თ.-ს მიერ ლ.მ-ს ცემა გადაკვალიფიცირდა, როგორც ნაკლებად სერიოზული „ხელის კვრა“ და დაამატა, რომ „მ.თ.-მ განაცხადა, რომ მას არ სჭირდებოდა არანაირი სამედიცინო მკურნალობა“. პოლიციელმა შეატყობინა მომჩივნის ქალიშვილს, რომ შეუძლებელი იყო მისი პარტნიორის დაპატიმრება ან სხვა ნებისმიერი შემაკავებელი ზომის მოთხოვნა, „ოჯახური დავის“ „უმნიშვნელო“ ხასიათის გათვალისწინებით. საქმის გამოძიება არ დაწყებულა.

10. 2014 წლის 23 სექტემბერს მ.თ.-მ, რომელიც წინა დღის ინციდენტის შემდეგ დაშავებული იყო, მიატოვა ლ.მ. და დედამისთან გადასახლდა თბილისში. მისი წასვლის შემდეგ ლ.მ.-მ დაიწყო მისთვის მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებების გზავნა, მათ შორის, შემდეგის: „იოლად შემიძლია გაგაქრო“, „თვითმკვლელობის ჩადენას ვაპირებ, უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია“ და „არავის შეუძლია ჩემი შეჩერება; პოლიციის არ მეშინია“. ის მოკვლით დაემუქრა მ.თ.-ს პატარა ქალიშვილსაც.

11. 2014 წლის 26 სექტემბერს მ.თ.-მ პოლიციას შეატყობინა, რომ ლ.მ. მას მოკვლით ემუქრებოდა. პოლიციელის იმ დღის პატაკში აღნიშნული იყო, რომ მ.თ.-ს განცხადებით, ის ლ.მ.-სგან იღებდა შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს. (წინა პარაგრაფში აღწერილის ჩათვლით) და სურდა, პოლიცია დახმარებოდა მას აგრესიის, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულებაში. პოლიციელმა შეატყობინა მ.თ.-ს, რომ შეუძლებელი იყო მის პარტნიორთან მიმართებით რაიმე შემაკავებელი ზომის მიღება, რადგან მისი ძალადობრივი საქციელის თვითმხილველი პოლიცია არ ყოფილა.

12. 2014 წლის 27 სექტემბერს მ.თ.-მ წარადგინა სისხლისსამართლებრივი საჩივარი ლ.მ.-ს წინააღმდეგ, რადგან ის კვლავ დაემუქრა მას და მის ქალიშვილს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ წინა საღამოს ლ.მ. შეეცადა მის და დედამისის ბინაში შეჭრას. მოახერხეს რა ქალებმა წინა კარის ბლოკირება, ის შეეცადა კარის შემტვრევას და იმუქრებოდა, რომ ცეცხლს წაუკიდებდა მ.თ.-ს მანქანას და მოკლავდა მომჩივანს, მის ქალიშვილსა და შვილიშვილს. შედეგად, ლ.მ. დაიბარა და გამოჰკითხა კრიმინალურმა პოლიციამ. გამოკითხვის ჩანაწერების თანახმად, ლ.მ.-მ განაცხადა, რომ მას უბრალოდ სურდა მ.თ.-სთან დაბრუნება, რომელიც უზომოდ უყვარდა. ამის შემდეგ კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა გადააკვალიფიცირა შეტყობინებული მოკვლის მუქარა სიტყვიერ შეურაცხყოფად და ქალთან წყვილში ცხოვრების თხოვნად. სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა, მაგრამ ლ.მ.-ს წინააღმდეგ გაიცა ოფიციალური გაფრთხილება, რომ არ ჩაბმულიყო მ.თ.-სთან არანაირ დავაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის ძალის მთლიანად ამოქმედების რისკის ქვეშ დადგებოდა.

13. 2014 წლის 28 სექტემბერს, როცა მ.თ. სახლში ბრუნდებოდა, მას ლ.მ.-მ გზა გადაუღობა მისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან. ქალმა მოახერხა გაქცევა და სახლში მშვიდობიანად მისვლა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში. იმ დღეს პოლიციელის მიერ შედგენილ პატაკში ნათქვამი იყო, რომ წინა სამი დღის განმავლობაში მ.თ. მობილურ ტელეფონზე იღებდა მოკვლის მუქარის შემცველ წერილობით შეტყობინებებს პარტნიორისგან, რის შესახებაც მას უკვე შეტანილი ჰქონდა საჩივარი. პოლიციელმა ქალს აუხსნა, რომ პოლიციას არ შეეძლო ლ.მ.-ს დაპატიმრება მხოლოდ იმის გამო, რომ ის მას მოკვლით ემუქრებოდა, მაშინ, როცა ფიზიკურად თავს არ დასხმია. როგორც მომჩივანმა გაიხსენა ინციდენტი, პოლიციელმა ქალს ურჩია პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტის გზა, რომლის მიხედვითაც მ.თ.-ს ძალადობის შესახებ უნდა შეეტყობინებინა თავისი ძმებისთვის, რათა მათ შური ეძიათ ლ.მ.-ზე მისი „ძვლების დამტვრევით“.

14. 2014 წლის სექტემბრის დასასრულსა და ოქტომბრის შუა რიცხვებს შორის დროის მონაკვეთში მომჩივანმა სამჯერ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებას თბილისში იმის შესატყობინებლად, რომ ლ.მ. ყოველდღე ედევნებოდა და ემუქრებოდა მის ქალიშვილს და პოლიციას მისი დაცვა მოსთხოვა. მან პოლიციას ასევე შეატყობინა, თუ როგორ მივიდა ის ერთხელ მისი ქალიშვილის სამსახურში ხელყუმბარით ხელში და დაემუქრა, რომ ააფეთქებდა. პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა.

15. 2014 წლის 15 ოქტომბერს მ.თ.-მ დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ ლ.მ. მის სამსახურში მივიდა (ის ინგლისური ენის პროფესორი იყო უნივერსიტეტში) მის მოსაძებნად. ქალმა განაცხადა, რომ მისი ძალიან ეშინოდა. პოლიციელი მივიდა მასთან და ჩამოართვა ჩვენება. პოლიციას არ მიუღია არანაირი დამატებითი ზომა, ხოლო პოლიციელმა გაიმეორა, რომ მოძალადე უნდა დაეჭირათ დანაშაულის ჩადენისას, ვიდრე მას დააპატიმრებდნენ ან მის წინააღმდეგ რაიმე სხვა შემაკავებელ ზომას მიიღებდნენ. მ.თ.-მ სთხოვა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს, რომ ლ.მ. აღარასოდეს შეეშვათ შენობაში.

16. 2014 წლის 16 ოქტომბერს მ.თ.-მ დაურეკა პოლიციას და უთხრა, რომ, როცა ქალიშვილი სკოლაში მიჰყავდა, მას მანქანით უკან აედევნა ლ.მ., რომელიც შეეცადა მის გაჩერებას და ლამის დაეჯახა მის მანქანას თავისი მანქანით. პოლიციელის მიერ ადგილზე შედგენილ პატაკში აღნიშნული იყო, რომ მ.თ.-მ განაცხადა, რომ მას აწუხებდა ყოფილი პარტნიორი, რომელიც ცხადდებოდა მასთან სამსახურში, აწყობდა მასთან შეხვედრებს ქუჩაში და ხელს უშლიდა მისი მოძრაობის თავისუფლებას. პატაკი დამთავრდა მ.თ.-სთვის განკუთვნილი ახსნა-განმარტებით: „პოლიციაში დაერეკა, როგორც კი ის მიუახლოვდებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებდა მას ან დაემუქრებოდა.“ პოლიციას არანაირი სხვა ნაბიჯი არ გადაუდგამს.

17. იმავე დღეს თვითონ მომჩივანი წავიდა პოლიციაში იმის შესატყობინებლად, რომ მისი და მისი ქალიშვილის ცხოვრება გახდა აუტანელი, რადგან ლ.მ. ახდენდა მათ ყოველდღიურ ტერორიზებას. მომჩივანმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან იცოდა, ნამდვილად იყო დარწმუნებული რა მისი ქალიშვილი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ის მუდამ თან ატარებდა წიწაკის აეროზოლსა და ელექტროშოკს. მომჩივანმა მოითხოვა სახელმწიფო დაცვა. ისე, რომ არ გამოუწერიათ შემაკავებელი ორდერი და არ მიუმართავთ არანაირი შემაკავებელი ზომისთვის ლ.მ.-ს წინააღმდეგ, პოლიციელები შემოიფარგლნენ მხოლოდ ახალი პატაკის შედგენითა და მომჩივნის ჩვენების ჩაწერით.

18. პოლიციელების მიერ შედგენილი სხვადასხვა ჩანაწერისა და პატაკის თანახმად, ზემოთ აღწერილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე (იხ. პარაგრაფები 7-17 ზემოთ) არც მომჩივნისა და არც მისი ქალიშვილისთვის არ შეუტყობინებიათ საპროცესო უფლებები ან დაცვის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც მათთვის იყო ხელმისაწვდომი სისხლის სამართლის კოდექსითა და კანონით ოჯახური ძალადობის შესახებ (იხ. პარაგრაფები 29-34 ქვემოთ).

19. 2014 წლის 17 ოქტომბერს ლ.მ. მივიდა მ.თ.-სთან სამსახურში და სთხოვა, გამოსულიყო საკლასო ოთახიდან, სადაც ის მოსწავლეებს უტარებდა გაკვეთილს, რათა დალაპარაკებოდა მას. როგორც კი ქალი დერეფანში გამოჩნდა, კაცმა მას ესროლა და მოკლა. შემდეგ დაუყოვნებლივ მიაბრუნა თოფი თავისკენ და თავი მოიკლა.

 

II. მომჩივნის მიერ მიღებული სამართლებრივი ზომები

20. 2014 წლის 17 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო ორმაგი მკვლელობისა და ლ.მ.-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ფაქტზე. რამდენიმე დღის შემდეგ ფაილს დაემატა ოჯახური ძალადობა, როგორც მოტივი. 2014 წლის 31 დეკემბერს გამოძიება შეწყდა, რადგან დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირი იყო გარდაცვლილი.

21. 2015 წლის 8 აპრილს მომჩივანმა წარადგინა სისხლისსამართლებრივი საჩივარი უბნის პროკურორის ოფისში და მოითხოვა, რომ სამსახურებრივი გულგრილობის მოტივით დაწყებულიყო გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც უძღვებოდნენ მისი ქალიშვილის ოჯახში ძალადობის ბრალდებების საქმეს. ვერ მიიღო რა პასუხი, მან განმეორებით წარადგინა საჩივარი და დამატებით განმარტა, რომ შესაბამისი პოლიციელების უმოქმედობა შეიძლებოდა ასევე ჩათვლილიყო, როგორც დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით. 2015 წლის 5 აგვისტოსა და 22 დეკემბერს შორის დროის მონაკვეთში მან საჩივარი წარადგინა, სულ მცირე, ოთხჯერ , რათა ან მთავარი პროკურატურის, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო, რომელსაც პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მოკვლევის დაწყების უფლებამოსილება აქვს, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში „შსს“) გენერალური ინსპექციის, სამინისტროში მომუშავე პირების დისციპლინარულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანო, ყურადღება მიექცია.

22. მაშინ, როცა პროკურატურამ მომჩივნის საჩივარი უპასუხოდ დატოვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხა მას 2016 წლის 18 იანვარს, განაცხადა რა, რომ მათ არ გააჩნდათ საერთო იურისდიქცია იმისთვის, რომ დაეწყოთ მათი მოხელეების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობის გარეშე.

23. 2016 წლის 21 სექტემბერს მომჩივნის წარმომადგენელი ისევ დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას და მოსთხოვა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება პოლიციელების წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ მომჩივნის ქალიშვილის მიერ პოლიციისთვის მრავალჯერ ფიზიკური ძალადობისა და მოკვლის მუქარის შეტყობინების მიუხედავად, მათ ვერ განსაზღვრეს საფრთხის დიდი ალბათობა და გამოძიების დაწყების საჭიროება, ხოლო ამ უმოქმედობას შედეგად მოჰყვა ქალის მკვლელობა. გარდა ამისა, მომჩივანმა ხაზი გაუსვა, რომ ის ამ უკანასკნელს მიიჩნევს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნად. ამაზე მან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

24. 2017 წლის 11 აპრილს მომჩივანმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას მისი წინა წერილები და საჩივრები მიღებული და ასევე დაინტერესდა, რატომ ვერ მიიღო მისგან პასუხი. 2017 წლის 5 მაისის წერილით პროკურატურამ დაადასტურა, რომ მან დროულად მიიღო მისი ყველა წინა წერილი, მაგრამ პასუხი არ გაუცია მის უფრო ადრეულ საჩივრებზე.

 

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა

I. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ჩარჩო მოცემულ დროს

A. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

25. მოცემულ დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი განსაზღვრავდა, რომ ყოფილი მეუღლეები, დაუქორწინებელი პარტნიორები, კანონიერი მეურვეები და მზრუნველები შეიძლებოდა „ოჯახის წევრებად“ ჩათვლილიყვნენ და, ამგვარად, პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ ოჯახში ძალადობისთვის.

26. 53-ე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, დისკრიმინაცია, მათ შორის, გენდერული იდენტობის საფუძველზე, ითვლებოდა მიკერძოებულ მოტივაციად და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას დამამძიმებელ გარემოებად, რაც იყო უფრო მკაცრი სასჯელის დაწესების საფუძველი, ვიდრე სასჯელი იმავე დანაშაულისთვის, რომელსაც არ დაჰკრავდა მსგავსი დისკრიმინაციული ელფერი.

27. 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლები კრძალავდა ისეთ დანაშაულებს, როგორებიცაა სხეულზე სერიოზული დაზიანებების განზრახ მიყენება (ისჯებოდა სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით), სხეულზე ნაკლებ სერიოზული დაზიანებების მიყენება (ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით) და უმნიშვნელო დაზიანებების მიყენებას (ორ წლამდე პატიმრობით).

28. 1261 მუხლი კრძალავდა ოჯახში ძალადობის დანაშაულს, რომელსაც აკვალიფიცირებდა, როგორც „შეურაცხმყოფელ დანაშაულს ოჯახის წევრის მიერ [როგორც ესაა განსაზღვრული კოდექსის 111 მუხლში], რომელიც მოიცავდა რეგულარულ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, რომლის შედეგიც იყო ფიზიკური ტკივილი ან გონებრივი ტანჯვა და, რომელსაც არ გამოუწვევია კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით განსაზღვრული შედეგები.“ ოჯახში ძალადობის დანაშაული ისჯებოდა ერთ წლამდე პატიმრობით.

B. 2006 წლის 25 მაისის კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (შემდგომში „კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ“), რომელიც ძალაში იყო შესაბამის დროს

29. ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მექანიზმები გამოიყენებოდა ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. უნდა გამოყენებულიყო სისხლისსამართლებრივი მექანიზმები, როცა მოცემული ძალადობა ოჯახში სისხლის სამართლის დანაშაულს უთანაბრდებოდა.

30. მე-10 მუხლი ითვალისწინებდა დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გაცემის შესაძლებლობას,თუ არსებობდა ოჯახში ძალადობის საჩივრები. სასამართლო გასცემდა დამცავ ორდერს, რაც გულისხმობდა ნებისმიერ ოპერაციულ ღონისძიებას, რომლის მიზანიც სავარაუდო მსხვერპლის დაცვა იყო. პოლიციელს შემაკავებელი ორდერი შეიძლებოდა გაეცა ოჯახში ძალადობის ინციდენტის ადგილზე, რომელსაც შეიძლებოდა მოეცვა ნებისმიერი ზომა, რაც გულისხმობდა ჩამდენის შეკავებას. შემაკავებელი ორდერი ძალაში შედიოდა დაუყოვნებლივ, მაგრამ უნდა წარდგენილიყო სასამართლოს მიერ დასამტკიცებლად ოცდაოთხი საათის განმავლობაში. დამცავი ან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ზომების შეუსრულებლობის შედეგად შეიძლებოდა დამდგარიყო სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

31. მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად, დამცავი და შემაკავებელი ორდერი შეიძლებოდა მოეთხოვა მსხვერპლს ან ოჯახის წევრს. დამცავი ორდერი ძალაში იყო ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო შემაკავებელი ორდერი კი ერთი თვის განმავლობაში. მე-13 მუხლი აკონკრეტებდა, რომ მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ უნდა გამხდარიყო ორდერის კანონიერი ძალის შეჩერების მიზეზი.

32. მე-16 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებისთანავე პოლიციას სწრაფად უნდა მოეხდინა რეაგირება კანონით განსაზღვრული ყველა ზომის მიღებით. აღნიშნული ზომები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა (i) ნაბიჯებს ინციდენტის დაუყოვნებლივ ამოსაწურად; (ii) მსხვერპლის, დამნაშავისა და ყველა ხელმისაწვდომი თვითმხილველის ცალკე გამოკითხვას; (iii) მსხვერპლისთვის თავისი უფლებების გაცნობას; (iv) მსხვერპლის სამედიცინო ცენტრში ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაყვანას, (v) შემაკავებელი ორდერის გაცემასა და ყველა სხვა საჭირო ზომის მიღებას, რაც აუცილებელია მსხვერპლის სიცოცხლისა და კეთილდღეობის დასაცავად. პოლიციას ასევე უნდა შეედგინა ყოვლისმომცველი წერილობითი პატაკი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა ყველა დეტალი ოჯახში ძალადობის ინციდენტთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია მიღებულ საპასუხო ოპერაციულ ზომებზე. პატაკი უნდა წარედგინათ პროკურორისთვის. საჭიროების შემთხვევაში, პოლიციას ასევე ევალებოდა შეეტყობინებინა პროკურორისთვის მოძალადის მიერ დამცავი და შემაკავებელი ორდერის დაუმორჩილებლობის შესახებ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების საკითხის განხილვა.

33. მე-17 და მე-18 მუხლები განსაზღვრავდა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი იყო სპეციალური დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფაზე, როგორც აღნიშნულია წინა მუხლში. თავშესაფრები უნდა ყოფილიყო სათანადოდ აღჭურვილი და განკუთვნილი იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლი მოეთავსებინათ კომფორტულ საცხოვრებელ პირობებში. მსხვერპლი თავდაპირველად უნდა დარჩენილიყო თავშესაფარში სამი თვის მანძილზე, რაც შეიძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელებულიყო თავშესაფრის ადმინისტრაციის თანხმობით. 181 მუხლი ასევე ითვალისწინებდა კრიზისული ცენტრების შექმნას, რომლებსაც უხელმძღვანელებდა ზემოხსენებული სამინისტრო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარებით უზრუნველსაყოფად.

34. მე-20 მუხლი განსაზღვრავდა ოჯახში ძალადობის სავარაუდო ჩამდენის მსხვერპლისგან იზოლაციის შესაძლებლობას მისი სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანით, რომელიც იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ. ამგვარი ობიექტები აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით და უნდა აღმოეჩინა ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება.

 

II. საერთაშორისო მასალები

A. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კონვენცია (შემდგომში „სტამბოლის კონვენცია“)

35. სტამბოლის კონვენცია, რომელიც გამოიყენება ქალების წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის შემთხვევაში და უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ჩარჩოს ძალადობის პრევენციის, დევნისა და ამგვარი ძალადობის აღმოსაფხვრელად და მსხვერპლთა დასაცავად, საქართველოს მიერ რატიფიცირებული იქნა და მასთან მიმართებით ძალაში შევიდა 2017 წლის 19 მაისსა და 1 სექტემბერს შესაბამისად.

B. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია 2002(5) ქალების ძალადობისგან დაცვის შესახებ

36. 2002 წლის 30 აპრილის რეკომენდაციაში (2002)5 ქალების ძალადობისგან დაცვის შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, წევრ სახელმწიფოებს „უნდა ჰქონოდათ ვალდებულება, გამოევლინათ სათანადო მზრუნველობა ძალადობის აქტების პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით, მიუხედავად იმისა, ჩადიოდნენ აღნიშნულ ქმედებებს საჯარო თუ კერძო პირები და დაეცვათ მსხვერპლი.“.

37. მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, კერძოდ, წევრ სახელმწიფოებს უნდა დაესაჯათ ქალთა წინააღმდეგ სერიოზული ძალადობა, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ორსულთა, დაუცველთა, ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა და დამოკიდებულ მსხვერპლთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება და, ასევე, მოძალადის მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. რეკომენდაციაში ასევე ნახსენები იყო, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა უზრუნველეყოთ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შესძლებოდა სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყება, მიეღოთ დებულებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროკურორს შესძლებოდა სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყება, მოეწოდებინათ პროკურორისთვის, რომ ქალების წინააღმდეგ ძალადობა ჩაეთვალა დამამძიმებელ ან გადამწყვეტ ფაქტორად იმის გადაწყვეტისას, იყო თუ არა საჯარო ინტერესში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, უზრუნველყოთ, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ზომების მიღება მსხვერპლთა შესაძლო მუქარის ან შურისძიებისგან ეფექტურად დასაცავად და გაეტარებინათ სათანადო ღონისძიებები იმისთვის, რომ საქმისწარმოებისას დაცული ყოფილიყო ბავშვთა უფლებები.

C. გაერთიანებული ერების, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW)

38. 2014 წლის 24 ივლისს CEDAW-მ გამოსცა დასკვნითი მოსაზრებები საქართველოს პერიოდული ანგარიშის შესახებ. შესაბამისი ამონაწერები იკითხება შემდეგნაირად:

„სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკა

18. კომისია წუხს, რომ მონაწილე სახელმწიფოს მცდელობის მიუხედავად, დაენერგა მის წინა დასკვნით მოსაზრებებში (CEDAW/C/GEO/CO/3, მე-18 პუნქტი) შემავალი რეკომენდაციები, პატრიარქალური დამოკიდებულება და სტერეოტიპები ქალისა და კაცის როლსა და მოვალეობებზე ოჯახსა და საზოგადოებაში ღრმად რჩება ფესვგამდგარი და მწვავდება მედიაში ქალთა მზარდი სექსუალიზაციით, რაც ძირს უთხრის ქალთა სოციალურ სტატუსს, მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასა და პროფესიულ კარიერას. ...

ქალთა მიმართ ძალადობა

20. კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2006 წელს მიიღეს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ჩათვლით, 2012 წელს ოჯახში ძალადობა კრიმინალიზდა და 2013-2015 წლების განმავლობაში მიღებული იქნა სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და მსხვერპლთა დასაცავად ზომების დასანერგად. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს კონვენციას ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და სახელმწიფო მის რატიფიკაციას მოახდენს 2014 წლის მესამე კვარტალში. თუმცა ის გამოხატავს შეშფოთებას შემდეგის გამო:

(a) ქმრების ან პარტნიორების მიერ მოკლული ქალების მზარდი რაოდენობა, ან ქალებისა, რომლებიც ძალადობის სხვა ფორმების მსხვერპლი არიან, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობისა;

(b) ქალების მიმართ სექსუალური და ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების დაბალი პროცენტული წილი სტიგმისა და მოძალადის მიმართ შიშის გამო, სასჯელაღსრულების ორგანოების მიმართ, რომლებიც ზოგჯერ ოჯახში ძალადობის საჩივრების დარეგისტრირებაზე უარს აცხადებენ, ნდობის არქონასთან ერთად;

(c) მთავრობის მიერ დაფინანსებული კრიზისული ცენტრებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრების სიმცირე; ...”

D. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

39. 2014 წლის 19 აგვისტოს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმებით დაფუძნებულმა ორგანომ, გამოსცა დასკვნითი მოსაზრებები საქართველოს პერიოდული ანგარიშის შესახებ. შესაბამის ამონაწერში იკითხება შემდეგი:

„აღიარებს რა მიღებულ ზომებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2012 წლის ივნისში მისი კრიმინალიზაციის ჩათვლით, კომიტეტი წუხს, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ კვლავ ჩუმდებიან გენდერული სტერეოტიპების, სამართალდამცავთა მხრიდან მსგავსი საქმეების გამოძიებისას სათანადო ყურადღების ნაკლებობის, მსხვერპლთათვის არასაკმარისი დაცვის ზომების, შემაკავებელი და დამცავი ორდერის არასაკმარისად აღსრულების, სახელმწიფოს დაფინანსებული თავშესაფრებისა და დაცვის სამსახურების შეზღუდული რაოდენობის გამო.

E. გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობაზე

40. 2016 წლის 9 ივნისს დაიბეჭდა სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და საქართველოში მისი მისიის შედეგების შესახებ. შესაბამისი ამონაწერები შემდეგნაირად იკითხება:

„ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა

10. ... ქვეყნის უდიდეს ნაწილში ოჯახში ძალადობა, ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩათვლით, კვლავ ითვლება პირად საკითხად და არა საზოგადოებრივი ინტერესის საგნად. ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ კვლავ ჩუმდებიან, ერთი მხრივ, სოციალური პრობლემის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობის, სამაგიეროს გადახდის შიშის, სტიგმატიზაციის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ნაკლებობის, არსებული მომსახურებისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დაბალი ხარისხის გამო.

11. 2009 წელს ჩატარებული სახელმწიფო კვლევა აჩვენებს, რომ 11 გამოკითხული ქალიდან ერთს გამოცდილი ჰქონდა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა ქმრის ან ინტიმური პარტნიორის ხელში, ხოლო ქალების 34.7% დაშავებული იყო ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შედეგად. ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენებს ასევე მიეკუთვნებიან როგორც ინტიმური პარტნიორები, ისე ოჯახის წევრები. ძალადობის სტანდარტული ფორმებია ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა, ასევე იძულება.

12. 2015 წლის პირველ ნახევარში სახალხო დამცველის აპარატმა დაარეგისტრირა ოჯახში ძალადობის 1,478 შემთხვევა. დარეგისტრირებული საქმეებიდან 93%-ის შემთხვევაში მოძალადე იყო კაცი, ხოლო საქმეების 87%-ის შემთხვევაში მსხვერპლი იყო ქალი. სპეციალური მომხსენებელი სწუხს იმის გამო, რომ ოჯახში ძალადობის საქმეების სავარაუდო რაოდენობა ეფუძნება გაცემული შემაკავებელი ორდენების რაოდენობას, რაც შეუმჩნეველ ტოვებს საქმეების განუსაზღვრელ რაოდენობას და არ ასახავს ამ უბედურების რეალურ მასშტაბს. ის წუხს, რომ პოლიციას ზოგიერთი საქმე დარეგისტრირებული აქვს, როგორც „ოჯახური კონფლიქტი“, რის გამოც ოჯახში ძალადობის შემთხვევები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ...

14. სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ფაქტორებში, რომლებიც, დიდი ალბათობით, ზრდის ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის რისკს, შედის დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპები, პატრიარქალური დამოკიდებულება, ქალების მიერ საკუთარ უფლებებში ნაკლებად გაცნობიერებულობა, ბავშვთა და იძულებითი ქორწინების არსებობა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა. გარდა ამისა, ალკოჰოლის მოხმარება, ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა ასევე უწყობს ხელს ოჯახში ძალადობას. ...

ფემიციდი და ქალთა მკვლელობა გენდერულ ნიადაგზე

19. 2014 წელს ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა გამოთქვა წუხილი ინტიმური პარტნიორების მიერ მზარდი რაოდენობის ქალთა მკვლელობის გამო და ამგვარი მკვლელობების აღსაკვეთად გასცა ზომების მიღების რეკომენდაცია. 2015 წელს რეკომენდაციებთან ერთად სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა სპეციალური მოხსენება საქართველოში ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელშიც წარმოადგინა მონაცემები გენდერული ნიშნით მოკლული 34 ქალის შესახებ. სპეციალური მომხსენებელი ინფორმირებული იყო, რომ 2015 წელს ნაკლები ფემიციდი და გენდერული ნიშნით მკვლელობა იქნა დარეგისტრირებული.

20. სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის მიერ ჩადენილი ბევრი მკვლელობის შემთხვევაში, მსხვერპლებმა პოლიციას შეატყობინეს ძალადობის აქტების შესახებ, მაგრამ არ ყოფილა უზრუნველყოფილი ადეკვატური და ეფექტური დაცვა.

დაცვა

89. მანდატის მფლობელი ინფორმირებული იყო, რომ უამრავ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმა პოლიციას რამდენჯერმე უნდა შეატყობინონ ძალადობის შემთხვევების შესახებ, ვიდრე შემაკავებელი ორდერი გაიცემა. მაგალითად, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2013 წელს პოლიცია გამოიძახეს 5,447 ოჯახური „კონფლიქტის“ ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ გაიცა მხოლოდ 212 შემაკავებელი ორდერი. მას ასევე შეატყობინეს, რომ პოლიციელები მსხვერპლს სათანადო ინფორმაციას არ აწვდიან, და ზოგჯერ არც უხსნიან მათ, რომ შესაძლებელია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა. ...

92. მანდატის მფლობელი ასევე გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას პოლიციელებს შორის სტერეოტიპების არსებობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ზოგიერთი პოლიციელი სოფლებში კვლავ გასცემს „გამაფრთხილებელ წერილს“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი იურიდიული ღირებულება და რომლის მეშვეობითაც მოძალადეები თანხმდებიან, აღარ მიმართონ პარტნიორების წინააღმდეგ ძალადობას. ის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ მსგავსი წერილი არ უზრუნველყოფს მსხვერპლის დაცვას და არ იძლევა საშუალებას, რომ პირი პასუხისგებაში მიეცეს წარსულში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამო.

93. სპეციალური მომხსენებელი ასევე შეშფოთებულია იმის გამო, რომ ძალადობის ზოგი შემთხვევა პოლიციას ჯერ კიდევ დარეგისტრირებული აქვს, როგორც ოჯახური კონფლიქტი, მაგრამ არანაირი შეფასება არ აქვს ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა საშიშროება ელის მსხვერპლის სიცოცხლეს. ის ინფორმირებულია, რომ უამრავ შემთხვევაში პოლიცია არ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ადეკვატურ დახმარებას, არ აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის ან შემაკავებელ ორდერის შესახებ და ბევრ შემთხვევაში გამოძიება წყდება მაშინ, როცა მსხვერპლს უკან გააქვს ჩვენება. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია არ ახდენს ოჯახში ძალადობის შემცველი საქმეების ადეკვატურად დოკუმენტირებას, ასევე მითითებულია მტკიცებულებათა შეგროვებასთან და პოლიციის პატაკის შედგენასთან მიმართებით არსებული სისუსტეები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს ძალადობის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივი დევნა. მანდატის მფლობელი ინფორმირებული იქნა, რომ პოლიციის ახალი ვალდებულების მიუხედავად, შეატყობინოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, თუ როდის დატოვებს მოძალადე ციხეს, აღნიშნული მოთხოვნა ცუდად ხორციელდება. ყველა ამ პრობლემამ შეიძლება მსხვერპლი უფრო მეტი ძალადობის ან მოძალადის სასიკვდილო თავდასხმის წინაშეც კი დააყენოს.

სისხლისსამართლებრივი დევნა

94. სპეციალური მომხსენებელი ინფორმირებული იქნა მსხვერპლის საჩივრის გარეშე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სირთულეების შესახებ, რადგან არ არსებობს ოჯახში ძალადობის ჩამდენთა არანაირი თანამდებობრივი დევნა. თანამოსაუბრეებმა ასევე მიუთითეს, რომ პროკურორები არ აწარმოებენ ოჯახში ძალადობის საქმეების დროულ და ეფექტურ გამოძიებას. სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობა, შეტყობინებულ შემთხვევებთან შედარებით, ცოტაა.“

 

კანონი

I. კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა

41. მომჩივანმა იჩივლა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი ხელისუფლების ორგანოების მარცხის შესახებ, დაეცვათ მისი ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან და ჩაეტარებინათ იმ გარემოებების ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიება, რომლებმაც წვლილი შეიტანა მის სიკვდილში. აღნიშნული დებულებების შესაბამისი ნაწილები შემდეგნაირად იკითხება:

მუხლი 2

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული...“

მუხლი 14

„ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის ..., თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.“.

A. მისაღებობა

42. მთავრობამ არ გამოხატა არანაირი პროტესტი საჩივრების მისაღებობასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

43. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ისინი მისაღებად უნდა ჩაითვალოს.

B. საქმის არსებითი მხარე

1. მხარეთა წარდგინებები

44. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ იცოდა იმ საფრთხის შესახებ, რასაც ლ.მ.-ს ძალადობრივი ქცევა უქმნიდა მისი ქალიშვილის სიცოცხლეს, მან მაინც არ გაატარა საჭირო პრევენციული ღონისძიებები. მან იჩივლა, რომ მათ არაადეკვატურად და არაზუსტად შეაგროვეს და ჩაწერეს მტკიცებულებები, როცა საქმე ჰქონდათ მისი ქალიშვილის ოჯახში ძალადობის ბრალდებებთან. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ პოლიციისა და პროკურატურის ორგანოს არასათანადო და დისკრიმინაციული პასუხები უამრავ საჩივარზე, რომლებიც მან და მისმა ქალიშვილმა წარადგინეს ლ.მ.-ს შეურაცხმყოფელ საქციელთან დაკავშირებით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მარცხთან ერთად, გამოეძიებინათ მისი ქალიშვილის სიკვდილის ხელისშემწყობი გარემოებები და ყველა აღნიშნულ საქმეში ჩაბმულისთვის დაეკისრებინათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, წარმოადგენდა უმთავრეს ფაქტორებს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულებების დარღვევაში, კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

45. მომჩივნის მიერ წარდგენილი საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ეჭვის შეუტანლად და მისი სამართლებრივი არგუმენტების სადავოდ გაუხდელად, მთავრობამ შემოფარგლა თავისი კომენტარები სასამართლოსთვის სხვადასხვა საკანონმდებლო, საბიუჯეტო და ადმინისტრაციული ღონისძიებებით წარდგენით, რომლებიც მოპასუხე სახელმწიფომ გაატარა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და, უფრო ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, 2014 წლიდან მოყოლებული. ამასთან დაკავშირებით მათ სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინეს ინფორმაცია სხვადასხვა ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების კურსების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე 2015-2017 წლებში.

2. მესამე მხარის არგუმენტები

46. სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატმა წარადგინა ინფორმაცია ქვეყანაში ქალთა უფლებების დასაცავად გაწეული სამუშაოს შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით ქალების მიმართ დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებზე, მასშტაბსა და შედეგებზე. მესამე მხარემ მიუთითა ქალთა მიმართ სისტემური ძალადობის ფორმაზე, როგორც ერთ-ერთ ამგვარ შედეგზე. ის ამტკიცებდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული და ადგილი ჰქონდა კერძო და საჯარო ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებში. ღრმად გამჯდარი პატრიარქალური დამოკიდებულების დიდხნიანი არსებობა და გენდერული სტერეოტიპები იყო გენდერული ნიშნით ძალადობის შეგუების მიზეზი.

3. სასამართლოს შეფასება

47. ითვალისწინებს რა მომჩივნის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ შიდასახელმწიფოებრივი ხელისუფლების ორგანოების ორმაგი მარცხი – მისი ქალიშვილის სიცოცხლის არასათანადო დაცვა და არაეფექტური გამოძიება იმ გარემოებებისა, რამაც ხელი შეუწყო მის სიკვდილს – გამომდინარეობდა რა მათ მიერ ქალების დისკრიმინაციის ფენომენის არასაკმარისად აღიარებიდან, სასამართლო თვლის, რომ მე-2 მუხლის შესაბამისად საქმისწარმოების ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა საჩივრების ერთდროული ორმაგი გასინჯვა კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იმავე მეთოდოლოგიის გამოყენებით მე-3 მუხლის საჩივრების კონტექსტში, იხ. საქმე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ, no. 7224/11, § 36, 2020 წლის 8 ოქტომბერი, შემდგომი მითითებებით; ხოლო, რაც შეეხება მე-2 მუხლის საჩივრებს, იხ., მაგალითად, საქმე ლაკატოშოვა და ლაკატოში სლოვაკეთის წინააღმდეგ, no. 655/16, § 78, 2018 წლის 11 დეკემბერი, შემდგომი მითითებებით).

(a). ზოგადი პრინციპები

48. კონვენციის მე-2 მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ თავი შეიკავოს სიცოცხლის „გამიზნული“ წართმევისგან, არამედ ასევე გადადგას სათანადო ზომები მის იურისდიქციაში მყოფთა სიცოცხლის დასაცავად (იხ. საქმე კალველი და კაგლიო იტალიის წინააღმდეგ [GC], no. 32967/96, § 48, ECHR 2002‑I). ეს არსებითი პოზიტიური ვალდებულება მოიცავს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მთავარ ვალდებულებას, დაიცვას სიცოცხლის უფლება საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოს გატარებით, რომლის მიზანიცაა, უზრუნველყოს იმ საფრთხეების ეფექტური შეკავება, რაც ემუქრება სიცოცხლის უფლებას (იხ. საქმე ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, [GC] no. 48939/99, § 89, ECHR 2004-XII). მეორე, შესაბამის გარემოებებში ხელისუფლების ორგანოებს აკისრიათ ვალდებულება, მიიღონ პრევენციული ოპერატიული ზომები იმ ინდივიდის დასაცავად, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა სხვა ინდივიდის კრიმინალური ქმედებების გამო (იხ. საქმე კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ, no. 7510/04, § 49, 2007 წლის 31 მაისი). ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ, რომლებიც ხვდებიან მოწყვლადი ინდივიდების კატეგორიაში, ზოგადად, აქვთ სახელმწიფო დაცვის მიღების უფლება (იხ. საქმე ტალპისი იტალიის წინააღმდეგ, no. 41237/14, § 99, 2017 წლის 2 მარტი). ყოველთვის, როცა არსებობს რაიმე ეჭვი ოჯახში ძალადობასთან ან ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ორგანოების დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი სპეციალური მზრუნველობა არის საჭირო ძალადობის კონკრეტულ ხასიათთან გასამკლავებლად საშინაო სამართალწარმოების მიმდინარეობისას (იხ. საქმე კურტი ავსტრიის წინააღმდეგ [GC], no. 62903/15, § 165-66, 2021 წლის 15 ივნისი და საქმე ვოლოდინა რუსეთის წინააღმდეგ, no. 41261/17, § 92, 2019 წლის 9 ივლისი).

49. თანამედროვე საზოგადოების გაკონტროლებაში არსებული სირთულეების, ადამიანის საქციელის არაპროგნოზირებადობისა და იმ ოპერატიული არჩევანის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებსა და რესურსებთან მიმართებით, იმ ინდივიდის დასაცავად პრევენციული ოპერატიული ზომების მიღების ვალდებულება, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა სხვა ინდივიდის კრიმინალური ქმედებების გამო, უნდა განიმარტოს ისე, რომ ხელისუფლების ორგანოებს არ დაეკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი. შესაბამისად, ყველა სავარაუდო რისკმა, რომელიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, შეიძლება ხელისუფლების ორგანოებს არ დააკისროს კონვენციის იმ მოთხოვნის შესრულების საჭიროება, რაც ითვალისწინებს ამ რისკის მატერიალიზაციის დაბრკოლებას. იმისთვის, რომ გაჩნდეს ამგვარი პოზიტიური ვალდებულება, უნდა დადგინდეს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ იდენტიფიცირებული პირის სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური და მეყსეული რისკი მესამე მხარისგან და, რომ მათ ვერ მიიღეს ზომები თავიანთი უფლებამოსილების მოქმედების სფეროში, რომლებიც, გონივრული შეფასებით, რისკის თავიდან აცილებას გახდიდა შესაძლებელს. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ნებისმიერი კონკრეტული საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით. რეალური და მეყსეული საფრთხის არსებობის რისკი უნდა შეფასდეს ოჯახში ძალადობის კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით. ამგვარ სიტუაციაში საზოგადოებისთვის მხოლოდ ზოგადი დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა კი არ არის ვალდებულების საკითხი, არამედ, უპირველესად, ოჯახში ძალადობის განმეორების გათვალისწინება (იხ. ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, §122). სხვა შესაბამისი განსჯის საგანი არის იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ პოლიციამ გამოიყენოს უფლებამოსილება, გააკონტროლოს და დააბრკოლოს დანაშაული ისე, რომ სრულად იყოს დაცული სათანადო საპროცედურო ნორმები და სხვა გარანტიები, რომლებიც კანონიერად ზღუდავს მისი ქმედების რეგულირების სფეროს, გამოიძიოს დანაშაული და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს (იხ. საქმე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ, no. 33401/02, §§ 129-30, ECHR 2009). თუმცა, ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას მოძალადის უფლებები არ უნდა ანაცვლებდეს მსხვერპლის სიცოცხლის უფლებას და ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობის უფლებას (იხ. ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, §123).

50. სასამართლო იმეორებს, რომ სიცოცხლის დაცვის ვალდებულება კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, მოითხოვს, რომ არსებობდეს ეფექტური ოფიციალური გამოძიების რაღაც ფორმა, როცა ინდივიდი მოკლა სახელმწიფო მოხელემ ან კერძო პირმა (იხ. საქმე მაზეპა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, no. 15086/07, § 69, 2018 წლის 17 ივლისი). იმისთვის, რომ კონვენციის მე-2 მუხლის კონტექსტში გამოძიება იყოს ეფექტური, პირველ რიგში, ის უნდა იყოს ადეკვატური, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი შედეგი უნდა იყოს ფაქტების დადგენა და, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა, როცა პასუხისმგებელი პირები არიან სახელმწიფო წარმომადგენლები და ასევე, კერძო პირები (იხ. ლაკატოშოვასა და ლაკატოშის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 73). ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება წარმოადგენს ვალდებულებას, რომელიც ეხება გამოსაყენებელ საშუალებებს და არა მისაღწევ შედეგებს (იხ. საქმე მიზიგაროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ, no. 74832/01, § 93, 2010 წლის 14 დეკემბერი), მაგრამ კონტროლის ხასიათი და დონე, რომელიც აკმაყოფილებს ეფექტურობის მინიმალურ ზღვარს, დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის გარემოებებზე, ხოლო იმ სიტუაციების სხვადასხვაობის შემცირება შეუძლებელია, რომლებიც შეიძლება მოხვდეს გამოძიების სრულ საკონტროლო სიაში ან სხვა გამარტივებულ კრიტერიუმში (იხ. საქმე ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 41488/98, § 80, ECHR 2000‑VI). სისწრაფისა და გონივრული ვადების მოთხოვნა ნაგულისხმევია ეფექტური გამოძიების კონტექსტში, კონვენციის მე-2 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ. ბევრ სხვა საქმეთა შორის ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 106).

51. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ სახელმწიფოს მარცხი, დაიცვას ქალები ოჯახში ძალადობისგან, არღვევს მათ უფლებას კანონის წინაშე თანასწორ დაცვაზე, ხოლო ეს მარცხი არ უნდა იყოს გამიზნული. მან უკვე დაადგინა, რომ „სასამართლო ხელისუფლების ზოგადი და დისკრიმინაციული პასიურობა, რომელმაც შექმნა ოჯახში ძალადობის ხელისშემწყობი კლიმატი“, არის კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა (იხ. ოპუზის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 191 და შემდეგი). ამგვარ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა შეიძლებოდა დადგენილიყო, რომ ხელისუფლების ორგანოების ქმედებები იყო არა უბრალო მარცხი ან მოცემული ძალადობის აღკვეთის დაყოვნება, არამედ უტოლდებოდა ამგვარი ძალადობის განმეორებით პატიებას და ასახავდა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მომჩივნის, როგორც ქალის მიმართ (იხ. ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 141). როცა არსებობს ეჭვი, რომ დისკრიმინაციულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ძალადობრივი ქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობდეს ენერგიულად და მიუკერძოებლად, იმ აუცილებლობის გათვალისწინებით, რომ მოხდეს საზოგადოების მიერ ამგვარი ქმედებების განმეორებითი დაგმობა და შენარჩუნდეს უმცირესობის ჯგუფების რწმენა ხელისუფლების ორგანოების მიერ მათი დისკრიმინაციული ძალადობისგან დაცვის უნარის მიმართ. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესრულება მოითხოვს, რომ შიდასახელმწიფოებრივმა სამართლებრივმა სისტემამ აჩვენოს სისხლის სამართლის კანონის აღსრულების უნარი ამგვარი ძალადობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართ (იხ. საქმე საბალიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, no. 50231/13, § 95, 2021 წლის 14 იანვარი). სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი მიდგომის გარეშე, ცრურწმენით მოტივირებული დანაშაულები,აუცილებლად თანაბარი პირობებით განიხილებოდა ჩვეულებრივი დანაშაულებივით, რომ აქ ჰქონოდა ასეთი კონტექსტი, ხოლო შედეგად მიღებული გულგრილობა იქნებოდა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან ოფიციალური შეგუების ან მსგავსი დანაშაულის ხელის შეწყობის ტოლფასი (იხ. საქმე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, no. 73235/12, § 77, 2015 წლის 12 მაისი, სხვა მითითებებთან ერთად).

(b). აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

(i). მატერიალური პოზიტიური ვალდებულებები

52. უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს რა სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებსა და დამატებით შემაკავებელ მექანიზმებს, რომლებიც შესულია კანონში ოჯახური ძალადობის შესახებ (იხ. პარაგრაფები 25-34 ზემოთ), სასამართლო, მომჩივნის მიერ საწინააღმდეგო არგუმენტების არარსებობის შემთხვევაში, კმაყოფილია იმით, რომ ქვეყანაში ზოგადად არსებობდა ადეკვატური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ შემაკავებელი მექანიზმის დანერგვის მანერაა ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომჩივნის სიცოცხლის დასაცავად პრევენციული ოპერაციული ზომების მიღების ვალდებულების აღსრულებაა ის, რაც უფრო მეტად წარმოადგენს სერიოზული შეშფოთების საგანს წინამდებარე საქმეში. უკანასკნელი საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა უპასუხოს შემდეგ სამ კითხვას: არსებობდა თუ არა რეალური და მეყსეული საფრთხე იდენტიფიცირებადი პირისგან, იცოდნენ თუ არა ან შეიძლებოდა თუ არა ადგილობრივ ორგანოებს სცოდნოდათ საფრთხის შესახებ, ხოლო თუ ზემოხსენებულ ორ კითხვაზე პასუხი დადებითია, გამოიჩინეს თუ არა ხელისუფლების ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება არსებულ საფრთხეზე რეაგირებისას (იხ., მაგ., ოპუზის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 130 და 137-149 და ასევე შეადარეთ კურტის საქმეს, ციტირებულს ზემოთ, §§ 161-179).

53. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, ძალიან მცირე დროის, ექვსი თვის განმავლობაში, 2014 წლის 29 აპრილისა და 16 ოქტომბერს შორის დროის მონაკვეთში, მ.თ.-მ და მომჩივანმა პოლიციისგან ითხოვეს დახმარება, სულ მცირე, 11-ჯერ. თავიანთ ჩვენებებში ისინი ყოველთვის ნათლად აყალიბებდნენ, ყველა შესაბამისი დეტალის აღწერით, ლ.მ.-ს საქციელში ძალადობის დონეს. ამ უკანასკნელმა თავადაც აღიარა, რომ ერთ შემთხვევაში ის იმუქრებოდა მომჩივნის ქალიშვილის მოკვლით. ლ.მ.-ს მშობლებმა ასევე დაუდასტურეს პოლიციას, რომ მათი შვილი მიდრეკილი იყო საშიში საქციელის ჩადენისკენ, განსაკუთრებით, სიმთვრალეში. უფრო მეტიც, პოლიციამ იცოდა, რომ ლ.მ.-ს სტანჯავდა პათოლოგიური ეჭვიანობა და ჰქონდა სხვა ფსიქიკური აშლილობები, ძნელად მართავდა ბრაზს და ამასთან ერთად, იყო ნასამართლევი და ჰქონდა ნარკოტიკსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ისტორია. პოლიციამ იცოდა, რომ მ.თ. ატარებდა სხვადასხვა თავდაცვის იარაღს და განიცდიდა დიდ შიშს და ღელავდა, როცა ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა მისი პარტნიორი მის სახლს ან სამსახურს (იხ. პარაგრაფები 7-18 ზემოთ). ყველა აღნიშნული გარემოება ადასტურებდა ლ.მ.-ს მიერ მ.თ.-სთვის შექმნილი საფრთხის რეალურობას. უფრო მეტიც, მათი ურთიერთობის ისტორიის შესწავლისას სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობა, რომლის მსხვერპლიც მომჩივნის ქალიშვილი იყო, ვერ განიხილება ინდივიდუალურ და ცალკეულ ეპიზოდებად, არამედ ის უნდა იქნეს განხილული ხანგრძლივ სიტუაციად. ოჯახში ძალადობის გრძელვადიანი სიტუაციის არსებობისას, ძნელად თუ იქნება რაიმე ეჭვი საფრთხის მეყსეულობის შესახებ, რომელიც ემუქრება მსხვერპლს (შეადარეთ ოპუზის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 134 და 135; ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 121; საქმე ბრანკო ტომაშიჩი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ, no. 46598/06, §§ 52 და 53, 2009 წლის 15 იანვარი; და შეადარეთ საქმე ტერშანა ალბანეთის წინააღმდეგ, no. 48756/14, § 151, 2020 წლის 4 აგვისტო). ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ პოლიციამ იცოდა ან აუცილებლად უნდა სცოდნოდა იმ რეალური და პირდაპირი საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრებოდა მომჩივნის ქალიშვილის უსაფრთხოებას.

54. რაც შეეხება განსაკუთრებული ყურადღების მოთხოვნას, სასამართლო ხედავს რამდენიმე მთავარ მარცხს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. პირველ რიგში, არსებობს მინიშნებები პოლიციელების მიერ მტკიცებულებების არაზუსტი და არასრული შეგროვების შესახებ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზებმა მტკიცებულებების შეგროვებისას ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებულ ინციდენტზე საპასუხოდ შეიძლება შედეგად გამოიღოს რეალურად ჩადენილი ძალადობის დონის არასათანადო შეფასება, რასაც შეიძლება ჰქონდეს საზიანო გავლენა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებაზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დემოტივაციაც კი მოახდინოს, რომლებიც ხშირად ისედაც არიან საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ, რომ მათ ხელისუფლების ორგანოებს არ შეატყობინონ იმ ოჯახის წევრის შესახებ, ვინც მათ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინციდენტების ჩაწერისას, პოლიციელებმა, როგორც ჩანს, არ მოახდინეს „მომაკვდინებლობის რისკის შეფასება“ ავტონომიური, პროაქტიული და ყოვლისმომცველი სახით (შეადარეთ კურტის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 168). მათ არ მიანიჭეს საკმარისი მნიშვნელობა ძალადობის პოტენციურ გამომწვევ ფაქტორებს, ისეთებს, როგორებიცაა ლ.მ.-ს ალკოჰოლდამოკიდებულება, მისი პათოლოგიური ეჭვიანობა, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ის და მ.თ. ერთად აღარ ცხოვრობდნენ და ა.შ. და ასევე ვერ გაითვალისწინეს თვითონ მსხვერპლის მიერ საფრთხის აღქმა,ანუ ის, თუ რამდენად ძლიერ ეშინოდა სინამდვილეში მომჩივნის ქალიშვილს (იხ. პარაგრაფები 7, 10 და 14-16 ზემოთ და შეადარეთ ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 118). პოლიციამ ამჯობინა ინციდენტის კვალიფიკაციის „უმნიშვნელო ოჯახურ კონფლიქტამდე“ დაყვანა (შეადარეთ კონტროვას საქმე, ციტირებული ზემოთ, § 54). სასამართლო ამასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა თავის შესაბამის ანგარიშში საქართველოს შესახებ ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე პოლიციის თავდაპირველ რეაგირებაში სწორედ იმავე ხარვეზებზე მიუთითა და ეს მარცხი განსაზღვრა, როგორც სისტემური (იხ. პარაგრაფი 40 ზემოთ).

55. უფრო მეტიც, გასაოცარია იმის აღნიშვნა, რომ მაშინ, როცა ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოთი გათვალისწინებული იყო დროებითი შემაკავებელი ზომები მოძალადესთან მიმართებით, როგორებიცაა დამცავი და შემაკავებელი ორდერები, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი შეიძლებოდა პოლიციელს ადგილზევე დაუყოვნებლივ გაეცა, შესაბამისმა ადგილობრივმა ორგანოებმა ამას საერთოდ არ მიმართეს (იხ. პარაგრაფები 30 და 31 ზემოთ და შეადარეთ ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 113 და 114). არსებობდა მოძალადის სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში იზოლირების შესაძლებლობაც კი (იხ. პარაგრაფი 34 ზემოთ), მაგრამ პოლიციას არც აღნიშნული შესაძლებლობა განუხილავს. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ შედგენილი მრავალი პატაკიდან და ჩანაწერიდან არ ჩანდა, რომ მომჩივანს ან მის ქალიშვილს პოლიციამ შეატყობინა საპროცესო უფლებებისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომის შესახებ. პირიქით, როგორც ჩანს, პოლიციელებმა ისინი შეცდომაში შეიყვანეს, მიუთითეს რა იმაზე, რომ არ შეეძლოთ მოძალადის დაკავება ან მის წინააღმდეგ რაიმე შემაკავებელი ზომის გამოყენება (იხ. პარაგრაფები 9, 11, 13 და 15-16 ზემოთ). და ისევ, სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ პოლიციის სურვილის უქონლობა, მიემართა შემაკავებელი ორდერის გაცემისთვის, იყო კიდევ ერთი სისტემური მარცხი, რომელიც განსაზღვრა ქალების მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ არ მიმართა ძალისხმევას, სათანადოდ შეეტყობინებინა ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ინციდენტი, სასამართლო აღნიშნავს, რომ მ.თ.-სა და მომჩივნის მიერ რამდენჯერმე შეტანილი სისხლისსამართლებრივი საჩივრების გამო, რომლებიც აშკარად და დამაჯერებლად ავლენდა ლ.მ.-ს სავარაუდო საქციელის სიმძიმეს – ფიზიკური ზიანის მიყენება, მოკვლის გამუდმებული სიტყვიერი მუქარა, ავარიის გამოწვევის განზრახვა, ხელყუმბარით მსხვერპლის აფეთქების მუქარა და ა.შ. – მაინც არსებობდა უამრავი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ლ.მ.-ს წინააღმდეგ უნდა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება, რაც გააჩენდა მისი წინასწარი პატიმრობაში გაჩერების შესაძლებლობას. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამგვარად არ მოიქცნენ.

56. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ კი, პოლიციის უმოქმედობა კიდევ უფრო მიუტევებელია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ინფორმაციით ქალთა მიმართ ძალადობა, ზოგადად, ოჯახში ძალადობის ჩათვლით, იყო მთავარი სისტემური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე მოცემულ დროს. შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ოჯახში ძალადობა ძირითადად გავლენას ახდენდა ქალებზე, რაც შეადგენდა მსხვერპლთა დაახლოებით 87%-ს. რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანომ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაადასტურა საზოგადოების ეს უბედურება და განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები დაკავშირებული იყო დისკრიმინაციულ გენდერულ სტერეოტიპებსა და პატრიარქალურ დამოკიდებულებებთან, რასაც ემატებოდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ნაკლებობა (იხ. პარაგრაფები 38-40 და 46 ზემოთ). ამგვარად, პასუხისმგებელმა ეროვნულმა ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ სიტუაციის სიმძიმე, რომელიც გავლენას ახდენს ბევრ ქალზე ქვეყანაში და ამგვარად, უნდა გამოეჩინათ განსაკუთრებული მზრუნველობა და უზრუნველეყოთ გაძლიერებული სახელმწიფო დაცვა ჯგუფის მოწყვლადი წევრებისთვის (შეადარეთ იდენტობისა და სხვების საქმე, ციტირებული ზემოთ, § 72 და ასევე ტერშანას საქმე, ციტირებული ზემოთ, § 157). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაასკვნას, რომ სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ ოჯახში ძალადობის ბრალდებების მიუხედავად, რომლის საუკეთესო მაგალითიცაა მოცემული საქმე, შექმნა ქალების მიმართ ძალადობის უფრო მეტად გავრცელების ხელშემწყობი გარემო. ამგვარად, მოპასუხე სახელმწიფოს მარცხმა, მიეღო პრევენციული ოპერატიული ზომები მომჩივნის ქალიშვილის დასაცავად, იმისდა მიუხედავად ეს მარცხი გამიზნული იყო, თუ დაუდევრობის შედეგი, ძირი გამოუთხარა მომჩივნისა და მისი ქალიშვილის კანონის წინაშე თანაბარი დაცვის უფლებას (შდრ. ოპუზის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 184-202 და ტალპისის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 145 და 148).

57. საბოლოო ჯამში სასამართლო ასკვნის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს იმ ნაბიჯების გადადგმის ხანგრძლივი უუნარობა, რასაც რეალურად შეეძლო ტრაგიკული შედეგის შეცვლა ან ზიანის შემცირება. მათთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი მრავალი დამცავი ღონისძიების აღმაშფოთებელი უგულებელყოფით ხელისუფლების ორგანოებმა ვერ გამოიჩინეს განსაკუთრებული მზრუნველობა მომჩივნის ქალიშვილის წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რისი კულმინაციაც მისი სიკვდილი იყო. საერთაშორისო და ეროვნული სამონიტორინგო ორგანოების მსგავს შედეგებთან შედარებისას სასამართლო ასკვნის, რომ პოლიციის უმოქმედობა წინამდებარე საქმეში შეიძლება ჩაითვალოს სისტემის მარცხად. ამრიგად, მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია არსებითი პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, რომელიც განიხილება მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

(ii). პროცედურული პოზიტიური ვალდებულებები

58. სასამართლო აღნიშნავს, რომ მკვლელობის ჩამდენი იყო კერძო პირი და პასუხისმგებლობა ამ მხრივ არასოდეს დასმულა კითხვის ნიშნის ქვეშ. ლ.მ.-მ მაშინვე მოიკლა თავი და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონის მექანიზმების შემდგომ გამოყენებას, ამდენად, აზრი აღარ ჰქონდა.

59. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს რომელიმე შესაბამისი სამართალდამცავი მოხელის უმოქმედობის გამოძიებისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პოზიტიური ვალდებულება, სასამართლო ამტკიცებს, რომ საქმეებში, რომლებიც ეხება სახელმწიფო მოხელეების შესაძლო პასუხისმგებლობას ვინმეს სიკვდილზე, რისი მიზეზიც მათი სავარაუდო დაუდევრობაა, მე-2 მუხლით დაკისრებული ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნის მოვალეობა მაინცდამაინც არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივი საშუალების უზრუნველყოფას (იხ. სხვა წყაროებს შორის, საქმე კოტილაინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ, no. 62439/12, § 91, 2020 წლის 17 სექტემბერი). თუმცა, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი გარემოებები, როცა მხოლოდ ეფექტურ სისხლის სამართლის გამოძიებას შეუძლია მე-2 მუხლით დაკისრებული პროცედურული პოზიტიური ვალდებულებების დაკმაყოფილება. ასეთ გარემოებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგალითად, როცა ვინმეს სიცოცხლე წაერთვა ან მისი სიცოცხლე დადგა რისკის ქვეშ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს საქციელის გამო, რაც სცილდება მცდარი გადაწყვეტილების ან უყურადღებობის ფარგლებს. თუ დგინდება, რომ დაუდევრობა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო მოხელეებს ან ორგანოებს, სცდება მცდარი გადაწყვეტილების ან უყურადღებობის ფარგლებს, იმ გაგებით, რომ შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა, სრულად აცნობიერებდნენ რა შესაძლო შედეგებს და უგულებელყვეს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, არ მიიღეს აუცილებელი და საკმარისი ზომები რისკის თავიდან ასაცილებლად, ის ფაქტი, რომ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნენ დადანაშაულებული სისხლის სამართლის დანაშაულში ან მათ წინააღმდეგ არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, შეიძლება ნიშნავდეს მე-2 მუხლის დარღვევას, ნებისმიერი სხვა ტიპის სამართლებრივი დაცვის საშუალების მიუხედავად, რომელიც პირებმა შეიძლება გამოიყენონ საკუთარი ინიციატივით (იხ. საქმე ზინატულინი რუსეთის წინააღმდეგ, no. 10551/10, § 33, 2020 28 იანვარი).

60. სასამართლომ უკვე დაადგინა ზემოთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების პასიურობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ოჯახში ძალადობა დასრულდა მსხვერპლის მკვლელობით. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ რისკის მაღალი დონის შესახებ, რომლის წინაშეც დადგებოდა მსხვერპლი, თუ ისინი არ შეასრულებდნენ თავიანთ საპოლიციო მოვალეობებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი დაუდევრობა სცდება უბრალოდ მცდარი გადაწყვეტილების ან გაუფრთხილებლობის ფარგლებს. თუმცა, პროკურატურამ უყურადღებოდ დატოვა მომჩივნის უამრავი სისხლისსამართლებრივი საჩივარი და არ უცდია პოლიციელების ვინაობის დადგენა, მათთან გასაუბრება და მათი პასუხისმგებლობის დადგენა გენდერული ნიშნით ძალადობის მრავალ ინციდენტზე არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით, რაც წინ უძღოდა მსხვერპლის მოკვლას. გარდა ამისა, წარადგინა რა სისხლისამართლებრივი საჩივარი მოთხოვნით, რომ ჩატარებულიყო წინამდებარე საქმეში სამართალდამცავთა ქმედებების აუცილებელი გამოძიება, მომჩივანმა არაერთხელ მიმართა მთავარ პროკურატურას, მაგრამ ვერ შეძლო მისგან ინფორმაციის მიღება. მართლაც, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ორი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ეღიარებინათ მისი წერილების მიღება; თუმცა, მაშინაც კი არ მიუწოდებიათ მისთვის რაიმე დამატებითი ინფორმაცია (იხ. პარაგრაფები 21 და 24 ზემოთ). პოლიციის სავარაუდო უმოქმედობის დისციპლინარული გამოძიებაც კი არ დაწყებულა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მომჩივანმა იჩივლა პოლიციელების დისციპლინარულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ ორგანოში (იხ. პარაგრაფი 21 ზემოთ და შდრ. საქმე ბლიაკაი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ, no. 74448/12, § 123, 2014 წლის 18 სექტემბერი) და არ გადადგმულა არანაირი ნაბიჯი პოლიციელების გადასამზადებლად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეხდინათ სათანადო რეაგირება ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე მომავალში (იხ. შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე ლოვიგინი უკრაინის წინააღმდეგ, no. 22323/08, § 99, 2016 წლის 23 ივნისი). თუმცა, საქმის შესაბამისი გარემოებების, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული ელფერის არსებობის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 56 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა ჩატარებულიყო არსებითი გამოძიება იმ შესაძლებლობისა, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და მიკერძოებულობა ასევე იყო პოლიციის სავარაუდო უმოქმედობის წამახალისებელი ფაქტორი (შდრ. შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 40). აღნიშნული ხარვეზები წარმოადგენს მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური პროცედურული ვალდებულებების შეუსრულებლობას მე-2 მუხლის შესაბამისად კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (შდრ. შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ზინატულინის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 40, 41 და 47).

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

61. კონვენციის 41-ე მუხლში ვკითხულობთ:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“.

A. ზიანი

62. მომჩივანმა მოითხოვა 18 240 ქართული ლარი (GEL – დაახლოებით 4,360 ევრო (EUR)) მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, განმარტა რა, რომ მ.თ.-ს სიკვდილის გამო, მისმა შვილიშვილმა დაკარგა ეკონომიკური მხარდაჭერა თავისი დედისგან. მან ასევე მოითხოვა 40 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, იმ სტრესისა და ტანჯვისა გამო, რომელიც მან განიცადა მისი ქალიშვილის დაკარგვის შედეგად.

63. მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნილი თანხები დასაბუთებული არ იყო საქმის გარემოებებში.

64. სასამართლო იმეორებს, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მატერიალურ ზარალსა, რომელსაც ამტკიცებს მომჩივანი და კონვენციის დარღვევას შორის და რომ ეს შეიძლება, შესაბამის შემთხვევაში, მოიცავდეს კომპენსაციას შრომითი შემოსავლის დაკარგვისას (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე იმაკაიევა რუსეთის წინააღმდეგ, no. 7615/02, § 213, ECHR 2006-XIII (ამონაწერები)). თუმცა, მ.თ.-ს ქალიშვილი, რომელიც ეკონომიკურად იყო დამოკიდებული დედაზე, წინამდებარე საქმეში არ წარმოადგენს მომჩივანს, ხოლო მომჩივანს საჩივარი არ შეუტანია შვილიშვილის სახელით. გარდა ამისა, მომჩივანს არ უმტკიცებია, რომ ის თავად იყო ქალიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული მის სიკვდილამდე (შდრ., მაგალითად, საქმე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, nos. 8938/07 და 41891/07, § 162, 2020 წლის 2 აპრილი და საქმე ალბეკოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, no. 68216/01, §§ 125-127, 2008 წლის 9 ოქტომბერი). ამგვარად, ითვალისწინებს რა, რომ მომჩივანს არ უჩვენებია, რომ მის მატერიალურ ინტერესზე გავლენა იქონია ქალიშვილის სიკვდილმა, სასამართლოს წინამდებარე საქმის გარემოებებში არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ მომჩივანს მიაკუთვნოს რაიმე თანხა მატერიალურ ზიანთან მიმართებით.

65. მეორე მხრივ, სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივანს უნდა განეცადა მორალური ზიანი, რომელიც შეუძლებელია ანაზღაურდეს მხოლოდ დარღვევის დადგენით. ამ მხრივ ის ასკვნის, რომ მომჩივანს მიანიჭოს 35,000 ევრო.

B. ხარჯები და დანახარჯები

66. მომჩივანმა მოითხოვა 6,975 ფუნტი სტერლინგი (GBP – დაახლოებით 8 000 ევრო) ხარჯებისთვის, რომელიც გაწეული იქნა სასამართლოს წინაშე მისი ერთ-ერთი ბრიტანელი ადვოკატის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა წაყენებული მომჩივნის დანარჩენ ოთხ ადვოკატთან (სამი ქართველი და ერთი ბრიტანელი) მიმართებით (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ). მოთხოვნილი თანხა ეფუძნებოდა საათების იმ რაოდენობას, რომელიც აღნიშნულმა ბრიტანელმა ადვოკატმა დახარჯა საქმეზე (ორმოცდაექვსი საათი და ოცდაათი წუთი) და ადვოკატის საათობრივ ანაზღაურებას (GBP 150). შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულებების, ანგარიშ-ფაქტურების, ვაუჩერებისა და სხვა თანმხლები ფინანსური დოკუმენტების ასლები არ ყოფილა წარდგენილი. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 402 ფუნტი სტერლინგი და 351 აშშ დოლარი (დაახლოებით 289 ევრო) საფოსტო, თარგმნისა და სხვა ტიპის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, რაც გაიღო იმავე ბრიტანელმა ადვოკატმა.

67. მთავრობამ მოთხოვნილი თანხა დაუსაბუთებლად და გადაჭარბებულად მიიჩნია.

68. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის მომსახურების ხარჯები ფაქტობრივად გაწეულია, თუ განმცხადებელმა გადაიხადა ისინი ან ვალდებულია, გადაიხადოს (იხ. საქმე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ [GC], no. 72508/13, § 371, 2017 წლის 28 ნოემბერი). წინამდებარე საქმეში მომჩივანს არ წარუდგენია დოკუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მან გადაიხადა ან აკისრია სამართლებრივი ვალდებულება, გადაიხადოს ბრიტანელი წარმომადგენლის მიერ დაკისრებული ხარჯები ან მის მიერ გაწეული დანახარჯები. ამგვარი დოკუმენტების არარსებობისას სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, მიიჩნიოს, რომ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ხარჯები და დანახარჯები ნამდვილად იქნა გაღებული (იქვე, § 372; აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 61; და საქმე ვაზაგაშვილი და სიჭინავა საქართველოს წინააღმდეგ, no. 50375/07, §§ 105-08).

69. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი.

C. საურავი

70. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი საპროცენტო პუნქტი.

ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად,

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის არსებითი პოზიტიური და პროცედურული ნაწილების დარღვევას, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში;

3. ადგენს,

(a). რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს გადაუხადოს 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს;

(b). ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

4. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულა ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ მხარეებს 2021 წლის 8 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 {ხელმოწერა_p_2}

ვიქტორ სოლოვეიჩიკი                                                                              სიოფრა ო’ლირი


სექციის განმწესრიგებელი                                                                        თავმჯდომარე