აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/21402-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/11/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/21402-21
03/11/2021
ვებგვერდი, 12/11/2021
აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/21402-21 (330212021004963166)

საქართველოს სახელით

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით

ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

2021 წლის  3 ნოემბერი 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – სალომე გველესიანი

სხდომის მდივანი – მარიამ ჩიტოშვილი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

განმცხადებელი რამაზ თედორაძე

წარმომადგენელი გიგა კვერენჩხილაძე

დაინტერესებული პირები სიმონი პოღოსის ძე კაჭკაჭიშვილი, ლუბა ევგენიის ასულ კუზნეცოვი, მანუკ კარაპეტის ძე აგაბაბიანი, თამაზი შალვას ძე გიორგაძე, აკოფ მარტიროსის ძე პაპოიანი, ალბერტ მიკირტიჩის ძე ანდრანიკიანი, ოთარი მიხეილის ძე ბერიძე, ნოდარი არტემის ძე კაველიძე, ბადრი იოსების ძე პარუნაშვილი, ლიანა იაკობის ასული სეფიაშვილი, ბორის კონსტანტინეს ძე გოგოლაძე, ვაჩაგან მინასიანი (ართევაზ (არტავაზ) მინასიანის მემკვიდრე)

მოთხოვნა  სს „აგროტექსერვისის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა

სასამართლომ გამოარკვია:

2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა რამაზ თედორაძის წარმომადგენელმა, გიგა კვერენჩხილაძემ სს „აგროტექსერვისის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამაზ თედორაძე არის 35310 (ოცდათხუთმეტი ათას სამას ათი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს სს „აგროტექსერვისის“ საწესდებო კაპიტალის 99.124%-ს. განმცხადებელი ითხოვს დანარჩენი აქციონერებისაგან საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული აქციების – 0.876%-ის სავალდებულო მიყიდვას რამაზ თედორაძისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, რამაზ თედორაძის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო სხდომა დაინიშნა 2021 წლის 10 სექტემბერს 11:00 საათზე. თუმცა, ვინაიდან სრულად ვერ მოხერხდა მინორიტარი აქციონერების (დაინტერესებული პირების) ინფორმირება აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების დაწყების თაობაზე, აღნიშნული სხდომა გადაიდო 2021 წლის 03 ნოემბერს 11:00 საათზე.

სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით განიხილა დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხი და მიიჩნია, რომ აქციათა ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 12 მუხლის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

2021 წლის 3 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რამაზ თედორაძის წარმომადგენელმა, გიგა კვერენჩხილაძემ აქციათა შეფასების მიზნით იშუამდგომლა ექსპერტად სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დანიშვნის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ვერ მოისმინა დაინტერესებულ პირთა (აქციონერების) პოზიცია, ვინაიდან ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. გამომდინარე აქედან, სასამართლო მიიჩნევს, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით, აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 30912 მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „აგროტექსერვისის“ (ს/ნ 224068586) აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელ ექსპერტად დაინიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი.

3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობებიექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.

5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხარჯების ანაზღაურება დაევალოს განმცხადებელს – რამაზ თედორაძეს.

7. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ – საკანონმდებლო მაცნეში.

8. განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

მოსამართლე                                                           სალომე გველესიანი