გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/29034-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/11/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/29034-21
15/11/2021
ვებგვერდი, 17/11/2021
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

საქმე №2/29034-21/330210321005167805

2021 წლის 15 ნოემბერი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე    ლიანა კაჟაშვილი

განმცხადებელი/მოვალე – შპს „იმერ საქართველო“ (ს/კ 401946686)

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

განხილვის ფორმა  – ზეპირი მოსმენის გარეშე

სასამართლომ  გამოარკვია:

2021წლის 1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „იმერ საქართველოს“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს „იმერ საქართველოს“ განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განისაზღვრა ვადა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღე.

აღნიშნული განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge), „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა 2021 წლის 5 ნოემბერს.

შპს „იმერ საქართელოს“ წარმომადგენელმა 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად 2021 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა დაკორექტირებული განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, ასევე სრულად შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ განცხადება დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და მოვალის მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:

ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის შესახებ“;

ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში – მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი“;

კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი“.

ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე შპს „იმერ საქართველოს“ განცხადებაში მითითებული გარემოებებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა სადაოობის საკითხი და სასამართლომ შპს „იმერ საქართველოს“ განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი განმარტავს, რომ კომპანიის ვალდებულებები გაცილებით აღემატება მის აქტივებს, შპს „იმერ საქართველოს“ არ გააჩნია არანაირი ქონება, განცხადების წარდგენის დროისათვის მის შტატში არავინ არ ირიცხება; შპს „იმერ საქართველოს“ საბანკო ანგარიშები განულებულია, კომპანიას აღარ გააჩნია არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი, რომ გააგრძელოს სამეწარმეო საქმიანობა.

სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობის თანახმად,  შპს „იმერ საქართველოს“ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტორნულ ბაზაში 08/11/2021 12:32:36 მდგომარეობით უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშები სს „თიბისი ბანკში“ და სს „საქართველოს ბანკში“. ხოლო სს „საქართველოს ბანკიდან“ და სს „თიბისი ბანკიდან“ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან დასტურდება, რომ შპს „იმერ საქართველოს“ აღნიშნულ საბანკო ანგარიშები განულებულია.

განმცხადებელს ბიუჯეტთან ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 610,4 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით.

წარმოდგენილი განცხადებიდან და თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ განმცხადებელ შპს „იმერ საქართველოს“ აქვს ნაკისრი ვალდებულებები ლუქსენბურგის კომპანია GHE-PSA s.a.r.l.-ისათვის 300 000 ქირირგიული ხელთათმანის მიწოდებაზე (ღირებულება 1 635 000 ევრო), რაც თავის მხრივ შპს „იმერ საქართვლოს“ მიმართ უნდა შეესრულებინა თურქულ კომპანია „არვინ დის თიჯარეთ ლიმიტედ სირკეტის“. შპს „იმერ საქართველოს“ ასევე შესასრულებელი აქვს ნაკისრი ვალდებულება მოქალაქე გურამ ცხოიძის წინაშე 2020 წლის 16 ნოემბრის №1-20 დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, 14 510 ევროს გადახდის ვალდებულებით.

მოვალის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით შპს „იმერ საქართველოს“ გაცხადებული და დადასტურებული აქვს დასახელებული კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულებები.

როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან, ასევე ხარვეზის შევსების შემდეგ წარმოდგენილი დაკორექტირებული განცხადებიდან და განცხადებას დართული დოკუმენტებით დასტურდება შპს „იმერ საქართველოს“ ხელშეკრულება აქვს თურქულ კომპანია „არვინ დის თიჯერეთ ლიმიტედ სირკეტი“-სთან ქირურგიული ხელთათმანების მიწოდების შესახებ, ღირებულება შეადგენს 1 500 000 ევროს, სასამართლო იზიარებს მოვალის განცხადებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ უნდა იქნეს მიჩნეული მოვალის დებეტორის შესახებ ინფორმაციად, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, თურქული კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება შპს „იმერ საქართვლოს“ წინაშე უნდა შესრულდეს ლუქსენბურგის კომპანიის GHE-PSA s.a.r.l.-ის სასარგებლოდ, რასაც თურქული კომპანია არ ასრულებს. ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ლუქსენბურგის კომპანიის GHE-PSA s.a.r.l.-ის მიერ არის შესრულებული და 2020 წლის 18 დეკემბერს მათ მიერ ჩარიცხულია 1635000 ევრო.

მოვალე შპს „იმერ საქართველო“ უთითებს, რომ არ გააჩნია არანაირი რესურსი გააგრძელოს სამეწარმეო საქმიანობა, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტებით დგინდება, რომ შპს „იმერ საქართველოს“ 2021 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით სხვაობამ განმცხადებლის აქტივებსა და პასივებს შორის ფულად გამოსახუელბაში შეადგინა პასიხვი 14 510 ევრო, აქტივი 610,4 ლარი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა  მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, – მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „იმერ საქართველოს“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, მოვალის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 50-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოვალე შპს „იმერ საქართველოს“ (ს/კ 401946686) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „იმერ საქართველოს“ (ს/კ 401946686) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „იმერ საქართველოს“ (ს/კ 401946686) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – სოფიო ჯოხაძე (პ/ნ 01019019559, თბილისი, ი.აბაშიძის 73,  ტელ. 555 00 00 55, ელ. ფოტა Sopho_jokhadze@yahoo.com, რეგისტრაციის №P2109116), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე  გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე, www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                       ლიანა კაჟაშვილი