კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/20613-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/11/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/20613-21
22/11/2021
ვებგვერდი, 29/11/2021
კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

 კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქმე №2/20613-21 / 330211921004952993

2021 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ლიანა კაჟაშვილი


განმცხადებელი კრედიტორი – სს „საქართველოს ბანკი“

მოვალე – „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“

კერძო საჩივრის ავტორები (დაინტერესებული პირები)  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ –„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“

კერძო საჩივრით მოთხოვნა  გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტა

საქმისანხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სასამართლომ გამოარკვია:

2021 წლის 18 აგვისტოსს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „საქართველოს ბანკმა“ (ს/კ 204378869) და მოითხოვა „ფრონტერა რესორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება (საქმე №2/20613-21 / 330211921004952993).

2021 წლის 26 აგვისტოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქრთველოში“-ს განმცხადებელ სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გაეგზავნა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების და თანდართული საბუთების ასლები.

2021 წლის 15 სექტემბერს სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ისათვის გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ განცხადების და თანდართული საბუთების საჯაროდ გავრცელების შუამდგომლობით.

2021 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მომართა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ის წარმომადგენელმა ივანე იმნაძემ და ჩაიბარა სს „საქართველოს ბანკის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე, თანდართულ მასალებთან ერთად და გზვანილი, რომლითაც განემარტა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“ სასამართლოს გზავნილის მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა წარმოედგინა თვალსაზრისი გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შესახებ და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟისმის გახსნის თაობაზე. ასევე განემარტა განსაზღვრულ ვადაში მოსაზრების წარმოუდგენლობის შედეგები.

2021 წლის 05 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ-ის ფილიალის საქართველოში“ დირექტორის ზაზა მამულაიშვილის განცხადება. განცხადება წარმოდგენილ იქნა სასამართლოში მე-8 დღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით სს „საქართველოს ბანკის“ განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ის მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა 06.10.2021 წლის განჩინებაში მოვალის სახელწოდებასთან დაკავშირებული უსწორობა.

2021 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“, როგორც დაინტერესებული პირების წარმომადგენლების კერძო საჩივარი „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, დაინტერესებული პირების: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ – „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ 2021 წლის 20 ოქტომბრის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და კერძო საჩივრები დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივრებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მათი დასაშვებად ცნობის შემდეგ მათი დასაბუთებულობის საკითხის განსახილველად, ასევე მხარეთა და დაინტერესებულ პირთა პოზიციის, მოსაზრებების უშუალოდ მოსმენის და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სასამართლომ დანიშნა ზეპირი მოსმენა.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“-ს კერძო საჩივარი და ასევე, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ახსნა-განმარტება დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1. 2020 წლის 03 დეკემბრიდან, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ი იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში მისი ინკორპორირების ადგილას (კაიმანის კუნძულებზე), რომელიც ამჟამად კაიმანის კუნძულების დიდი სასამართლოს მეთვალყურეობით მიმდინარეობს, კერძოდ 2020 წლის 3 დეკემბერს დაიწყო ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის პროცედურა. კაიმანის კუნძლების დიდი სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის ბრძანებით, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ი ლიკვიდაციის პროცესი მოექცა სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ. ლიკვიდატორებად დაინიშნენ დევიდ გრიფინი და ენდრიუ მორისონი და ლიკვიდატორების დანიშვნისთანავე შეწყდა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის დირექტორების უფლებამოსილება და ლიკვიდატორები კომპანიის ლეგიტიმურ წარმომადგენლები გახდნენ.

ლიკვიდაცია, თავის მხრივ, წარმოადგენს გადახდისუუნარობის ტოლფას პროცედურას. ლიკვიდატორებს ევალებათ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის კრედიტორების დადგენა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში საერთო კრების ჩატარება. სს „საქართველოს ბანკს“ არ მიუთითებია კაიმანის კუნძლებზე „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის მიმართ მიმდინარე პროცედურების თაობაზე.

2. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 2021 წლის 01 აპრილიდან) 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის მიმართ ლიკვიდაციის პროცედურები დაწყებულია საქართველოში „რებილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, რაც გამორიცხავს კომპანიის მიმართ ამ კანონის გამოყენებას.

3. ზაზა მამულაიშვილი და სასამართლოს 06.10.2021 წლის განჩინებაში ნახსენები ივანე იმნაძე არ წარმოადგენენ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და არ იყვნენ უფლებამოსილნი ამ კომპანიის სახელით რაიმე მოქმედების განხორციელებაზე. შესაბამისად, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ს არ მიუღია არც სს „საქართველოს ბანკის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე და არც სასამართლო გზავნილი. ამდენად, კომპანია მოკლებული აღმოჩნდა სათანადო საპროცესო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობას.

4. სს „საქართველოს ბანკის“ მიერ სასამართლოში 2021 წლის 15 სექტემბერს წარდგენილი განცხადება გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ არ პასუხობს „რებილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

კაიმანის კუნძულებზე მიმდინარე ლიკვიდაციის პროცედურას პირდაპირი გავლენა აქვს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის ფილიალზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. ფილიალი არ განიხილება როგორც იურიდიული პირი. მეტიც, ამ ფილიალის დებულების 6.2. პუნქტის მიხედვით, ფილიალის ქონება განუყოფელია კომპანიის ქონებისაგან. ხოლო 6.3. პუნქტის თანახმად, ფილიალი თავისი ქონებით პასუხს აგენს კომპანიის ვალდებულებებზე“. შესაბამისად, ფილიალის ქონებაზე მეურვეობას კაიმანის კუნძულების სასამართლოს ბრძანების შესაბამისად, ახორციელებენ ლიკვიდატორები. სს „საქართველოს ბანკი“ უკვე მონაწილეობს აღნიშნულ პროცესში და მან საკუთარი თავი დაუქვემდებარა კაიმანის კუნძულების დიდი სასამართლოს იურისდიქციას, მოითხოვა რა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის კრედიტორად ცნობა 2021 წლის 08 აპრილის წერილით.

5. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47.2 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავოა;

6. სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, როგორც საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია, სახელმწიფოს და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ს შორის გაფორმებულ წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.

სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების სახელმწიფო რეგულირებას. სააგენტო სახელმწიფოს სახელით აფორმებს ხელშეკრულებებს და გასცემს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიებს.

კორპორაცია „წილობრივი განაწილების“ ხელშეკრულებაში მოქმედებს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის - „საქნავთობის“ უფლებამონაცვლე სახელმწიფოს სახელით, რა დროსაც სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ინვესტროს, ანუ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ს არ აქვს უფლება სახელმწიფოს წინასწარი თანხმობის გარეშე, „წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით“ და გენერალური ლიცენზიით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს დაკისრებული საქმიანობის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ფინანსური ოპერაციების უზრუნველყოფის გარანტიად.

ფილიალი ცალკე აღებული არ წარმოადგენს არც წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მხარეს და არც ლიცენზიანტს. ის ფაქტი, რომ სს „საქართველოს ბანკს“, მისივე მტკიცებით, გირავნობა გააჩნია ფილიალის ნავთობსა და ასევე მის მომავალ მოპოვებაზე, მნიშვნელოვნას ცვლის აღნიშნული მარეგულირებელი ნორმებით დადგენილ მდგომარეობას და წარმოშობს რისკს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. სახელმწიფო კი, როგორც „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-თან გაფორმებულ წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში, ასევე, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ არის წარმოდგენილი.

7. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ პოზიციას იმის თაობაზე, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მისი მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დაწყებულ გადახდისუუნარობის საქმეზე, დაინტერესებული პირების სტატუსით ჩართულ სააგენტოს და კორპორაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლითაც, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს უცხოური საწარმოს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწების შესაძლებლობას. გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დაკმაყოფილება. რადგან საწარმოს ფილიალის ვალდებულებებზე, პასუხს აგებს მისი დამფუძნებელი კომპანია და კრედიტორს ყოველთვის შეუძლია მიმართოს ფილიალის დამფუძნებელ კომპანიას, ამიტომაც არ მიიჩნია კანონმდებელმა მიზნაშეწონილად საწარმოს ფილიალის მიმართ დამოუკიდებლად გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შესაძლებლობის არსებობა.

8. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, რომლის მიმართაც შეიძლება დაიწყოს გადახდისუუნარობად. აღნიშნული მუხლით, ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს: ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა); გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი და სხვა წარმონაქმნი (მიუხუდევად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.

კაიმანის კუნძლებზე რეგისტრირებული საწარმოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის რეგისტრირებული ფილიალი საქართველოში არ ექცევა ზემოთ აღნიშნული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირთა წრეში. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი ამომწურად განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტებს და ამ ჩამონათვალში მართებულად არ არის საწარმოს ფილიალი. „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის ფილიალი სწორედ ძირითად კომპანიასთან დაკავშირებული სუბიექტად უნდა იქნას განხილული და არა დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტად. ფილიალი არ წარმოადგენს არც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, არც რეგისტრირებულ კავშირს (გაერთიანებას) და არც ერთობლივი საქმიანობის სტრუქტურას (ამხანაგობას). ასევე, ფილიალი არ შექმნილა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ფილიალი შეიქმნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი რეგისტრაციაც საქართველოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განხორციელდა.

ფილიალის ქონება, არც ზოგადსამართლებრივად და არც ფილიალის დებულების მიხედვით, არ არსებობს განცალკევებულად და ის უკვე ფაქტობირვად მოქცეულია ძირითადი კომპანიის მასაში, რომლის სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ ლიკვიდაციაც მიმდინარეობს კაიმანის კუნძულზე და რომელშიც სს „საქართველოს ბანკიც“ მონაწილეობს. თავად ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა სხდომაზე, რომ ფილიალს არ გააჩნია რაიმე არსებითი ქონება მატერიალური სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ მოითხოვს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ 2021 წლის 06 ოქტომბრის სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებს.

სს „საქართველოს ბანკმა“ 2021 წლის 08 ნოემბერს წარმოადგინა პოზიცია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ საჩივართან დაკავშირებით, სადაც მიუთითა, რომ წინამდებარე საჩივარი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან გასაჩივრებულია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის გაკოტრების საკითხი, მაშინ, როდესაც წინამდებარე საქმეზე მიმდინარეობს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნის ფილიალი საქართველოში“ გაკოტრების პროცესი. გამოკვეთილი არ არის კორპორაციის და სააგენტოს იურიდიული ინტერესი წინამდებარე საქმის შედეგების მიმართ. კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლებელია იმ შედეგის მიღწევა, რომელთა დადგომაც საჩივრის ავტორებს სურთ. გადახდისუუნარობის პროცესი მიმდინარეობს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნის ფილიალი საქართველოში“-ის მიმართ, რომელსაც გააჩნია ორგანიზაციული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მინიჭებული აქვს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, კერძო საჩივარს, მხარეთა და დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებას, საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და გაკოტრების რეჟიმი უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები.

ამავე კანონის 62-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი იხსნება სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის მომენტიდან. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე ან საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს ზეპირი მოსმენით. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. ამ საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში დაინტერესებული პირების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხვის განხილვასა და გადაწყვეტას. ამ მუხლის მე-5 ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე.

ამ კანონით გათვალისწინებული პროცესუალური ნორმების მიხედვით, სასამართლოს მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებებზე შეიტანება მხოლოდ კერძო საჩივარი. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლო ამოწმებს კერძო საჩივრის დასაშვებობას, დასაბუთებულობას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აკმაყოფილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო მსჯელობს კერძო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის დაცვის და კერძო საჩივრის წარმდგენი პირის უფლებამოსილების საკითხზე.

მოცემულ შემთხვევაში „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 201 წლის 06 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ წარმომადგენელებმა.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ასევე სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“-ს, როგორც სახელმწიფოსა და „ფრონტერა“-ს შორის გაფორმებული წილობრივი ხელშეკრულებაში მოქმედებენ სახელმწიფო სახელით, რა დროსაც სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით და ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებით (მათ შორის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებით) მინიჭებული უფლებამოსილებებით. შესაბამისად, სს „საქართველოს ბანკი“-ს მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ დაწყებული სამართალწარმოება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეთა ჩაბმას საქმის განხილვაში მხოლოდ მაშინ, თუ განსახილველი დავა ეხება უშუალოდ მას. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ყოველ დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, სარჩელით მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად.

როგორც კერძო საჩივრის შემომტანი პირები მიუთითებენ, სალიცენზიო ფართობზე მოპოვებული ნავთობის და მომავალი მოპოვების საკუთრების საკითხები რეგლამინტირებულია შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი), ლიცენზიით და ასევე, წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით, რომლებიც ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორცილების და მოპოვებულ ნავთობსა და გაზზე საკუთრების ლეგიტიმურად წარმოშობის ერთადერთ სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენენ. „სააგენტო“ და „კორპორაცია“, როგორც საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია, ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებში მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით, ხოლო სახელმწიფოსთან გაფორმებული ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებიდან და შესაბამისი ლიცენზიებიდან გამომდინარე ინტერესებისა და უფლებების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება დაიშვება მხოლოდ სახელმწიფოს წინასწარი თანხმობის გაცემის შემთხვევაში.

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სსიპ – „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, როგორც საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია, სახელმწიფოს და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ს შორის გაფორმებულ წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით. შესაბამისად, ცალსახაა, რომ „სააგენტო“ და „კორპორაცია“ და ასევე, სახელმწიფო, რომელიც „წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში“ დასახელებული ორგანიზაციებით არის წარმოდგენილი, წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება (ან შესაძლოა მომავალში შეეხოს) „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის განჩინება. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, „სააგენტოს“ და „კორპორაციას“ უნდა მიეცეს დავაში მონაწილეობის მიღებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.

ამდენად, სასამართლო იზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ არგუმენტს და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიიჩნევს საქმეში დაინტერესებულ პირებად და აქედან გამომდინარე კერძო საჩივრის წარმდგენ უფლებამოსილ პირებად, ვინაიდან ცალსახად იკვეთება, რომ მოცემულ საქმეზე დამდგარი შედეგი პირდაპირ ეხება მითითებულ პირთა ინტერესს.

სასამართლო მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული შეფასებების გათვალისწინებით თვლის, რომ „სააგენტოს“ და „კორპორაცის“ კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის დასაბუთებულობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს საწარმოს მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს მიერ ფილიალის დაარსებას, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

მოცემულ შემთხვევაში „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“ არის უცხო ქვეყნის საწარმოს მიერ საქართველოში დაარსებული ფილიალი. სს „საქართველოს ბანკი“ განცხადებით ითხოვს გაკოტრების რეჟიმის გახსნას აღნიშნული ფილიალის მიმართ, იმ საფუძვლით, რომ იგი ვეღარ ფარავს ბანკთან 2019 წლის 04 იანვარს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსულ ვალდებულებებს, ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენს 1 239 483,52 აშშ დოლარს, კომპანია საქართველოში არ ფლობს უძრავ ქონებას და არც საქართველოში რეგისტრირებული რომელიმე იურიდიული პირის წილს.

როგორც სს „საქართველოს ბანკის“ წარმოდგენილი განცხადებიდან, ასევე კერძო საჩივრიდან დასტურდება, კომპანიის ინკორპორირების ადგილას, კაიმანის კუნძულებზე დაწყებულია მოვალის, ე.წ. „დედა კომპანიის“ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორებად დაინიშნენ გადახდიუუნარობის პრაქტიკოსები. მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, განმცხადებელი უთითებს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს კომერციული იურიდიული პირის ფილილალი არ საჭიროებს რეგისტრაციას, ხოლო უცხო ქვეყნის კომერციული იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაცია საქართველოში სავალდებულოა, სამეწარმეო რეესტრში აღნიშნულს ენიჭება დამოუკიდებელი საიდენტიფიკაციო კოდი, აქედან გამომდინარე „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს განმცხადებელი სს „საქართველოს ბანკი“ მიიჩნევს დამოუკიდებლ სამართალსუბიექტად.

სასამართლო განმარტავს, რომ ფილიალი არ წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს, იგი ძირითადი საწარმოს (იურიდიული პირის) წარმომადგენლობაა, მას არ გააჩნია განცალკევებული ქონება და კრედიტორთა წინაშეც იგი დამოუკიდებლად საკუთარი ქონებით პასუხს არ აგებს. ფილიალი არ შეიძლება იყოს სასამართლო დავის მხარე, იგი შეიძლება გამოვიდეს, მხოლოდ, როგორც ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად. აღნიშნული სამართლებრივი მიდგომა ვრცელდება როგორც საქართველოში დაფუძნებული საწარმოს ფილიალზე, ისე – უცხოური საწარმოს ფილიალზე (სუსგ №ას-790-790-2018).

მაშინაც, როდესაც საწარმოს ფილიალი დამოუკიდებელ მხარედ გამოდის სამართალურთიერთობაში, აღნიშნული დამოუკიდებლობა განპირობებულია ძირითადი საწარმოს უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებით, შესაბამისად, ასეთი სამართალურთიერთობის დროსაც კი ფილიალი შეიძლება მონაწილეობდეს სასამართლო სამართალწარმოებაში, თუმცა მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის სტატუსით, ისიც მხოლოდ საამისო საპროცესო სამართლებრივი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში. ამდენად, ძირითადი საწარმო წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს და შესაბამისად, პროცესის სუბიექტს, ხოლო ფილიალი, საამისო უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოდიოდეს მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად.

აღნიშნული სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება მაშინაც, როდესაც სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტი საწარმოს ფილიალია. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია არ ემსახურება სამეწარმეო სამართლებრივ კონტექსტში მის ცალკე სამეწარმეო სუბიექტად განხილვის მიზანს. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია ემსახურება ისეთ მიზნებს, როგორიცაა შიდა სახელმწიფოებრივი სამართლის რეგულირების რეჟიმში მოქცევა, გადასახადების გადახდა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ა.შ. მაგრამ არა ფილიალის სამართალსუბიექტად ქცევას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის და 2021 წლის 15 ოქტომბრის (უსწორობის გასწორების შესახებ) განჩინებებით, სს „საქართველოს ბანკის“ განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. შესაბამისად, მოვალე პირი არის ე.წ. „დედა კომპანიის“ კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის ფილიალი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხის სამართლებრივი ფორმაა უცხოური საწარმოს ფილიალი. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უცხოური საწარმოს ფილიალთან და არა უცხოური საწარმოს მიერ თავისი საქმიანობის საქართველოში განსახორციელებლად დაფუძნებულ დამოუკიდებელ სუბიექტთან. აღნიშნულს ამყარებს კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს დებულების 6.2 და 6.3 პუნქტები, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ფილიალის ქონება განუყოფელია კომპანიის ქონებისაგან. ფილიალი თავისი ქონებით პასუხს აგებს კომპანიის ვალდებულებებზე ისევე, როგორც კომპანია პასუხს აგებს ფილიალის ვალდებულებებზე. ამრიგად, უცხოური საწარმოს ფილიალის მიმართ ვრცელდება ძირითადი საწარმოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“ ვერ გახდება სასამართლო წარმოებაში დამოუკიდებელი სამართალსუბიექტი, რომლის მიმართაც გაკოტრების რეჟიმის გახსნა არამართებულია და ეწინააღმდეგება სპეციალური კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებს.

კერძო საჩივარში ასევე მითითებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირთა წრეში. სასამართლო აღნიშნულ პოზიციას იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებით ჩამოთვლილია იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხს აწესრიგებს ეს კანონი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ მეწარმე სუბიექტებს შორის მართებულად არ არის მითითებული საწარმოს ფილიალი, რადგან კანონი საწარმოს ფილიალს განიხილავს მისი დამაარსებელი საწარმოს ნაწილად. ფილიალი არ წარმოადგენს არც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, არც რეგისტრირებულ კავშირს (გაერთიანებას) და არც ერთობლივი საქმიანობის სტრუქტირას (ამხანაგობას). რაც შეეხება სპეციალური კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ დანაწესს, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფილიალი არ წარმოადგენს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს ან სხვა წარმონაქმს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ფილიალი არ შექმნილა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, იგი შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი რეგისტრაციაც საქართველოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განხორციელდა.

აღნიშნული მსჯელობის კვალდაკვალ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განმცხადებელ სს „საქართველოს ბანკის“ პოზიციაზე, რომელიც ეხება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილს. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ეხება არარეგისტრირებულ საწარმოს, რომელიც არ არის უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირი და არ არის„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი ან მისი ფილიალი. სასამართლომ ზემოთ როგორც აღნიშნა, მოვალე კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“ რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც მასზე არ ვრცელდება სპეციალური კანონის 117-ე მუხლით დადგენილი დანაწესი.

რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის მიმართ ლიკვიდაციის პროცედურები დაწყებულია საქართველოში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, რაც გამორიცხავს კომპანიის მიმართ ამ კანონის გამოყენებას („რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 2021 წლის 01 აპრილიდან) 121-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს არა ის გარემოება, რომ ძირითადი კომპანიის ადგილსამყოფელზე (კაიმანის კუნძულებზე) დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესები, არამედ, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობაა ის, რომ უცხოური საწარმოს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი სწორედ ძირითად კომპანიასთან, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-თან დაკავშირებულ სუბიექტად უნდა იქნას განხილული და არა დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტად.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იყენებს სპეციალურ კანონს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ (ამოქმედდა 2021 წლის 01 აპრილიდან), ვინაიდან სს „საქართველოს ბანკის“ განცხადება „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის დაწყების მოთხოვნით სასამართლოში წარმოდგენილია 2021 წლის 18 აგვისტოს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გაკოტრების რეჟიმი შეწყდება, თუ სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გააუქმებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას.

სასამართლოს მიაჩნია რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, არ არსებობდა საკმარისი საფუძველი „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ სს „საქართველოს ბანკი“-ს განცხადების საფუძველზე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნისა და შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ უნდა შეწყდეს გაკოტრების რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4-ე, მე-8-ე, მე-9-ე, მე-19-ე მუხლებით, 106-ე,117-ე, 121-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. დაინტერესებული პირების: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ – „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებაზე დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ შეწყდეს გაკოტრების რეჟიმი.

3. განმცხადებელ სს „საქართველოს ბანკის“ (ს/ნ 204378869) დაუბრუნდეს 17-08-2021 წელს № 37932 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით. რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი – 300 773 150.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე      ლიანა კაჟაშვილი