საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1618-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016082
1618-VIIIმს-Xმპ
07/06/2022
ვებგვერდი, 09/06/2022
010190030.06.001.016082
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 34-ე მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კომიტეტის სხდომა საჯაროა. კომიტეტის საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დაიხუროს. კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. კომიტეტის სხდომაზე დგება კომიტეტის სხდომის ოქმი. კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი აღნიშნული სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევისა, როდესაც კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი ან მათი შესაბამისი ნაწილები არ ქვეყნდება.“.

2. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი

1. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს/სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, კომიტეტის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.

2. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი. აღნიშნული  ვადა  შეიძლება  გააგრძელოს  კომიტეტმა  სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.

3. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის, მიზნებისა და მუშაობის ვადების შესახებ, სამუშაო ჯგუფის შექმნიდან 14 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

4. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თარიღს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

5. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ღიაა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს უფლება აქვს, სამუშაო ჯგუფის წევრის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დახურვის შესახებ. სამუშაო ჯგუფის დახურულ შეხვედრაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

6. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ დგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი, რომელიც აღნიშნული შეხვედრის დასრულებიდან 14 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევისა, როდესაც სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი არ ქვეყნდება.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაო ჯგუფი კომიტეტს წარუდგენს სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც კომიტეტისთვის წარდგენიდან 14 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

8. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილების, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმისა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილებითაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ცალკეულ პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე არ  ვრცელდება იმავე პუნქტითა და ამავე მუხლის მე-2−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

7 ივნისი 2022 წ.

N1618-VIIIმს-Xმპ