„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 105/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018105
105/ნ
29/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
430030000.22.022.018105
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №105/ნ

2021 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში (სსმ, 3, 09/01/2007, სარეგისტრაციო კოდი – 430.030.000.022.009.780) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“:

1. პირველი - 21 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო და ზოგადი დებულებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესი (შემდგომ - წესი) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების განაწილების, სტუდენტის  დატვირთვის გაანგარიშებისა და სწავლის შედეგების შეფასების წესებსა და პრინციპებს.

2. ეს წესი და სწავლის შედეგების შეფასება ეფუძნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და მიდგომებს.

3. კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული, სწავლება-სწავლის პროცესის და სწავლის შედეგების შეფასების გამჭვირვალე მიდგომების დანერგვასა და განხორციელებას.

4. კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) მიზანია ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვას, განხორციელებასა და სწავლის შედეგების შეფასებას, აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის/კომპონენტების, ცოდნის, უნარების და კომპეტენციების აღიარებას, ასევე სტუდენტთა მობილობის პროცესს.

მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;

ბ) საკონტაქტო საათი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობით სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის  განსაზღვრული დრო;
გ) დამოუკიდებელი საათი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობის გარეშე სტუდენტის სასწავლო საქმიანობის დრო;
დ) საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებია სასწავლო კომპონენტი და სამეცნიერო-კვლევითი/კვლევითი კომპონენტი;
ე) სასწავლო კომპონენტი – საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სასწავლო კურსის/საგნის, პრაქტიკის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო პრაქტიკული სახის პროექტის/ნაშრომის, საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის ან სხვა კომპონენტის სახით;

ვ) მოდული - სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე სასწავლო კურსებს/საგნებს. მოდულში განსაზღვრულია სასწავლო კურსთა/საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;

ზ) კონცენტრაცია - უმაღლესი განათლების პირველი და მე-2 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსების/საგნების/მოდულების დაჯგუფება კონკრეტულ თემაზე/საკითხზე ფოკუსირებით. კონცენტრაციას აქვს სწავლის შედეგი, რომელიც გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებში;

თ) სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი – მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, დისერტაციის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის  სახით;

ი) სტუდენტის სასწავლო დატვირთვა – დრო, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით  განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად. სტუდენტის სასწავლო დატვირთვა  უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელ და საკონტაქტო საათებს;
კ) შეფასების კომპონენტები  – შეფასების კომპონენტებია  შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას;

ლ) შეფასების მეთოდი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესაფასებლად გამოსაყენებელი საშუალება/საშუალებები (ზეპირი/წერითი გამოცდა/გამოკითხვა, პროექტი, პორტფოლიო, ტესტი, ესსე, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, აუდიოვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენა, გამოფენა, სპექტაკლში მონაწილეობა/დადგმა, საკონცერტო შესრულება, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE) და სხვ);
მ) შეფასების კრიტერიუმი – შეფასების მეთოდის საზომი ერთეული, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.

 მუხლი 2. კრედიტების განაწილება

1. კრედიტი ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ თითოეულ კომპონენტს შორის (გარდა სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისა) და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისთვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათებს.

2. სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი.

3. კონცენტრაცია შესაძლებელია აერთიანებდეს ერთი და იმავე სემესტრის ან სხვადასხვა სემესტრის სასწავლო კურსებს/საგნებს და/ან მოდულებს. მოდული შესაძლებელია აერთიანებდეს ერთი და იმავე სემესტრის ან სხვადასხვა სემესტრის სასწავლო კურსებს/საგნებს.

4. ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას 25-30 საათის განმავლობაში, რომელიც აერთიანებს როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ საათებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტის სასწავლო დატვირთვის მოცულობა 25-30 საათის ფარგლებში განსაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.

5. კრედიტების განაწილება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს შორის უნდა ეფუძნებოდეს საშუალო აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისათვის დადგენილი სწავლის შედეგისა და მიზნების მისაღწევად.

6. კრედიტის გაანგარიშებისას არ უნდა იყოს გათვალისწინებული დამატებითი გამოცდისთვის (მომზადება, ჩაბარება, შეფასება) განსაზღვრული დრო, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პირთან საკონსულტაციო დრო.

7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იმავე შინაარსის, მოცულობის, მიზნებისა და სწავლის შედეგის მქონე სასწავლო კომპონენტი ყველა პროგრამის სტუდენტისთვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს.

მუხლი 21. სასწავლო კვირა/სემესტრი/აკადემიური წელი

1. სასწავლო  კვირა  არის  დროის  პერიოდი,  რომელზეც  ნაწილდება  საშუალო  აკადემიური მიღწევის  მქონე  სტუდენტის  სასწავლო  დატვირთვა და მოიცავს როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ დროში შესასრულებელი აქტივობების ერთობლიობას.

2. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, გამოცდის/დამატებითი გამოცდის ჩატარებისა და სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების  პერიოდს.

3. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი, რაც არ აღემატება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეს.

4. ერთი აკადემიური წლის სრული დატვირთვა მოიცავს 60 (ECTS) კრედიტს.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში  აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.

6. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული ხანგრძლივობის, მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში  მოიცავს 60 (ECTS) კრედიტს. სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით შეიძლება სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში  განისაზღვროს 60-ზე მეტი კრედიტით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი ხანგრძლივობის ფარგლებში 60-ს ზევით დამატებული კრედიტების საერთო რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კრედიტს.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში შესაძლოა მოიცავდეს  30 (ECTS) კრედიტს.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სტუდენტის შეფასება სასწავლო კომპონენტში

1. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება პროგრამის სასწავლო კომპონენტში უნდა მოიცავდეს შუალედურ და დასკვნით შეფასებას.

2. შეფასების თითოეულ კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) უნდა განესაზღვროს რაოდენობრივი მაჩვენებელი (შესაძლებელია, გამოსახული იყოს პროცენტებში ან ქულებში) საბოლოო შეფასებაში.
3. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი კომპონენტის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შეფასების კომპონენტში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შეფასების მეთოდში განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გადალახვისა და ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში. 

4. შეფასების თითოეულ კომპონენტში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს. მედიცინის უმაღლესი განათლების  დარგობრივი მახასიათებლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი შესაძლებელია აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეფასების მეთოდში/მეთოდებში განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

6. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტების (გარდა კონცენტრაციისა და მოდულისა) სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.

7. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი –   91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი –   81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი –   71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი –   61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი –   51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა –   41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა –   40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკის, აგრეთვე მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გათვალისწინებით, დაადგინოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისგან განსხვავებული  მინიმალური დადებითი შეფასება, რომელიც არ უნდა იყოს 51 ქულაზე ნაკლები და 60 ქულაზე მეტი.

9. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში FX-ის მიღების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების ვერმიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დანიშნოს დამატებითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

10. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.

11. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.“.

4. 41 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:

მუხლი 42. სტუდენტის შეფასება სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, დაადგინოს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შესრულების ვადები. დისერტაცია, სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას.

2. აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად წარდგენილი სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, დისერტაცია ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი, ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომი უნდა შეფასდეს მთლიანობაში, ერთიანად - დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირების შეფასებებსა და დაცვაზე მიღებულ  შეფასებას.

3. სადოქტორო საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს, ხოლო სამაგისტრო საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - უფლებამოსილია განსაზღვროს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, დისერტაციის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის, ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის დაცვაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობები, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის პროგრესიის პერიოდულ განმავითარებელ შეფასებებს.

4. სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი ფასდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სისტემით.

5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისათვის ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.

6. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შეფასების სისტემა:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს;

ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული  შეფასების სისტემა შეუსაბამოს ქულობრივ მაჩვენებლებს.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ“   ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დაადგინოს სტუდენტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პირობები და ვადები, ხოლო მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.“.

5. მე-5 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. გარდამავალ პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგების, პროგრამის სპეციფიკისა და სტუდენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნაშრომის შესრულებისა და შეფასებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისგან განსხვავებული ვადები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნაშრომის დასრულებისათვის სტუდენტს განუსაზღვროს არაუმეტეს 2 სემესტრისა, ხოლო შეფასება უნდა დასრულდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე, შესაბამისი შიდა მარეგულირებელი აქტები შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნულ ბრძანებასთან არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი