გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/471-22
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 17/01/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/471-22
17/01/2022
ვებგვერდი, 26/01/2022
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე № 2/471-22

 

        

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2022 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ნათია შიოშვილი

 

განხილვის ფორმა  ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განმცხადებელი  შპს „ წიქარა“

წარმომადგენელი  თამარ ცაგურიშვილი, გიგა სულაქველიძე

მოთხოვნა – შპს „წიქარას“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 

 სასამართლომ გამოარკვია:

2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „წიქარას“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „წიქარას“ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „წიქარას“ საქმიანობას წარმოადგენდა საცალო-საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების გაწევა, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო ქალის, ბავშვისა და მამაკაცის ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია.

შპს „წიქარას“ არ გააჩნია უძრავი ქონება, არ ფლობს წილებს სხვა სამეწარმეო სუბიექტში, მოვალის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით მოვალეს გააჩნია მოქმედი საბანკო ანგარიშები შემდეგ საბანკო დაწესებულებებში:

სს „საქართველოს ბანკი“

სს „თიბისი ბანკი“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

სს „საქართველოს ბანკში“ მოვალის ანგარიშზე ამჟამად განთავსებულია 0 (ნული) ლარი და 0 (ნული) აშშ დოლარი;

სს „თიბისი ბანკში“ მოვალის ანგარიშზე ამჟამად განთავსებულია 0 (ნული) ლარი;

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ მოვალის ანგარიშზე ამჟამად განთავსებულია 0 (ნული) ლარი და 0 (ნული) აშშ დოლარი.

მოვალეს მოთხოვნები მესამე პირების მიმართ არ გააჩნია. 2022 წლის 12 იანვრის მდგომარეობით შპს „წიქარას“ მოძრავი ქონება არ გააჩნია.

სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „წიქარას“ მიმართ არ მიმდინარეობს. შპს „წიქარას“ მონაწილეობით მიმდინარეობს მხოლოდ ერთი საქმე სასამართლოში: მოსარჩელე შპს „წიქარა“, მოპასუხე შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო.

შპს „წიქარას“ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ – შემოსავლების სამსახური. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ აღიარებული ვალდებულება შეადგენს 34548.52 ლარს, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არაა აღიარებული და მხარეთა შორის სადავოა, შეადგენს 385449.76 ლარს.

ამჟამად, მოვალის ვალდებულების ჯამური ოდენობა 12 იანვრის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში არის 419 998.28 ლარი, საიდანაც 385449.76 არის აუღიარებელი საგადასახადო მოთხოვნა.

შპს „წიქარას“ საქმიანობას წარმოადგენდა საცალო-საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების გაწევა, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო ქალის, ბავშვისა და მამაკაცის ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია, რაც დამოკიდებული იყო ბაზრის კონიუქტურასა და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. ბოლო წლების განმავლობაში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად შეიცვალა. მოვალე ცდილობდა საკუთარი საქმიანობის გაგრძელებით დაეკმაყოფილებინა მის მიმართ არსებული კრედიტორული მოთხოვნები, თუმცა კომპანიამ უკვე 2 წელზე მეტია, რაც შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი ვალდებულებების ბოლომდე დაფარვა ვერ განხორციელდა.

ვინაიდან კომპანიის საქმიანობა შეწყვეტილია, ამჟამად საწარმოს შემოსავალი და ხარჯები არ გააჩნია. კომპანიას არ გააჩნია მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობები, აღარ ჰყავს დასაქმებულები და მისი საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა ნულის ტოლია.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1 -ლი პუნქტის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. მტკიცებულებებიდან ცხადია, რომ შპს „წიქარას“ მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, სავარაუდოა, რომ იგი ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება. მოვალეს შეჩერებული აქვს საქმიანობა და შპს „წიქარას“ მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45(6) მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს: მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას და ამ გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

კომპანიას შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესის მიმართ ინტერესი აღარ აქვს და სურს გაკოტრება. განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მოვალეს არავითარი მატერიალური თუ არამატერიალური აქტივი არ გააჩნია. ამავდროულად, მტკიცებულებათა ერთობლიობის გაანალიზების შედეგად, ცხადი ხდება, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა კრედიტორთა ინტერესებს აშკარად არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან კომპანიის რეაბილიტაციის შანსი ნულის ტოლია. უფრო მეტიც, კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა კრედიტორების ამჟამინდელ პოზიციას მიანიჭებს მეტ სამართლებრივ განსაზღვრულობას.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „წიქარას“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „წიქარას“ ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან).

სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით მოვალეს გააჩნია მოქმედი საბანკო ანგარიშები შემდეგ საბანკო დაწესებულებებში:

სს „საქართველოს ბანკი“

სს „თიბისი ბანკი“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

სს „საქართველოს ბანკში“ მოვალის ანგარიშზე ამჟამად განთავსებულია 0 (ნული) ლარი და 0 (ნული) აშშ დოლარი;

სს „თიბისი ბანკში“ მოვალის ანგარიშზე ამჟამად განთავსებულია 0 (ნული) ლარი;

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ მოვალის ანგარიშზე ამჟამად განთავსებულია 0 (ნული) ლარი და 0 (ნული) აშშ დოლარი.

შპს „წიქარას“ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ – შემოსავლების სამსახური. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ აღიარებული ვალდებულება შეადგენს 34548.52 ლარს, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არაა აღიარებული და მხარეთა შორის სადავოა, შეადგენს 385449.76 ლარს. ამჟამად, მოვალის ვალდებულების ჯამური ოდენობა 12 იანვრის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში არის 419 998.28 ლარი, საიდანაც 385449.76 არის აუღიარებელი საგადასახადო მოთხოვნა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვათ შპს „წიქარას“ (ს/კ: 432539906) წარმომადგენლებს თამარ ცაგურიშვილს და გიგა სულაქველიძეს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                                ნათია შიოშვილი