ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პერტაია საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პერტაია საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 44888/16
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 13/01/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2022
სარეგისტრაციო კოდი
44888/16
13/01/2022
ვებგვერდი, 21/04/2022
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პერტაია საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმე „პერტაია საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №44888/16)


 

სტრასბურგი

2022 წლის 13 იანვარი

 

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „პერტაია საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა შემდეგი შემადგენლობით:

ლატიფ ჰუსეინოვი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია
მატიას გაიომარი მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საქართველოს მოქალაქის, ბ-ნ რუსლან პერტაიას (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2016 წლის 29 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№44888/16);

გადაწყვეტილება, რომ ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) საჩივრების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლისა და მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(d) პუნქტების შესაბამისად;

მხარეთა დაკვირვებები;

2021 წლის 2 დეკემბრის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

 

შესავალი

1 . წინამდებარე საქმე ეხება პოლიციელების მიერ მომჩივნის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ცუდ მოპყრობას და ხელისუფლების ორგანოების წარუმატებლობას, ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება. მომჩივანმა ასევე იჩივლა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3(d) პუნქტების შესაბამისად, მისი სახელით ახალი მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს უარის შესახებ.

ფაქტები

2 . მომჩივანი დაიბადა 1976 წელს და ცხოვრობს ზუგდიდში. მას წარმოადგენდა ადვოკატი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მანამ, სანამ ეს ადვოკატი საქმეს დატოვებდა, მომჩივნის სახელით შენიშვნების წარდგენის შემდეგ.

3 . მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4 . საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როგორც ისინი წარმოდგენილია მხარეთა მიერ, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.

A.  მომჩივნის დაპატიმრება და სავარაუდო ცუდი მოპყრობა

5 . 2014 წლის 23 აგვისტოს, გამთენიის 4 საათზე, მომჩივანი დააკავეს დამამძიმებელ გარემოებაში ქურდობისთვის ეჭვის მიტანის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში, დანაშაულის ჩადენის ადგილის ახლოს. დაკავების ჩანაწერი შეიცავდა შენიშვნას, რომელშიც მითითებული იყო, რომ დაკავების დროს მომჩივანს ჰქონდა სიწითლე კანზე, მარცხენა საფეთქლის გარშემო. იმავე დღეს, დილის ათ საათზე მომჩივანი მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის. შემდგომში შედგენილი სამედიცინო ბარათის თანახმად, მას აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ტკივილი წელის არესა და მარჯვენა ხელისგულში და აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქელსა და ლოყაზე და ჭრილობები მარჯვენა ხელისგულზე. მას თავის დახურული ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მასში ასევე აღნიშნული იყო, რომ მომჩივნის თანახმად, მან დაზიანებები დაცემით და თავის ქვაზე დარტყმით მიიღო. მომჩივნის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას შედგენილი გარეგანი დათვალიერების ოქმი ასევე ადასტურებდა მრავლობითი ჭრილობებისა და სისხლჩაქცევების არსებობას სხეულსა და თავზე. ოქმში აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს არ ჰქონდა პრეტენზია და დაზიანებები მან დაკავებამდე მიიღო.

6 . 2014 წლის 25 აგვისტოს მომჩივანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან მას აწუხებდა თავის ტკივილი და გულისრევა. ჩატარდა ტომოგრაფია, მაგრამ არ გამოვლენილა ტვინის დაზიანება ან ქალასშიდა წნევა. მას სიმპტომების შესაბამისად ჩაუტარდა მკურნალობა და დროებითი დაკავების იზოლატორში დააბრუნეს.

7 . 2014 წლის 25 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან ინტერვიუში მომჩივანმა განაცხადა, რომ მას პოლიცია ცუდად მოეპყრო. გასაუბრების ჩანაწერის თანახმად, მომჩივანმა განაცხადა, რომ ოთხი პოლიციელი, რომელთაგან ერთი იდენტიფიცირებული იყო როგორც შ.კ., ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას დაკავების დროს და შემდეგ, ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას. პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე, პირი, რომელიც მომჩივანმა ამოიცნო როგორც ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსი, ლ.კ., ასევე ცუდად მოეპყრო მას აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით. მომჩივანმა განაცხადა, რომ ცუდი მოპყრობის შედეგად მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. მან ასევე განუცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ანგარიშსწორების შიშით, მან ხელი მოაწერა სხვადასხვა დოკუმენტს, რომელიც მიუთითებდა, რომ სხეულის ყველა დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებამდე. წარმომადგენელმა გასაუბრების ოქმში აღნიშნა, რომ მან შენიშნა მრავლობითი ჭრილობა და სისხლჩაქცევები მომჩივნის სხეულზე, კონკრეტულად, მის წვივებზე, მუხლებზე, მუცელსა და მკლავებზე.

8 . 2014 წლის 26 აგვისტოს მომჩივანმა გაიარა კიდევ ერთი გარეგანი დათვალიერება საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანის შემდეგ. ამის შემდეგ შედგენილმა ოქმმა დადასტურდა მისი დაზიანებები. ოქმის თანახმად, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მან დაზიანებები დაკავების დროს მიიღო.

B. მომჩივნის საქმის სასამართლოში განხილვა

9 . მომჩივანმა პირველი ინსტანციის მოსამართლის წინაშე განაცხადა საკუთარი უდანაშაულობის შესახებ. ადასტურებდა რა, რომ ის იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის ადგილის უშუალო სიახლოვეს, როდესაც დანაშაული იქნა ჩადენილი, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის არ იყო პირი, ვინც რეალურად ჩაიდინა ქურდობა.

10 . 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი ბრალდებულად ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

C.   სააპელაციო წარმოება

11 . 2014 წლის 30 დეკემბერს მომჩივანმა გაასაჩივრა მსჯავრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ამტკიცებდა რა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეცდომა დაუშვა ფაქტების შეფასებისას, როცა ის დამნაშავედ ცნო. ის ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდება ეფუძნებოდა, უმთავრესად, პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებებს, დაცვის მრავალი მოწმის მიერ მიცემული მტკიცებულებების გაუთვალისწინებლად.

12 . 2015 წლის 30 აპრილს მომჩივნის დაცვის ადვოკატმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს დაცვის ახალი მოწმის, ტ.ქ.-ის სასამართლოს წინაშე დაკითხვის მოთხოვნით. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტ.ქ.-მ აღიარა პროკურორის წინაშე, რომ სინამდვილეში ის იყო დანაშაულის ჩამდენი პირი. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მან ტ.ქ.-ს აღიარების შესახებ ცოტა ხნით ადრე გაიგო, ვიდრე წარადგენდა შესაბამის მიმართვას სასამართლოში.

13 . პროკურორი ამტკიცებდა, რომ დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებულმა მტკიცებულებებმა წამოჭრა საკითხები, რომლებიც სცილდებოდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. ის ასევე ამტკიცებდა, რომ დაცვის მხარის განცხადება შესაძლოა, ამაო ყოფილიყო, ვინაიდან შესაბამისი მოწმე დაესწრო მომჩივნის მთელ სასამართლო პროცესს და მთელი დროის განმავლობაში, როდესაც ის იჯდა სასამართლო დარბაზში, არ გამოუთქვამს ჩვენების მიცემის სურვილი სააპელაციო წარმოების გვიან ეტაპამდე.

14 . სასამართლომ დაცვის მხარის განცხადება არ დააკმაყოფილა პროცედურული საფუძვლებით. მან მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები სცდებოდა სააპელაციო განხილვის ფარგლებს და ამიტომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297(ე)-ე მუხლის შესაბამისად, რომ განეხილა ეს მტკიცებულება სააპელაციო წარმოების მოგვიანებით ეტაპზე.

15 . 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მომჩივნის მსჯავრდება.

16 . 2015 წლის 16 ივნისს მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში. ის ამტკიცებდა, რომ, მათ შორის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უარმა, გამოეძახებინა ტ.ქ. დაცვის მოწმედ, მას წაართვა შესაძლებლობა ეფექტურად განეხორციელებინა საკუთარი დაცვის უფლებები, რასაც თავისთავად მოჰყვა არასწორი მსჯავრდება. 2016 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა მომჩივნის ნასამართლობა და ის დამნაშავედ ცნო ქურდობის მცდელობაში. სასამართლომ სასჯელი უცვლელი დატოვა. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ უპასუხა მომჩივნის პრეტენზიას, ტ.ქ.-ის დაცვის მოწმის სახით დაუკითხაობის შესახებ.

17 . 2016 წლის 27 მაისს მომჩივანმა განცხადება შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების ხელახალი გახსნის მოთხოვნით, ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებების, კერძოდ, ტ.ქ.-ის აღიარების გათვალისწინებით. 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ უარყო მოთხოვნა, როგორც მიუღებელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ იყო ახალი, რადგან აღნიშნული მტკიცებულება პირველად წარმოდგენილი იყო სააპელაციო წარმოების პროცესში და შემდგომში უზენაესი სასამართლოს წინაშე საქმის განხილვისას. სასამართლომ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297(ე)-ე მუხლის შესაბამისად, ახალი მტკიცებულებების მიღება არ შეიძლება სააპელაციო წარმოების ამ ეტაპზე, თუ სადავო მტკიცებულება სცდება სააპელაციო მოთხოვნაში წამოჭრილი საკითხების სფეროს.

D.  მომჩივნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ცუდი მოპყრობის გამოძიება

18 . 2014 წლის 29 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატმა გაუგზავნა წერილი საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, დაიწყო თუ არა მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამოძიება. მან ასევე მიაწოდა მთავარ პროკურატურას მომჩივნის განცხადება, რომელშიც ეს უკანასკნელი იძლეოდა დაწვრილებით ინფორმაციას მის მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობის შესახებ. 2014 წლის 5 სექტემბრის პასუხში მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ 2014 წლის 4 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3(ბ) ნაწილის შესაბამისად (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

19 . 2014 წლის 1 სექტემბერს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ოფიციალურად დაწყებამდე გამომძიებელმა გამოჰკითხა ორი პოლიციელი, რომელმაც დააკავა მომჩივანი. ინტერვიუერი და პოლიციელები იყვნენ ერთი და იმავე პოლიციის განყოფილებიდან, გამომძიებელი კი – იგივე, ვინც ქურდობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უძღვებოდა. გასაუბრების დროს თავიანთ განცხადებებში პოლიციელებმა აღწერეს მომჩივნის დაკავების გარემოებები. მათ განაცხადეს, რომ დაკავების დროს მომჩივანს უკვე ჰქონდა სიწითლე მარცხენა საფეთქელზე და რომ მოგვიანებით მათ უზრუნველყვეს მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან მას თავის ტკივილი აწუხებდა. პოლიციელების განცხადებები, როგორც ეს გასაუბრების ჩანაწერებშია მოყვანილი, სრულიად იდენტური იყო. იმავე დღეს საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა ასევე დაკითხა იმ დროებითი დაკავების იზოლატორის ორი თანამშრომელი, სადაც დაკავების შემდეგ მოათავსეს მომჩივანი. მათ დაადასტურეს, რომ თუმცა მომჩივანს ჰქონდა შესამჩნევი გარეგნული დაზიანებები, მომჩივანმა თქვა, რომ აღნიშნული დაზიანებები მან მიიღო დაკავებამდე. გამომძიებელმა ასევე დაკითხა ექიმები, რომლებმაც გამოიკვლიეს მომჩივანი 2014 წლის 23 და 25 აგვისტოს. ორივემ დაადასტურა, რომ მათ ნახეს მომჩივნის დაზიანებები და აღნიშნეს, რომ მომჩივნის თქმით, მან ისინი მიწაზე დაცემის შედეგად მიიღო.

20 . ამასობაში, იმავე გამომძიებლის მოთხოვნით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ექსპერტმა გამოსცა ექსპერტიზის დასკვნა მომჩივნის, 2014 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული სამედიცინო ჩანაწერების ანალიზის საფუძველზე. მომჩივნის პირადი შემოწმების ჩატარების გარეშე, ექსპერტმა უბრალოდ აღნიშნა, სამედიცინო ჩანაწერებზე მითითებით, რომ მომჩივანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები და რომ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელი იყო ზოგიერთი დაზიანებების წყაროს დადგენა, ეს დაზიანებები იყო მსუბუქი ხასიათის და არ მიუყენებია ზიანი მომჩივნის ჯანმრთელობისთვის.

21 . 2014 წლის 18 სექტემბერს საქმე გადაეცა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას. 2014 წლის ოქტომბერში ახლად დანიშნულმა გამომძიებელმა დაკითხა მომჩივნის და, დედა, სოფლის მცხოვრები, რომელმაც სავარაუდოდ დაინახა მომჩივანი მისი დაკავების ღამეს, ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსი, რომელიც მომჩივანმა დაადანაშაულა მის მიმართ ცუდ მოპყრობაში, მისი მოადგილე და ორი პოლიციელი, რომელმაც ის დააკავა. ოთხივე პოლიციელმა უარყო მომჩივნის ბრალდებები. 2014 წლის 28 ოქტომბერს მომჩივანი გამოიკითხა. 2014 წლის 26 აგვისტოს საჩივარში მან დაადასტურა მოვლენების საკუთარი ვერსია, სადაც დეტალურად აღწერდა თავის დაკავებას და მომდევნო სავარაუდო ცუდ მოპყრობას.

22 . 2014 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში მომჩივანი და მისი წარმომადგენლები, სულ მცირე ექვსჯერ მაინც დაუკავშირდნენ პროკურატურას, ისინი ითხოვდნენ ინფორმაციას გამოძიების შესახებ და აკრიტიკებდნენ წინსვლის არარსებობას გამოძიების მიმდინარეობაში. 2015 წლის 3 ივნისით, 2016 წლის 4 იანვრითა და 30 ივნისით დათარიღებული წერილების თანახმად, რომელიც მომჩივანმა მიიღო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მომჩივანს, რომელსაც საქმისწარმოებისას ჰქონდა უბრალო მოწმის სტატუსი, ვერ მიაწვდიდნენ გამოძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

23 . 2018 და 2019 წლებში მომჩივნის ადვოკატები რეგულარულად წერდნენ პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღებისა და მომჩივნისთვის ოფიციალურად მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველა მათი მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

24 . გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

25 . გამოძიების ჩატარებისა და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისთვის იხილეთ საქმე „გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ([Committee], no. 40009/12 , § 35, 2019 წლის 27 ივნისი).

26 . სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც სააპელაციო წარმოების სტადიაზე მტკიცებულებების მიღებას შეეხება, შემდეგნაირად იკითხება:

მუხლი 239

„...

5. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო ...“

მუხლი 297

„სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით:

...

დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;

ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს ...“

სამართალი

I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

27 . მომჩივანი ჩიოდა, რომ პოლიციელები მას ცუდად მოეპყრნენ და რომ მისი ბრალდებების გამოძიება იყო არაადეკვატური და არაეფექტიანი. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.

A.  მისაღებობა

28 . მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივრები კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად იყო მიუღებელი, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მთავრობის თანახმად, გამოძიება აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობის, საფუძვლიანობისა და ეფექტურობის მოთხოვნებს, რაც გულისხმობდა, რომ მომჩივნის საჩივრები ნაადრევი იყო.

29 . მომჩივანი შეედავა მთავრობის მიერ გამოხატულ პროტესტს. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითებით ის ამტკიცებდა (საქმე „Mikheyev v. Russia“, no. 77617/01 , §§ 84 და 121, 2006 წლის 26 იანვარი და საქმე „Denis Vasilyev v. Russia“, no. 32704/04 , §§ 90-91, 2009 წლის 17 დეკემბერი), რომ საქმისწარმოების ხანგრძლივობა, არაეფექტიანობასთან ერთად, ათავისუფლებდა მას სადავო გამოძიების შედეგის დალოდების ვალდებულებისგან.

30 . სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის განცხადება მიუღებლობის შესახებ უნდა შეუერთდეს ამ საქმის არსებით მხარეს, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული განმცხადებლის საჩივრის არსთან, შესაბამისი ორგანოების მიერ ეფექტური გამოძიების სავარაუდო ჩაუტარებლობის შესახებ (იხ. გოგუაძის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 41, მასში შემდგომი მითითებით). სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

B. საქმის არსებითი განხილვა

1. მხარეთა წარდგინებები

31 . მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას პოლიცია ცუდად მოეპყრო დაკავების დროს, პოლიციის მანქანაში, ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას და ასევე პოლიციის განყოფილებაში. თავისი მტკიცების გასამყარებლად მან მიუთითა არსებულ სამედიცინო მტკიცებულებებზე, ასევე მოწმეების მტკიცებულებებსა და თავის დეტალურ განცხადებებზე, რომლებიც მისცა იყო მისი საქმის სასამართლო განხილვისა და გამოძიების მსვლელობისას. მთავრობის განცხადებების საპასუხოდ მან განაცხადა, რომ 2014 წლის 25 აგვისტომდე მას ეშინოდა თავისი პრეტენზიების გამოხატვის, რადგან იმყოფებოდა პოლიციელების კონტროლის ქვეშ, რომლებიც მას ცუდად მოეპყრნენ.

32 . რაც შეეხება გამოძიებას, მომჩივანმა განაცხადა, რომ მას ძირს უთხრიდა ის ფაქტი, რომ თავდაპირველი საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა ზუგდიდის პოლიციის იმავე განყოფილებამ, რომლის თანამშრომლებსაც ის ადანაშაულებდა მის მიმართ ცუდ მოპყრობაში. გარდა ამისა, გამოძიება შეჩერებული იყო 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 10 ივლისამდე ყოველგვარი დამაჯერებელი ახსნა-განმარტების გარეშე. ასევე, არ განხორციელებულა რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიება, როგორიცაა განსახილველი ინციდენტის ორი თვითმხილველის დაკითხვა და სასწრაფო დახმარების ექიმების დაკითხვა, რომლებმაც მომჩივანი დაკავებიდან მალევე გასინჯეს. დაბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომჩივნისთვის არ მიუნიჭებიათ მსხვერპლის სტატუსი შესაბამის საქმისწარმოებაში, რამაც მას წაართვა საქმის საგამოძიებო მასალებზე წვდომის ან თუნდაც, უბრალოდ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

33 . მთავრობა ამტკიცებდა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ნაადრევი იყო რაიმე წარდგინების გაკეთება ბრალდებებთან დაკავშირებით, კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის შესაბამისად. რაც შეეხება თავად გამოძიებას, მან განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ დაიწყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივანმა პირველად მხოლოდ 2014 წლის 25 აგვისტოს გააჟღერა თავისი პრეტენზიები. განხორციელდა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, პოლიციელების დაკითხვა, რომლებთანაც შეხება ჰქონდა მომჩივანს და მისი დაკავების ან/და ცუდი მოპყრობის შესაძლო თვითმხილველების დაკითხვა. ვინაიდან შესაბამის დღემდე არ ყოფილა მოპოვებული მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობის პირდაპირი მტკიცებულება, მთავრობის თანახმად, შეუძლებელი იყო მისთვის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება. საქმისწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მან სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითებით განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ორგანოების კეთილსინდისიერების ან კეთილი ნების არარსებობა არ ყოფილა დადგენილი, ვერ დადგინდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურების გამო.

2. სასამართლოს შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

34 . შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლომ შეაჯამა საქმეში „Bouyid v. Belgium“ ([GC], no. 23380/09, §§ 81-88, 100-01 და 114‑23, ECHR 2015; იხ. ასევე საქმე „El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia“ [GC], no. 39630/09 , §§ 151-53 და 182-85, ECHR 2012 და საქმე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, no. 18996/06 , §§ 69-72, 2012 წლის 9 ოქტომბერი).

(b)  აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ

35 . სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მთავრობის წარმოდგენილი ამოუწურაობის არგუმენტის გათვალისწინებით, პირველ რიგში განიხილოს მომჩივნის საჩივარი გამოძიების არაეფექტიანობასთან დაკავშირებით.

(i)  საჩივრის პროცედურული ასპექტი

36 . სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნის ბრალდებები ცუდი მოპყრობის შესახებ, როგორც ეს მითითებულია მის საჩივრებში, რომლებიც წარდგენილი იქნა ეროვნულ ორგანოებში და გამყარებული იყო სამედიცინო მტკიცებულებებით, იყო საკამათო (იხ. პარაგრაფები 5 -8 ზემოთ; აგრეთვე იხილეთ პარაგრაფი 41 ქვემოთ). გარდა ამისა, მომჩივნის ბრალდებები იყო საკმარისად სერიოზული იმ სიმძიმის დონის მისაღწევად, რომელიც საჭიროა კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროს ფარგლებში მოსაქცევად (იქვე). ამგვარად, ხელისუფლების ორგანოები ვალდებული იყვნენ, ჩაეტარებინათ ეფექტური ოფიციალური გამოძიება.

37 . რაც შეეხება გამოძიებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიების შესახებ, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა განახორციელა მიმდინარე გამოძიების განმავლობაში, მან ვერ წარმოადგინა რაიმე ახსნა-განმარტება 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 10 ივლისამდე საქმისწარმოების თითქმის ოთხი წლით შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობის გამოძიება უკვე შვიდ წელზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობას სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე ახსნა-განმარტება არც აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც უკვე ხაზი გაუსვა სასამართლომ წინა შემთხვევებში, შესაძლებელია, რომ არსებობდეს შეფერხებები და სირთულეები, რომელიც ხელს უშლის გამოძიების წინსვლას კონკრეტულ გარემოებაში, ცუდი მოპყრობის ბრალდებების გამოსაძიებლად ხელისუფლების ორგანოების სწრაფი რეაგირება, ზოგადად, შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვნად, კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და უკანონო ქმედებებში შეთქმულების ან მათ მიმართ შემწყნარებლობის აღკვეთის მიზნით (იხ. სხვა წყაროებს შორის, საქმე „Mocanu and Others v. Romania“ [GC], nos. 10865/09 და 2 სხვა, § 323, ECHR 2014 (ამონარიდები) და Bouyid-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 133).

38 . მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დღემდე განხორციელებული თითოეული და ყველა საგამოძიებო ღონისძიების არსში ჩაღრმავების გარეშე, სასამართლო უბრალოდ აღნიშნავს შემდეგს: გამოძიების თითქმის შვიდი წლის განმავლობაში შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს, წარმოედგინათ მომჩივნის დაზიანებების მიზეზების თანმიმდევრული და გონივრული ალტერნატიული ახსნა. სასამართლოს წინაშე საქმის განხილვისას მთავრობამ მიუთითა მომჩივნის დაკავების შესახებ ოქმში გაკეთებულ შენიშვნებზე, ისევე როგორც თავდაპირველ სამედიცინო ჩანაწერებზე, რომლებშიც ის აცხადებდა, რომ დაზიანებები მიწაზე დაცემით მიიღო. იმ ფაქტსაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები შედგენილი იყო ადვოკატის დასწრების გარეშე და როგორც მომჩივანი ამტკიცებს, როცა ის იმყოფებოდა იმავე პოლიციელების კონტროლის ქვეშ, რომლებიც მას ცუდად მოეპყრნენ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ახსნას სხვადასხვა სახის დაზიანების სიმძიმე. სასამართლოს არ შეუძლია ამასთან დაკავშირებით არ აღნიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევის ორგანიზება, რათა სრულად შეეფასებინათ მისთვის მიყენებული დაზიანებების მასშტაბები და სიმძიმე და დაედგინათ მათი წყარო. ყველა სამედიცინო შემოწმება, რომელიც მომჩივანმა გაიარა, იყო მხოლოდ გარეგანი (იხ. პარაგრაფები 5-6 და 8 ზემოთ), ხოლო გამომძიებლის მიერ დაკვეთილი ე.წ. სასამართლო ექსპერტიზა შემოიფარგლებოდა მისი ერთ-ერთი სამედიცინო ჩანაწერის უბრალო ანალიზით (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ). ამგვარად, მთავრობამ ვერ შეძლო სარწმუნო არგუმენტების წარმოდგენა „ერთი შეხედვით“ მტკიცებულების გასაქარწყლებლად, იმ გარემოებებთან მიმართებით, რომლის დროსაც მომჩივანმა მიიღო ეს დაზიანებები (იხ. საქმე „Arkania v. Georgia“ [Committee], no. 2625/12, § 45, 2020 წლის 25 ივნისი).

39 . დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო, წარმოედგინა რაიმე დამაჯერებელი მიზეზი საქმისწარმოების ხანგრძლივობის გასამართლებლად (იხ. საქმე „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ [Committee], no. 2316/09, § 31, 2019 წლის 17 იანვარი). წინამდებარე საქმის წარმოების გაუმართლებელმა საერთო ხანგრძლივობამ, განსაკუთრებით 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 10 ივლისამდე საქმისწარმოების აუხსნელმა, თითქმის ოთხწლიანმა შეჩერებამ, მნიშვნელოვნად შელახა გამოძიების ეფექტურობა (იხ. გოგუაძის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 52, მასში შემდგომი მითითებით). გარდა ამისა, შესაბამისი ორგანოების წარუმატებლობა, დამაჯერებლად და გონივრულად აეხსნათ მომჩივნის დაზიანებების წყარო მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ, აჩენს კითხვებს საქმისწარმოების მთლიან მიზანთან დაკავშირებით. დაბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომჩივანს არ მიეცა უფლება, მონაწილეობა მიეღო სისხლის სამართლის გამოძიებაში რაიმე მნიშვნელოვანი გზით, ვინაიდან მას არაერთხელ უთხრეს უარი მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, მიუხედავად მისი მრავალი მოთხოვნისა (იხ. საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7224/11, § 39, 2020 წლის 8 ოქტომბერი, მასში შემდგომი მითითებით). ამრიგად, სასამართლო ასკვნის, რომ გამოძიება არაეფექტური იყო კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის. ამ მიზეზების გამო, ის არ მიიჩნევს, რომ აუცილებელი იყო, მომჩივანი დალოდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებას სასამართლოში თავისი საჩივრის შეტანამდე, რადგან მისი დასრულება ვერანაირად ვერ გამოასწორებდა საერთო დაგვიანებას. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პროტესტს დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობასთან დაკავშირებით და ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, მისი პროცედურული ასპექტის შესაბამისად.

(ii)  საჩივრის არსებითი ასპექტი

40 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ შესაბამისი გარემოებების აღწერა, რომლებიც დაკავშირებული იყო მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ცუდ მოპყრობასთან, იყო დეტალური და თანმიმდევრული შესაბამისი საქმისწარმოების დასაწყისიდან და მისი მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ის მოიცავდა თანმიმდევრულ ინფორმაციას მოპყრობის დროისა და ადგილის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობოდნენ მას და იმ პირთა სახელებს, ვინც, სავარაუდოდ, დაუქვემდებარა ის აღნიშნულ ცუდ მოპყრობას. ასევე არსებობს სხვა შესაბამისი ფაქტორები, რომლებიც ადასტურებს მის მონათხრობს, როგორიცაა სამედიცინო მტკიცებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა (იხ. პარაგრაფები 5 -6 და 8 ზემოთ). ასეთ გარემოებებში სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის მონათხრობი საკმარისად დამაჯერებელია და რომ მისი ბრალდებები ამ მუხლის შესაბამისად დადგენილია გონივრულ ეჭვის მიღმა. მთავრობამ, როგორც ზემოთ უკვე გამოტანილია დასკვნა, ვერ წარუდგინა სასამართლოს მოვლენების განვითარების საკუთარი, დამაჯერებელი ვერსია (იხ. პარაგრაფი 38 ზემოთ). გასარკვევი დარჩა, დაარღვია თუ არა მოპყრობამ, რომელსაც მომჩივანი დაექვემდებარა, მისი უფლებები კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად.

41 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს მიყენებული ჰქონდა მრავალი დაზიანება სახესა და სხეულზე და მას ასევე მიღებული ჰქონდა თავის დაზიანება. ეს დაზიანებები აღწერილი იყო სამედიცინო ჩანაწერებში, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო საგამოძიებო ორგანოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მომჩივნის დაზიანებების ხასიათისა და სიმძიმის მაჩვენებელი რაიმე გადამწყვეტი მტკიცებულება, როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, მტკიცებულებითი სიტუაცია წინამდებარე საქმეში მომჩივნის მტკიცებების არასრულფასოვანი გამოძიების შედეგია (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ). ითვალისწინებს რა, საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებსა და მომჩივნის დეტალურ და თანმიმდევრულ აღწერას იმ ცუდი მოპყრობისა, რომელსაც ის უჩიოდა, სასამართლო ადგენს, რომ ეს დაზიანებები იყო ცუდი მოპყრობის შედეგი, რომელსაც ის დაექვემდებარა პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის დროს. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, მის არსებით ასპექტთან მიმართებითაც.

II. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(d) პუნქტების სავარაუდო დარღვევა

42 . მომჩივანი ჩიოდა, რომ დაირღვა მისი შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო განხილვისა და მხარეთა თანასწორობის უფლებები, რადგან სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა მისი სახელით მოწმის გამოძახებაზე. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3(d) პუნქტებს, რომლებიც იკითხება შემდეგნაირად:

„1. ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ.

3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

...

d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში; ...“

A.  მისაღებობა

43 . მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი, ამ მუხლის შესაბამისად, იყო მიუღებელი, როგორც ვადის დარღვევით შეტანილი, რადგან მას უკვე მიღებული ჰქონდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 9 იანვარს, ხოლო საჩივარი სასამართლოში მხოლოდ 2016 წლის 29 ივლისს შეიტანა, ექვსთვიანი ვადის გასვლიდან ოცი დღის შემდეგ. ამ არგუმენტის განსამტკიცებლად მან მიაწოდა სასამართლოს დოკუმენტის ასლი, რომელზეც სავარაუდოდ იყო მომჩივნის ხელმოწერა, სადაც ის ადასტურებდა, რომ მას ჩაჰბარდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წლის 9 იანვარს, როდესაც ის ციხეში იმყოფებოდა.

44 . მომჩივანმა უარყო მისი ხელმოწერის ნამდვილობა შესაბამის დოკუმენტზე. აღნიშნა, რომ მან მოითხოვა წვდომა დოკუმენტის დედანზე, რათა შეემოწმებინა მისი ხელმოწერის ნამდვილობა, მაგრამ მისი მცდელობები ამაო იყო; ციხის შესაბამისი ორგანოები და ზუგდიდის რაიონული სასამართლო – ორივე ამტკიცებდა, რომ მისი პირადი საქმის მასალებში არ იყო დოკუმენტის დედანი.

45 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენა შესაბამის დოკუმენტზე მისი ხელმოწერის უტყუარობა. მიუხედავად მისი განმეორებითი მცდელობებისა, მას არ მიეცა საშუალება, რომ მოეპოვებინა შესაბამისი დოკუმენტის დედანი, რათა ჩაეტარებინა სასამართლო ექსპერტიზა. ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანს გადასცეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის ადვოკატს ჩაჰბარდა უზენაესი სასამართლოს სრული წერილობითი გადაწყვეტილება, მომჩივანმა შეეძლო, რომ გაცნობოდა შინაარსს, კერძოდ, შიდა საბოლოო გადაწყვეტილების დასაბუთებას (შეადარეთ, საქმე „Piotrowski v. Poland“ (dec.) [Committee], no. 8923/12, §§ 34-35, 2016 წლის 22 ნოემბერი; იხ. ასევე საქმე „Piętka v. Poland“, no. 34216/07, § 45, 2012 წლის 16 ოქტომბერი და საქმე „Sławiński v. Poland“ [Committee], no. 61039/16, § 25, 2021 წლის 15 აპრილი, მასში შემდგომი მითითებებით; იხ. ასევე საქმე „Worm v. Austria“, 1997 წლის 29 აგვისტო, § 33, Reports of Judgments and Decisions 1997‑V). უზენაესი სასამართლოს იურისდიქციის ხასიათის გათვალისწინებით, რომ განხილული უნდა იქნეს სასამართლო პროცესის პროცედურული სამართლიანობა, მომჩივანს შეეძლო ჰქონოდა და უნდა ჰქონოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მოლოდინი შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დარღვევის საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სახელით მოწმის გამოძახების უარის გამო. შესაბამისად, სწორედაც 2016 წლის 4 თებერვლიდან, თარიღიდან, როდესაც მომჩივნის ადვოკატს ჩაჰბარდა წერილობითი გადაწყვეტილების სრული ასლი, დაიწყო ექვსთვიანი ვადის ათვლა. ვინაიდან მომჩივანმა მისი საჩივარი სასამართლოში 2016 წლის 29 ივლისს მიიტანა, მთავრობის პრეტენზია აღნიშნულის თაობაზე უარყოფილი უნდა იქნეს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

B.  საქმის არსებითი განხილვა

1.  მხარეთა წარდგინებები

46 . მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა ტ.ქ.-ის მისი სახელით გამოკითხვასთან დაკავშირებით, იყო მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა და არღვევდა მის უფლებებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(d) პუნქტების შესაბამისად. მან განაცხადა, რომ შედეგად მას ხელი შეეშალა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაში.

47 . მთავრობამ განაცხადა, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა, ტ.ქ.-ის გამოკითხვასთან დაკავშირებით, არ იყო საკმარისად დასაბუთებული და რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ტ.ქ.-ის ჩვენება ვერ მოახდენდა რაიმე გადამწყვეტ ზემოქმედებას საქმისწარმოების შედეგზე. ის ამტკიცებდა, რომ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება, რომ მომჩივანმა ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული და რომ ტ.ქ.-ის აღიარება არ გამორიცხავდა დანაშაულში მომჩივნის მონაწილეობას. მან ასევე დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297(ე)-ე მუხლი უკრძალავდა ამ უკანასკნელს ტ.ქ.-ის აღიარებითი ჩვენების განხილვას, რადგან ის სცდება მისი საჩივრის ფარგლებს.

2.  სასამართლოს შეფასება

(a)  ზოგადი პრინციპები

48 . შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში „Murtazaliyeva v. Russia“ ([GC] no. 36658/05, §§ 160-68, 2018 წლის 18 დეკემბერი; იხ. ასევე საქმე „ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (no. 17716/08, §§ 59-61, 2018 წლის 7 ივნისი, მასში შემდგომი მითითებებით).

(b)  აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ

49 . მთავრობის პირველ არგუმენტთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ განიხილა მომჩივნის განცხადების არსებითი მხარე ტ.ქ.-ის გამოკითხვასთან დაკავშირებით და დაცვის მხარისთვის ამ პოტენციური მტკიცებულების შესაბამისობისა და მნიშვნელობის განხილვის გარეშე, უარყო ის წმინდად პროცედურული საფუძვლებით. შესაბამისად, სასამართლო არ თვლის საჭიროდ, დეტალურად განიხილოს სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მთავრობის პირველი არგუმენტი.

50 . სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ ბრალდებულის მოთხოვნა მოწმეების გამოკითხვის შესახებ არ არის შეურაცხმყოფელი, საკმარისად დასაბუთებულია, კავშირშია ბრალდების საგანთან და შეიძლება, რომ გაამყაროს დაცვის მხარის პოზიცია ან თუნდაც გამოიწვიოს ბრალდებულის გამართლება, ეროვნულმა ორგანოებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი მიზეზები ასეთი მოთხოვნის უარსაყოფად (იხ., მრავალ სხვა წყაროთა შორის, საქმე „Topić v. Croatia“, no. 51355/10, § 42, 2013 წლის 10 ოქტომბერი). წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ პროცედურული საფუძვლებით არ დააკმაყოფილა მომჩივნის განცხადება ტ.ქ.-ის გამოკითხვის შესახებ, დაასკვნა რა, რომ ეს არის ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება, რომელიც სცდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297(ე)-ე მუხლის შესაბამისად და რომლის განხილვის შესაძლებლობა სასამართლოს არ ჰქონდა სააპელაციო წარმოების მოგვიანებით ეტაპზე. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია, არ აღნიშნოს, რომ მომჩივნის დაცვის ხაზი თავიდანვე მდგომარეობდა იმაში, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული. სწორედ ეს არგუმენტი წარადგინა მან თავის სააპელაციო საჩივარში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე. ასეთ გარემოებებში სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ სცდებოდა მოწმის დაკითხვა, რომელმაც სავარაუდოდ აღიარა იმავე დანაშაულის ჩადენა, „სააპელაციო საჩივარში წამოჭრილი საკითხების ფარგლებს“. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: მომჩივანი გასამართლებული იქნა ქურდობისთვის; დაკავების დროიდან მოყოლებული ის მუდმივად ამტკიცებდა, რომ ის არ იყო ქურდობის ჩამდენი პირი; ეს იყო მისი დაცვის ერთადერთი ხაზი და მოითხოვდა მოწმის სასამართლოში დაკითხვას, რომელმაც აღიარა იმავე ქურდობის ჩადენა. ეჭვგარეშეა, რომ მისი განცხადება ამ მხრივ იყო საკმარისად დასაბუთებული, ბრალდების საგანთან შესაბამისი და შესაძლოა, რომ გამოეწვია მომჩივნის გამართლებაც კი (იხ. ქართველიშვილის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 61, მასში შემდგომი მითითებებით; იხ. ასევე საქმე „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 49284/09, § 27, 2019 წლის 17 იანვარი და შეუპირისპირეთ საქმეს „Dorokhov v. Russia“, no. 66802/01 , § 74, 2008 წლის 14 თებერვალი). რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს იმის შესახებ, რომ მტკიცებულებები დაგვიანებით იქნა წარდგენილი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297(დ)-ე მუხლის თანახმად, მხარის მიმართვა, რომელიც ცდილობს ახალი მტკიცებულებების წარდგენას სააპელაციო წარმოებაში, უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მხარეს შეუძლია აჩვენოს, რომ (i) მტკიცებულებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მისი საქმის დასამტკიცებლად და (ii) შეუძლებელი იყო მტკიცებულებების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ). სასამართლოს აზრით, მომჩივნის განცხადება, თუნდაც მოკლედ დასაბუთებული, აკმაყოფილებდა ზემოთ მოცემულ ორ წინაპირობას. უზენაესმა სასამართლომ, თავის მხრივ, უბრალოდ უგულებელყო ეს პროცედურული საკითხი და არ განიხილა ის თავის გადაწყვეტილებაში.

51 . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ მიიღებს მთავრობის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მომჩივნის პროცედურული საჩივარი, მისი სახელით მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით, განხილული იყო სამართლიანად. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მყარი მამხილებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელზედაც დამყარებული იყო მომჩივნის მსჯავრდება, სასამართლოში ამ მოწმის დაკითხვაზე უარს არ ჰქონია საზიანო გავლენა საქმისწარმოების მთლიან სამართლიანობაზე. მამხილებელი მტკიცებულებების შეფასების გარეშე სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, მარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საკუთარი თავის დასაცავად, წარედგინა ეროვნულ სასამართლოებში მტკიცებულებები, რომლებსაც შეეძლო მისი გამართლება. მისთვის, პროცედურულად ხარვეზიანი გზით (იხ. სასამართლოს დასკვნა წინა პარაგრაფში), აღნიშნულში ხელის შეშლით ეროვნულმა სასამართლოებმა ჩააყენეს მომჩივანი არახელსაყრელ მდგომარეობაში ბრალდებასთან პირისპირ. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში ადგილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(d) პუნქტების დარღვევას.

III.  კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

52 . კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“.

53 . მომჩივანმა მოითხოვა 12 000 ევრო მორალურ ზიანთან დაკავშირებით.

54 . მთავრობამ განაცხადა, რომ თანხასთან დაკავშირებით, მოთხოვნა იყო არაგონივრული და გადაჭარბებული.

55 . სასამართლო აკუთვნებს მომჩივანს 12 000 ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.

56 . სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი საპროცენტო პუნქტი.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს , რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, მის პროცედურულ ასპექტში;

3.  ადგენს , რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, მის არსებით ასპექტში;

4.  ადგენს , რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(d) პუნქტები;

5.  ადგენს,

(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მომჩივანს 12 000 ევრო (თორმეტი ათასი ევრო), რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება იყოს გადასახდელი მორალურ ზიანთან დაკავშირებით;

(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2022 წლის 13 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

              მარტინა კელერი                                           ლატიფ ჰუსეინოვი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                 თავმჯდომარე