ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 73204/13;74959/13
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 16/03/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2022
სარეგისტრაციო კოდი
73204/13;74959/13
16/03/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 
 
 

 

  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

გადაწყვეტილება

 

მეხუთე სექცია

საქმე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივრები №73204/13 და №74959/13).

 

 

 

 

მე-3 მუხლი და მე-11 მუხლი (+ მე-14 მუხლი) • პოზიტიური ვალდებულებები • დამამცირებელი მოპყრობა • ეფექტური გამოძიება • მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება • დისკრიმინაცია • სახელმწიფოს წარუმატებლობა, მიეღო ოპერატიული აღმკვეთი ზომები მომჩივნების ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური ძალადობისგან დასაცავად, ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად და ლგბტ აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად • ოფიციალური ფარული თანხმობის, წაქეზებისა და ცრურწმენებით მოტივირებულ ინდივიდუალურ ქმედებებში აქტიური მონაწილეობის ნიშნები


სტრასბურგი

2021 წლის 16 დეკემბერი

საბოლოო გახდა

16/03/2022

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

იგი შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.


საქმე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

          სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,
          განნა იუდკივსკა,
          იოვან ილიევსკი,
          ლადო ჭანტურია,
          ივანა ჯელიჩი,
          არნფინ ბარდსენი,
           მატიას გაიომარი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

თანდართულ ცხრილში მითითებული, საქართველოს ოცდათხუთმეტი მოქალაქისა (შემდგომში „ინდივიდუალური მომჩივნები“) და ორი იურიდიული პირის (შემდგომში „მომჩივანი ასოციაციები“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში 2013 წლის 15 დაб შესაბამისად, 16 ნოემბერს შეტანილი საჩივრები №73204/13 და №74959/13 საქართველოს წინააღმდეგ;

გადაწყვეტილება, რომ ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) საჩივრების შესახებ კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად და საჩივრების დანარჩენი ნაწილის მიუღებლად გამოცხადების შესახებ;

მხარეთა დაკვირვებები;

2021 წლის 23 ნოემბრის დახურული თათბირის შემდეგ

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. წინამდებარე ორი საქმე ეხება მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო წარუმატებლობას, დაეცვა მომჩივნების საჯარო აქცია კონტრდემონსტრანტების მხრიდან ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური ძალადობრივი ქმედებებისგან და ჩაეტარებინა ინციდენტის ეფექტური გამოძიება. მომჩივნები დაეყრდნნენ კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-14 მუხლებს.

ფაქტობრივი გარემოებები

2. მომჩივნების ვინაობა და მათი დაბადების/იურიდიულ პირებად რეგისტრაციის თარიღები მოცემულია დანართში. ოცდათხუთმეტივე ინდივიდუალური მომჩივანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი მომჩივანი ასოციაცია რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მომჩივანი ასოციაციები (მომჩივნები №1 და №17) ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც შეიქმნა საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით. ინდივიდუალური მომჩივნები არიან ან მომჩივანი გაერთიანებების პერსონალის წევრები, ან ლგბტ თემის წევრები და მხარდამჭერები.

4. თექვსმეტ მომჩივანს, რომლებმაც წარადგინეს საჩივარი №73204/13, წარმოადგენდა სამი ქართველი ადვოკატი (ქ-ნი თ. აბაზაძე, ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე და ქ-ნი ც. რატიანი) და სამი ბრიტანელი ადვოკატი (ბ-ნი ფ. ლიჩი, ქ-ნი ჯ. ევანსი და ქ-ნი ჯ. გავრონი).

5. ოცდაერთ მომჩივანს, რომლებმაც წარადგინეს საჩივარი №74959/13, წარმოადგენდა ოთხი ქართველი ადვოკატი (ბ-ნი ლ. ასათიანი, ქ-ნი ნ. ბოლქვაძე, ქ-ნი თ. აბაზაძე და ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე).

6. მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ლ. მესხორაძე.

7. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როგორც ისინი წარმოდგენილია მხარეთა მიერ, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.

  1. 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიანი მანიფესტაცია
    1. წინასწარი შეთანხმებები

8. 2013 წლის 24 აპრილსა და 1 მაისს ორმა მომჩივანმა ასოციაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, გაემართათ მშვიდობიანი საჯარო აქცია 2013 წლის 17 მაისს თბილისის ცენტრში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდებოდა ჩუმი, ოცწუთიანი ფლეშმობის ფორმით ((შემდგომში „აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება“). ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ღონისძიება რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე, ჩატარდებოდა და მონაწილეობას დაახლოებით ორმოცდაათამდე ადამიანი მიიღებდა. რადიკალური ჯგუფების მიერ წინა წელს ჩატარებული მსგავსი ღონისძიების დროს ჩადენილი ძალადობის გათვალისწინებით (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №73235/12, §§ 10-19, 2015 წლის 12 მაისი), მომჩივანმა ასოციაციებმა სთხოვეს სამინისტროს, რომ მათ დაეთმოთ მეტი დრო და ენერგია მომავალი ღონისძიების ეფექტიანი გეგმის შესამუშავებლად, საჯარო აქციის შესაძლო ძალადობისგან დასაცავად.

9. 2013 წლის 9 მაისს მომჩივანმა ასოციაციებმა აცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა იდენტიფიცირებადი პირის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული სერიოზული მუქარების შესახებ. მუქარები, ორი მომჩივანი ასოციაციის პერსონალის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ, გამიზნული იყო ორგანიზატორების გადასარწმუნებლად, რომ მათ აღარ ჩაეტარებინათ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

10. 2013 წლის 13 მაისს სხვადასხვა მედიაწყარომ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ულტრაკონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირი გეგმავდა კონტრდემონსტრაციის გამართვას 2013 წლის 17 მაისს, რათა მოეთხოვათ „სექსუალური უმცირესობების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის“ აკრძალვა. კონტრდემონსტრაციას ძირითადად აწყობდა სამი იდენტიფიცირებადი პირი: გ.გ. – არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი, ე.მ. – „საქართველოს ეროვნული ფრონტის“ პრეზიდენტი და მამა ჯ. – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირი.

11. იმავე დღეს გ.გ.-მ ოფიციალურად აცნობა თბილისის მერიას საორგანიზაციო კომიტეტის განზრახვის შესახებ – რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე (იმავე ადგილზე, რომელიც მომჩივანმა ასოციაციებმა მანამდე შეარჩია აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩასატარებლად, იხ. პარაგრაფი 8) გამართულიყო „ლოცვის აქცია“. შეტყობინებაში განცხადებული იყო, რომ ლოცვის აქციაში მონაწილეობას მიიღებდნენ თბილისის სხვადასხვა ეკლესიის მღვდლები და მრევლი.

12. გარდა ამისა, სხვადასხვა ეროვნულ გაზეთში გამოქვეყნდა რამდენიმე ინტერვიუ მღვდლებთან, სადაც რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის, მამა ჯ., ღიად და განმეორებით აცხადებდა, რომ „ლოცვის აქციის“ მიზანი იყო აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების აღკვეთა. გარდა ამისა, მომავალი კონტრდემონსტრაციის რამდენიმე სხვა მკაფიოდ იდენტიფიცირებადმა მონაწილემ სოციალურ მედიაში გააძლიერა სიძულვილის ენის კამპანია, რომელიც მიმართული იყო ორი მომჩივანი ასოციაციის პერსონალის წევრებზე. სხვადასხვა ეროვნული გაზეთი და სოციალური მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმ დროს, რომ მოსალოდნელი იყო, „ათასობით ადამიანი“ შეერთებოდა „ლოცვის აქციას“.

13. 2013 წლის 13 და 15 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გამართეს შეხვედრები ორ მომჩივან ასოციაციასთან, რომლებიც აწყობდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ორგანიზატორების შეშფოთების საპასუხოდ, რომ არსებობდა კონტრდემონსტრაციის მონაწილეების მხრიდან მათი დემონსტრაციის მონაწილეებზე თავდასხმის მაღალი რისკი, ანუ „ლოცვის აქცია“, შეხვედრების დროს სამინისტროს თანამდებობის პირებმა გასცეს ოფიციალურ გარანტია, რომ არ დაიშურებდნენ არანაირ ძალისხმევას აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ყველა მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დაკონკრეტებული იყო, რომ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილება იქნებოდა პასუხისმგებელი აღნიშნულთან დაკავშირებული უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებაზე. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაზვერვის უკანასკნელი ინფორმაციის შესაბამისად, კონტრდემონსტრაციაში მონაწილეობას 10 000-ზე მეტი ადამიანი გეგმავდა. ამიტომ, სამინისტრომ შესთავაზა მომჩივან ასოციაციებს, გადაეტანათ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოფილი პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, პუშკინის სკვერში, რათა თავიდან აეცილებინათ უშუალო დაპირისპირება კონტრდემონსტრანტებთან. მან გასცა პირობა, რომ საკმარის სამუშაო ძალას განათავსებდა მოვლენების განვითარების ადგილზე და ძლიერ საპოლიციო კორდონებს შექმნიდა ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის. აღნიშნულმა ორმა მომჩივანმა ასოციაციამ სამინისტროს შემოთავაზება მიიღო.

14. აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 2000 პოლიციელი გამოიყვანა, რომლებსაც ევალებოდათ კორდონების შექმნა, რომლითაც გამოაცალკევებდნენ პუშკინის სკვერს, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ მომჩივნები, ყველა იმ ქუჩისაგან, რომელიც მიდიოდა მიმდებარე რუსთაველის გამზირისაკენ, სადაც უნდა ჩატარებულიყო „ლოცვის აქცია“ (იხ. პარაგრაფი 16 ქვემოთ).

  1. ინციდენტი პუშკინის სკვერში

15. სასულიერო პირებმა, მათმა მრევლმა და „ლოცვის აქციის“ სხვა მონაწილეებმა ჯერ კიდევ 2013 წლის 16 მაისის საღამოს დაიწყეს შეკრება ყოფილი პარლამენტის შენობის გარეთ. უკვე 2013 წლის 17 მაისის ადრეულ ნაშუადღევს დაახლოებით 35 000-დან 40 000-მდე კონტრდემონსტრანტი იყო იქ.

16. 2013 წლის 17 მაისს, დაახლოებით შუადღის 12 საათზე აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებმა დაიწყეს შეგროვება პუშკინის სკვერში. როდესაც დაინახეს კონტრდემონსტრანტთა უზარმაზარი და აგრესიული ბრბო მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, რომელთაგანაც მათ მხოლოდ მოხსნადი ლითონის ღობეები და უიარაღო და აღუჭურველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თხელი კორდონი აშორებდა, მოსულ ლგბტ დემონსტრანტებს გაუჩნდათ სერიოზული ეჭვი თავიანთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კონტრდემონსტრანტები ჰომოფობიურ შეურაცხყოფებს სკანდირებდნენ და ფიზიკური ძალადობით იმუქრებოდნენ. არანაირი სპეცრაზმი არ ჩანდა.

17. მომჩივნებმა, შემდეგი ნომრებით: 15, 19, 21-23, 25, 29, 31-33, 35 და 37 (შემდგომში „თორმეტი ინდივიდუალური მომჩივნისგან შემდგარი ჯგუფი“), რომლებიც პირველები მივიდნენ პუშკინის სკვერში შუადღის 12 საათზე, გადაწყვიტეს, რომ დალოდებოდნენ 12:45 საათამდე, რათა ყველა დანარჩენი მონაწილე შეერთებოდა მათ, ვიდრე დაიწყებდნენ ფლეშმობს. დანარჩენი ოცდასამი ინდივიდუალური მომჩივანი ამ დროს იმყოფებოდა პუშკინის სკვერის გარეთ, ან პოლიციის კორდონების მეორე მხარეს, კონტრდემონსტრანტებს შორის, ან კიდევ სხვაგან.

18. რაღაც მომენტში, დღის 12:30-დან 12:40 საათამდე დროის შუალედში სასულიერო პირების ჯგუფმა გაიარა პოლიციის კორდონები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრის მოადგილე გ.ზ.-სთან შესახვედრად. ისინი ყველანი იდგნენ პუშკინის სკვერში, ზემოაღნიშნულ, თორმეტი ინდივიდუალური მომჩივნისგან შემდგარ ჯგუფთან ახლოს. როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული, მოლაპარაკებების ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, ეს უკანასკნელნი მოუწოდებდნენ პოლიციას „ლოცვის აქციის“ მონაწილეების სახელით, არ დაეშვათ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება, რადგან ეს გამოიწვევდა შეტაკებას კონტრდემონსტრანტებთან. ჩანაწერში ისმის, თუ როგორ იმეორებს ზოგი მღვდელი, რომ „შეიძლება ხალხი მოკვდეს“, ასევე ისმის, თუ როგორ ეუბნება მღვდელი, რომელიც მომჩივნებმა ამოიცნეს, როგორც მამა ე., მინისტრის მოადგილეს, რომ თუ პოლიცია ეცდება აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა დაცვას, სასულიერო პირები დაიწყებდნენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და სთხოვდნენ ქართულ ჯარს, რომ მათ მხარეს დამდგარიყო.

19. დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული სხვა ვიდეოკადრების ნაწილი ასახავს სასულიერო პირებს, რომლებიც პოლიციის კორდონის კონტრდემონსტრანტების მხარეს ბრუნდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრიდან (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ). ჩანაწერი გრძელდება იმავე სასულიერო პირების გამოსახულებებით, რომლებსაც მიჰყავთ ბრბო კორდონის გასარღვევად, რასაც პოლიცია არ უწევს არანაირ წინააღმდეგობას. გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები ჯერ კიდევ პუშკინის სკვერში იმყოფებოდნენ, როდესაც სასულიერო პირებმა და კონტრდემონსტრანტებმა დაიწყეს პოლიციის კორდონებში გავლა.

20. კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადაიღეს, აჩვენებს, რომ რამდენიმე პოლიციელი შლის კორდონებს და იღებს ლითონის ღობეებს, რომლებიც დამონტაჟებული იყო ლგბტ დემონსტრანტების კონტრდემონსტრანტებისგან დასაცავად (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). ისმის ჟურნალისტის შეკითხვა პოლიციელების მიმართ: „რატომ აძლევთ მათ გავლის უფლებას?“ ეს გადაღებული კადრები ასევე შეიცავს სცენებს, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განიხილავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული გ.ზ.-ის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ იმ დროისთვის) უფროსის მოადგილის ბრძანებას, აეღოთ ლითონის ღობეები, რომლებიც ერთმანეთისგან აცალკევებდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის გამოყოფილ ადგილს – პუშკინის სკვერს – რუსთაველის გამზირისგან, სადაც კონტრდემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი. ვიდეოკადრებში ასევე ჩანს საპატრულო პოლიციის ზოგიერთი სხვა თანამშრომელი, ვისაც უნდა გადაეკეტა გზა კონტრდემონსტრაციის მონაწილეებისთვის კორდონებში ჩადგომით. ამის ნაცვლად ისინი აძლევენ გასასვლელს კონტრდემონსტრანტებს, ამ დროს ამბობენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „გაიარე!“ და „გაიარეთ თითო თითომ“, როდესაც კონტრდემონსტრანტები გადიან პოლიციის კორდონს.

21. კიდევ ერთი ვიდეო ჩანაწერი აჩვენებს ჟურნალისტს, რომელიც დგას პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეუბნება: „[კონტრდემონსტრანტებმა] პოლიციის კორდონი გაარღვიეს თუ [პოლიციელებმა] გაუხსნეს?“ რაზეც ერთ-ერთი პოლიციელი უპასუხებს: „ გაუხსნეს“.

22. მოვლენების დამატებითი ვიდეოკადრები აჩვენებს, რომ საბოლოოდ ასობით კონტრდემონსტრანტმა, რომელთაც მიუძღვებოდნენ სასულიერო პირები, გაიარეს პოლიციის კორდონები და გაემართნენ თორმეტი ინდივიდუალური მომჩივნის ჯგუფისა და აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სხვა რამდენიმე მონაწილის მიმართულებით, რომელიც შეკრებილი იყო პუშკინის სკვერში. რაც უფრო უახლოვდებიან კონტრდემონსტრანტები აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სცენას, მით უფრო აგრესიული ხდება მათი ქცევა. ამგვარად, მათი საწყისი მარშირების ტემპი გადაიქცა სირბილად; ისინი ყვირიან შეურაცხმყოფელ და სალანძღავ სიტყვებს და იქნევენ მათ ხელთ არსებულ ხის ჯოხებსა და რკინის ხელკეტებს; ზოგი კონტრდემონსტრანტი გზადაგზა მძიმე ქვებს კრებს.

23. შეეჩეხა რა მოახლოებულ ბრბოს, პუშკინის სკვერში შეკრებილმა, თორმეტი ინდივიდუალური მომჩივნის ჯგუფმა უკან დაიხია, გადანაწილდა რა ორ ავტობუსში, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიციამ წინასწარ უზრუნველყო შეკრების დაშლის მიზნით. არცერთმა მომჩივანმა არაფერი იცოდა აღნიშნული დაშლის გეგმის შესახებ, ხოლო მათი მცდელობა, მიეღწიათ ავტობუსებამდე, იყო ქაოსური, მიუხედავად პოლიციის მიერ შეთავაზებული გარკვეული მითითებებისა. ზოგმა მომჩივანმა გაიგონა, თუ როგორ ამბობდა თავად ზოგიერთი პოლიციელი, რომელსაც კოორდინირება უნდა გაეწია მოვლენების განვითარების ადგილიდან მათი გაყვანისთვის, ჰომოფობიურ ხუმრობებსა და შეურაცხყოფებს არეულობის დროს.

24. ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების გადაღებულ, მოვლენების სხვა ვიდეოკადრებში, აღბეჭდილია მრავალი სასულიერო პირის გამოსახულება, რომელიც გარბის პუშკინის სკვერში, ზემოაღნიშნული ორი ავტობუსის მიმართულებით და ყვირის შეურაცხყოფებს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი მუქარით იქნევს ტაბურეტს და იმუქრება აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეების მოკვლით. ეს კადრები ასევე აჩვენებს, თუ როგორ შემოარტყეს ალყა და შემოღობეს ავტობუსები, რომლებშიც იმყოფებოდა ზემოხსენებული თორმეტი მომჩივნის ჯგუფი და სხვა ლგბტ დემონსტრანტები, გაცოფებულმა კონტრდემონსტრანტებმა, არყევდნენ რა მანქანებს და საქარე მინებს ესროდნენ ქვებს, ხის ჯოხებსა და ტაბურეტებს. მას შემდეგაც კი, რაც ავტობუსებმა გაარღვიეს ბრბო, ზოგიერთი კონტრდემონსტრანტი ჩაჯდა თავის მანქანაში და აედევნა მომჩივნებს ქალაქში. ავტობუსებში მყოფი შესაბამისი ინდივიდუალური მომჩივნების თანახმად, მათი მგზავრობის უმეტესი დროის განმავლობაში ავტობუსებს არ აცილებდნენ პოლიციელები და მომჩივნებმა არ იცოდნენ, თუ სად მიჰყავდათ ისინი მძღოლებს. ავტობუსებში ჟურნალისტებმა გადაიღეს შეშინებული მომჩივნების სახეები და რამდენიმე საათის შემდეგ გაუშვეს რამდენიმე ეროვნულ სატელევიზიო არხზე.

  1. ინციდენტი ვაჩნაძის ქუჩაზე

25. 2013 წლის 17 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე მომჩივნებს ნომრებით 2-14, 16 და 36 (შემდგომში „თხუთმეტი ინდივიდუალური მომჩივნისგან შემდგარი ჯგუფი“), რომლებიც ვაჩნაძის ვიწრო ქუჩის გავლით ცდილობდნენ პუშკინის სკვერში აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ადგილზე მისვლას, მოულოდნელად ალყა შემოარტყა „მლოცველთა აქციის“ დიდი რაოდენობით მონაწილემ. კონტრდემონსტრანტებმა, რომლებმაც მომჩივნები ლგბტ თემის წევრებად ამოიცნეს, დაიწყეს ჰომოფობიური შეურაცხყოფების მიყენება და დამუქრება. შეუიარაღებელი და აღჭურვილობის გარეშე მყოფი პოლიციელების რაოდენობა მოვლენების განვითარების ადგილზე უმნიშვნელო იყო ბრბოსთან შედარებით და მომჩივნების თანახმად, მათ თავდაპირველად არ სურდათ დახმარების გაწევა.

26. მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თბილისის ადგილობრივი ოფისის თანამშრომლის აქტიური ჩარევის შემდეგ, საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განლაგდნენ ვაჩნაძის ქუჩის ახლოს და მოახერხეს თხუთმეტი ინდივიდუალური მომჩივნისგან შემდგარი ჯგუფის გაყვანა ბრბოდან, მათი შეპარებით სახლში, რომელიც მდებარეობდა ქუჩაზე და იცავდნენ მის კარებს პოლიციის მიკროავტობუსის მოსვლამდე. თუმცა, როგორც კი მომწყვდეული აქტივისტები ჩასხდნენ მიკროავტობუსში, კონტრდემონსტრანტებმა, რომლებიც ყვიროდნენ „ჩაქოლეთ ყველა!“ და „მოკალით ყველა!“ ალყა შემოარტყეს მას, ჩაამსხვრიეს თითქმის ყველა ფანჯარა და წინა საქარე მინა რკინის ხელკეტებითა და ქვებით, მგზავრების გადმოთრევის მცდელობისას. რამდენიმეწუთიანი არეულობის შემდეგ მიკროავტობუსის მძღოლმა მოახერხა ბრბოს გარღვევა.

27. როგორც მოგვიანებით დაფიქსირდა სამედიცინო ჩანაწერებში, თხუთმეტივე ინდივიდუალურმა მომჩივანმა განიცადა მძიმე სტრესი ვაჩნაძის ქუჩაზე მათზე თავდასხმის გამო, ამავდროულად, მომჩივან №12-ს ასევე ჰქონდა ტვინის შერყევა, რომელიც მიიღო ბრბოდან ნასროლი ქვით, რომელიც მას თავში მოხვდა. რამდენიმე პოლიციელმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შესაბამისი ინდივიდუალური მომჩივნების დაშლაში, ასევე მიიღო ფიზიკური დაზიანებები კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებების შედეგად.

  1. ინციდენტი რუსთაველის გამზირზე

28. 2013 წლის 17 მაისის გვიან ნაშუადღევს მომჩივანი №23, ერთ-ერთი იმ თორმეტი ინდივიდუალური მომჩივნიდან, რომელთაც თავს დაესხნენ პუშკინის სკვერში და პოლიციამ გააცილა შემთხვევის ადგილიდან, დაბრუნდა ქალაქის ცენტრში, რათა გაეგო მისი ზოგიერთი დაკარგული მეგობრისა და კოლეგის ადგილსამყოფელი. მას იმედი ჰქონდა, რომ მას ვერ ამოიცნობდნენ ლგბტ აქტივისტად. თუმცა, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ პუშკინის სკვერიდან ავტობუსით გაქცევის გამოსახულებები ჟურნალისტებმა უკვე გაავრცელეს სხვადასხვა სატელევიზიო არხზე (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ), კონტრდემონსტრანტების ჯგუფმა, დაახლოებით თორმეტმა ადამიანმა, რომელიც ჯერ კიდევ იყო რუსთაველის გამზირზე, პუშკინის სკვერის მახლობლად, იცნო ის ქუჩაში.

29. კონტრდემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს მომჩივან №23-ს შუა რუსთველის გამზირზე და დაუწყეს მუშტებითა და წიხლებით ცემა. საბოლოოდ, მან მოახერხა თავდამსხმელებისგან გაქცევა და თავი შეაფარა იმავე ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტს. თავდამსხმელები შეჰყვნენ მას შიგნით, მაგრამ ვერ იპოვეს ის. შემდეგ მათ გადაწყვიტეს, გადაეკეტათ მაღაზიის ყველა გასასვლელი, იმ იმედით, რომ საბოლოოდ დაიჭერდნენ მას. გარკვეული დროის შემდეგ და როგორც ჩანს, სუპერმარკეტის თანამშრომლების სატელეფონო ზარის შედეგად დაახლოებით ათი პოლიციელი მოვიდა. მომჩივნის სარდაფში პოვნის შემდეგ, მათ უთხრეს მას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მაღაზია აგრესიული ადამიანებს ალყაში იყო მოქცეული, ვერ უზრუნველყოფდნენ მის უსაფრთხოებას. სამაგიეროდ, შესთავაზეს, რომ წვერი გაეპარსა და ჩაეცვა პოლიციის ფორმის ტანსაცმელი, რათა ასე შენიღბული გაქცეულიყო. ის დათანხმდა.

30. პოლიციელებმა დაიწყეს მომჩივნის წვერის გაპარსვა, მაგრამ ამას ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა. პროცესის დროს, რომელიც მათ გადაიღეს მობილური ტელეფონით, პოლიციელები აკეთებდნენ ჰომოფობიურ შენიშვნებს და მომჩივანს უსვამდნენ კითხვებს, როგორიცაა: „იყო თუ არა ის გეი“ და „ჰქონია თუ არა მას ოდესმე სექსი ქალთან“. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მას წვერი გაპარსეს და საპატრულო პოლიციის ფორმა გადააცვეს, მომჩივანმა №23-მა შეძლო სუპერმარკეტის დატოვება.

  1. დანარჩენ მომჩივნებთან დაკავშირებით

31. მომჩივნებმა, ნომრებით: 18, 20, 24, 26-28, 30 და 34 (შემდგომში „რვა ინდივიდუალური მომჩივნისგან შემდგარი ჯგუფი“), რომლებიც დარჩნენ პოლიციის კორდონის კონტრდემონსტრანტთა მხარეს არეულობის დაწყებამდე (იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ), მოახერხეს, რომ შერეოდნენ კონტრდემონსტრანტებს და თვითონ მიიმალნენ მოვლენების განვითარების ადგილიდან.

32. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ რვა ინდივიდუალური მომჩივნისგან შემდგარი ჯგუფი ვერ ამოიცნეს კონტრდემონსტრანტებმა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებად და რომ მათ მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობის შესახებ არ იყო მოთხრობილი.

  1. შემდგომი გამოძიება

33. 2013 წლის 17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ზოგადი მოკვლევა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებსა და „ლოცვის აქციის“ მონაწილეებს შორის შეტაკების დროს განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებას დაევალა მოკვლევის ჩატარება სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად – შეკრების თავისუფლების განხორციელებაში ძალადობის გამოყენებით ხელის შეშლა.

34. 2013 წლის 9 ივლისს ზემოაღნიშნული ზოგადი მოკვლევა გაიყო ორ ცალკეულ სისხლის სამართლის გამოძიებად, რომელთაგან ერთი 2015 წლის 23 ოქტომბერს დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულების გამართლებით (იხ. პარაგრაფი 42 ქვემოთ).

35. 2013 წლის 25 ივლისსა და 20 სექტემბერს ორმა მომჩივანმა ასოციაციამ და ოცდაცამეტმა ცალკეულმა მომჩივანმა (მომჩივნების №20 და №24 გამოკლებით) სთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაედგინათ და პასუხისგებაში მიეცათ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მათ მიმართ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები. მომჩივნებმა საჩივარს თან დაურთეს პუშკინის სკვერში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებული, ზემოაღნიშნული ვიდეოკადრები (იხ. პარაგრაფები 18-24 ზემოთ) და ასევე მოითხოვეს სისხლის სამართლის ცალკე გამოძიების დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ კონტრდემონსტრანტების პოლიციის კორდონებში გატარებასა და ამ უკანასკნელთა უკანონო ქმედებების მიმართ ფარულ თანხმობაზე. სამინისტროს არანაირი პასუხი არ გაუცია.

36. 2013 წლის ოქტომბერში, დაუზუსტებელ თარიღებში მომჩივნები ნომრებით 23 და 36 გამოჰკითხეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებლებმა, რუსთაველის გამზირსა და შესაბამისად, ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. 2013 წლის 6 ნოემბერს ორმა მომჩივანმა მიმართა სამინისტროს კითხვით, იყო თუ არა რაიმე წინსვლა გამოძიებაში და მიანიჭეს თუ არა მათ დაზარალებულის სტატუსი.

37. 2013 წლის 6 ნოემბერს მომჩივანმა N 23- კიდევ ერთი სისხლისსამართლებრივი საჩივარი წარუდგინა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებას, რომელშიც მას დაკონკრეტებული ჰქონდა რუსთაველის გამზირზე მასზე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის სახელი (იხ. პარაგრაფები 28-30 ზემოთ), მიაწოდა რა გამომძიებლებს ფოტოები და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. გარდა ამისა, მომჩივანმა მოითხოვა პოლიციელების ვინაობის დადგენა, რომლებიც მან დაადანაშაულა დამამცირებელ მოპყრობაში, მიაწოდა რა წვერის გაპარსვის ინციდენტის ყველა დეტალი – შეურაცხყოფები, რომლებიც მას სავარაუდოდ მიაყენეს. თუმცა, როგორც შესაბამისი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შემდგომი მიმდინარეობიდან ჩანს, პოლიცია არასოდეს დაინტერესებულა მომჩივნის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაციით.

38. იმავე დღეს ორივე მომჩივანმა ასოციაციამ და ყველა ინდივიდუალურმა მომჩივანმა კითხვით მიმართა მთავარ პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მიენიჭათ თუ არა მათ დაზარალებულის სტატუსი. პროკურატურის ორგანომ 2013 წლის 27 დეკემბერს უპასუხა, რომ არ არსებობდა უკანონობის ნიშნები იმ პოლიციელების ქმედებებში, რომლებმაც, პირიქით, სათანადოდ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები მანიფესტაციის დროს, თავიდან აიცილეს რა მძიმე შედეგები, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა კონტრდემონსტრანტების არაპროპორციულად დიდი რაოდენობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, პროკურატურის ორგანომ ინფორმაცია მიაწოდა მომჩივნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 17 მაისს დაწყებული ზოგადი მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ.

39. ამრიგად, პროკურატურის ორგანოს 2013 წლის 27 დეკემბრის პასუხისა და საქმის მასალებში არსებული სხვა მასალების თანახმად, სამინისტროს მიერ ზოგადი მოკვლევის დაწყების შემდეგ ოთხ კონტრდემონსტრანტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, წვრილმანი ხულიგნობისთვის დაეკისრა სანქცია და თითოეული დაჯარიმდა 100 ლარით (დაახლოებით 45 ევრო). გარდა ამისა,იმავე ოფიციალური პასუხიდან ცხადი გახდა მომჩივნებისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად – შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“ – განხილვის პროცესში იყო 2013 წლის დეკემბრისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში ოთხი სხვა კონტრდემონსტრანტის მიმართ, მათ შორის, სასულიერო პირის მიმართ.

40. 2014 წლის აპრილში ყველა მომჩივანი, გარდა მომჩივნებისა N 23 და N 36 (იხ. პარაგრაფი 36 ზემოთ), პირველად დაკითხეს მოწმის სახით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებლებმა 2013 წლის 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით.

41. 2015 წლის ოქტომბერში ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებლებმა მოწმის სახით დაკითხეს თავიანთი ცხრა პოლიციელი, რომელიც პირადად იყო ჩართული უსაფრთხოების ღონისძიებებში 2013 წლის 17 მაისს აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს.

42. 2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ოთხი ბრალდებული, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით ედებოდათ (იხ. პარაგრაფი 34 ზემოთ). საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ გამოძიებამ ვერ უზრუნველყო რაიმე მტკიცებულების მოპოვება, რომელიც დამაჯერებლად დაადასტურებდა კავშირს აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ძალადობრივ დაშლასა და ბრალდებულების ქმედებებს შორის აღნიშნულ დღეს. საქალაქო სასამართლომ გამოძიებაში გამოავლინა მთელი რიგი შემდგომი ხარვეზებისა, როგორიცაა: გამომძიებლების მიერ აღნიშნული ღონისძიების დაშლის ვიდეოკადრების სათანადოდ შეუსწავლელობა (იხ. პარაგრაფები 18-24 ზემოთ) – რაც, სასამართლოს აზრით, იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან მათი საშუალებით შეიძლებოდა, სულ მცირე, ძალადობრივი თავდასხმების ზოგიერთი დამნაშავის სათანადოდ იდენტიფიცირება – ასევე, იმ ავტობუსების სასამართლო ექსპერტიზის არჩატარება, რომლებიც ბრბომ დააზიანა ზემოაღნიშნული ღონისძიების დაშლის პროცესში.

43. სასამართლოს წინაშე წარდგენილი საქმის მასალების თანახმად, აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს ძალადობრივ შეტაკებებთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე პაკეტი (იხ. პარაგრაფი 34 ზემოთ) ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. არც ერთ მომჩივანს, გარდა მომჩივნისა N 23, არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი და უცნობია, იყო თუ არა რაიმე სხვა განვითარება ამ საქმისწარმოებაში.

  1. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მომრავლება 2013 წლის 17 მაისის შემდეგ

44. მომჩივნის N 17 თანახმად, ორი მომჩივანი ასოციაციიდან ერთ-ერთმა, რომელმაც ჩაიწერა ასეთი ინციდენტები თავისი საქმიანობის ნაწილის სახით, აღრიცხა ფიზიკური აგრესიისა და სიძულვილის ენით საუბრის თორმეტი და შესაბამისად, ჩვიდმეტი დოკუმენტირებული შემთხვევა უშუალოდ 2013 წლის 17 მაისის შემდგომ პერიოდში აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან კავშირის არმქონე ადამიანების მიმართ, მხოლოდ რეალური ან აღქმული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. შესაბამისმა დაზარალებულებმა გადაწყვიტეს არ შეეტანათ სისხლის სამართლებრივი საჩივრები სამართალდამცავ ორგანოებში სისტემისადმი ნდობის ნაკლებობისა და საჯაროობისა და რეპრესიების შიშის გამო.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა

45. შესაბამისი შიდა სამართალი და საერთაშორისო მასალა, საქართველოში ლგბტ თემის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სრულყოფილად არის შეჯამებული პარაგრაფებში 29-39 სასამართლოს გადაწყვეტილებისა საქმეზე „იდენტობა და სხვები“ (ციტირებული ზემოთ).

სამართალი

  1. საჩივრების გაერთიანება

46. საჩივრების მსგავსი შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განიხილოს ისინი გაერთიანებულად ერთ გადაწყვეტილებაში.

  1. კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა

47. ოცდაშვიდმა ინდივიდუალურმა მომჩივანმა (შემდეგი ნომრებით 2-16, 19, 21-23, 25, 29, 31-33 და 35-37 – იხ. პარაგრაფები 17, 23 და 25 ზემოთ) იჩივლა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ცალკე აღებული და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომ 2013 წლის 17 მაისს კონტრდემონსტრანტების მიერ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმები მიეწერებოდა მოპასუხე სახელმწიფოს, რომელმაც, ამასთანავე, ვერ მოახერხა ინციდენტის ეფექტურად გამოძიება, კერძოდ, რომ დაედგინა თავდამსხმელთა დისკრიმინაციული მოტივი. კონვენციის შესაბამისი დებულებები შემდეგნაირად იკითხება:

მუხლი 3

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.

მუხლი 14

„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.“

  1. მისაღებობა

48. მთავრობას არ წარუდგენია რაიმე პრეტენზია შესაბამისი ინდივიდუალური მომჩივნების საჩივრების მისაღებობის მიმართ, კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

49. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35‑ე მუხლში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ისინი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

  1. საქმის არსებითი მხარე
    1. მხარეთა წარდგინებები
      1. მომჩივნები

50. შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივანი (იხ. პარაგრაფი 47 ზემოთ) ამტკიცებდა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია მათი უფლებები კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების შესაბამისად, იმიტომ, რომ პირველი, პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა ბრბოსგან; მეორე, არსებობდა აშკარა ნიშნები, რომ ხელისუფლების ორგანოები ფარულად ეთანხმებოდნენ კონტრდემონსტრანტების მტრულ დამოკიდებულებას აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმართ; და მესამე, არ ჩატარებულა ინციდენტის ეფექტური გამოძიება. პირველ ასპექტს რაც შეეხება, მათ განაცხადეს, რომ წინა წლის აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების (დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ საქმე „იდენტობა და სხვები“, no. 73235/12, §§ 10-19, 2015 წლის 12 მაისი), ასევე, სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი ეროვნული ორგანოებისთვის ადვილად განჭვრეტადი იყო, რომ 2013 წლის აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს ასევე დასჭირდებოდათ გაძლიერებული დაცვა კერძო პირების ძალადობრივი თავდასხმებისგან. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ვერ შეძლო, სათანადოდ გაეთვალისწინებინა ქვეყანაში არსებული უკიდურესი ჰომოფობიის სიჭარბე, ჩაეტარებინა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები წინასწარ და ადეკვატური საშუალებები გამოეყენებინა ღონისძიების გამართვის დღეს, რათა აგრესიული ბრბოსთვის ხელი შეეშალა კანონის დარღვევაში.

51. რაც შეეხება ხელისუფლების ორგანოების სავარაუდო ფარულ თანხმობას კონტრდემონსტრანტების მიმართ, შესაბამისმა ინდივიდუალურმა მომჩივნებმა მიუთითეს საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომლებზეც აშკარად იყო გადაღებული მოლაპარაკებების გამოსახულებები სასულიერო პირებსა, რომლებიც იყვნენ კონტრდემონსტრაციის თანაორგანიზატორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს შორის, რასაც ქრონოლოგიურად მოჰყვებოდა კადრები, რომლებიც აჩვენებდა კონტრდემონსტრანტების გავლას პოლიციის კორდონში, არათუ პოლიციის წინააღმდეგობით, არამედ პოლიციის დახმარებით. მომჩივნებმა ასევე მიუთითეს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე, რომელიც იმ ფაქტის ილუსტრაციას ახდენდა, რომ პოლიციელები, რომლებიც განლაგებული იყვნენ, რათა დაეცვათ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილისგან, სინამდვილეში, იზიარებდნენ იმავე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. პოლიცია ფარულად ეთანხმებოდა ჰომოფობიური ცრურწმენით მოტივირებულ ძალადობას.

52. დაბოლოს, რაც შეეხება გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობას, შესაბამისმა ოცდაშვიდმა ინდივიდუალურმა მომჩივანმა განაცხადა, რომ გამოძიება არ ყოფილა არც დაჩქარებული და არც დამოუკიდებელი და რომ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს არ გადაუდგამთ ყველა გონივრული ნაბიჯი მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეროვნულმა სასამართლომაც კი აღიარა თავის გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი სისხლის სამართლის გამოძიების არაადეკვატურობა, რომელიც ჩატარდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის გამოსაძიებლად (იხ. პარაგრაფი 42 ზემოთ). შესაბამისმა მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია არასდროს განუხილავთ საგამოძიებო ორგანოებს, როგორც ცრურწმენის მოტივი და დამამძიმებელი გარემოება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნის საპირისპიროდ (საქმე „იდენტობა და სხვები“, § 77, ციტირებული ზემოთ).

  1. მთავრობა

53. მთავრობამ აღნიშნა, რომ პოლიციამ მთელი თავისი ძალისხმევა მიმართა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეების დასაცავად, მათ შორის, ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივნის კონტრდემონსტრანტებისგან დასაცავად (იხ. პარაგრაფი 47 ზემოთ). კერძოდ, მთავრობამ ცუდად აღჭურვილი და მცირერიცხოვანი პოლიციის ძალების არსებობა იმ ფაქტით გაამართლა, რომ კონტრდემონსტრანტების ასეთი დიდი რაოდენობა თავდაპირველად მოსალოდნელი არ იყო. მათ ასევე განაცხადეს, რომ პოლიციამ აირჩია, დარჩენილიყო შედარებით პასიური კონტრდემონსტრანტებიდან მომდინარე აგრესიულობის წინაშე და არ გამოეყენებინა რაიმე სპეციალური, მასობრივი არეულობის შემაკავებელი საშუალებები, როგორიცაა წყალსატყორცნები, რეზინის ტყვიები ან ცრემლსადენი გაზი, კიდევ უფრო მეტი ძალადობის გამოწვევის შიშით, რასაც შეეძლო დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევა. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა იქნებოდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა დაშლა. მთავრობამ განაცხადა, რომ დაშლის გეგმა განიხილებოდა ზოგიერთ ორგანიზატორთან 2013 წლის 17 მაისამდე და რომ ავტობუსებს, რომლებითაც გაქცეული მონაწილეები გადაიყვანეს, ყოველთვის თან ახლდა პოლიცია. მათ ასევე განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ მიღებული ქმედითი ღონისძიებების გამო იყო, რომ არცერთ შესაბამის ინდივიდუალურ მომჩივანს არ მიუღია ფიზიკური დაზიანებები შეტაკებების დროს.

54. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ შესაბამის დამოუკიდებელ მომჩივნებს არ უჩვენებიათ პოლიციის მხრიდან სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ან ჰომოფობიური/ტრანსფობიური დისკრიმინაციის მიმართ ფარული თანხმობის რაიმე მტკიცებულება. ისინი აპროტესტებდნენ მომჩივნების ინსინუაციას, რომ მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებსა და სასულიერო პირებს შორის შეიძლება განიმარტოს, როგორც ხელისუფლების ორგანოების ფარული თანხმობის ნიშანი კონტრდემონსტრანტების შემდგომი ძალადობრივი ქმედებების მიმართ.. პირიქით, აღნიშნული შეხვედრების დროს სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობდნენ სიტუაციის დეესკალაციას. მთავრობამ ასევე უარყო საქმის მასალებში არსებული სხვადასხვა ვიდეოჩანაწერი იმ საფუძვლით, რომ მათი უმრავლესობა გადაღებული იყო მას შემდეგ, რაც აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები უკვე გაიქცნენ პუშკინის სკვერიდან ავტობუსებით და რომ ჩანაწერებში მხოლოდ ის იყო ნაჩვენები, რომ პოლიციელები კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორებს უფლებას აძლევდნენ, დაეტოვებინათ მანიფესტაციის ადგილი მას შემდეგ, რაც შეტაკებები უკვე მომხდარი იყო. ზოგადად, მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, არ განეხილა ვიდეოჩანაწერები ფაქტების დადგენის მთავარ მტკიცებულებად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა არასწორი ინტერპრეტაციის რისკი. მომჩივნის №23 საჩივრებთან დაკავშირებით, პოლიციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ შეუტანია ისინი რომელიმე კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოში.

55. მთავრობა ამტკიცებდა, რომ კონტრდემონსტრანტების მიერ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის გამოძიება ეფექტური იყო, რადგან შედეგად მოხდა ოთხი ბრალდებულის ვინაობის დადგენა. გამოძიების მსვლელობისას ხელისუფლების ორგანოებმა ჩაატარეს მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებებისა, როგორიცაა ათობით მოწმის დაკითხვა და სხვადასხვა ექსპერტიზის ჩატარება დანაშაულის გამოსავლენად. გარდა ამისა, კიდევ ოთხ ფიზიკურ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ). მთლიანობაში, მთავრობამ განაცხადა, რომ არ არსებობდა საფუძველი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად, როგორც ცალკე, ისე მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს არ დაუშურებიათ ძალისხმევა თავიანთი პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, სიძულვილით მოტივირებული ძალადობისგან შესაბამისი ინდივიდუალური მომჩივნების დაცვით და სრულფასოვანი გამოძიების პროცესში ინციდენტის ყველა გარემოების გარკვევით.

  1. სასამართლოს შეფასება
    1. გამოკვლევის სფერო

56. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი მომჩივნების საჩივრების მთელი არსი მდგომარეობს მოპასუხე სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში, კონვენციის მე-3 მუხლის როგორც არსებითი, ისე პროცედურული ასპექტის შესაბამისად, ასევე კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად, სიძულვილით მოტივირებული ცუდი მოპყრობისთვის, რაც ჩაიდინეს კერძო ფიზიკურმა პირებმა. კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტთან დაკავშირებით, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების, განსაკუთრებით პუშკინის სკვერისა და ვაჩნაძის ქუჩის ინციდენტების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 15-27 ზემოთ), სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადად შესწავლილი უნდა იქნეს სახელმწიფოს მატერიალური პოზიტიური ვალდებულებები (იხ., როგორც უახლესი წყარო, საქმე „I.E. v. the Republic of Moldova“, no. 45422/13, § 40, 2020 წლის 26 მაისი, მასში შემდგომი მითითებებით). თუმცა, რამდენადაც საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტს, რომელიც უკავშირდება მომჩივანს N23 (იხ. პარაგრაფები 28-30), სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მატერიალური ნეგატიური ვალდებულებები ასევე უნდა იქნეს განხილული.

57. რაც შეეხება შესაბამისი მომჩივნების მიერ ციტირებული ორი დებულების ურთიერთქმედებას, წინამდებარე საქმეების ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა მომჩივანთა საჩივრების ერთდროული ორმაგი განხილვა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იხ. საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7224/11, §§ 35-36, 2020 წლის 8 ოქტომბერი, მასში შემდგომი მითითებებით).

58. დაბოლოს, ითვალისწინებს რა, მათ შორის, მხარეთა სამართლებრივ არგუმენტებს, სასამართლო ადგენს, რომ მის მიერ მე-3 მუხლისა (როგორც არსებითი, ისე პროცედურული ვალდებულებები) და მე-14 მუხლის შესაბამისად საჩივრის არსებითი მხარის გამოკვლევისას სამართლის შემდეგი საკითხები განხილული უნდა იქნეს მოცემული თანამიმდევრობით. პირველი, უნდა შეფასდეს სავარაუდო ცუდი მოპყრობის სიმძიმის ზღვრული მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ზღვრული მნიშვნელობა დაკმაყოფილებულია, სასამართლო შემდეგ, მეორე ნაბიჯის სახით, შეისწავლის სახელმწიფოს მიერ მისი პროცედურული ვალდებულებების დაცვას და ბოლოს, გამოიკვლევს სახელმწიფოს მიერ მისი მატერიალური ვალდებულებების შესრულებას.

B. ნაპოვარი

  1. სიმძიმის ზღვრული მნიშვნელობა

a) ზოგადი პრინციპები

59. ზოგადად, ცუდი მოპყრობა, რომელიც სიმძიმის მინიმალურ დონეს აღწევს, კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში რომ მოხვდეს, ჩვეულებრივ, გულისხმობს სხეულის ფაქტობრივ დაზიანებას ან ძლიერ ფიზიკურ, ან ფსიქიკურ ტანჯვას. თუმცა, აღნიშნული ასპექტების არარსებობის შემთხვევაშიც, როდესაც მოპყრობა ამცირებს ან შეურაცხყოფს ფიზიკურ პირის სხვების თვალში ან დაზარალებულის თვალში, ასახავს უპატივცემულობას ან აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას, ან აღძრავს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რასაც შეუძლია, გატეხოს ადამიანის მორალური და ფიზიკური სიმტკიცე, ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე მოექცეს მე-3 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების ფარგლებში (იხ., კერძო ფიზიკური პირების მხრიდან ძალადობის კონტექსტში,საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 65 და უფრო ზოგადად, საქმე „Bouyid v. Belgium“ [GC], no. 23380/09, §§ 86 და 87, ECHR 2015). უფრო მეტიც, დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც ასეთი, შეიძლება, პრინციპში, გაუტოლდეს დამამცირებელ მოპყრობას მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, თუ ასეთი მოპყრობა სიმძიმის ისეთ დონეს აღწევს, რომ ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას წარმოადგენს. დისკრიმინაციული შენიშვნები და შეურაცხყოფები, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იქნეს განხილული დამამძიმებელ გარემოებად, მე-3 მუხლის გათვალისწინებით ცუდი მოპყრობის კონკრეტული შემთხვევის განხილვის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მართლდება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ არამხოლოდ დაზარალებულის მახასიათებლებზე დაფუძნებული ქმედებები შეიძლება კლასიფიცირდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებად. სასამართლოსთვის, დამნაშავეებს შეიძლება ჰქონდეთ შერეული მოტივები, განპირობებული სიტუაციური ფაქტორებით თანაბრად ან უფრო მეტად, ვიდრე მათი ცრურწმენით იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც მიეკუთვნება დაზარალებული (იხ., უახლესი წყაროს სახით, საქმე „Sabalić v. Croatia“, no. 50231/13, §§ 65 და 66, 2021 წლის 14 ინვარი, მასში ციტირებული დამატებითი წყაროებით).

þ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება გარემოებების მიმართ

60. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივანი კონტრდემონსტრანტებთან შეტაკების დროს გახდა მანკიერი სიძულვილის ენისა და აგრესიული ქცევის სამიზნე; ეს ფაქტებია, რომლებზეც მთავრობა არ დავობდა. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები ალყაშემორტყმული იყვნენ მათზე მეტი რაოდენობის ადამიანთა ბრბოთი, რომლებიც სიკვდილით იმუქრებოდნენ და შემთხვევითად მიმართავდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც თვალსაჩინოს ხდიდა საფრთხეების რეალობას და რომ აშკარად შესამჩნევი ჰომოფობიური ცრურწმენა ასრულებდა დამამძიმებელი ფაქტორის როლს, სიტუაცია ნამდვილად საშიში და შფოთვის მომგვრელი (შედარებისთვის იხილეთ საქმე „R.B. v. Hungary“, no. 64602/12, § 51, 2016 წლის 12 აპრილი). იმ გარემოებებში, როდესაც ბრბო თავს დაესხა ავტობუსებს, რომლებშიც შესაბამისი მომჩივნები იმყოფებოდნენ და მოახერხა მათგან ერთისთვის თავში ჩარტყმა (იხ. პარაგრაფები 24, 26 და 27 ზემოთ), ცხადია, რომ შესაბამისი მომჩივნები ფიზიკური ძალადობის საფრთხეს ძალიან სერიოზულად აღიქვამდნენ. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ მე-3 მუხლით აკრძალული ქცევის მუქარა, იმ პირობით, რომ ის არის საკმარისად რეალური და დაუყოვნებლივი, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებას (იხ., მაგალითად, საქმე „Abu Zubaydah v. Lithuania“, no. 46454/11, § 631, 2018 წლის 31 მაისი). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მიზანი აშკარად იყო შესაბამისი მომჩივნების შეშინება, რათა მათ თავი შეეკავებინათ ლგბტ თემისადმი მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვისგან. მომჩივნების ემოციური დისტრესი კიდევ უფრო გამწვავდებოდა იმ ფაქტით, რომ საპოლიციო დაცვა, რომელიც მათ შეჰპირდნენ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე, არ იყო უზრუნველყოფილი დროულად ან ადეკვატურად (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ და პარაგრაფები 70-78 ქვემოთ და შედარებისთვის იხილეთ საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე“ ციტირებული ზემოთ, § 47; საქმე „Burlya and Others v. Ukraine“, no. 3289/10, § 134, 2018 წლის 6 ნოემბერი; და საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 68). ასეთ ვითარებაში და მთავრობის არგუმენტის საპასუხოდ (იხ. პარაგრაფი 53 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი, მიიღეს თუ არა მომჩივნებმა გარკვეული სიმძიმის ფიზიკური დაზიანებები, აღარ ხდება გადამწყვეტი.

61. მთლიანობაში, სასამართლო ადგენს, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდნენ შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივანი კონტრდემონსტრანტებთან შეტაკების დროს, არ იყო თავსებადი მათი ადამიანური ღირსების პატივისცემასთან და მიაღწია სიმძიმის დონის ზღვრულ მნიშვნელობას მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, აღებული კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

  1. პროცედურული ვალდებულებები

a) ზოგადი პრინციპები

62. კონვენციის მე-3 მუხლი მოითხოვს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ჩაატარონ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიება, მაშინაც კი, თუ ასეთი მოპყრობა განხორციელდა კერძო ფიზიკური პირების მიერ (იხ. საქმე „T.M. and C.M. v. the Republic of Moldova“, no. 26608/11, § 38, 2014 წლის 28 იანვარი). იმისათვის, რომ გამოძიება „ეფექტურად“ ჩატარებულად მივიჩნიოთ, პრინციპში, მან უნდა შეძლოს საქმის ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, დასჯა. ეს არის ვალდებულება არა მისაღწევ შედეგებთან მიმართებით, არამედ საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გაატარონ მათთვის ხელმისაწვდომი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ მტკიცებულებები ინციდენტთან დაკავშირებით, მათ შორის, თვითმხილველთა ჩვენება, სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულება და ა.შ. გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ძირს უთხრის მის უნარს, დაადგინოს დაზიანებების მიზეზი ან პასუხისმგებელი პირების ვინაობა, საფრთხეს უქმნის ამ სტანდარტს, ხოლო ამ კონტექსტში იგულისხმება ოპერატიულობისა და გონივრული დაჩქარების მოთხოვნა (იხ. Bouyid-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 116 და 119‑23 და საქმე „Mocanu and Others v. Romania“ [GC], nos. 10865/09 და 2 სხვა, § 323, ECHR 2014 (ამონარიდები)). ცუდი მოპყრობის შესახებ ბრალდებების გამოძიებისას ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სწრაფი რეაგირება შეიძლება, ზოგადად, ჩაითვალოს მნიშვნელოვნად, საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად მათ მიერ კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ და უკანონო ქმედებების მიმართ შეთქმულების ან მიმღებლობის თავიდან ასაცილებლად (იხ. საქმე „იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, no. 71156/01, § 97, 2007 წლის 3 მაისი).

63. ძალადობრივი ინციდენტების გამოძიებისას, როგორიცაა ცუდი მოპყრობა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი შესაძლო დისკრიმინაციული მოტივების გამოსავლენად. მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება, გამოიძიოს ძალადობრივი აქტის შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები, წარმოადგენს მთელი შესაძლო ძალისხმევის გამოყენების ვალდებულებას და ამიტომ არ არის აბსოლუტური. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიყენონ ყველა გონივრული საშუალება მოცემულ გარემოებებში მტკიცებულებების შესაგროვებლად და დასაცავად, უნდა აღმოაჩინონ ყველა შესაძლო პრაქტიკული საშუალება სიმართლის დასადგენად და საქმეზე გამოიტანონ დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები, ისეთი საეჭვო ფაქტების მიჩქმალვის გარეშე, რომლებიც მიუთითებს, მაგალითად, რასობრივი თუ რელიგიური შეუწყნარებლობით ან გენდერული დისკრიმინაციით მოტივირებულ ძალადობაზე. შესაბამისად, როცა არსებობს ეჭვი, რომ დისკრიმინაციულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ძალადობრივი ქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობდეს ენერგიულად და მიუკერძოებლად, იმ აუცილებლობის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მიერ მოხდეს ამგვარი ქმედებების მუდმივად დაგმობა და შენარჩუნდეს უმცირესობის ჯგუფების რწმენა ხელისუფლების ორგანოების მიერ დისკრიმინაციული ძალადობისგან მათი დაცვის უნარის მიმართ. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესრულება მოითხოვს, რომ შიდასახელმწიფოებრივმა სამართლებრივმა სისტემამ აჩვენოს სისხლის სამართლის კანონის აღსრულების უნარი ამგვარი ძალადობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართ (იხ. Sabalić-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 95). სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი მიდგომის გარეშე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები აუცილებლად განიხილებოდა თანაბარ პირობებში ასეთი ქვეტექსტის არმქონე ჩვეულებრივ საქმეებთან, ხოლო შედეგად მიღებული გულგრილობა იქნებოდა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან ოფიციალური შეგუების ან მსგავსი დანაშაულის ხელის შეწყობის ტოლფასი (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 77, მომდევნო მითითებებით).

þ. აღნიშნული პრინციპების გამოყენება გარემოებების მიმართ

64. სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიება აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმავე განყოფილებამ, რომელიც სამინისტროს სხვა განყოფილებებთან ერთად პასუხისმგებელი იყო საპროტესტო აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ინდივიდუალური მომჩივნების სისხლის სამართლის საჩივრები ეროვნულ დონეზე მოიცავდა საჩივრებს პოლიციის მხრიდან არასაკმარისი დაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან კონტრდემონსტრანტების მტრული ქმედებების მიმართ ფარული თანხმობის შესახებ (იხ. პარაგრაფები 13, 33, 36-37 და 40-41 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი აღნიშნული გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დასაყენებლად (შედარებისთვის იხილეთ საქმე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, nos. 8938/07 და 41891/07, § 132, 2020 წლის 2 აპრილი).

65. მაშინაც კი, თუ შესაბამისმა ეროვნულმა ორგანოებმა აღძრეს ორი განცალკევებული და დამოუკიდებელი საქმე ძალადობის ფაქტებზე უშუალოდ 2013 წლის 17 მაისის ინციდენტის შემდეგ, არცერთი ამ საქმეში არ ყოფილა მიღწეული რაიმე ხელშესახები შედეგი. ამგვარად, ერთი სისხლის სამართლის საქმის შედეგი იყო ოთხი პირის გამართლება, რომლებიც თავდაპირველად ბრალდებულები იყვნენ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, ხოლო შესაბამისმა ეროვნულმა სასამართლომ თავად აღიარა, რომ საგამოძიებო ორგანომ აშკარად ხარვეზიანი გამოძიება ჩაატარა (იხ. პარაგრაფი 42 ზემოთ და შედარებისთვის იხილეთ საქმე „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 21571/05, § 108, 2017 წლის 1 ივნისი). რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა რაიმე შესამჩნევი წინსვლა მიღწეული აღნიშნულთან დაკავშირებით დაახლოებით ექვს წელზე მეტი დროის განმავლობაში და გამოძიება ჯერ კიდევ ადრეული განხილვის ეტაპებზე იმყოფება. ამასთან, მომჩივნის №23 გარდა, არცერთ სხვა მომჩივანს არ მინიჭებია ოდესმე დაზარალებულის სტატუსი (იხ. პარაგრაფი 43 ზემოთ და შედარებისთვის იხილეთ საქმე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ no. 28490/02, §§ 134-36, 2014 წლის 7 ოქტომბერი). რაც შეეხება ამ უკანასკნელ მომჩივანს, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას არასოდეს შეუსწავლია მის მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები – ბრბოდან ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის სახელი, სუპერმარკეტში პოლიციელების მიერ მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის დეტალური აღწერა (წვერის გაპარსვის ეპიზოდი), ასევე ამ მოპყრობაში მონაწილე პოლიციელების ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). ასეთი ამკრძალველი დაყოვნება თავისთავად შეუთავსებელია კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს ვალდებულებასთან, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ცუდ მოპყრობაში დამნაშავეების ვინაობის დადგენა სულაც არ იყო რთული ამოცანა. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიებისთვის ადვილად შესაძლებელი იყო, შეევიწროებინა შესაძლო თავდამსხმელების წრე, რადგან, პირველი, ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო „ლოცვის აქციის“ ორგანიზატორების ვინაობა და მეორე, შეტაკებების ვიდეოჩანაწერები შეიცავდა ყველაზე აგრესიულ თავდამსხმელთა გამოსახულებებს (შედარებისთვის იხილეთ საქმე „იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 118; იხ. ასევე, საქმე „ბეღელური და სხვები“, ციტირებული ზემოთ, §§ 137-38). ხელისუფლების ორგანოების მცდელობის ერთადერთი ხელშესახები შედეგი იყო ოთხ კონტრდემონსტრანტზე ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება, რომელიც დაისაჯა საზოგადოებრივი წესრიგის მცირე დარღვევისთვის და დაჯარიმდა, თითოეული 45 ევროს ოდენობით (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ). თუმცა, მომჩივნების მიმართ განხორციელებული გაუმართლებელი ძალადობისა და აგრესიის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ასეთი მსუბუქი ადმინისტრაციული სანქცია საკმარისია, რათა სახელმწიფომ მოიხადოს თავისი პროცედურული ვალდებულება კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად (შედარებისთვის იხილეთ საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 75).

66. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების გაჭიანურებამ გამოავლინა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების დიდი ხნის უუნარობა – რაც ასევე შეიძლება გაგებული იქნეს, როგორც სურვილის არქონა – გამოეკვლიათ შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივნის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის უკან მდგომი დანაშაულის ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური მოტივები. ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობა გარკვევით ითვალისწინებს, რომ სქესობრივი ორიენტაციითა და გენდერული ნიშნით განპირობებული დისკრიმინაცია უნდა იქნეს განხილული, როგორც ცრურწმენის მოტივი და დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ჩადენისას (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, §§ 29 და 77). არსებობდა გადაუდებელი საჭიროება სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისა იმ შესაძლებლობის მიმართ, რომ დისკრიმინაცია იყო მამოტივირებელი ფაქტორი, ქვეყანაში იმ დროს ლგბტ თემის მიმართ არსებული, კარგად დოკუმენტირებული მტრული ქმედებების გათვალისწინებით (იხ. საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე", ციტირებული ზემოთ, § 47).

67. სასამართლომ ამგვარად დაადგინა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ჩაეტარებინათ შესაბამისი ოცდაშვიდი მომჩივნის მიმართ სიძულვილით მოტივირებული სავარაუდო ცუდი მოპყრობის სათანადო გამოძიება. ამდენად, სახეზე იყო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა მისი პროცედურული ასპექტის შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

  1. მატერიალური ვალდებულებები

a) ზოგადი პრინციპები

68. სასამართლო იმეორებს, რომ როგორც კონვენციის მე-2 მუხლმა, ასევე მე-3 მუხლმაც შეიძლება გარკვეულ გარემოებებში მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოპერატიული ზომების მიღება ცუდი მოპყრობის დაზარალებულთა ან პოტენციურ დაზარალებულთა დასაცავად. ეს პოზიტიური ვალდებულება უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ არ დააკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი ხელისუფლების ორგანოებს, ადამიანური ქცევის არაპროგნოზირებადობისა და ოპერატიული არჩევანის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების თვალსაზრისით. შესაბამისად, ცუდი მოპყრობის ყველა რისკმა შეიძლება ხელისუფლების ორგანოებს არ დააკისროს კონვენციის მოთხოვნის შესრულების აუცილებლობა, გაატაროს ღონისძიებები ამ რისკის მატერიალიზაციის აღსაკვეთად. თუმცა, საჭირო ღონისძიებები, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტურ დაცვას, განსაკუთრებით, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი პირებისა და უნდა მოიცავდეს გონივრულ ნაბიჯებს იმ ცუდი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, რომლის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ. ამიტომ, პოზიტიური ვალდებულების წარმოსაშობად უნდა დადგინდეს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ამ დროს იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ იდენტიფიცირებული პირის მიმართ მესამე მხარის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ცუდი მოპყრობის რეალური და მეყსეული რისკის შესახებ და რომ მათ ვერ განახორციელეს მათი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ღონისძიებები, რომლებიც, გონივრული შეფასებით, რისკის თავიდან აცილებას გახდიდა შესაძლებელს (იხ. საქმე „X and Others v. Bulgaria“ [GC], no. 22457/16, §§ 181-83, 2021 წლის 2 თებერვალი).

69. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების ფარული თანხმობა კერძო ფიზიკური პირების ქმედებების მიმართ, რომლებიც არღვევენ სხვა ფიზიკური პირების კონვენციურ უფლებებს აღნიშნული სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, ასევე შეიძლება გულისხმობდეს ამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის შესაბამისად (იხ, მაგალითად, საქმე „Cyprus v. Turkey“ [GC], no. 25781/94, § 81, ECHR 2001‑IV; საქმე „ბეღელური და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 145; და საქმე „Chernega and Others v. Ukraine“, no. 74768/10, §§ 125-31, 2019 წლის 18 ივნისი). მტკიცებულებების შეფასებისას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ბრალდებასთან დაკავშირებით, სასამართლო იღებს მტკიცების სტანდარტს „გონივრულ ეჭვს მიღმა“. სასამართლოში საქმისწარმოებისას მტკიცებულებების მისაღებობასთან დაკავშირებით, სასამართლო არ აწესებს არანაირ პროცედურულ ბარიერებს ან მათი შეფასების წინასწარ განსაზღვრულ ფორმულებს. ის იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, გამყარებულია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, ისეთი დასკვნების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა წარდგინებებიდან. მისი დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მტკიცე, მკაფიო და შეთანხმებული დასკვნების ან ფაქტის მსგავსი შეურყეველი პრეზუმფციების თანაარსებობიდან. ამის გარდა, კონკრეტული დასკვნის მისაღწევად აუცილებელი დამაჯერებლობის დონე და ამასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთის განაწილება განუყოფლად დაკავშირებულია ფაქტების სპეციფიკასთან, ბრალდების ხასიათსა და კონვენციით გათვალისწინებულ, საფრთხის ქვეშ მყოფ უფლებასთან. თუ განსახილველი მოვლენები მთლიანად ან დიდწილად მოქცეულია ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური ცოდნის ფარგლებში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მთავრობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულის მიერ მოვლენების განვითარების აღწერას. ასეთი ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს მთავრობისთვის (იხ. Bouyid-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 83 და საქმე „Nachova and Others v. Bulgaria“ [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 147, ECHR 2005‑VII).

þ. აღნიშნული პრინციპების გამოყენება გარემოებების მიმართ

70. პუშკინის სკვერსა და ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტების ირგვლივ არსებული გარემოებებისა და მხარეების არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვისას, შეასრულა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ თავისი მატერიალური ვალდებულებები, მან უნდა შეისწავლოს საქმე შემდეგის გათვალისწინებით: (a) ოპერატიული პრევენციული ზომების მიღების ვალდებულება, რომელიც მიჩნეულია მე-3 მუხლის განუყოფელი ორი მატერიალური პოზიტიური ვალდებულებიდან ერთ-ერთად (იხ., როგორც უახლესი წყარო, საქმე „X and Others v. Bulgaria“, ციტირებული ზემოთ, §§ 176-78, შემდგომი მითითებებით) და (ბ) კერძო ფიზიკური პირების ქმედებების მიმართ ოფიციალური უსიტყვო ან ფარული თანხმობის ხარისხი.

71. რაც შეეხება საკითხს, იცოდნენ თუ არა ხელისუფლების ორგანოებმა ან უნდა სცოდნოდათ თუ არა მათ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ (იხ. ზოგადი პრინციპები, ციტირებული პარაგრაფში 68 ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ, პირველი, „ლოცვის აქციის“ ორგანიზატორებმა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე კარგად ხნით ადრე აშკარა გახადეს, რომ მათი კონტრდემონსტრაციის მიზანი იყო არა მხოლოდ საჯაროდ გამოეხატათ პროტესტი ლგბტ თემის საქმიანობის წინააღმდეგ, არამედ საერთოდაც აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღკვეთა (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ). ამიტომ, არ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არ იცოდნენ კონტრდემონსტრანტების რეალური მიზნის შესახებ, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ღონისძიების იმავე დღეს ქალაქის იმავე ნაწილში ჩატარება. მეორე, რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ კონტრდემონსტრანტთა მაღალი აქტივობა მოულოდნელი იყო, სასამართლო ამას ძნელად თუ მიიჩნევს დამაჯერებლად, იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის 13 და 15 აპრილის მოსამზადებელი შეხვედრების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მომჩივნებს №1 და 17 შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე იცოდნენ, რომ მოსალოდნელი იყო 10000-ზე მეტი კონტრდემონსტრანტის დასწრება. გარდა ამისა, სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი იყო, რომ „ათასობით ადამიანი“ შეუერთდებოდა კონტრდემონსტრაციას. უფრო მეტიც, სოციალურ მედიაში ცირკულირებდა სერიოზული მუქარები აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა სიცოცხლის მიმართ (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ), თუმცა ხელისუფლების ორგანოებს მათთვის საკმარისი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. მართლაც, ხელისუფლება ვალდებული იყო, გამოეყენებინა ყველა შესაძლო საშუალება, როგორიცაა საჯარო განცხადებების გაკეთება აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე, რათა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, დაეცვა შემწყნარებლური და შემრიგებლური პოზიცია და ასევე გაეფრთხილებინა პოტენციური კანონდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათის შესახებ (შედარებისთვის იხილეთ საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 99 და საქმე „Ouranio Toxo and Others v. Greece“, no. 74989/01, § 42, ECHR 2005‑X (ამონარიდები)).

72. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ გასული წლის აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების არასწორი მართვის საფუძველზე (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ), შესაბამის ეროვნულ ორგანოების უფრო მარტივად შეეძლოთ ყველა შესაბამისი რისკის განჭვრეტა, რომელიც დაკავშირებულია ლგბტ თემის სოციალურად მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებული მასობრივი შეკრებების დაცვასთან. გარდა ამისა, სასამართლო უყურადღებოდ ვერ დატოვებდა იმ ფაქტს, რომ კონტრდემონსტრანტებმა ჯერ კიდევ 2013 წლის 16 მაისის საღამოს დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე და 17 მაისის შუადღემდე უკვე 20 000 ადამიანს გადააჭარბეს. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლების ორგანოები არ ელოდნენ კონტრდემონსტრანტების ასეთ დიდ რაოდენობას, მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ დრო, მეთერთმეტე საათის განმავლობაში შეეტანათ ცვლილებები თავიანთი უსაფრთხოების გეგმების საჭიროებისამებრ გადაწყობით, მაგალითად, საკმაო რაოდენობის სპეცრაზმების განლაგებით (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 99 და შეადარეთ საქმე „Plattform “Ärzte für das Leben” v. Austria“, 1988 წლის 21 ივნისი, §§ 37 და 38, Series A no. 139).

73. ამგვარად, სასამართლო ადგენს, რომ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებული ყველა რისკი წინასწარ იყო ცნობილი ადგილობრივი ორგანოებისთვის (იხ., ამასთან დაკავშირებით, საქმე „Primov and Others v. Russia“, no. 17391/06, § 150, 2014 წლის 12 ივნისი) და რომ, შესაბამისად, ისინი ვალდებული იყვნენ, უზრუნველეყოთ გაძლიერებული სახელმწიფო დაცვა (იხ. საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე“, ციტირებული ზემოთ, § 47). მიუხედავად ამ მკაცრი ვალდებულებისა და რისკების სრული ცოდნისა, ხელისუფლების ორგანოების პასუხი სიტუაციის სიმძიმეზე იყო მხოლოდ უიარაღო და დაუცველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განლაგება, რომლებსაც ათიათასობით აგრესიული ადამიანი უნდა შეეკავებინათ ადამიანებისგან შემდგარი თხელი კორდონების შექმნით. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვის, როცა, ისევე როგორც წინამდებარე საქმეებში, ფართომასშტაბიანი არეულობა და ძალადობაა მოსალოდნელი, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა შეაფასონ ძალადობრივი შეტაკების საფრთხის გასანეიტრალებლად საჭირო რესურსები, მათ შორის, მოვლენების განვითარების ადგილზე განლაგებული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების აღჭურვით, მასობრივი არეულობის შემაკავებელი შესაბამისი სპეცტექნიკით, რათა მათ შეძლონ თავიანთი საპოლიციო ფუნქციების შესრულება (იხ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე „Fáber v. Hungary“, no. 40721/08, § 40, 2012 წლის 24 ივლისი, შემდგომი მითითებებით; საქმე „Güleç v. Turkey“, no. 21593/93, § 71, 1998 წლის 27 ივლისი; და საქმე „Şimşek and Others v. Turkey“, nos. 35072/97 და 37194/97, § 108, 2005 წლის 26 ივლისი).

74. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა მიუთითებს დაშლის წინასწარი გეგმის არსებობაზე, როგორც აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა დასაცავად, მათ მიერ ყველა შესაძლო ძალისხმევის გამოყენების ხელშესახებ მტკიცებულებაზე (იხ. პარაგრაფი 53 ზემოთ). თუმცა, გარდა იმისა, რომ დაშლის გეგმამ პრაქტიკაში გამოყენებისას გამოიწვია ძალიან ქაოსური და არაორგანიზებული ქმედებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლგბტ დემონსტრანტების დაშლა, მათთვის საჯარო აქციის გამართვის შესაძლებლობის მიცემის გარეშე, მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური მატერიალური ვალდებულების შესრულებად, რომელიც მდგომარეობდა სიძულვილით მოტივირებული თავდასხმებისგან ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფაში (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 73).

75. რაც შეეხება კონტრდემონსტრანტების ქმედებების მიმართ ზოგიერთი პოლიციელის ფარული ან/და უსიტყვო თანხმობის საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არსებული გამოსახულებებიდან (იხ. პარაგრაფები 18-24 ზემოთ) ჩანს, რომ კონტრდემონსტრანტები გადიან პოლიციის კორდონებში იმ დროს, როდესაც აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები ჯერ კიდევ პუშკინის სკვერში იმყოფებიან. ასევე არის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული გამოსახულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ პოლიცია არა მხოლოდ წინააღმდეგობას არ უწევდა კორდონების გარღვევას ზოგიერთ შემთხვევაში, არამედ რამდენიმე პოლიციელმა კონტრდემონსტრანტები წააქეზა კიდეც ამის გასაკეთებლად. გარდა ამისა, სასამართლოს განსაკუთრებით გასაოცრად მიაჩნია, თუ როგორ რჩებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი პასიური საზოგადოებრივი და თუნდაც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხის წინაშე, რაც კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორებმა ურცხვად წარმოადგინეს. ამგვარად, როგორც არსებული ვიდეომტკიცებულებების, ისე ოცდაშვიდიდან თითოეული მომჩივნის ინდივიდუალური ანგარიშის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრული ეჭვის მიღმა დადგენილია, რომ პოლიციამ ზოგან გახსნა კორდონი კონტრდემონსტრანტებისთვის, ხოლო სხვაგან კი დარჩა პასიური, როდესაც კონტრდემონსტრანტებმა კორდონის გარღვევა დაიწყეს.

76. გარდა ამისა, სასამართლო, მიუთითებს რა თავის ზემოაღნიშნულ დასკვნაზე აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების წარუმატებლობის შესახებ და კერძოდ, კერძო ფიზიკური პირების ქმედებების საფუძვლად არსებული, ცრურწმენაზე დაფუძნებული მოტივების გამოძიების ჩატარების წარუმატებლობის შესახებ, აღნიშნავს, რომ ეს პროცედურული წარუმატებლობა ხელს უწყობს სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების მიმართ ოფიციალურ უსიტყვო ან ფარულ თანხმობას (იხ. როგორც უახლესი წყარო, საქმე „Beizaras and Levickas v. Lithuania„, No. 41288/15, § 155, 2020 წლის 14 იანვარი და ასევე მითითებები, ციტირებული ზემოთ, 63-ე პარაგრაფის ბოლო წინადადებაში). მართლაც, სასამართლო ვერ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა მიმართ ჩადენილი ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბი 2013 წლის 17 მაისს იყო განპირობებული, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, ეროვნული ორგანოების მარცხით, რომ უზრუნველეყოთ დროული და ობიექტური სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარება და წინა წლის აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს, 2012 წლის 17 მაისს, ლგბტ თემზე შედარებით ნაკლებად მოძალადე თავდამსხმელების დასჯა (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, §§ 75-78). 2013 წლის 17 მაისს ჩადენილი ძალადობრივი აქტების წინაშე ხელისუფლების ორგანოების პასიურობა განიხილება, როგორც ხელშეწყობა ლგბტ თემის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემდგომი მომრავლებისა, რაც კარგად არის დოკუმენტირებული (იხ. პარაგრაფი 44 ზემოთ).

77. რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდა მომჩივანი №23 (იხ. პარაგრაფები 28 და 29), სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ გაასაჩივრა ამ უკანასკნელი მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მოვლენების განვითარების ვერსია წვერის გაპარსვის ეპიზოდთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 54, ბოლო წინადადება). თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი N 23 მკაფიო და თანმიმდევრული დარჩა ეპიზოდის აღწერისას, როგორც ეროვნული ორგანოების, ასევე სასამართლოს წინაშე, გამოაქვს რა დასკვნები მისთვის ხელმისაწვდომი მასალებიდან და მხარეების ქცევიდან და კერძოდ, ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით ეროვნული ორგანოების წარუმატებლობიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფები 37 და 65 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფაქტები საკმაოდ დამაჯერებელია და დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა (იხ., მაგალითად, საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე“, ციტირებული ზემოთ, § 45). ამის გათვალისწინებით, სასამართლო დამატებით ადგენს, რომ პოლიციელებმა დაამცირეს მომჩივანი №23 შეურაცხმყოფელი შენიშვნებით წვერის გაპარსვის დროს და ამასთან, გადაიღეს მობილური ტელეფონით, რაც აშკარად გამოხატავდა ცუდ განწყობას ამ უკანასკნელის მიმართ ლგბტ თემთან მისი ასოცირების გამო. აღნიშნულ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციელების შეუფერებელი საქციელი ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ნეგატიურ მატერიალურ ვალდებულებებს.

78. ზემოაღნიშნულის ფონზე, წარუმატებლობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ხელისუფლებამ არ მიიღო ეფექტური ოპერატიული პრევენციული ზომები, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრაციისგან,‑ ოფიციალური ფარული და უსიტყვო თანხმობისა და თუნდაც ცრურწმენით მოტივირებულ ინდივიდუალურ ქმედებებში აქტიური მონაწილეობის ნიშნების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, მისი არებითი ასპექტის შესაბამისად, წაკითხული კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

  1. კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა

79. ორივე მომჩივანი ასოციაცია (მომჩივნები №1 და 17) და ყველა ინდივიდუალური მომჩივანი ჩიოდა კონვენციის როგორც მე-10, ისე მე-11 მუხლის შესაბამისად, ცალკე აღებული და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომ მათ ვერ შეძლეს თავიანთი გეგმების განხორციელება, გაემართათ მშვიდობიანი საჯარო აქცია, სიძულვილით მოტივირებული თავდასხმების და პოლიციის უმოქმედობის გამო.

80. მთავრობამ გაიმეორა თავისი არგუმენტები მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა ყველანაირი ძალისხმევა, რათა დაეცვა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები კონტრდემონსტრანტების აგრესიისგან და უზრუნველეყო მათი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება. მომჩივნები არ დაეთანხმნენ და ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის ქმედებები არასაკმარისი იყო დემონსტრანტების აგრესიისგან დასაცავად, რაც მოტივირებული იყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით, ხოლო შედეგად, ჩაიშალა მშვიდობიანი მანიფესტაცია.

81. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეების გარემოებებში სწორედაც მე-11 მუხლი უნდა იქნეს განხილული, როგორც სპეციალური კანონი და რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს საჩივრის ცალკე განხილვა მე-10 მუხლის შესაბამისად. თუმცა, წინა დებულება, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს ამ უკანასკნელის ფარგლებში შემუშავებული პრინციპების ფონზე (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 91). გარდა ამისა, მომჩივნების მტკიცების გათვალისწინებით, რომ მათი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევას ჰქონდა დისკრიმინაციული ელფერი, სასამართლომ უნდა შეისწავლოს საჩივარი მე-11 მუხლის შესაბამისად, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იქვე., § 92).

82. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მათი თავისუფლება, მონაწილეობა მიეღოთ 2013 წლის 17 მაისის საპროტესტო აქციაში და დაეცვა ისინი სიძულვილით მოტივირებული ძალადობისგან, გამომდინარეობს ზუსტად იმავე ფაქტობრივი გარემოებებიდან, რაც მან უკვე განიხილა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, აღებული მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. ამდენად, საჩივრები კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რაიმე სხვა საფუძვლებით და შესაბამისად, ისინი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

83. გარდა ამისა, შესაბამისი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც არეგულირებს კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების გამოყენებას წინამდებარე საქმეში განხილულის მსგავს გარემოებებში (შესაბამისი პრინციპების ყოვლისმომცველი შეჯამებისთვის იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, §§ 93-96), ასევე ზემოაღნიშნული, მე-3 და მე-14 მუხლების შესაბამისად გამოტანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნების გათვალისწინებით, რომლებიც თანაბრად ეხება შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საჩივრებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციამ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური მოვალეობა, რომ უზრუნველეყო აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მშვიდობიანი ჩატარება 2013 წლის 17 მაისის (იხ. საქმე „Plattform “Ärzte für das Leben”, ციტირებული ზემოთ, §§ 32 და 34). მაშინ, როცა ეროვნულ ორგანოებს აშკარად ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, რომელიც საშუალებას მისცემდა ღონისძიებას, ჩატარებულიყო შეფერხების გარეშე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამწუხაროა, რომ დაგეგმვის ეტაპზე ხელისუფლების ორგანოებს სათანადოდ არ შეუფასებიათ ლგბტ დემონსტრანტებისთვის შექმნილი სერიოზული საფრთხის გასანეიტრალებლად საჭირო რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად აცნობიერებდა რისკის რეალობასა და მასშტაბებს, პოლიციის როლი, იმის ნაცვლად, რომ განეხილა უფრო ეფექტური ზომები, რითაც საშუალებას მისცემდა მომჩივნებს, რომ ჩაეტარებინათ თავიანთი მშვიდობიანი ღონისძიება, შემოიფარგლა მხოლოდ დაშლის გეგმის, როგორც ერთადერთი ალტერნატივის შემუშავებით (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე „Barankevich v. Russia“, no. 10519/03, § 33, 2007 წლის 26 ივლისი). ასეთი მიდგომა მიუთითებს იმაზე, რომ ზომების მიღება, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, არასოდეს ყოფილა რეალური პრიორიტეტი ხელისუფლების ეროვნული ორგანოებისთვის.

84. ზემოაღნიშნულის ფონზე, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იხ. საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ, §§ 98-100).

  1. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

85. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისიწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმყოფილებას მიაკუთვნებს.“

  1. ზიანი

86. პირველ მომჩივანს არ წარუდგენია მოთხოვნა ამ პუნქტის შესაბამისად. დანარჩენმა მომჩივნებმა, რომელთაგან თითოეული ამტკიცებდა, რომ განიცადა სხვადასხვა ხარისხის ემოციური დისტრესი და შფოთვა 2013 წლის 17 მაისის ინციდენტის დროს, კონვენციით გათვალისწინებული მათი სხვადასხვა უფლებების დარღვევის შედეგად, წარმოადგინეს შემდეგი მოთხოვნები:

  • მომჩივანმა №12 მოითხოვა 10 000 ევრო;
  • მომჩივნებმა №2-11 და 13-16, თითოეულმა მოითხოვა 7,000 ევრო;
  • მომჩივნებმა №23 და 36 მოითხოვეს 6,000 ევრო თითოეულმა;
  • მომჩივნებმა №19, 21-22, 25, 29, 31-33, 35 და 37 – 5,000 ევრო თითოეულმა;
  • მომჩივანმა №17 მოითხოვა 3,500 ევრო; და
  • დანარჩენი ინდივიდუალური მომჩივნებიდან (№ 18, 20, 24, 26-28, 30 და 34) თითოეულმა მოითხოვა 2,500 ევრო.

87. მთავრობამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნები აშკარად დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული იყო.

88. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ინდივიდუალურმა მომჩივნებმა განიცადეს დისტრესი და იმედგაცრუება მე-3, მე-11 და მე-14 მუხლით გათვალისწინებული მათი სხვადასხვა უფლების დარღვევის გამო, ხოლო მომჩივნის №17 კანონიერ ინტერესებს ასევე მიადგა ზიანი კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული მისი უფლების დარღვევის გამო. შედეგად მიღებული მორალური ზიანი ვერ იქნებოდა ადეკვატურად ანაზღაურებული, მხოლოდ აღნიშნული დარღვევების დადგენით. საქმის შესაბამისი გარემოებების, non ultra petita (არაუმეტეს მოთხოვნილისა) პრინციპისა და ასევე სამართლიანობის სხვადასხვა მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შესაბამის მომჩივნებს მთლიანად მიანიჭოს მორალურ ზიანთან დაკავშირებით მოთხოვნილი თანხები.

  1. ხარჯები და დანახარჯები

89. მომჩივნებმა №1-16 (თექვსმეტი მომჩივანი საჩივარში №73204/13) მოითხოვეს 1,725 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 2 000 ევრო) ორი ბრიტანელი ადვოკატების მიერ მათი სასამართლოს წინაშე წარმომადგენლობისთვის (იხ. პარაგრაფი 4 ზემოთ). მოთხოვნილი თანხა ეფუძნებოდა საათების იმ რაოდენობას, რაც ადვოკატებმა დახარჯეს საქმეზე (თერთმეტი საათი და ოცდაათი წუთი) და ადვოკატის საათობრივ ანაზღაურებას (150 გირვანქა სტერლინგი). შესაბამისი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების, ანგარიშ-ფაქტურების, ვაუჩერების ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ფინანსური დოკუმენტების ასლები არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისმა თექვსმეტმა მომჩივანმა დამატებით მოითხოვა 64.83 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 75 ევრო) საფოსტო, თარგმნისა და სხვა ტიპის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, რაც გაიღო იმავე ორმა ბრიტანელმა ადვოკატმა.

90. დანარჩენ მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დამატებითი მოთხოვნა ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.

91. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების №1-16 წარმოდგენილი მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.

92. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის მომსახურების ხარჯები ფაქტობრივად გაწეულია, თუ მომჩივანმა გადაიხადა ან ვალდებულია, რომ გადაიხადოს ეს ხარჯები (იხ. საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ [GC], no. 72508/13, § 371, 2017 წლის 28 ნოემბერი). წინამდებარე საქმეში მომჩივანს არ წარმოუდგენია დოკუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მან გადაიხადა ან აკისრია სამართლებრივი ვალდებულება, გადაიხადოს ბრიტანელი წარმომადგენლების მიერ დაკისრებული ხარჯები ან მათ მიერ გაწეული დანახარჯები. ამგვარი დოკუმენტების არარსებობისას სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, მიიჩნიოს, რომ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ხარჯები და დანახარჯები ნამდვილად იქნა გაღებული (იქვე, § 372; საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე“, ციტირებული ზემოთ, § 61; და საქმე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 50375/07, §§ 105-08).

93. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი.

  1. საურავი

94. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი საპროცენტო პუნქტი.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

  1. წყვეტს, რომ გააერთიანოს საჩივრები;
  2. აცხადებს საჩივრებს მისაღებად;
  3. ადგენს, რომ დაირღვა მე-3 მუხლი, მისი არსებითი და პროცედურული ასპექტების შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში;
  4. ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად საჩივრის შესწავლის აუცილებლობა;
  5. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში;
  6. ადგენს,
    1. რომ კონვენციის 44‑ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივნებს შემდეგი თანხები, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:

(i) 10,000 (ათი ათასი) ევრო მომჩივანს №12;

(ii) 7, 000 (შვიდი ათასი) ევრო თითოეულ მომჩივანს №2-11 და 13-16;

(iii) 6,000 (ექვსი ათასი) ევრო თითოეულ მომჩივანს №23 და 36;

(iv) 5,000 (ხუთი ათასი) ევრო თითოეულ მომჩივანს №19, 21-22, 25, 29, 31-33, 35 და 37;

(v) 3,500 (სამი ათას ხუთასი) ევრო მომჩივანს №17;

(vi) 2,500 (ორი ათას ხუთასი) ევრო თითოეულ მომჩივანს №18, 20, 24, 26-28, 30 და 34;

(vii) ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით;

  1. რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
  2. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2021 წლის 16 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

                       

        მარტინა კელერი                                                                      სიოფრა ო’ლირი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                              თავმჯდომარე

 

დანართი

მომჩივანთა სია:

                              

საჩივარი N 73204/13

N

სახელი

დაბადების/რეგისტრაციის თარიღი

საცხოვრებელი ადგილი

წარმომადგენელი

  1.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“

დარეგისტრირებული 2000 წელს

თბილისი, საქართველო

ქ-ნი თ. აბაზაძე

ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე

ქ-ნი ც. რატიანი

ქ-ნი ჯ. ევანსი

ქ-ნი ჯ. გავრონი

ბ-ნი დრ. ლიჩი

  1.  

ქ-ნი ინარიძე ირმა

1966

სოფელი ნიჩბისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი გაგოშაშვილი მარიამ

1984

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი ჯაფარიძე თინათინ

1979

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი უგრეხელიძე ალექსანდრა

1987

თბილისი, საქართველო

  1.  

ბ-ნი ბოლქვაძე კონსტანტინე

1989

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი ხარჩილავა ნინო

1984

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი მესხი ეკატერინე

1973

ბერლინი, გერმანია

  1.  

ქ-ნი ფრუიძე სოფიო

1983

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი გობრონიძე თამარა

1990

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი ფანცულაია ნანა

1958

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი მერკვილაძე სალომე

1995

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი ლოპოიანი ტატიანა

1984

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი წერეთელი ეკა

1969

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი ღვიანიშვილი ნათია

1986

თბილისი, საქართველო

  1.  

ქ-ნი ტაბატაძე სოფიო

1977

ბერლინი, გერმანია

 

 


საჩივარი N 74959/13

N

სახელი

დაბადების/რეგისტრაციის თარიღი

საცხოვრებელი ადგილი

წარმომადგენელი

  1.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“

დარეგისტრირებული 2010 წელს

თბილისი, საქართველო

ბ-ნი ლ. ასათიანი

ქ-ნი ნ. ბოლქვაძე

ქ-ნი თ. აბაზაძე

ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე

18.

ბ-ნი ბარნაბიშვილი ეგნატე

1989

თბილისი, საქართველო

19.

ბ-ნი ბელოუსოვი ანტონ

1989

თბილისი, საქართველო

20.

ქ-ნი ბილიხოძე თინა

1959

თბილისი, საქართველო

21.

ბ-ნი ბიწაძე კობა

1992

ქუთაისი, საქართველო

22.

ქ-ნი ბოლქვაძე ეკა

1990

თბილისი, საქართველო

23.

ბ-ნი ბუჩაშვილი ბექა

1990

თბილისი, საქართველო

24.

ქ-ნი ძერყორაშვილი გვანცა

1990

თბილისი, საქართველო

25.

ქ-ნი გაბუნია შორენა

1977

თბილისი, საქართველო

26.

ქ-ნი გლახაშვილი ელინა

1984

გორი, საქართველო

27.

ქ-ნი ჯღარკავა ფიქრია

1989

თბილისი, საქართველო

28.

ქ-ნი კაიშაური მარინა

1981

თბილისი, საქართველო

29.

ქ-ნი ქათამაძე ანა

1991

თბილისი, საქართველო

30.

ქ-ნი ხარატიშვილი ნათია

1985

თბილისი, საქართველო

31.

ქ-ნი ხუციშვილი ქეთი

1992

თბილისი, საქართველო

32.

ქ-ნი კვანტალიანი ნათია

1989

თბილისი, საქართველო

33.

ბ-ნი მაჩიტიძე თემურ

1993

ქუთაისი, საქართველო

34.

ქ-ნი რეხვიაშვილი ანა

1988

თბილისი, საქართველო

35.

ქ-ნი თაბაგარი ლალო

1992

ჭიათურა, საქართველო

36.

ქ-ნი ცაგარეიშვილი ქეთი

1979

თბილისი, საქართველო

37.

ბ-ნი ვაჭარაძე ირაკლი

1980

თბილისი, საქართველო