გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11504-22
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/05/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/11504-22
06/05/2022
ვებგვერდი, 11/05/2022
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/11504-22

330210322005702807

ანჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2022 წლის 6 მაისი

თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - არჩილ კოჭლამაზაშვილი


განმცხადებელი – მოვალე – შპს „ეარფლეინ ტექნიკს“ (ს/კ 404498192)

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ეარფლეინ ტექნიკს“-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და,

გამოარკვია:

2022 წლის 19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ეარფლეინ ტექნიკსმა“ (ს/კ 404498192) და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2022 წლის 26 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაზე შპს „ეარფლეინ ტექნიკს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დოკუმენტები, კერძოდ, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:

ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ;

გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა;

დ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი. მიეთითება საბალანსო ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების შესახებ ინფორმაცია;

ვ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;

ზ) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

თ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია;

ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

სწორედ აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ სასამართლო იმსჯელებდა შპს „ეარფლეინ ტექნიკს“-ის მიმართ დასაშვებობის საკითხზე, რაც მხარის მიერ არ იქნა შესრულებული.

შესაბამისად სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ეარფლეინ ტექნიკსს“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

როგორც უკვე აღინიშნა, თუ გადახდიუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეაქვს მოვალეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დათქმულ მოთხოვნებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლოს მიერ 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით მხარეს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. 2022 წლის 26 აპრილს განჩინება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ http://www.ecourt.ge-ზე გამოქვეყნებული იქნა 2022 წლის 26 აპრილს. შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, განჩინებაზე შეეძლო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს განსაზღვრული ჰქონდა 5 დღის ვადა, რაც დადგენილი იყო ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონი არის სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა), უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის და სხვა წარმონაქმნის ((მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია) გადახდისუუნარობის საკითხს. ხარვეზის შევსებისათვის 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადას ადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელებას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

გადახდისუუნარობის განცხადება შეიძლება ხარვეზიანი იყოს. თუ ხარვეზი ფორმალურ-სამართლებრივია, ანუ მაგალითისათვის არ შეესაბამება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 44-ე ან 45-ე მუხლებს, აღნიშნული გარემოება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის წინაპირობაა. ხარვეზის გამოსწორების ვადას სასამართლო არ ადგენს, აღნიშნული ვადა კანონითაა გათვალისწინებული და შეადგენს 05 სამუშაო დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელებას ან ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ხელახლა მიცემას კანონი არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელმა ხარვეზი არ გამოასწორა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე (იხ. ქ. მესხიშვილი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თბილისი, 2021, ავტორები: ქეთევან მესხიშვილი, გიორგი ბათლიძე, ნანა ამისულაშვილი, სერგი ჯორბენაძე, გვ. 32-33).

ზ/ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით მხარეს წარმოდგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა ეწურებოდა 2022 წლის 30 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 30 აპრილს იყო უქმე დღე აღნიშნული ვადა იწურებოდა 2 მაისს, რაც არ იქნა აღმოფხვრილი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, მხარის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მესამე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა (ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი;)

2022 წლის 03 მაისს წარმოდგენილი განცხადებით, კი მხარე განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონით გამიჯნულია გადახდისუუნარობა და მოსალოდნელი გადახდისუუნარობის ცნებები. კერძოდ, მოსალოდნელი გადახდისუუნარობის კონცეფცია დაკავშირებულია მომავალში საწარმოს მოსალოდნელ, სავარაუდო გადახდისუუნარობასთან, რომლის წინასწარ პროგნოზი და შეფასებაც ყველაზე ოპტიმალურად მხოლოდ მოვალეს შეუძლია, ამისგან განსხვავებით, გადახდისუუნარობა აშკარა მოცულობაა, რომელიც საწარმოს მიმდინარე მდგომარეობას ასახავს. კანონის საფუძველზე, როდესაც საწარმო ვადამოსულ ვალდებულებებს ვერ ფარავს. შესაბამისად, მისი აქტივების ჯამი პასივების ჯამს აღემატება, სახეზეა გადახდისუუნარობა.

სასამართლო განმარტავს, მოსალოდნელი გადახდისუუნარობა სახეზეა, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოვალე გახდება გადახდისუუნარო. გადახისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების ჯამი, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჩათვლით, აღემატება მთლიანი აქტივების ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე გააგრძელებს საქმიანობას. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის, ვალდებულებები სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც მოიცავს, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა (ბალანსის ტესტი);

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი არანაკლებ 20%-ით აღემატება მთლიანი ლიკვიდური აქტივის ჯამს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე, დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში, შეძლებს მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას ლიკვიდობის დეფიციტი;

გ) მოვალე იმყოფება, ან განცხადების შეტანამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესრულების მიზნით, უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ამდენად, მოვალის გადახდისუუნაროდ მიჩნევის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოვალის შესაძლებლობას დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები. საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოვალემ შეიძლება ვერ დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, თუ მოვალის მთლიანი ვალდებულებების ჯამი აღემატება მოვალის მთლიანი აქტივების ჯამს. მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება, თუ რომელი ვალდებულებაა ვადამოსული და რომელი სამომავლო, არც იმ გარემოების გათვალისწინება ხდება, თუ მოვალის რომელი აქტივია ლიკვიდური და რომელი არა. აღნიშნული პრეზუმფციის დაშვებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაჯამდეს მოვალის აქტივებიდა პასივები (ბალანსის ტესტი). იმ შემთხვევაში თუ მოვალის პასივები აღემატება აქტივებს, ერთვება გადახდისუუნარობის პრეზუმფცია, რისი გაქარწყლებაც მოვალეს შეუძლია მტკიცებით, რომ ნამეტი პასივების პირობებში იგი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.

როგორც აღინიშნა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობის დადგომის ფაქტი და, აგრეთვე, მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, ერთგვაროვანი განმარტების არარსებობის პირობებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი კატეგორიაა და მისაღებია გადაწყვეტილება, რა ეტაპიდან არის შესაძლებელი საწარმოს მიჩნევა „მოსალოდნელ გადახდისუუნარობაში“ მყოფ სუბიექტად.

საინტრესოა, რა ხდება მაშინ, როცა კომპანიის დირექტორი სასამართლოს გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართავს და კომპანიის გაკოტრებას ითხოვს, ხოლო, მეორე მხრივ, კომპანიის პარტნიორები აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგნი არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. საზოგადოების გაკოტრების გზით ლიკვიდაცია კი სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას და, შესაბამისად, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამდენად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადებით და არა გაკოტრების მოთხოვნით. გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილებას საჭიროებს51. აღნიშნული განმარტება რელევანტური იყო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირობებში, როდესაც მოვალეს სასამართლოს გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართავდა, ხოლო საწარმოს შემდგომ ბედს რეაბილიტაციისა, თუ გაკოტრების თაობაზე, მომრიგებელი საბჭო წყვეტდა. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონით განისაზღვრა, რომ მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს გაკოტრების თაობაზე მიმართვისას უნდა ჰქონდეს პარტნიორთა 75%-იანი მხარდაჭერა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონი აღნიშნული თანხმობის არსებობას უკავშირებს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის განცხადებით გაკოტრების მოთხოვნას.

სხვა შემთხვევაში, კანონი მოვალის პარტნიორთა თანხმობის არსებობის აუცილებლობას არ ადგენს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც, მართალია, მოვალის წარმომადგენელი (დირექტორი) სასამართლოს გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართავს, თუმცა მოვალის პარტნიორები, ყველა ან უმეტესი მათგანი, კომპანიის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ინიცირების წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში, მეტად სავარაუდოა, რომ პარტნიორთა თანხმობის აუცილებლობის თაობაზე კანონის ჩანაწერის არარსებობა კანონმდებლის კვალიფიციური დუმილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებელი კომპანიის დირექტორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის ხელოვნურ გაჭიანურებას, ამიტომ გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვა მის ერთპიროვნულ დისკრეციად მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დირექტორი კომპანიის მოსალოდნელი გადახდისუუნარობის პირობებში გაკოტრებას ითხოვს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი52 დეტალურად არეგულირებს იმ პირობებს, რომლებსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, განმცხადებლისათვის დადგენილი ფორმალური მოთხოვნები, ისევე როგორც სასამართლოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმის დაწყებაა მოთხოვნილი და ვინ არის განმცხადებელი, სასამართლოში სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა ევალება, ხოლო კრედიტორის მიმართ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ იმ მოცულობით ვრცელდება, რა მოცულობითაც იგი ამ ინფორმაციას ფლობს ანდა ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება.

შესაბამისად, ზ/ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე და სასამართლოს შეფასებით მოსალოდნელი გადახდისუუნარობის და გაკოტრების რეჟიმის გახსნის დროს, მართალია, სასამართლომ პარტნიორთა პასუხის გაუცემლობა უნა ჩათვალოს კვალიფიციურ დუმილად, და გახსნას გაკოტრების საქმის წარმოება (დირექტორი ერთპიროვნული დისკრეცია), მაგრამ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოსთვის არ არის წარმოდგენილი არც პარტნიორთა ინფორმირებულობა და არც განცხადების შეტანის მომენტისათვის უდიდესი მოთხოვნის მქონე სამი კრედიტორის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმეტი, რაც „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა და რომლის შეფასებასაც სასამართლო მოახდენდა და გაკოტრების საქმის წაროების დამაბრკოლებელ გარემოებას აღმოფხვრილად მიიჩნევდა.

გადახდისუუნარობის ფაქტზე ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობაზე, როგორც პროცესის დაწყების წინაპირობაზე დათქმა, მოცემულია კანონში, თუმცა არ არსებობს შემოწმების მექანიზმი, შესაბამისად კანონის ყველა მოთხოვნა, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის წინაპირობაა უნდა იქნეს შესრულებული სრულყოფილად. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ეარფლეინ ტექნიკის“ მიერ კანონით დადგენილ ვადაში ხარვეზი შევსებული არ იქნა, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-8, მე-9, მე-19, 43-45-ე, 47-ე, 48-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და დაადგინა:

1. შპს „ეარფლეინ ტექნიკს“ (ს/ნ 404498192) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე;

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი  №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი.